topmenu

 

გ.ჩიტაია - ლაზური ორნამენტი

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)


გიორგი ჩიტაია - ლაზური ორნამენტი //ძეგლის მეგობარი, 1967, თბ., გვ.71-79

ლაზების შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: "კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებათა ნავთათა, დიდთა და მცირეთა”. ეს ცნობა, რომელიც XVIII საუკუნის პირველ ნახევარს ეკუთვნის და სანდო ავტორის ხელიდანაა გამოსული, შეიცავს ისეთ ფაქტს, რომელიც ერთის მხრივ, ვარაუდობს ლაზებისათვის ხის მუშაკობის ტრადიციის არსებობას აქ მოტანილი ცნობის თარიღზე ადრინდელ ხანაშიც, ხოლო მეორე მხრით, იგივე ცნობა სრულ გამართლებას პოულობს მომდევნო პერიოდის სინამდვილეში. მართლაც, მთელ დასავლეთ საქართველოში, ისე როგორც სამხრეთსა და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოში, XIX საუკუნის მანძილზე და XX საუკუნის დასაწყისში ლაზები საუკეთესო ხის ოსტატებად, ხუროებად და ხის ნაგებობათა საუკეთესო უსტებად იყვნენ მიჩნეული. მათ მიერ აშენებული ხის სახლები, ჯამეები და ეკლესიები დღემდეა მოღწეული. ამ ნაგებობებიდან ზოგიერთზე წარწერაცაა შემონახული. მაგ.მაიაკოვსკის რაიონის სოფ.ხანში ერთერთს, აღნაგობისა და შემკულობის მხრით შესანიშნავს სახლს აქვს წარწერა ქართულ და თურქულ ენებზე. ქართული წარწერა იკითხება ასე; "ბათომის გუბერნიის არჰავე ვეზდის ფილარგეთის მცხოვრები უსტა ომერ ეფენდი”. საყურადღებოა, რომ მაიაკოვსკის რაიონში სამი ძმა ლაზი ყოფილა ჩამოსული - ომერი, ახმეტი და ბუსტაფა, რომელთაც მთელს ხანის-წყლის ხეობაში ლაზური ოდა-სახლები უშენებიათ. მათგან ადგილობრივებსაც უსწავლიათ ხუროობა და იმათ ყაიდაზე უკეთებიათ ხის ნაგებობანი და ხის ჩუქურთმები. მაგრამ ლაზების მიერ დამზადებული ჩუქურთმები ხეზე დამოწმებულია არა მარტო ხანის-წყლის ხეობაში. ის ფიქსირებულია ეთნოგრაფიული ექსპედიციების მიერ ქობულეთში, გურია - სამეგრელოსა, ქვაბლიანის ხეობასა (მესხეთი) და თრიალეთში. ლაზური ჩუქურთმა გამოირჩევა თავისი სახეებით, სიუჟეტითა და ოსტატობით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

მასში ჭარბობს მცენარეული და ცხოველური ორნამენტი (ვაზი, სიცოცხლის ხე, ვარდულები, ცხოველები, ფრინველები და სხვ.), ხოლო თავისი სიუჟეტური თემატიკით უძველეს კულტურას ეკუთვნის და ძველი ტრადიციებიდან მომდინარეობს. რაც შეეხება ორნამენტის შესრულების ტექნიკას, უნდა აღინიშნოს, რომ ოსტატი ადვილად იმორჩილებს მოსაჩუქურთმებულ არეს, ჩინებულად ანაწილებს რთული კომპოზიციის შემადგენელ ელემენტებს და არა იშვიათად ორნამენტი ორმაგი და სამმაგი სიბრტყის ფენებში გამოჰყავს. ეს უკანასკნელი ხალხურ ხელოვნებაში იშვიათად გვხვდება და ოსტატის დახელოვნების უმაღლეს მიღწევად ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორნამენტი ამოფანჯვრის (აჟურ) ხერხითაა შესრულებული. ასეთ ჩუქურთმას ფერადი ქსოვილი აქვს დატანებული, რაც ამ ორნამენტის ტექნიკას წინა აზიის უძველეს ტრადიციას უკავშირებს. თრიალეთში შემონახული ლაზური ჩუქურთმები მრავალმხრივ არის საყურადღებო, სხვათაშორის იმიტომაც, რომ ისინი ადგილობრივი ლაზების მიერ არის დამზადებული. გაირკვა, რომ თრიალეთში მცხოვრები ეგრეთწოდებული "ურუმების” ეთნიკური შედგენილობა ნარევია. ადგილობრივ შეკრებილი მასალების მიხედვით აგრეთვე ირკვევა, რომ თრიალეთის ურუმებს შეადგენენ: ”გუმიშხანელები”, ”ოველები”, "ფასენები” და "კროები”. ამ ჯგუფებიდან ფასენები ძველი ქართული პროვინციიდან ბასიანიდან არიან მოსულნი. საყურადღებოა აგრეთვე ის, რომ ფასენებში კარგად არის დაცული ქართული ტრადიციები და ქართული, კერძოდ ლაზური მატერიალური კულტურის ელემენტები (ქალის თავსაბურავის ერთი სახეობა "დაბლა”, აგრეთვე ქართული ხელნაწერები და მათთან დაკავშირებული გადმოცემები და სხვ.)1. მაგრამ თრიალეთის ურუმების ეთნიკური ვითარება მარტოდმარტო ზემოთქმულით არ ამოიწურება. საქმე იმაშია, რომ ამ ნაკრებ "ეთნიკურ” ერთეულში, რომელიც თავისთავად კონფესიური წარმოშობისაა, ლაზებიც არიან წარმოდგენილი. გარკვეულია, რომ სოფელ გუნია-ყალაში მცხოვრებნი "თურშოვები” წარმოშობით ლაზები არიან. ამ სოფელში თურშოვებს საკუთარი უბანი ("მაილა”) ჰქონიათ ("თურში გილენ მაილა”). ამავე გვარში ყოფილან საუკეთესო ხუროები, რომელთაც თრიალეთის ბევრ სოფელში შესანიშნავად მოჩუქურთმებული სახლები უკეთებიათ. მათ მიერ აგებული სახლები დაამოწმა ჩვენმა ექსპედიციამ სოფ.წინწყაროსა და გუნია-ყალაში. ამ სახლების ხის ჩუქურთმების ერთი ნაწილი შეძენილი იყო ექსპედიციის მიერ და გადაეცა საქართველოს მუზეუმს2. ლაზური ჩუქურთმა ხეზე, როგორც ითქვა, შეიცავს ისეთ მოტივებს, რომლებიც ძველ ტრადიციებსა და ძველ სიუჟეტებს ამჟღავნებს. მართალია ეს მოტივები ზოგჯერ მოცემულია მათზე შემდეგი დროის დანალექებთან ერთად, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ისინი ძველებური სახით გამოიყურებიან და, ახალი ტექნიკით შესრულებულნი, თითქმის მთლიანად იცავენ უძველესი სიუჟეტის დეტალებს. ამგვარი ძველი ტრადიციებიდან მომდინარე სახეებისა და ობიექტების შემონახულობა ჩვენმა ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ არა ერთი და ორი იცის. ბევრი მათგანი უძველესი მითოლოგიიდან მომდინარეობს და ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთანაა დაკავშირებული.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ლაზურ ჩუქურთმაში ერთ-ერთი ამგვარი მოტივია "სიცოცხლის ხე”. ხეზე ამოკვეთილი "სიცოცხლის ხის” სიუჟეტი თრიალეთში ჩვენ რამდენიმე დავამოწმეთ, მაგ., სოფ.წინწყაროში - არისტინოვის სახლში, გუნია-ყალაში - თურშოვების სახლში. არისტინოვის სახლის "ოდაში” (სახლის ნაწილია) იგი ორი სახითაა მოცემული. პირველ მათგანზე წარმოდგენილია ხე, რომლის გვერდებზე, მარჯვნით და მარცხნით ანტიპოდი ცხოველებია ამოკვეთილი, ხოლო ამათ უკან სიმეტრიულად გამოყვანილია მზის სიმბოლოები. მეორეზე აგრეთვე მოცემულია ხე და მის მარცხნივ და მარჯვნივ ანტიპოდი ცხოველები (ირმები); მაგრამ ამათ გარდა აქ ამ სიუჟეტში ასახულია აგრეთვე ნიშანდობლივ მთვარე, მზე და ორი ვარსკვლავი. ნიკიფორე არისტინოვის ეს სახლი თავისი შემკულობით აგებულია  გუნია-ყალელი ლაზის კონსტანტინე თურაშოვის მიერ 1883 წელს, როგორც ამას ადასტურებს აქვე ხეზე ამოკვეთილი თარიღი. ამავე მოტივს ვხვდებით სხვა სახლებშიც, მაგრამ ხის ნაცვლად ქვაზე ამოკვეთილს. ყველგან ის დაკავშირებულია ბუხართან ე.ი. ცეცხლთან, კერასთან. კერასთან დაკავშირებული საკულტო დანიშნულების ორნამენტი ჩვენ მოგვეპოვება თრიალეთურ ოდების გარდა გლეხური დარბაზების - ცეცხლის, კერის მახლობლად მდგარ - დედაბოძებზე და დედაბოძების ბუღაურებზე. ეს ორნამენტები, როგორც ქართლურ ისე მესხურ დედაბოძებზე, ძირითადად ასტრალური ხასიათისანი არიან. ცეცხლთან, კერიასთან იყო დაკავშირებული წინაპრის კულტი, რაც კარგად ჩანს სვანური ეგრეთწოდებული "ლიფანლის მხატვრობიდან”. ამ მხატვრობაში, რაც საახალწლოდ გამოჰყავდათ გარდაცვლილ წინაპართა სახელზე, სხვა სარიტუალო სიუჟეტებს შორის ქალები ხატავდნენ სვანურ ლეჭინდირებზე "სიცოცხლის ხის” სიუჟეტსაც, ეს სიუჟეტი წარმოდგენილი იყო შემდეგი ძირითადი ელემენტებით: ფიჭვის ხე, მის გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ თხები, აგრეთვე ადორანტი, მთვარე, ჯვარი. მზე და სხვ.3 ის გარემოება, რომ სვანური "სიცოცხლის ხის” მოტივი ("სვანურად ეწოდება "გიგიბს იზბიხ დავარი - თხები ფიჭს ჭამენ) მიცვალებულის კულტთან არის დაკავშირებული, რომ მას ქალები ხატავენ, ხოლო ნახატი პრიმიტიული ტექნიკით სრულდება - ამ მოტივის უძველეს წარმოშობაზე მიუთითებს. რაც შეეხება საკუთრივ სიცოცხლის ხეს და მის სიუჟეტს მთლიანად, მის ანალოგებს წარმოადგენს ჩვენში დიდად გავრცელებული ხის კულტი საზოგადოდ, ხოლო კერძოდ ხევსურული მეგრელიაურის მირონიანი მუხა, ფშაური ლაშარის ჯვარის ოქროს შიბიანი ბერ-მუხა, მცხეთის "სვეტიცხოველი”, მარტვილის ჭყონდიდი, მეგრული "კელაპტარი” (მიცვალებულის ხე), ბავშვის სახელზე ხის დარგვის გურულა წეს-ჩვეულება, დასავლურ ქართული ჩიჩილაკი, ხემხვივანი (ვაზის) და მრავალი სხვა4.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

თრიალეთის სიცოცხლის ხის მოტივს, გარდა სვანეთისა მრავალი პარალელი მოეპოვება, როგორც სხვა ქართულ, აგრეთვე კავკასიურ ეთნოგრაფიულსა და ისტორიულ სინამდვილეში. ეს მოტივი მოიპოვება ხეზე: ს.მლაშეს ჯამეში (მესხეთი), ს.ღორჯომში (აჭარაში), ქვაზე - საფლავის ქვებზე - ქართლში. იმერეთში: ქსოვილზე - ს.ბობოყვათში, ხალიჩაზე (ქობულეთი) და სხვ. საქართველოს გარეთ იგი მოიპოვება ინგუშეთსა და დაღესტანში. ინგუშეთში ეს სიუჟეტი გამოხატულია თიხის ფილზე, რომელიც ნაპოვნია თხაბაერდის ტაძართან. ფილს აქვს წარწერა ქართული ასომთავრულით, რომელიც არ არის ამოკითხული5. დაღესტანში (ს.ყუბაჩი) აღმოჩენილი ნიმუში სიცოცხლის ხის მოტივით ეკუთვნის ეგრეთწოდებულ ალბანურ - დაღესტნური კულტურის შრეს. ასეთ ერთ - ერთი ძეგლის სიუჟეტში ხის ნაცვლად თევზია გამოხატული, რაც გვიადვილებს სიუჟეტის დედა აზრის მიკვლევას. მაგრამ ლაზური სიცოცხლის ხის მოტივის ანალოგები დასტურდება არა მხოლოდ ქართველ - კავკასიელ ტომებში, არამედ ის მოცემულია წინა აზიის უძველესი კულტურის ძეგლებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ის დამოწმებულია ხურიტების მეტად თავისებურ ხელოვნებაში. ის მოიპოვება ტელ-პალაფსა, კარხემიშსა, იფლატუნ ფუნარსა და ზენჯირლში აღმოჩენილ ძეგლებზე6.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ზენჯირლში აღმოჩენილ ძეგლებზე (თარიღდება ძვ.წ. მეათე საუკუნით) გამოსახული სიცოცხლის ხის სიუჟეტი პირდაპირ ანალოგს პოულობს სვანურ გიგობს იზბიხ დავარ - ისა და წინწყაროს სიცოცხლის ხის მოტივთან: სპეციალისტების აზრით, ხურებიტების ხელოვნებაში დაცული სიცოცხლის ხის მოტივი წარმოადგენს ძველ სუმერული სიცოცხლის ხის მოტივის თავისებურ ვარიანტს და იგი გენეტიკურად უკავშირდება ურში აღმოჩენილ მსგავს მოტივს7.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ - კავკასიური მასალების ეს დამთხვევა ხურიტულთან შემთხვევითი არ უნდა იყოს. არსებობს რიგი სხვა კულტურის ელემენტების შეხვედრა, რომელთა აქ მოტანა შორს წაგვიყვანდა და ამას ახლა ვერ ვამოვეკიდებით8. მოკლედ აღვნიშნავთ, რომ:

1. ლაზური ორნამენტი ხეზე უპირატესად მცენარეული და ცხოველური სახეებითაა წარმოდგენილი, ხოლო მისი ტექნიკის დამახასიათებელია ამოღარვა და პლასტიკური რელიეფი;

2. სიუჟეტის მხრივ ლაზურ ორნამენტში უძველესი მოტივებია მოცემული, რომლებიც დეკორატიულ დანიშნულებასთან ერთად მითოლოგიურ შინაარსს შეიცავენ.

3. ლაზურ ორნამენტებში მოცემული სიცოცხლის ხის სიუჟეტს შეადგენს; სიცოცხლის ხე (სხვადასხვა ჯიშის), ცხოველების წყვილი ("ანტიპოდები”) და მნათობები (მთვარე, მზე, ვარსკვლავები).

4. სიცოცხლის ხის სიუჟეტი ქართულ ხალხურ ორნამენტში უძველესი სიუჟეტია და ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ფართოდაა გავრცელებული. დამოწმებულია: ხეზე, ქვაზე, ქსოვილზე. იგი მოიპოვება ქართულ ისტორიულ ძეგლებზე, ინგუშურ და ალბანურ - დაღესტნურ ობიექტებზე.

5. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს სიუჟეტი სვანურ ლიფანალის მხატვრობაში, რაც ამ სიუჟეტის სიძველეზე მიუთითებს.

6. ლაზურ სიცოცხლის ხის სიუჟეტს, ხოლო განსაკუთრებით მის სვანურ ვარიანტს ანალოგები მოეპოვება ხურიტულ ძეგლებზე. ამ ანალოგებს ამაგრებს ქართულ - კავკასიური კულტურის ელემენტების შეხვედრა ხურიტულ კულტურის სხვა ელემენტებთან. თავის მხრით ხურიტული სიცოცხლის ხის სიუჟეტი გენეტიკურად უკავშირდება მის სუმერულ ვარიანტს ("ადამ და ევა”).

7. სიცოცხლის ხის მოტივში ხის შეცვლა თევზით. ალბანურ - დაღესტნური ძეგლი ამტკიცებს, რომ ამ მოტივში ძირითადად ნაყოფიერების სიმბოლოა მოცემული. ქართველ ტომებში თევზი როგორც ნაყოფიერების მომნიჭებელი ძალა მრავალი მასალითაა დადასტურებული: თევზის ღვთაება ლარსა იმერეთში, საახალწლო კალმახი გურიაში, ცოცხალი თევზი უშვილობის რიტუალში - თრიალეთში ქვის ქანდაკებანი - ვეშაპები და ვეშაპოიდები (სომხეთი, საქართველო).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

___________________________________________________________________________________

1. Е.Такайшвили, Архкологические экскурсии и разыскания, ნაკ.I; მისივე, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და ჩანგლში, 1907 წელს, პარიზი 1938 წ. გვ.54, Н.Марр, Из поездки в Турецкий Лазистан, Изв.РАН., 1910, 7-8, გვ.630-631; ლ.ბოჭორიშვილი, ურუმი ქალის თავსაბურავი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.VI. აქვე არვნიშნავთ, რომ ”ურუმები” წალკაში მოსულები არიან თურქეთიდან XiXს. ოციანი წლების მიწურულში.

2. ეს ჩუქურთმები ექსპონირებული იყო ჯერ ენიმკის ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ მოწყობილ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქ.ფილიალის პირველ სამეცნიერო სესიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე 1940 წ., შემდეგ საქართველოს მუსეუმის თემატურ გამოფენაზე - ქართული ხალხური ხეზე კვეთილობის ნიმუშები 1942 წ., ამჟამად ეს კოლექცია ექსპონირებულია საქართველოს ერთიან ეთნოგრაფიულ გამოფენაზე.

3. ლიფანილის მხატვრობის შესახებ იხ.ვ.ბარდაველიძე, ქართული სვანური საწესო გრაფიკული ხელოვნება, თბილისი, 1953.

4. В.Бардавелидзе, Древнейщие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племён, Тбилиси, 1957.

5. Л.Семёнов, Археол. и этнограф. разыскания в Ингушетии, Изв. Ингушского начно-исслед. Института. Орджоникидзе, II-III, გვ.21

6. ა.მოორთგათი, ხეთელების ხანის წინააზიის ხელოვნება და ხალხები (გერმ.) ლაიპციგი, 1934, გვ.21

7. კ.ვულლეი, კვლევა - ძიებაში ურში (ინგ.), ტ.11, ნიუ-იორკი, 1934, ტაბ.57-59

8. გ.ჩიტაია, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, ენიმკის მოამბე, X, თბილისი, 1941, გვ.317 და შმდ.