topmenu

 

ვ.ნიკოლაიშვილი - წყალმომარაგება დავით გარეჯის მონასტერში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<დავით გარეჯის კომპლექსი>>>


ვ.ნიკოლაიშვილი - წყალმომარაგება დავით გარეჯის მონასტერში // მეცნიერება და ტექნიკა, 1964 წ., ბ., №8б გვ.32-33

ქართველ კაცს გამრჯეობა ძველთაგანვე სჩვევია მისი მადლიანი მარჯვენა აშენებდა ციხეებს და ქალაქებს, არხებსა და წყალსადენებს, მაგრამ მტერი როდი აცლიდა მშვიდობიანად ეშენებინა ქვეყანა. გამუდმებული ომებითა და თარეშით ინგრეოდა და ნადგურდებოდა ქვეყნის კულტურის გამომსახველი უმნიშვნელოვანესი ძეგლები. სამშობლოს მიწა-წყლიდან მტრების განდევნის შემდეგ მოპოვებული მცირედი შესვენების დროს მოსახლეობა თავიდან იწყებდა დანგრეული და გაჩანაგებული ქვეყნის მეურნეობის შენებას და ნანგრევებიდან ციხე-ქალაქების აღდგენას. საქართველოში არ ყოფილა არც ერთი სალოცავი თუ ციხე-დარბაზი, რომ მისი მკვიდრნი წყლით არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ყველა მათგანი თავისებური, მაგრამ ორიგინალური მეთოდით და ტექნიკურად საკმაოდ სრულყოფილად იყო გადაწყვეტილი. ქართველებს ხერხი და ღონე ერთნაირად უჭრიდაო იქ, სადაც უძლური იყო ღონე, ისინი ხერხს მიმართავდნენ, ზეცის ცვარნამს შეკრებდნენ და მამაპაპათა სისხლით გაპოხილ მიწას ისე აცოცხლებდნენ. წყლით მომარაგების შესანიშნავი ორიგინალური გადაწყვეტის ნიმუშია თბილისიდან 80 კმ-ის დაშორებით, იორის ზეგანზე, მდებარე VI საუკუნით დათარიღებული დავით გარეჯის მონასტრის ”წყალსადენი”. მონასტერი წარმოადგენს სამიარუსიან ციხე-ქალაქს, გარშემორტყმულს ქვიტკირის გალავნით მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ადგილები თითქმის მცენარეულ საფარს მოკლებულია, მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც ვხვდება ოდესდაც საგულდაგულოდ მოვლილი ბაღის ნაშთი (ნახ.1). აღნიშნული ტერიტორია ხასიათდება ზომიერად თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა - 12-150С, აბსოლუტურ მინიმალურ ტემპერატურას, მინუს 22-25 0С-ს, ადგილი აქვს იანვარში, ხოლო მაქსიმალურს, 36-37 0С-ს- ივლის - აგვისტოში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-500 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. დეკემბერ - იანვარსა და ნაწილობრივ თებერვალში ნალექები უმეტესად მოდის თოვლის სახით, რომლის საფარველიც არამდგრადია და 5-10 სმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო წელიწადის დანარჩენ დრის იგი საკმაოდ ძლიერი ინტენსიურობის მქონე თავსხმა წვიმების სახით მოდის. ამ დროს წარმოქმნილი გაშმაგებული ნაკადები სწრაფად განიტვირთება პერიოდულად მოქმედი ხევებით, რასაც ხელს უწყობს აგრეთვე ციცაბო რელიეფი.

ზაფხულის განმავლობაში წვიმიანი დღეები იშვიათია. აღნიშნული ადგილის ბუნებრივი პირობების ეს თავისებურება, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდათ გათვალისწინებული იმდროინდელ მშენებლებს, რაც მტკიცდება, ერთი მხრივ, წყლის წყაროდ ატმოსფერული ნალექების შერჩევით და, მეორეც, წყალშემკრები არხების გამტარუნარიანობითა და სარეგულაციო აუზების ფაქტიური მოცულობის დადგენით. ატმოსფერული ნალექების შეკრება ხდებოდა ამ ადგილზე არსებული კლდოვანი ქანების შემცველი ფერდობებიდან (ნახ.2), რომელთა ზედაპირიც სპეციალურად იყო დამუშავებული სხვადასხვა კვეთის მქონე წყალშემკრები და მაგისტრალური არხებით, ეს უკანასკნელი კი უერთდებოდა ქანშივე წინასწარ დამზადებულ სალექარ ცისტერნებს. სხვა ტიპის საველე ცისტერნებისაგან განსხვავებით მას 1950 წელს უწოდეს ”ქართული ტიპის ცისტერნა” (ნახ.3) მშენებლებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ ის გარემოება რომ შეიძლებოდა დროთა განმავლობაში წყალშემკრებ ზედაპირზე საჭირო ყოფილიყო რაიმე სამუშაოს ჩატარება, რისთვისაც ციცაბო ზედაპირზე (30-500-იანი დაქანება) წინასწარ საფეხურები გაუკეთებიათ. ასეთივე საფეხურები იყო ამოკვეთილი წყალშემკრებ ავზებთან მისასვლელადაც. ”წყალსადენის” ზოგიერთ ადგილებში საჭიროებისდა მიხედვით მოწყობილი იყო აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი და საკმაოდ გავრცელებული - საქონლის საწყურებელი ნავი, რომელიც ოთხკუთხა ფორმისაა და ქანში გამოკვეთილია 30Х50Х80 სმ ზომით. მონასტრის თითქმის ყოველ იარუსს თავისი დამოუკიდებელი წყალშემკრები ზედაპირი ჰქონდა. საშუალო ინტენსიურობის წვიმის დროს ყველაზე მცირე ზედაპირიდან მიდებული ჩამონადენი დაახლოებით 0,6  მ3 შეადგენდა. ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენი წინაპრები საკმაოდ კარგად ფლობდნენ წყლის შენახვის  ტექნიკასაც, ქვის რეზერვუარებში შენახული წყლის საკმაოდ დიდი მარაგი რაც საჭირო იყო ზაფხულის პერიოდში წვიმიანი დღეების სიმცირის გამო, გადიოდა სპეციალურ ტექნოლოგიურ დამუშავებას, რომელიც წვიმის მტკნარ წყალს აძლევდა სათანადო სიხისტეს. ეს ხდებოდა აქვე სპეციალურად მოპოვებული მარილიანი სილისაგან შექმნილი ხელოვნური ფილტრების მეშვეობით, რომლებიც წვიმის წყალს წმენდდა სხვადასხვა არასასურველი ნალექებისაგან და მას აძლევდა ისეთ თვისებებს, რომ წყლის შენახვის პერიოდში ხარისხი არ დაკარგოდა. მონასტრის ტერიტორიაზე მოწყობილი წყალშემკრები საშუალოდ იმდენ წყალს აგროვებდა, რაც საკმარისი იყო ერთი თვის განმავლობაში 500 კაციანი დასახლებული პუნქტისათვის. თუ ვიანგარიშებთ მინიმალური ნორმებით, ეჭვს გარეშეა, რომ ადნიშნული მარაგი მხოლოდ სასმელად არ იყო განკუთვნილი, იგი სარწყავადაც გამოიყენებოდა. სარწყავი და სასმელი წყლის ცისტერნები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. სარწყავ ცისტერნებს, ჩვეულებრივ, განაპირა მაღალი ნიშნულები ეჭირა, წყლის გასაყვანად მათ დატანებული ჰქონდათ სპეციალური ხვრელი, რომლის გაღების შემთხვევაში (გარკვეულ სიმაღლემდე) არხში წყალი თვიდდინებით გადიოდა (ნახ.3).

სასმელი წყლის ცისტერნები ორიარუსიანი იყო. პირველადი ცისტერნები ჩვეულებრივ ახდენდა წყლის მიღებასა და დამუშავებას, ხოლო მეორადი, რომლებიც შედარებით ქანის სიდრმეში იყო მოწყობილი, წყლის ცივად და სუფთად შენახვას ემსახურებოდა. თუმცა აღნიშნული წყალსადენი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე დღეისათვის კარგად შესწავლილი ნადარბაზევის (თეთრიწყაროს რაიონი), შიო მღვიმისა და სხვა წყალსადენები, მაგრამ იგი თავისი ორიგინალობით ყურადდებას იმსახურებს და დაწვრილებითი შესწავლის ღირსია.