topmenu

 

ს.გამსახურდია - კლდეში გამოკვეთილი ქართული ძეგლები

<უკან დაბრუნება....<<<ციხე - ქალაქები // ეკლესია - მონასტრები>>>


ფოტოს ავტორი ნ.თურმანიძე

სვიმონ გამსახურდია - კლდეში გამოკვეთილი ქართული ძეგლები // დროშა, თბ., 1957 წ., №10, გვ.19.

გამოქვაბულთა კლდეში გამოკვეთის სისტემა საქართველოს უძველესი ხანის ისტორიიდან არის ცნობილი. ისინი უშუალოდ საცხოვრებელი ადგილის ან დამხმარე ნაგებობების სახით წარმოგვიდგებიან და ხანდახან მთელ ქალაქად გვხვდება. ქართველ მემატიანეს, ლეონტი მროველს მოხრობილი აქვს კლდეეში გამოკვეთილი საცხოვრებლის არსებობის შესახებ უძველეს მცხეთაში. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში ”სარკინე მთის” მიდამოებში ანტიოქიიდან ჩამოსულ ბერს - შიოს კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული უპოვნია და შიგ დასადგურებულა. შიოსათვის სხვა ბერ-მონაზვნებსაც მიუბაძავთ და საცხოვრებლად მღვიმეებში (”ქვაბებში) დასახლებულან, ხოლო შემდეგ ახალი მღვიმეებიც გამოუკვეთიათ. ეს საცხოვრებელი მღვიმეები დღეს 100-მდეა აღნიშნულ მიდამოებში შემორჩენილი. მღვიმეები ისეა კლდეში გამოკვეთილი, რომ შიგ მყოფ ბერებს შემოსეულ მტრისაგან თავდაცვის საშუალება ჰქონოდათ. ერთ მწკრივზე განლაგებული მღვიმეები ერთმანეთს აივნისებური გასასვლელებით უკავშირდებიან, ხოლო სართულიდან სართულში კი, როგორც შემორჩენილი ნაშთებით ჩანს, გვირაბები გადიოდა. ალაგ - ალაგ მღვიმეების კედლებს მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩა. კლდის  კვეთის უფრო რთული სისტემაა წარმოდგენილი უფლისციხის ნაქალაქარში, რომელიც მთლიანად ქვიშნარევ ქვაშია გამოკვეთილი.

უფლისციხე, საქართველოში არსებულ კლდეში ნაკვეთ ნაგებობათა შორის, ერთ-ერთი უძველესთაგანია. მისი დაარსების შესახებ, საისტორიო წყაროებში, სამწუხაროდ, არავითარი ცნობა არაა დაცული და პირველა მას მატიანე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეს მიაკუთვნებს. როგორც არქიტექტურის ძეგლი, უფლისციხის ნაქალაქარი კლდეში გამოკვეთილ შენობათა რთულ კომპლექსს წარმოადგენს და მრავალ თავისებურებას შეიცავს. სადღეისოდ ძეგლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა იმდენად შემოინახა თავისი ფორმები, რომ მათ აღწერა დათარიღების საშუალებასაც იძლევა. დარბაზები ნაირსახეობითაა გაფორმებული, რაც მიგვითითებს, რომ ისინი სხვადასხვა პერიოდში აუშენებიათ. მაგ., ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი ნიშნებით მორთული დარბაზიც გვხვდება და ფეოდალური ხანის ადრეული პერიოდისაც. მრავალ შემთხვევაში ქალაქის არქიტექტურის შესწავლა მისი არსებობის ადრეულ პერიოდებზე მიუთითებს. ამის მიხედვით, უფლისციხე, როგორც კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქის რთული კომპლექსი, ადრინდელი ხანის ციხე - ქალაქთა ისეთ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ერთ დროს მცირე აზიაში იყო გავრცელებული. თავისი გრანდიოზულობით საყურადღებოა ვარძიის კლდეში გამოკვეთილი ციხე - მონასტერი და დავით გარეჯის უდაბნოს გამოქვაბულთა ვრცელი კომპლექსი. ვარძიის ციხე - მონასტრის გამოკვეთას წის უსწრებს დავით გარეჯის მონასტრის დაარსება. მისი თავდაპირველი შენება მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში იწყება დავით გარეჯელის თაოსნობით. დავითი სირიიდან მონოფიზიტობისათვის დევნილ ქართველ მისიონერთა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამ ჯგუფს ქრისტიანობის გავრცებისათვის ხაქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაუწყია მოღვაწეობა. დავითმა ჯერ თბილისში მთაწმინდაზე დააარსა მონასტერი, ხოლო შემდეგ გარეჯის უდაბნოში გადავიდა და საფუძველი ჩაუყარა დიდ სამონასტრო მოღვაეეობას. აქედან მიიღო დავითმა გარეჯელის სახელწოდება და თვით უდაბნოსაც დავით - გარეჯი ეწოდა. აღნიშნული მონასტერი გამოქვაბულთა რამდენიმე კომპლექსისაგან შედგება და დაახლოებით 25 კმ. სიგრძეზე ვრცელდება. გამოქვაბულთა ეს კომპლექსები თბილისიდან 60-70 კმ-ის მანძილზე მდებარეობენ, სამხრეთ - აღმოსავლეთის მიმართულებით, და გამოკვეთილნი არიან შიშველ გორაკებში, რომლებიც მტკვრისა და იორის აუზებს შორის არიან მოქცეულნი. ჟამთა ვითარებაში მონასტრების უმეტესი ნაწილი დაზიანდა. საბედნიეროდ, გარკვეული ნაწილი მონასტრისა, კერძოდ კი ტაძრების - დოდოს რქის, ბერთუბნის, უდაბნოს, მოწამეთისა და ნათლისმცემლის ეკლესიები და სხვათა გადარჩენილი ფრაგმენტები მთლიანი ნაწილები თავისი წარსულის დიდებაზე მეტყველებენ. კედლის მოხატულობის ის თავისებურება, რომელიც ბერთუბანში გვხვდება, განსაკუთრებელი ინტერესის შემცველია და მთელი მონასტრის კომპლექსთან ერთად სათანადოდ შესწავლილი აკად. გიორგი ჩუბინაშვილის მიერ. მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ქვეყნის პოლიტიკური ვითარება გავლენას ახდენს დავით - გარეჯის მონასტრის ცხოვრებაზე. მონღოლთა შემოსევებით და, უფრო გვიან ოსმალო - ყიზილბაშთა განუწყვეტელი თარეშით შეფერხდა ქართული ხელოვნების ყველა დარგის განვითარება დავით - გარეჯი, როგორც ქართლის საზღვართან მდებარე მონასტერი, ამ შემოსევების პირველი მსხვერპლი ხდებოდა. იწყებოდა ადგილობრივ მკვიდრთა გახიზვნა და მონასტრის გაუკაცრიელება. მტრის შემოსევებისაგან თავდაცვა ისეთი ნაგებობების მონასტერსაც უჭირდა, როგორიცაა ვარძია. ასე რომ, სპარსელთა ერთ-ერთი შემოსევის შემდეგ მე-16 საუკუნეში მონასტერმა სრულიად შეწყვიტა კიდეც არსებობა.

...ვარძიის გამოქვაბულთა არქიტექტურული, ანსამბლი მდებარეობს მესხეთში, დაბა ასპინძიდან 30 კმ-ის დაშორებით, მისი შენება მე-12 საუკუნეში (დაახლოებით 60-იან წლებში) დაიწყო გიორგი III, მაგრამ მას ვერ მოუსწრია მონასტრის შენების ბოლომდე მიყვანა და წამოწყებული საქმე მის შვილს თამარს დამთავრებია. თუ რა მიზნით წამოიწყო თავდაპირველად გიორგი III ვარძიის გამოქვაბულთა კვეთა, ისტორიული წყაროების მიხედვით არ ჩანს, ის კი აშკარაა, რომ თამარ მეფის დროს მისი შენება, როგორც მონასტრისა, დამთავრდა. კლდე, რომელშიც ვარძიის მონასტრის გამოქვაბულებია გამოკვეთილი, მტკვრის დონიდან 105 მ. სიმაღლისაა. თავის დროზე ეს კლდე მიუვალი იყო, ხოლო დროთა განმავლობაში ნამონასტრალის წინა ფასადის ჩამონგრევის შედეგად, მის ძირში ფერდობი შექმნილა და სადღეისოდ პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. კლდის შუა, რომელსაც გამოქვაბულთა კომპლექსი 500 მეტრის სიგრძეზე გასდევს და რვა სართულადაა დალაგებული, ტუფის ფენას წარმოადგენს და კლდის ძირიდან 50 მეტრით მაღლა მდებარეობს. ტუფი შედარებით სხვა ფენასთან ადვილად საკვეთია და გლუვი ზედაპირის მიღების საშუალებასაც იძლევა. ამდენად ვარძიის მშენებელთ, გეოლოგიური თვალსაზრისით, გეგმაზომიერად შეურჩევიათ სამშენებლოდ კლდის შუა, ტუფის ფენა. ამჟამად ვარძიის გამოქვაბულთა უმეტესი ნაწილი დანგრეულია. წინა ფასადი, სადაც ეზო - დერეფნები იყო მოთავსებული, მთლიანად ჩამოიქცა და დარჩენილია საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები. შედარებით კარგადაა შემონახული აღმოსავლეთით გამოკვეთილი გამოქვაბულები, სადაც ”დარბაზი” და ე.წ. ”თამარის ოთახიც” მდებარეობს. ცენტრალური ნაწილი, სადაც ტაძარი, სამალავი გვირაბი, ოთახი და კოშკები გამოკვეთილი, პირველი სართულის მარანი, ”სალხინო” დარბაზი, დასავლეთით საჯინიბო და გვირაბი, რომლის იატაკში წყლის მილების ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეს გვირაბი თავის დროზე გარედან შეუმჩნევვლი იყო და კლდის შუა ზოლს მიჰყვებოდა 6 კმ-ის მანძილზე სოფელ ზედა ვარძიამდე, საიდანაც იღებდა წყალს და მონასტრის ვრცელ კომპლექსს ამარაგებდა. ყოველ შემთხვევისათვის სასმელი წყალი თვით გამოქვაბულთა კომპლექსშიც არსებობდა. მცირე მოცულობის აუზი საიდანაც ეს წყალი დგას, ტაძრის უკანა გამოქვაბულშია გაკეთებული. აუზში წყალი მოჟონავს კლდიდან. ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ვარძიის ტაძარი საყურადღებოა კედლის მოხატულობის მხრივაც. ფერების ზოგან ჰარმონიული, ზოგან კი კონტრასტული შეხამება ოსტატის მაღალ გემოვნებას ადასტურებს. ტაძრის ჩრდილო კედელზე გიორგი მესამისა და თამარის პორტრეტებია გამოსახული. თამარის გამოსახვის ნიშნებით მტკიცდება, რომ იგი ჯერ კიდევ გაუთხოვარია წარმოდგენილი და მაშასადამე, აღნიშნული მხატვრობა 1186 წლამდე (ე.ი. მის გათხოვებამდე) შესრულებულა. საქართველოში თამარ მეფის სახე ოთხ ფრესკაზე შემორჩა დღემდე (ბეთანიაში, ბერთუბანში, ვარძიაში და ყინწვისში.) აქედან თამარი ამგვარი სახით მხოლოდ ვარძიის ტაძარშია გამოსახული. მთელი თავისი სიმდიდრითა თუ შემკულობით ვარძიამ, როგორც მონასტერმა და ციხე - სიმაგრემ, თითქმის სამ საუკუნე ნახევარი იარსება. 1151 წელს სპარსეთის შაჰმა, თამაზმა შინაგამცემთა ღალატის მეოხებით მოახერხა გამოქვაბულში შეჭრა, შიგ შეხიზნული მესხი მოსახლეობა ამოხოცა და მონასტერი მთლიანად გაძარცვა. ამ დროიდან ვარძიამ, როგორც მონასტერმა, თავისი არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად იმ დიდი ნგრევებისა, რაც უფლისციხის, შიომღვიმის, დავით გარეჯის და ვარძიის ნაქალაქარმა განიცადა, დარჩენილი ნაწილი ამ მნიშვნელოვანი ძეგლებისა დიდი ინტერესის შემცველია, მათი გულდასმით შესწავლის სფუძველზე, როგორც მშენებლობის, ასევე ხელოვნების საკითხისათვის მრავალ ისეთ საინტერესო მომენტზე შეიძლება ყურადღების მიქცევა, როგორიცაა სააშენებლო ხელოვნების და ტექნიკის საკითხი, ქალაქის მშენებლობის ისტორიის საკითხის შესწავლა, საერთოდ, და კერძოდ ქართული საცხოვრებლისა, ხელოვნების საკითხები (ფრესკა, არქიტექტურა) და სხვ. მატერიალური კულტურის ეს მნიშვნელოვანი ძეგლები დაცულია როგორც წარსულის ღირსშესანიშნავი განძი, რომლის სანახავად დიდის ინტერესით მოედინება ხალხის ნაკადი ჩვენი ქვეყნის მრავალი კუთხიდან.