topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მცხეთისგორის სამაროვანი - ქ.დიღმელაშვილი

<უკან დაბრუნება

 

მცხეთისგორის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. მცხეთისგორაზე სხვადასხვა წლებში მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძ. ა.კალანდაძე) გათხარა თლილი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გვიანანტიკური ხანის მცხეთის ზღუდის ნაწილი, გვიანანტიკური ხანიდან ადრინდელ ფეოდალურ ხანაზე გარდამავალი პერიოდის და განვითარებული ფეოდალური ხანის ნაგებობის ნაშთი და მარანი. 1975 - 80 წწ. მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძ. ა.აფაქიძე) გორაზე გათხარა ალიზით ნაგები ზღუდისა და ნატეხი ქვით ნაგებ სათავსთა ფრაგმენტები, რომელთაც თიხატკეპნილი იატაკი ქონდათ. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა, აღნიშნული სათავსოები თავის დროზე ზღუდე - გალავნის მომსახურე-მოდარაჯე პერსონალის დროებითი თავშესაფარ-სამყოფელი ყოფილიყო. აქვე აღმოჩნდა რამდენიმე თიხის თონე - სათბური, რომლებიც მოგვიანო - XI - XIII სს. კუთვნილება უნდა იყოს. მცხეთისგორაზე მდგარი შენობები დახურული უნდა ყოფილიყო კრამიტით, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილი დიდი რაოდენობით დამტვრეული ღარიანი და ბრტყელი კრამიტების ფრაგმენტები. სხვა მასალიდან გამოსარჩევია ჩალისფრად გამომწვარი თიხის ყელწიბოიანი ჭიჭლა-ხელადების, ღრმა ჯამების და ქოთან-ქილების ნატეხები, რკინისა და ბრინჯაოს წვრილი ნივთები, შინაურ ცხოველთა ძვლები, ნაცარი, ნახშირი, ბათქაშისა და ალიზის ნამტვრევები. რაც შეეხება სამაროვანს, ის ორფენიანია. პირველი ფენა ძირითადად შედგება IV - V სს. და VI - VIII სს. სამარხებისგან, ხოლო მეორე ფენა წარმოდგენილია ორმოსამარხებით, რომლებიც ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. მცხეთისგორაზე გამოვლენილი ათეულობით სამარხიდან ნაწილი შეუსწავლელი დარჩა, იმის გამო, რომი ისინი სხვადასხვა ნაგებობის ქვეშ იყო გამართული. შესწავლილი სამარხებიდან უმეტესობა ქვასამარხი გახლდათ, დანარჩენები კი ორმოსამარხებს წარმოადგენდა. ქვასამარხები ოთხ ქვეტიპად იყოფოდა: ბანურსახურავიანი, ორფერდასახურავიანი, ქვათლილებით ნაგები და ამოშენებულგვერდებიანი სამარხები. ამათგან, უკანასკნელნი ნაგები იყო ქვატეხილებით თიხაზე, ხოლო კედლების შიდაპირი შელესილი გახლდათ გაჯით ან კირით. მსგავსი სამარხები IV ს. ბოლოდან ჩნდება. სამარხების უმეტესობაში იატაკის მაგივრობას წინასწარ მომზადებული და მოტკეპნილი ნიადაგი ასრულებდა. მოგვიანო, VI - VIII სს. სამარხები მცხეთისგორის სამაროვანზე ზერელედაა ნაგები, კედლებად ხშირად ნახმარია დაუმუშავებელი ორი და მეტი ქვა, გადაბმის ადგილებში გამოყენებულია ე.წ. ხურდა ქვით შევსებები. მათი ბანური სახურავი სამ-სამი უხეშად დამუშავებული ქვებითაა შეგენილი. მცხეთისგორის სამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ გულაღმა, გაშოტილი, თავით დასავლეთით, ხელების არაერთგვარი მდებარეობით. სამარხები ძირითადად საოჯახო ტიპისა გახლდათ, რომლებშიც დაკრძალული იყო ერთიდან - ექვსამდე მიცვალებული. ამდენად, სამაროვანი მცხეთის მკვიდრთა ქრისტიანი ნაწილის განსასვენებელს წარმოადგენდა. მცხეთისგორის სამარხები ხშირ შემთხვევაში გაძარცვული იყო. საინტერესოა, რომ სამარხები მათი გამართვიდან ახლო ხანში იძარცვებოდა, ვიდრე სამარხი მიწით დაიფარებოდა. ძარცვა ხდებოდა დასავლეთის, თავის მხარეს სახურავის ფილის ჩამოტეხვის გზით (ანუ იმ ადგილებში, სადაც სამკაული ეგულებოდათ). მიუხედავად ამისა, სამარხებმა შემოინახა: ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები - ღილები, მშვილდსაკინძები და საკინძები; სამკაული - ბეჭდები, საყურეები და მძივები და მინის ჭურჭელი. მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

1. მცხეთის გორის სამაროვანი. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. თბ., 1990. გვ.246-247.

2. მანჯგალაძე გ., მანჯალაძე ი., გიუნაშვილი გ., ღლონტი ნ. სამარხ ნაგებობათა ახალი სახეობა მცხეთაში. საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მოამბე. ტ.99. №3, 1980. გვ. 61-64.

3. ნიკოლაიშვილი ვ., გიურნაშვილი გ., ღლონტი ნ. მცხეთისგორის სამაროვანი. მცხეთა. VII. თბ., 1985. გვ.132-150.

4. აფაქიძე ა., კალანდაძე ა., ნიკოლაიშვილი ვ. მცხეთა, 1975. მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის 1975 წლის მუშაობის ანგარიში. მცხეთა. II. თბ., 1978. გვ.61-64.