topmenu

 

გ.გამყრელიძე - ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ

<უკან დაბრუნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის

ოთარ  ლორთქიფანიძის  არქეოლოგიის  ცენტრი

თბილისი

2008

გელა გამყრელიძე

ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ

რეცენზენტები: ი.მ.დ. პროფ. რამინ რამიშვილი

ი.მ.დ. პროფ. ბესარიონ მაისურაძე

©  საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 2008

IშBN  978-99940-080-9-5

წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000499/sruli.pdf

თანამედროვე არქეოლოგია საისტორიო მეცნიერებაა, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდი აქვს. არქეოლოგია კაცობრიობის ისტორიას მიწის წიაღში და წყალქვეშ მიკვლეული ნივთიერი კულტურის ძეგლების საშუალებით შეისწავლის. ნია­დაგში არქეოლოგიის კვლევის საგანია „კულტურული ფენა”, რომელიც ადამიანის, საზოგადოების მოქმედების ნივთიერ ნაკვა­ლევს შეიცავს. კერძოდ, ნამოსახლარებს, სამაროვნებს; შრომის იარაღებს, კერამიკას, შეიარაღება, ­საჭურველს, სამკაულს, საკულტო ინვენტარს და სხვ. ცალკეული ეპოქის კულტურულ ფენას შესაბამისი ისტორია აქვს. „არქეოლოგიური კულტურა” ნიშნავს ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე ერთნაირი და თანადროული ნივთების ანუ არტეფაქტების, არქეოლოგიური ძეგლების ანუ კომპლექსების ერთობლიობას. მათი შესწავლის საფუძველზე ხდება ისტორიულ­სოციოლოგიური ანალიზი და კაცობრიობის, ცალკეული საზოგადოების განვლილი ეტაპების რეკონსტრუქცია­ აღდგენა. ევროპაში არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, XIX საუკუნეში ჩაისახა. შემდგომ არქეოლოგიით გატაცებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. არქეოლოგიური გათხრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდებოდა. საქართველოში ძველი ნივთების კოლექციონერობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ სიძველეების შესწავლისა და მათი ისტორიასთან დაკავშირების ცდა კი გაცილებით გვიან მოხდა. შუა საუკუნეებში ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო. სულხან­-საბა ორბელიანი რომის მუზეუმის დათვალიერებისას იხსენ­ებს, რომ ამგვარი ნივთების საცავი მას უნახავს მეფე ვახტანგ VI კარზე, ”სალაროში”. საცავ­სალაროს თბილისში, სადაც სამეფო ხაზინასთან ერთად ინახებოდა მიწაში ნაპოვნი ნივთებიც, კერ­ძოდ, ძველი მონეტები და იარაღ­საჭურველი, მოიხსენიებს ისტო­რიკოსი თეიმურაზ ბაგრატიონიც. იგი იქვე დასძენს, რომ, სამწუხ­აროდ, 1795 წელს სპარსელების მიერ საქართველოს დედაქალაქ თბილისის აღება­-დანგრევისას მეფის სასახლე და მასთან ერთად ეს საცავ­მუზეუმიც დაურბევიათ და გაუძარცვავთ. XIX საუკუნემდე საქართველოში სიძველეთა შესწავლას ფრა­გმენტული ხასიათი ჰქონდა. შემოგვრჩა მხოლოდ კანტიკუნტი ცნობები ზოგიერთი ძეგლის შესახებ. ეს ცნობები საინტერესოა თავისი აღწერილობითი ხასიათით, რადგან ზოგიერთი ძეგლი შემდგომ ან სულ განადგურდა, ან დაზიანდა და სახე იცვალა. სიძველეთა აღწერა გვხვდება ჯერ კიდევ სულხან­საბა ორბე­ლიანის, ვახუშტი ბაგრატიონისა და თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულებებში, აგრეთვე უცხოელ მოგზაურთა ნაწერებში - არქანჯელო ლამბერტის, კრისტოფორო დე კასტელის, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, იოჰან გიულდენშტედტისა და სხვ. XIX საუკუნის საქართველოში სიძველეთა შესწავლა შედარებით უფრო სისტემურ ხასიათს იღებს. ჯერ კიდევ 1837 წელს საქართ­ველოს სტატისტიკურმა კომიტეტმა მიაქცია ყურადღება ისტო­რიული ძეგლების აღრიცხვა­დაცვის საქმეს და საამისოდ შეად­გინა სპეციალური ინსტრუქცია­მითითება, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში გაავრცელეს. მასში ყურადღება გამახვილებული იყო ყორღანების ან მსგავსი სიძველეების გამოვლენა-­აღნუსხვაზე. ამ ინსტრუქციის შედგენაში მონაწილეობდნენ ნ.ფალავანდიშ­ვილი და მ.ჭილაშვილი, რომლებიც სტატისტიკურ კომიტეტში მსახურობდნენ. მ.ჭილაშვილი სიძველეთა დაცვა­შესწავლისათვის შემდგომშიც იღვწოდა და აქტიურობდა. მისთვის, როგორც სახელმ­წიფო სტატისტიკური კომიტეტის თანამშრომლისა და სიძველეთა აღნუსხვა­-დაცვის შესახებ ინსტრუქციის ერთ­ერთი შემდგენ­ლისათვის, კარგად იყო ცნობილი სიძველეთა შესწავლის მაშინდელი მდგომარეობა საქართველოში. ამიტომ, 1856 წლის 8 დეკემბერს კავკასიის გეოგრაფიული საზოგადოების კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში მან ერთ­ერთმა პირველთაგანმა აღძრა საკითხი საქართ­ველოში ინტენსიური არქეოლოგიური გათხრების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. სამწუხაროდ, მისი წინადადება საქართ­ველოში ფართო არქეოლოგიური გათხრების წარმოებაზე მაშინ არ მიიღეს, რადგან ის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ შესასწავლი საკითხების სფეროში არსებულად არ მიიჩნიეს. მართალია, გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყო­ფილების მსგავსად არც სტატისტიკურ კომიტეტს ჩაუტარებია გათხრები და არც რაიმე მეცნიერული დასკვნები გამოუტანია (რადგან ეს არ შედიოდა მის ფუნქციებში), მაგრამ მან მაინც გარკვეული როლი შეასრულა ძეგლთა აღნუსხვა­დაცვის საქმეში, რასაც მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ამით განადგურება­ გაქრობას გადაურჩა ბევრი ისტორიულ-­არქეოლოგიური ძეგლი. მაგრამ მარტო აღნუსხვა­დაცვით სიძველეთა შესწავლის საქმე წინ ვერ წაიწევდა. ამიტომ XIX საუკუნის შუა წლებიდან საქართე­ლოს სიძველეთა უფრო ფართო, მრავალმხრივი შესწავლისათ­ვის საჭირო გახდა გათხრების დაწყება და ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა გათხრით არქეოლოგიას. პირველი გათხრა, რომელიც მეცნიერულ მიზნებს ისახავდა, ჩატარდა 1852 წლის ზაფხულში, ქ. გორიდან დაახლოებით თხუთ­მეტიოდე კილომეტრით დაცილებულ ნაქალაქარ უფლისციხეში. აქ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს არქეოლოგიის პიონერი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (1815­-1878 წწ.). სამწუხაროდ დ.მეღვინეთუხუცესიშვილის შესახებ ძალზე მცირე ცნობებია შემონახული, რაც აძნელებს ამ პიროვნებაზე სრული წარმოდ­გენის შექმნას. მისი თანამედროვეების აზრით, დიმიტრი მეღვინე­თუხუცესიშვილი ნიჭიერი კაცი იყო და საქართელოს ისტორიის დიდი მცოდნე; იგი, სადაც კი შეეძლო, ყველგან ცდილობდა საქართ­ველოს ისტორიის სასარგებლოდ. ბევრი სხვა და სხვა სამეცნიერო, საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოებათა წევრი იყო~(იხ. ჟურნალი ”საქართველოს კალენდარი”, ტფილისი, 1895). მაღალ შეფასებას აძლევს დ.მეღვინეთუხუცესიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობას ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსეც, რომელიც ერთ­ერთ თავის ნაშრომში აღნიშნავს მის სიბეჯითეს და იმ დახმარებას, რომელიც მისგან მიიღო. დ.მეღვინეთუხუცესიშვილმა აღწერა და შეისწავლა მრავალი საყურადღებო ძველი ძეგლი, შეაგროვა და შთამომავლობას დაუტოვა არაერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი თუ ნივთი. მან მოიარა და შეისწავლა ქართლი, იმერეთი, გურია, მესხეთი, აჭარა და სხვა. დ.მეღვინეთუხუცესიშვილი თავის ერთ­ერთ წერილში აღნიშნავს: ”მე მსურს, რაც საქართველოში ძველი ეკლესიაა თუ მონასტერი, ჯვარი, ხატი და რაზედაც ძველი წარწერილობაა, ყველა აღვწერო თვითოეულად და ნაწერიც ეგრეთ გარდმოვიღო”. 1849 წელს იგი დააჯილდოვეს სპეციალური სიგელით სამეცნიერო საქმიანობისა და საინტერესო მოხსენებებისათვის. დ.მეღვინეთუხუცესიშვილი მსახურობდა ქ. გორის სასამართ­ლოში, რაც მას ხელს უშლიდა სამეცნიერო მუშაობის ფართოდ გაშლაში. ამიტომ 1851 წელს გორიდან გადავიდა ქ.თბილისში სახელმწიფო კანცელარიაში სამუშაოდ, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უფრო მეტი დრო რჩებოდა და მატერიალურადაც უკეთ იყო უზრუნველყოფილი. აქ მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალეს მოეწყო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა აღეწერა და შეესწავლა ისტორიული სიძველეები. სამწუხაროდ, ამ ექსპედიციებს მთავრობისაგან დაფინანსება - ­დახ­მარება მალე შეუწყდა. 1852 წლის ზაფხულში დ.მეღვინეთუხუცესიშვილმა მთავ­რობისაგან მიიღო გარკვეული თანხა და შეუდგა უფლისციხის ნაქალაქარის გათხრას. მას თბილისიდან მოუწვევია მხატ­ვარი და შეუძენია სათანადო აღჭურვილობა ძეგლის გათხრა­ ფიქსაციისათვის. არქეოლოგიური გათხრების დროს დ.მეღვინე­თუხუცესიშვილი აწარმოებდა საველე დღიურს. როგორც ჩანს, იგი აპირებდა უფლისციხის გათხრების შედეგების გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, გათხრების შედეგების გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, ხოლო საველე დღიურები და მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაიკარგა (ჯერჯერობით არ ხერხდება მათი მიკვლევა). ამიტომ ამ გათხრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად გაზეთ ”კავკაზ”-­ში (№43, 66; 1852 წ.) დაბეჭდილი მოკლე ანგარიშები გვიქმნის. უფლისციხის ნაქალაქარის არქეოლოგიური შესწავლა დ.მეღვინეთუხუცესიშვილს ზედაპირული დაზვერვით დაუწყია - აუგეგმავს ნაგებობები, აღმოუჩენია რამდენიმე წარწერა და გად­მოუწერია. ამისათვის მას მოუხდა მაღლა, ფრიალო კლდეებში ნაკვეთი ნახევრად ჩანგრეული ნაგებობების ნახვა, რაც არცთუ უსაფრთხო იყო. დ.მეღვინეთუხუცესიშვილს პირველად უფლისციხის დიდი დარბაზის გათხრა დაუწყია. გაუჭრია დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის თხრილი; აქ აღმოუჩენია სვეტის ფრაგმენტები და კერამიკის ნატეხები, დიდი დარბაზის გვერდზე მდებარე ოთახში კი ქვევრები. მისი აზრით, დიდი დარბაზი და მიმდებარე ნაგებობები წარჩინებული პირის სასახლეს წარმოადგენდა. დ.მეღვინეთუხუ­ცესიშვილს შეუსწავლია უფლისციხის შესახებ არსებული ყვე­ლანაირი ცნობა, კერძოდ, ვახუშტი ბაგრატიონისა და ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები უფლისციხის შესახებ და ადგილო­ბრივ მცხოვრებთა ფოლკლორული გადმოცემები. იგი ერთმანეთს ადარებს უფლისციხისა და ვარძიის კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს. უფლისციხის არქეოლოგიური შესწავლის დროს დ.მეღვინეთუხუ­ცესიშვილს გაუთხრია სამარხებიც. დ.მეღვინეთუხუცესიშვილი გარდაიცვალა 1878 წელს და დასა­ფლავებულია გორთან, სოფ.ხიდისთავში. დ.მეღვინეთუხუცესიშ­ვილის ნაწერებიდან ჩვენამდე მოაღწია ისტორიული ხასიათის რამდენიმე ნაშრომმა: ”მეფობა და ცხოვრება ერეკლე II”, ”აღწ­ერა გორთან მდებარე ეკლესიებისა, მონასტრებისა და მათ ზედაღირსსახსოვარ წარწერათა სრულიად”, ”მოგზაურობა გორთან, ხიდისთავსა შინა 1849­სა წელსა”, ”მოგზაურობა და მოხილვა იმერეთისა 1850 წელსა” (მოხსენებები ინახება ს.­პეტერბურგში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა საცავში, ბროსესეულ ფონდში - №47). XIX საუკუნის შუა წლებისათვის საქართველოში 1832 წლის ეროვნულ­განმანთავისუფლებელ გამოსვლას მოყოლილი რეპრე­სიების შედეგად ჩამკვდარი კულტურული ცხოვრება რამდენადმე გამოცოცხლდა. დაარსდა სამეცნიერო საზოგადოებები; გაიხ­სნა მუზეუმი, ბიბლიოთეკა; დაიწყო პერიოდული გამოცემების დასტამბვა, სადაც სამეცნიერო სტატიებიც იბეჭდებოდა. ამ პერიოდულ გამოცემებში ხშირად ნახმარ სიტყვა ”არქეოლო­გია”-ს მაშინ საკმაოდ ფართო, მრავლისმომცველი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ფრიად მოდურ სიტყვად იქცა. გამოქვეყნებულ წერი­ლებში არქეოლოგიური მასალის შესწავლა და ფიქსირება ხშირად შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ამ მასალის აღწერა უმეტესად ჩართულია ან არეულ­გადახლართულია საბუნებისმეტყველო და ფოლკლორულ მონაცემებთან. სიტყვა ”არქეოლოგიაში” მაშინ ძირითადად ყოველგვარ სიძველეთა - წიგნების, ეკლესია­ მონასტრების, ხატების, ეპიგრაფიკული ძეგლების - აღწერა­ შესწავლა იგულისხმებოდა. მიწისქვეშა ძეგლების კვლევას კი უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს ბუნებრივიც არის, რად­გან იმ დროს არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული დღევანდელი მნიშვნელობით. ერთ­ერთი პირველი საზოგადოება, რომელმაც რამდენადმე მიაქცია ყურა­დღება საქართველოს სიძველეებს, იყო გეოგრაფიული საზოგა­დოება. ის 1850 წელს გაიხსნა თბილისში. პირველსავე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად აღინიშნა, რომ დაარსებულმა საზოგა­დოებამ უნდა შექმნას მუზეუმი და არქივი. მისი აქტიური წევრები იყვნენ: რ.ერისთავი, პ.იოსელიანი, დ.ყიფიანი, გ.ორბელიანი, გ.ერისთავი, ვ.სოლოგუბი, ა.ბერჟე, პ.უსლარი, მ.ჭილაშვილი და სხვ. ახლად დაარსებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა თბილისში მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით საზოგადოების წევრები­სათვის დაევალებინა ექსპონატების შეგროვება­კატალოგიზაცია და საკვლევ ექსპედიციებში მონაწილეობა. მუზეუმი გაიხსნა 1852 წლის გაზაფხულზე. მისი იმდროინდელი ადგილსამყოფელი იყო დღევანდელ ალ.ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლი. ეს იყო პირველი მუზეუმი მაშინდელ კავკასიაში. თბილისში დაარსებული მუზეუმი შედგებოდა ეთნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და ისტორიულ-­არქეოლოგიური განყოფილებებისაგან. 1854 წლისათ­ვის მუზეუმი უკვე 3300 ექსპონატს ითვლიდა. მუზეუმის საისტო­რიო­-არქეოლოგიური კოლექციები შეავსო მიწის წიაღში აღმოჩე­ნილმა ბევრმა ექსპონატმა. აქ თავი მოიყარა დიდი რაოდენობით ნუმიზმატიკურმა მასალამ, საჭურველ­იარაღის ნაშთებმა, სამკა­ულებმა და სხვ. მუზეუმს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა უცხ­ოურ სამეცნიერო დაწესებულებასთან. 1863 წელს ეს მუზეუმი დაიშალა. მისი კოლექციები გადაეცა თბილისში ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს, რომელსაც სათა­ვეში ჩაუდგა გ.რადე. ამ მუზეუმსაც, ისევე როგორც მის წინამორ­ბედს, უფრო ეთნოლოგიურ­საბუნებისმეტყველო ხასიათი ჰქონდა. მაგრამ აქ არც ისტორია­არქეოლოგია იყო დავიწყებული. შემ­დგომში კავკასიის მუზეუმის საფუძველზე საქართველოს სახელმ­წიფო მუზეუმი აღმოცენდა. პირველი მუზეუმის დაარსებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, გეოგრაფიული საზოგადოების ერთ­ერთმა წევრმა პლატონ იოსე­ლიანმა (1809-­1875 წწ.), რომელმაც თავის დროზე საყურადღებო ქართველოლოგიური გამოკვლევები შექმნა. კერძოდ, ჩვენთვის ფრიად საინტერესოა მისი ისტორიულ­არქეოლოგიური ხასიათის შრომები, სადაც იგი ეხება საქართველოში ქალაქების წარმოშობის საკითხებს. მისი მოსაზრებით, საქართველოში ქალაქები ძირითა­დად წარმოიქმნა მთავარ მდინარეთა ნაპირებზე და მათ ძირითად შენაკადებთან, სამხედრო­სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშ­ვნელოვან პუნქტებთან, რელიგიურ ცენტრებთან; უფრო იშვი­ათად, წარმოების თავისუფალი კონცენტრაციის ან ვაჭრობის განვითარების შედეგად. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად პ.იოსელიანს მცირე მასშტაბის დაზვერვითი გათხრები უწარმოე­ბია დღევანდელ სოფ.ჟინვალთან, ძველი ნაქალაქარის ადგილზე. მას აქ აღმოუჩენია და გაუთხრია რიყის ქვის ნაგებობის ნაშთები, მოუპოვებია კერამიკისა და ლითონის ნივთების ნატეხები (სამწუხ­აროდ, უფრო დაწვრილებითი ცნობები ამ გათხრების შესახებ არ შემორჩენილა). ჯერ კიდევ 1844 წელს (ე.ი. გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მცხ­ეთა მიიქცევდა საყოველთაო ყურადღებას) პ.იოსელიანი თავის ერთ­ერთ ნაშრომში წერდა, რომ მცხეთაში არის ბევრი ნანგრევი, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლიაო. 1867 წელს მცხეთაში, სარკინიგზო ხიდის მახლობლად, მდ.მტკვრის ნაპირზე, გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა ქვათლილი 75 წელს ამოკვეთილი წარწერით. შემდგომ წლებში მცხეთაშივე, სამთავროს ველზე და ბებრისციხის მიდამოებში, ისევ შემთხ­ვევით, უძველესი სამარხები აღმოჩნდა. ამ აღმოჩენებმა გამოიწვია მთავრობის დაინტერესება და 1871 წელს თბილისში მცხოვრებ ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნს სთხოვეს სამთავროს მინდორზე გათხრების წარმოება. აქ გაითხარა ქვისფილებისაგან შედგე­ნილი სამარხები. ამოღებულ იქნა კერამიკა, ლითონის იარაღები, სამკაულები და სხვ. ხსენებულმა ნივთებმა შემდეგ კავკასიის მუზეუმის ფონდები შეავსო. მართალია, არც საველე სამუშაოები ჩატარებულა სათანადო დონეზე და არც განათხარის ისტორიული გააზრება მომხდარა სწორად, მაგრამ თვით არქეოლოგიურმა მასალამ საზოგადოებრიობის დიდი ინტერესი გამოიწვია. 1885 წელს ქ. ბერლინში დაისტამბა ფრ. ბაიერნის ნაშრომი, რომელშიც სხვებთან ერთად განხილულია სამთვროს ველის სამარხებიც. 1879 წელს ფრანგი ანთროპოლოგი ე. შანტრი სამთავროშივე თხრის რამდენიმე სამარხს. მცხეთის ამ არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ კავკასი­ისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი ისტორიკოს­ არქეოლოგთა ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ 1872 წელს თბილისში შეიქმნა კავკასიის არქეოლოგიური კომიტეტი, რომელსაც ისტო­რიულ­-არქეოლოგიური სამუშაოების კოორდინაცია უნდა მოეხ­დინა კავკასიაში.

კომიტეტის საქმიანობის შესახებ ცნობები იბეჭდ­ებოდა სპეციალურ ჟურნალში, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1872­-1873 წწ. აქ მოყვანილი ცნობები ძირითადად ეკლესიების აღწერილობებს შეიცავს. მალე ეს კომიტეტი შეუერთდა ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებას”, რომელიც დაარსდა 1873 წელს ქ. თბილისში. ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” დაარ­სებას წინ უძღოდა გარკვეული სამზადისი. კერძოდ, 1873 წელს ჟურნალ ”ცისკარში” (იხ.№3­4) გამოქვეყნდა დ.ბაქრაძის სტატია, რომლითაც ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა გასცნობოდა თავის სამშობლოში არქეოლოგიური კვლევა­ძიების პერსპექ­ტივებს. სტატიის სათაურია  ­ ”შესახებ კავკასიის არქეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებისა, რომლის დაფუძნებასაც აპირებენ ტფილისში~. დასაწყისში საუბარია საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის რეგიონის ისტორიულ-­არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობასა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეო­ბის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიული განვითარებისათვის; შეფასებულია ისტორიული ძეგლების წარწერების ადგილი ქვეყნის წარსულის შესწავლაში. შემდეგ ის აღნიშნავს, რომ არქეოლოგიას ჩვენთანაც მიექცა ყურადღება და გადაწყვეტილია არქეოლოგიური საზოგადოების შექმნა, რათა `მოიყვანონ ცნობაში ძველნი სახსო­ვარნი, აკლდამების გათხრა, სადაცა მოიპოვებიან ძველის დროების კვდართან ჩატანებული ნივთები, ზედ წარწერების შეკრება და რა მოიყვანოს ყველა ეს ცნობაში, გაავრცელონ ეს ცნობები ხალხში. ამ არქეოლოგიის შეწევნა აღიდგინა კარგათ ძველის, დიდი ხნის გამქრალის ხალხების მდგომარეობა კავკასიაში, ამ აზრს ჯერ აქომამდე არ შეხებიან, თუმცა ამას, ქვეყნის ზურგზედ, არქეოლოგიის მხრივ თითქმის უჭირავს პირველ ადგილთაგანი”. იქვე: ”ეს სახსო­ვარნი მარტო თვალსაჩინარნი კი არ არიან, რამდენნი არიან დაფ­ლულნი თვით მიწაში, როგორც გვარწმუნებს, მცხეთა, სადაც, რა გადათხარეს აკლდამები, რამდენი ღირს შესანიშნავი ძველის დრო­სანი, აღმოჩნდნენ”. რაც აღმოაჩინეს, იღუპება ჰაერის შეხებისგანო - შეშფოთებულია დ.ბაქრაძე. მას აგრეთვე აწუხებს ის, რომ ხალხი ძველი ნანგრევების ქვებს სამშენებლო მასალად ხმარობს და ამით ზიანს აყენებს ძეგლებს; იგი თვლის, რომ არქეოლოგიური საზოგადოების შექმნა ამიტომაც არის საჭირო - საზოგადოებამ უნდა ”...მოიყვანოს ცნობაში ღირს სახსოვარნი შენობები; გაუ­ფრთხილდეს, არავინ წაახდინოს, ფოტოგრაფიებით გადმოიღოს ისინი და იმათი მხატვრობა; გადმოწეროს ზედ წარწერები; შეისყი­დოს, სადაცა ჰპოვებს, ძველი ფულები, ოქმები, მანუსკრიპტები და იმისთანა ნივთები, რომელნიცა წარმოგვიდგნენ ძველის დროის სახსოვარსა; გადაათხრევინოს ის აკლდამები, სადაცა დაინახავს საჭიროდ”. როგორც ვხედავთ, ამ სტატიაში მომავალი არქეოლოგიური საზოგადოებისათვის დასახულია ფრიად პროგრესული აზრებით გამსჭვალული პროგრამა; დასმულია საკითხი ძეგლთა დაცვის, გრაფიკული ფიქსაციის, აღწერის, შესყიდვის და გათხრის შესახებ. ამ საპროგრამო სტატიის ავტორი დიმიტრი ბაქრაძე (1826­-1890წწ.) ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” ერთ­ - ერთი დამაარსებელი და აქტიური მოღვაწე იყო. დ.ბაქრაძე საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობის ერთ­-ერთ მთავარ გზად საქართველოს ისტორიის წყაროებისა და მასალების ძიებას თვლიდა. მას, სრულიად სამართლიანად, მიაჩნდა, რომ საქართველოს ისტორიისათვის მასალების შეგ­როვება ძირითადად ისტორიულ­-არქეოლოგიური კვლევა­ძიების შემწეობით უნდა მომხდარიყო. ამიტომ დ.ბაქრაძე აწარმოებდა კვლევა­-ძიებას სვანეთში, აჭარაში, გურიაში, მესხეთ­ჯავახეთში, სამეგრელოში, საინგილოში და სხვ. ეს ისტორიულ-­არქეოლოგიური მოგზაურობები დ.ბაქრაძის მიერ შემუშავებული საერთო გეგმის ნაწილს შეადგენდა. მისი საერთო დიდი მიზანი მთლიანად საქართველოს სიძველეების შეს­წავლა იყო. ამ მიზნის მიღწევა, ბუნებრივია, მარტო ერთი მეცნი­ერის ძალებს აღემატებოდა. ამიტომ საჭირო შეიქმნა გარკვეული სამეცნიერო ძალების გაერთიანება. ამ დროისათვის საქართ­ველოში მოღვაწე მეცნიერები კარგა ხნის განმავლობაში არაორ­განიზებულად, მაგრამ მაინც დიდი გულისყურით კრებდნენ და სწავლობდნენ საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვან მასალებს. ამიტომ იყო, რომ არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგა­დოების დაარსების იდეას მოწინავე საზოგადოება სიხარულითა და აღტაცებით შეხვდა. დაინტერესებულ წრეებში უკვე საკმაოდ კარგად იცნობდნენ ქართველი მეცნიერ­მოღვაწეების - პ.იოსე­ლიანის, ს.ბარათაშვილის, რ.ერისთავის, დ.ყიფიანის, გ.ორბე­ლიანის, დ.ბაქრაძის და სხვათა საქმიანობას, რაც ნათლად ჩანდა მაშინდელ საქართველოში გამომავალი პერიოდული გამოცემების ფურცლებზე. 1873 წლის 23 მარტს დამტკიცდა ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” წესდება. დაადგინეს, რომ ამ საზოგადოების ცენტრი იქნებოდა ქ.თბილისში და მისი მიზანი იყო ძველი ნაგებობებისა და, საერთოდ, სიძველეთა გადარჩენა დანგრევა-­განადგურებისაგან. საზოგადოებას შეძლებისდაგვარად უნდა შეეძინა სიძველეები მოსახლეობისაგან, თვითონაც მოეპოვე­ბინა მასალები და ყოველივე ეს მეცნიერულად შეესწავლა. ამგვარი შესწავლის შედეგები თითოეულ წევრს უნდა მოეხსენებინა კრე­ბაზე და საზოგადოების კომიტეტის დასტურით გამოექვეყნებინა. საზოგადოებას სამეცნიერო კავშირი უნდა ჰქონოდა როგორც კავკასიის, ისე ევროპის სხვადასხვა საზოგადოებასთან, რათა ახალი ინფორმაცია მიეღო. საზოგადოების წესდებაში აღნიშნუ­ლია, რომ ის მოაწყობს სპეციალურ ექსპედიციებს და აწარმოებს  გათხრებს. წესდებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ყველა სამეცნი­ერო შრომა გადაეცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას, ხოლო არქეო­ლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა გადავიდოდა საზოგადოების მუზეუმში. შემდგომში ეს მუზეუმი შეუერთდა კავკასიის მუზეუმს, საზოგადოებას მთავრობისაგან მიეცა შრომების ბეჭდვის ნებართვა. ამგვარად, 1875 წელს თბილისში გამოიცა საზოგადოე­ბის პირველი წიგნი. წიგნში დაიბეჭდა საზოგადოების ოქმები და სამეცნიერო სტატიები. როგორც ირკვევა, საზოგადოების წევ­რობა შეეძლოთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნის ქვეშევრდომებს. საზოგადოების ძირითადი წევრი სამოცამდე კაცი იყო. ის არსებობდა საწევროების, საქველმოქმედო შემოწირუ­ლობათა ხარჯზე და დიდ ხელმოკლეობას განიცდიდა. სწორედ ამ ხელმოკლეობის გამო საზოგადოებამ ვერ მოახერხა თავისი საქმი­ანობის ფართოდ გაშლა. მას არქეოლოგიური გათხრები თითქმის არ უწარმოებია და შემოისაზღვრა ძირითადად მიწისზედა ისტო­რიული ძეგლების აღწერა­-პუბლიკაციით; გამოიცა საზოგადოების შრომების სულ ორი კრებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” დამსახურება ქ.თბილისში არქეოლოგიური კონფერენციის ჩატარების საქმეში. ის არქეოლოგთა ამ თავყრილობის ჩატარების ერთ­ერთი ინიციატორი და ორგანიზა­ტორი იყო. 1873 წელს კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოე­ბის გახსნის დღეს, კავკასიაში არქეოლოგიური კვლევა­ძიების პერ­სპექტივების შესახებ მოკლე მიმოხილვითი მოხსენება გაკეთდა, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა საზოგადოების კრებულში. აღინიშნა, რომ საჭირო იყო შავიზღვისპირეთის არქეოლოგიური შესწავლა, რადგან აქ აღმოჩნდა ისეთი საინტერესო ნაგებობები, როგორიც დოლმენებია. აქვე აღინიშნა სოხუმის, ფოთის და ბიჭვინთის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობა, შემდეგ ჩამოთვალეს ისტორიული ძეგლები, რომელთა შესწავლაც სასურ­ველად მიაჩნდათ. ესენია: დასავლეთ საქართველოში - ბედია, ნოქალაქევი, ფოთი­ფასისი, ოზურგეთი, ქუთაისი, ვარდციხე, ონი, ხონი, შორაპანი; აღმოსავლეთ საქართველოში - სურამი, ოძრხე, თმოგვი, ახალციხე, ახალგორი, კასპი, ბოლნისი, დმანისი, მცხეთა, ჟინვალი, გრემი, ნეკრესი, უჯარმა, ჭერემი და სხვ. აქვე იყო დას­მული საკითხი კავკასიის მხარის არქეოლოგიური რუკის შედგენის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრე­ბის ჩატარების შესახებ საკითხი პირველად 1856 წელს მ.ჭილაშ­ვილმა აღძრა, მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების ერთ­ერთ შეკრე­ბაზე მოხსენებით გამოვიდა დ. ბაქრაძე. მან ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საქართველოში არქეოლოგიური კვლევა-­ძიების საქმე; ყურადღება გაამახვილა მომავალი გათხრე­ბის ობიექტებზე და იმაზე, თუ სად უნდა მოველოდეთ უკეთეს შედეგებს. დ.ბაქრაძემ წამოაყენა წინადადება, რომ იმ ეტაპზე უპირატესად უნდა შესწავლილიყო კავკასიის ადრეული ეპოქები, რადგან მათ შესახებ ყველაზე უფრო მცირე ინფორმაცია ჰქონ­დათ. ძველი წერილობითი წყაროების გამოყენებით მან მოგვცა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ-­არქეოლოგიური მიმოხილვა. შემდეგ იგი საგანგებოდ აღნიშნავს და მოიხსენიებს ორ პუნქტს - მცხეთასა და ვაშნარს. ამ პუნქტებში, მისი აზრით, არქეოლოგიური კვლევა-­ძიება ძალიან ნაყოფიერი და საქართველოს ისტორიისათვის ბევრის მომცემი იქნებოდა. 1874 წელს დ.ბაქრაძეს ამ მოსაზრების დასასაბუთებლად სოფ.ვაშნართან (გურიაში) ჩაუტარებია არქეოლოგიური დაზვერვები. გათხრების შედეგად მას მოუპოვებია კერამიკის, მინის, რკინის და ბრინჯაოს ნივთები. მას აქვე უნახავს ნაგებობის ნაშთები, კერძოდ, მარმარი­ლოს სვეტის ნაწილები, აგური, კრამიტი. დ.ბაქრაძის ხანგრძლივი ისტორიულ­-არქეოლოგიური კვლევის შედეგი იყო მისი მონოგრაფია ­ ”კავკასიის ძველი ქრისტიანული ძეგლები”, რომელიც დაიბეჭდა `კავკასიის არქეოლოგიის მოყვარ­ულთა საზოგადოების” კრებულში. ნაშრომში მოცემულია ძირი­თადად საქართველოს ქრისტიანული ძეგლების აღწერილობა და კვლევის შედეგები. ძეგლების აღწერას თან ახლავს მეცნიერული ანალიზი, მითითებულია წყაროები, რომელთა საფუძველზეც დაიწერა გამოკვლევა. თითოეული ძეგლის აღწერას წინ უძღვის  მოკლე მხარეთმცოდნეობითი მიმოხილვა იმ რეგიონისა, სადაც ეს ძეგლი მდებარეობს. ამ ნაშრომში გამოტოვებული არ არის არც ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. დ.ბაქრაძისათვის ძეგლის დათა­რიღებისას მთავარია მისი არქიტექტურული სტილი. ნაშრომში სულ სამას ოცამდე ძეგლია აღწერილი და შესწავლილი. ამ მონო­გრაფიისათვის 1877 წელს დ.ბაქრაძე ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დ.ბაქრაძე ერთ­ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ცდი­ლობდა საქართველოს ისტორიის კვლევისას გამოეყენებინა ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ისტორიის უძველესი ხანის შესასწავლად არქე­ოლოგიური კვლევა­ძიება იყო საჭირო. იგი თავის ნაშრომში ”ისტო­რია საქართველოსი” აღნიშნავს, რომ ”...ისტორიის წინადროთა არქეოლოგია ჩვენ, რომ გამოკვლეული გვქონდეს, შეიძლება იმათ ყოფა­ცხოვრებას, დამოკიდებულებას ერთისა მეორესთან და უცხო ტომნათესავებთან შევხებიყავით; მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ნაკლულადა ვართ”. იქვე: ”უეჭველია, რომ ქართლ-­კახ­ეთში, იმერეთში, მესხეთში და შავი ზღვის პირად უნდა აღმოჩნდეს მრავალი ძველი ნივთეულობა, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს წარსულს საუკუნოებსა”. “კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება~ დ.ბაქრაძის აქტიური მონაწილეობით აღნუსხავდა და უყურადღებოდ არ ტოვებდა კავკასიის ტერიტორიაზე შემთხვევით არქეოლო­გიურ აღმოჩენათა თითქმის არცერთ ფაქტს. ამგვარად აღინუსხა ახალციხისკენ მდ.კურცხანის და ოცხის შესართავთან სახლის საძირკველის თხრის დროს აღმოჩენილი სამი მოთეთროფერის პატარა დოქი; სოფ.ნინოწმინდაში შემთხვევით ნაპოვნი სპილენ­ძის მახვილი; არტანუჯის ციხესთან მოპოვებული ბრინჯაოს ზარი და თიხის ქოთანი. ამ ზარს ასომთავრული წარწერა ჰქონდა; სოფ.საგურამოში და სოფ.ურბნისთან 1876 წელს შემთხვევით უპოვიათ თიხის სარკოფაგები. ურბნისშივე მონეტების აღმოჩენის შესახებ ცნობას გვაწვდის პ.იოსელიანი. თბილისში ქალთა გიმნაზიისათ­ვის (ჩიტაძის ქუჩა) ფუნდამენტის გაჭრის დროს უპოვიათ მონე­ტების განძი. მცხეთის შემდეგ იმ პერიოდში, არქეოლოგიური თვალსაზ­რისით ყველაზე დიდი ინტერესი სტეფანწმინდის (ყაზბეგის) უძვე­ლესმა ნივთებმა გამოიწვია. ამ პუნქტმა და მისმა მიმდებარე ტერ­იტორიამ უკვე XIX ს.­ის 60­იანი წლებიდან მიიქცია სიძველეების მკვლევართა ყურადღება შემთხვევით ნაპოვნი ძველი ნივთებით. ცნობილია გათხრების შედეგად მიკვლეული დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალა დაბა სტეფანწმინდასთან (ყაზბეგთან), რომელიც ამჟამად ინახება მოსკოვის ისტორიული მუზეუმის, ს.­პეტერბურგის ერმიტაჟისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდებში. დაბა სტეფანწმინდაში, ახლანდელი ალ. ყაზბეგის სახლ­ მუზეუმის გვერდით, სახლის საძირკვლის თხრისას უპოვნიათ ბრინჯაოს ნივთები - საკინძეები, სამაჯურები და სხვ. ამ აღმო­ჩენასთან დაკავშირებით სტეფანწმინდაში ჩამოვიდა გ.ფილი­მონოვი, რომელმაც 1877 წელს, ამ ნივთების აღმოჩენის ადგილის აღმოსავლეთით გაჭრა თხრილი. აქ დადასტურდა ე.წ. სხივანა საყურე, ოქროს ბალთა, პასტის მძივები, ბრინჯაოს ჯაჭვის ნაწ­ყვეტები, ვერცხლის თასი, სპილენძის სიტულა, სულ ორასამდე სხვადასხვა ნივთი. შემდგომ ამ ნივთების ნაწილი ს.­პეტერბურგის და მოსკოვის ზემოთ ხსენებულ მუზეუმებში მოხვდა. გამთხრელის აზრით, მის მიერ მოპოვებული მასალა სამარხეული ინვენტარი იყო. ამ სამარხს კი ის რკინის ხანის დასაწყის ეტაპს აკუთვნებდა და მიიჩნევდა ადგილობრივი მაღალგანვითარებული კულტურის ნაყოფად. ამავე ადგილის მომიჯნავე ფართობი 1878 წელს გათხარა ფ.ბაიერნმა. აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები და რკინის შუბისპირები. გამთხრელის აზრით, ეს ადგილი უნდა ყოფილიყო სალოცავი, სადაც სწირავდ­ნენ სხვადასხვა ნივთებს. ფ.ბაიერნმა აგრეთვე არქეოლოგიურად დაზვერა მდ.სნოს ხეობა. კერძოდ, სოფ.ჯუთაში მან გათხარა სამი სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა რკინის ისრისპირები, ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს და რკინის სამაჯურები და სხვა. აქვე სოფ.ართხმოში გაუთხრიათ სამარხები. 1879 წელს სტეფანწმინდაში ჩასულა არქეოლოგი ალ.უვაროვი, რომელსაც ფ.ბაიერნის მიერ გათხრილი მონაკვეთის სამხრეთით გაჭრილ საცდელ თხრილში აღმოუჩენია სამი უძველესი სამარხი. აქ უპოვიათ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის ნივთები. 1882 წელს დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, მდ.თერგის ხეობაში სოფ.გველეთთან აღმოჩენილა ძველი ნივთები, რომლებიც შემ­დგომ მოხვდა ს.­პეტერბურგის ერმიტაჟში. ერთ-­ერთი საყურადღეო არქეოლოგიური ძეგლი, რომელმაც ადრევე, კერძოდ, 1876 წელს მიიქცია ძველი ისტორიით დაინტერ­ესებულ პირთა ყურადღება, არის ვანი (მდებარეობს მდ.სულო­რის და მდ.რიონის შესართავის მახლობლად). 1876 წელს გაზეთ ”დროებაში” №52 აღნიშნულია სოფ.საჩინოს (ვანი) ახვლედიანე­ბის გორაზე სამარხებისა და ოქროს სხვადასხვა ნივთების ხშირი აღმოჩენის ფაქტები. აქვე გამოთქმულია აზრი ­”როგორც ჩანს, დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაში. ვინ იცის, ისტორიის რამ­დენი მასალები არის ნაპოვნი და პატრონების უცოდინარობისაგან დაღუპულა და რამდენი კვლავ იპოვება ამ გორაში”. ვანში ნაპოვნმა ცალკეულმა საგნებმა თავი იჩინა ჯერ კიდევ 1848 წელს, როცა ქ.ქუთაისში გავლით მყოფ ცნობილ ქართველოლოგს მ.ბროსეს ვანში ნაპოვნი მამაკაცის თხუთმეტიოდე სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება გადასცეს. ნივთი მ.ბროსეს ს.­პეტერბურგში გადაუგზავნია. ნივთი ამჟამად დაკარგულია. 1880 წელს მწერალს და საზოგადო მოღვაწეს გიორგი წერ­ეთელს (1842­-1900 წწ.) ვანში ნაპოვნი ნივთების შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია არქეოლოგიური კონფერენციის მოსამზადე­ბელი კომიტეტისათვის. ერთგვარად ამის შედეგიც იყო ალბათ ის, რომ 1889 წელს ვანში, ახვლედიანების გორაზე არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით მცირე გათხრები ჩაუტარებიათ. აქ გაუთხრიათ რამდენიმე სამარხი, უპოვიათ ლითონის ნივთები და კერამიკა. გ.წერეთელს 1878-­80­იან წლებში არქეოლოგიური დაზვერვები ჩაუტარებია და მოუხილავს მღვიმევის გამოქვაბული, რომელიც მდ.ყვირილას ხეობაში ქ.საჩხერესა და ქ.ჭიათურას შორის მდებარე­ობს; საჩხერესთანვე, ციხე მოდინახეს გორის ფერდობზე უნახავს  სამარხების ნაშთები. აქ ყოფილა კერამიკისა და ლითონის ნივთები; მდ.ყვირილას ხეობაში შორაპნის ციხესთან უნახავს თიხის ძველი წყალსადენის ნაშთები; სოფ.შორაპანთან, ადგილობრივი მცხოვრე­ბლების გადმოცემით, რკინიგზის ხაზის გაყვანისას მუშებს შემთხვე­ვით უპოვიათ სამარხები, რომელთა ნივთებიც გზის მუშებს დაუ­ტაციათ; ქ.ქუთაისში, მდ.რიონის ნაპირთან, ახლანდელი წითელი ხიდის ახლოს აღმოჩნდა ძველი აბანო; ბაგრატის ტაძრის ჩრდილო­ეთით შემთხვევით უნახავთ სამაროვნის ნაშთები. ქუთაისშივე, ახლანდელი ბაზრის მიდამოებში, სადაც წინათ ბაღი ყოფილა გაშენ­ებული, აღმოჩნდა კერამიკა. აღწერიდან ჩანს, რომ ის ე.წ. კოლხური კერამიკა უნდა ყოფილიყო. გ.წერეთელსვე შეუტყვია, რომ სოფ.ციხისძირთან, კვირიკეს გორაზე ახალი საფორტიფიკაციო ნაგე­ბობის მშენებლობის დროს უპოვიათ მარმარილოს სარკოფაგი. აქ ნანახი ოქროს და ვერცხლის ნივთები მუშებს დაუტაციათ. 1880 წელს ფოთი­თბილისის რკინიგზის ხაზზე სოფ.ჭოგნარსა და სადგურ აჯამეთს შორის მიწის სამუშაოებისას აღმოჩნდა ორი ძველი ნამოსახლარი გორა ადგილ ნასაჯვარევთან. აქ, დადას­ტურდა კერამიკული ნაწარმი; ლითონის იარაღი - ცულები, დანები, ისრისპირები, ბრინჯაოს სამაჯურები და სხვ. XIX საუკუნის 80­იან წლებში ქ.სოხუმის ერთ-­ერთ სკოლაში ყოფილა მცირე არქეოლოგიურ­-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი, რომელიც შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო, ქვეყნის შიდა რაიონებში გადაუტანიათ. შემდგომში ეს ძველი ნივთები დაკარ­გულა. დაახლოებით ამავე დროს, ქ.სოხუმში ჩაუტარებიათ კვლ­ევა­-ძიება: უნახავთ ძველი დიოსკურიის ნანგრევები. ამის შესახებ მიუწოდებიათ ცნობა არქეოლოგიური კონფერენციის მოსამზადე­ბელი კომიტეტისათვის. ცნობაში აღნიშნულია არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ადგილები. ესენია: ქ.სოხუმის სანა­პირო დღევანდელი საზღვაო პორტის ჩრდილოეთით, სადაც ზღვის ნაპირზე პოულობდნენ ხოლმე ძველ ნივთებს; აგრეთვე ბიჭვინთის ტერიტორიასთან ინკიტის ტბის სანაპირო, მდ.წებელდის ხეობა. 1886 წელს ქ.სოხუმში არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით, ახლანდელი რუსთაველის ბაღის დასავლეთ ნაწილშიმცირე მასშტაბის გათხრები ჩაუტარებიათ. განათხარში აღმოჩნდა კერამიკა, მათ შორის ამფორის, შავ და წითელლაკიანი ჭურჭლის ნატეხები. აქვე ნახეს ქ. ამისოს მონეტა. 1880 წელს სოფ.დიღომთან, იქ სადაც დიღმისწყალი უერთდება მდ.მტკვარს, მცირე გათხრები აწარმოეს. ამ ადგილზე ნაპოვნ სიძველეებს ჯერ კიდევ 1866 წელს მიუქცევია ყურადღება. ნანახი ნივთების მიხედვით გამოითქვა აზრი, რომ ისინი მცხეთის სამთავროს სამაროვნის მონაპოვარს ჰგავდა. ხსენებულ ტერიტორიაზე გაითხარა თერთმეტი სამარხი. მათში ვერცხლის სამკაულები და თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ” პირველმა წამოჭრა საკითხი ქ.თბილისში არქეოლოგიური კონფერენციის ჩატარების შესახებ. ჩამოყალიბდა მოსამზადებელ­ - საორგანოზაციო კომიტეტი, რომ­ლის მუშაობასაც ხელს უწყობდა ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვა­რულთა საზოგადოება”. 1878 წელს ქ.თბილისში აირჩიეს კონფერ­ენციის მომწყობი ადგილობრივი საორგანოზაციო­მოსამზადებელი კომიტეტი დ.ბაქრაძის ხელმძღვანელობით. კომიტეტმა დიდი მუშაობა გაწია - მას უნდა შეეკრიბა მასალები კავკასიის ისტო­რიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის და ენების შეს­ახებ. თბილისის კომიტეტის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიუ­რად მონაწილეობდნენ - დ.ბაქრაძე, დ.ჯორჯაძე, ა.ცაგარელი, რ.ერისთავი, ა.კომაროვი, ა.ბერჟე, ე.ვეიდენბაუმი, გ.რადე და სხვ. ხალისიანად ჩაება კონფერენციის მოსამზადებელ საქმიანობაში ქ.თბილისის ინტელიგენციაც. არქეოლოგიური კონფერენციისათ­ვის ეს მზადება ძლიერი ბიძგი იყო საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ენათმეცნიერების განვითარების საქმეში. არქეოლოგიური ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტმა თბილისის ყრილობაზე მოიწვია ორმოცამდე ცნობილი უცხოელი მეცნიერი. მათ შორის - ოს.მონტელიუსი (სტოკჰოლმი), რ.ვირხ­ოვი (ბერლინი), ჰ.შლიმანი (ათენი), ა.რამბო (პარიზი), ე.შანტრი (ლიონი), გ.მორტილიე (პარიზი), ე.როსი (რომი) და სხვ. არქეოლოგიური კონფერენცია თბილისში 1881 წლის 8 სექტემ­ბერს 12 საათზე გაიხსნა, ხოლო დაიხურა 21 სექტემბერს. კონ­ფერენციამ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას ესწრებოდა 850­-მდე კაცი, რომელთაც ჰქონდათ სპეციალური საშვები და სამ­კერდე ნიშნები. კონფერენცია დაიყო რვა განყოფილება­ - სექციად: პირველყოფილი საზოგადოების ძეგლები; წარმართული და კლასი­კური ხანის ძეგლები; ქრისტიანული ხანის ძეგლები; მუსლიმური სიძველეები; ხელოვნების და მხატვრობის ძეგლები; დამწერლო­ბის ძეგლები; ლინგვისტიკა; ისტორიული გეოგრაფია. სექციების სხდომებზე 81 მოხსენება იქნა წაკითხული. კონფერენციის თავ­მჯდომარემ, სხვა საკითხებთან ერთად, დამსწრეთ მოკლედ მოახ­სენა არქეოლოგიური კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტის მიერ ჩატარებულ საქმიანობაზე. კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის თვალსაზრისით საინ­ტერესო იყო მხოლოდ მცირე არქეოლოგიური მოხსენება­-ინფორ­მაცია სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) და მდ.რიონის გაყოლებაზე მდებარე არქეოლოგიური ძეგლების შესახებ. მომხსენებლებს საუბარი ჰქონდათ კონფერენციის წინ ამ პუნქტებში ჩატარებულ არქეოლოგიურ დაზვერვაზე, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი. საყურადღებოა, რომ ამ კონფერენციაზე, უკვე მეორედ, წამოი­ჭრა საკითხი კავკასიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმო­ჩენების რუკის შედგენის თაობაზე.

გაგრძელება (ნაწილი II)