topmenu

 

გ.ჯაფარიძე - თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ

<უკან დაბრუნება

თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ

გოჩა ჯაფარიძე

საისტორიო კრებული 2,

მხედარი, 2012 წ.

I

1974 წელს თამაზ ნატროშვილთან ერთად თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად 1210 წელი (ამ წლის I ნახევარი) განვსაზღვრეთ.1 ერთი წლის შემდეგ, სომხური ლაპიდარული წარწერების საფუძველზე, იმავე აზრამდე მივიდა შანშე დარჩიაშვილი.2 ამის შემდეგ ქართველი ისტორიკოსები სამ ბანაკად გაიყვნენ. ერთმა ნაწილმა მიიღო ეს თარიღი, მეორე ერთგული დარჩა ტრადიციული 1212-13 წლისა, მესამე კი – მიიჩნევს, რომ თამარი აღესრულა 1207 წელს.3 დიდი ხნის მანძილზე ამ საკითხზე საგანგებო ნაშრომი არ დაწერილა. ვითარება შეიცვალა 2004-12 წლებში. ჯერ გვანცა აბდალაძემ ორ სტატიაში4 და შემდეგ მიხეილ ბახტაძემ5 დაასკვნეს, რომ თამარი გარდაიცვალა 1210 წელს. შანშე დარჩიაშვილმა 2010 წელს ხელახლა დაადასტურა თავისი თვალსაზრისი ამ თარიღის შესახებ.6 მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ასევე უკანასკნელ ხანებში, ციალა ღვაბერიძემ მხარი დაუჭირა 1207 წელს, ხოლო თემურ კენკებაშვილი დარწმუნებულია, რომ თამარი აღესრულა 1215 წელს. გ.აბდალაძისა და თ.ბახტაძის ნაშრომების გარჩევას აქ არ შევუდგები. დავიწყებ თ.კენკებაშვილის მიერ შემოთავაზებული თარიღით - 1215 წლით.

II

თ.კენკებაშვილმა თავისი თვალსაზრისი 2010 წლიდან დღემდე სამჯერ მაინც გააცნო საზოგადოებას.7 თუ წინა წლებში ახალგაზრდა მკვლევრის ასეთ აქტივობას სერიოზულად არ ვიღებდი, მისმა უკანასკნელმა პუბლიკაციამ ამ თემაზე - სტატიების მოზრდილ კრებულში ქრონოლოგიური პარადიგმები, აზრი შემაცვლევინა. კენკებაშვილი, ჩანს, თვლის, რომ ასეთი სიხშირით ბეჭვდა სხვა ისტორიკოსებზე გავლენას მოახდენს და დაარწმუნებს მათ საკუთარ სიმართლეში. ცნობილი ქართველი არქეოლოგი, ბატონი იულონ გაგოშიძე, რომელიც აღნიშნული წიგნის ერთ-ერთი რედაქტორია (პროფ.სერგო ვარდოსანიძესთან ერთად) და მკითხველს წარუდგინა თ. კენკებაშვილი, წერს, რომ არ მოითხოვს მკითხველისგან შემწყნარებლობას ავტორის ასაკის გამო. ამას ნამდვილად არ ვაპირებ. როდესაც ნაშრომი იბეჭდება, თანაც რამდენჯერმე და ასეთი სიხშირით, ასაკზე საუბარი ზედმეტია. ავტორი უნდა აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას სამეცნიერო საზოგადოების წინაშე. ისტორიკოსობა ძნელი და მძიმე შრომაა, რომელიც მოითხოვს ფართო წყაროთმცოდნეობით და ისტორიოგრაფიულ ბაზას. ასეთი ბაზა ნებისმიერმა მკვლევარმა თავად უნდა შეიქმნას ხანგრძლივი, დაუღალავი შრომით და ამასთან, უცხო ენების ცოდნით, რაც მას ვურჩიე კიდეც ერთ-ერთი შეხვედრის დროს. სამწუხაროდ, კენკებაშვილს ასეთი ბაზა, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ჯერ-ჯერობით არ გააჩნია. თ.კენკებაშვილის სტატია თამარის გარდაცვალების შესახებ (”სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე? თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის საკითხისათვის”) პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ნაწილში (გვ.17-41) ავტორი უარყოფს იმის შესაძლებლობა, რომ თამარი გარდაიცვალა 1207 ანდა 1210 წლებში. აქ ის განიხილავს ქართულ და უცხოურ წყაროებს, რომლებიც დიდი ხანია ცნობილია მკვლევართათვის8 და - ნუმიზმატიკურ ფაქტებსაც, ც.ღვაბერიძის მიხედვით. სტატიის მეორე ნაწილში ის ცდილობს დაასაბუთოს, რომ თამარი გარდაიცვალა 1210 წლის შემდეგ (გვ.41-52). მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ თამარი ”1212 წლის შემდეგაც ცოცხალია, რადგანაც 1212 წელს გარდაიცვალა ზაქარია სპასალარი და ამის შემდეგაც თამარი კვლავაც ცოცხლად ჩანს” (გვ.41). სომხური ნარატიული წყაროების მიხედვით, ზაქარია გარდაიცვალა სპარსეთის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, ვარდანისა და სტეფანოს ორბელიანის თანახმად - 1212 წელს.9 ამ დროს სომხური ეპიგრაფიკული წარწერებით, თამარი ცოცხალი აღარ არის.10 ეს ყველაზე კარგად ჩანს 1210 წლის ჰაღბატის წარწერიდან, რომელიც ”ამოიკვეთა ღმრთისა [მიერ] მეფეთა მეფის გიორგის, დიდი მეფის თამარის ძის კურთხევის წელს”. წარწერა მრავალგზის არის გამოცემული და მისი დათარიღება ეჭვს არ იწვევს. ეს თარიღი, როგორც აღნიშნავს შ.დარჩიაშვილი, კარგად იკითხება იმ პალეოგრაფიულ პირში, რომელიც კ.ღაფადარიანის მიერ გამოცემულ ამ წარწერას აქვს დართული.11 როცა ზაქარია გარდაიცვალა, მგლოვიარეთა შორის კირაკოზ განძაკელი თამარს არ ასახელებს.12 ი.ლოლაშვილმა ამ ფაქტს თავისებური ახსნა მოუძებნა: ”რაკი კირაკოზ განძაკელი თამარს ლაშა-გიორგისა და ივანე ათაბაგის გვერდით არ ახსენებს, ეს იმით უნდა ავხსნათ, რომ ისტორიკოსმა არ იცის, ზაქარიას გარდაცვალებამ თამარზე რა რეაგირება მოახდინა და ამიტომაც მასზე ერთ სიტყვასაც არ ამბობს”.13 ლოლაშვილის თვალსაზრისი, რომელსაც უკრიტიკოდ იმეორებს კენკებაშვილი (გვ.47), არადამაჯერებელია. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მეფეთ მეფე თამარს არ გამოეხატა თავისი დამოკიდებულება, წუხილი - საქართველოს ამირსპასალარის გარდაცვალების შესახებ და ის უცნობი დარჩენილიყო ქვეშევრდომთათვის. კირაკოს განძაკეცი დაიბადა 1200-1202 წლებში, წერდა ზაქარიას გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ და გარდაიცვალა 1271 წ.14 მას ჰქონდა საკმაო დრო, რომ მიეღო სათანადო ინფორმაცია თამარის ეპოქაში მომხდარი ამბების შესახებ და თუ თამარის რეაგირებაზე სომეხი მემატიანე არაფერს წერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქარია მხარგრძელის აღსრულების ჟამს ის ცოცხალი აღარ იყო. ”მეფეთ მეფის” გიორგის მეფედ კურთხევა 1210 წლის ჰაღბატის წარწერაში ნიშნავს ცვლილებას საქართველოს სამეფო ტახტზე. ეს კი შეიძლებოდა მომხდარიყო თამარის გარდაცვალების შემთხვევაში. ლოლაშვილის სკეპტიციზმი ამ დათარიღებისადმი არ არის დასაბუთებული. ხოლო კენკებაშვილი კი მას საერთოდ გვერდს უვლის. კენკებაშვილი უპირატესობას ანიჭებს თამარის პირველ ისტორიკოსს, რომელიც თარიღებს ჩვეულებრივ არ ასახელებს და მოვლენებსაც ყოველთვის საჭირო თანამიმდევრობით არ იძლევა.15 ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ ის მოგვითხრობს მთიულთა აჯანყების შესახებ. კენკებაშვილი ვარაუდობს, რომ აჯანყება (რომლის თარიღი ქართულ წყაროში არ სახელდება) მოხდა 1213 ან 1214 წლის ივნის-ივლის-აგვისტოს თვეებში (გვ.47-48), როცა თამარი, მისი აზრით, ჯერ კიდევ ცოცხალია და საბოლოოდ თვლის, რომ მეფე აღესრულა 1215 წ. 27 იანვარს (გვ.48). კენკებაშვილი, თავისი თვალსაზრისის ჩამოყალიბების დროს, ეყრდნობა უკვე კარგად ცნობილ წყაროებს, რომლებიც გარჩეულია ქართველი მკვლევრების მიერ. ამასთან, ის არ ითვალისწინებს შედარებით ახალ, საკვლევი საკითხისთვის მნიშვნელოვან პუბლიკაციას, კერძოდ, სომეხი ავტორის სმბატ სპარაპეტის (1208-76) ”მატიანეს”. არ არის აუცილებელი, ვიცოდეთ სომხური, მაგრამ მისი გაცნობა შეიძლება რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამ თხზულების რუსული თარგმანი 1975 წ. გამოიცა ერევანში16 და ის დევს ინტერნეტშიც, აღმოსავლური ლიტერატურის საიტზე.17 ”მატიანის” ინგლისური თარგმანი, შესრულებული აშშ-ში მცხოვრები სომეხი მკვლევრის რობერტ ბედროსიანის მიერ, განთავსებულია მის ვებგვერდზე.18 სმბატ სპარაპეტი, სომეხი სახელმწიფო მოღვაწე, კილიკიის სომხეთის მეფის ძმა, დიპლომატი, მხედართმთავარი და ისტორიკოსი, თავის ”მატიანეს” იწყებს 951 წლიდან (სომეხი მეფის გაგიკ ბაგრატუნის გამეფების დროიდან) და მოჰყავს 1272 წლამდე. მემატიანე იყენებდა წინამორბედი ისტორიკოსების: მათეოს ურჰაეცის, სამუელ ანეცის, მიხეილ სირიელისა და სხვ. თხზულებებს, საარქიო მასალებს, თანამედროვეთა ინფორმაციას და ასახელებდა იმ მოვლენებს, რომელთა თვითმხილველიც იყო. მას ბევრი ცნობა აქვს XIII ს-ის ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესახებ, აგვიწერს მანასკერტის ბრძოლას 1071 წ., საკმაოდ დაწვრილებით ეხება სომხებისა და ჯვაროსნების, სომხებისა და მონღოლების ურთიერთობებს და სხვ. ორიგინალურად ითვლება მისი თხზულების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს პერიოდს 1163 წლიდან - 1271 წლის ჩათვლით.19 სმბატ სპარაპეტის სახელი უცხო არ არის ქართული ისტორიოგრაფიისთვის.20 ამას განაპირობებს ის, რომ სომეხ მემატიანეს აქვს ცნობები საქართველოს შესახებაც.21 სწორედ სმბატ სპარაპეტის თხზულებაში ერთდროულად, ორიოდე წინადადებაში, დასახელებულია, როგორც ზაქარია მხარგრძელის, ისე თამარის გარდაცვალების თარიღები, რაც უცნობი დარჩა, როგორც კენკებაშვილისთვის, ისე ამ საკითხის სხვა ქართველ მკვლევართათვის, რომლებისთვისაც მიუღებელია 1210 წ. სმბატ სპარაპეტი 1211 წლის ამბებში მოგვითხრობს: ”ამ წელს მოკვდა დიდი მთავარი ზაქარე, ანისის მფლობელი, ივანეს ძმა, სპარაპეტი ქართველი დედოფლის - თამარის, მეფე გიორგის ასულისა, რომელიც ლევონის22 დროს იყო საქართველოს დედოფალი. ის [თამარი] მოკვდა ერთი წლით ადრე და ამ დროს უკვე მეფობდა მისი ვაჟი ლაშა”.23 სმბატ სპარაპეტის მიერ დასახელებული თარიღი ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალებისა - 1211 წ., მართალია, განსხვავდება ვარდანის თარიღისგან, მაგრამ ძალიან ახლოსაა მასთან. მთავარია ის, რომ მემატიანის თანახმად, ზაქარია თამარის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება თამარის გარდაცვალების სუმბატისეულ თარიღს - 1210 წ., ის ემთხვევა ჰაღბატის წარწერის ინფორმაციას, რომელშიც საუბარია 1210 წ. გიორგი ლაშას მეფედ კურთხევაზე. საბოლოოდ, სმბატ სპარაპეტის თანახმად, ზაქარია მხარგრძელი გარდაიცვალა 1211 წელს, ხოლო თამარი – ერთი წლით ადრე. ეს მოხდა 1210 წელს და არა გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაში. 1215 წელი, როგორც თამარის გარდაცვალების წელი, არარსებული თარიღია, რომელიც არ გვხვდება არცერთ წყაროში. მიუხედავად კენკებაშვილის დიდი მცდელობისა, მისი მიღება შეუძლებელია.

III

ქართულ ისტორიოგრაფიაში მართებულად არის აღნიშნული, რომ ”თამარის თანამედროვე ”ქართლის ცხოვრების” სამივე თხზულება არაზუსტ ქრონოლოგიურ მონაცემებს გვაწვდის, არა მარტო გარდაცვალებისა, არამედ სხვა თარიღების შემთხვევაშიც. ამდენად, უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიეცეს სხვა დოკუმენტურ და ნივთიერ წყაროებს, რომელთაც, გადამწერის და სხვა მიზეზთა გამო, არ განუცდიათ რაიმე ცვლილება”.24 ასეთ ნივთიერ წყაროებს მიეკუთვნება თამარის ეპოქის ნუმიზმატიკური ძეგლები. ისინი გახდა მნიშვნელოვანი დამათარიღებელი წყარო, როცა თამარის გარდაცვალება 1210 წლით განვსაზღვრეთ. მაგრამ იგივე მასალები საფუძველს აძლევს ციალა ღვაბერიძეს, თამარის გარდაცვალების თარიღად მიიჩნიოს 1207 წელი.25 როგორია მისი თვალსაზრისი?

1. თამარის ეპოქის ნუმიზმატიკურ მასალაზე დაკვირვებამ საშუალება მისცა ღვაბერიძეს დაესკვნა, რომ გიორგი III-ის დროიდან დამკვიდრდა წესი, როდესაც მონეტაზე მოთავსებული თარიღი მოჭრის დროს კი არ ასახავს, არამედ სამონეტო ტიპის დამტკიცების თარიღს, ყოველგვარი შესამჩნევი ცვლილების გარეშე.26

2. დამტკიცებული სამონეტო ტიპი ამა თუ იმ ქართველი მეფის მმართველობის მთელ მანძილზე იჭრება ერთი თარიღით. ასეა გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ლაშას და რუსუდანის დროს. როგორც ჩანს, ეს იყო საქართველოს სამეფო კარის დადგენილი წესი. უდავოა, იგი ძალაშია მეფე თამარის 407 ქორონიკონის - 1187 წლის სამონეტო ემისიის დროსაც.27

3. მართალია, არსებობს თამარის მონეტები, რომლებზედაც თარიღია ქორონიკონის 430/1210 წელი, მაგრამ ეს თარიღი შეცდომის შედეგია. ქორონიკონის 430/1210 წელი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი თამარის ამ სამონეტო ტიპზე კითხულობს, სიქაზე ”მექანიკურად დაშვებული შეცდომაა”.28 კერძოდ, ეს თარიღი 407 ქორონიკონის შემადგენელი ასოების ”-”ზენი”-სა და ”ლ” -”ლას”-ის გრაფიკული მოხაზულობის მსგავსების ნიადაგზე წარმოიშვა. ცნობილია, რომ ასომთავრულ ანბანში ამ ორ ასონიშანს მხოლოდ მარცხენა მხარეს ჩამოშვებული მცირე ვერტიკალური ხაზი განასხვავებს (-”ზენი” და ””-”ლასი”).29 ამრიგად, ც.ღვაბერიძის თანახმად, მეფე თამარმა პირველი საკუთარი სამონეტო ემისია განახორციელა ქორონიკონით 407/1187 წ. მოიჭრა არასწორი ფორმის სპილენძის მონეტა, რომელიც, მისი მმართველობის დასრულებამდე, ამ ერთი თარიღით იჭრებოდა.30 ღვაბერიძე თავის სასარგებლოდ იმოწმებს ე.პახომოვს, რომელიც გაოცებით აღნიშნავდა, რომ 1210 და 1187 წლის მონეტები ერთნაირად ხშირი იყო. გარდა ამისა, 1210 წელს უკვე იწყება გიორგი ლაშას მონეტების ჭრა და და ამდენად თამარის 1210 წლის მონეტების გამოშვებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, არაუმეტეს წლისა.31 ამავე დროს, პახომოვი იმასაც წერდა, რომ ”” -ს და ””-ს აღრევის დაშვება ძნელად თუ შეიძლება, ვინაიდან ორივე ფორმა ძალზე ნათლად და გარკვევით არის შემუშავებული და ჩანს, გრავიორს ესმოდა, რას კვეთდა”.32 პახომოვის ამ ციტატას ღვაბერიძე აღარ იმოწმებს, ვინაიდან არ აწყობს, ეწინააღმდეგება მის თვალსაზრისს და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის მის ნაშრომში. ღვაბერიძის თვალსაზრისს თუ მივიღებთ, მხოლოდ თამარის ეპოქის ნუმიზმატიკური ძეგლებით ვერ განვსაზღვრავთ ვერც თამარის გარდაცვალებისა და ვერც გიორგი ლაშას გამეფების თარიღებს. თამარისა და გიორგი ლაშას მონეტები თავად საჭიროებენ ახსნა-განმარტებას. ამას მკვლევარი გრძნობს და ამიტომ მიმართავს წერილობით წყაროებს. ქართული წყაროები მას აძლევს უფლებას დაასკვნას, რომ თამარი აღესრულა 1207 წელს და ის ნამდვილად აღარ არის ცოცხალი 1210 წლამდე. რომელია ეს ქართული წყაროები? ესენია თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსები და ლაშაგიორგისდროინდელი მემატიანე. მაგრამ, თამარის პირველი ისტორიკოსი ასახელებს მხოლოდ მეფის გარდაცვალების თვესა და რიცხვს. მეორე ისტორიკოსის - ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობები ურთიერთსაწინააღმდეგოა და მათი ახსნა მოტანილია გ.აბდალაძის და მ.ბახტაძის შრომებში, რომელთაც ღვაბერიძე, იმედია, გაეცნობა. ამავე დროს, ც.ღვაბერიძე მიმართავს ჩვეულ ხერხს და გვერდს უვლის ჟამთააღმწერლს, რომლის დამოწმებაც არ აწყობს: ”ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თსსა დაედგა გრგნი ძისა მისისა გიორგისდა, რომელსაც ლაშობითცა უწოდა. იყო წლისა ათცამეტისა, რაჟამს დაიდგა გრგნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა, ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათვრამეტისა წლისა”.33 გიორგი ლაშას დაბადების თარიღის (1192) გათვალისწინებით, ჟამთააღმწერელის ცნობა გვაძლევს (1192+18) 1210 წელს. ღვაბერიძე იმოწმებს არაბული და სომხური ნარატიული წყაროების მონაცემებს, რომლებიც, ისევე როგორც ყველა სხვა, კარგად იყო ცნობილი ნატროშვილისა და ჯაფარიძისთვის. სამწუხაროდ, დიდი მოცულობის გამო, მათ ნაშრომში (”ცდა..”) საკითხის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული მიმოხილვა მინიმუმზე იქნა დაყვანილი და მასში ყველაფერი ვერ აისახა. შეფასება მივეცით არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის ცნობასაც და მას აღარ გავიმეორებ. ღვაბერიძე თავის თვალსაზრისს ამაგრებს სომხური წყაროების (ვარდანი, სამუელ ანეცი) ცნობებით. სომხური წყაროების მოტანა მეც შემიძლია. უფრო მეტიც, ისეთის, რომელიც საწინააღმდეგოს იუწყება. ესაა ზემოხსენებული სმბატ სპარაპეტის ”მატიანე”. ამ წყაროს არცოდნის გამო მე შეღავათი არ გავუწიე ახალგაზრდა თ.კენკებაშვილს და მითუმეტეს, არ გავუწევ შეღავათს ისეთ გამოცდილ მკვლევარს, როგორიც ღვაბერიძეა. ის ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა სმბატ სპარაპეტის თხზულება. ვალდებული იყო, მაგრამ არ გააკეთა და დაკმაყოფილდა (როგორც კენკებაშვილი) იმ წყაროებით, რომლებიც უკვე მრავალგზის იყო გამოყენებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, სმბატ სპარაპეტი, რომელიც 1211 წლით ათარიღებს ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალებას, წერს, რომ თამარი მოკვდა მანამდე, ერთი წლით ადრე (ე.ი. 1210 წელს) და ამ დროს უკვე მეფობდა მისი ვაჟი ლაშა. სკეპტიკოსები არ დაილევა. მაგრამ, იმისდა მიუხედავად, დავეთანხმებით თუ არა სმბატ სპარაპეტს, ერთი რამ აშკარაა. არც სომხური წყაროებია ერთგვაროვანი თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, და არც ქართულ და უცხოურ წყაროებში არ არის ისეთი ერთსულოვნება, როგორც ეს ღვაბერიძეს აქვს წარმოდგენილი.34 დავუბრუნდეთ ისევ ნუმიზმატიკურ მასალას. ღვაბერიძე, როგორც ითქვა, ქორონიკონის 1210 წელს თამარის მონეტებზე, გრავიორის მექანიკურ შეცდომად მიიჩნევს. ზემოთ ისიც აღინიშნა, რომ ამას გამორიცხავდა პახომოვი, რაც მართებულად მიმაჩნია. ასეთი შეცდომა უაღრესად საეჭვოა იმის გამო, რომ გვხვდება სხვადასხვა სიქით მოჭრილ თამარის მონეტებზე. გარდა ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზიც: ზარაფხანის პასუხისმგებლობა დადგენილი ტიპის (მეფის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის წელი) გამოშვებაზე. ზარაფხანა იყო არა საქველმოქმედო, არამედ სახელმწიფო დაწესებულება. ცნობილია, რომ მონეტის მოჭრა სამეფო ხელისუფლების ერთ-ერთ პრეროგატივას წარმოადგენდა. მონეტა იჭრებოდა მხოლოდ სახელმწიფო ზარაფხანაში, ხოლო მის გარეთ, ყველა ქვეყანაში, ისჯებოდა კანონით. ზარაფხანას ჰქონდა თავისი შტატი: მუშები და ის ხელოსნები, რომლებიც ადნობდნენ სამონეტო ლითონს, ამზადებდნენ ფირფიტებს მონეტებისთვის, სიქებს ქართული და არაბული წარწერებით და სხვა გამოსახულებებით, ქვედა სიქაზე დებდნენ ლითონის გავარვარებულ ფირფიტას და ურტყამდნენ ზედა სიქით. სპეციალური მოხელე ამოწმებდა სინჯს, მაგრამ თამარის ეპოქაში, როცა იჭრებოდა მხოლოდ სპილენძის საფასე, ის საჭირო არ იქნებოდა. თუმცა, იმ პირობებში, როცა უცხოური ოქროს და ვერცხლის საფასე დაიშვებოდა მხოლოდ სამონეტო ბაზარზე, მას შეეძლო, ზარაფხანაში შემოსული ამ ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული მონეტების გადადნობისას, მათი სინჯის შემოწმებაც. აკონტროლებდა თუ არა ვინმე მონეტების ზედწერილებს ზარაფხანაში? უეჭველია, ასეთი მოხელე იქნებოდა. ის შეამოწმებდა სიქებზე სარკისებურად ამოჭრილ ზედწერილებს, რომ არ გაპარულიყო შეცდომა მმართველის სახელსა და ტიტულატურაში და ისიც უეჭველია, რომ მასობრივ ემისიამდე გადაამოწმებდა საკონტროლოდ მოჭრილ ეგზემპლარს. ზარაფხანას ისლამურ აღმოსავლეთში ხელმძღვანელობდა ნაზირ ასსიქქა ან ნაზირ დარ ად-დარბ (მონეტის ჭრის ან ზარაფხანის ზედამხედველი). ასეთი მოხელე იქნებოდა თამარის ეპოქის ქართულ ზარაფხანაშიც. ასე, რომ ზარაფხანაში ზედწერილების სისწორის კონტროლის არსებობაში მე ეჭვი არ მეპარება და მმართველის ზეობის წელში მექანიკური შეცდომა და ასეთი ხარვეზით მიმოქცევაში მონეტის გაშვება სრულიადაც არ იქნებოდა ადვილი. ეს დღეს, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მართლაც არ იცის ასომთავრული და შეიძლება ვერ გაარჩიოს ””-ს ””-საგან, მაგრამ იმ დროს, მოსახლეობის ზედა და, უეჭველია, საშუალო ფენებმაც, ისევე როგორც ზარაფხანის გრავიორმა, ეს ანბანი უეჭველად იცოდნენ. ქვემომოტანილი სამი ნიმუში კერძო კოლექციიდან და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის განძების ფონდიდან,35 გვიჩვენებს, თუ როგორ იყო გამოსახული ასო ”” თამარის მონეტებზე:


1210 წლით დათარიღებულ სხვადასხვა სიქით მოჭრილ თამარის მონეტებზე ასო ”” ჯერ ერთი, პალეოგრაფიულად არ არის ერთგვაროვანი და მეორე - ადვილად განსხვავდება ””-სგან. მაგალითად:


ასეთი შემთხვევები ცოტა არ არის და ძნელი დასაჯერებელია, რომ გრავიორები, თითქოსდა ერთმანეთთან შეთანხმებით, ერთნაირად უშვებდნენ ”მექანიკურ” შეცდომას სიქებზე ””-ს ამოკვეთის დროს. უაღრესად საყურადღებოა ის, რომ რომ ””-ს ””-საგან” მარტო ამ ასონიშნის ზემო ჰორიზონტალის მარცხენა მხარეს ჩამოშვებული მცირე ვერტიკალური ხაზი არ განასხვავებს. ის ზემო ჰორიზონტალის შუა ნაწილშიც გვხვდება. მაგალითად:


ამ სახით ასო ””, მაგრამ უფრო დახვეწილი ფორმით, გიორგი ლაშას 1210 წ. მონეტაზე გვაქვს:


როგორც ზემოთ ჩანს, თამარის ეპოქის მონეტებზე ””-სა და ””-ს შორის განსხვავება საკმაოდ თვალსაჩინოა. ეს გარემოება იმაზე მიგვანიშნებს, რომ გრავიორმა კარგად იცოდა, რას კვეთდა სიქაზე. ამრიგად, მნიშვნელოვანი არგუმენტი - ”მექანიკური შეცდომა” თამარის 1210 წლის მონეტების დათარიღებაში, რომელიც მოყავს ღვაბერიძეს, მიუღებელია. როდიდან და როდემდე იჭრებოდა ”მექანიკური შეცდომით” 1210 წლით დათარიღებული ეს მონეტები? ღვაბერიძეს ეს საკითხი არ დაუყენებია. არადა ის საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ ეს ხდებოდა 1207 წლამდე, მაშინ ზარაფხანას ქართული საფასის მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა, რადგანაც აწვდიდა ისეთ მონეტებს, რომლებზედაც იყო არასწორი თარიღი - 1210 წელი. თუ ასეთი მონეტები იჭრებოდა 1208-09 წლებში, მით უმეტეს, ზარაფხანა ჩადიოდა სიყალბეს, თამარს ცხადდებოდა ცოცხლად მაშინ, როცა ის ცოცხალი აღარ იყო. ჩემთვის გაუგებარია, რომელი მონეტები ავსებდა ფულის მიმოქცევას საქართველოში 1208-09 წლებში, როცა გიორგი ლაშა, ღვაბერიძის თვალსაზრისით, უკვე მეფე იყო. გამორიცხულია ზარაფხანის მუშაობის შეჩერება, რადგანაც ისლამური აღმოსავლეთის ანალოგიით, მონეტის ჭრა საქართველოში იქნებოდა არაბლოკირებული. ნებისმიერ პირს შეეძლო ზარაფხანაში მიეტანა სამონეტო ლითონი და მოეჭრა დაკანონებული ტიპის მონეტა. რომელ მონეტებს მოუჭრიდნენ მას? ანდა რომელი საფასით უხდიდნენ ხელფასს სამეფო კარის მოხელეებს და სამხედრო მოსამსახურეებს, რომელ მონეტებს გასცემდნენ და იღებდნენ ყოველდღიურად ვაჭარ-ხელოსნები და მოსახლეობა? მონეტებზე აღნიშნული არარსებული მეფის სახელით? არა მგონია, რომ იმდროინდელი საზოგადოება იმდენად გულუბრყვილო და უმეცარი ყოფილიყო, რომ ამის თაობაზე რეაგირება არ მოეხდინა. ყოველივე ზემოთქმულის - სმბატ სპარაპეტის ”მატიანისა” და მონეტებზე აღნიშნული ქორონიკონული თარიღების პალეოგრაფიული ანალიზის (ე.წ. ”მექანიკური” შეცდომის, კერძოდ, ასოების ””-ს ””-ს აღრევის უარყოფა) საფუძველზე, მე ვერ მივიღებ ციალა ღვაბერიძის თვალსაზრისს თამარის გარდაცვალების თარიღის (1207 წ.) შესახებ. ამ საკითხზე შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს კამათი, მაგრამ მკვლევრებმა, ჯერ ერთი, ობიექტურად უნდა განიხილონ წერილობითი წყაროების მოცემები და მეორე - ღრმად უნდა გაანალიზონ ნუმიზმატიკური მასალები.

IV

დასასრულ, ვფიქრობ, დადგა დრო მომზადდეს და გამოიცეს თამარის, და არა მარტო თამარის, ეპოქის მონეტების (ძირითადი ფონდი და განძები) კატალოგები ბეჭდური, ანდა ელექტრონული სახით, და დაიდოს ინტერნეტშიც. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებამ ადრე მის ფონდებში დაცული არაერთი, უმთავრესად, უცხოური მონეტების კატალოგები გამოსცა. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი გამონაკლისია კირმანეული, რომელიც დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა.36 ამდენად, საჭიროა ქართული, მათ შორის თამარის ეპოქის, მონეტების კატალოგების გამოქვეყნებაც. მონეტა წყაროა და ის ისევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, როგორც ქართული და უცხოური ნარატიული წყაროები, რომლებსაც დიდი რუდუნებით თარგმნიდნენ და თარგმნიან ქართველი მკვლევრები. მუზეუმში, ნუმიზმატიკური მასალების გაცნობისას, პირადად მე არასდროს მქონია პრობლემები. პირიქით, მუდამ ვგრძნობდი ნუმიზმატიკის განყოფილების თანამშრომელთა მხარდაჭერას და ვსარგებლობ შემთხვევით, მადლობა ვუთხრა მათ. მაგრამ ყოველთვის იოლი როდია, საჭიროების შემთხვევაში, მუზეუმის თანამშრომლების შეწუხება. როცა კატალოგში დიდი სიზუსტით იქნება აღწერილი მონეტები, მათთვის დამახასიათებელი თავისებურებებით, განმასხვავებელი ნიუანსებით37 (საამისოდ აუცილებელია აღმოსავლური ენების ცოდნა, არამარტო ზედწერილების წაკითხვის დონეზე) და მეტროლოგიური მახასიათებლებით, როცა კატალოგში დაიბეჭდება მონეტების ფოტოებიც, ნებისმიერ ისტორიკოსს გაუადვილდება მათი შესწავლა. საქმეში შეიძლება ჩაერთონ ეკონომისტებიც, რომლებმაც შეიძლება შენიშნონ ის, რაც ისტორიკოსისთვის დაფარულია. მაგალითისთვის დავასახელებ პაატა გუგუშვილის,38 ვასილ ჩანტლაძისა39 და განსაკუთრებით, ნიკოლოზ ქოიავას შესანიშნავ ნაშრომებს საქართველოს სამონეტო სისტემისა და ფულის მიმოქცევის ისტორიის სფეროში.40 დარწმუნებული ვარ, რომ ამით ქართული ნუმიზმატიკა მხოლოდ მოიგებს.

ბიბლიოგრაფია

აბდალაძე ალექსანდრე, სომხური წყაროები. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, საქართველო XI-XV საუკუნეებში. თბილისი, 1979

აბდალაძე გვანცა. კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღზე. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის სამეცნიერო შრომათა კრებული, V, სიღნაღი, 2004

აბდალაძე გვანცა. XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.359, 2005

აბრამიშვილი თამარ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ტრაპიზონის ასპრებისა და დასავლურ ქართული ფულის (კირმანეულის) კატალოგი. თბილისი, 1984

ბახტაძე მიხეილ. კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, II, 2011

გაბაშვილი მ. დავით კურაპალატის გარდაცვალების საიდუმლოება და მისი პოლიტიკური მოტივი. კრ. ნოდარ შენგელია 75. თბილისი, 2008

გაგოშიძე ი., ანთაძე მ., ღვაბერიძე ც., წოწელია მ., ქუთელია თ., შეროზია მ. ფული საქართველოში, თბილისი, 2000

დუნდუა თ., დუნდუა გ., ჯავახიშვილი ნ., ერისთავი ა. ფული საქართველოში. მეორე, გადამუშავებულ გამოცემა. თბილისი, 2003

გუგუშვილი პაატა. ფულის ნიშნები და ტრიალი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მე-19 საუკუნეში. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, VI, 1937

დარჩიაშვილი შანშე. XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ქრონოლოგიის საკითხისათვის. მნათობი, 2, 1975

დარჩიაშვილი შანშე. თამარ მეფის, დავით სოსლანის გარდაცვალებისა და ლაშა-გიორგის გამეფების საკითხისათვის. კრ. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან. თბილისი, 2010

ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ. თბილისი, 2004

კენკებაშვილი თემურ. გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა. თბილისი, 2010

კენკებაშვილი თემურ. სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე? ქრონოლოგიური პარადიგმები. თბილისი, 2011

კენკებაშვილი თემურ. სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე? საისტორიო პარადიგმები. ტ.I. თბილისი, 2012

კიკნაძე რ. ფარსადან გორგიჯანიძე და ”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”. თბილისი, 1975

ლოლაშვილი ივანე. თამარის აღსრულების თარიღისათვის. მრავალკარედი. თბილისი, 1984

ნატროშვილი თამაზ, ჯაფარიძე გოჩა. ცდა ერთი თარიღის დადგენისა. მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1, 1974; 2, 1974

სტეფანოს ორბელიანის ”ცხოვრება ორბელიანთა”-ს ძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე.ცაგარეიშვილმა. თბილისი, 1978

ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ.II. თბილისი, 1959

ქოიავა ნიკოლოზ. ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში. თბილისი, 1963

ღვაბერიძე ციალა. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, 2009

ჩანტლაძე ვასილ. XVII-XVIII სს. ქართული ფულის ერთეულის საკითხისათვის. მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1, 1983

ცაგარეიშვილი ე. სომხური წყაროები საქართველო - ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI საუკუნეებში. მრავალთავი, II, 1973

ჯაფარიძე გოჩა. ვახუშტი და XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.205, 1979

ჯაფარიძე გოჩა. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII – XIII ს-ის I მესამედში. თბილისი, 1995

http://www.vostlit.info/haupt-Dateien/index-Dateien/I.phtml

Smbat Sparapet’s Chronicle. - http://rbedrosian.com/css15.htm

Nersessian, Sirarpie der. The Armenian Chronicle of the Constable Smpad or of the “Royal Historian. Dumbarton Oaks Papers, vol. 13, 1959

About the Date of the Death of Queen Tamar

Gotcha Djaparidze

Summary

The latest coins of Tamar, the great Queen of Georgia, indicating the date of striking are marked by letters ყლ, i.e. 430 of the K’oronikon, or A.D.1210. The same year is engraved on the coins of her son and successor King Giorgi Lasha. In 1974, based on the numismatic (and other) data, the present author, in collaboration with Tamaz Natroshvili, suggested that the change on the throne of the Georgian kingdom took place in 1210 - Tamar passed away and her son became the King. According to Sh. Darchiashvili, 3333 inscription of Haghbat monastery. Some Georgian scholars agree with the mentioned date, but others suggest that Tamar passed away earlier – in 1207, or later – in 1212-1213, or 1215. In recent years, there have been attempts in Georgian historiography to prove that Tamar died in 1207 or in 1215. Tsiala Ghvaberidze thinks that Georgian and foreign sources unanimously indicate 1207 as the date of Tamar’s death. According to Temur Kenkebashvili, Tamar passed away after the death of her commander-in-chief Zakaria Mkhargrdzeli, in 1212; that presumably she was still alive during the rebellion of Georgian mountaineers in July-August 1213, even in 1214 (although the exact date of the rebellion is unknown) and died in 1215. The present paper discusses and rejects the arguments proposed by Ghvaberidze and Kenkebashvili. It indicates that the mentioned scholars did not consider the “Chronicle” by the Armenian historian Smbat Sparapet (1208-76), which is accessible in Russian and English translations (Смбат Спарапет, Летопись, перевод с древнеармянского, предисловие и примечания А.Г.Галстяна, Ереван, 1974; Smbat Sparapet’s Chronicle. Translated by R.Bedrosian, http://rbedrosian.com/css15.htm). This important work notes that Zakaria Mkhargdzeli died in 1211 and the previous year, i.e. 1210 was the date of Queen Tamar’s demise. Besides written sources, Ghvaberidze discusses Tamar’s coins, with the letters ყლ i.e. 407 of the K’oronikon, or A.D.1187 and

___________________________________________________________________________________

35. მითითებული შემოკლებები ასე იხსნება: სსმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, გფ – განძების ფონდი, ქძ – ქართული მონეტების ძირითადი ფონდი.

36.თამარ აბრამიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ტრაპიზონის ასპრებისა და დასავლურ ქართული ფულის (კირმანეულის) კატალოგი (თბილისი, 1984). გარდა ამისა, დავასახელებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ წიგნებს: ი.გაგოშიძე, მ.ანთაძე, ც.ღვაბერიძე, მ.წოწელია, თ.ქუთელია და მ.შეროზია, ფული საქართველოში (თბილისი, 2000) და თ.დუნდუა, გ.დუნდუა, ნ.ჯავახიშვილი და ა.ერისთავი, ფული საქართველოში, მეორე, გადამუშავებული გამოცემა (თბილისი, 2003). ამ გამოცემებში შესულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული საქართველოში მოჭრილი მონეტები.

37 მაგალითად, 1187 და 1210 წლებით დათარიღებული მონეტების ქვედა სიქებზე მოთავსებული შინაარსობრივად ერთი და იგივე არაბული წარწერები, არცთუ იშვიათად, პალეოგრაფიულად განსხვავებულია. ეს განსხვავება, ერთი შეხედვით, არაარსებითია, მაგრამ მონეტებზე მცირე განსხვავებულ ნიუანსსაც კი მნიშვნელობა ენიჭება. ზურგის ცენტრალურ ლეგენდაში, "თამარი ასული გიორგისა" არაბულად წერია 33333, ხოლო ზოგჯერ – 333. სიტყვა `ასული~ არაბულად გადმოცემულია სხვადასხვა დაწერილობით: 333 (ბინთ) და 333 (იბნათ), რის თაობაზე წერდა ჯერ კიდევ პახომოვი: 333, 93.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდებში დაცული თამარის მონეტების არასრულმა შესწავლამ მიჩვენა, რომ 1187 წლის მონეტების ნაწილზეა: 333, ხოლო 1210 წლის მონეტების დიდ ნაწილზე – ابنة უკანასკნელ შემთხვევაში არის მცირე გამონაკლისებიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ეს ფაქტი, არაბული ზედწერილების სხვა პალეოგრაფიული ნიუანსების გათვალისწინებით, შეიძლება დამათარიღებელი გახდეს 1187 და 1210 წწ. თამარის ყველა იმ მონეტისთვის, რომლებზედაც თარიღი ჩამოჭრილი და წაშლილია. ამ გარემოებაზე საკითხის დასმის წესით ვამახვილებ ყურადღებას. საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა მუზეუმის ფონდებში დაცული თამარის მრავალრიცხოვანი მონეტის გადამოწმება. კატალოგი, რომლის

38 პაატა გუგუშვილი, "ფულის ნიშნები და ტრიალი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მე-19 საუკუნეში", ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.VI (1937).

39 ვასილ ჩანტლაძე, "XVII-XVIII სს. ქართული ფულის ერთეულის საკითხისათვის", მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1 (1983), 170-84.

40 ნიკოლოზ ქოიავა, ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში (თბილისი, 1963).