topmenu

 

ვ.სილოგავა - ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში

<უკან დაბრუნება

ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში

ავტორი: ვალერი სილოგავა

150 წელი შეუსრულდა აკადემიკოს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, კავკასიის უძველესი სამეცნიერო დაწესებულების - კავკასიის მუზეუმის მემკვიდრის დაარსებიდან. საქართველოს მუზეუმმა დიდი როლი შეასრულა, როგორც ქართველი ხალხის, ისე კავკასიის სხვა ხალხების მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შეკრების, გადარჩენის და შესწავლის საქმეში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვბეჭდავთ პროფესორ ვალერი სილოგავას წერილს მუზეუმის სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულების - ძველი წარწერების შეკრების და შესწავლის შესახებ. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი საქართველოში ეპიგრაფიკული ძეგლების თავმოყრის უმთავრესი ცენტრია. აქ დაცულია 800-ზე მეტი ქვის ძეგლი, რომელთა უმრავლესობა წარწერიანია. მუზეუმში ინახება და შეისწავლება ურარტული, არამეული, ბერძნული, ებრაული, არაბული, სომხური და ქართული წარწერები. მთელი ეს მასალა ცალკე, ქვის ძეგლების ფონდშია თავმოყრილი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში (ლაპიდარიუმში) პირველი ექსპონატები მუზეუმის დაარსებისთანავე შემოვიდა. მაგალითად, ორი ურარტული ძეგლი - სარაყამიშისა და ადამხანის (ადიამანის) წარწერები მოპოვებულია კავკასიის მუზეუმის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის გუსტავ რადეს (1867-1903) მიერ. დაწყებული იმ დროიდან, დღემდე, კავკასიის და აწ უკვე საქართველოს მუზეუმში თავს იყრის არქეოლოგიური გათხრებისა თუ სხვა გზებით მოპოვებული წარწერიანი ქვები. ჩემი წერილის მიზანია, შედარებით მოკლედ დავახასიათო მუზეუმში თავმოყრილი წარწერების თითოეული კოლექცია, ხოლო შემდეგ, ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მაგალითზე წარმოვადგინო თუ როგორ ფორმირდებოდა იგი, ვინ შეიტანა წვლილი მის ჩამოყალიბებაში და რა გაკეთდა და კეთდება მუზეუმში მათ შესასწავლად; ასევე, რა პერსპექტივებია მომავლისათვის ამ მიმართულებით. თავისი სიძველითა და ასევე რაოდენობით მნიშვნელოვანია ურარტული კოლექცია. მის შექმნასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს მუზეუმის დერექტორებმა გუსტავ რადემ და ალექსანდრე კაზნაკოვმა. კოლექციის შესწავლასა და გამოქვეყნებას დიდი ამაგი დასდეს მ.ნიკოლისკიმ, პ.ლემან-ჰაუპტმა, აკადემიკოსებმა გ.წერეთელმა და გ.მელიქიშვილმა.

ბაბილონეთის მეფის ნაბუქოდონოსორის ლურსმული წარწერა. "ნაბუქოდონოსორი, მეფე ბაბილონისა, მარდუქისა და ნაბუს ტაძრებზე მზრუნველი, პირველი შვილი ნაბუპალასარისა, ბაბილონის მეფისა".

მუზეუმში ინახება 22 ურარტული ძეგლი და ითვლება, რომ ეს ყველაზე მრავალრიცხოვანია და მნიშვნელოვანი ერევნის ისტორიულ მუზეუმში თავმოყრილი ურარტული ძეგლების შემდეგ. აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ურარტული კოლექციის შემდეგი ძეგლები: სარდურ I-ის ძის, იშფუინის შვიდი წარწერა - ერთიდაიგივე სამსტრიქონიანი ტექსტი სვეტების ბაზისებზე ს.ვასტანიდან, დათარიღებული დაახლოებით ძვ.წ. 817 წლით; იშფუინის ძის მენუას წარწერა ქვის ფილაზე ს.ზივინიდან, დათარიღებული ძვ.წ. 810-783 წ.წ.; იმავე მეფის წარწერა მისი ცხენის არწიბინის თხრილზე გადახტომის შესახებ, რომლის სიგანე იყო 22 წყრთა; არგიშტ I მატიანის ფრაგმენტი ბაზალტის ორ ფილაზე ვანიდან ძვ.წ. 786-764 წლებისა; არგიშტ I ძის სარდურ II წარწერა ძვ.წ. 764-735 წ.წ. ს.ადიამანის მახლობლად კლდიდან ამოკვეთილ ფილაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი წარწერა, რომელიც მუზეუმში იქნა მოტანილი გ.რადეს მიერ. მან წარწერის ტექსტით დაფარული კლდის ქიმიდან ამოაკვეთინა და გადაიტანა იგი მუზეუმში 1882 წლისთვის.საქართველოს მუზეუმის ლურსმნული დამწერლობით შესრულებული წარწერების ჯგუფში შედის დიდი ზომის აგური, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის (ძვ.წ. 604-562 წ.წ.) წარწერით. იგი საქართველოს მუზეუმის ერთადერთი ბაბილონური წარწერაა. შემოსულია 1905 წელს.

ფონდში დაცულია არამეული და ბერძნული ეპიგრაფიკის შესანიშნავი ნიმუშები: არმაზის სახელგანთქმული ბილინგვა - სერაფიტის ეპიტაფია, ბერძნულ-არამეული (არმაზული) წარწერა III ს-ის ნახევრისა, აღმოჩენილი 1940 წელს, მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს; ერთ-ერთი ვრცელი არამეული წერილობითი ძეგლი, ე.წ. შარაგასის სტელა, დათარიღებული I-II საუკუნეებით; ბერძნული წარწერების ჯგუფიდან დავასახელებ მხოლოდ ორს - რომის იმპერატორ ვესპასიანეს მონუმენტურ წარწერას 73 წლისა. იგი, როგორც ცნობილია, "აღმოაჩინეს 1867 წლის მაისში, შემთხვევით, მცხეთიდან დაახლოებით შვიდი კილომეტრის დაშორებით, მტკვრის კლდოვან ნაპირზე, სადაც გამოქვაბულებია. ამ ადგილას გზის გასაფართოებლად კლდეს აფეთქებდნენ. ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს წარწერიანი ქვა გადმოვარდა და ზედ გზაზედ დაეცა" (გ.წერეთელი). ეს წარწერა, არამარტო თავისი შინაარსით, არამედ შესრულების ტექნიკითაც, აკადემიკოს გ.წერეთლის დახასიათებით, "ბერძნული ეპიგრაფიკის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს". მეორეა - მცხეთის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის ავრელი აქოლისისა და მისი მეუღლის ბევრაზურიას ეპიტაფია IV-V ს.ს.-სა. როგორც ცნობილია, საქართველოს მუზეუმის არამეული წარწერების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს აკადემიკოსებმა გ.წერეთელმა, კ.წერეთელმა, გრ.გიორგაძემ და სხვა, ხოლო ბერძნული წარწერებიდან, ვესპასიანეს წარწერა ჯერ კიდევ XIX ს-ის შუა ხანებიდან, აღმოჩენისთანავე მოექცა ეპიგრაფიკოსების ყურადღების ცენტრში; მას და მუზეუმის სხვა ბერძნული წარწერების შესწავლას, სხვადასხვა დროს, დიდი ამაგი დასდეს ი.ბარტოლომეიმ, ი.პომიალოვსკიმ, ა.ბოლტუნოვამ, აკადემიკოსებმა გ.წერეთელმა, ს.ყაუხჩიშვილმა და თინათინ ყაუხჩიშვილმა. სიძველით გამოირჩევა საქართველოს მუზეუმში დაცული ძველებრაული წარწერები. ერთი მათგანი ნაპოვნია მცხეთაში, 1872 წელს და მაშინვე ჩაბარდა კავკასიის მუზეუმს, ხოლო დანარჩენი აღმოჩნდა მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს. ისინი ეპიტაფიებია, შესწავლილია და გამოქვეყნებული აკადემიკოს გ.წერეთლის მიერ და მის მიერვე დათარიღებულია I-II ს.ს.-ით. საქართველოს მუზეუმში დაცულია სომხური წარწერების საყურადღებო ჯგუფი. მათ შორისაა ქვაზე ამოკვეთილი კალენდარი - პასქალური ცხრილი, რომელიც XII-XIII ს.ს. უნდა იყოს. მუზეუმის სომხური წარწერები ჯერაც მოელის შესწავლასა და გამოქვეყნებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში დაცული არაბული წარწერები. მათი უმეტესობა დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროსაა მოპოვებული 1936-1937 წლებში და ისინი ინახება ქვის ძეგლების ფონდის მცხეთა - არმაზისხევის საცავში. მათ გარდა, მუზეუმში არის არაბული წარწერები საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდანაც. მათ შორის მეტად მნიშვნელოვანია, როგორც სიძველით, ასევე ისტორიული ღირებულებით, ძველ თბილისში, სეიდაბადში აღმოჩენილი წარწერა მანძილის აღმნიშვნელ ქვაზე. აკადემიკოს გ.წერეთლის მიერ იგი დათარიღებულია ჰიჯრის I ს. დასასრულით, ანუ ჩვ.წ. VII ს-ით. დმანისის არაბული წარწერები ეპიტაფიებია, ისინი ნაქალაქარის მუსლიმური სასაფლაოს გათხრის დროსაა გამოვლენილი (ზოგიერთი მათგანი ისედაც ჩანდა მიწის ზედაპირზე). მათ შორის საყურადღებოა: 1204-1205 წ.წ. ეპიტაფია, ვინმე ყალა ედ-დინისა; 1249-1250 წ.წ. ეპიტაფია, ასევე ვინმე მუაზინ იბნ ჰასანისა; 1258-1259 წ.წ. ეპიტაფია, ასევე სხვა წყაროებით უცნობი, შამს ედ-დინ აჰმანდ იბნ ტულუსისა; 1320-1321 წწ. ეპიტაფია შერიფ ედ-დინ იაზალისა და სხვა. ამ წარწერების გამოვლენასა და მუზეუმში გადმოტანაში დიდი წვლილი მიუძღვით ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელებს სხვადასხვა დროს ლ.მუსხელიშვილს და ვ.ჯაფარიძეს; ხოლო მათ შესწავლასა და გამოქვეყნებას დიდი ამაგი დასდეს პროფ. ვ.კრაჩკოვსკაიამ, აკად. გ.წერეთელმა და, განსაკუთრებით, ქალბატონმა ცისანა კახიანმა. ბუნებრივია, საქართველოს მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ძველი ქართული წარწერები შეადგენს. მათი რაოდენობა აქ რამდენიმე ასეულს აღემატება, ხოლო ქრონოლოგია V-XIX ს.ს. მოიცავს. ფონდში დაცული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ბოლნისის სიონის საამშენებლო წარწერის ფრაგმენტი, 493 ან 503 წლისა, აღმოჩენილი 1937 წელს, სიონის არქეოლოგიური გათხრების დროს - მთელს კავკასიაში უძველესი თარიღიანი ქრისტიანული წერილობითი ძეგლი; V-VI ს.ს. წარწერიანი სტელების ჯგუფი; ქვა-ჯვარის ბაზისი ადიგენის რაიონის ს.წყისიდან 616-619 წარწერით ჯვრის აღმართვის და ნასყიდი მიწის მცხეთის საყდრისათვის შეწირვის შესახებ (მიაქციეთ ყურადღება, რომ მცხეთის ჯვრის მშენებლობა ამ დროს ახალი დამთავრებულია და, ამ წარწერით მტკიცდება, რომ იგი იმთავითვე საერთო ქართულ სალოცავს წარმოადგენდა). X და XI ს.ს. ორი ეპიგრაფიკული საბუთი მეჯუდის ხეობიდან; თამარ მეფის და მეფე ლაშა - გიორგის ხელისა და ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნის გამოსახულებიანი სტელები თეთრიწყაროს რაიონის ს.ჩხიკვთის შემოგარენიდან; XIII ს-ის დამდეგის სტელა გუნია-ყალიდან (წალკის რაიონი) ხელის, ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნის გამოსახულებით და მეფე ლაშა - გიორგისა და სამეფო კარის სავაზიროს დადგენილებით მიწის საუფლისწულო მფლობელობის შესახებ; რუსუდან მეფის ორი ეპიგრაფიკული საბუთი ს.არხოტიდან და ს.დიდი თონეთიდან; მეფე დავით ულუს მემორიალური სტელა ხელისა და ჯვრის გამოსახულების ნინოწმინდის (ყოფ.ბოგდანოვკის) რაიონიდან, საღამოს ტბასთან მდებარე ნასოფლარიდან და მრავალი სხვა. ეს ზოგადად; ახლა, რაც შეეხება შედარებით კონკრეტულად. XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის პირველ ორ ათეულ წელს ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები თავს იყრიდა სხვადასხვა სიძველეთსაცავებში - კავკასიის მუზეუმში, საეკლესიო მუზეუმში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ზოგიერთ სხვა დაწესებულებაში. 1921 წლის შემდეგ, და, განსაკუთრებით 1930-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ეს დაწესებულებები გაუქმდა და მათი მასალის ერთი ნაწილი შეუერთდა ყოფილი კავკასიის და აწ უკვე საქართველოს მუზეუმს, მასვე გადაეცა ზემოდასახელებული სიძველეთსაცავების ეპიგრაფიკული ძეგლებიც. ამდენად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები შემოსულია სხვადასხვა მუზეუმებიდან.


საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის სამხრეთისა და სამხრეთ - დასავლეთის, ე.წ. თურქეთის საქართველოს ისტორიული რეგიონებიდან, განადგურების პირას მისული და დაკარგვის საშიშროების წინაშე მდგარი ძველი ქართული წარწერები სხვადასხვა დროს თბილისში, უდიდესი ძალისხმევითა და მძიმე პირობებში, ჩამოიტანეს და მუზეუმებს შესანახად გადასცეს: გიორგი ყაზბეგმა, ჩვენთვის სხვა წყაროებით უცნობმა ფოცხოვის უბნის უფროსმა მიხეილ ხერხეულიძემ, ფოტოგრაფმა დ.ერმაკოვმა, აკად. ნ.მარმა, ხოლო 20-იან წლებში, გ.ბოჭორიძემ და სხვებმა. საქართველოს მუზეუმის ჩამოყალიბებისა და მისი თანამედროვე სახით ფორმირების შედეგად, აქ, ასევე დიდი ძალისხმევით, სხვადასხვა დროს ეპიგრაფიკული ძეგლები გადმოიტანეს ბატონებმა: გიორგი ჩიტაიამ, ნიკო ბერძენიშვილმა, ანდრია აფაქიძემ, ვახტანგ ჯაფარიძემ, ნიკო რეხვიაშვილმა, სიმონ ბოლქვაძემ, პარმენ ზაქარაიამ, ვასილ ცისკარიშვილმა, აგრეთვე, იულონ გაგოშიძემ, გივი გაფრინდაშვილმა და სხვებმა.მუზეუმში ეპიგრაფიკული ძეგლების თავმოყრის პარალელურად მიმდინარეობდა მათი შესწავლა, გამოქვეყნება და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა. თითოეულ, ან თუნდაც ზოგიერთი ასეთი შემთხვევის შესახებ აქ ვერ შევჩერდები, როგორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის პუბლიკაციასაც არ უნდა შეიცავდეს იგი, მაგრამ ერთი გამოცემის - "საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგის" შესახებ - ორიოდე სიტყვით მაინც უნდა აღინიშნოს. 1953 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობამ გამოაქვეყნა ქალბატონ ანა ბაქრაძის და ბატონ სიმონ ბოლქვაძის მიერ, ბატონ ილია აბულაძის ხელმძღვანელობით და რედაქციით შედგენილი და დასაბეჭდად მომზადებული ზემოაღნიშნული "კატალოგი". როგორც "კატალოგის" წინასიტყვაობაშია აღნიშნული, იგი "წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების სისტემატიზაციის პირველ ცდას და მიზნად ისახავს მიაწოდოს მკითხველს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ფონდის ყველა ძეგლი, როგორც მასალა საქართველოს ისტორიის კვლევისა და შესწავლისათვის". ეს ფონდი მაშინ 69 ერთეულს შეიცავდა და "კატალოგში" ყველა მათგანია წარმოდგენილი. ამ გამოცემაში მრავალი წარწერის ტექსტი გაიმართა ან დაზუსტდა წინა გამოცემებთან შედარებით, განისაზღვრა ან შესწორდა ზოგიერთი მათგანის ადრე მიღებული დათარიღება და, რაც მთავარია, ეს გამოცემა წარმოადგენს პირველ ნიმუშს იმისა, თუ როგორ უნდა გამოიცეს საერთოდ ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ცალკე აღებული კრებული. ამიტომაც იყო, რომ, მოგვიანებით, 1975 წელს, როდესაც დამევალა "ქართული წარწერების კორპუსის" გამოცემის წესებისა და პრინციპების შესახებ სტატიის მომზადება ("მაცნე", ისტ. სერია, I, 1975 წ.), სახელმძღვანელოდ სწორედ "კატალოგი" იქნა შერჩეული და ზოგი რამ იქიდან გადმოღებულიც. საქართველოს მუზეუმს, ეპიგრაფიკული ძეგლების კვლევის მიმართულებით, მრავალი დიდი თუ მცირე ამოცანა აქვს გადასაჭრელი. საკვლევი და შესასწავლი აქ ჯერ კიდევ ბევრია. ჯერ ერთი, მოსამზადებელია და გამოსაცემი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ახალი კატალოგი. ასეთი ძეგლები აქ, ამჟამად, 200-მდე აღწევს, მაშინ, როდესაც კატალოგის პირველ გამოცემაში 69 ძეგლია წარმოდგენილი (მეტი მაშინ არც იყო). მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია და სათანადო სახსრების გამოყოფის შემთხვევაში, იმედია, ბოლომდე იქნება მიყვანილი. ფონდში არის არაერთი პირველხარისხოვანი, დიდი მეცნიერული მნიშვნელობის წარწერა, რომელიც შესასწავლია და გამოსაცემი. ბოლომდეა მისაყვანი ეპიგრაფიკული ძეგლების მუდმივი ექსპოზიცია, სადაც 5 დარბაზში გამოფენილია მუზეუმის ეპიგრაფიკული ფონდი, რომლის ქართული მასალა საშუალებას იძლევა, სხვა ამბებთან ერთად, თვალი გაედევნოს ქართული დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან XIX ს-ის ჩათვლით. დასასრულ, ბოდიშს ვიხდი ცოცხლების წინაშე და მაპატიონ გარდაცვლილთა სულებმა თუ ამ ზოგად მიმოხილვაში ვერ დავასახელე ყველა, ვინც ასე თუ ისე მონაწილეობა მიიღო საქართველოს მუზეუმის ეპიგრაფიკული ფონდის შექმნასა და შესწავლაში. ეს ჩემი წერილის მიზანი არც იყო; თუმცა, თითოეული მათგანის წვლილი დაფიქსირებულია და სათანადოდ აისახება მაშინ, როდესაც დაიწერება ამ ფონდის ვრცელი და დაწვრილებითი ისტორია, რასაც იგი სავსებით იმსახურებს, როგორც თავისი სიძველის, მასალის მრავალფეროვნებისა და რაოდენობის დიდი მეცნიერული მნიშვნელობის გამო.

http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=9780