topmenu

 

სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონის ვინაობის განსაზღვრისათვის ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგები - ა.სიხარულიძე, ლ.ბითაძე, ე.ყვავაძე, თ.ასათიანი, ქ.დიღმელაშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<არქოლოგიური აღმოჩენები>>>

ანზორ სიხარულიძე, ლია ბითაძე, ელისო ყვავაძე, თორნიკე ასათიანი, ქეთევან დიღმელაშვილი - სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონის ვინაობის განსაზღვრისათვის ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგები // ჟურნ. ანალები. ისტორიის, ეთნოგრაფიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ჟურნალი. №8, 2012. გვ.351-377.

2011 წლის ივნისში სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დასავლეთი ფასადის მიმდებარე ტერიტორია გამოიყო სათავსოებისა და სახელოსნოების მშენებლობისათვის. მძიმე ტექნიკით მიწის ჩამოთხრის დროს დაზიანდა აგურით ნაშენი აკლდამა, რაც გახდა აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის მიზეზი (ტაბ. I-2). გათხრების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა ოთხი სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა (გვიანანტიკური, ადრეული შუა საუკუნეების, განვითარებული შუა საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების) სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებითა და სამარხებით და XIX ს. აკლდამა (ტაბ. I-1), რომელიც თავისი საინტერესო მონაცემებით კომპლექსური კვლევის საგანი გახდა. წინამდებარე სტატია სწორედ ამ კვლევის შედეგებს ასახავს. აკლდამა მდებარეობს ტაძრის დასავლეთი სტოას პირდაპირ1. არქეოლოგიური გათხრების დაწყების მომენტისთვის მისი ავთენტური სახე დაზიანებული გახლდათ: მონასტრის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მძიმე ტექნიკას მოენგრია აკლდამის აღმოსავლეთის კედელი მთლიანად და ჩრდილოეთის - ნაწილობრივ. შემდეგ კი აკლდამის მონგრეული კედლები და თაღის ნაწილიც თვითნებურად ამოეშენებინათ იმავე აგურითა და ცემენტით (ტაბ. II-1). აკლდამას ჩაჭრილი და ამდენად, დაზიანებული აქვს ადრე, განვითარებული და გვიან შუა საუკუნეების პერიოდის ფენები (ტაბ. II-2). აკლდამა ნაშენია დუღაბზე ბრტყელი წითელი ე.წ. ქართული აგურით (20.4-24×4-5 სმ)2. კედლები ემყარება სპეციალურად გაკეთებულ კირხსნარიან შემზადებას, რომელზეც აგურის პირველი წყება სიმაღლეზეა დალაგებული. აღნიშნულ დონეზე მდებარეობს აკლდამის ორმაგი აგურფენილი იატაკი. აკლდამის კედლები აგურის 12 ჰორიზონტალური წყებაა, რომელიც სიმეტრიულად გადადის აგურითვე ნაგებ თაღში. თაღზე ზემოდან გაკეთებულია აგურის 8 წყებით ნაგები ჰორიზონტალური გადახურვა. აკლდამის გარე ზომებია: სიგანე - 1.25 მ; სიგრძე - 2.68 მ; საერთო სიმაღლე (ჰორიზონტალური გადახურვითურთ) - 2 მ. ხოლო შიდა ზომებია: სიგრძე - 2.24 მ; სიგანე - 0.75 მ; სიმაღლე - 0.92 მ (ტაბ.II-1,2)3.

მიცვალებული ჩასვენებული გახლდათ ღვიის ხისგან გაკეთებულ სასახლეში (ტაბ.III-1), რომელიც შიგნიდან ამოფენილი იყო ბამბის ქსოვილით (პალინოლოგიური კვლევის მიხედვით) და გარშემოკრული სელისა და კანაფის ქსოვილზე ბამბისა და აბრეშუმის ოქრომკედით ნაქარგი მაქმანისებრი არშიით (ტაბ.VI-1,2). სასახლის მარჯვენა კედელზე, თავის არეში, მაქმანით გაკეთებული იყო გვირილისებრი დისკო. მაქმანი სასახლეზე მიმაგრებული იყო ჭიკარტისებრი მანჭვლებით. სასახლეს გვერდებზე ორ-ორი, ხოლო თავსა და ბოლოში თითო-თითო ბრინჯაოს ნალისებური სახელური ჰქონდა. ისინი რკინის მოძრავი რგოლებით მაგრდებოდა და იმავე დროს ამაგრებდნენ ბრინჯაოს თხელი ფირფიტისგან ნაკეთებ ჭვირულ სიუჟეტურ გამოსახულებებს (სულ ექვსი, ინვ.№109). თითოეულის სიუჟეტური აღწერა ასეთია (ტაბ. III-4; IV-1): ერთმანეთისკენ ანფაზში წარმოდგენილ ორ ანგელოზს მარჯვენა და მარცხენა ხელით უჭირავს გამოსახულების ცენტრი - დისკოსებური დაფა. დაფა მრგვალი გვირგვინია, რომელშიც ჩასმულია ხუთნაწილად ჭდეული სვეტი თავისი ორსაფეხურიანი პოსტამენტითა და კაპიტელით. სვეტიდან მარჯვნივ და მარცხნივ გამოდის ორ-ორი ფოთოლი, რომელთაგან ზედებს მტევნებიც ახლავს. გვირგვინის თავზე გაკეთებულია ყვავილისებრი გვირგვინი. ქვედა ზოლი სიუჟეტისა, რომელსაც მთლიანი გამოსახულება ეყრდნობა, წარმოადგენს ჭდეულ ჰორიზონტალურ სარტყელს, რომელზეც მარჯვნივ და მარცხნივ მიმაგრებულია (კომპოზიციის სასრული) ფიჭვის (თუ ნაძვის) გირჩი და ყურძნის მტევანი. მიცვალებული დაკრძალული გახლდათ ქრისტიანული წესის დაცვით - გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთით, იდაყვებში მაქსიმალურად მოხრილი ხელები მკერდზე ჰქონდა დაკრეფილი (ტაბ. III-2). ქალბატონი დაკრძალული იყო აბრეშუმის სუდარა-ვუალით. მკერდზე დაწყობილი ჰქონდა აბრეშუმისვე ხელთათმანები (ტაბ.III-3; VI-3-4,9-10). მარჯვენა ხელზე წამოცმული საქორწინო ოქროს ბეჭედი სახელობითი აღმოჩნდა (ინვ.№110): შიდა მხრიდან გაკეთებულია რუსული წარწერა: ”ФТ 9 Ноября 1828” (ტაბ.IV-1,2,3). ვფიქრობთ, ბეჭდის წარწერა ქალბატონის ქორწინების თარიღს უნდა აღნიშნავდეს, ინიციალები კი, სავარაუდოდ, მისი მეუღლის უნდა იყოს. ზოგადად, ბეჭდებზე სახელთა ამოკვეთა ძველი დროიდანვე გახლდათ გავრცელებული. თუ საქმე ეხებოდა ბეჭედ საბეჭდავებს, მაშინ მასზე მფლობელის სახელი იკვეთებოდა, მაგალითად, არმაზისხევში აღმოჩენილი ასპარუგ ერისთავის ბეჭედი (აფაქიძე... 1955: 23); ვანში აღმოჩენილი დედატოსის ბეჭედი (ლორთქიფანიძე 1973: 52) და სხვ. ასევე ცნობილია შემთხვევები, როდესაც საქორწინო, ანდა ძვირფასი თვლით გაწყობილ ბეჭედზე მეუღლეთა სახელების ამოჭრაა დაფიქსირებული, სახელდობრ, არმაზისხევში აღმოჩენილი კარპაკისა და ზევახის წარწერიანი თვალი (აფაქიძე... 1955: 24-26). რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო პერიოდს, საქორწინო ბეჭდებზე ქორწინების თარიღის, ანდა მეუღლეთა სახელების თუ ინიციალების დატანა XIX ს. და XX ს. I ნახევრის საქართველოს სინამდვილეში იმდენად დადასტურებული ფაქტია, რომ მან ასახვა ჰპოვა ქართულ მწერლობაშიც. მაგალითად, ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიან დედაკაცს საქორწინო ვერცხლის ბეჭედზე მეუღლის სახელი ჰქონდა ამოჭრილი (ლორთქიფანიძე 1977). მიცვალებულის სრული ანთროპოლოგიური კვლევა განპირობებულია იმით, რომ ჩონჩხის ძვლები კარგი დაცულობისაა, ყველა ძვალი დევს თავის ანატომიურ ადგილზე. ნაწილობრივ დაზიანებულია მარცხენა მხრის, სხივისა და ლავიწის ძვლები, ქვედა ყბა (ძლიერად), მენჯი (ნაკლებად). დაზიანება გამოიხატება ამ ძვლების დანახშირებაში, რომელიც ადრეც იყო გამოვლენილი პავლე ფირფილაშვილის მიერ. ძვლების არასრული წვა დახურულ სივრცეში გარეშე ფაქტორებისგან დამოულიდებლად ჟანგბადის ნაკლებობის დროს აღინიშნება.

მიცვალებულის სქესი თავის ქალასა და მენჯის ძვლების მიხედვით განისაზღვრა. თავის ქალას გლუვი და სადა რელიეფი, მცირე ზომის დვრილისებრი მორჩები, ყვრიმალთა რკალი თხელი, თვალბუდეები ქალასთან შეფარდებით დიდი, თვალბუდეების გარეთა კონტური მომრგვალებული, ხოლო ზედა კიდე მახვილი, გარკვევით გამოხატული თხემის ძვლების ბორცვები, ქვედა ყბა გრაცილური, მცირე ზომის კბილები (ტაბ.V-1,3) მდედრობით სქესზე მიუთითებს. მენჯის ძვლის მიხედვით სქესის დადგენა ყველაზე უფრო ზუსტია, რადგან მამაკაცისა და ქალის მენჯი მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი აგებულებით. ამ შემთხვევაში, მენჯის ძვალი სრულია. მასზე აღინიშნება: ბოქვენის კუთხე 90 გრადუსზე დიდი, განივად გაშლილი თეძოს ფრთები, ზემოდან დახედვისას მენჯის გასავალი მრგვალი ფორმის, ბოქვენის სიმფიზი დაბალი, სამკუთხედის ფორმის დახურული ხვრელები (ტაბ.V-2,4). ზოგადად, ქალის მენჯი დაბალი და ფართოა. ყველა ჩამოთვლილი ნიშნის მიხედვით, აკლდამაში დაკრძალული ინდივიდი მდედრობითი სქესისაა (აბდუშელიშვილი 1976; Алексеев 1964). ასაკი განისაზღვრა თავის ქალას ნაკერების შეზრდის (ობლიტერაციის) და კბილების ცვეთის მიხედვით. ნაკერების შეზრდა გარკვევითაა გამოხატული (ქულა 3) გვირგვინოვანი ნაკერის საფეთქლის ნაწილში და ისრისებრი ნაკერის ობელიონის ნაწილში (40-50 წელი). კბილების ცვეთის მიხედვით ქალბატონის ასაკი 25-30 წ. განისაზღვრა. თუმცა, ქვედა ყბაზე (ტაბ.V-1) სიცოცხლეშივე აქვს დაკარგული მარცხენა პირველი მოლარი (M1) და მარჯვენა პირველი და მეორე მოლარები (M1,  M2). კორექტირებული, ბიოლოგიური და არა პასპორტული ასაკი 35-40 წელია. თავის ქალას აღწერილობითი ნიშნებია: 1.თავის ქალას ფორმა ზემოდან (Norma verticales) კვერცხისებრია (Ovoides) (ტაბ.IV-5); 2.სუსტადაა გამოხატული წარბზედა არის პროფილი (ქულა 1) და რელიეფი. ნადრეკის გავრცელება აღინიშნება მხოლოდ მედიალურ ნაწილში; 3. მსხლისებრი შესავლის ქვედა კიდე ადამიანური (Atropina) ფორმისაა (ტაბ. IV-6); 4. ცხვირის წინა წვეტის (spina nazalis anterior) გამოხატულობა ფასდება 3 ქულით. თავის ქალას აღწერილობითი ნიშნებით (წარბზედა არე, ცხვირის წინა წვეტი) დაკრძალულის ზემოთ განსაზღვრული სქესი დასტურდება. ძირითადი კრანიომეტრული ნიშნების განაწილება წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. თავის ქალა ხასიათდება: საშუალო, გრძივი და განივი დიამეტრებით, რის გამოც, თავის ქალას მაჩვენებელი მეზოკრანულია; ქალასარქველი მცირე სიმაღლის, შუბლის ძვალი საშუალო სიგანის, ხოლო შუბლ-განივი მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი; ქალას ფუძე მცირე სიგრძის, ყვრიმალთაშუა დიამეტრი და სახის შუა სიგანე მცირე, ხოლო ზედა სიგანე საშუალოზე განიერი, ასევე მცირეა სახის ზედა ნაწილის სიმაღლე, ჰორიზონტალური პროფილირების კუთხეები ზომიერად მაღალი, ვერტიკალურ პროექციაში სახე მეზოგნატული, ცხვირი საშუალოზე განიერი, მცირე სიმაღლის, ცხვირის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი, ცხვირის უნაგირის დაკრიონული და სიმოტური სიმაღლები მცირე, სიმოტური და დაკრიონული მაჩვენებლები მცირე, ხოლო ცხვირის ძვლების კუთხე სახის პროფილთან საშუალოზე მაღალი, თვალბუდეები საშუალო სიმაღლისა და მცირე სიგანის. უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი თავის ქალა, კავკასიაში გავრცელებული კრანიოტიპებისაგან განსხვავდება დაბალი დაკრიონული და სიმოტური მაჩვენებლებითა და სახის ჰორიზონტალური პროფილირების შესუსტებით. ამავე დროს, ძლიერად დაშვებული ცხვირის ძვლოვანი ნაწილი (კავკასიური), საშუალოზე მაღალი ცხვირის ძვლების კუთხე პროფილის ხაზთან, მეზოგნატული სახის ვერტიკალური პროფილი მიუთითებს ამ ქალბატონის მორფოლოგიურ იერში განსხვავებულ კომპლექსების არსებობას. მორფოლოგიურ ნიშანთა კომპლექსის საფუძველზე სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონი, რომელიც ჩვენი აზრით, სხვა არტეფაქტების მიხედვით, მაღალი საზოგადოების წრიდან უნდა ყოფილიყო, შერეული წარმომავლობით გამოირჩეოდა. პოსტკრანიალური ჩონჩხის გაზომვითი ნიშნებით განსაზღვრულია: სხეულის საშუალო სიმაღლე (163.5 სმ) რამდენიმე ავტორის (მ.ტროტერი და გ.გლეზერი, ლ.მანუვრიე, კ.პირსონი და ა.ლი, ვ.ბუნაკი, გ.დებეცი) მიხედვით (Алексеев 1966); სხეულის წონა, ჩონჩხის პირობითი მოცულობის მაჩვენებლის (50,.2კგ) და რეგრესიის განტოლების (62,7კგ) საფუძველზე გამოთვლილი (Дебец 1964) მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა; ვ.ბუნაკის ფორმულის გამოყენებით (Бунак 1961) სხეულის სიმაღლის განსაზღვრა, შესაძლებელს ხდის სხეულის კორპუსის სიგრძის და პროპორციების დადგენას. ინტერმემბრალური მაჩვენებლით ზედა და ქვედა კიდურების შეფარდება მიუთითებს უფრო დიდ ქვედა კიდურებზე. ამავე დროს, მხარ-ბარძაყის ინდექსით ირკვევა, რომ მხარი შედარებით გრძელია ბარძაყზე, ანალოგიურია სხივ-ბარძაყის შეფარდებაც წვივ-ბარძაყთან. ფიზიოლოგიური სტრესის მარკერებიდან, რომელთა საფუძველზე ჯანმრთელობის შეფასება და ცხოვრების დონის რეკონსტრუქციაა შესაძლებელი, აღინიშნება სიცოცხლეშივე კბილების დაკარგვა და კარიესი (M2) ქვედა ყბაზე. ამ ქალბატონს ცხვირის ძგიდე გამრუდებული ქონდა. შევიწროვება აღინიშნება მარჯვენა მხარეს და ვფიქრობთ, სუნთქვის პრობლემები ქონდა სურდოსა და მარჯვენა გვერდზე ძილის დროს. შესაძლოა, აწუხებდა გულის უკმარისობაც. თავის ქალაზე აღინიშნება 11 ანომალია. სახელდობრ: თვალბუდის ზედა ხვრელები (Foramina supraorbitalia), შუბლის, ცხვირის, საცრემლე და ზედაყბის ძვლებს შორის ჩართული ძვალი (Os.praefrontale) (მარცხენა მხარეს), თვალბუდის ქვედა მრავლობითი ხვრელები (Foramina infrorbitalia) (ძალიან წვრილი, ჩანს მხოლოდ გამადიდებლით), ჩართული ძვლები საფეთქლის ყიფლიბანდის არეში (Os.epiptericum incomplectus), საფეთქლის ქიცვის ზედა ჰორიზონტალური კიდის სწორი ფორმა (Margo superior horizontales squamae temporales), ჩართული ძვალი დვრილისებრი ყიფლიბანდის არეში (Os.asterion) (ძალიან პატარა ორივე მხრიდან), კეფის ჩაღრმავება(Fovea occipitalis), სასის შეღრმავება (Torus palatinus), სასის განივი ნაკერის ფორმა (Sutura palatina transversa) (ჩაზნექილი ფორმა), სასმენი ხვრელის მედიალური ნაწილის პატარა ხვრელები (Foramina tympanica), კეფის როკებს უკან იშვიათი ხვრელები (Canalis condyloideus).




ნიშანდობლივია, რომ საქართველოს თანამედროვე მოსახლეობაში (ქალებში) გავრცელებულია 39 ანომალია. აქედან, 24 ძირითადი ანომალია ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული თითქმის მთლიანი კომპლექსით ვლინდება სხვადასხვა დროის მოსახლეობაში, რის გამოც, ადრე ჩვენს მიერ გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეს ძირითადი ნიშანთა ბირთვი მოსახლეობის გენეტიკურ მემკვიდრეობითობას ადასტურებს. ასევე, ანომალიები, რომელთა დაფიქსირება არ არის დამოკიდებული გამოკვლეულთა რაოდენობასთან და ვლინდება როგორც ენეოლითის ერთ თავის ქალაზე, ასევე შუა ბრინჯაოს 19 და განვითარებული შუა საუკუნეების 795 თავის ქალაზე, დამახასიათებელია ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობისათვის (ბითაძე 2005). სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალურ ქალბატონს აღენიშნება თანამედროვე მოსახლეობაში გამოვლენილი ანომალიების ძირითადი სპექტრი, მათ შორის ძალიან იშვიათი ნიშანი: პატარა ჩართული ძვალი ყიფლიბანდის არეში. ზემოთ აღნიშნული ეპიგენეტიკური ნიშნებიც ადასტურებს ქალბატონის ადგილობრივ (კავკასიურ) სუბსტრატზე, თუმცა, იკვეთება სახის პროფილირების შესუსტება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მისი წარმომავლობა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ნიშანთა კომპლექსის მატარებელ წინაპრებთანაა დაკავშირებული. ამასთანავე, სამარხის სხვადასხვა ადგილიდან აღებული იქნა 11 ორგანული ნაშთის ნიმუში და 4 ქსოვილის სინჯი, რომელიც სტანდარტული მეთოდით დამუშავდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალინოლოგიურ ლაბორატორიაში (ტაბ.VI-1-10). მასალა დიდი რაოდენობით შეიცავდა მცენარეთა მტვრის მარცვლებსა და სხვა ორგანიზმების მიკროსკოპიულ ნაშთებს. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თავის ქალის არიდან აღებული ნიმუში, რომელშიც 130-ზე მეტი მტვრის მარცვალი აღმოჩნდა (ტაბ.V-5). ადამიანის თმები კი ყოველთვის შეიცავს იმ გარემოს მცენარეთა მტვერს, რომელშიც ის ცხოვრობს (Kvavadze.... 2010: 479-494). პალინოლოგიური კვლევის მიხედვით ქალბატონის სიკვდილი უეცარი იყო და გარდაცვალების წინა დღეებში ის ვაზის თალარით დახურულ ეზოში ტრიალებდა (ტაბ.V-5). იგი დაავადებული ყოფილა რაღაც სენით (მუცლის არეში დადასტურდა პარაზიტული ჭიის - ფასციოლას ერთი კვერცხი), რომელსაც, როგორც კბილების ანაფხეკისა და მუცლის არეში აღმოჩენილი მტვრის მარცვლები მოწმობს, მკურნალობდა მრავალძარღვასა და არყის ნაყენით. ამ უკანასკნელის ნაყენის გამოყენება სამკურნალოდ იმაზე მეტყველებს, რომ მიცვალებული კარგად იცნობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელებულ ხალხურ სამკურნალო ტრადიციებს. ქართლში აღნიშნულ მცენარეს სამკურნალოდ არ ხმარობენ, სამაგიეროდ, ის საკმაოდ პოპულარულია რუსეთში ციებ - ცხელების სამკურნალოდ.  პალინოლოგიურ სპექტრში ვაზის და სხვა მცენარეების მტვრის4, ასევე უამრავი ტკიპის და მწერის მიკროსკოპიული ნაშთი მოწმობს, რომ ქალბატონი გარდაცვლილია მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. ტექსტილების ბოჭკოების შესწავლამ შემდეგი სურათი მოგვცა: ქალბატონი დაკრძალული იყო აბრეშუმის ზედატანით, სელის ქვედატანით და შალის წინდებით (ტაბ.VI-5-8). უცნობი ქალბატონის ვინაობისა და რანგის გარკვევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ მის სასახლეზე დამაგრებული გერბის გამოსახულებების განსაზღვრა. თუ განსახილველ ობიექტს ჰერალდიკური თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ იგი უნდა მივაკუთვნოთ XVII ს. ბოლოსა და XIX ს. დასაწყისში ქართულ და რუსულ ჰერალდიკაში საკმაოდ გავრცელებულ ტიპს საგერბე ნიმუშებისა, რომელსაც გააჩნდა გერბის ყველა თვისება (ფიგურები, სტილიზებული ფარი, ფარისმტვირთველები, გვირგვინი და სხვ.), მაგრამ მოისაკლისებდა დასავლეთ ევროპული კლასიკური ჰერალდიკის დეტალებსა და იერსახეს. ასეთი ჰერალდიკური ნიმუშები ხშირად გვხვდება იმ ხანების საფლავის ქვებზე, აკლდამებზე, საგვარეულო ნივთებზე (მაგ: ჭურჭელი, იარაღი) და ა.შ. გერბის ზუსტი ატრიბუცია გაძნელებულია გამოსახულების არა მკაფიოობის გამო, მაგრამ მაინც შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებების მოყვანა სავარაუდო კუთვნილებასთან დაკავშირებით5. საგერბე კომპოზიცია (ტაბ.III-4, IV-1) ორივე მხრიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, უპყრია თითო ანგელოზს, რითიც ისინი მოგვაგონებენ ჰერალდიკურ ფარისმტვირთველებს. ეს არ არის უჩვეულო მოვლენა, ვინაიდან ანგელოზები ფარისმტვირთველად არც თუ იშვიათად გვხვდება XVIII-XIX სს. ქართულ თუ რუსულ გერბთმცოდნეობაში, საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ბაგრატოვანთა ადრეული, XVIII ს. გერბები, სადაც სტილიზებული ფარი სწორედ ანგელოზებს უპყრიათ ხელთ (ქართული წიგნი 1941: 12; რუსთველი შოთა 1841: 41). გამოსახულების ცენტრალური ფიგურა, სავარაუდოდ, რამდენადაც მოცემული სტილიზებული გამოსახულებით შეიძლება ვიმსჯელოთ, არის სვეტი. სვეტი ქართულ გერბთმცოდნეობაში საკმაოდ გავრცელებული ფიგურაა და სხვადასხვა სახით გვხვდება შემდეგი საგვარეულოების გერბებში: თავად წერეთლების (Цихинский 1922: 90), თავად ბარათაშვილების (ვადბოლსკი 1980: 95, ნახ. 151) და მათი მონათესავე (შესაბამისად გერბებითაც დაახლოებული) თავად ორბელიანების, აზნაურ ამბერსაძეების იგივე ამბრაზანცევ - როგორც რუსეთის იმპერიის ”საერთო საგერბეშია” მოხსენიებული (Общий гербовник. 1800: 127; РГИА. Ф.1411. Оп.1. д.№950), აზნაურ გარსევანიშვილების, აზნაურ წინამძღვრიშვილების (ვადბოლსკი 1980: 96, ნახ.177), სომხური წარმოშობის თავადების (ერეკლე II-ის დროს მიღებული ტიტულითა და გერბებით) ამატუნებისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი. ფ. Hd, დოკ. №5565. 1784 წ. გვ.3) და აბამელიქების, მოგვიანებით - აბამელეკ-ლაზარევების (РГИА. Ф.1343. Оп.49. д. №2. 1894 г. ст.5), ასევე კათოლიკოს დომენტის (დამიანე ბაგრატიონი) საგერბე ბეჭედში, რომელიც 1672 წლით თარიღდება და უძველესია მოყვანილ გვართა გერბებს შორის. სვეტი მოთავსებულია აგრეთვე გურიის სამთავროს გერბში (ბარელიეფი. საქართველოს საისტორიო მუზეუმის ექსპოზიცია), რომელსაც გურიელებიც იყენებდნენ სათავისოდ, როგორც სამთავროს მმართველი დინასტია. რაც შეეხება სვეტის სიმბოლიკას, ერეკლე ამატუნების გერბში აღნიშნავს - ”სვეტი სიმტკიცის ნიშნად”; მიხეილ ვადბოლსკი გერბებში სვეტს საგვარეულო დედაბოძის გამომხატველად მიიჩნევს; წინამძღვრიშვილებისა და გარსევანიშვილების გერბებში კი მას აშკარად რელიგიური, ქრისტიანული დატვირთვა აქვს და როგორც ჩანს, საკურთხეველს განასახიერებს. რასაკვირველია, ასევე რელიგიური შინაარსის არის ქართულ სიმბოლიკაში გავრცელებული ”სვეტი ცხოველის” გამოსახულება. საკვლევ უცნობ გერბს თავს ადგას თავადური გვირგვინი. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გასარჩევი გამოსახულებაა კომპოზიციაში და საკმაო სიზუსტით შეიძლება მართლაც დახასიათდეს, როგორც სათავადო გვირგვინი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გერბი თავადისქალს ეკუთვნის. საზოგადოდ, როგორც ქართულ, ისევე რუსულ ჰერალდიკაში, მართალია, არსებობდა ცალკე კეთილშობილ მანდილოსანთა გერბები (ქალის გერბი დაკანონებული სპეციფიკური თავისებურებებით ხასიათდება), მაგრამ ქალები უმეტესად მაინც იყენებდნენ მათი საგვარეულოს გერბს ცვლილებების გარეშე ან მხოლოდ მცირე შესწორებებით. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია და გამოსახულების ცენტრალური ფიგურა მართლაც სვეტს წარმოადგენს, მაშინ გერბი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ ზევით ჩამოთვლილ ქართულ საგვარეულოსთან, რომელთა სიმბოლიკაშიც შედის სვეტის ფიგურა.


არქეოლოგიური (ბეჭედზე მოცემული თარიღი და ინიციალები: ”ФТ 9 Ноября 1828”), ანთროპოლოგიური (გარდაიცვალა 35-40 წლის), პალინოლოგიური (გარდაიცვალა მაის - ივნისში) და ჰერალდიკური მონაცემების გათვალისწინებით, შევეცადეთ, მეტი ინფორმაცია მიგვეღო ქალბატონის ვინაობის შესახებ. ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი, ვფიქრობთ, ქალბატონი თავად-აზნაურთა წრიდან უნდა ყოფილიყო. საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ 1850 წ. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-თვის შედგენილ ქართველ თავად-აზნაურთა საოჯახო სიაში მოხსენიებულია თაზიშვილი ფადეი დიმიტრის ძე (Тазиевы Фадей) თავის ოჯახთან ერთად (მეუღლე - კეკელა, შვილები: თეიმურაზი, რაჟდენი და ევგენია) (ჭუმბურიძე 2005: 144-145). XIX ს. ქართველ თავად-აზნაურთა შორის, თაზიშვილი ფადეი ის ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც ბეჭდის ინიციალებს თანხვდება. თუ კი ამ დეტალს რაიმე კავშირი აქვს სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალულ ქალბატონთან, მაშინ საინტერესოა, ვინ იყვნენ თაზიშვილები? 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატზე დართულ ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში თაზიშვილი დასახელებულია, როგორც საკათალიკოსო ქართლელი აზნაური6 (ბაგრატიონი 1997: 144). იგივეს იმეორებს იოანე ბაგრატიონი თავის ”შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”-ში7 და დასძენს მათ წარმომავლობასაც: ”ამათნი წინა-პარნი ესახლენ სამცხეს და დროსა ახალციხის განდგომისასა შთამოვიდნენ ქართლსა 1703 წ. და ამათ შინა იყო უფროსი თამაზა, მცირე აზნაური მესამისა ხარისხისა, რომელსა ძველად უწოდნენ თამაზა შვილად და ამათმან გვართაგანმან ვინმემ განარისხა საქმესა რასმეზე როსტომ მეფე და მეფემან შერისხა და უბრძანა ”შე თაზის შვილოო” (ესე იგი თათრულად მწევრის შვილოო) და მერმე მის გამო გაუგვარდათ თაზის შვილობა” (ბაგრატიონი 1997: 71-72). თუ კი სამთავროს ეზოში დაკრძალულ ქალბატონს რაიმე კავშირი აქვს ამ ოჯახთან, მაშინ გასაგები იქნება, მისი განსაკუთრებული პატივგების ფაქტი, მეორე მხრივ, უფრო ახსნადიც მიცვალებულისთვის ჩატანებული ბრინჯაოს ჭვირული გერბების გამოსახულება. როგორც აღინიშნა, ცენტრალური ადგილი აქ უჭირავს სვეტს, რომლიდანაც გამოდის გირჩები და ვაზის მტევნები. სვეტის აქეთ-იქით გამოსახული ანგელოზები და მათი პოზა კი ცხადად მიუთითებს ამ სვეტის განდიდებაზე. ქართულ ისტორიულ და რელიგიურ ცნობიერებასა და სიმბოლიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტეს კვართის განსასვენებელ ადგილზე ამოსულ ლიბანის კედარს (ზოგგან იგი ასევე მოხსენიებულია ნაძვად ან ფიჭვად - ყველა შემთხვევაში კი წიწვოვან მცენარედ) და მასზე გასულ ბაბილოს, რომლის მტევნები სასწაულმოქმედი ძალის იყვნენ (”მოქცევაი ქართლისაი” 1963: 130; ლეონტი მროველი 1955: 93-94;101). ამ ამბის ლოგიკური დასასრული კი, როგორც ცნობილია, ანგელოზის მიერ სასწაულმოქმედი სვეტის ამაღლება და კუთვნილ ადგილას დაბრძანება გახლდათ. ვფიქრობთ, გერბები სწორედ სვეტიცხოვლის განდიდებას უნდა გადმოსცემდნენ, სვეტიცხოველი კი პირდაპირ იყო დაკავშირებული კათოლიკოსობასთან. 1850წ. შედგენილი ქართველ თავად-აზნაურთა საოჯახო სიების მიხედვით ფადეის მეუღლე კეკელა 1850 წ. ჯერ კიდევ ცოცხალია. თუ დავუშვებთ, რომ კეკელა და სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონი ერთი და იგივე პიროვნებაა, მაშინ მისი ანატომიური ასაკის გათვალისწინებით (35-40 წელი), კეკელა უნდა გარდაცვლილიყო დაახლოებით 1850-1854 წლების შუალედში. უცნობი ქალბატონის ვინაობის გამორკვევის საქმეში სიცხადე უნდა შეეტანა საეკლესიო მეტრიკულ წიგნებს. მაგრამ, სამწუხაროდ, 18328 - 18529 წწ. სამთავროს (ანდა სვეტიცხოვლის) ტაძრის მეტრიკული წიგნები არანაირ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას არ შეიცავს. ამდენად, ერთადერთ ხელჩასაჭიდ ინფორმაციად ისევ 1850 წ. ქართველ თავად-აზნაურთა საოჯახო სიები რჩება. ამდენად, არქეოლოგიური, ისტორიული ანთროპლოგიური, პალინოლოგიური და ჰერალდიკური მონაცემების შეჯერებამ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონი, დიდი ალბათობით მიგვაჩნევინა საკათალიკოსო აზნაურის ფადეი თაზიშვილის მეუღლედ, რომელიც 1850-1854 წლების შუალედში, 35-40 წლის ასაკში უნდა გარდაცვლილიყო.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1.აკლდამა აგებულია აღსავლის კარის ზუსტად პირდაპირ, ისე, რომ მისი გახსნის დროს საკურთხეველიდან პირდაპირ ჩანდა სამარხზე აღმართული ჯვარი. ამ გარემოებამ თავიდანვე ცხადი გახადა, რომ სამარხი განსაკუთრებული პატივით დაკრძალული პიროვნების უნდა ყოფილიყო.

2.აკლდამის აგურების ზომები იმეორებს გვიან შუა საუკუნეებში (კონკრეტულად კი XVIII ს. და XIX ს. დასაწყისში) საქართველოში გავრცელებული აგურის ზომებს (ჯღამაია 1980: 83-85).

3.აკლდამას, ჩვეულებრივ, უნდა ჰქონოდა რაიმე სახის ნიშნული (ჯვარი, ქვა, ქანდაკება), მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერია შემორჩენილი, რაც მასში დაკრძალულის ვინაობაზე მიგვითითებდა.

4.პალინოლოგიური სპექტრის მიხედვით, განსაკუთრებით კი კომპლექსებში არსებული ლიკოპოდიუმის, გვიმრების და წყალმცენარეების ნაშთები მიუთითებს, რომ XIX ს. შუა ხანებში შიდა ქართლში კლიმატი უფრო ტენიანი უნდა ყოფილიყო.

5.ჩვენ მუშაობა გვიხდებოდა ფოტოზე, რომელზეც მასალის პატინირების გამო ყველა დეტალი მკვეთრი არ გახლდათ, ამიტომ მათი გარკვევა მცირეოდენ სიძნელეებს ქმნიდა.

6.საეკლესიო აზნაურობა საქართველოში გაუქმდა რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიის შემდეგ. 1811 წ. მთავრობამ საეკლესიო აზნაურები სახაზინო უწყებაში ჩარიცხა, 1833 წლიდან კი ყველა აზნაური რუსეთის ”დვორიანსტვოს” გაუთანაბრდა (შოშიაშვილი 1984: 625).

7.ნაწარმოები დაწერილია XIX ს. პირველ ათწლეულში, მაგრამ არა უადრეს 1803 წლისა (ბაგრატიონი 1997: 5-9).

8.ეს იმ შემთხვევაში, თუ უცნობ ქალბატონს არ გავაიგივებთ თაზიშვილის მეუღლესთან და მას სხვა პიროვნებად მივიჩნევთ.

9.რაც შეეხება 1853-1857 წწ. მეტრიკულ წიგნებს, ისინი საისტორიო არქივში დაცული არაა.

ტაბულების აღწერილობა:

I - 1. სამთავროს მონასტრის ეზოში შესწავლილი კულტურული ფენებისა და აკლდამის ჭრილი.

2. სამთავროს მონასტრის ეზოში სათავსოებისთვის გამოყოფილი და ტექნიკით ჩამოჭრილი ფართობი.

II - 1. აკლდამა, ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე.

2. აკლდამა და კულტურული ფენები.

III - 1. აკლდამა გახსნის შემდეგ.

2-3. აკლდამაში დაკრძალული მიცვალებული.

4. მიცვალებულის სასახლეზე დამაგრებული გერბი და სახელური.

IV - 1. მიცვალებულის სასახლეზე დამაგრებული გერბი.

2-3. მიცვალებულის ოქროს ბეჭედი.

4-6. მიცვალებულის კრანიალური და პოსტკრანიალური ძვლები.

V - 1. მიცვალებულის ქვედა ყბა.

2. მიცვალებულის მენჯის ძვალის ბოქვენის კუთხე და შემავალი ხვრელები.

3. მიცვალებულის თავის ქალას ფრონტალური ხედი.

4. მიცვალებულის მენჯისა და ქვედა კიდურების ძვლები.

5. მიცვალებულის თავის ქალას ქვეშ აღმოჩენილი კულტურული ვაზის (1-4) და ხორბლის (5,6) მტვრის მარცვლები.

VI – პალინოლოგიური მასალა:

1. მაქმანის ქვეშ გამოყენებული ბამბის ქსოვილი.

2. სასახლეზე შემოკრული მაქმანის დეტალი.

3. სუდარის დეტალი.

4. ხელთათმანის ქსოვილის დეტალი.

5,8. წინდების შალის ბოჭკოები.

6-7. სელის ბოჭკო.

9-10. ხელთათმანის აბრეშუმის ძაფი და ბოჭკო.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.აბდუშელიშვილი მ. 1976: კრანიოლოგია. თბილისი: გამომცემლობა ”განათლება”.

2.აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე გ. 1955: მცხეთა, არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. მცხეთა. I. თბილისი: გამომცემლობა ”მეცნიერება”.

3.ბაგრატიონი ი. 1997: შემოკლებით აღწერა საქართველოსსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა: მასალა ისტორიისათვის. რედ. ზ.კაცელაშვილი. თბილისი: გამომცემლობა ”დიალ”.

4.ბითაძე ლ. 2005: ძირითადი ანომალიების დინამიკა საქართველოს უძველეს მოსახლეობაში. ჟ. ანალები. ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ჟურნალი. 2.

5.ვადბოლსკი მ. 1980: საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლიკა. თბილისი: გამომცემლობა ”ხელოვნება”.

6.ლეონტი მროველი. 1955: ნინოს მიერ ქართლის მოქცევა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბილისი: გამომცემლობა ”სახელგამი”.

7.ლორთქიფანიძე ნ. 1977: თავსაფრიანი დედაკაცი. თხზულებანი ოთხ ტომად. ტ.3. თბილისი: გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო”.

8.ლორთქიფანიძე ო. 1973: ვანის ნაქალაქარი. თბილისი: გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო”.

9.მოქცევაი ქართლისაი”. 1963: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. I. დასაბეჭდად მოამზადეს: ილ.აბულაძემ, ნ.ათანელაშვილმა, ნ.გოგუაძემ, ლ.ჯიქიამ, ც.ქურციკიძემ, ც.ჭანკიევმა და ც.ჯღამაიამ ი.აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა.

10.რუსთველი შოთა. 1841: ვეფხის-ტყაოსანი. ახლად დაბეჭდილი შეერთებულითა ღვაწლითა უფალთა [მ]. ბროსეტ, ზ.ფალავანდიშვილისა და დ.ჩუბინოვისათა. სანკტ-პეტერბურღი: სახელმწ. აკადემ. მეცნ. სტამბა.

11.ქართული წიგნი. ბიბლიოგრაფია (1629-1920 წწ.). 1941: რედ. კიკნაძე გ. ტ. I. თბილისი: წიგნის პალატის გამოცემა.

12.შოშიაშვილი ნ. 1984: საეკლესიო აზნაური. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.8. თბილისი.

13.ჭუმბურიძე ზ. 2005: ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები. თბილისი: გამომცემლობა ”არტანუჯი”.

14.ჯღამაია ჯ. 1980: სამშენებლო კერამიკა ფეოდალური ხანის საქართველოში. თბილისი: გამომცემლობა ”მეცნიერება”.

15.Абиндер Н.А. 1952: Трансверзальная уплощенность лицевого скелета. «Тр. Ин-та этнографии АН СССР». вып. XVI.

16.Алексеев В.П, Дебец Г.Ф. 1964: Краниология. Москва: Издательство «Наука».

17. Алексеев В.П. 1966: Остеометрия. Методика антропологических исследований. Издательство «Наука».

18.Бунак В.В. 1961: Соотнოшение длины сегментов и полная длина тела по измерениям на скелетах (сравнительная характеристика двух групп). Вопросы антропологии. Вып.7.

19.Дебец Г.Ф. 1964: Опыт определения веса живых людей по размерам длинных костей. VII Международный Конгресс антропологических и этнографических наук. Издательство «Наука».

20.Общий гербовник дворянских родов Всероссийской Империи. Т. V. С-Пб. 1800.

21.Российский Государственный Исторический Архив. С-Пб. Ф. 1411. Оп. 1. д. №950

22.Российский Государственный Исторический Архив. С-Пб. Ф. 1343. Оп. 49. д. № 2. 1894 г.

23.Цихинский В. 1922: Кавказский гербовник. Тавадские роды. (Рукопись). Петроград.

24.Kvavadze E., Narimanishvili G., Bitadze L. 2010: Textile fibres of flax (Linum), cotton (Gossipium) and animals wool as Non-Pollen-Palynomorphs in the Late Bronze Age burials of Saphar-Kharaba, Southern Georgia. Vegetation History and Archaeobotany. Vol.19, No 5-6: 479-494.