<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<დავით გარეჯი //ეკლესია - მონასტრები>>>
დოლიძე ვ. - დავით გარეჯის ერთი ხუროთმოძღვრული ძეგლის დათარიღებისათვის // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - 1950. - ტ.XI. - N9. - გვ.607-611.
”უდაბნოს” ქედის აღმოსავლეთ ბოლოში, სატრიანგულაციო წერტილიდან დასავლეთით დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, მთის თხემზე აგებული ”აღდგომის” ეკლესია ([1], ტაბ.6). იგი გადაჰყურებს ფართოდ გადაშლილ გარეჯის შიშველ მთაგორაკიან უდაბნოს, რომელიც შორს სამხრეთ-დასავლეთით მტკვრის დაბლობს ერთვის. დარბაზული ტიპის პატარა ეკლესია გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს (3,5X5,0 მ) აღმოსავლეთიდან ნახევარწრიული აფსიდური შვერილით (სურ.2), რომელიც შიგნით ფართო და ღრმა საკურთხეველს ქმნის1. ცალკე გადახურული აბსიდი მთავარი კორპუსის ორფერდა სახურავზე რამდენადმე დაბალი იყო. კედლები აგებულია ადგილობრივი, არათანაბარი ფორმისა და ზომის, ტლანქად შემოტეხილი ქვებით, რომელთა შორის უფრო დიდები მოქცეულია წყობის ქვედა ნაწილში. ამგვარსავე წყობას ვხედავთ ნაგებობის შიგნითაც. აღსანიშნავია., რომ აქ კედლები მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიული თუ კონსტრუქციული ხასიათის დამატებით ელემენტებს. გადახურვა ჩამონგრეულია, მაგრამ შერჩენილი ნაწილი გვიჩვენებს რომ კამარა აგებული იყო კედლის წყობიდან თანდათანობით გადასვლით, ყოველგვარი თაღების გარეშე. შერჩენილია კონქის საგრძნობი ნაწილი, იგი გამოყვანილია შედარებით უფრო შერჩეული თითქმის თანაბარი ზომის ქვების სწორი რიგებით. ეკლესიას ოთხი სარკმელი აქვს: ერთი დასავლეთის ფასადზე, ხოლო სამი. აბსიდში. აქ სარკმელთა ზედა კიდე საერთო დონეზეა.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)
შუა უფრო ფართო სარკმლის ქვედა კიდე 60 სანტიმეტრით უფრო დაბლაა, ვიდრე განაპირა სარკმელთა შესაბამისი კიდეები. გარედან განაპირა სარკმლები სწორკუთხოვანი მოხაზულობისაა შუა კი თაღოვანი უნდა ყოფილიყო როგორც მის წყობაში შერჩენილი ქვები მიგვითითებს. ასევე თაღოვანია ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან. ეკლესიაში ხუთი ნიშია: ორი აბსიდში ერთი სამხრეთ კედელში და ორი ჩრდილოეთის კედელში. გარედან აბსიდი სრულიად სადაა და მოკლებული ყოველგვარ მორთულობას. რამდენადმე გაცოცხლებულია სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები, რომელთაც ორმალიანი დეკორატიული არკატურა აქვთ (სურ.3). გარდა ამისა, ჩრდილოეთ ფასადის კედლის წყობა გამოირჩევა მასში ქვების ვიწრო და ფართო რიგების მონაცვლეობის შეტანის ცდით, რაც შედარებით მკაფიოდ ჩანს აბსიდის ჩრდილოეთ მხარეზე. ამავე ფასადზე შერჩენილია მცირე ზომის კარნიზი, რომელიც წარმოადგენს თხელი ფლეთილი ქვებისაგან შედგენილსა და ერთიმეორეზე გადმოშვერილ ორ თაროს. კარნიზის გადასვლა დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადების ფრონტონებზე შესრულებულია მცირეოდენი გადანაკეცით, რაც ნათლად ჩანს ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეებზე (სურ.4). ყურადდების გარეშე არ რჩება სამხრეთ ფასადის პილასტრების გასქელება დაახლოებით ერთი სიმაღლის დონეზე, რაც, როგორც ჩანს, გათვალისწინებული იყო რაღაც სადგომის კამარის საყრდენად.. ეს პილასტრები არ სტოვებენ ჩამონგრეულის შთაბეჭდილებას, არც კამარის კვალი ჩანს კედელზე. საფიქრებელია რომ თავდაპირველი განზრახვა - მიეშენებინათ სამხრეთ ფასადზე რაღაც სადგომი, აღარ იყო განხორციელებული ბოლომდე. როგორც გარედან, ისე შიგნით, გარდა კარების წირთხლისა, ნაგებობა შეულესავი ყოფილა. რაიმე გადაკეთების ნიშნები არ ჩანს, ამ მხრივ ძეგლმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მთლიანად ეკლესია უბრალო, უწესრიგო წყობით აგებული და ყოველგვარ მორთულობას მოკლებული, მხატვრულად ღარიბ შთაბეჭდილებას სტოვებს. ეს არის ჩვეულებრივი რიგის ნაგებობა გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად, რაზედაც ნახსენებია გარეჯის მოწამეთა ცხოვრებაში: ...”ჩვეულება იყო ზოგად ცხოვრებულთა ყოველთა მონასტერთა შინა გარეჰსჯისათა ვითარმედ აღასრულიან რა ორმოცი დღენი წმინდისა მარხვსანი... და წმინდასა დიდსა შაბათსა მწუხრ ჰხსენებულსა მას აღდგომისა ეკლესიასა შინა შეკრბიან და ღამე იგი ყოველი, ვითარ იგი განწესებულ არს მამათაგან, ეგევითარითა ღამისთევითა განეთევიან. ხოლო აღასრულიან რა ლოცუა ცისკრისა. თვს თვსთა მონასტერთა წარვიდიან” ([1], გვ.91) თუმცა ეს საბუთი შაჰ აბაზის ეპოქას ეკუთვნის, საფიქრებელია, რომ ეს ჩვეულება, რომელსაც ასრულებდნენ ამ ეკლესიაში ”ვითარ იგი განწესებულ არს მამათაგან ტრადიციულად ძველთაგანვე ხდებოდა მასში., და ის გარემოება, რომ დაახლოებით XII-XIII ს. ბრწყინვალედ მოხატულ გამოქვაბულთა ეკლესიებთან შედარებით უპირატესობას აძლევდნენ ამ შემთხვევაში ამ პატარა, მხატვრული თვალსაზრისით უმნიშვნელო ეკლესიას, შესაძლებელია იმის სასარგებლოდ ლაპარაკობს, რომ მას თაყვანს სცემდნენ როგორც ერთ-ერთ უძველესს გარეჯაში. ამ ეკლესიის დამახასიათებელი ცალკეული თვისებების შეჯამება, როგორც ვფიქრობთ ნებას იძლევა მივაკუთვნოო იგი VIII-IX საუკუნეების ნაგებობათა ჯგუფს. დავუბრუნდეთ ნაგებობის გეგმას და ფორმებს. ეს არის ისეთი ცალნავიანი პატარა ეკლესია, გარეთ გამოშვერილი ნახევარწრიული აბსიდით, როგორიცაა დმანისის რაიონის VIII-IX ს. ძეგლები - ”წმ.დიმიტრის” ეკლესია სოფ.ველისპირში (ყოფ., ერქუშანთი) და ს.სარკინეთის (ყოფ. დემირბულახი) ეკლესია (იხ.გეგმები)2. მსგავსება ამ უკანასკნელთან მეტი იქნება, თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენს ეკლესიასაც, თავდაპირველი განზრახვის თანახმად, სამხრეთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, რაღაც მინაშენი უნდა ჰქონოდა.
თუ თვალს გადავავლებთ ახლა ცალკეული ხუროთმოძღვრული ელემენტების გამოყენებას, შევნიშნავთ, რომ ანალოგიებს ადგილი აქვს VIII-IX და ნაწილობრივ VII საუკუნის ძეგლებში. ჩვენი ეკლესიის კონქის მსგავს კონსრუქციას ადგილი აქვს ვაჩნაძიანის ტაძარში (IX ს, დიღმის ხეობის მაჩხაანის ეკლესიაში (IX ს. ნახ.) და VIII-IX ს. მიკუთვნებულ ჯავახეთის სოფ.სირგოს ეკლესიაში ([2], გვ.385-386). როგორც ძეგლის აღწერაში აღვნიშნეთ, ერთადერთ დეკორატიულ ელემენტად გამოყენებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე ორმალიანი არკატურა. ამგვარი არკატურით დამუშავებულია წირქოლის ეკლესიის (VIII ს.). შესაბამისი ფასადები ([3], გვ.16). პრინციპულად ამგვარივე სისტემითაა გაფორმებული გურჯაანის ორგუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი ([4], ტაბ.73). აღსანიშნავია, რომ წირქოლის ძეგლში გამოყენებულ წყობის რიტმს ([3], გვ.16) ენათესავება გარეჯის ”აღდგომის ეკლესიის აფსიდისა და ჩრდილოეთის ფასადის დამუშავება (სურ.3,4), რომელიც წირქოლში გამოყენებული წყობის ჩამოყალიბებული რიტმული სისტემის წინამორბედად გვევლინება. მეტად დამახასიათებელია გარეჯის ეკლესიის კარნიზი. ამგვარი კარნიზით - ჰორიზონტული გადანაკეცით ნაგებობის კუთხეებზე, დაგვირგვინებულია ქსნის ხეობის არმაზის ტაძარი (864 წ.),^სამწევრისის ეკლესია (VII^ს.), დიღმის ხეობის მაჩხაანის ეკლესია (IX ს. ნახ.), სარკინეთი (VIII-IX ს.). კარნიზის კონსტრუქციის (ერთიმეორეზე გადმოშვერილი თაროები) ანალოგებს ვხედავთ კახეთის VIII-IX ს.ს. ეკლესიებში - ვაჩნაძიანში, ურიათუბნის დავითიანში ([4], ტაბ.78) და გურჯაანში მეტად მნიშვნელოვან მომენტს "აRდგომის ეკლესიაში წარმოადგენს გამოყენებული სააღმშენებლო მასალის ხასიათი. ნაგებობაზე ნახმარია ადგილოგრივი ფლეთილი, მრავალნაირი ზომის^დაუმუშავებელი ქვა, რაც გარდამავალი ეპოქისათვის ტიპობრივია. ეს ის ეპოქაა, როდესაც ქართველი ^ხალხი არაბთა შემოსევის შედეგად მატერიალურად შევიწროებული იყო და არ შეეძლო ჩვეულებრივი რიგის ნაგებონაზე დაეხარჯა იმდენი სახსარი და მიექცია მისთვის იმდენი ყურადღება, რამდენიც დაუთმია მას თავისი კულტურისა და კერძოდ ხუროთმოძღვრების აყვავების ბრწყინვალე ეპოქებში.
___________________________________________________________________________________
1. ხელოვნებათმცოდნეობის ლიტერატურაში ეს ძეგლი პირველად ნახსენებია 1921 წ.. დაწერილსა და 1949 წ. გამოცემულ აკად. გ.ჩუბინაშვილის შრომაში [1.], სადაც იგი მიკუთვნებულია ავტორის მიერ XVI-XVII ს. ქართული ხელოვნების ისტორიი ინსტიტუტის ექსპედიციის დავით-გარეჯში ყოფნის დროს, .1949 წ. აპრილში, აღნიშნული შრომის ავტორი ამ ძეგლის გადათარიღების აზრისა იყო, სახელდობრ, მომხრე იყო მისი აგება უფრო ადრინდელ ხანას მიკუთვნებოდა. წინამდებარე წერილი ცდაა ამ მხრივ და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში 1949 წ.26 მაისს წაკითხული მოხსენების მოკლე გადმოცემას წარმოადგენს.
2. იხ.ლ.რჩეულიშვილის მოხსენება ამ ძეგლების შესახებ ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (ხელნაწერი). გეგმები (სურ. 1. b, c,). შესრულებელია ლ.რჩეულიშვისა და ვ.ცინცაძიის ანაზომთა მიხედვით, გეგმა (სურ. 1.a) მოგვყავს ([1], გვ.90)-დან.
|