topmenu

 

დრის (ჯავახაანთ) ციხე

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ციხე - კოშკები>>>


დრის ციხე - პ.ზაქარაია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - თბ., 1978. - გვ.639.

დრის ციხე, ჯავახაანთ ციხე, განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კასპის რაიონში, სოფელ ზენადრისის მახლობლად, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან მთაზე. ჩანს რამდენიმე სამშენებლო ფენა. რიყის ქვით ნაშენ ციხის გალავანში ჩართულ კოშკთაგან ყველაზე მაღალი ფეოდალის საცხოვრებელი კოშკი (დონჟონი) იყო. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესია.

დრის ციხის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპიდან 30 კმ-ში მდებარე სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით 400 მეტრზე, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, ეკლესია, კოშკი, სასახლე (დანგრეულია). თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. გალავანი და მის ტერიტორიაზე მდგარი სხვა ნაგებობები, ეკლესიის გარდა, ნაგები იყო ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ციხე - გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსზე, ჩრდილოეთით კოშკი დგას, სამხრეთით - მცირე ეკლესია. ზედა იარუსის გალავნის კედლებში ვიწრო სათოფურებია. ქვედა იარუსზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ყოფილა. სამხრეთით მდგარა ორსართულიანი სასახლე, რომელსაც ჩრდილოეთით ეკვროდა სამეურნეო დანიშნულების შენობა (ყველა დანგრეულია). ეკლესია დარბაზულია, (6,35X4,65 მ), ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. დაზიანებულია: დარღვეულია იატაკის დონე, გაბზარულია კამარა, ფასადებზე საპირე ქვები ბევრ ადგილას ამოცვენილია. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. იგი შიგნიდან თაღოვანია, გარედან გადახურულია არქიტრავის ქვით, რომელზედაც გამოყვანილია არქივოლტით შემოსაზღვრული ნახევარწრიული ტიმპანი. შვერილი, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი შეისრული სარკმელია, მის მარცხენა მხარეს - ვიწრო სალოდე, საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის საკმაოდ ღრმა, ჭურისებრი სათავსი. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში ქვემოთკენ დახრილი ვიწრო სათოფურია. ერთი სწორკუთხა სარკმელი გაჭრილია სამხრეთ კედელში, ხოლო ორი თაღოვანი - დასავლეთ კედელში. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ქვის კრონშტეინებზე გადაყვანილ სატრიუმფო თაღსა და დასავლეთ კედელს ეყრდნობა. სამხრეთ ფასადზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ამოკვეთილია მცენარეული ორნამენტი. ციხის სამხრეთ ნაწილში დგას ოთხსართულიანი, გეგმით სწორკუთხა კოშკი (5,8X3,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვები. შესასვლელი მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელშია. პირველი სართულის ოთხივე კედელზე საპირე ქვები ამოცვენილია. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სათოფურია. მეორე სართული დაბალია, შესაძლოა სამეურნეო დანიშნულებისა იყო. მესამე სართულის კედლები შედარებით განიერია, გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით. აქ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა სათოფურია. ამავე სართულზე, ჩრდილოეთით, იატაკში ამოჭრილია სწორკუთხა ჩასასვლელი. მსგავსი ხვრელობი კამარაზეც არის, ზედა სართულში ასაძრომად. მეოთხე სართულის კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, სათოფურების კვალი არ შეიმჩნევა.

გამოყენებული ბმულები:

http://dzeglebi.com/view.php?id=267

http://ka.wikipedia.org/wiki/დრის_ციხე


დრის ციხე (კასპის რაიონი), ბიბლიოგრაფია:

1. დრის ციხე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - თბ., 1978. - გვ.639. - მოკლე ცნობა შუა საუკუნეების ძეგლის - დრის (ჯავახაანთ) ციხის შესახებ.

2. დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი // საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.219 - 220. - კომპლექსის ნაგებობათა ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის კომპლექსის გენერალური გეგმა, ეკლესიის განივი განაკვეთი და გეგმა.

3. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.27 - 28.მოკლე ცნობები მეხის ეკლესიის, დრისის ციხისა (ჯავახაანთ ციხე) და კოშკის შესახებ.

4. დრის ციხე // შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.32. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - მოკლე ცნობა დრის (ჯავახაანთ) ციხის შესახებ.