topmenu

 

სასმისების მხატვრული ნიმუშები რაჭაში - ლ.ფრუიძე

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები, ეთნოგრაფია და სიმბოლიკა>>>

კათხა

ლევან ფრუიძე - სასმისების მხატვრული ნიმუშები რაჭაში // საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1965 წ., გვ.65-69

საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალნაირი სასმისია მოპოვებული. სასმისთა სიუხვვ მკვლევარებს ჩვენს ქვეყანაში უაღრესად განვითარებული მეღვინეობის არაპირდაპირ, მაგრამ ჭეშმარიტ მატერიალურ საბუთად მიაჩნდათ. დღემდე მოღწეული პირველი უძველესი სასმისები თიხისაა და ენეოლითის ეპოქას განეკუთვნება. საზოგადოების წინსწვლი შემდგომ საფეხურზე იხვეწება სასმისთა დამზადების ტექნიკა და იცლება მასალა. თიხის სასმისთა გვერდით ჩნდება, სულხან-საბა ორბელიანის ტერმინით რომ ვთქვათ, ”ილეკროს” ჭურჭელი. (”ილეკრო ეწოდების ოქროსა, ვერცხლსა, სპილენძსა, ტყვიასა, კალასა და ყოველივე მისთანათ ერთბაშად”, იხ.ლექს.). შუაბრინჯაოს ხანაში ჩვენი წინაპრები ქმნიან თრიალეთის ვერცხლისა და ოქროს შესანიშნავ თასებს, რომელთაც ღირსეული ადგილი უჭირავთ მსოფლიოს ხალხების კულტურის საგანძურში. არქეოლოგიური თვალსაზრისით რაჭის მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი რაიონები ნაკლებ შესწავლილია. მაგრამ ბრილის (ღები) გათხრების მონაპოვარი ნათელყოფს ადგილობრივი თიხის მაღალი გემოვნებით ნაკეთები სასმისების გამყენებას. აღსანიშნავია რელიეფური წნულებით შემკული, ოვალური ფორმის, კათხისებური მარჯვე სახელურებიანი სასმისები (ძვ.წ. XII-XI სს.), აგრეთვე თიხისაგან ნატიფად ნაძერწი, ზუსტად თანამედროვე ”კრუშკის” მაგვარი სასმისი. (ახ.წ. I ს.). 1953 წელს სოფ.აბარში (ზ.რაჭა), არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილი იქნა თიხის რამდენიმე სასმისი, რომელიც ძვ.წ. მე-5-4 საუკუნეებითაა დათარიღებული. ილეკროს სასმისთაგან ცნობილია ბრილის ერთ კრემაციულ სამარხში მიკვლეული ბრინჯაოს სასმისი, ”რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი ორიგინალობით. იგი წარმოადგენს რომელიღაც ცხოველის ზურგზე ამოზრდილ ძაბრს”. (ძვ.წ.მე-7-6 ს.ს.).

1962 წელს სოფ.შრომისუბანში (ზ.რაჭა) გათხრილი იქნა რამდენიმე სამარხი. (ახ.წ. II-III სს.). სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ვერცხლის თასი, რომელიც სასმისად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენი საუკუნის დამდეგს სოფ.ხიმშში შემთხვევით უპოვიათ ვერცხლის თასი. თასი ამჟამად დაკარგულია. ცნობა მისი არსებობის შესახებ გაზეთმა "ივერიამ" შემოგვინახა. რაჭაში მოპოვებული თიხისა და ილეკროს სასმისთა ზომა გვაფიქრებინებს, რომ ისინი ძირითადად ღვინისათვის უნდა ყოფილიყვნენ განკუთვნილი. ზოგიერთ მკვლევარს, ცდილობს რა დაამტკიცოს რაჭაში მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორია, საბუთად მოაქვს მინის ორხელიანი ჭურჭელი, რომელიც თითქოს ღვინო ესხა, ჭურჭელი არქეოლოგებმა იპოვესო 2500 წლის წინანდელ სამარხში. ეს სამარხი რაჭაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელდობრ სად, ამის შესახებ არაფერს წერენ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავსი აღმოჩენა რაჭის ტერიტორიაზე არ მომხდარა. ბრილის სამაროვანში (მთის რაჭა) მართლაც იპოვნეს მინის ეგვიპტური ჭურჭელი (ძვ.წ. მე-6-5 სს.) სუნამოთი სავსე, მაგრამ მეღვინეობასთან მას არავითარი კავშირი არა აქვს. ქართულ ძველ წერილობით ძეგლებში სასმისთა შესახებ ფრაგმენტული ცნობები მოგვეპოვება. ჩვეულებრივ მოიხსენებენ ხოლმე კეთილშობილი ლითონებისაგან დამზადებულ სასმისებს, როგორც ”ნიჭს” ან სამხედრო ნადავლს. მე-6-7 საუკუნეთა მიჯნაზე თბილისი ძალზე მდიდარი ქალაქი ყოფილა. ჰერაკლე კეისრის მოკავშირე ხაზარებმა, როდესაც სპარსელთა მიერ დაპყრობილი ჩვენი დედაქალაქი აიღეს, იმდენი ოქრო-ვერცხლი, თვალმარგალიტი და სხვა სიმდიდრე შეაგროვეს, რომ მისი ცქერით თვალს წყალი ელეოდაო. შემდეგში ალვანელ წარჩინებულებს მათ ქვეყანაში დაბანაკებულ ხაზარების ნადიმზე უნახავთ მოოქროვილი ვერცხლის თასები და სასმისები, რომლებიც ტფილისური ნადავლიდან ყოფილა წამოღებული. მე-11 ს. მეორე ნახევარში თურქებმა კარის ციხე აიღეს და ყველის ციხეს მიადგნენ. საქართველოს მეფე გიორგი უკან იხევს. გამარჯვებულ მტერს დიდძალი დავლა ჩაუვარდა ხელში: ”საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი”. სამაგიეროდ დავით აღმაშენებელმა გაიმარჯვა თურქებზე, ქვეყანა ნადავლით აავსო ”სხვთა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლველათა თვთო-სახეთათა ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, - რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! (ქართ.ცხ.I, გვ.341).

კულა

სახელოვან მეფეს ახლადაგებული გელათის მონასტერი მრავალი ”ნიჭით” გაუმდიდრებია და მათ შორის ”ფიალანი დამ სასუმენლნიც” უხვად შეუწირავს. ვკლესია - მონასტრებისათვის სასმისთა შეწირვა ძველ საქართველოში ჩვეულებად იყო ქცეული: 1557 წ. ნიკოლოზ კათალიკოსს სვეტიცხოველისთვის მიურთმევია ”დიდი დოსტაქანი, ერთი ინდოურის კაკლის სასუმელი მოჭედილი ფეხიანი და თავსახურავიანი”1; ლაბეჭინის ეკლესიაში ექვთიმე თაყაიშვილს უნახავს ვერცხლის თასი მხედრული წარწერით: ”ქ.ერისთავის ასული თ დორა”; სოფ.ჟამუშის (სვანეთი) ეკლესიაში ყოფილა იმერეთის მეფე ბაგრატ IV მიერ შეწირული ვერცხლის დიდი აზარფეშა ”ჩვეულებრივი ქართული ხელობისა”. მსგავსი მაგალითების დასასხელება მრავლად შეიძლება. საერთოდ საეკლესიო ქონებათა აღწერილობაში ყოველთვის საპატიო ადგილი უჭირავს სასმისებსა და სუფრის ჭურჭელს. ზემოთ მოტანილ ამონაწერებში სასმისთა ზოგად სახელწოდებად ნახმარია ”სასმური”, ”სასუმელი”, ამათგან ნაწარმოები უნდა იყოს თანამედროვე ტერმინი ”სასმისი”. ძველ წერილობით წყაროებში ვხვდებით ტერმინ ”საწდეს”: ”მეფესა წინა დასტი ედგა წითელი იაგუნდისა, ეგრევე საწდე იაგუნდისა2”. ”საწდე საღვინე განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი ”წედა ესე არს ყოველივე ღვინო შესასმელი ჭურჭელი (ლექს.). აქედან ნაწარმოები ჩანს არსებითი სახელი ”მწდე” ”მიეც მას წყალობა წინაშე კაცთა და მე ვიქმენ ღვინის მწდე”3, წდევა ღვინის დასხმა”,- წერს საბა, - ”მწდეველი ღვინის მსმელი. (ლექს.) თანამედროვე სალიტერატურო და სამეტყველო ქართულში ”მწდეს” ადგილი ტერმინ ”მერიქიფეს” უჭირავს. ეს უკანასკნელი ”ქართლის ცხოვრებაშიც იხსენიება: ”მერიქიფემან კახაბერის გურიელისამან, ისაკ ართუმელაძემან, ჩამოაგდო ათაბაგი ყუარეყუარე, დაიჭირა და მოართვა გურიელსა და გურიელმან მოართვა ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა”. (II, გვ.354). ქართულ ენაში თუ რა კანონზომიერებამ გამოიწვია ”წედ” ფუძისა და მისგან ნაწარმოებ სიტყვათა გაქრობა, ეს საკითხი საგანგებო განხილვას მოითხოვს და ჩვენ არ შევჩერდებით. აგრეთვე ცალკე შესასწავლია ტერმინ ”მერიქიფეს” ისტორია. საერთოდ, ტერმინთა სიუხვე გამოწვეულია სასმისთა ნაირგვარობით. ფრანგი კომერსანტი ჟან შარდენი, რომელიც სამეფო ნადიმს დაესწრო თბილისში, გაოცებული წერს: ”სუფრაზე ას ოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყოო. სულხან - საბა ორბელიანის ლექსიკონში სასმისთა მრავალი სახელწოდებაა: ბარძიმი, ბიდახი, გოდკოში, თასი, კათხა, კვანჩხი, კულა, მახუტი, მინა, ორთომელი, სარიოში, სირჩა, სტაქანი, ტაკუკი, ტარკოში, ფიალა, ქარასხი, ქიში, ყანჭ-ყანჭი, ყარყარა, ჩარა, ჭაშაკები, ჭიქა, ჭიჭლა და სხვ. ძველი წერილობითი ძეგლების ამ თვალსაზრისით შესწავლა, ჩვენთვის უცნობ, კიდევ ბევრ ტერმინს გამოავლენს.

მარანი

შევეცადეთ საბასეულ სახელწოდებათა მიხედვით რაჭაში შემორჩენილი სასმისები მოგვეძებნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი მათგანი გამქრალია, მაგრამ ზოგიერთს მაინც მივაკვლიეთ. რაჭაში ძირითადად გავრცელებული იყო ხის, რქის თიხის, მინის, სარწყული კვახის (აყირო) და ოქრო-ვერცხლის სასმისები. ეს უკანასკნელი ხალხური ყოფისათვის დამახასიათებელი არ ყოფილა, მათ სამეფო ან დიდებულთა სუფრაზე ხმარობდნენ. რუსმა ელჩებმა ტოლოჩანოვმა და ივლევმა (1650-1652 წწ.) ალექსანდრე იმერთა მეფის მიერ გამართულ წვეულებაზე შესანიშნავი სუფრის ჭურჭელი იხილეს. სოფ.წესში აკადემიკოს გიულდენშტედტს სოლომონ პირველმა თავისი ძე 12 წლის უფლისწული ალექსანდრე დაახვედრა. უფლისწულმა მეცნიერი ვახშმად მიიწვია. სუფრა ვერცხლის ჭურჭლითა და სასმისებით იყო გაწყობილი. ოქრო - ვერცხლის სასმისები და, საერთოდ, ილეკროს ჭურჭელი ძვირფას ”ნიჭად” იყო მიჩნეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სვანები სასისხლო გამოსაღებს ”წორს” ამ ნივთებითაც ისტუმრებდნენ.

ხის სასმისები

ხისგან ადამიანს სასმისების დამზადება უხსოვარ დროიდანვე უნდა ესწავლა, მაგრამ მასალის გაუძლისობის გამო მათ ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. რაჭის ეთნოგრაფიულ ყოფაში გასული საუკუნის დამლევამდის სმა ძირითადად ხის სასმისებით ხდებოდა. ამჟამად ისინი ხმარებიდან გამოსული და დავიწყებულია. რაჭაში ჩვენი ხანგრძლივი საველე მუშაობის შედეგად გამოვლენილი იქნა ხის შემდეგი სასმისები: კათხა, კვანჩხა, ქვიშინა, კოთხო, ფარფალა, კვასტუში, კულა და ჭინჭილა.

კათხა. ”კათხა ხის სასმისი” - განმარტავს საბა (ლექს.). რაჭაში კათხა ეწოდება ხის ფეხიან სასმისს. აკად.ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეემში რაჭიდან ჩამოტანილი რამდენიმე კათხა ინახება. მუზეუმში დაცული კათხებიდან ყველაზე დიდი 6 ლიტრის ჩამტევია, ხოლო ყველაზე პატარა ერთი ღვინის ჭიქისა. მთხრობლები კათხის უდიდეს ზომად ერთ ბათმანს ე.ი. 8 კგ მიიჩნევენ. ზომის სხეადასხვაობის მიუხედავად კათხათა ფორმა ერითნაირია, ოღონდ შემკობის მხრივ არის ხოლმე განსხვავება. კათხების უმრავლესობას გარეთა პირი გაუფორმებლად აქვს დატოვებული, მაგრამ ზოგიერთი შემკობილია ორნამენტებით. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია შესანიშნავად მოჩუქურთმებული კათხები. ჩვენს მიერ სოფ.სადმელში (ქვ.რაჭა) შეძენილია ფოთლოვანი ორნამენტებით შემკობილი კათხა, რომელიც მევენახეობა - მეღვინეობის ინსტიტუტის მუზეუმში ინახება. ექვთ. თაყაიშჩილს სოფ.მურტმერის (ზ.სვანეთი) ეკლესიაში უნახავს ხის კათხა, ძაღლის თავის ქანდაკებით და მეჭეჭის მსგავსი შემკობილობით”. უშგულის საზოგადოების სოფ.ჟიბიანის ეკლესიაში დაცული ყოფილა ”კათხა ფეშხუმის მაგიერი, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, მსხლის მსგავსი რელიეფებით შემკობილი (N17331), მაღალის ფეხით, რომელსაც ხის სახე აქვს და ამ ხეზე რელიეფით გამოყვანილი ადამიანია წარმოდგენილი, ცულით ხელში”. კათხა უშკულის დედაღვთისათვის შეუწირავს რაჭის ერისთავ შოშიტა მესამეს, რაც კათხაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერით ირკვევა4. კათხა ერთ-ერთი უძველესი სასმისი ჩანს. მისი გამოსახულებანი შეიმჩნევა რელიგიური სცენებით შემკულ სუმერულ ვაზაზე (IV-III ათასწლეული). იტალიელი მისიონერის კასტელის ნაწარმოებებში, რომელიც მე-17-ს. დასავლეთ საქართველოს სინამდვილეს გამოხატავს, ხშირია პურობის სცენები, სადაც ნაჩვენებია ფეხიანი კათხისებური სასმისები. ხონის 1750 წ. სიგელში ვკითხულობთ: ”საყდრის სამკაულის ფასად მოგერთმეოდეს... მატყლი და ჭურჭელი, კოკა თუ ჭური, დოქი თუ კათხა, ჯამი და ეგე ვითარი“ 5. იმერეთში კათხების გამოყენებაზე ცნობებს გვაწვდიან ფ.ბობილევი და რ.ერისთავი. მე-19 ს. სვანეთის ყოფისათვის კათხა ძირითადი სასმისია, ასევე რაჭისათვისაც. ლეჩხუმში ღვინის სასმისად მ.ალავიძის ცნობით უხმარიათ ”წიფხა“ ხის ფეხიანი საწდე, ნახევარი ლიტრის ჩამტევი. ვფიქრობთ, ეს ჭურჭელი კათხის მაგვარი უნდა იყოს, თუმცა ამავე ავტორს თავის ”ლეჩხუმურ ლექსიკონში” ”წიფხა ხის ქერქისაგან გაკეთებულ სასმისადა“ აქვს განმარტებული. კათხებს თავისი მკეთებელი ოსტატი ჰყავდა. მათ ჩარხზე თლიდნენ. საუკეთესო საკათხე ხედ მიჩნეული იყო ლეკა, აგრეთვე იყენებდნენ ჭკუტას, პანტას, კოპიტს, ნიგოზს და სხვ. კათხის გამოყენება დამოკიდებულია მის ზომაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, უდიდესი 8 ლიტრის ჩამტევია, ხოლო უმცირესი ღვინის ჭიქისა. ოდენობის ასეთ სხვაობას ბუნებრივია დანიშნულების სხვაობაც უნდა გამოეწვია. ზომის მიხედვით კათხებს რაჭაში სხვადასხვა სახელები ჰქვია ძალიან დიდ კათხას ”ობოლას” უწოდებენ, ხოლო სულ უმცროსს ” ”ხამანწკას”. ლეჩხუმში დადასტურებული ტერმინი ”წიფხა” შესაძლოა საშუალო ზომის კათხების აღმნიშვნელი იყოს. ეთნოგრაფ კ.კახიანის ცნობით ზემო იმერეთში დიდ კათხას ”სარიოშს“ ეძახიან. მსგავსი მნიშვნელობით ეს ტერმინი რაჭაში ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს ნ.რეხვიაშვილს დაუდასტურებია. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ”სარიოში” წყლის დიდი ჯამია ”წედათა გასარეცხელი“ (იხ.ლექს.), სამაგიეროდ, საბა ცნება ”ჭურჭელს“ ქვეშ, სადაც სასმისებს ჩამოთვლის, ”სარიოშსაც” ასახელებს. სახელწოდება ”ობოლა” მეტად საგულისხმოა და წარმოშობილი უნდა იყოს ღვინის სმის ძველი, თავისებური წესისაგან. სუფრაზე ყოველი სამი კაცის წინ იდგა ვეებერთელა კათხა, რომლის გვერდით გრძელტარიანი ერთი ”ქვიშინა” და სამი “კვანჩხურა“ იდო. ამ სასმისთა შორის ეს დიდი ჭურჭელი ისე ჩანდა, როგორც ჭალის ბუჩქნარებში ობლად ამოსული მაღალი ხე. მთხრობელთა მტკიცებით, ამიტომ დაერქვა დიდ კათხას ობოლა. მერიქიფეებს დოქებით მოჰქონდათ ღვინო და ობოლებს ავსებდნენ. თამადა სამი კაცისაგან ერთ-ერთს თავის მოადგილედ აირჩევდა. მოადგილე ვალდებული იყო ქვიშინათი აევსო თავის მეინახეთა კვანჩხურები და თვალი ედევნებინა, როგორ დალევდნენ ისინი. სმა ძირითადად მცირე კვანჩხურებით მიმდინარეობდა, ოღონდ ხანდახან სალაღობოდ გაურევდნენ ყანწებსა და კულას. რაც უფრო გრძელდებოდა ქეიფი და ხურდებოდა სმა, მით უფრო თხელდებოდა ხალხი. ძველი სამეულები იშლებოდა და ახალი იქმნებოდა. სმის ზენიტში ვეებერთელა ყანწები-ქარასხები მოჰქონდათ. ვინც მათ დალევას შესძლებდა, სავსე ობოლაც უნდა გამოეცალა, ანდა სუფრა მიეტოვებინა. სუფრასთან მარტოდმარტო დარჩენილი ობოლას დამცლელი სმის ”ჩემპიონად” ითვლებოდა და მას შეეძლო დაცლილი სასმისი სახლში წაედო, როგორც ნადავლი, მოპოვებული გამარჯვების მაუწყებელი. ღვინის სმის მსგავსი წესი დადასტურებული აქვს აკად.გიულდენშტედტსაც მის საპატივცემულოდ სოფ.წესში (რაჭა) გამართულ სამეფო ვახშამზე. აკადემიკოსი წერს: ”ღვინო... იყო ვერცხლის დიდ საწდეში და იდგა მაგიდის შუაში. ყველას წინ ედგა ვერცხლის ბრტყელი თასი, რომელსაც თვითეულ საწყეში ჩაშვებული ვერცხლისავე დიდი კოვზით ავსებდა სურვილის მიხედვით. ვერცხლის დიდი დოქიდან ასხამდნენ ღვინის თასში; დაილია საკმაოდ”6. აქ მხოლოდ ჭურჭელია, მასალის თვალსაზრისით, განსხვავებული, ხოლო ღვინის სმის წესი ჩვენი მოხუცი მთხრობელების ნაამბობს აშკარად ემთხვევა. ამრიგად, ხის დიდი კათხა ”ობოლა” სუფრაზე ღვინის მოსაკავებელ ჭურჭლადაც გამოიყენებოდა და სასმისადაც. საშუალო და პატარა ზომის კათხები მხოლოდ სასმისებად იხმარებოდა, ხამანწკებით კი არაყს შეექცეოდნენ. სუფრასთან მომცრო კათხები და ხამანწკები მიჰქონდათ ხის მოჩუქურთმებული ლანგრით, რომელსაც ”ხონჩა“ ეწოდებოდა.

ჭინჭილები

კვანჩხა (კვანჩხურა, კვანჩხულა, კვანჩხუა). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ”კვანჩხი მცირე სასმისი იყისა“ (ლექს.). სიტყვა ”იყი“ არაყის ქართული სახელწოდება ყოფილა (იხ. საბას ლექს.). ამგვარად, დიდ ლექსიკოგრაფს ”კვანჩხი” არაყის სასმისად მიაჩნია. ”კვანჩხი”, როგორც საღვინე ჭურჭელი, იხსენიება 1250-1260 წწ. შიომღვიმის სიგელში7, ხოლო სტ.მენთეშაშვილის ”ქიზიყური ლექსიკონის” მიხედვით: ”კონჩხო ხის ჭურჭელია”. რაჭაში ”კვანჩხა“ ადრე მეტად გავრცელებული სასმისი იყო: პატარა ზომის კვანჩხათი არაყს შეექცეოდნენ, ხოლო მოზრდილით ღვინოსა და წყალს. ამჟამად ფაიფურისა და მინის ჭურჭლის სიმრავლის გამო იგი აღარ გვხვდება. კვანჩხა ცაცხვის ხისაგან ითლება. ზამთარში ან ზაფხულობით ”საჯოგეში“ ყოფნის დროს ხელმარჯვე გლეხი ”თავსიყოლიებს”, აკეთებს სახლში მოსახმარ ხის ნივთებს. კვანჩხას ჩარჩზე გამოყვანა არ სჭირდება, მას ნაჯახით გამოაკოპიტებენ, თავისავე ხით სახელურს გამოუყვანენ, მერე თეგით გულს ამოუღებენ, ხვეწით ამოასუფთავებენ, გვერდებს მოუგლუვებენ, სახელურს გაუხვრეტენ, თავში პატარა, მოხდენილ რქას ”დააჯენენ“.

ქვიშინა. ქვიშინა მთლიანი ხისაა, თავფართო, კვერცხისებრი ბოლოთი. გული ოვალურად ღრმად აქვს ამოღებული. ტარი თავისავე ხისაგანაა გამოყვანილი, მოგრძო და მრგვალად გათლილია. ქვიშინას, კვანჩხას მსგავსად, ხელმარჯვე გლეხები აკეთებენ ცაცხვის ან ლეკის ხისაგან. ერთი ეგზემპლიარი დაცულია სოფ.სორში ვ.ჯაფარიძის ოჯახში. ქვიშინა, როგორც ზემოთ ვნახეთ, იხმარებოდა კათხიდან ღვინის ამოსაღებად, აგრეთვე სასმისათაც. ქვიშინა ნაწილობრივ ფორმითა და გამოყენების თვალსაზრისით მსგავსებას ამჟღავნებს აზარფეშასთან, ასეთი ტიპის ყველაზე დიდი ზომის ქვიშინა ერთ ლიტრს იტევდა, პატარა ერთ ჩაის ჭიქას. მთის რაჭაში ჰქონიათ მეორე ტიპის ორ ყურიანი ქვიშინები, უდიდესი ნახევარი ფუთის ჩამტევი, უმცირესი ერთი ლიტრისა. ასეთი ქვიშინა ჩვეულებრივისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ დიდი იყო. გრძელი სახელურით მისი აღება არ ხერხდებოდა, ამიტომ გვერდებზე თავისივე ხით უკეთებდნენ ”ყურებს“. ”ყურები“ ხშირად ჯიხვის ან ირმის თავის სახედ იყო გამოყვანილი, სასმისის კედელზე, მოღერებული ყელითა და გადაგრეხილი რქებით დამაგრებული. ამგვარ ქვიშინებს ადგილობრივი ოსტატები ლეკის ხისგან თლიდნენ. აკად. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხის ფონდში დაცულია რაჭული ყურიანი ქვიშინის მსგავსი, საუცხოო ოსტატობით ნაკეთები, ჭურჭლები. სამწუხაროდ, საინვენტარო დავთარში მათი სახელწოდება და აღწერილობა არ მოიპოვება. ძუნწი ჩანაწერიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ჭურჭელი ოსური წარმოშობისაა. მთხრობელთა გადმოცემით ქვიშინებს მთის რაჭის გარდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც ამზადებდნენ. შესაძლოა მუზეუმში დაცული ოსური უცნობი ჭურჭლები ქვიშინები იყოს. მითუმეტეს, მათი ფორმა ემთხვევა რაჭაში დადასტურებულ ყურიან ქვიშინებს.

ფარფალა. ფარფალა უხელო და უყურო ხის ჭიქაა. თვით სასმისი ყოფაში ვერ დავადასტურეთ, ხოლო ტერმინი მთის რაჭაში დავამოწმეთ. ფარფალა, ვ.ბერიძის მიხედვით, ღვინის სასმისია (სიტყ.კონა). ამავე მნიშვნელობით არის მოხსენებული სოფ.ღებში ჩაწერილ ერთ ხალხურ ლექსში:

”თითო ფარფალა დალიეს,

მით იზიარეს თავია”.

კვატუში. (კვატუ). კვატუში მთლიანი ხის სასმისია ორ, სამ და მეტ განყოფილებიანი. განყოფილებათა  რაოდენობის მიხედვით სასმისს ხშირად ერქმევა სახელი: ”სამთვალა“, ”ოთხთვალა” და ა.შ. კვატუშებს ხელმარჯვე გლეხები თლიდნენ დანით, თეგითა და ხვეწით. კვატუშის გამოყენება ზიარი ჭერჭლების პრინციპის მიხედვით ხდება (”ერთს რომ მოწევ სამი იცლება”) და სუფრაზე გასართობი და სალაღობო დანიშნულებით მიაქვთ. ”

კულა

კულა. კულა ადრე ძალზე გავრცელებული სასმისი იყო, ამჟამად ძველ ოჯახებში აქა იქ -ღა შევხვდებით. ძვირფასი ხისაგან (ბზა, ძელქვა, ურთხელი, ნიგოზი და სხვა) კეთდება. მის გათლას დიდი ოსტატობა და მოთმინება სჭირდება. არჩილი საგანგებოდ წერს: ”ხელბუჩხობა, კულის გათლა, ვინ შალაპს ხმარობს, ხარატობს“. მსურველი შემდგომი შემკობისათვის კულას ოქრომჭედელთან წაიღებდა. რაჭაში კულების შეჭედვას ეწეოდნენ ონელი ოქრომჭედლები ბერუჩაშვილები, რომლებიც სასმისებს ემეტესად ვერცხლით აპირკეთებდნენ. ხის შეუჭედავ კულებს ღარიბი ხალხი ხმარობდა, ხოლო პრივილეგიურ წოდებათა სუფრას ძვირფასი თვლებითა და ილეკროთი შემკობილი კულები ამშვენებდა. დადიანის ასულ მარიამისათვის მზითვად გაუტანებიათ (XVIII ს. დასაწყ.) ”ერთი ოქროს კულა”. ვახუშტი ორბელიანის მოდრავი ქონების სიაში (1707 წ.) შეტანილია ”კულა ერთი”, რომელსაც ”პირი ოქროთი მოჭედილი აქვს“. ვახეშტის ქონების სხვა ნუსხებში ორგზის იხსენიება ”ოქროთი მოჭედილი კულა”.8 კულას, როგორც სასმისის, დამახასიათებელი ნიშანთვისება სმის დროს სასიამოვნო რაკრაკია, რაც მსმელს ემოციურ ტკბობას ანიჭებს. ამგვარად, კულა სხვა სასმისთაგან ხმის გამოცემის უნარით გამოირჩევა, რაც გრძელი ყელითა და ტანის თავისებური კონსტრუქციით ხორციელდება. რაკრაკს ძალიან უწყობს ხელს აგრეთვე ყელის შევიწროვება. სახელოვანი ლექსიკოგრაფი სულხან-საბა ორბელიანი მოკლედ, მაგრამ ამომწერავად ახასიათებს ამ სასმისს: ”კულა ხის სასმისი ხმიანი“ (ლექს.). აკად. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მეზეუმში დიდი რაოდენობითაა დაცული როგორ შემკობილი, ისე შეუმკობელი კულები.

ჭინჭილა. რაჭაში იშვიათად, მაგრამ აქა იქ შევხვდებით ხის ჭინჭილას. მას მაგარი ხისგან (ბზა, ძელქვა ძეძვი და სხვ.) ამზადებენ. შერჩეულ ხეს ან ხელით გათლიან, ან ჩარჩზე გამოიყვანენ. გულის ამოღება ფსკერიდან ხვეწით ხდება. როცა შიგნით მთლიანად გამოასუფთავებენ,ზემოდან შანთით ჩახვრეტენ, მერე ფსკერის ნახვრეტს ამავე ხის სარქველით ამოუგმანავენ. ხის ჭინჭილას, ჩვეულებრივ, სახელური არა აქვს.

რქის სასმისები. რქას ადამიანი სამეურნეო და საბრძოლო იარაღად უხსოვარი დროიდან ხმარობდა. ასევე ადრევე უნდა მომხდარიყო მისი სასმისად გამოყენება. იმ ხალხებში, რომლებშიც გავრცელებულია ვაზის კულტურა, სასმის ყანწს სიუხვის სომბოლური მნიშვნელობა მიუღია. ”სიუხვის ყანწის“ გამოსახულებანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არქეოლოგიერი გათხრების შედეგად მრავალჯერ არის აღმოჩენილი (მცხეთა, ციხისძირი და სხვ.). რქის დამუშავება საქართველოში მაღალ დონეზე მდგარა და ხელოსნობის ერთ-ერთი დაწინაურებული დარგი ყოფილა. ყანწის პირველადი დამუშავება იმ დონეზე, რომ სასმისად გამომდგარიყო ყველა ხელმარჯვე გლეხს შეედლო, მაგრამ იყვნენ ამ საქმეში დაოსტატებულნიც. რაჭაში განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო სოფ.შეუბნის მცხოვრები გიორგი ყავლაშვილი. საუკეთესო ყანწები ხარისა და ჯიხვის რქებისაგან კეთდებოდა. იყენებდნეხ ძროხის, თხის, არჩვის და სხვ. რქებსაც. რაჭაში დიდ ყანწს ”ჯიხვს“ უწოდებენ”. სულხახ-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში დიდი ყანწის სახელწოდებად ”ქარასხი” აქვს შეტანილი, ხოლო ქარასხის ოდნავ შეცვლილი ფორმა ”ჴარასხი” რქის სასმისის ზოგად სახელწოდებადა აქვს მიჩნეული. (ლექს.). ადრე ბევრ თავმომწონე ოჯახს ჰქონია ირმის რქებზე ასხმული სხვადასხვა ზომის ყანწები. ამჟამად თითქმის აღარ გვხვდება, მხოლოდ ს.სორში ვ.ჯაფარიძის ოჯახშია შემონახული ეს შესანიშნავი ”სერვიზი“ და სასტუმრო დარბაზის ერთ-ერთ კედელს ამშვენებს. ირმის ვეებერთელა რქების ”ბორჯღებზე” მეტნაკლები ზომის 14 ყანწია ასხმული. ჯერ იწყება არჩვის პაწია რქებით, მერე, ზევით და ზევით, თანდათან იზრდება ყანწების ზომა, სულ თავში ჯიხვის ჭდეებიანი ქარასხები ბზინავენ. დარბაზში სუფრა ისე იშლებოდა, რომ თამადა ყოველთვის ამ სასმისთა სწორად იჯდა, იგი სულ უმცირესიდან დაიწყებდა სმას და ქარასხებით დააგვირგვინებდა.

თიხის სასმისები. ენეოლითის ხანის კულტურულ ფენებში აღმოჩენილ თიხის პატარა ჭურჭელთა ფრაგმენტებს არქეოლოგები სასმისებად მიიჩნევენ. შემდგომი ეპოქებისათვის თიხის სასმისთა ფორმა მრავალგვარი და უფრო დახვეწილი ხდება, ხოლო ახ. წ. XI-XIII საუკუნეებში ქართული მეთუნეობა თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალზე ადის და სწორედ ამ დროისათვის იქმნება თიხისაგან უბადლო ოსტატობით ნაძერწი ე.წ. ”თხელკანიანი სასმისები“, რომელთა შემკობასა და სინატიფეს მნახველი დღესაც გაოცებაში მოჰყავს. ძველი ტრადიცია ქართულმა სინამდვილემ დღემდე შემოინახა. თიხის სასმისთა დამზადების ეთნოგრაფიული კერები საკმაოდ შესწავლილია და ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით. რაჭას თიხის სასმისებით დველი დროიდანვე იმერეთი ამარაგებდა. ადგილობრივ მხოლოდ უხეში, ყოველდღიურად სახმარი თიხის ჭიქები მზადდებოდა, ისიც იშვიათად. იმერეთიდან შემოტანილ თიხის სასმისთაგან გამოირჩევა ”მარანი” და ”ჭინჭილა”.

მარანი. მიმდინარე საუკუნის ოცდაათიან წლებში ინგლისელმა პროფესორმა მაირესმა ღვინის სასმის მარანზე სპეციალური გამოკვლევა გამოაქვეყნა. ამ ნაშრომმა გ.ჩიტაიას კრიტიკა დაიმსახურა.9 ქართველმა მეცნიერმა დამაჯერებლად მიუთითა, რომ მარანი სომხურ ეკლესიაში მსხვერპლშეწირვაზე ხმარებული ჭურჭელი კი არ არის, არამედ ქართული ყოფის დამახასიათებელი. სასმისი მარანი ქართული მარანის სიმბოლური გამოსახულებაა. რაჭაში სასმის მარნებს არ ამზადებდნენ, ისინი ზემო იმერეთიდან შემოჰქონდათ. ამჟამად ონში მარანს აკეთებს სერგო მაჩაიძე. ოსტატს ხელობა თბილისში უსწავლია. მან თავისებური სიახლე შეიტანა მარნის ფორმაში - სასმისი ჯიხვის ორი ფიგურით შეამკო. ოსტატის ფანტაზიით ეს ფიგურები შოდას მთაზე გადმომდგარი ხარჯიხვებია. მაჩაიძის ნახელავს მოსახლეობაში დიდი მოწონება აქვს.

ჭინჭილა

ჭინჭილა. ჭინჭილა ძველისძველი სასმისია და საქართველოს მეღვინეობით ცნობილ რაიონებში წარმოებულ თითქმის ყველა გათხრის დროსაა აღმოჩენილი. უხვად მზადდებოდა ზემო იმერეთში, საიდანაც რაჭაში შეჰქონდათ. ჭინჭილა პატარა ზომისაა ღვინის ჭიქის ჩამტევი, მეტად წვრილი კისერი აქვს და ღვინო ძნელად გადმოდის, ამიტომ ამბობენ პატარაა, მაგრამ ძალზე მათრობელააო. ამ სასმისის სწორედ ეს თვისება გამოიყენა პოეტმა ლადო ასათიანმა თავის ერთ-ერთ შესანიშნავ ლექსში - ”გულბაათ ჭავჭავაძე”. აკად. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მოჭიქული და მოუქიქავი ჭინჭილები, ზოგიერთი პირმრგვალი, ზოგიც დოქის მსგავსად ნისკარტიანი. გამოყენების თვალსაზრისით ჩვენს მიერ აღწერილი სასმისები ორ ჯგუფად იყოფა: ”სანიადაგო” ანუ ყოველდღიურად სახმარი და ”სანადიმო” ანუ სალაღობო. სანიადაგო სასმისებია: პატარა ზომის კათხები და ხამანწკები კვანჩხურები, ხელიანი ქვიშინები, თიხისა და მინის ჭიქები. სანადიმო-სალაღობო სასმისებია: დიდი კათხები, ქარასხები, ყურიანი ქვიშინები, კოთხოები, კულები, მარანები და ჭინჭილები. და ბოლოს, რაჭაში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალები - კათხები და ხამანწკები, კვანჩხურები, ხელიანი ქვიშინები, ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სასმისების მრავალფეროვნება სრულიად კანონზომიერია. ქართველი ხალხი ვაზის შესანიშნავი ჯიშების გამოყვანისა და ღვინის განვითარებული ტექნოლოგიის გვერდით სუფრის დახვეწილ წესებსაც იმუშავებდა და ნაირგვარ სასმისებს ქმნიდა, რომელთა მეოხებითაც ღვინო ”კვებითი პროდუქტიდან” ესთეტიკური ტკბობის საშუალებად იქცეოდა.