topmenu

 

ნ.ცინაძე - ბერების მონასტერი, ფუტიეთი

<უკან დაბრუნება

”სვანების ბერების მონასტერი’’ - ფუტიეთი, რაჭა

”სვანების ბერების მონასტერი” ადგილობრივთა გადმოცემის საფუძველზე დაერქვა მონასტერს, რომლის შესახებაც ცნობები არ მოგვეპოვება, გარდა ზეპირი გადმოცემებისა. არავინ იცის, ვის სახელობაზე, როდის და ვინ გააშენა მონასტერი რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფელ ფუტიეთის შემოგარენში, ”სვანების უბანში’’ მდინარე ჭალის მარცხენა ნაპირზე, მთის ძირში, ტყიან და შემაღლებულ ადგილას. მონასტრის ტაძარი, რომლის საძირკველიც კარგად განირჩევა, რადგან უკვე მიწითაა დაფარული, ყველა სხვა ნაგებობაზე მაღლაა. შავარაუდოდ წმიდა სამების სახელობისა უნდა იყოს. ნაგებობათა ნაშთი აქ მრავლად გვხვდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მონატერი საკმაოდ დიდ ფართობზე ყოფილა გაშლილი. ვ.გობეჯიშვილი თავის წიგნში ”რაჭის მონასტრები” მონასტრის აღწერისას ყურადღებას აქცევს დიდი ზომის შენობას (დაახლ.20X30მმ.), გაყოფილს 3 დარბაზად, რომელიც 2009 წელს ”ბერების მონასტრის” მონახულებისას, ჩვენ ვერ ვიპოვნეთ. სავარაუდოდ, ჩამოიქცა და მიწამ დაფარა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ არა მამა ავთანდილ (გიორგობიანი) ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა ნამონასტრალის პოვნა. საყდრის ახლოს როგორც ჩანს, უახლოეს 30 წელიწადში გაუწმენდიათ აკლდამისებური ქვითკირის ნაგებობა, (დაახლ. 3X1,5მმ.) ზევიდან დახურული ქვიტკირისავე თაღით. ადგილობრივთა გადმოცემითა და მამა ავთანდილ (გიორგობიანის) მონათხრობით განძთსაცავი უნდა ყოფილიყო და ყოველთვის, როდესაც მავანნი განძისმაძიებელნი მოისურვებდნენ საცავის გახსნას სოფელში ხან ჭირის ეპიდემია ჩნდებოდა, ხანაც სხვა უბედურება დაატყდებოდათ თავსო. როგორც უკვე აღვნიშნე, საცავი ბოლო 30 წელიწადში (ან უფრო მეტიც) გაუწმენდიათ, თუმცა რა იპოვნეს იქ ეს არავინ უწყის, ერთი კია ადგილობრივები დღემდე ყვებიან საშინელ ისტორიას იმაზე თუ რა უბედურებას ეწია ის ადამიანი, ვინც საცავი გახსნა. მონასტრიდან 150 - 200 მეტრის დაშორებით პატარა წყაროა, რომელსაც ხალხი ”წმინდა წყაროს” ეძახის, რადგანაც მონასტერი სატრანზიტო როლს ასრულებდა საქართველოს ძნელბედობის ჟამს, სვანეთში სიწმინდეების ევაკუაციაში. ამ წყალში ხდებოდა ძვირფასი საეკლესიო ნივთების განბანა. წყაროდან ასიოდ მეტრში, ღელესთან, ქვითკირის კედელია შემორჩენილი, სავარაუდოდ წისქვილისა რაზეც იქვე დაგდებული წისქვილის ქვები მოწმობს (2 ცალი). მონასტრის დაარსება სავარაუდოდ, განვითარებულ შუა საკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს, ხოლო მონასტრული ცხოვრების შეწყვეტა 1819 - 1820 წლების ”საეკლესიო აჯანყების” შედეგად უნდა მოხდარიყო, როდესაც რუსმა მეომრებმა მიწასთან გაასწორეს მონასტერი.