topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ.გიგაური - ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში - 2
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

გიორგი (გია) გიგაური

ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

(წერაქვული დამწერლობა)

მეორე ნაწილი

თბილისი, 2010 წ.

რედაქტორები: პროფ.რ.შენგელია, პროფ.ნ.გოგოჭური

რეცენზენტები: ისტორიის მეცნ. დოქტ, პროფ. გ.ოთხმეზური, ისტორიის მეცნ. დოქტ., პროფ.ნ.ხაზარაძე

წიგნში ძირითადად გამოყენებულია გიორგი (გია) გიგაურის ფოტოები

ნაწილი 2














































ექსპედიცია თუშეთში

თუშეთის (მთა - თუშეთი) ფლორა - ფაუნის მკვლევარები ამ ტერიტორიას ”ქვაბულს“ უწოდებენ. ჩვენი აზრით კი, ამ ადგილს შეეფერება ტერმინი ”თხემი“, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია გავრცელებული. მთა - თუშეთი მდიდარია როგორც ბუნებრივი რესურსებით, ასევე მეტად საინტერესო ტრადიციებით. სალ კლდეებზე ნაშენები ციხე- კოშკები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კრიპტოგრამების (წერაქვული დამწერლობა) რაოდენობა, რაც დღევანდლამდეა შემორჩენილი, აქ არსებული კულტურის უძველესობაზე მიანიშნებს. ხევსურეთთან ერთად თუშეთი მთელ კავკასიაში კრიპტოგრამების კერას წარმოადგენს. წინაქრისტიანული რელიგიის ცენტრალურ რეგიონებში, რომლის შესახებ გადმოცემებიც არსებობდა ”რჯულიან ურჯულოთა“ სალოცავებში: ”ლაშარი“, ”ხახმატი“, ”ანატორი“, ”კარატი“, ”გუდანი“ და ა.შ. ჩანს, ღვთისმსახურება ფარულ ნიშნებს ამკვიდრებდა. დღევანდლამდე შემორჩენილი ”საბეჭდავების“ (საჭვრეთები) არსებობა ცოცხალ ტრადიციას მიანიშნებს. ასეთი ხის საბეჭდავები დღესაც შემონახულია მთა თუშეთის სალოცავებში, რომელიც ქადების (ხმიადების) დასანიშნად გამოიყენებოდა. ერთ - ერთი ნიმუში სოფელ ომალოს ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც ინახება (სურ.209, ისტორიკოსი ნ.იდოიძე). ნუგზარ იდოიძის დამსახურება გახლავთ, რომ შემონახულია ზოგიერთი დაკარგული ქვის ჩანახაზი. ქვები, რომლებიც მეცნიერების მიერ ფიქსირდებოდა 1967-68 წლებში, უყურადღებობის გამო დაკარგულა. საინტერესო ქვა მოვიძიეთ ქვემო ალვანში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ხემძღვანელთან ბატონ ივანე უთურგაიძესთან (სურ.159). ქვა მთა თუშეთიდან სოფ.ფარსმიდანაა ჩამოტანილი და ნახევრად დაზიანებულია. თუშეთში შემდეგი სოფლები მოვინახულეთ: შტროლთა, ხისო, ქუმელაურთა, ხახაბო, ჯავახე, ომალო, დიკლო, ჭერო, ჩიღო, დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო, ფარსმა, გირევი, ჰეღო, ჭონთიო, ბოჭორნა, დოჭუ, ბეღელთა, გუდანთა, ვერხოვანი, წარო, ინდურთა, საგირთა, მოზართა. საექსპედიციო ჯგუფი სოფელ ფარსმაში საკულტო მსახურების დროს იმყოფებოდა და ჩავიწერეთ ინფორმაცია შულტას და მნათის რიტუალების შესახებ. მაგ.მადოლობა იციან ფარსმაში, გირევში და კვავლოში. მადოლობა 14 აგვისტომდეა. დღეობის გამძღო შულტა, იგივე მნათე, ირჩევა მორიგეობით ორ-ორი და ოთხი კაცის რაოდენობით. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სოფელი ფარსმა ძველად იყო ღვთისმსახურების ცენტრ პირიქითა ხეობაში (მთა თუშეთი). სოფელ ფარსმაში რამდენიმე სალოცავია: 1.სალოცავი ”მაგც ფათერაკი“ შუა სოფელშია, რომელსაც ხევსურების სალოცავსაც უწოდებენ. სალოცავში ხის მოაჯირითაა დაცული ძველებური ქვები, რომლებზეც ფარული ნიშნებია (სურ.155). (ხატოვანი დამწერლობა). 2.სოფლის აღმოსავლეთ მხარეს არის. ”წმიდა თევდორეს“ სალოცავი, კოშკი, შემოფარგლური ქვის დაბალი ყორით. ამ სალოცავში, სამხრეთის კედელში ფიქსირდება 5 ნიშნიანი ქვა (სურ.150, 152, 153, 154, 162) 3.”ნინოწმიდას“ სალოცავი, მცირე ორსართულიანი ციხე-კოშკით, ”წმიდა თევდორეს“ სალოცავის ზემოთაა. განცალკევებით მდგარი შემოუფარგლავი ნაგებობა. ფარული ნიშნები არ გვხვდება. 4.მაღალზე მდგარი ”წმიდა გიორგის“ სალოცავი, რომელიც სოფელს ზემოდან დაჰყურებს. შედგება ციხე -კოშკისაგან და შემოფარგლულია ქვის ყორით. ციხე-კოშკში დაცულია სარიტუალო დროშა. ფარული ნიშნები გვხვდება როგორც დამცავ (ღობე) ქვის ყორეში, ასევე კოშკზეც, სამხრეთის კედელზე.(სურ.156, 160, 163, 164). სოფელში ასევე შემორჩენილია სასაფლაოს ნიშნიანი ქვები (სურ.165, 168). სალოცავების შესახებ ინფორმაცია ჩავიწერეთ ადგილობრივი მკვიდრისგან (ჯიმშერ ლეკაიძე, 66 წლის. სოფ. დართლო). სოფელ დართლოში შემორჩენილია თუშური სახალხო სასამართლოს შესაკრები ადგილი, სადაც არსებობდა ”საფიცარი ქვა“, ”მომჩივანის ქვა- სკამი“, ”მოპასუხის ქვა- სკამი“ და ბჭეთა სკამები. ქვა- სკამები რუსმა სამხედროებმა 1940 იან წლებში ამოყარეს სანგრების გაკეთების დროს. დღეს ქვა-სკამები შეცვლილია ხის სკამებით (სურ.177). საყურადღებო ფარულ ნიშნიანი ქვები გვხვდება ძველ ქართულ სასაფლაოებზე- ომალოში, ჭეშოში,დართლოში, ფარსმაში და სხვა. მთა- თუშეთში როგორც პირიქით ხეობაში, ასევე გომეწრის ხეობაში (ჯავახე) შემონახულია ხსოვნა თუშთა და ხევსურთა ერთად ლოცვის შესახებ. ფარული ნიშნები შემორჩენილია უფრო ღრმად სოფლებში. თუშეთში ყველაზე მეტი ფარული ნიშანი სოფ.ფარსმაში და სოფ.ინდურთაშია აღწერილი. გვხვდება სასაფლაოს ქვებზეც, არადეკორატიული დატვირთვით. ნიშნები განმეორებადია ხევსურეთის, თრუსოს და სამცხე-ჯავახეთის ფარულ ნიშნებთან. თუშეთში, ერთ ქვაზე ყველაზე მეტი ნიშანი სოფელ ინდურთაშია: 8 გეომეტრიული ფიგურა მწკრივზე. მაღლა მდგარ ციხეზე, სარკმლის თავზე, აღმოსავლეთ ფასადზე გრძელი ქვის გვერდზე ამოჭრილია ნიშნები (ხავსით ნახევრად დაფარული, ხაზოვანი ნიშნების ფიგურები. სურ.196, 197). ზომ. 150X20 სმ. ციხე -კოშკებზე დატანებული ნიშნიანი ქვები აქ მეორადადაა გამოყენებული. ჯვრის და ასტრალური ნიშნების გამოსახულებებს დამცველი (მოსარიდებელი, მაგიურ-აპოტროფიული) ხასიათის ფუნქცია ჰქონდა. საინტერესოა ”მაქალათის“ შემორჩენილი სახე, რომელიც ბერიკას წესრიგის დამცველ ხის ხმლიან პერსონაჟთანაა მსგავსებაში. მაქალათი სალოცავში წესრიგის დამცველია და მის მორთულობაში სჩანს ძველი რიტუალის გამოძახილი. ფარული ნიშნები ძირითადად ხოხის მკვრივ ქვებზეა ამოჭრილი. აქაც, როგორც ხევსურეთში ნიშნების ორი ტიპია, ხატოვანი: ცხოველის, მხედრის, ადამიანის გამოსახულებები და ხაზოვანი: ჯვრის სხვადასხვა ვარიანტები, დისკოები, გასხივებული წრეები, კვადრატები, ხაზები და სხვა. ფარულ ნიშნებთან გვერდიგვერდ არსებობდა გეომეტრიული ორნამენტიც, რომლის აღწერას ვხვდებით გიორგი ბოჭორიძის შრომაში ”თუშეთი“. (იხ.ტაბულა.281). ფარული ნიშნების წაკითხვა მიახლოებით გეომეტრიული ორნამენტის სახელწოდებებიდან შეიძლება. ჩვენი აზრით, განმეორებადი ნიშნები შესაძლოა გასაღები აღმოჩნდეს საიდუმლოს ამოსახსნელად. მითიურ გადმოცემებში შემონახულია ისეთი შინაარსი, რომელიც ანალოგიას ფარულ ნიშნებთან პოულობს. მაგ. ნადირობის ქალღმერთის, დალის მითი და ქვაზე კვეთილობაც სოფელ დართლოდან (სურ.181) და სხვა. ყურადღებას იქცევს კვადრატის გამოსახულება დიაგონალზე, შიგ ჩასმული ჯვრით. ხევსურეთში კვადრატს ორნამენტის ენაზე ”კვერა“, ”კვერანი“ ეწოდება. თუშეთში კვადრატს ორნამენტის ენაზე ”თვალი“, ”კარი“ ეწოდება. ამ ორივე სახელწოდებაში ინახება საიდუმლო დამწერლობის კვალი. ჩვენი აზრით, ფარული ნიშნები იეროგლიფური, იდეოგრამული წესით წასაკითხია. გამორიცხული არ არის ფარული ნიშნები კედელთა წყობაშიც იყოს მოქცეული. ჩემი აზრით, დახავსებული ქვების გასუფთავება მხოლოდ ქიმიური ხსნარით უნდა მოხდეს, რადგან მექანიკურად თეთრი ხავსის მოცილება ქვის ზედაპირის დაზიანებას გამოიწვევს. თუნდაც ერთი გამოსახულების დაკარგვა დანაკლისი იქნება კრიპტოგრაფიული კვლევისთვის. ფარული ნიშნების შენახვა, მოვლა ნიშნავს ხუროთმოძღვრული ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციასაც. უნდა შედგეს ფარული ნიშნების სპეციალური კატალოგები და რუკები. ამრიგად, თუშეთში, სასაფლაოს ქვების გამოკლებით, 40-ზე მეტი კრიპტოგრაფიული ქვა გვხვდება. ამ ექსპედიციაში დავაფიქსირეთ 5-ზე მეტი ნიშნიანი ახალი ქვა. აქ მცხოვრები პროტოქართველები ინახავდნენ, ჩვენი აზრით, უძველეს ინფორმაციას, რაც წერაქვულ ნიშნებში არის დაუნჯებული. მაგალითად, ავიღოთ სოფელ ჭონთიოს ნიშნები: გასხივებული თევზ-ადამიანის გამოსახულება, თავს ზევით წრის ფიგურებით (სურ.210). ცალკე, სიღრმისეულად საკვლევია ასტრალური სიმბოლოები, რომლებიც მსგავსებაშია გალაქტიკურ, მეტაგალაქტიკურ, პლანეტსახის ნისლეულის მოხაზულობებთან. ჯვარ-სალოცავების მოფრთხილება, შენახვა და შესწავლა მომავლის საქმეა.

ექსპედიცია თრუსოს ხეობაში

თრუსოს ხეობა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან მდებარეობს. ის გარშემორტყმულია თოვლიანი ჭიუხებით. მოიპოვება მინერალური მჟავე წყლები. სოფლების განლაგება ძირითადად ხეობის მარცხენა მხარესაა. სოფლის სახელებია: მნა, ნოგყაუ, ოქროყანა, თეთრისი(კეტრისი), აბანო, ზაქათგორი, დესი, სუატისი, კარატყაუ, ბურმასიკი, ცოცოლთა, გიმარა, ტეფი, რესი. თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილია ციხე - კოშკები. კოშკები ჩარდახიანია. ზაქათგორი წარმოადგენს ციხეთა კომპლექსს, რომელიც გორზეა განლაგებული. ციხეთა ქვები აგებულებით მოვარდისფრო ქვიშა - ქვის და რიყის ქვის ნაკრებია. თითქმის ყველა მეორადი გამოყენების ქვაა. თრუსოს ხეობის სათავე სოფელი რესია. რესში გვიანობამდე ყოფილა შემორჩენილი ქართულ წარწერიანი ქვები. რესის სალოცავში ფარული ნიშნებიც ფიქსირდებოდა (სურ.225), რომელიც შემდგომ დაიკარგა. სალოცავები დაბალი, ბაზილიკური სტილისაა. სახურავი ფიქალის ქვითაა დაფარული და მათზე ტოტიანი (აყვავებული) ჯვრები ფიქსირდება (სურ.229). ფარული ნიშნები შემორჩენილია სოფ.: ტეფში და გიმარაში. საინტერესოა სოფ.კარატყაუს სალოცავის ინტერიერი და აქვეა დაცული ზარებიანი დროშის ტარი (სურ.237). სოფ.აბანოს ტერიტორიაზე ფიქსირდება მეორადი გამოყენების ნიშნიანი ქვები, რომელიც ციხის კედელში ჩატანებული დავაფიქსირეთ. სოფ.აბანოს ქვებზე ნიშნები ბარელიეფური წესითაა შესრულებული (ფასადის ქვები). ნიშნებში ფიგურირებს: ჯვარი, წრე, კვადრატი. გვხვდება ჩარჩოში ჩასმული ნიშნები. ნიშნები იმეორებს იმ მოხაზულობას, რაც გვხვდება ხევსურეთში, მთა-თუშეთში და სამცხე-ჯავახეთში. ნიშნებში ფიქსირდება "თვალის" ფორმის გეომეტრიული ფიგურა. ჩანს, რომ იგი განსაკუთრებული შინარსისაა. (სურ.246). ნიშნიანი ქვების შესახებ ინფორმაცია დაკარგულია. სოფ. აბანოს ეკლესიის ტერიტორიაზე ქართულ წარწერიანი საფლავის ქვებია, ბორჯღალა ორნამენტებით შემკულები. სოფ.ზაქათგორის გვერდით, ჩრდილოეთით, გორზე მთავარანგელოზის ეკლესია დგას. სოფ. კარატყაუში მცხოვრები, პროფესიით პედაგოგ რუსლან გუჯარაიძის ინფორმაციით, "მუზეუმის მუშაკებს" ხეობიდან პერიოდულად გაჰქონდათ ძველი ქვები. მათ შორის კრიპტოგრამებიანი ქვებიც. სოფ. ზაქათგორის ციხე კომპლექსის ნაგებობებში, სარკმლის ზედა ქვები მოშორებულია და ფარული ნიშნებიც აღარსად ჩანს. ადგილობრივების ინფორმაციით ამ ტერიტორიაზე უცხოვრიათ ძველ ქართულ ეთნოსს - დვალებს და მოხევეებს. შემდგომ მოხდა ჩანაცვლება ოსი მოსახლეობით. ოსური სახელწოდების სოფლებს - ყველას ძველი, ქართული სახელწოდება ჰქონდა. ნიშნიანი ქვები სალოცავების და ციხე-კოშკების ფასადის ნაწილში დღესაც ჩანს. საინტერესოა "ტოტიანი" ჯვრების მოხაზულობები, რომელიც ძლიერ ჰგავს წინაქრისტიანული ჯვრის სიმბოლოებს და მათი ჯგუფის ნიშნების გეომეტრიულ მოხაზულობებს. ნიშნების მცოდნე ხალხი აბორიგენული ჩანს, რადგან კრიპტოგრამებში ჩართულია ადგილობრივი გარეული თხის გამოსახულება (ტეფის ნასოფლარი. სურ.228). სოფ.კარატყაუს ნასოფლარში ფიქსირდება ჯვრის სიმბოლიკასთან დაკავშირებული ფარული ნიშანი. (ანალოგიური ხევსურეთის სოფ.ხახმატში მცხოვრები შ.ალუდაურის ბინაზე დაცული კიდობნის ნიშნებთან). სოფ.აბანოს ციხის კედელში შემორჩენილი ქვების ნიშნები ურთიერთკავშირშია და მეორდება სისტემური წესით. სოფ.აბანოს ციხის კედლებში ჩანს აღდგენილი ნიშნები და ხელუხლებელი სახით შემორჩენილი გეომეტრიული ფარული ნიშნები. სოფ.თეთრისთან (კეტრისი) სალოცავ ნიშაზე შემორჩენილი ქვაზე კვეთილობა მეორდება მთა-თუშეთის სოფ.ფარსმის წმ.თევდორეს ციხის ფასადის ქვის ნიშნებთან. სოფ.გიმარას ციხის ქვების ნიშნებში საინტერესოა ჯვარი ოთხი წრით, რომელიც მსგავსია ხევსურეთის სოფ. კისტანის და თუშეთის სოფ.დანოს ნიშნებისა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სოფლის ნანგრევებში, რომელიც მრავლადაა ამ მიდამოებში გულმოდგინედაა დასაძებნი ფარულ ნიშნიანი ქვები. ეს უთუოდ გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ამ მიმართულებით.

ექსპედიცია უკანა ფშავში

ფშავის, იგივე უკანაფშავის, ხეობის დათვალიერება აუცილებელი შეიქნა, ვინაიდან ფარული ნიშნები მეზობელ კუთხეებში საკმაოდ აღმოჩნდა. დაინტერესებულ ჯგუფში შედიოდნენ: გ.კოკოშაშვილი, ა.ქიტიაშვილი,მ.ჭინჭარაული, გ.გიგაური. პირველად შევისწავლეთ სოფ, ჩარგლის ხეობის ტერიტორია, აფხუშო, ”სულა და კურდღელას“ ნაგებობები.(სურ.267. 268.) შემდეგ გომეწრის ხეობაში დაცული ციხე-სალოცავების ნაგებობები. ბოლოს, - უკანაფშავის ხეობის სოფლები. უკანა ფშავის ტერიტორია ყველაზე დიდია და საინტერესო. ხეობის სიგრძე 20 კილომეტრია. მასში შედის სოფლები: არახიჯა, უძილაურთა, ქუთხი, თხილიანა,შუაფხო, ცაბაურთა, ზარისჭალა, კადაჩალი, გოგოლაურთა, ბინდაურთა, მუქო, ჭიჩო, მათურა, დამასტე, ხოშარა, წითელაურთა, ახადი, ქინო, ვაკისოფელი, ჭიდალი, მურღვათნი, ჩალახევი, ელიაგზა და სათავე ხათაისთავი. ხეობის სათავე კოდილი და მთა ბორბალო. ხეობაში მრავლადაა ძველი ნასოფლარები, მაგ. უკანა ფშავის ციხე- გორზე ჩანს ვებერთელა ქვებით აგებული სიმაგრის ნაშთები(258). მნიშვნელოვანი სიმაღლის მთებზეა სალოცავები: ცაბაურთა, ვაკისოფლის სალოცავი -  ”დედა ღვთისმშობლის მოხარ - ნადე ფიჭვის ანგელოზი“. ასევე, მნიშვნელოვანია ლაშარის ჯვარ-სალოცავი, რომელშიც სალოცავად მოდიოდნენ ჩრდილო კავკასიელი მონათესავე ხალხებიც. ფშავის მოსახლოებაში დღემდის შემორჩენილია საკრალური ქვების მიმართ პატივისცემა. ასეთი ქვებია გომეწრის ხეობაში -”კოპალას“ ქვა (სურ.273), რომელსაც დღემდე ატყვია ”კოპალას ნათითურები“. (სურ.274). ასევე, ფარული ნიშნიანი ქვები, რომლის ნაშთს წარმოადგენს სოფ. ხოშარაში ფიქსირებული ქვა (სურ.261). პირამიდულ სახურავიანი სალოცავის ნიშები და ბეღლები დღემდის შემონახულია ლაშარში, ვაკისოფელში, ახადში, ცაბაურთაში. სალოცავებში ფიქსირდება მე-19 საუკუნის რუსული ოკუპაციის ”კულტურული“ კვალი. რუსულ წარწერებიანი ზარები (სურ.271) და დანგრეული ჯვარ-სალოცავები მოწმობენ ”ურწმუნო“ მთიელების მოსაქცევად ჩატარებული ბრძოლების შედეგს. სალოცავების ფასადების დათვარიელებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ თითქმის ყველა მათგანი გადაკეთებულია. ფშავის ტერიტორიაზე რუსულ ქრისტიანულ მღვდელთმსახურებას უფრო მეტი გავლენა მოუხდენია, ვიდრე ხევსურეთში და მთა-თუშეთში. კომუნისტების დროს შემოტანილი რეჟიმი ორმაგი წნეხით დასწოლია ფშავის მოსახლეობის რწმენას. ძველი ხუცობის რიტუალი და ტექსტებიც მცირედღა შემონახულა ლაშარში, ცაბაურთას, ირემთკალოზე, ვაკისოფელში, იახსარში. გომეწარის ხეობაში, ”ადგილის დედაში“-მთაზე. ინფორმაცია ჩავიწერეთ ხევისბერებისგან (ივანე წელაური, 80 წლის, ვაკისოფელი; ბეგლარ ძებნიაური, ლაშარის ჯვარ-სალოცავი; იოსებ ბეწუაშვილი, სოფ, ხოშარა). აქ ყურადღება მიიპყრო ხევისბერების თეთრი თავსაბურველმა, რიტუალების ჩატარების დროს რომ ხმარობენ. ფშავის ტერიტორიაზე შემორჩენილია ვებერთელა ქვებით ნაგები ნასოფლარები სოფ. ჩარგლის ხეობაში, გომეწრის ხეობაში, უკანაფშავში - ციხეთგორზე და ასეთ ქვებზე ფარული ნიშნები არ გვხვდება.

ორნამენტების და ფარული ნიშნების ურთიერთკავშირი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი გამოირჩევა იმით, რომ აქაა შემონახული გეომეტრიული ორნამენტიკა და ფარული ნიშნები. ამ რეგიონში არსებული ორნამენტები ვფიქრობთ ყურადღების ღირსია. განსაკუთრებით ინტერესს იწვევს მათი ურთიერთკავშირი ფარულ ნიშნებთან, გრაფიკული მსგავსების შინაარსობრივი დადასტურება ან უარყოფა. გეომეტრიულ ორნამენტებთან დაკავშირებით ბევრი ქართველი მეცნიერი მუშაობდა, მათ შორის: გ.ჩიტაია, ვ.ბარდაველიძე, ი.სურგულაძე და სხვა. ყველა აღიარებს, რომ ”გეომეტრიული ორნამენტები საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული“. ქსოვილის ორნამენტები (”ნაჭრელანი“) გამოირჩევა უფრო მდიდარი მრავალფეროვნებით, ხოლო ხეზე და ლითონზე უფრო მოკრძალებული გრაფიკულ ბარელიეფური გამოსახულებები გვხვდება სახელწოდებით ”ხუთაით ამაყრა“, ”ბუღაური“ და სხვა (ი.სურგულაძე. ”ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა“, გვ.24-33). ასევე, ძველი ჩანს ცხენის ლაგამ-ავშარის მოსართავზე შემონახული სიმბოლოები, რომლის წარმოშობა მისტიურ-საკულტო საბურველითაა დაფარული. ძირითადად ”სულის ცხენის“ მორთულობა. მდიდარია ხეზე ამოჭრილი ორნამენტები: საჭვრეთები, დედაბოძი, (კულა). სამამაცო სკამი, სკივრები და კიდობნების ზედაპირზე მხატვრული ჭრა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფერადოვანი შეხამება გვიანდელი პერიოდისაა, ხოლო გრაფიკული მოხაზულობა ძალიან ძველია. აღნიშნულია რომ პირაქეთ ხევსურეთში, ორნამენტები (”ნაჭრელა“) მკაცრი, დამჯდარი ფერებით გამოირჩევა. პირიქით ხევსურეთში და არხოტში ღია, ლაღი ფერებია. თუშეთშიც დამჯდარი, მუქი ფერებია. ყოველ ორნამენტს თავის დასახელება შემოუნახავს, როგორც ხევსურეთში, ისე თუშეთში. ქსოვილის და ხის ორნამენტებს საერთო ფიგურებიც ახასიათებს (ასტრალურ - კოსმოგონიური). ვფიქრობთ, რომ ხის ორნამენტები (ქართული დედაბოძის მორთულობა) არქაული პერიოდისაა. მასში კოსმოგონიური ხასიათი ჭარბობს. სამცხე - ჯავახეთში შემორჩენილი ქართული დედაბოძის საინტერესო ტიპი ანალოგიას პოულობს რაჭულ, ლაზურ და სხვა დედაბოძის სიმბოლოებთან. ქსოვილზე გასაკეთებელი ორნამენტები თავისი წეს-რიგით გამოირჩევა, მიმდევრობა განსაზღვრული და დაკანონებულია. ასევეა ფერების მხრივაც. მაგალითად, ხევსურულ ორნამენტებში ”მგზავრასთან“ კეთდებოდა ”თავნახარა“, მწვანე და შვინდისფერი მიღებული იყო გვერდ-გვერდით, შავი და ყვითელი ერთად, თეთრი და წითელი ერთად და სხვა. გრაფიკული ფიგურები ასევე წეს-რიგით იწყობოდა. მაგ.”კვერა“ და ”ხატული“ ხშირად ცენტრალური ფიგურებია, ხოლო, ”დაკავკაული‘’ (დატალღული) ორნამენტი ხშირად კიდურის (ნაპირის) მორთულობად ჩანს. აქ ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ”ნაჭრელა“ ყოფილიყო მთლიანი და შეკრული. გრაფიკული ნიშნები- უფრო თვალსაჩინო და ”ფერი მიხმარებოდა მოხაზულობას გამოსაჩენად” (ვ.ბარდაველიძე, ”ხევსურული ორნამენტი“; გ.ჩიტაია, ”ორნამენტი“). მეცნიერებაში გამოთქმულია აზრი, რომ ”ნაჭრელა“ მომდინარეობს მაგარ საგანზე ამო-ჭრა-დან. ასევე ”ჭრა“ და ”წერა“ ძველ ქართულში პარალელურ გამოთქმებად მიიჩნეოდა. 183 საინტერესოა, რომ ზანურში (მეგრულ-ლაზურში) ”ჭარა” - წერას ნიშნავს. თუშური ხალიჩების და ფარდაგების მორთულობაში იგრძნობა ფარული ნიშნების გავლენა. მაგ. კვადრატის დიაგონალებზე ჩახატული ჯვარი, ვარსკვლავა, წრეები წერტილებით, სამკუთხედები და სხვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხევსურეთში სოფ. ხახმატში შემორჩენილი ძველებური ხის (ცაცხვის) ამბარი (კიდობანი შ.ალუდაურის ბინაზე. სურ.51, 52, 53. 2009 წ, 14. 07, კიდობნის ზომებია: სიმაღლე 130 სმ. სიგანე 120 სმ. გაკეთებულია ძველებური წესით - ლითონის და წებოს გარეშე, ასახდელი თავით. წინიდან დაჭრელებულია გეომეტრიული ორნამენტებით და ფარული ნიშნებით. ფარულ ნიშნებს წამყვანი ადგილი უკავია და განლაგებულია ”შუბლზე.“ რკალების და წრეების შიგნით ამოჭრილია 7 ცალ - ცალკე ნიშანი. ეს კიდობანი იმ იშვიათ ხის ნივთთაგანია, რომელზედაც ამდენი კრიპტოგრამაა შემონახული. საფიქრებელია, რომ ამ რეგიონში სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთდამთხვევამ ფარულ ნიშნებს იდეალური გარემო შეუქმნა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უზრუნველყო. ყურადღებით დათვალიერება ქმნის აზრს, რომ გეომეტრიული ორნამენტები და ფარული ნიშნები სხვადასხვა ხელწერისაა. ორნამენტები ხშირად ფოთლოვანი ჯვრებია ”ხუთაით“ ამოჭრილი. ამოჭრის სიღრმე და პროპორცია აჩვენებს, რომ ხელწერა გემოვნებით გამოირჩევა-ოსტატი ხეზე ჭრის მცოდნეა. იდეოგრამების ამოჭრა კი სხვანაირია. მის ამომჭრელს გემოვნებაზე ნაკლებად უფიქრია. აქ ყურადღება ნიშნების შინაარსზეა გადატანილი. ხეზე ჭრის ოსტატები ასეთ ჭრას ,,კონტურულს“ უწოდებენ. ხაზი სწორ ზედაპირზე კეთდება მცირე სიღრმის ამოჭრით. შვიდი ნიშნიდან სამი გაურკვეველია(გაფუჭებულია). მოხაზულობაში გამოირჩევა სამკუთხედი, ორტოტა, წერტილები, გადაჯვარედინებული ხაზები და კვადრატი ჯვრით. ასევე ჩანს ასო ”იოტას“ მსგავსი ნიშანი. ხეზე ამოჭრილი ნიშნები იმეორებს იმ მოხაზულობას, რაც ხევსურეთსა და თუშეთში ქვებზეა შემორჩენილი. ამბარ- კიდობნის ისტორია დაკარგულია. ვინც ნიშნები ამოჭრა, ჩანს რაღაც ინფორმაციის შენახვას ცდილობდა. იდეოგრამების თუ იეროგლიფების გარშემო გაკეთებული წრეები და რკალები შესაძლოა უფრო სილამაზისთვის, ნიშნების წარმოსაჩენად იყოს ამოჭრილი. იდეოგრამების ქვეშ ამოუჭრიათ ”სიცოცხლის ხე“, ”ხის” ქვეშ, ქვედა ჩარჩოს შუა ადგილას - კვადრატი დიაგონალზე ორმაგ ჩარჩოში ჩახატული ჯვრით. კიდობნის ფუნქციური დატვირთვა და სიმბოლოების შინარსი ერთმანეთთან ჩანს დაკავშირებული. კიდობნის თავზე, კუთხეებში ეტყობა სანთლის ნამწვავი (სურ.54). მოსავალი დაულოცავთ. საყურადღებო ინფორმაცია: ”ჩანჩხი ხატის მებეღლეა“ აქ საინტერესოა ”მებეღლეობაც“ და საერთოდ ”ჩანჩხის“ (მჩხიბავის) ეტიმოლოგიაც (იხ.ხევსურეთი, ს.მაკალათია, 244 გვ.1984წ). აღსანიშნავია, რომ სოფ.ხახმატში არის ასევე ქვაზე ამოჭრილი ”წერაქვული“ ფარული ნიშნები, რომლებიც ამავე სახლის კედელში ჩატანებულ ქვებზეა (მეორადი გამოყენების ქვები, სურ.43, 44, 54). ასევე, - ბისო-ხახმატის ჯვარ- სალოცავში. ჯვარში ფიქსირებული ქვები აღწერილია ეთნოგრაფიულ გამოცემებში (ვ.ბარდაველიძე. ”აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ -საკულტო ძეგლები“. ხევსურეთი, 1ტ. 3 ცალი ნიშნიანი ქვა. სურ.40. 41. 42). ფარულ ნიშნებში საინტერესოა ”ბორჯღალას“ მსგავსი ნიშნებიც. სიმბოლოების და ნიშნების გრაფიკული იერ-სახით გარჩევაც მეტად პირობითია და შინაარსობრივად არის დასახარისხებელი. ფარულ ნიშნებში ბორჯღალი გვხვდება ორგან, როცა სხვა ასტრალური ნიშნები მრავალჯერ მეორდება. ბორჯღალი დედაბოძზე და ავეჯზე წამყვანი მორთულობაა. ბორჯღალი მიჩნეულია მზის სიმბოლოდ, თუმცა, გალაქტიკურ მოძრაობებს უფრო ჰგავს. თანმედროვე ინფორმაცია კოსმოსური სამყაროს შესახებ და ხალხური ორნამენტიკა (ღვთაებრივი ნიშნები და მითოლოგია) აშკარად მსგავსია. შემთხვევითი მსგავსება საეჭვო ხდება, როცა საქმე ”ღვთაებრივ” სიმბოლო-ორნამენტებს ეხება. ბორჯღალის გარდა გვხვდება სპირალური მოხაზულობის ფარული ნიშანი, სოფ.მუცოს ნიშნიანი ქვა (სურ.117). ეს ნიშანი, ისე როგორც ბორჯღალა, ვარსკვლავა, კლაკნილი, მნათობები, მბრუნავი ჯვრები, წრეები და სხვა ფიგურები ერთიანდებიან კოსმოგონიური ხასიათის ნიშნების რიგში. სპირალური ორნამენტი მოიძებნება ძველი სვანური ავეჯის მორთულობაშიც. მსგავსი ორნამენტი მცირე აზიურ და ფრიგიულ კერამიკულ ნაკეთობაზეც მრავლადაა. ჟ.დეშელეტს სპირალიც მზის ემბლემად მიაჩნია, თუმცა,როგორც ჩანს, მისი წარმოშობა უცნობია და ფრანგი მეცნიერის გამოთქმული მოსაზრება ბოლომდე ვერ დასტურდება. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა შინაარსით გამოიყენებოდა ასეთი რთული მოხაზულობის სპირალი ფარულ ნიშნებში. საინტერესოა ორმაგი სპირალის მოხაზულობა ხევსურეთის სოფ.შატილის კოშკების კარის ქვა-თაღებზე (სურ.109. ბულოურთ ციხე-კოშკი). სამ ქვაზე 8-მდე იეროგლიფია ამოჭრილი. ქვები მეორადი გამოყენებისა ჩანს. ქვების მდებარეობა მეტად დატვირთვას სძენს უცნობ შინარსს. კარიბჭესთან დაკავშირებით და მათზე გამოსახულ სიმბოლოების მიმართ მსოფლიოში, გარკვეული ტრადიცია არსებობდა. ის ქრისტიანულ ტერმინებშიც აისახა: ”უფალი ამბობს , მე ვარ კარი”. ძველი აღმოსავლეთის კარიბჭენი, ვანის კარიბჭე, ეგეოსური ლომთა ჭიშკარი და სხვა სერიოზული ერთიანი კომპლექსური კვლევის საგანი უნდა გახდეს. სოფ.შატილში შემორჩენილ ფარულ ნიშნებში ორმაგი სპირალი რთული ოთხხაზიანი იეროგლიფია. ოთხი ხაზით თავ- ბოლო მოხვეული და შეერთებული მთავარ ხაზებთან. ასეთი რთული იეროგლიფური ნიშანი ამოჭრილია მარჯვნივ ხუთ წერტილიან ჯვარს და მარცხნივ სამკუთხედში (შემოზღუდულში) ჩასმულ ჯვარს შორის (სურ.109). ეს უკანასკნელი ხეთურ-ლუვიურ დამწერლობაში ”მეუფის“ აღმნიშვნელია (პ.მერიჯი. №275). აღნიშვნის ღირსია „კლაკნილი“ წერტილებით. კლაკნილი ორნამენტულ გაფორმებაში ”კავკაულის“ იგივე ”დატალღულის“ სახელწოდებით ჩანს (სურ.280), ხოლო, საერთოდ, ძველ იდეოგრამებში ”წყლის“ აღმნიშვნელია, შუამდინარულ, ეგვიპტურ, მცირე-აზიურ, ხეთურ-ლუვიურ იეროგლიფებში კლაკნილი იკითხება - ”წყალი“. ეგეოსურ ხაზოვან ნიშნებში ”ს“ და ”ზ” - ს აღმნიშვნელია (М.Вентрис.ДЖ.Чедвик. Дешифровка линейного письма В. перевод Г.Вариновой 1956). გასარკვევია, თუ რა ეტიმოლოგიური კავშირი მოენახება ძველქართულ ტერმინებს - ”დაკავკაულს“ და ”წყალს“ შორის. შესაძლოა, ორნამენტის სახელი გვიანდელი პერიოდისაა (კავკასიასთან კავშირში) ან ტერმინი „დაკავკაული“ ”წყლის” სემანტიკასაც აღნიშნავდა ძველად (იგივე დატალღული). აქ გადაჭრით რაიმეს მტკიცება ძნელია. საინტერესოა ორნამენტი ”თვალა“, რომელიც წერტილიან ნიშანს ეწოდება. ”თვალიან კვერანი“-წერტილიანი კვადრატი. ოთხკუთხედს (კვადრატს) თუშური ორნამენტის ენაზეც ”თვალი“ ეწოდებოდა (გ.ბოჭორიძე. ”თუშეთი“. სურ.281). ფარულ ნიშნებში გვხვდება საკმაოდ რთული მრავალუჯრედიანი ოთხკუთხედები: ათი, რვა, ექვსი და ოთხუჯრიანი. (ხევსურეთში, სოფ.: კისტანი, შატილი, თუშეთში- ფარსმა, ჭეშო და სხვა.) აქ, ალბათ, გასათვალისწინებელია ორნამენტის სახელებიც, რომელიც ”თვალას“ და ”კვერას“ერთად მოიცავს. მაგ.უჯრიანი მართკუთხედი წერტილებით. ორნამენტის სახელწოდება, რაც ”თვალას“ მიღმა იგულისხმება (წრეში წერტილი, ”თვალის“ მნიშვნელობით, ძველ დამწერლობებშიც ჩანს), ყურადღებას იქცევს, თუმცა ფიგურებში (სკრიპტებში) გვხვდება სხვა წერტილებიც, სადაც განსხვავებულ მნიშვნელობასთან გვაქვს საქმე. ჯვრები ორი წერტილით კუთხეებში, ჯვარი ოთხი წერტილით და ხუთი წერტილითაც (ხევს. ლიქოკის ხეობა, სურ.29.; ხახმატის ჯვარში, სურ.40; კისტანში, სურ.81. შატილში. სურ.110; თუშეთი- სოფ.დანოში, სურ.169. ფარსმაში, სურ.168. ომალოში). ვფიქრობთ, აქ ისეთი შემთხვევა გვაქვს რაზეც, პალეოგრაფი ე.ფეტერი ზოგიერთ ეტრუსკულ ნიშან-სიმბოლოზე მიუთითებს. თეორია შემდეგნაირია: ”წერტილოვანი სისტემა მომდინარეობს მარცვლოვანი დამწერლობის მოთხოვნილებიდან, ჯერ კიდევ იეროგლიფების პერიოდიდან“. მისი აზრით, ეტრუსკული დამწერლობის ძირითადი, ძველი ჯგუფი წარმოადგენს უცნობი ადრინდელი დამწერლობის ნაშთს (G.BIonamichi. Etruski. 1941; Д. Дирингер. Алфавит. 573 გვ.). ფარულ ნიშნებში ფიქსირდება სამი წერტილის გამოყენება. ის განსაკუთრებული ფიგურის თავზეა ამოჭრილი (სურ.108. 187). გვხვდება შვიდი წერტილიც და ცხრა წერტილიც (სურ.15. 148). ხევსურეთის ჭალაისოფელში ”იახსრის“ სალოცავის ”საბეროს“ კედელში გამოსახულია სხვებთან ერთად ხელი, რომლის შიგნით ამოკვეთილია ოცი წერტილი (სურ.34). გასარკვევია ასეთი რაოდენობის წერტილების, ქართული ენის ტერმინებისა და მითოლოგიურ, ტრადიციული დღეობების სახელებთან შესაძლო კავშირი, მაგ. ”შვიდმნათობისმიერი“, ”სამება“, ”მეშვიდე ცა“, ”ცხრათვალა მზე“, ”ოცობა-ლამპრობა“ (ხევს. გაზაფხულის დღეობები). საყურადღებოა, რომ ზოგიერთი კრიპტოგრაფიული ფიგურა იმეორებს მტკვარ-არაქსის სიმბოლოებს. მათ შორისაა: სპირალი, კლაკნილი წერტილებით, ბოლოებშეხრილი ჯვარი (სვასტიკა), სამკუთხედისებური მოხაზულობა (ხევსურეთი, სოფ.ხახმატის ჯვარი და სოფ. მუცო; თუშეთი-სოფ.: დანო, ფარსმა, ინდურთა. ნ.შანშაშვილი ”მტკვარ-არაქსის ნიშან-სიმბოლოები“, თბ 2000 წ.). ხევსურეთის სოფ.გუდანის ზენა ჯვარში შემორჩენილი ფარულ ნიშნიან ქვაზე ყურადღებას იქცევს ადამიანის მსგავს ფიგურასთან მნათობის ნიშანი (სურ.6), რომელიც წააგავს ხევსურული ხუცობის ტექსტის საწყის სიტყვებს, ”დიდება ღმერთსა, დიდება მზესა და მზის მყოლ ანგელოზთა, მადლი ღმერთს“... ეს სიტყვები ხევსურული ხუცობის დასაწყისშია და მასზეა აგებული მთელი ხუცობის ტექსტი (ს.მაკალათია, ხევსურეთი“, 249 გვ.). აღნიშნულ ქვაზე ყურადღებას იქცევს ადამიანის მსგავსი ფიგურა ზეაღმართული მუჭშეკრული ხელებით, რომელიც წააგავს მლოცველის პოზას („ორანტა“), ცნობილს ძველი აღმოსავლეთის არქეოლოგიური ქვის ბარელიეფებიდან, მკერდზე მიდებული მუჭაშეკრული ხელი (”ათასი ღვთაების ქვეყანა“, გ.გიორგაძე, ხეთები და ცივილიზაცია, 1988 წ.). მუჭშეკრული ხელებით ჩანს ადამიანის ფიგურა, თავზე სამი წერტილით(სურ.187). ზოგიერთი ფარული ნიშანი, რომელიც სოფ.კისტანის ციხის (აბულეთაურთ ციხე) კედელშია და სოფ.ჭალაისოფლის სალოცავის (იახსარი) კედელში-ქვაზე ამოჭრილი ჯვრის მოხაზულობა (სურ.34, 35), ჩვენი აზრით, ხევსურული ხუცობის ტერმინებს შეესაბამება: ”ჯვარო ნათელო , ნათლისაო“ ”ნათელო ცეცხლის ბურთვიანო“, ”გმირო კოპალავ, ლაღო ლახტიანო, ცეცხლის ბურთვიანო“, ”ნათელთა ნათელო ზეცრიელო...“ ”მფრინავო ანგელოზო (ღვთიშვილო)“. ქვაზე, ჯვართან ერთად, წრეში ან წრეებში ჩასმული წერტილებია, წრეში ჩასმულია ჯვარი და წრე ცალი მხრიდან ხუთი სხივით (აბულეთაურთ ციხის ქვები). ამ ციხის ქვებზე, ფარულ ნიშნების შუა ადგილას ხის მსგავსი ფიგურაა (სურ.95.), რომელიც ძლიერ ჰგავს მითოლოგიურ სიცოცხლის ხეს და რომელზედაც ”ღვთიშვილები” ჩამოდიოდნენ (”მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“ თ.ოჩიაური.1967.). ხევს. სოფ.კისტანის ”აბულეთაურთ“ ციხის სარკმლის ქვის მარცხენა მხარეს ნიშანი (ჯვარი წრეში გასხივებული სურ.95.), საინტერესო მსგავსებას პოულობს ძველ შუმერულ ნიშანთან, რომლის სახელწოდებაც საკრალურია. შუამდინარეთულ იდეოგრამებში წრე ცალმხრივი სხივებით იკითხებოდა, როგორც ”ლამ“, ”მელამ“, რაც ღვთიურ, ნათებას (ქართ.”ელვა“) აღნიშნავდა (”შუამდინარეთული მითოლოგია,“ ზ.კიკნაძე). იბერიული დამწერლობის ნიშნებში წრე ცალმხრივი სამი სხივით, ნიშნავდა ”გე“, ”ბე“ მარცვალს. ხევსურულ ორნამენტებში ასეთი სიმბოლიკა მხოლოდ ხმლებზე გვხვდება (ლითონზე), მისი ორნამენტული სახელი დავიწყებულია. ”ანთროპომორფული“, ადამიანის მსგავსი ფიგურები გასხივებული თავებით, გვხვდება სოფ. ომალოს სასაფლაოს ქვაზე (სურ.143). გასხივებულთავიანი ადამიანის ფიგურები ძველი კიდობნების ზედაპირებზეც ჩანს და ასტრალურ სიმბოლოებთან ერთად, ხშირად ჩვეული კომპოზიციაა. საინტერესოა ხევსურული და თუშური საჭვრეთის სახეების მსგავსება ფარულ ნიშნებთან (სურ.125. 126.). ”ბედის კვერებზე” აკეთებდნენ ნიშნებს, რომელიც სალოცავში უნდა მიეტანათ, ან სალოცავის სახელზე დალოცვილიყო. ”დიასახლისები ჯვარში მისატან ბედის კვერაებს გამააცხობენ, რაც წელწადშამაე ღამის შემდეგ დასჭირდება“, ”სამეკვლეოები“ ”ყველა ხმიადებს დააჭრელებსა და დაღნიშნავს“. (ალ.ოჩიაური. ”ქართულ-ხალხური დღეობების კალენდარი.”). ”არხოტში იცოდნენ კოდ- სამკითხველოები ხოლო პირაქეთ ხევსურეთში ”ხუცის ტაბლა“, სადაც თვითოეული ”ოჯახიდან მიდიოდა თავისებური (განსხვავებული) საჭვრეთით გაფორმებული ქადები, “ ”შუაში საჭვრეთით დასჭვრეთდეს და გარშემო შამაჭრეხილი იყო“. ”თვითოეულ ჯვარ- სალოცავს თავისებურ ლიშან - საჭვრეთაიც ჰქონდ“. ”იდგმებოდა სამი ტაბლა ზედ სამ-სამი ქადა იდებოდა, როგორც ხუცის ტაბლაზე ისე კოდ-სამკითხველოზე“ (ნანუკა თეთრაული. 82 წლისა. სოფ.გამარჯვება, დედოფლის წყარო. 2009წ . 20. 08). დღევანდელ დღეს საჭვრეთელი ისტორიაში გადადის, მის მაგიერ ხმარობენ ჩანგლის ან დანის კუთხეს. სიმბოლოების შინაარსი დავიწყებულია და ანგარიშმიუცემლად კეთდება. ფარულ ნიშნებში საყურადღებოა ტოლმხრიანი ჯვარი ოთხი წერტილით. ნიშანი გვხვდება როგორც ცალკე, ისე ჯგუფებში და ჩანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შინარსისაა. მკვლევარები, ვინც კი შეხო ამ ნიშნის წარმომავლობის ახსნას, ერთ დასკვნამდე ვერ მიდიან. (ი.სურგულაძე, გ.ჩიტაია, ვ.ბარდაველიძე, ჟ.დეშელეტი, ე.მაიერი, ა.ჰაინი,რ. გრეგი). როგორც სიმბოლო, ცნობილია შუამდინარეთიდან, მცირე აზიიდან, ეგეოსური კულტურიდან. ვიზუალურად იგი ძლიერ, კონცენტრირებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჯვარი ოთხი წერტილით, რადგან ძლიერი შინაარსის მატარებელი იყო, ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ ქრისტეს სიმბოლოდ ჩანს ადრექრისტიანულ წარწერებში. მაგ.დმანისის ასომთავრული წარწერა, ძველი 9-10 საუკუნის ხელნაწერები, სოფ. წებელდის ეკლესიის სამშენებლო წარწერა და სხვა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჯვარი ოთხი წერტილით ფარულ ნიშნებში წამყვანია და მას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ის ჯვარ-სალოცავებში, ციხის ფასადზე და კარის თავებზეა ამოკვეთილი. ჩვეულებრივ ჯვარ-სიმბოლოსთან შედარებით, ჯვარი ოთხი წერტილით სხვა დატვირთვისა სჩანს, მაგ. ხევს. სოფ.ჭალაისოფელი იქ (კარატის ჯვარის ნიშნიანი ქვაა) კარატის ჯვარში, ხუცობის ტექსტში ასეთნაირად იხსენიება: ”შუბან ნერგის ანგელოზო“... (ჩავიწერეთ სოფ.ჭალაისოფელი. გიგა ლიქოკელი 68 წლის.) ამავე სოფელში მეორე სალოცავია - ”იახსარი“. იახსრის სალოცავის, ტექსტში ასეთი მიმართვაა: ”საპატიმროს დამჭერო, ხუტია უსკარ შუბის დამკრავო“.... (გ.ლიქოკელი) იახსრის სალოცავშიც შემორჩენილია ფარული ნიშნები (სურ.34. 35). ოთხ წერტილიანი ჯვრის მსგავსი რთული ნიშანი ფიქსირდება თუშეთის სოფ.ინდურთის ნასახლარის ქვაზე (სურ.201) და ხევს. სოფ.კისტანის ციხის ქვაზე (სურ.95). ასევე დიდი შინაარსის ჩანს კვადრატი (ოთხკუთხედი) დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით. ნიშანი გვხვდება ხევსურეთის, თუშეთის სალოცავების კედლებში და ციხე-კოშკებზე, სოფ.გუდანის ზენა საღმრთო ჯვარში, ხახმატში (კიდობანზე), კისტანში. თუშეთში: სოფ.: ჰეღოში, ფარსმაში, ინდურთაში. მსგავსი გეომეტრიული ფიგურა ორნამენტებში ცნობილია, როგორც ”კვერანი“, ”ცერა კვერა“(ს.მაკალათია, ”ხევსურეთი“. 70 გვ.). სალოცავში არსებობს ცენტრალური, ყველაზე შეუვალი ადგილი ”კვრივი“, ჯვარ-სალოცავის დაარსების თავდაპირველი ადგილი. რამდენიმე ადგილას ფარული ნიშანი კვადრატი ჯვრით, სალოცავი ადგილის მინიშნებად ჩანს. მაგ.ზენკისტანის ქვაზე, სადაც კუთხის (გონიოს) მსგავს მოხაზულობაში ჩასმულია კვადრატი ჯვრით. ამ ქვაზე 20-მდე ნიშან-სიმბოლოა ამოჭრილი გაფანტულად (სურ.102). ასევე სოფ.გუდანის ზენა ”სამღვთო“ ჯვარში, სახუცო ტაბლასთან სკამად დადებული ქვა (სურ.6). ამ ქვაზე სჩანს კვადრატი ჯვრით, რომელიც მოცულობით სხვა ნიშნებთან შედარებით დიდია. ეგეოსური კულტურის მკვლევარებს- პალეოგრაფებს და კრიპტოგრაფებს მსგავსი ნიშანი (ოთხკუთხედი დიაგონალზე ჩახატული ჯვრით) კრეტულ ”А ხაზოვან“ დამწერლობის ტაბულაში ჩასმული აქვს ერთ უჯრაში, რომელშიც მეორე ნიშანი ცნობილია მცირე აზიაში, სახელწოდებით- ”სახლი“ (კვადრატი ნახევარწრეებით) („Д.Дирингер.”Алфавит“ გვ.97). ხეთურ-ლუვიურ ნიშნებში კვადრატი ჯვრით გამოყენებულია ერთხელ, რომელიც ტოპოდას წარწერებშია ღვთაება თარხუნთის შემდეგ. ის იკითხება- ”სა“ (პ.მერიჯი. №215 ”ა”). კვადრატი ჯვრით, ჩანს, უძველესი ნიშანია და მისი გამოყენება სხვადასხვა ძველი კულტურის დამწერლობებშიც ფიქსირდება. მსგავსი ნიშანი შუამდინარულ სიმბოლოებშიც ჩანს და იბერიულ ნიშნებშიც. იბერიულ დამწერლობის ნიშნებში კვადრატი წერტილით იკითხებოდა ”კუ“ და ”გუ“ მარცვლებად (Д.Дирингер გვ.299). საინტერესოა იბერიულ დამწერლობის ნიშნების შედარება ქართულ ორნამენტ ”ბორჯღალთან“ და იბერიულ ”ბო“ მარცვლოვან ნიშნებთან. ასეთი შედარება სხვა ნიშნებს შორისაც შეიძლება და ეს უკვე კვლევის სხვა სფეროა, რომელსაც პალეოგრაფი და ენათმეცნიერი სპეციალისტები დასჭირდება. ჩვენს რეგიონში კვადრატში დიაგონალზე ჩახატული ჯვრის ორნამენტის სახელი და ფარული ნიშნის მდებარეობა (შინაარსი) სერიოზულ კვლევას მოითხოვს, რადგან შეიძლება აიხსნას თუ როგორ წარმოიშვა ასომთავრული ,,ჯ“- ს მოხაზულობა (წინაქრისტიანული ჯვართმსახურება). ჩვენი აზრით, ასტრალურ ორნამენტებს, ფარულ (კრიპტოგრამებს) ნიშნებს და ძველ ქართულ დამწერლობას დიფერენცირებულად უნდა მიდგომა და მათ შორის კავშირებიც არ გამოირიცხება. ( სამეცნიერო-საისტორიო ჟურნალი ”სვეტიცხოველი“. 2009. N2, 9-9 ”ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული”). ცალკე აღნიშვნის ღირსია ”სულის ცხენის“ ლაგამ-ავშარის მორთულობა. ცხენის მორთულობის სრული სახით ნახვა შეიძლება მიცვალებულის სულის სახელზე დალოცვის დროს. ე.წ. ”სულის ცხენს“ საუკეთესოდ მორთავენ. ფაფარს, უნაგირს გაულამაზებენ, ლაგამის ტყავის (ღვედის) ზოლი სავსეა თვალის ფორმის თეთრი ქვებით. ხევსურული ტერმინით- ”გველის თავებით“ გაწყობილი მოსართავი, მათივე რწმენით, ცხენს ავი თვალისგან იცავს. საინტერესოა ცხენის შუბლზე გამოსახული ჯვარი ”გველის თავიანი“ მოსართავით. ფრონტალურად ცხენის შუბლზე გამოსახულია კვადრატი-დიაგონალებზე ჯვრით. პრაქტიკული დანიშნულება და საკრალური მოხაზულობა ერთმანეთთან შეწყობილია. აღმოჩნდა, რომ მორთულობა ”გველის თავებით“ ღამეშიც ეფექტურად გამოიყურება. ცხენ-მხედარს წინ მიუძღვის მისი საკრალური შინაარსი, ”სულის ცხენი“ კი წინ მიუძღვის მხედრებს. „სული ტაბლაზე“ დალოცვის დროს შემორჩენილია წინადადება ძველებური სახით: ”დაჭვრეთილის ღვთის წესით, მანდაური წესითამც მასახმარი ას“...(ს.მაკალათია. ”ხევსურეთი“ გვ.201) წერის და ”ჭრის“ პარალელური გამოთქმები ძველ ქართულში ცნობილია, მაგ ლაზურ ენაში ”ჭარარი“- წერა. ძველი ქართველნი როცა წერდნენ, ჭრიდნენ მაგარ საგანზე (საჭვრეთელით წერა). ფარულ ნიშნებში საინტერესოა რკალის მოხაზულობა, რომელიც ხევსურეთის სოფ. ზენკისტანის ციხის სამხრეთ კედელზეა (ათანდილათ ციხე. სურ.87). სარკმლის გვერდით ქვაზე ამოკვეთილია რკალი, რომელსაც ზევიდან ვარსკვლავის მსგავსი სიმბოლო ადგას. ამ უკანასკნელს წვეროები აშვერილი აქვს ოდნავ ზევით. ასეთი ნიშან -სიმბოლო სხვაგან არ ფიქსირდება. მიახლოებით მსგავსი სიმბოლიკა შუამდინარეთშიც ჩანს, რომელსაც მკვლევარები პირობითად ”ზეციურ ნავს“, ”მზის ნავს“ უწოდებენ და მისი წარმოშობა გაურკვეველია. (შეადარეთ ქართულ ”ფასკუნჯთან“, რომელიც სკნელში დაფრინავს.) ამ ქვის გვერდით მეორე საინტერესო ქვაცაა, რომელზეც გაურკვეველი მოხაზულობაა. სოფ.კისტანში, საკვირაოს გორზე მდგარი, ქვემო და ზედა ციხეთ კომპლექსებში შემორჩენილი ნიშნიანი ქვები საკულტო მსახურთა წარმოდგენების კვალს აჩენენ. რკალი ჩარჩოში ჩასმული გვხვდება თუშეთის სოფ.დართლოს აკლდამის ფასადის ქვაზე (სურ.178, 179). ქვის შესახებ ინფორმაცია აქვს პროფ. ვ.ბარდაველიძეს (”თუშეთი“ 2ტ. 1985 წ. 28გვ.). რკალი ჩარჩოში ჩასმული შუამდინარულ სიმბოლოებში მნიშვნელოვანია და სპეციალისტებისგან ღვთიურ ნიშნად არის მიჩნეული (გასხივებული რკალი ღვთაების თავზე). ჩარჩოში ჩასმული გასხივებული რკალის სიმბოლიკა დღეისთვის შერყვნილა და გადაუკეთებიათ წრედ (2009 წლის აღწერა). რკალი ხევსურულ ორნამენტებშიც ჯვართან ერთად გვხვდება, თითქმის ისეთივე მოხაზულობით, როგორიც თუშეთის სოფ. ფარსმის წმ, გიორგის ჯვარ-სალოცავის კოშკის სამხრეთის კედელში (სამი ნიშანი მწკრივზე) შემონახულა (სურ.160). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი ფარული ნიშნები თავისი ასტრალურ-კოსმოგონიური ხასიათით მსგავსებაშია ქართული დედაბოძის ორნამენტებთან. საკითხავია, თუკი ტრადიცია არსებობდა, მაშინ რა ცოდნას ემყარებოდა სიმბოლოების დედააზრი? ვფიქრობთ, რომ ორნამენტების განლაგებაში ფანტაზიურობა და გამომგონებლობა მეორადია, პირველადია დადგენილი წესრიგით ინფორმაციის გადმოცემა (სქემატურობა). ”ეჭვი არ არის, რომ დედაბოძის დეკორში არქაული ძეგლებისგან განსხვავებით კოსმოგონიურ სურათს ვხედავთ“ (ი.სურგულაძე, ”ქართული ხალხური ორნამენტიკის სიმბოლიკა“, გვ.119). ფარული ნიშნები ამჟღავნებენ მდიდარ შიდა სისტემებს ( წერტილოვანი სისტემა, ორმხრივი კითხვა) და ეს მათ სიძველეზე მიუთითებს. ჩანს რამდენიმე ნიშნის გაერთებული მოხაზულობა (ლიგატურა). მაგ.ხევსურეთის სოფ.ბისო-ხახმატის ჯვარ-სალოცავის ნიშნები (სურ.40); თუშეთი, სოფ.ფარსმის სალოცავის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქვის ნიშნები (სურ.155). თუკი ქართული მითოსური აზროვნება, ორნამენტები და ფარული ნიშნები ერთმანეთს უკავშირდება, ძალზე საინტერესო სურათს ვიღებთ. ქართული მითოლოგიით დედაბოძი საკულტო ობიექტია და მასთან დაკავშირებით გარკვეული თხრობაც არსებობდა. ისევე, როგორც სალოცავში მდგარ ”ალვის ხესთან“ დაკავშირებით (ღვთიშვილთა ჩამოსვლა), სწორედ დედაბოძზე გამოსახული კოსმოგონიური ორნამენტები ხალხურ მეხსიერებას ასტრონომიულ სქემასავით შემოუნახავს. ”ღვთაებრივი” ნიშნები და საკულტო ტრადიცია ხალხურ მეხსიერებაში ერთადაა დალექილი და ურთიერთგანმაპირობებელია. ხოლო, დღევანდელი ასტრონომიური ცოდნის გადასახედიდან, ორნამენტების წყობა და ფარული ნიშნები ყურადღებას მსგავსებით იქცევს: გალაქტიკები, მეტაგალაქტიკები, პლანეტსახის ნისლეულები, ვარსკვლავთა ნისლეულები, მბრუნავი გალაქტიკები ( ”ბორჯღალები“), კომეტები, შავი ხვრელები (”ქვესკნელები“) და სხვა (http://www.sai.msu.su/apod/ap970901.html). ქვა, რომელიც შემორჩენილია ხევს. სოფ.შატილის ციხე-კოშკის კედელში (სურ.112), ყურადღებას იქცევს მის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო. ქვის ფოტო- მასალა 2000 წელს გავაცანით ისტორიკოსს, ბატონ გრიგოლ გიორგაძეს. ქვა მცირე ზომისაა (12-27 სმ) და ზედ 15-მდე ნიშან-სიმბოლოა ამოჭრილი. „შეიძლება ზედ რაღაც თარიღი იყოს დატანილი“ - ასეთი ვერსია წარმოიშვა. ნიშნებში ჩანს: ხაზები, წერტილები, ტეხილი ხაზები, წრე ჯვრით და სხვა. მეცნიერულ დონეზეა გასარკვევი ქართული რიცხვითი სახელების ეტიმოლოგიურ-სემანტიკური კავშირი გეომეტრიული ფიგურების სახელებთან. მაგ: ხუთი- კუთხე (ხუთა), ასი- ხაზი, ათი- ხატი, ერთი - წერტილი და სხვა. მსგავსი რიცხვითი ნიშნები ჰქონდათ ძველ ეგვიპტელებს, ეტრუსკებს, მაიას ხალხებს (იხ. ”მათემატიკური რიცხვი“. ქართული საბჭ. ენციკლ.). ჩვენი აზრით, თუკი არსებობდა ინფორმაციის გადასაცემი კრიპტოგრამები, ასევე იქნებოდა რიცხვის (თარიღის) აღმნიშვნელი შესაბამისი გეომეტრიული ფიგურებიც. ნიშნების გარეგნული მსგავსებები შესაძლოა ასახავდეს წინაინდოევროპულ ენათა შინაგან ნათესაურ კავშირებს. ეს პრობლემა ღრმა მეცნიერულ კვლევის საგნად უნდა იქცეს. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში შემორჩენილი ფარული ნიშნების მაქსიმალურად აღნუსხვა და წიგნად გამოცემა დროთა განმავლობაში აუცილებელი შეიქმნა. ნიშნები, ყველაფერთან ერთად რწმენასთან მჭიდროდ აღმოჩნდა დაკავშირებული. მათი განსჯა სცდება ეთნოგრაფიულ და პალეოგრაფიული კონკრეტული სპეციალობის დარგს. ვ.ჰაიზენბერგის აზრს თუკი მოვიშველიებთ: ”ჩვენი დამოკიდებულება რელიგიის საკითხებისადმი განუყოფელია საზოგადოებაში ჩვენს მდგომარეობასთან. თუ რელიგია წარმოიშვა, როგორც ადამიანთა საზოგადოების გონითი სტრუქტურა, მაშინ შესაძლოა იგი ისტორიის მანძილზე საზოგადოების უძლიერეს შემაკავშირებელ ძალად იქცეს ან არსებულმა საზოგადოებამ თავად განავითაროს მისი გონითი სტრუქტურა და თავის ცოდნის დონეს შეუფარდოს. ე.ი. მეცნიერების ენა მიუახლოვდეს და დაემთხვას ბიბლიის ენას“. დასკვნის სახით: ”წერაქვული“ დამწერლობის ფარული ნიშნები და გეომეტრიული ორნამენტები ამჟღავნებენ ღრმა ეტიმოლოგიურ კავშირს. ორნამენტები დაკავშირებულია ქართული ენის ტერმინოლოგიასთან, მითოლოგიურ, სარიტუალო ჩვეულებებთან. ეს ყველაფერი კი ურთიერთკავშირშია და კოსმოგონიური წარმოდგენებიდან ჩანს მომდინარე. ჩვენს მიერ მოკვლეული და ლოგიკური თვალსაზრისით დახარისხებული ნიშნები ძველ, ევრაზიაში აღწერილ დამწერლობებთან ნათესაურ კავშირში ჩანან (სურ.277). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რეგიონში შემორჩენილი ფარული ნიშნები მსგავსია აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონების, სვანურ ”ლიფანალურ“ ნიშან-სიმბოლოებთანაც. შედარებითი ცხრილის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი კრიპტოგრამები მხატვრულად სრული, მონუმენტური მოხაზულობისაა და ძველ დამწერლობების ნიშნებთან შედარებით, უფრო ”ღვთაებრივი“, ასტრალურ-კოსმოგონიური კომპოზიციით გამოირჩევიან.

გიორგი (გია) გიგაური

“ლიტერატურული საქართველო “ №10

9-15 მარტი, 2007 წელი

ქართული წერაქვის სახელწოდების გამო

ქართულ ენაში შემონახული ბევრი სიტყვა თუ ტერმინი თავისთავად იმსახურებს ყურადღებას, რას ნიშნავდა ამა თუ იმ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობა? რასთან იყო დაკავშირებული შინაარსი? ეს გამოთქმები ქართულში გარედან შესულად არ ითვლება. მათი მომდინარეობა, ცნობიერება ძველისძველი ქართული წიაღიდან, ენის წარსულიდან ჩანს, ესენია: საიქიო, სააქაო, ქვეცა, ცა, ზეცა, ზეცრიელნი, ქვეცრიელნი, ცისკარი, ცისკართ გახსნა, ცისკართ გახმანი, არაფერი, ყველაფერი, ცხრათვალა მზე, მიწა, მთვარე, ვარსკვლავი, სკნელი, ქვესკნელი, ზესკნელი, უკანასკნელი, წინსკნელი, გარესკნელი, გარდასკნელი “იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქმნებოდა”, უკუნითი- უკუნისამდე, გარეშე, წინაშე, ქვეშე, ზედაშე, დაშთენილი, შთაგონებული, ზეპირ გამოსვლა, საფარველი, საფარველდადებული, გარეშთე და სხვანი. ზოგიერთი სიტყვა მხატვრულ გაფორმებად შემორჩენილა, ხოლო ზოგიერთი კი სამყაროს თავისებურ აღქმას შეიცავს. ბევრ ენათმეცნიერს, ვინც კი შეხებია ქართული ენის ფონეტიკის კვლევას, მისი არქაულობა ერთხმად უღიარებიათ. (წინაინდოევროპული იბერიული ენა) იმ პერიოდში, როდესაც ჩვენმა წინაპარმა სარწმუნოებრივი განვითარების საფეხურზე ფეხი შედგა, თავისთავად წინა პერიოდის ყოველგვარი გამოვლინება დაუქვემდებარა ქრისტიანობას, ყველაფერი,- ძველი უარყოფითად დაღდასმული და სიცრუესთან გაიგივებული გადავიდა ზღაპრებში, მითებში, ანდრეზებში. ეს სიტყვები დღევანდელი ოცდამეერთე საუკუნის ასტრონომიული მეცნიერების ცოდნის გადსახედიდან ყურადღებას იქცევენ. ამჯერად, ამ განხრით საუბრის წარმართვას არ ვაპირებთ, ჩვენ ვისმჯელებთ კონკრეტულ საკითხზე, კერძოდ სკრიპტების (ფარული ნიშნების) და წერაქვის სახელწოდების შესახებ. წერაქვის სახელწოდებაც თავის წარმოშობით საყურადღებო ჩანს. საოცარია, რომ ხევსურეთში და თუშეთში მოპოვებული სკრიპტები შეიძლება წერაქვთან დაკავშირებული აღმოჩნდეს. ფარული ნიშნები რომ ინფორმაციის შესანახად ან გადასაცემად გამოიყენებოდა სხვა ახსნა არა აქვს. მსგავსი სკრიპტები ფიქსირდება თუშეთში და ნაწილი ინგუშეთის და ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც, (სოფელი ბულა, ცხრა ციხე, ხამხა, ჯარეგოს.) ადგილობრივი ხალხი ამ ციხეთა აგებას ქართველებს უკავშირებს, ხოლო ამ ქვებს ”ჯვრიან ქვებს“ უწოდებენ. ამ მხრივ ხევსურეთი უფრო ყურადღებას იმსახურებს. ხევსურეთში შემორჩენილი არქაული კულტურა, ნიშნიანი ქვები და ჯვართმსახურება ერთმანეთთან ჩანს დაკავშირებული. აქ ჯვარ-სალოცავებშია შემორჩენილი კრიპტები. შემთხვვითობა გამორიცხულია. მთელ ხევსურეთში დღევანდლამდე 32 ქვა ფიქსირდება. 112 ნიშანი. ძირითადი ჯგუფი 38-ია. აქედან მეორდება 18 ნიშანი. ნიშნები ორი ტიპისაა: ხატოვანი (იეროგლიფური) და ხაზოვანი ჯგუფი. ქვაზე ნიშნები ამოჭრითაა შესრულებული. განმეორება ხდება, როგორც პირაქეთ, ისე პირიქით ხევსურეთში და თუშეთის ტერიტორიაზეც. კარატისჯვარი, უკანახოს ჯვარნი, გუდანის ჯვრნი, ხახმატის ჯვარნი და არდოტის ჯვართ ფასადზე ხავსმოდებული ნიშნიანი ქვა. ქვები პირაქეთ ხევსურეთში მხოლოდ ჯვართსალოცავებში შემორჩა, პირიქით: ლებაისკარის, კისტანის, ჭეჭყეთის, შატილის, მუცოს და არდოტის ნასოფლარებში, ციხე-კოშკებზე, ქვები მეორადი მოხმარების ჩანს. სკრიპტებს შორის ფიქსირდება წერტილოვანი და ჯვროვანი სისტემა (ყურადღება მიაქციეთ სიტყვა წერტილს) წერტილები ამოჭრილია, როგორც ნიშნებს შორის, ისე ნიშნებს გარეთ. გვხვდება მცირე ჯვრის გამოყენებაც, განსაკუთრებულობის გამო. ნიშნებს შიგნით და მთელი იდეოგრამის თავზეც (ხახმატი). არ შეიძლება არ გაგახსენდეთ ფეტერის გამოკვლევები და მისეული თეორია. ჩრდილოეთ ეტრუსკული დამწერლობა მომდინარე ჩანს ფინიკიურზე და ძველბერძნულზე უფრო ძველი დამწერლობის გავლენით. (G.Bionamichi. Etryski. 1941.) რა მტკიცებულება არსებობს, რომ ეს სკრიპტები ქართულია, ქართულ წიაღთან ახლოს დგას?. დაწვრილებით განხილვა დიდ დროს მოითხოვს. მოგახსენებთ მოკლე განხილვას. 1.ხევსურეთშია და ჯვარსალოცავებში. 2.ხევსურული გეომეტრიული ორნამენტიკა (ნაჭრელა) თავისი დასახელებით.მისი მსგავსება სკრიპტებთან აშკარაა. 3.ადგილობრივი ხალხის მწირი ინფორმაცია: “ხუცესებმა იცოდნენ რაღაც ნიშნები, შემდეგ ჩანჩხები სჭრიდნენ ქვებზე” (შეადარეთ მჩხაბნელი, მჩხიბავი, ჩხაბვა და სხვა). 4.ჭრა და წერის ძველი ქართულის პარალელური გამოთქმები. შემორჩენილი ლაზურ ენაში: ჭერარი - წერა. ხევსურეთში სულის ხუცობაში “დაჭვრეთილის ღვთის წესით”. 5.ხელის გამოსახულებები, როგორც ცალკე, ისე სკრიპტებთან შერეული. ქართულ ენაში შემონახული ხელთან დაკავშირებული სიტყვები, როგორც ჩვეულებრივ ქართულში, ისე ჯვართ ენაშია: ხელოვანი, სახელონი, ხელქმნა, ხელდებული, გახელება, მოხელე, ხელწერა, სახელდება, სახელო, ხელდასხმა, ხელმარჯვე, საორხელო, ხელისუფალი, ხელისკოშკი (ჯვარში) ღვთის სახელვოანი, ხელმწიფე, სიმარჯვე, გამარჯვებული (მარჯვენა ხელი). დალოცვა “ღმერთმაც ხელი მოგიმართოს” და სხვა. 6.ქართულ ენაში შემორჩენილი მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ემპირიულ ცოდნას (ემპირიული გეოცენტრიზმი) უკავშირდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამყაროს თავისებურ აღქმას შეიცავს, რომელთა წარმოშობაში ჩანს ასტრონომიული ცოდნის ნაკვალევი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სკრიპტები ატარებს იმ მახასიათებლებს, რაც ქართულ ენაში ჩანს. ანალოგიურია ამ ნიშნების ხასიათი, ისე, როგორც ორნამენტიკის და სიმბოლოების. ისტორიულ პერიოდში საკრალური ნიშნები მორთულობაში გადავიდა, პარალელურად სინკრეტული ფუნქციონირებაც არ გამოირიცხება. სკრიპტული ნიშნები, რომლებიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციათა უწყვეტობის გამო ატარებს ქართულ ენაში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. ქართული კოსმოგონიური ცოდნა, რომელმაც ტერმინებით და მითოლოგიურ-ზღაპრული აღწერილობით მოაღწია, თავისებურ პოზიტიურ ცოდნას ემყარება. არ არის გამორიცხული, რომ წარმოსახული სამყაროს ჯვრისებური აღქმა (სკნელი) არა შუასაუკუნეების დროინდელი, არამედ უძველესი დროის დიდი ცოდნის ნამსხვრევებია. წარმოდგენილ სკრიპტებშიც ჩანს საკმაოდ არქაული სკრიპტების ჯგუფიდან მეხსიერებით მოტანილი ნაწილები. ქართული დედაბოძის, ძველი ავეჯის მორთულობა და სვანური ლიფანალის მხატვრობა, სიმბოლოები დაკავშირებული ჩანს საკრალურ ნიშნებთან. 7. ქართული წერაქვის სახელწოდების არსებობა ქართულ ენაში. ხევსურულ ოჯახში შემონახული ჟანგშეჭმული სპილენძისტარიანი მცირე ზომის წერაქვი. სწორედ ამ ბოლო მტკიცებულებაზე კერძოდ წერაქვთან დაკავშირებით გვინდა ვისაუბროთ. უცნაური წერაქვი შემთხვევით თიანეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა. გადმოცემით იგი ხევსურეთში, სოფელ ლებაისკარში მიწის სამუშაოების დროს იპოვეს სამოციან წლებში. (სურ.12.) სიგრძით ოცი სანტიმეტრი, თავის სიმაღლე თექვსმეტი სანტიმეტრი, წერაქვის თავის ზევითა მხარეს ეტყობა დარტყმის კვალი (დაჭეჭყილი). გამოირიცხა, რომ ის წისქვილის ქვის მოსაპირკეთებელი იარაღი ყოფილიყოს. ასევე გამოირიცხა მეკლდეურის იარაღადაც, რადგან თავისა და ტარის შეერთება მრგვალია და არა მყარი. წერაქვის თავი ნაწრთობი ლითონისაა. სპილენძის ტარს გვერდებზე მიუყვება სამი ხაზი, შუა ხაზი გვერდით ხაზებთან შედარებით მოგრძოა. ტარი ოდნავ მოხრილია და გაბრტყელებულია. რისთვის გამოიყენებოდა აღნიშნული იარაღი? ერთადერთი ვერსია რჩება ის, რასაც თვით სახელწოდება მიგვანიშნებს. რაღა თქმა უნდა, მტკიცება იმისა, რომ ამ წერაქვით ხდებოდა ქვებზე ნიშნების ამოჭრა, ძნელია. ძნელია იმიტომაც, რომ აღნიშნული წერაქვი თბილისში ჩამოიტანეს და მისი ბედი გაურკვეველია. წერაქვი, დღეს სამუშაო იარაღია, გამორიცხული არ არის, რომ მისი წინაპარი იარაღი უფრო სერიოზულ სამუშაოს ასრულებდა. ღვთიური ბედისწერით ქართული წერაქვი ემსახურებოდა უძველეს ქართულ ეთნოსს, ჭრიდა ქვაზე ინფორმაციის გადასაცემ ნიშნებს. ძველი ქართველნი, როცა წერდნენ, ჭრიდნენ რაღაც მაგარ საგანზე, ამის დამადასტურებელი თვით ქართული ენაა, ამის დამადასტურებელია შემორჩენილი ქვებიც. ხევსურეთში შემონახული არქაული კულტურა, პირველ რიგში, რწმენით ზეპირი მეხსიერებით ცოცხლობდა. წინაქრისტიანული ჯვართმსახურება ქართული ენის საიდუმლოებით მოცული წარსულის ნიშანთვისებებს ინახავდა. ამისი დადასტურებაა სახალხო სამართალი, ერთხმიანი ფერხისულები, პირამიდულსახურავიანი ნიშები, ლუდის წმინდა სასმელად დაყენება, ჯვარის ენა, ჯვარის კარში ხის დარგვა და სხვადასხვა ტრადიციები. P.S. ნიშნებთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო საინფორმაციო კონფერენციაზე, რომელიც რუსთაველის საზოგადოებაში შედგა, 9 იანვარს, 2007 წელს. გამოითქვა აზრი, ხომ არ ვუწოდოთ ამ ნიშნებს “წერაქვული” დამწერლობა? მომავალი კვლევისთვის და ფართოდ გასატანად, გასაცნობად, ამ ნიშნებს რომ სახელწოდება სჭირდება, ესეც მართალია.

მეცნიერების გამოხმაურება და გამოთქმული მოსაზრებები

2007 წლის 9 იანვარი. რუსთაველის საზოგადოების დარბაზი

ფოტო გამოფენა ”ქვაზე საჭრელ-საწერელნი“

(სამეცნიერო საინფორმაციო კონფერენცია 1 ეტაპი)

დღევანდელ დღეს იმის თქმა,რომ ეს ადგილობრივი წარმოშობის დამწერლობის ნიშნებია, თუ ფრიგიიდან შემოტანილი მუშქების, იგივე მესხების, წინაპრების მიერ ძნელია. ჩვენი ვალია ეს ფენომენი მეცნიერულ დონეზე შევისწავლოთ და შევუდაროთ ყველა იმ ნიშნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ასევე მცირე აზიაშიც. ამ ნიშნების ერთი ნაწილი საკულტო მსახურებას და ქურუმების მოღვაწეობას უკავშირდება. ის ჯგუფი, რომელიც ამ დამწერლობისა და მცირე აზიური დამწერლობის ნიშნებზე მუშაობას შეუდგება, სპეციალისტებით უნდა იქნეს დაკომპლექტებული. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას რა თანხვედრაა ჩვენი ნიშნების და მცირე აზიის ტერიტორიაზე შემორჩენილ ნიშნებს შორის. ისიც უნდა გაირკვეს ეს დამწერლობა რა კავშირშია ჩვენს ქართულ დამწერლობასთან ან შუამდინარეთულ ანალოგიურ ნიშნებთან და სხვა. წინადადება შემომაქვს ამ დამწერლობას ”წერაქვული“ ეწოდოს. თუკი ტერმინი ”ლურსმური“ არსებობს, სოლისებური დამწერლობისთვის, რატომ არ შეიძლება ამ ნიშნებს ”წერაქვული დამწერლობა“ ვუწოდოთ, მით უმეტეს, რომ სახეზეა ქვაზე წერა.

კონფერენციის ხემძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი ნანა ხაზარაძე

გამოხმაურება

ახალგაზრდა მკვლევარს გიორგი (გია) გიგაურს უაღრესად საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული საკითხის შესწავლა დაუსახავს მიზნად- საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი ფარული ნიშნების (კრიპტების) მოკვლევა და მათი მიმართება ძვ. აღმოსავლეთის და ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურის მატარებელი ხალხების მსგავს ნიშნებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნიშნები გეომეტრიული ფიგურებისა და ორნამენტების სახით შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, მცირე რაოდენობით ხელნაწერებსა და ხატებზე, საცხოვრებელ სახლებზე. უნდა ითქვას რომ კრიპტოგრამების კვლევას საქართველოში პრაქტიკულად არავითარი ტრადიცია არ გააჩნია. ევროპელი პალეოგრაფების კვლევების შეჯერება გ.გიგაურის მიერ მიკვლეულ მასალასთან ფრიად საინტერესო სურათს წარმოაჩენს. აშკარად ჩანს მსგავსება ძველი დამწერლობის ნიშნებს და საქართველოს მთიანეთში დაფიქსირებულ ნიშნებს შორის. როგორც ცნობილია, მთა ბევრად უფრო მყარად ინახავს ტრადიციებს და ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, სწორედ საქართველოს მთიანეთში ამ უძველესი ნიშნების შემორჩენა. ჩემი აზრით, საქართველოს მთიან რეგიონში მიკვლეული ”წერაქვული“ ფარული ნიშნები კიდევ ერთი დადასტურებაა ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული თვალსაზრისისა ჩვენი წინაპრების და ძველი აღმოსავლეთის ხალხების ნათესაური კავშირის შესახებ. ამრიგად, გ.გიგაურის მიერ წარმოდგენილი მასალა არის ქართულ ისტორიოგრაფიაში კრიპტოგრამული დამწერლობის შესწავლის პირველი მცდელობა. მის შესწავლას შეუძლია ბევრ საკამათო, თუ გაურკვეველ საკითხს მოჰფინოს ნათელი. ჩემი აზრით, აუცილებელია საქართველოს მთიანეთში მატერიალურ კულტურის ძეგლებზე შემორჩენილი ნიშნიანი ქვების შემდგომი კვლევა გაგრძელდეს და გაფართოვდეს, რათა მთელი საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით დაფიქსირდეს ანალოგიური ფარული ნიშნები.

ისტორიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

გიორგი ოთხმეზური.

2009 წლის ოქტომბერი.

გიორგი (გია) გიგაურის ახალი ძიებანი ფარული ნიშნების მოძიებასთან დაკავშირებით

ბოლო წლების მანძილზე გიორგი (გია) გიგაური ინტენსიურად და ნაყოფიერად იკვლევს საქართველოს ტერიტორიაზე (ხევსურეთი, თუშეთი, სამცხე-ჯავახეთი) და ჩრდილო კავკასიაში, ძირითადად, საკულტო და ზოგჯერ საერო (ციხე-კოშკების) ნაგებობების ქვებზე, ჯერ კიდევ უძველეს დროში, დატანილ ე.წ. ფარულ ნიშნებს, რომელთაც, პირობით, შესაძლოა, "წერაქვული“ ("წერა ქვაზე“) ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიმუშების სემანტიკის იდენტიფიკაცია ჯერ-ჯერობით ბოლომდე ნათელი არაა, ახლავე დაბეჯითებით შესაძლოა ითქვას, რომ მათი ერთი ნაწილი მაინც ქართველთა უძველეს კოსმოგონიურ რწმენა-წარმოდგენებს და საკულტო რიტუალებს უკავშირდება. ფასდაუდებელია გიორგი (გია) გიგაურის მიერ 2009 წლისათვის აგვისტოში ჩატარებული ექსპედიცია, რომელმაც ადრე ცნობილი ფარული ნიშნების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არა მხოლოდ სასურველია, არამედ - აუცილებელიც. თუ აღნიშნულ ფარულ ნიშნებს მსოფლიო ხალხთა წინა დამწერლობების ისტორიის კონტექსში განვიხილავთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ გიორგი (გია) გიგაურის მიერ ჩატარებული შრომატევადი ძიებების შედეგად აღნუსხვილი დამწერლობის ნიშნები კოდირებული ინფორმაციის გადმოცემას ემსახურება და როგორც ჩანს, ძირითადად, საკულტო დანიშნულება ჰქონდა. დამწერლობების წინარე ისტორიიდან ამგვარი ნიშნების არსებობის არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიხმოთ (მაგალითად, შუამდინარეთი, ფრიგია....). ყველგან ამგვარი ფარული ნიშნები დამწერლობების წინარე ეპოქებს განეკუთნება და როგორც წესი, დღემდე ბოლომდე ახსნილი არაა. გიორგი (გია) გიგაურის მიერ გამორჩეული თავდაუზოგავი შემართება ამ ფარული ნიშნების აღნუსხვისა და სისტემატიზაციისა, მისასალმებელია, მითუმეტეს, რომ ქართულ სინამდვილეში ამგვარი სამუშაო, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არავის ჩაუტარებია. ფარულ ნიშნებისადმი მიძღვნილი გიორგი (გია) გიგაურის ნაშრომის გამოქვეყნება დიდად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ქართული უძველესი კულტურის, დღემდე ჩვენთვის უცნობი ფენომენის- ფარული ნიშნების, შესახებ და დასაბამს დაუდებს ახალ სამეცნიერო კვლევებს ქართული დამწერლობებისა და უძველესი რწმენა-წარმოდგენების რეკონსტრუქციის მიმართულებით.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის

საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე /ნ.ხაზარაძე/

2009 წლის ნოემბერი.

ნიშნიანი ქვები და დათარიღების პრობლემა

საქართველოში ჯერ კიდევ მოიძებნება ისეთი სიძველეთა ნაშთები, რომელთა მიმართაც მკვლევარებს სათანადო ყურადღება არ გამოუჩენიათ. ეს ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემორჩენილ ნიშნიან ქვებზეც. მართალია ამ ტიპის ძეგლების არსებობა ადრევე იყო ცნობილი, მაგრამ უკანასკნელ დრომდე ისინი საგანგებოდ არავის უკვლევია. ამ პრობლემისადმი ინტერესი გამოიჩინა მხატვარ-დიზაინერმა გიორგი(გია) გიგაურმა, რომელმაც ფეხით მოიარა ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი და თრუსოს ხეობა. მან ადგილზე აღწერა ნიშნიანი ქვები, ჩახატა და ფოტოფიქსაცია გაუკეთა მათ. შეკრებილი დიდძალი მასალა დაამუშავა და წიგნის სახით შესთავაზა მკითხველს. 2008 წელს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული პროექტის მსვლელობისას, რომლის მიზანი იყო ხევსურეთის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია და სააღრიცხვო ბარათების შედგენა, ჯგუფთან ერთად მოვიარე ხევსურეთის ყველა კუთხე. ჩვენს მიერაც იქნა დაფიქსირებული აქ წარმოდგენილი ძეგლები და ასევე დამატებით მივაკვლიეთ კიდევ უცნობ ნიშნებს, რომელთა შესახებაც მასალები მივაწოდეთ წიგნის ავტორს. ხევსურეთში არსებული ვითარება ჩემთვის კარგადაა ცნობილი. ყველა "წარწერიანი“ ქვა, როგორც ამას ადგილობრივები ეძახიან, ადგილზე მაქვს ნანახი. იდეოგრამებითა თუ კრიპტოგრამებით შემკული ქვები გვხვდება, თითქმის, ყველა ტიპის ნაგებობებზე. ისინი ჩაშენებულია კოშკების, ციხე-სახლების, სალოცავებისა და ჩვეულებრივი ხევსურული ტიპის საცხოვრებელი სახლების კედლებში. ძირითადად საფასადო, ხილულ ადგილზე, რითაც ხაზი აქვს გასმული მათ მნიშვნელობას. ნიშნები შეიძლება დაიყოს მარტივ და რთულ ნიშნებად. მარტივია ხელი, მხედარი, ცხოველი, ჯვარი და ა.შ. რთულ ნიშნებად მიგვაჩნია გეომეტრიული ნიშნები, რომელთა არქაული ფორმები თვალში საცემია. მე, როგორც არქეოლოგს, ბუნებრივია ნიშნიანი ქვების თარიღი მაინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვა გამოყენებულია გვიანდელ ნაგებობებში და არცერთი არ მომდინარეობს არქეოლოგიური ძეგლიდან. ვერც იმას ვიტყვი, რომ ისინი მიწიდან ამოიღეს და აქ მოიტანეს. ადგილზე, პირველი შთაბეჭდილება ისეთი გრჩება, რომ ,,წარწერიანი“ ქვები იმ ნაგებობათა თანადროული უნდა იყოს სადაც ისინია ჩაშენებული. შენობების ხნოვანების დადგენა ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სათოფურების მეშვეობით. ცხადია სათოფურებიანი ნაგებობები მე-16-17 საუკუნეზე ადრე არ აშენდებოდა. აპელირება იმაზე, რომ ნიშნიანი ქვები სხვა ჯიშის ქვებია ვიდრე საამშენებლო მასალა, მათი ადრეულობის დამამტკიცებელ არგუმენტად არ გამოდგება. ამის მაგალითად შეიძლება ბარში არსებული ლაპიდარული წარწერებიც მოგვეხმო, რომელიც შესრულებულია განსხვავებულ სახის ქვებზე. ასე რომ წარწერის, ჩუქურთმის, თუ სხვა რაიმე ნიშნების ამოსაკვეთად ყოველთვის განსხვავებულ და შესაფერის ქვას ირჩევდნენ. სამწუხაროდ არ არსებობს არავითარი მეთოდი ქვებზე ამ ნიშნების კვეთის თარიღის დასადგენად. პალეოგრაფია წარწერათა ასაკს ასო-ნიშნების მოხაზულობის მიხედვით ადგენს. ჩვენთვის საინტერესო ნიშნების ასაკის დადგენისათვის კი ბუნებრივია პალეოგრაფია არ გამოგვადგება. ნიშანთა გვიანდელად მიჩნევა სრულიადაც არ ამცირებს ამ ტიპის ძეგლებისადმი ჩვენს ინტერესს. პირიქით, ჩნდება პასუხგაუცემელი უამრავი კითხვა, თუ როგორ შემორჩა მთის მოსახლეობაში გვიანდელ დრომდე, ნიშანთა ის ფორმები, რომლებიც აშკარა მსგავსებას იჩენს ძველ ცივილიზაციების არქაულ დამწერლობებთან. წიგნის ავტორი ნიშნიან ქვებს ძველი ნანგრევებიდან მოტანილად მიიჩნევს და აქედან გამომდინარე მათ ადრეულადაც თვლის. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია მე-13 საუკუნის დასაწყისში ფხოველთა აჯანყების ფაქტი. ცხადია ამას მოჰყვა ფხოვის ტერიტორიაზე სადამსჯელო ექსპედიცია. იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერი და მრავალ ბრძოლებში გამოვლილი ფეოდალური ლაშქარი სამი თვის განმავლობაში ყველაფერს მიწასთან ასწორებდა. ფხოვში, მაშინ, ყველა ნაგებობა პირწმიდად დაუნგრევიათ. არ არის გამორიცხული, რომ "წარწერიანი“ ქვები მაშინდელი ნანგრევებიდან მომდინარეობდეს. გიორგი (გია) გიგაურმა კარგ საქმეს ჩაუყარა საფუძველი და მან თავისი დაწყებული საქმე უნდა გააგრძელოს. კარგი იქნება თუ მას მხარს აუბამენ ამ პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებიც. რაც უფრო ბევრი ფაქტობრივი მასალა დაგროვდება მით უფრო გაადვილდება დასკვნების გაკეთება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის

ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის

მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი გოგოჭური

2009 წლის დეკემბერი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ი.სურგულაძე. ქართული ხალხური ორნამენტიკის სიმბოლიკა 1986. თბილისი

ვ.ბარდაველიძე. გ.ჩიტაია. ქართული ხალხური ორნამენტი. ხევსურეთი. 1. თბილისი.1939.

ვ.ბარდაველიძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციული საკულტო ძეგლები.

ხევსურეთი. თუშეთი. თბილისი.1985.

ს.მაკალათია. ხევსურეთი 1986.თბილისი

ს.მაკალათია. თუშეთი. 1985. თბილისი

ალ. ჭინჭარაული. ხევსურული ლექსიკონი. თბილისი.2006.

გ. ჩიტაია. სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში. ენიმკის მოამბე.1941.თბილისი

ნ. შანშაშვილი. მტკვარ-არაქსის ნიშან სიმბოლოები. თბილისი.2000.

ზ.კიკნაძე. ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა. თბილისი,1985

ზ.კიკნაძე. შუამდინარეთული მითოლოგია. თბილისი,1979

ნ.ჩუბინაშვილი. ქართული შუასაუკუნეების მხატვრული ხეზე ჭრა. X-X1.ს.1958.

თ.ოჩიაური. ქართული მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა. თბილისი, 1985

ხ.მამისიმედაშვილი. სადიდებლები. თბილისი.1985.

ნ. ხაზარაძე. ლუვიური იეროგლიფების სამყაროში. თბილისი, 2006.

რ.შმერლინგი. ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი. თბილისი, 1953.

ჯ.შარაშენიძე. შუმერები და მათი კულტურა. თბილისი. 1983.

Г. Комороци. Символика дерева в искусстве Древнего двуречия. м.1958

Д.Дирингер. Алфавит. м. 1963

М.Вентрис. ДЖ. Чедвик. Дешифровка линейного письма ,,В“ (Г.Варинова, перевод, 1976) м.

В.Домокош. Древний Восток (у начал истории письмености) м.1979

Э.Клод. Эволуциа письменности. М. 1935.

Н.Дъяконова. Таины древних письменностеи. М. 1952

В.Истрин. Возникновение и развитие писма. М. 1965

В.Драчук Сарматские знаки. М. 1974

С.Крамер. Историа начинается с Шумер. М.1991

P.Meriggi. Manuale die eteo Geroglifiko. Parte 11. 1962.

E.Gordon. Sumerian proverds Philadelfia. 1959

A.Haddon. Evolutions in art, London, 1895

A.Parrot. – Archeologie mesopotamienne, Paris, 1953.

E.Herzfeld. Iran in the Ancient East, London, New- York, 1941

R.U.Frye. The Heritage of Parsia Ciwefand, New-York, 1961