<უკან დაბრუნება...<<<დავით გარეჯის კომპლექსი>>>
ნ.თურმანიძის ფოტო (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+))
გონაშვილი დიმიტრი - ივრის ხეობაში //საბჭოთა ხელოვნება. - 1965. - N12. - გვ.49-54.
ორივე მადაზანა ერთმანეთის ახლო, ერთ პატარა ღელის გრძივში მდებარეობს; მათ შორის მანძილი კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს; ბუნება მწირი ერთფეროვანია, მცენარეულობით საგრძნობლად ღარიბი, იზრდება ძეძვი, ისიც აქა-იქ. მხოლოდ მღვიმეების მახლობლად ვხვდებით ბროწეულისა და ლეღვის რამდენიმე ძირს; საფიქრებელია აქ ოდესღაც სხვა ნარგავებიც იყო ხელოვნურად გაშენებული. ღელეში მეტწილად მწარე და მლაშე წყლებია; აქვე გამოდის სასმელი წყაროც, რომელსაც ადგილობრივი მწყემსები ბერების წყალს უწოდებენ, ღელე და სერების კალთები ადრე გაზაფხულიდან მწვანე მოლით იფარება. ურო ბალახის გარდა იზრება ავშანი და ყარაღანი - პირუტყვთა გემრიელი საჭმელი.
ქვემო მაღაზანა
სოფ.მაღაროდან ივრისკენ მიმავალი შარაგზით გაივლით რა მცირე განის ველს - ნეემარს, გადაზედავთ მდინარის ხეობას, უკანასკნელის გაღმივ, დასავლეთით, მოჩანს პირქუმი კლდე, რომელსაც გლეხობის უმრავლესობა მაღაზიებს უწოდებს. ზოგნი სხვა სახელებსაც არქმევენ - სერნაკები (სენაკები), ბერების ჩრდილი. იმ თორმეტ უდაბნოთაგან, რომელთაც პლატონ იოსელიანი იხსენიებს თავის შრომაში ”Описание древностей города Тифлиса”, ერთ-ერთს ”მაღაზანა, ან მღვიმე” ეწოდება. ხალხური გამოთქმით ”მაღაზიები” იგივე მაღაზანაა, ენობრივად ოდნავ სახეშეცვლილი. რას უნდა აღნიშნავდეს სიტყვა მაღაზანა? თუ მღვიმე მისი სინონიმია, ბადალი სიტყვაა - ”მაღაზანა, ანუ მღვიმე, როგორც ეს მოხსენებულია პლატონ იოსელიანის შრომაში, მაშინ მნიშვნელობის დადგენა შეიძლება. ”მღვიმე არს მთხრებლი კდისა კაცთათვის საპატიმროდ, გინა თავით თვისით შთაჯდეს სინანულისათვის” (სულხან-საბა - ორბელიანი, ”ქართული ლესიკონი”). ასეთ იზოლირებულად გამოკვეთილ ვიწრო, დაბალ სენაკებს მხოლოდ აქ, ქვემო მაღაზანის ქვაბულებში ვხვდებით, ამდენად მაღაზანა, ანუ მღვიმე მისი ისტორიული სახელი უნდა იყოს და ცალკე სამონასტრო ერთეულად საგულვებელი. ქვაბული კომპლექსი მდებარეობს ზემო მაღაზანის მთის უშუალო გაგრძელებაში, რომელიც სერის სახით დახრილად მიემართება სამხრეთისაკენ და, უახლოვდება რა მღვიმის ქვემო მისადგომებს, უცბათ კარგავს თავის სიმაღლეს და დაბალ კლდეს ქმნის.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
ორივე მაღაზანის საშუალედო სერის მარცხენა მხრის კალთები თანაბარი და ბალახოვანია, მარჯვენა მხრისა კი ალაგ-ალაგ უსწორმასწორო, დასასრულში კი ნაპრალოვან-კლდოვანი. ამ ადგილებშია გამოკვეთილი მღვიმეები, სენაკები და სამრეკლო-ეკლესიები. მათი საერთო რიცხვი ოცდაათამდე აღწევს. ქვაბულთა უმრავლესობა მისაწვდომ ადგილებშია გამოკვეთილი. მხოლოდ რამდენიმე სენაკია მოთავსებული ცერად დახრილი კლდის მაღალ ზოლში, სადაც სათანადო იარაღების გარეშე ასვლა შეუძლებელია; მდებარეობენ ერთ წყებად, ადგილ-ადგილ ერთიმეორის გვერდით, ზოგან მცირე მანძილის დაცილებით; გამოჭრილია მიწის სხვადასხვა ქანები, ძირითადად კი თიხნარსა და ქვიან დანაშრევში. მათგან უმრავლესობა იზოლირებულია და, შედარებით ქოლაგირსა და ქვბებისა, უკეთაა შემონახული. არსებითი ცვლილება - რღვევა დაშლა მხოლოდ ზოგიერთს განუცდია, მათაც ან შესასვლელი ხვრელები ან მიწა კედელი აქვს ჩამონგრეული. ნაშალი მიწა, რასაც ყველა ქვაბულში ვხვდებით, კლდიდან ჩამონადენი ღვარისაგანაა შეტანილი; ვიწრო დაბალი შესასვლელები შორიდანვე დაღვრემილად გამოიყურებიან. შიდა მხარის კონსტრუქცია და მოწყობილობა ნათლად მიგვითითებს მათ სხვადასხვა დანიშნულებაზე, თითოეული მათგანი დიდი ოსტატობით და მზრუნველობით არის დამუშავებული. ქვაბულთა ერთი ჯგუფი ჩვეულებრივი სახის, უბრალო სანაკებს წარმოადგენს. მნახველის ყურადღებას უფრო რთული ნაგებობანი იქცევს. ჩვენი აღწერის საგანსაც ძირითადად ესენი წარმოადგენენ. აღწერას ვიწყებთ სამხრეთის მისადგომებიდან. პირველი ობიექტი, რომელიც ადგილმდებარეობით მეორეა, ეკლესიას წარმოადგენს. გამოჭრილია თიხნარში, შედგება ორი, არათანაბარი განყოფილებისაგან. პირველი, რომელშიც ვიწრო, დაბალი შესასვლელით შევდივართ, საგრძნობლად ფართოა მეორეზე. ჭერში გამოკვეთილია მცირე სიმაღლის გუმბათი. აქა-იქ დარჩენილი ნიშნები გაუწყებენ, რომ გუმბათს სარტყელიც ჰქონდა. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში დატანებულია ორი მოზრდილი, თაღიანი ნიში. მათი საერთო სიმაღლე 1 მ და 50 სმ. ისინი ხატების დასასვენებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეკლესიის მეორე განყოფილება, რომელიც პირველთან ფართო გასასვლელითაა დაკავშირებული და მის აღმოსავლეთით მდებარეობს, საკურთხეველს წარმოადგენს; ფორმით მომრგვალოა და ფართობითაც საგრძნობლად პატარაა. აღმოსავლეთის კედელთან გამოკვეთილი ყოფილა ოთხკუთხი ტრაპეზი, რომლის მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. ტრაპეზის სამხრეთ - აღმოსავლეთით, იატაკიდან 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე, გამოკვეთილია პატარა ხვრელი, რომელიც ირიბად გარეთ გაიყურება. ეკლესიას არსად არ უჩანს სპეციალური სანათურები, როგორც ამათ სხვებში ვხვდებით. დღის სინათლე მხოლოდ პირველი შესასვლელიდან შედის. მნახველის ყურადღება არ შეიძლება არ მიიქციოს ერთი-მეორესთან მიჯრით მდებარე სამმა ოთხკუთხედიანმა ხვრელმა. თითოეულ მათგანს ხემოდან ორმაგი თაღი აქვს გადავლებული კლდის ქანში ოსტატურად გამოკვეთილი.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
ქვაბული სამხრეთიდან მეოთხეა. როგორც დათვალიერებიდან ირკვევა, მღვიმეს წინ დერეფანი ჰქონია, უკანასკნელის ორი კედელიღაა ამჟამად, შიგ დათანებული ნიშები და პატარა თახჩებით. შესასვლელს, რომლითაც სენაკში შევდივართ, ორივე მხრით მოზრდილი სანათურები აკრავს. პირველი განყოფილება შინაგანი ფართობით ვიწრო და გრძელია. აქ, ნიშებთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის მთელ სიგრძეზე გამოკვეთილია 55 სანტიმეტრი სიბრტყის ჩამოსაჯდომი. ხსენებული განყოფილება სპეციალური ხვრელებით ორ სსვა ქვაბულს უერთდება. პირველი, დასავლეთის მხარეს მდებარეობს, შინაგანი ხედით მომრგვალოა, ფართობით საგრძნობლად პატარა. ვიწრო ტალანს მეორე სენაკში შევყავართ. იგი საკმაოდ დიდია; ჭერი ადგილ-ადგილ გარღვეულია. იატაკის შუა ადგილას ვხვდებით ნაცრით სავსეს, ამოჭრილ კერას; შავად შემჭვარტლულ ჭერსა და კედლებს ეტყობათ, რომ დიდი ხნის ნაბოლია. აქვე ვხვდებით რამდენიმე პატარა ორმოს, რომლებსაც, ალბათ, სურების ან კოკების ჩასადგმელად იყენებდნენ. შესასვლელ - სანათურების კედლებში დარჩენილი ხვრელები გვაუწყებენ, რომ მათ რაღაც ფარდის მსგავსი ჰქონდათ ჩამოფარებული, რაც შიგ მყოფთ წვიმა - ქარისა და სიცივისაგან დაიცავდა. ამავე სენაკის მსგავსია მისი გვერდითი ქვაბულიც. მასაც წინ დერეფანი ჰქონია. მის უკანა კედელში კარი და სანათურია. შესასვლელი გარეთა მხარით დაბალი და ვიწროა, შიგნით კი თანდათან მატულობს როგორც სიმაღლეს, ისე სიგანეს. პირველი განყოფილება გრძელი და ჭერმაღალია; იგი ფართო საურთიერთო ხვრელით სხვა სენაკებთანაა დაკავშირებული. აქ კვლავ ვხვდებით ნიადაგში ამოკვეთილ კერას, რომლის გვერდითი კედლები ცეცხლისაგან წითლადაა დამწვარი. მომდევნო სენაკი შედარებით უფრო რთულ ნაგებობას წარმოადგენს. მოხდენილად გამოჭრილი კარით გრძელ სადგომში შევდივართ. ჭერის უკანა ნაწილი დაზიანებულია; გვერდითი კედლებში გამოკვეთილია ორი ნიში. დასავლეთის მხრიდან მას სხვა მღვიმე აკრავს, რომლის სისქე 5 მეტრი და 20 სანტიმეტრია, სიგანით კი არათანაბარია: დასაწყისში ვიწროა, შემდეგ კი განივრდება. ჭერის გვერდები გამყოფი შუა ხაზიდან, რაც სათავის მიმართულებას აღნიშნავს, ცერადაა დახრილი და კედლებთან შეერთებისას ბლაგვ კუთხეს ჰქმნის. შიგნით მუდმივი ბინდია დასადგურებული, ბნელა. ხსენებულ განყოფილებას თავის მხრივ მეორე გასასვლელი აქვს, რომელიც მიხვეულ-მოხვეული ტალანით გარეთ გადის. ტალანში ღვარს უდენია და ნახევრად მიწით ამოუვსია. მნახველის ყურადღებას იპყრობს კლდის ზოლის შუა ნაწილში ორიგინალური ნაკეთობა. მართალია, მის ზოგიერთ ნაწილს არსებითი ცვლილება განუცდია - წინა კედელი ჩამონგრევია, რის გამო შიგნითა მხარე შორიდანვე ნათლად მოჩანს, მაგრამ ძირითადი კორპუსი მაინც შენახულა. ქვაბული მოზრდილია, ფართობი სიგანეზეა გაშლილი - 4 მეტრი და 40 სანტიმეტრია. ჭერის შუაში მრგვალი ფორმის ხვრელია, რომლის ზემოთ მეორე სართული მოჩანს. უკანასკნელის სიმაღლეზეა თხრილი და სამხრეთისკენ ფართო სარკმელი აქვს გამოჭრილი. დაკვირვებიდან ნათელი ხდება ობიექტის დანიშნულება: იქ სამრეკლო უნდა ყოფილიყო, მეორე სართულის მოპირდაპირე კედლებში, თანაბარ სიმაღლეზე, ახლაც მოჩანს რამდენიმე შეთხრილი სიღრმე, სადაც, ალბათ, ძელი იყო გადებული ზარების ჩამოსაკიდებლად. სარკმლის საჭიროება იმ მოსაზრებითაა გამართლებული, რომ ზარის ხმა გარეთ გასაგონი ყოფილიყო, სამრეკლოს ქვემოთაა სართული ოთხი ვიწრო გვირაბით გვერდითი სენაკებს უერთდება, რომელთაგან თითოეულს თავის მხრივ საკუთარი გარეთ გასვლელი აქვს. რა მიზნით იყო დაკავშირებული სამრეკლო მღვიმეებთან? ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო ცერემონიების შესააბამისად რეკვა მორიგეობით წარმოებდა და დაკისრებული ჰქონდათ მხოლოდ იმ სენაკებში მყოფ ბერებს. იქ სადაც კლდის ზოლი და ცერად დაშვებული ღრატოიანი ფერდობი მცირე განის უბეს ქმნის, გამოკვეთილია მეორე საყდარი. ქვემო მაღაზანის ანსამბლში იგი ყველაზე დიდია; საერთო სიგრძე 10 მეტრია. ჭერი საგრძნობლად შებოლილია. წინა კედლის მხოლოდ ნაწილიღაა დარჩენილი. მთელი კორპუსი მზრუნველობითაა დამუშავებული; შედგება ორი არათანატოლი განყოფილებისაგან. ორივე ნაწილს ერთმანეთისაგან ყოფს შუაკედელი, რომელშიც გამოჭრილია განიერი, მაღალთაღიანი კარები, მარჯნივ ფართო სანათურით. მთავარი განყოფილება, ანუ სამლოცველო, სიღრმისკენ გაშლით თანდათან განიერდება. ირგვლივ კედლებში გამოკვეთილია გრძელი ჩამოსაჯდომი და ორი მოზრდილი ნიში, რომელთაგან ერთს უკანა მხარე ჩამონგრევია და გვერდით მდებარე მღვიმის ბნელი სივრცე შავად გამოიყურება. საკურთხეველი კონსტრუქციით და გამოკვეთის სტილით მკვეთრად გამოირჩევა სხვა, ამავე დანიშნულების, ქვაბულთაგან. შესასვლელის მოპირდაპირე და გვერდით კედლებში სამი მაღალი ნიშია. ერთ-ერთ მათგანში ტრაპეზია გამოკვეთილი, რომელსაც პატარა სარკმელი ანათებს. მას მხოლოდ აქ ვხვდებით მთლიანი სახით დაცულს.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
ფორმით ოთხკუთხი, დაკვირვებიდან ცხადი ხდება, რომ ნიშში ხის ჩარჩო ყოფილა ჩასმული და კარებიც ჰქონია შებმული, რომელიც, ალბათ, საჭიროების შემთხვევაში იხურებოდა და იკეტებოდა კიდეც. ამავე ღელეშია მესამე საყდარიც. მისი კორპუსის მთავარი ნაწილი - სამლოცველო რამდენიმე ხვრელით სხვა სენაკებთანაა დაკავშირებული. კედლები შელესილი და შეღებილი ყოფილა. შელესვა მეტად პრიმიტიულადაა შესრულებული - თიხის ტალახში არეული ბზით; ჭერი თაღისებური მოყვანილობისაა; სიმაგრის მიზნით სამი ძელი ჰქონია გადებული; შეთხრილი ღრმულები მოპირდაპირე კედლების თანაბარ სიმაღლეზე ახლაც ამჩნევია. ქვემო მაღაზანის ეკლესიათა შორის მხოლოდ აქ ვხვდებით ფრესკებსა და წარწერებს. მხატვრობა მეტწილად კონტურების სახითაა შემორჩენილი. შედარებით უფრო დაცულია შესავალი თაღის ფრესკა, რომელიც წმინდანს გამოხატავს. აცვია ბაცი ცისფერი ტანისამოსი, ზემოდან წამოსხმული აქვს ფერადი მანტო: ხვეული თმები მხრებსა და ზურგზე აქვს ჩამოშლილი. გაფერმკრთალებული ასომთავრული წარწერებიდან მხოლოდ ერთს ამოშიფვრა შეიძლება: წ~ი თ... დ... წმიდაი თევდორე(?). ხსენებული მაღალი და ფართო შესავალი გამყოფი კედელი უნდა ყოფილიყო მთლიანი კორპუსისა, რომელთაგან აღმოსავლეთის ნაწილი საკურთხეველი, ადრე უნდა იყოს დანგრეული. სამლოცველოს არსად არ უჩანს სანათური; საფიქრებელია, იგი საკურთხეველს ჰქონდა დატანებული, რომელიც ერთდროულად ანათებდა საყდრის ორივე განყოფილებას. თაღიანი შესასვლელის სიფართოვე სწორედ ამ მოსაზრებით უნდა აიხსნას. სხვა მღვიმეები უბრალო ქვაბულებს წარმოადგენენ, ამდენად არ ვცანით საჭიროდ მათი აღწერა.
ზემო მაღაზანა
ზემო მაღაზანა ქვემო მაღაზანის ჩრდილოეთით მდებარეობს იმავე სერის გაგრძელებაში. კლდე, რომელშიც ტაძართა მთელი კომპლექსი არის გამოკვეთილი, ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება, პირი კი სამხრეთ-დასავლეთისკენ აქვს მიქცეული. მისი ნაგებობანი გაცილებით უკეთ შემონახულან, ვიდრე მისივე უბნის სხვა უდაბნოთა ქვაბულები, რისთვისაც ერთ-ერთ ხელისშემწყობ პირობად გეოლოგიური ფაქტორი უნდა ვაღიაროთ-თიხნარი დანაშრევი და წვიმა-ქარის ნაკლები ზემოქმედება. აღწერას ვიწყებთ ჩრდილოეთიდან. მოხდენილად გამოჭრილ- შესასვლელს პირველ ეკლესიაში შევყავართ; სამლოცველო სიგრძით 5 მეტრი და 30 სანტიმეტრია; კედლებში ოთხი მაღალი ნიშია დატანებული; ერთში საკურთხეველთან დამაკავშირებელი მაღალი, ფართო კარია გამოკვეთილი; საკურთხეველი ოვალური ფორმისაა; იგი ოდესღაც მდიდარი ყოფილა ფერადი ფრესკებით; შესასვლელის კედელზე ორი ფიგურაა წარმოდგენილი; ერთს სახე საგრძნობლად დაზიანებული აქვს, აცვია ბაცი შავი, გრძელი კაბა, ზემოდან წამოსხმული აქვს წითელი წამოსასხამი მკერდთან ღილით შეკრული. მეორე სრული ტანითაა გამოსახული. მხრებთან ორი ფრთა უჩანს; შავი თმა უკან აქვს გადავარცხნილი, წვერი ოდნავ მოშვებული; ზემოდან წამოსხმული აქვს პირველის მსგავსი წამოსასხამი; ქვეშ აცვია ფერადი, გრძელი ტანსაცმელი, რომელიც მუხლებს უფარავს, კაბის ქობაზე და გვერდითი კალთებზე სხვა დანაკერი აქვს მოვლებული, რომელშიც წრეხაზებია ჩახატული; მარცხენა ხელში დახვეული ქაღალდი უჭირავს; ფეხზე წითელი ფეხსაცმელი აცვია; წვივებზე სახვევი აქვს მოჭერილი; მხრებთან ქარაგმიანი ასომთავრული წარწერაა: მარცხნივ გაბრ (გაბრიელ), მეორე მხართან (წმიდაი). მაჯვნივ გრძელ ქარქაშში ჩაგებული მახვილია გამოხატული, რომლის ტარი და ბუდე წრეხაზებითაა მოხატული. აღნიშნული ფიგურის მაღლა, შავ ფონზე, ოთხ სიმრგვალეში თეთრი ყვავილებია გამოსახული; წრეებს შუა, გრძელ ოთხკუთხედებიდან ადამიანის თვალები გამოიყურება. შიდა მხარის ერთ-ერთ სურათს ქარაგმული წარწერა შემოუნახავს (იაკობ). მნახველის ყურადღებას იპყრობს ორიგინალურად შესრულებული ჯვარედინად განლაგებული მცენარის ფოთლებში ჩახატული სურათი.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
ზემოთა ფოთლის ფონზე წარმოდგენილია წმინდანის თავი, გაშლილი მკლავები გვერდითი ფოთლებთან ერთად ფრთებს განასახიერებენ, ქვემოთა კი ქვედა ტანის ნაწილს უფარავს; ფოთლის შემდეგ ნათლად მოჩანს ტანსაცმლის ქობა და ფეხები. აქვე უკანა კედელზე, რომელიღაც ცხოველის თავის გამოსახულებაა, ხსენებულ განყოფილებას სამხრეთისკენ საკუთარი გამოსასვლელი აქვს, მისი კედლებიც ფრესკებით ყოფილა დამშვენებული. ამჟამად გასარჩევია მედალიონების წითელ ფონზე სამი ფიგურა. შუა ფრესკას ორივე მხრით ასომთავრული წარწერა აქვს. პირველი ტაძრის გვერდით მეორე სავანეა მოთავსებული. სამლოცველოს წინა კედელი აღარ აქვს, ჭერიც ერთ ალაგას ადრევე ჩამონგრეულა და რესტავრაციის მიზნით თეთრად შეუღებავთ. იმ ადგილას ნათლად ეტყობა წერაქვის ნაკვალევი. აღმოსავლეთის კედელში მრგვალი ფორმის მოზრდილი ნიშია გამოკვეთილი, იგი ყურადღებას იქცევს თავისი მხატვრობით და წარწერებით. ერთ მხარეს წარმოდგენილი რომელიღაც წმიდანის ფიგურა; შუბლის ზემოთ, შავ თმაში, გადაჭირებული ლენტის ნაწილი უჩანს; სქელი ნაწნავები წელზე აქვს დაშვებული; ტანზე წამოსხმული აქვს წინ სიგრძივ ჩახსნილი გრძელი წამოსასხამი, ქვეშ აცვია უსაყელო სამოსელი, რომელიც მუხლებს უფარავს; მარჯვენა ხელში წითელი ჯოხი უჭირავს. თავთან მინაწერი გვაუწყებს (წ~ა ურიელ); მარცხენა ფრთასთან, შავ ფონზე აგრეთვე, ასომთავრული წარწერა (წ~ი ნათან წინასწარმეტყველი) მეორე ფიგურას უნდა ეკუთვნოდეს. მოპირდაპირე კედელზე ვიღაც შავთმოსანია. მასაც მარჯვენა ხელში ჯოხი უჭირავს. მხრის მაღლა წარწერაა. (წ~ი. სურიელ), სურათის ქვემოთ ვრცელი ტექსტია წარმოდგენილი, მაგრამ დაზიანების გამო აზრის გამოტანა ვერ შევძელით. მოხდენილად გამოჭრილი თაღიანი შესასვლელით მეორე განყოფილებაში შევდივართ. დაკვირვვებიდან ნათელი ხდება, რომ თავის დროს კარი ჰქონია: საჩარჩოე ამონაკვეთი ახლაც ცხადად ამჩნევია. საკურთხეველი შიდა ფორმით მომრგვალოა აღმოსავლეთის კედელთან შემორჩენილია დაშლილი სამსხვერპლოს მცირე ნაწილი. მნახველის ყურადღებას იქცევს მომდევნო ქვაბული. შინაგანი ნაგებობის სტილით რელიეფურად გამოირჩევა მაღაზანების მთლიან ანსამბლში. ქვაბული ორსართულიანია. ქვემოთა განყოფილებას შესასვლელი აღარა აქვს. ეტყობა, რომ ადრე თეთრად ყოფილა გალესილი; იატაკზე, აქა-იქ, ჭერიდან ჩამონაშალი მიწა ყრია; უკანა კედელში ორი პატარა, ჭერდაბალი, მომრგვალო ფორმის მღვიმეა. ერთი მათგანი ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეორე დიდი ხნის ნაბოლია; ჭვარტლი წიდასავით მოჰკიდებია; მის უკანა კედელში პატარა ღრმულია, სადაც ცეცხლი ნთებულა. ქვაბულს ორი ვიწრო ტალანის განშტოება აქვს, რომელთაგან ერთი მიხვეულ-მოხვეული მიმართებით გარეთ გადის, მეორე კი გვერდითი ტაძარს უკავშირდება. დაბლიდანვე კარგად მოჩანს ზემოთა სართული; იმ ადგილას ქვემოთა განყოფილების ჭერი ჩამონგრეულია; ნათლად გავარჩიე რამდენიმე სენაკი და ორი ტალანი, რომლებიც ალბათ, სხვა მღვიმეებს უკავშირდება. ხსენებულ ქვაბულში, ჩვენი ვარაუდით, იმ ბერებს უნდა ეცხოვრათ, რომელთაც ზემო მაღაზანის ანსამბლის მოვლა პატრონობა ეკისრებოდათ, საეკლესიო ცერემონიების დროს კი - სხვა საჭირო მომსახურებაც. განსაკუთრებულად უნდა შევჩერდეთ მომდევნო ტაძარზე. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს არა მარტო შინაგანი გრანდიოზულობით, არამედ კედლების მდიდარი მოხატულობითაც. ესაა იშვიათი ხელოვნებით ნაკვეთი მონუმენტური ნაგებობა. იგი შედება ორი განყოფილებისაგან. მათი საერთო სიგრძე 6 მეტრი და 30 სანტიმეტრია, ვიწრო შესასვლელით, რომელიც ნაწილობრივ დანგრეულია, უშუალოდ სამლოცველოში შევდივართ. კარებს ზემოდან თაღი აქვს გადავლებული, თაღის ზემოთ კი კარნიზი გასდევს, დიდი ოსტატობითაა გამოჭრილი მაღალი გუმბათი; იგი თეთრადაა გალესილი და მთელ სიმაღლეზე ოთხი წრეხაზი აქვს შემოვლებული. დახრილი წახნაგები ფერადი ხაზებითაა აღნიშნული. წვეროდან კორპუსის შუა წელამდე ჟანგდადებული, სქელი ჯაჭვია ჩამოკიდებული, რომელზედაც, ალბათ, მრავალსანთლიანი ქორკანდელი (ჭაღი) იყო მიბმული. ჯაჭვი დამაგრებული უნდა იყოს გუმბათის თავში გადებულ ძელზე, რომელიც გალესვის გამო აღარა ჩანს. მნახველმა არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს იშვიათი სინატიფით გამოკვეთილ სვეტებს, რომელთა ბრტყელ საყდენებს მაღალი თაღების ცისარტყელა ებჯინება (იხ.ნახ.1). გვერდითი კედლებში ორი მოზრდილი ნიშია; იმათგან ერთი იქცევს ყურადღებას, რომელსაც ნაირფერადი სურათები ამშვენებს. უკანა კედელზე გამოხატულია ჯვარცმა, სცენა მელანქოლიური საღებავებითაა შესრულებული; მხატვრის ჩანაფიქრში მწუხრის ბინდი სჭარბობს. ნიშის მეორე კედელზე საერო პირის ფიგურაა, სახე აღარ უჩანს, თავზე მუზარადი ხურავს, მხრებზე მუქწითელი წამოსასხამი აქვს წამოსხმული, ქვეშ კი მოკლესახელოებიანი ჯაჭვის პერანგი აცვია. მარჯვენა ხელში ვიწროყელიანი სასმისი უჭირავს; ჭურჭელი ყვავილებით და ხელნათია მოხატული. თაღზე ნახევარი ტანით ოთხი ფიგურაა გამოსახული; ორს ხელში ყანწის ფორმის რაღაც უჭირავს, შიგ ზამბახის ფოთლების მსგავსი ფერადი კონით. ორი მჯდომარე მანდილოსანია. აქვეა უცხო დამწერლობის ვრცელი ტექსტი. (იხ.სურათი 2). თაღს ყვავილებისა და კლაკნილი, ფერადი ლენტის არშია აქვს მოვლებული, ლურჯ ფონზე კი, წითელ წრეხაზებში სხივოსანი ვარსკლავებია მიმოფანტული. საკურთხეველი სამლოცველოზე 25 სანტიმეტრით მაღლა მდებარეობს; შიდა სივრცით მომრგვალო ფორმისაა; სამხრეთით დატანებული აქვს ორიგინალური მოყვანილობის სანათური: დასაწყისში საგრძნობლად ვიწროა, შემდეგ კი სწორი კუთხით ცალმხრივ იშლება და სიგანესაც მატულობს. დანგრეული ტრაპეზის მაღლა გადიდებული ფიგურით ქრისტეა გამოსახული, რომელსაც ხელში გადაშლილი წიგნი უჭირავს. მის გვერდით ანგელოზთა სურათებია, მათ ფერხთით, ორ ერთმანეთზე გადაბმულ რგოლში, ადამიანის თვალებია ჩახატული. საერთოდ უნდა ითქვას, რომ თვალთა ასე გამოხატულებას ხშირად ვხვდებით სხვა ტაძრების კედლებზეც. უკანასკნელი საყდარი, რომლითაც ვამთავრებთ ზემო მაღაზანის აღწერას, შინაგანი ნაგებობით წინა ტაძრის მსგავსია. არსებულ ნანგრევთა ნაშთები ცხადივ გვაუწყებენ, რომ ეკლესიას წინ სხვა განყოფილებაც ჰქონია, რომლის კედლისა და ჭერის ნაწილი ახლაც შემონახულია. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს. მათ მაღლა დიდი სანათურია. შიდა ფართობი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა გაშლილი; მისი სიგრძე 6 მეტრი და 35 სანტიმეტრია, სამლოცველოს ზევიდან მოკიაფე ვარსკვლავებით მოხატული მაღალი გუმბათი დაჰყურებს. უკანასკნელს თავი ჩამონგრეული აქვს, საფიქრებელია, რომ მასაც წინა საყდრის მსგავსად ჯაჭვი ჰქონდა ჩამოკიდებული. ორ კედელში მაღალი ნიშებია გამკვეთილი, იმათგან ერთში ვიწრო კარია, რომელიც სენაკს უერთდება. აქ პირველად ვნახე გაცრეცილტყავგადაკრული წიგნის ხის ყდა და გაყვითლებული ქაღალდის ფურცლის მონახევი. საკურთხეველი მომრგვალო ნაგებობისაა. ჩრდილო-აღმოსავლეთით კედელში დატანებულ პატარა თაღჩაში ხატი ესვენა. ფიცარზე გამოხატული ყოფილა ორი ფიგურა, იმათგან ერთიღაა შემონახული. სურათზე აღბეჭდილია ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ თავზე ვარაყით დაფერილი გვირგვინი ადგას. მხრებზე წამოსხმული აქვს მუქი იისფერი მანტო, ქვეშ კი მუქი წითელი ტანსაცმელი უჩანს.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
ფეხზე იმავე ფერის ფეხსაცმელი აცვია. ცხადივ ეტყობა - დიდგვაროსანი უნდა იყოს. მწყემსმა ზ.ჯანიკაშვილმა მუდარით მითხრა: ეკლესიიდან ნურაფერს წაიღებ - სალოცავი გაგვიწყრება: ან ჩვენ დაგვაზარალებს, ან ცხვარსო. საკურთხეველი მოხატული ყოფილა; შემონახულია რამდენიმე ცალკეული სცენა, მეტი ნაწილი კი დაზიანებულია ადგილ-ადგილ ნალესის ჩამოშლის გამო. შედარებით უკეთაა დაცული ერთი მონაკვეთი: გამოსახულ ფიგურას მხართან ფრთა უჩანს, ხელში რაღაც გრაგნილი უჭირავს გრძელი ტანსაცმლის ქობაზე ასომთავრული მინაწერი ჰქონია; წაშლილი ასოებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა (მაცხოვარო) ამოვიკითხე. საგრძნობლად ნირშეცვლილია ქობის ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიც. მწოლიარე ხარის გამოხატულების ქვეშ წარწერაა (კურო); აქვეა ფრინველის ფრესკაც ფარშავანგის გრძელი ბოლოთი. უკანა კედლის ნიშის თაღზე ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ქალის სურათია; ერთის ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ქალის სურათია; ერთის მხართან მინაწერიდან სამი ასოღაა შესაცნობი, რაც დედოფალს უნდა აღნიშნავდეს, მეორეს კი გარკვევით მხოლოდ ერთი ასო შერჩენია (იხ.სურათები 4-5). საერთოდ ფრესკებსა და წარწერებს შეიძლებოდა უფრო ვრცლად შევხებოდით, მაგრამ წერილის ფორმატი ამის შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც ბევრი საყურადღებო დეტალი გამოვტოვეთ. ზემო მაღაზანის ქვაბულ ტაძართა კომპლექსი, როგორც დაკვირვებიდან ირკვევა, საკრებულო ერთეული უნდა ყოფილიყო, სადაც საეკლესიო წესების შესრულების ჟამს თავს იყრიდნენ ქვაბების, ქოლაგირის და ქვემო მაღაზანის ბერები და წინამძღვარნი. ამით ვამთავრებთ ქართული მატერიალური კულტურის დღემდე უცნობი ძეგლების აღწერას. საჭიროა ხელოვნების ამ ფასდაუდებელ ნიმუშებს დროულად მიექცეს ჯეროვანი ყურადღება. შესწავლის დახანებამ შეიძლება ზოგიერთი ძვირფასი ნახელავი სამუდამოდ დაგვიკარგოს.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
შედარებისთვის: ფრესკების მდგომარეობა სტატიის დაწერის მომენტში 1965 წელს და დღეს - 2013 წელს....
|