topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქსნის ციხე - პ.ზაქარაია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ქსნის ციხე -  ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. თბ., 1988, გვ.114-117

ქართულ ციხეთა დიდი ნაწილი მოხდენილადაა წამოდგმული მთებზე. ასეთ ციხეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქსნის ციხეს. მდინარეების - მტკვრისა და ქსნის შესართავი ადრევე შეუმჩნევიათ ჩვენს წინაპრებს, როგორც სტრატეგიულად დიდმნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი. ამიტომ იგი ოდითგანვე გამაგრებული ჰქონიათ. დღეს არსებულ ნანგრევებში ძირითადად ორი ფენაა შემორჩენილი. პირველი მათგანი XVI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული, მეორე - XVIII საუკუნის შუა ხანებში. ციხის აგების შესახებ სხვადასხვა მატიანეში ვკითხულობთ: ქართლის მეფე დავითსა (1505-1525 წწ.) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513 წწ.) შორის ბრძოლების დროს აგებულ იქნა ციხე, რომელსაც ერთი საბუთით ”მტვერის ციხე” ეწოდებოდა, სხვა საბუთების მიხედვით - ”მტკვრის ციხე”. იმავე ცნობებით, ზედმიწევნით ხერხდება ამ ციხის ლოკალიზაცია. ირკვევა, რომ აქ საქმე გვაქვს დღევანდელ ქსნის ციხესთან. როცა ავ-გიორგის შემოსევებმა ქართლის დაპყრობითი ხასიათი მიიღო, დავით მეფეს ძმებმა ენერგიული მოქმედება და კახეთის მეფის თარეშისათვის ბოლოს მოღება მოსთხოვეს. როცა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, ბაგრატ ბატონიშვილმა თვითონ იკისრა ავ-გიორგისათვის წინააღმდეგობის გაწევა. სამაგიეროდ, საუფლისწულოდ მუხრანი მოითხოვა; თანაც არაგვისა და ქსნის საერისთავოები მთიელ-მოხევეებით მისი დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ. როცა ეს მოთხოვნა შეასრულეს, ბაგრატმა გაბედულად განაცხადა: მე აღვუდგები მტრად ავ-გიორგისო და სარკინეთის მთაზე ”მტკვრის ციხე” ააშენა. ციხის აგების თარიღი პირდაპირ არსად არაა მითითებული, მაგრამ მაინც ხერხდება მისი მიახლოებითი დადგენა. როცა ავ-გიორგის ბაგრატის მიერ მტკვრის ციხის აგების ამბავი გაუგია, მაშინვე წამოსულა ჯარით და ახლად აგებული ციხისათვის ალყა შემოურტყამს. ალყა სამ თვეს გაგრძელებულა, მაგრამ ციხისათვის ვერაფერი დაუკლია და უკანვე გაბრუნებულა. ავ-გიორგი მალე მეორედ შემოსევია ქართლს და ერთხელ, როცა გათამამებული, მცირე სპით ნადირობდა, ბაგრატს მარჯვე დრო შეურჩევია, დახვედრია, მხლებლები დაუხოცია და ავ-გიორგი შეუპყრია. მეფე მტკვრის ციხეში დაუმწყვდევიათ და მოუხრჩვიათ 1513 წელს. ციხის აგებაც დაახლოებით ამ თარიღთანაა დაკავშირებული, ე.ი. 1512 ან 1513 წელს. მუხრან-ბატონის მიერ აგებული პირველი ციხე საკმაოდ მაგარი ნაგებობა ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გაუძლებდა ციხის ასაღებად მოსული მტრის ხანგრძლივ ალყას. ციხის აუღებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ყოფილა, რომ იგი დიდი მოცულობისა იყო და სანოვაგის მარაგიც საკმაო ჰქონია. ამას ადასტურებს ასეთი ცნობა: ზემოხსენებული სამთვიანი ალყის დროს ავ-გიორგის, დაცინვით, ლიტრით ღვინო გაუგზავნია ბაგრატისთვის და შეუთვლია: შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინო გემოთიც არ გინახავს, აჰა, გასინჯეო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყოლია, გაუგზავნა და შეუთვალა: სამი თვე ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავ-გიორგი დარწმუნებულა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლითაც, ციხის სიმტკიცეში ეჭვი ისედაც არ ეპარებოდა და ახლა კი იმედგადაწყვეტილს ალყა მოუხსნია და უკუქცეულა. ციხის შემდგომი ისტორიის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ვიცით, რომ მას მრავალი ომი გადაუტანია, რის შედეგადაც ისე დაზიანებულა, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში საბრძოლველად უკვე აღარ ვარგოდა. მის ნანგრევებზე თითქმის ხელახლა აუგია ციხე ბუხრან-ბატონს, სახლთუხუცესს კონსტანტინეს, რასაც თვითონვე გვაუწყებს სამშენებლო წარწერაში. ციხეში შესასვლელის ზემოთ, საგანგებოდ დამზადებულ მოგრძო ქვაზე გაკეთებულია წარწერა, რომელშიც გარკვეულია აგების მიზეზი, აგების ვითარება და თარიღი 1746 წელი. საინტერესოა ის გარემოება, რომ ამგებს ამ ციხისათვის სახელიც შეურქმევია - ”კონსტანტილაბათი”; თავისი სახელისათვის ”აბათი” - დაუბატებია (”აბად” სპარსულში გეოგრაფიული სახელების კომპონენტად ნახმარი სიტყვაა და იმავე მნიშვნელობისაა, როგორც ქართულში: ახალშენი, რევაზაშენი, თამაზაშენი და სხვ.). ამრიგად, ეს ციხე ოთხ სახელს ატარებს: ”მტკვრის ციხე”, ”მტვერის ციხე”, ”კონსტანტილაბათის ციხე” და ”ქსნის ციხე”. პირველი სამი სახელწოდება მხოლოდ ისტორიულ საბუთებშია შემონახული, ხალხი კი მას დღესაც ქსნის ციხეს ეძახის. ქსნის ციხის თავდაპირველ ნაგებობათაგან ცოტა რამ შემორჩენილა. როდესაც კონსტანტინე მის მეორედ აგებას შესდგომია, იგი მცირე ზომისა და მარტივი აგებულებისა ყოფილა. მთის წვერზე წამოდგმული ციხის კედლები რელიეფს მისდევს, ციხის შიდა ტერიტორია კი სწორ ზედაპირს წარმოადგენს. რელიეფით ნაკარნახევი ციხის გეგმა უწესო მრავალგვერდაა და ჩრდილო - სამხრეთის ღერძზე ოდნავ წაგრძელებულია, გალავანი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. ციხეს მხოლოდ ორი კოშკი ჰქონია. ერთი წრიული გეგმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეორე სწორკუთხა - ჩრდილო-დასავლეთით. თავდაპირველი ფორმა ორივეს დაკარგული აქვს, ცილინდრული კოშკის სიმაღლე ოთხ მეტრამდეა შერჩენილი, შესასვლელი ეზოდან ჰქონია. ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად დასავლეთისაა დაზიანებული. დღეს მისი კვალის აღდგენა მხოლოდ მიახლოებით ხერხდება. რადგან სხვა კედლების ქვედა ნაწილები ყველგან შემონახულია და შესასვლელი კი არსად ჩანს, სავარაუდოა, რომ თუ ციხეში შესასვლელი მიწის დონეზე იყო, იგი სწორედ დასავლეთ მონაკვეთში იქნებოდა. დანარჩენები კედლებიდან აღმოსავლეთის - 7-8 მეტრის სიმაღლემდეა. სათავსები ხუთი მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. ციხის მეორედ აგებისას გალავნის შემორჩენილ ნაწილს აუცილებლად დასჭირდებოდა გამაგრება, რისთვისაც აღმოსავლეთითა და სამხრეთით დამატებითი კედლები ამოუყვანიათ. ამიტომ ძველი კედლები გარედან სრულებით აღარ ჩანს. დასავლეთი და ჩრდილოეთი კედელი გაუმაგრებიათ და ზედ ახალი დაუშენებიათ. ამ ახალ კედლებში სათოფე-სალოდეებია მოწყობილი. არანაკლებაა დაზიანებული ციხის მეორე ფენაც. თუმცა გამაგრების სისტემა და ზოგიერთი დეტალი აქ უკეთ ჩანს. კონსტანტინე სახლთუხუცესს დიდი მასშტაბის მშენებლობა ჩაუტარებია და ციხისათვის მთლიანად შეუცვლია სახე. გალავნის გამაგრების გარდა, მას ოთხი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი აუგია. ისინი შემდეგნაირადაა განლაგებული: ერთი, ყველაზე დიდი, მოთავსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, მეორე, სწორკუთხა გეგმის მქონე - დასავლეთ კედლის ცენტრში, მესამე, ცილინდრული - ჩრდილო - დასავლეთ კუთხეში და მეოთხე, ისიც ცილინდრული - აღმოსავლეთ კუთხის ძველ კოშკზეა მიშენებული. ციხეში შესასვლელი კოშკი სხვებზე მაღალია. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. აქვე ბანზე იქნებოდა მოთავსებული სათვალთვალო პუნქტი, რასაც მისი მდებარეობა გვაფიქრებინებს. სწორედ ეს კუთხე გადაჰყურებს მტკვრისა და ქსნის ხეობებს. მისგან შემორჩენილია ჩრდილო კედელი და დასავლეთის ნაწილი. ამ ხუთსართულიანი კედლის სიამღლე 16 მეტრს აღწევს. პირველი სართული სარდაფი იყო, ზედა ოთხი სართული - საცხოვრებელ - საბრძოლო ნაგებობა, ხოლო მათ ზემოთ - ბანი. ციხეს ერთადერთი კარი მეორე სართულზე ჰქონია, მესამე სართულის ნიშებში სათოფეებს გარდა სარკმელებიც ყოფილა, მეოთხე სართული სხვებზე უკეთაა გადაწყვეტილი. მას კარგად შელესილი კედლები და მორთული ბუხარი ჰქონია, ბუხრის გვერდით მდებარე დიდი კარი შვერილ აივანზე გადიოდა. მეხუთე სართულიც, შესაძლოა, ასევე იყო გადაწყვეტილი. მეექვსე სართული კი ქონგურებიან ბანს წარმოადგენდა. ციხის ყველაზე რთული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი კოშკია. იგი დანარჩენი კოშკების მსგავსად საცხოვრებელ-საბრძოლოა, ფორმით ორიგინალური. გეგმაში გრძელი, უსწორო, სამხრეთით მომრგვალებული ოთხკუთხედია. კოშკის სართულები დიფერენცირებულია დანიშნულების მიხედვით. ხუთი სართულიდან მხოლოდ მესამე ჩანს საცხოვრებლად განკუთვნილი. ქვედა სართულებს დამხმარე დანიშნულება ჰქონია; ზედა ორი - საომარი იქნებოდა. კოშკი, როგორც აღვნიშნეთ, მთლიანად მეორედ აგების პერიოდისაა. იგი გალავნისათვის გარედან მიუდგამთ და მასთან მისასვლელის მოსაწყობად ძველი კედელი გაურღვევიათ. ციხის ეზო სამი მეტრით მაღლაა, ვიდრე კოშკის ქვედა სართულის დონე. კავშირი როგორც ეზოდან, ისე სართულებს შორის ხის კიბით უნდა ყოფილიყო. კოშკის ქვედა ნაწილი სამხრეთის მომრგვალებული მხარე კედლით ყოფილა გამოყოფილი. ეზოსკენ მდებარე ორი სართულის დონეზე აქ ერთი სართულია. ამ მაღალი სადგომის იატაკის ქვემოთ მოთავსებულია ცილინდრული ფორმის დიდი, დაახლოებით 30 კუბმეტრი ტევადობის წყალსაცავი. წყალსადენი საკმაოდ შორი მანძილიდან გამოუყვანიათ. წყალსაცავის დონეზე მეორე მხარეს მარანი ყოფილა. აქ თხუთმეტზე მეტი ქვევრია ჩადგმული. ზედა სართულის კედლებში სათოფეები, სარკმლები და ნიშებია მოთავსებული. მესამე სართული ძირითადად საცხოვრებლად ყოფილა განკუთვნილი. კედლებში მოწყობილია დიდი სარკმლები, ბუხარი, სამეურნეო დანიშნულების ნიშები და სათოფეები. მომდევნო სართული მხოლოდ საბრძოლო დანიშნულებისაა. სალოდე და სათოფეები, თანაბარი ინტერვალით, მთელ პერიმეტრზეა განლაგებული, ამასთანავე, დასავლეთითა და სამხრეთით სამი საზარბაზნეა. უკანასკნელი სართული ქონგურებით შემოსაზღვრულ ბანს წარმოადგენს. ჩრდილო - აღმოსავლეთი ცილინდრული კოშკის შიდა, ძველი ფენიდან გადარჩენილია ორი სართული ყრუ კედლებით. ქვედა სართული, შესაძლოა, საპყრობილეც ყოფილიყო. მას ირგვლივ მოაშენეს ახალი ოთხსართულიანი კოშკი. ამასთან სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელი იყო, მეოთხე - ონგურებიანი. შედარებით პატარა კოშკი ჩრდილო-დასავლეთით გარედანაა მიდგმული, იგი ცილინდრულია, მაგრამ ისეა მიშენებული, რომ გალავნის კუთხე შიგ ცილინდრში იჭრება. კოშკი ორსართულიანი ჩანს, მესამე - ქონგურებიანია. ციხის თავდაპირველი კედლები რიყის ქვითაა ნაგები და არ არის გაფორმებული. მეორე ფენა კი უდავოდ დიდი გემოვნების ხუროთმოძღვრის მიერაა აგებული. ფასადებზე წმინდა დეკორატიული ელემენტი თითქმის არ არის, მაგრამ აუცილებელი საბრძოლო ელემენტები მხატვრულადაა გადაწყვეტილი. კედლებს სხვადასხვა სიმაღლეზე ნახევარწრიული ფორმის ქონგურები ამკობდა. მათ ქვემოთ ერთი-ორი მეტრის დაცილებით, მიუყვებოდა ნისკარტა სალოდეები, უფრო ქვემოთ  სათოფეები. ციხეში შესასვლელი, ფასადების სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, დეკორატიულია. საერთოდ, არა მარტო შესასვლელი, არამედ მთელი ეს პრიზმული კოშკი სხვებზე მეტად ყოფილა მორთული. სამწუხაროდ, იგი ყველაზე მეტადაა დაზიანებული. შესასვლელი შეისრული თაღით ყოფილა გადახურული. ზედა ჰორიზონტზე კბილანა წყობის ორი ხაზი გასდევს. მათ ზემოთ კი, ხსენებული წარწერიანი ქვაა ჩასმული.

ლიტერატურა:

1. ბერიძე ვ. XVI-XVIII სს. ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.  I, თბ., 1983.

2. ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. თბ., 1973.

3. ზაქარაია პ. ქსნის, მჭადიჯვრის და მუხრანის ციხესიმაგრეები. სსმ მოამბე. 1954, ტ.18-B.

4. მაკალათია ს. ქსნის ხეობა. თბ., 1968.