topmenu

 

გ.ლომთათიძე, ი.ციციშვილი - ახალაღმოჩენილი აკლდამა მცხეთაში

<უკან დაბრუნება...<<ბიბლიოგრაფია...<<<მთავარი გვერდი - მცხეთა>>>

გ.ლომთათიძე და ი.ციციშვილი - ახალაღმოჩენილი აკლდამა მცხეთაში //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XII, №10, 1951

(წარმოადგინა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ნ.ბერძენიშვილმა 18.9.1951)

საქართველოს ძველი დადექალაქის მცხეთის მიწაში ბოლო ათი წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი. 1951 წლის ივნისის შუა რიცხვებში იქ თავი იჩინა კიდევ ერთმა შესანიშნავმა ძეგლმა - კარგად შემონახულმა დიდმა, მავზოლეუმის ტიპის აკლდამამ1.აკლდამა გათხარა და შეისწავლა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვ. მეცნ. კანდ. გ.ლომთათიზე; მონაწილენი: მეცნ.კანდ. ი.ციციშვილი, გ.ცქიტიშვილი, ო.ღამბაშიძე და სხვ.) თხრა წარმოებდა 1951 წ. 15-დან 30 ივნისამდე). ეს აკლდამა მდებარეობს რკინიგზის სადგურ მცხეთის აღმოსავლეთით 300-ოდე მეტრის მანძილზე, კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას. ამ ადგილას ადრეცაა მცხეთის ექსპდიციის მიერ გატრილი სამარხი ნაგებობანი - ახ.წ. I – III საუკუნეთა ღარიბული ინვენტარის შემცველი, კრამიტით აშენებული. ამრიგად, აქ შეგვიძლია აღნიშნული დროის სამაროვანი ვივარაუდოთ. აკლდამა ჩადგმულია ფერდობზე საგანგებოდ ამოჭრილი, სწორკუთოვან ქვაბულში (9,1 X4,85 მ), რომელიც შემოზღუდულია ნატეხი ქვითა და თიხით, ყორულად ამოყვანილი და შიგნიდან თიხალესილი კედლებით. კედლებსი სიმაღლე 1,6-2,1 მეტრს აღწევს. ჩრდილო კედელში დატოვებულია ფართო (1,6 მ) შესასვლელი. აქ ალბათ მიწაში გამოკვეილი ან ქვით მოფენილი საფეხურები ჩადიოდა აკლდამისაკენ. შესასვლელი ქვით იყო ამოქოლილი - საფიქრებელია, მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ2. უადგილობის გამო აკლდამის ნახაზებს აქ ვერ ვათავსებთ, ისინი დაიბეჭდება უფრო ვრცელ მონოგრაფიაში, რომელიც მალე უნდა გამოქვეყნდეს.. აკლდამა დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. მას უკავია შემოზღუდულის დასავლეთი მხარე, საერთოო ფართობის ნახევარზე ნაკლები, ასე რომ აკლდამის წინ არის საკმაოდ ვრცელი (5,23X4,5 მ) ეზო, რომელიც. ეტყობა, წინასწარ ყოფილა განკუთვნილი დაკრძალვის ცერემონიალისათვის. ამ ეზოში მიწა დატკეპნილი თიხითაა მოფენილი. აკლდამა წარმოადგენს სწორკუთხოვანი მოყვანილობის სამარხავ სენაკს, რომელსაც კარი აღმოსავლეთ კედელში აქვს დატანებული. ამ სენაკის სიგრძე 2,33 და 2,37 მ უდრის, სიგანე - 1,75 და 1,8 მ, კედლების სიმაღლე კამარის ქუსლამდე - 0,93 მ, ხოლო თხემამდე - 1,9 მ. კედლები აგებულია ქვიშაქვის დიდრონი თლილი ფილებით, უდუღაბობ და, ეტყობა, გადასაბმელი სამაგრები გამოუყენებლივ (3.კედლების დაურღვევლად ეს დანამდვილებით ვერ გაირკვეოდა. - ამგვარივე ქვებითაა გამოყვანილი ნახევარწრიული კარამა, რომლითაც გადახურულია აკლდამა.). ფილები ერთიმეორეზე მჭიდროდ მორგებული და კარგად შერწყმულია, მაგრამ წყობის სისტემას სიკაცრე არ ეტყობა. აკლდამის ყველა კედელი, კარის წირთხლებიდა კამარა სქლად (1,5-3,0 სმ) შელესილია. ნალესობა მშვენიერია. მას მოწითალო ფერი გადაკრავს კირში სინესტისგამძლეობის მისანიჭებლად დანაყილი კერამიკის შერევის გამო. იატაკად დაგებულია სხვადასხვა ზომის სწორკუთხოვანი ფილები, რომელთა სისქე 20 სმ აღწევს. იმისათვის, რომ ფილები იფრო მჭიდროდ ყოფილიყო დაწყობილი, მიწაზე წინასწარ მოყრილია ღორღი და ქვიშა. ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლები (რომლებიც თითქმის უშუალოდ ეხება გალავანს), შიდაპირისაგან განსხვავებით, უსწორმასწოროდ ნაწყობი ქვებითაა ამოყვანილი. აკლდამის აღმოსავლეთის ფასადი შემოსილია მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. ეს კედელი დგას დაბალ, ერთსაფეხურიან ცოკოლზე და ზემოთ თვდება ფრონტონით, რომელიც დაგვირგვინებულია მარტივი, მოხდენილი პროფილის მქონე ლავგარდნით. ფასადს ნაპირები უსწორმასწორო აქვს, ვინაიდან გვერდის კედლები ფრონტონის მიმართულებით თანდათან, საფეხურთა სახით ვიწროვდება. შუაში არის კარი, რომელსაც დაბალი ზღურბლი და მკაფიო - პროფილიანი საპირე აქვს. კარში მჭიდროდ იყო გაჭედილი დიდი (1,03X0,68X0,2 მ) სწორკუთხოვანი ლოდი, გამოჭრილი კირქვიანი ქვიშაქვისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ფასადის კვადრები გულდასმითაა ერთიმეორეზე მორგებული, აქა - იქ სიმწყობრე დარღვეული (ჩამოტეხილი კუთხები, მეტად ფართო ნაწიბურები) და ასეთი ადგილები კირითაა ამოლესილი. კარს აქეთ-იქით წყობაში ჩანს რკალისებრი ნაკერები, რომლებიც შეესაბამებიან კამარის მოხაზულობას. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ფრონტონის ლავგარდანთა დამაგრების ხერხი; ორივე მხარეზე ქვედა კუთხე და ფრონტონის ტიმპანის ქვეშ მდებარე კვადრი ერთისა და იმავე დიდი ქვისაგანაა გამოჭრილი, ასე რომ ეს კუთხის ქვები გვერდიდან ამაგრებენ ფრონტონის შუა ნაწილს. პერანგის ქვებს ემჩნევა ქვისმთლელის ხუთი სხვადასხვაგვარი ხელსაწყოს კვალი. ეს უნდა იყოს ცულის, წალკატის, სათლელის, სარანდელისა და კბილანებიანი კეკოს ტიპის იარაღები. აკლდამის ორკალთიანი სახურავი დახურულია ორი სახის დიდრონი კრამიტით. სახურავის მთელ ზედაპირს ფარავს ფართო და ბრტყელი, გვერდებაკეცილი, ხოლო მათ ნაწიბურებს უფრო ვიწრო, ღარისებრი კრამიტები. ასეთი კრამიტი ძალზე გავრცელებულია ძველი მცხეთის ნაგებობათა შორის (1). სახურავი ყოველ მხარეს დიდად სცილდება კედლებს. ზედ აკლდამაზე კრამიტები უშუალოს კირის თხელ ფენაზე აწყვია ქვის კამარის კალთებზე. კედლებს გარეთ კი ისინი დანდობილი ყოფილა ხის ლარტყებზე, რომელთა ზედა ბოლოები, ჩანს, აკლდამის კიდეზე იდო, ხოლო ქვედა - აკლდამის გრძივი კედლების გასწვრივ ამოყვანილ ყორე - კედლებზე. კრამიტი, ისევე როგორც საერთოდ მცხეთის ძველი კრამიტი, კარგად გამომწვარი და წითლად შეღებილია. თითქმის ყველას აქვს ხელოსნის ნიშნები. საყურადღებოა, რომ ყველა ბრტყელ კრამიტზე ერთი და იგივე ნიშანია გამოყვანილი, ხოლო ღარისებს კრამიტზე - შვიდნაირი. ძნელია გადაჭრით პასუხის გაცემა ერთ საკითხზე: თავის დროზე ამ აკლდამას თავზე მიწა ეყარა, თუ იგი ჩანდა მიწის ზედაპირზე, თუნდაც ნაწილობრივ? პირველ ვარაუდს მხარს უჭერს რამდენიმე გარემოება: ქვაბული არ შეჰფერის მიწისზედა მავზოლეუმს; გალავნის კარი ამოქოლილია; ფასადის პერანგის კვადრები ყოველთვის არაა საკმაოდ ბეჯითად თლილი; გალავნის ჩრდილო - აღმოსავლეთი კუთხეში იატაკის დონეზე აღმოჩნდა ცხენის მთლიანი ჩონჩხი; თხრისას ჩანდა, რომ აკლდამის ირგვლის მიწა ხელოვნურად უნდა ყოფილიყო დაყრილი; არ აღმოჩენილა არავითარი წარწერა, ხოლო (მცხეთის ძეგლთა შესაწვლით მიღებული გამოცდილების მიხედვით) წარჩინებული პირების სამარხთა წარწერები ზედ დაყრილ მიწაზე აღმართულ სტელებზე იყო ხოლმე და არა თვით სამარხ ნაგებობებზე, რაკი ეს უკანასკნელები არ ჩანდა. დასასრულ, შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი რუსი არქეოლოგის ბ.ფარმაკოვსკის აზრი, რომ "სამარხის მიწით დაფარვა უფრო უზრუნველყოფდა ნეშტისა და მისთვის დაკრძალვისას მიძღვნილი საგნების ხელუხლებლობას და თან უფრო შეეფერებოდა მიცვალებულის მიწაში დაფლვის იდეას.“ (2), გვ.19). მეორე მხრივ, კრამიტის სახურავი თითქოს არ უნდა დაფარულიყო მიწით. ამას ისიც მოწმობს, რომ კამარის ქუსლის დონეზე აღმოჩნდა სახურავიდან გადმოყრილი თუ გადმოცვენილი რამდენიმე კრამიტი, ე.ი. ერთ დროს მაინც სახურავს მიწა არ ეყარა. სახურავის ზოგიერთ კრამიტს აშკარად ეტყობა ქვის დარტყმის კვალი და შეიძლება ეს ქვები ფერდობიდან ეცემოდა შიშველ სახურავს. აკლდამის ფასადის თავზე კრამიტები 70 სმ მანძილზე იყო სამ წყებად წინ გამოწვდილი. ეს სამი წყება ან ჩაყრილ მიწაზე იქნებოდა დანდობილი, ან არა და საამისოდ ხის საყრდენი იქნებოდა აშენებული, წინკარივით. შეიძლება სწორედ ამ მიზნით ჰქონდეს ფრონტონს გაკეთებული გამონაშვერი ლავგარდნის თავზე. მართალია, საქართველოში ამგვარი სმარხი ნაგებობა დღემდე მთელი არსად შეგხვედრია, მაგრამ სხვაგან ელინისტურ ხანაში საკმაოდ ხშირია აკლდამები, რომლებსაც ფასადი ან სულ ღია აქვთ, ან ისინი ნაწილობრივაა ჩადგმული მიწაში. ასეთია, მაგალითად, ბოსფორის ზოგი აკლდამა, თრაკიის ყორღანთა აკლდამები და, ბოლოს. მცირე აზიის, კლდეში გამოკვეთილი აკლდამები. (3, გვ.47, 110). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება უეჭველად მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ აკლდამას მიწა დაყრილი ჰქონია სამი მხრიდან (სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან) - კამარის ქუსლის ან, უფრო სწორედ, კრამიტის სახურავის დონემდე. ამ სამ მხარეზე გამოჩნდა მიწაში აკლდამის აგებაზე მომუშავე ქვისმთლელთა მიერ გადაყრილი ნატეხები. მიწა ფარავდა აგრეთვე ფასადის ნაპირებს, რომელთაც საფეხურისებრი პროფილი ჰქონდათ დატოვებული - ეტყობა, იმ ვარაუდით, რომ ისინი არ გამოჩნდებოდა. ახლად აღმოჩენილ აკლდამას მოეპოვება ზოგიერთი ანალოგია შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე, მცირე აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში (იხ.მაგ (5), გვ.110, (4), გვ.294 (5), გვ.26). მცხეთის აკლდამის ზოგიერთი ნიშანი წარმოდგენილია, კერძოდ, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროთა ელინისტურ აკლდამებშიც, ასე, მაგალითად, ანაპის აკლდამაში (3, გვ.83, ტაბ. XXIX- XXX) ვხედავთ ასეთივე კონსტრუქციის კამარას, ფილათა წყობას და კედლების შემოსვას კვადრებით. ტარასოვსკაიას აკლდანებს (3, გვ. 110, ტაბ. XXXV- XXXVI) ღია, დორიული ფრონტონის მქონე ფასადები, საფეხურისებრი კედლები და ქვის პერანგები აქვთ. ვასიურინსკაია გორას აკლდამას (3, ტაბ. XII) აგრეთვე საფეხურებისებრივ გაფორმებული ფასადი და ნახევარწრიული კამარა აქვს. ჩვენი აკლდამა, მიუხედავად ზოგი არსებითი სხვაობისა, უახლოვდება აგრეთვე ოლვიის სამარხ ნაგებობებს (ახ.წ.II- III სს.). მაგალითად, „ევრესიბიოსისა და არეტეს“ აკლდამის კამარა ქვის წყობითა და კონტსრუქციით ზედმიწევნით ჰგავს მის კამარას (6, ტაბ.IV-VI). „ზევსის ყორღანის“ აკლდამას მცხეთისა მოგვაგონებს კამარის წყობითა და კედლების შიდა პერანგით (2, გვ.17-28). კიდევ უფრო ჰგავს მცხეთის აკლდამა გეგმით, კომპოზიციითა და მშენებლობის ტექნიკით ქერჩის ცნობილს „დემეტრას აკლდამას“, რომელიც აგებულია ახ.წ. I საუკუნის I ნახევარში - ყორღანქვეშა აკლდამებისაგან განსხვავებით, ბუნებრივ მაღლობში (3, გვ.199; 5, გვ.382). მაგრამ ჩვენს აკლდამას უახლოესი ანალოგიები, ბუნებრივად, საქართველოშივე მოეძებნება. ბაგინეთის აკლდამას, რომელიც ახ.წ. II საუკუნეს მიეკუთვნება (7), ასეთივე გეგმა, კედლების პერანგი და ფრონტონის პროფილიანი ლავგარდანი აქვს და ამრიგად საეჭვო არ უნდა იყოს, რომ ეს ორივე ძეგლი დაახლოებით ერთსა და იმავე ხანაშია აშენებული. ამასვე ადასტურებს სრული იგივეობა ამ ორი ნაგებობის კრამიტებზე ამოჭილი ნიშნებისა. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე არმაზციხი (ბაგინეთის) გალავნის პერანგისა და ჩვენი აკლდამის პერანგის ქვების წყობის სრული მსგავსება (არმაზციხის ეს გალავანი, ირ.ციციშვილის აზრით, ახ.წ. I საუკუნეს მიეკუთვნება). ამრიგად, მცხეთის აკლდამის არქიტექტურა და ზემოთ განხილულ ძეგლებთან მისი შედარება საფუძველს გვაძლევს იგი ახ.წ. I და II საუკუნეთა მიჯნას მივაკუთვნოთ. როგორც ქვემოთ დავინახეთ, შიგ აღმოჩენილი ნივთების ხნოვანებაც მხარს უჭერს ასეთ დათარიღებას. მცხეთის აკლდამა ანტიკურ ძეგლთა წრეში ექცევა. მის არქიტექტურულ ფორმებს გეზი უჭირავსთ ელინისტური ხუროთმოძღვრებისაკენ, რომელიც წინა აზიის ყველა ქვეყანაში იყო გავრცელებული. მაგრამ უსათუოდ ხაზი უნდა გაესვას ამ ძეგლის თავისთავადობის მომასწავებელ ზოგ მხარეს. ფასადი აქ ორიგინალურადაა გამოყვანილი და მას მახლობელი პარალელები არ მოეპოვება. ფასადის დამაგვიგვინებელი ფრონტონი ორი დაქანებული ლავგარდნისაგან შედგება და არა აქვს ჰორიზონტული ლავგარდანი. ასეთი რამ ,როგორც ცნობილია, ბერძნულ-რომაული ხუროთმოძღვრებისათვის იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. პირიქით, ამგვარი ფრონტონი ფართოდაა გავრცელებული ფეოდალური საქართველოს ხუროთმოძღვრებაში. იგივე შეიძლება ითქვას იმის შესახებ, რომ ფრონტონის ფუძე კამარის თხემის დონეზე უფრო დაბლა მდებარეობს (1). კედლების ქვები არა მწყობრად და კლასიკური ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი მკაცრი სისტემით დალაგებული: ოსტატს აქ გაბედულად დაურღვევია ფენათა ჰორიზონტალობა და ისე დაუწყვია თლილი ქვები, როგორც მათი მოყვანილობა უკარნახებდა. სწორედ ეს ახასიათებს ქართულ ხუროთმოძღვრებას. გარდა ამისა, მცხეთის აკლდამას არ გააჩნია რომაული თუ ბოსფორული ძეგლებისათვის ჩვეული ნიშნბი. მაგალითად, აქ არ არის სენაკში „დამაგვირგვინებელი ლავგარდანი, რომელიც ესოდენ ახასიათებს რომაული დროის აკლდამებს“ (3, გვ. 275) და რომელიც კედლებს კამარისაგან გამოყოფს ხოლმე. აქვე უნდა გავიხსენოთ სტრაბონის ცნობა (რომელსაც ახლა ახალი, კდიევ უფრო ცოცხალი შინაარსი ენიჭება) იმის შესახებ, რომ იბერიაში ყოფილა ხუროთმოძღვრების წესებისამებრ აგებული და კრამიტით დახურული შენობები (9, გვ.217). ცხადია, რომ ამ სიტყვებში ვერ ვიგულისხმებთ რომაული ხუროთმოძღვრების "წესებს", რომელთა გავლენა სტრაბონის დროისათვის ჯერ კიდევ ვერ ჩენდა თავს (შდ., 10). აღნიშნული მომენტები მოჭმობს ჩვენებური ოსტატების შემოქმედებითს დამოუკიდებლობას. ჩვენს წინაშეა მკაფიო მაგალითი იმისა, თუ ძველი ქართული ხელოვნება, ელინისტური კულტურის ტრადიციებით გამდიდრებული, როგორ განაგრძობს განვითარებას და თან თვისთავადობას არ კარგავს. აკლდამა, როგორც უკვე ითქვა, მშვენივრადაა შემონახული. მაგრმ ჯერ კიდევ მისი გათხრის დაწყებამდე ცხადი შეიქნა, რომ იგი გაძარცული ყოფილა. მძრცველებს კამარა ჩაუტეხიათ (45X60 სმ ფართობზე, აღმოსავლეთით, ზედ ფრონტონთან) და ისე ჩასულან აკლდამაში, ასე რომ სამარხში თითქოს საყურადღებო აღარაფერი უნდა აღმოჩენილიყო. მაგრამ მიწის გათხრა - გამოცრის შედეგად გამოვლინებულ იქნა მრავალფეროვანი და უთუოდ მდიდრული ინვენტარისაგან შემორჩენილი ბევრი ნივთი. ადამიანის ძვლები ცუდად დაცული და ძლიერ არეულ - დარეული იყო, რის გამოც ძნელია დაკრძალული გვამის მდებარეობა - დამხრობის შესახე მსჯელობა. ისღა ითქმის, რომ თავის ქალა სამარხის დასავლეთ ნაწილში იყო. სრულწლოვანი ადამიანის ძვლებს გარდა ბავშვის ძვალთა ნამტვრევების აღმოჩნდა. ეტყობა, მიცვალებული სარეცელზე ყოფილა დასვენებული. ამას გვაფიქრებინებს: დიდრონი, კარგად შენახული, დახვრეტილი ფიცრები და მათთან დაკავშირებული რკინის სალტეები, ბრინჯაოს საკეტები, ორნამენტული ნაწილები (მათ შორის ჭვირული), ლურსმნები და სხ. მდიდრული დასაკრძალავი სარეცლი ნაშთები (ვერცხლით გარშემოჭედილი ფეხები) აღმოჩენილია ბორის სამარხებში (11). არმაზისხევის ერისთავთა სამაროვნის სამ სამარხში (12) და ბაგინეთის სარკოფაგში. მრავლად აღმოჩნდა ნაირნაირი ჭურჭლეული. ვერცხლის ჯამებისა თუ პინაკებისა წვრილ წვრილი ნატეხებიღა შემოგვრჩა. მთელია მხოლოდ ერთი პატარა ლამბაქი, რომელიც, ჩანს პირსაფარეშო საგნებს განეკუთვნება. იგივე დანიშნულება უნდა ჰქონდეს ზღვის ორ ნიჟარას. ერთი ასეთი ნიჟარა აღმოჩენილია სამთავროს I-III სს. მდიდრულ სამარხშიც (1940 წ. სამხრეთ უბნის სამარხი  №212). მინის ჭურჭელი წარმოდგენილია მშვენივრად ნაკეთები მუქი იისფერი ორი თეფშისა და ერთი პაწია ფიალის და აგრეთვე თხუთმეტიოდე სხვადასხვაგვარი, დიდ-პატარა სანელსაცხებლის სახით. ასეთი სანელსაცხებლეები ჩვეულებრივია ბორისა და მცხეთის ახ.წ. I- III სს. სამარხების ინვენტარში (11,12), მინის ამგვარი თეფშები და ფიალა კი პირველად გვხვდება ჩვენში. აღნიშნული დროის მდიდრულ სამარხებთან შესარებით უჩვეულო ელემენტია თიხის ჭურჭელი, რომელიც აქ წარმოდგენილია რამდენიმე წითლად გამომწვარი ჯამითა და ჭრაქით. აგრეთვე უჩვეულოა ის გარემოება, რომ ჩვენს აკლდამაში აღმოჩნდა მსხვილფეხა პირუტყვის ძვლები. მიცვალებულისათვის ხორცის ჩატანება აქ არქაულ გადმონაშთად უნდა ჩაითვალოს: დღემდე ამ წესს მცხეთის სამარხებში ვხედავდით არა უგვიანეს ძვ.წ. I-IV საუკუნეებისა. ინვენტარის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს შეადგენს სამკაული, რომელთა შორის არცთუ ცოტა შემორჩენილა ოქროსი. ამ უკანასკნელთაგან ყველაზე უფრო საყურადღებოა ერთი მასიური აბზინდა, რომელიც წითელი თვლებით მოოჭვილი და გავარსით დამშვენებულია. მიწიდან გამოიკრიბა და გამოიცრა ათეულობით ოქროს მძივი, საკიდი და ქსოვილზე დასაკერებელი კილიტა. ეს უკანასკნელნი ზედმიწევნით მოგვაგონებენ არმაზისხევის ერისთავთა სამაროვნის ზოგიერთ სამარხში და აგრეთვე ბაგინეთის სარკოფაგში (ახ.წ.II-III სს.) მრავლად აღმოჩენილ კილიტებს, ისინი ითვლება მდიდრული წარმოსასხამის ან გადასაფარის სამკაულად. ძალიან ბევრი ეყარა სამარხში ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვებისა და მინსი თვლები (ერთი მათგანი წარმოადგენს ფაქიზ გემას დელფინის გამოსახულებით). თუ გავიხსენებთ არმაზისხევის მე-6 სამარხს, სადაც აგრეთვე მიმობნეული იყო ნაირნაირი თვლები, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს რთული სამკაული ყველა თავის ადგილას იყო და დაუზიანებელი, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს თვლები დამოუკიდებელ საგანთა სახით ჩაუტანებიათ მოცვალებულისათვის. მრავლად აღმოჩნდა აკლდამაში აგრეთვე ნაირნაირი მძივები, მცხეთის ახ.წ. I-III სს. სამარხებისათვის დამახასიათებელი ტიპისა. ყურადღებას იქცევს რამდენიმე საკიდი ავგაროზი (ლომის და ფრინველთა გამოსახულებანი). სრულიად განსაკუთრებულია ამ ინვენტარში ერთი საგანი. ეს არის ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ღრუ ქანდაკება, რომელიც გამოხატავს შიშველ ჭაბუკს, წელს ზევით. იგი ეტყობა, რაღაც საგანზე წამოცმული და სამსჭვალით დამაგრებულიც ყოფილა. ჭაბუკს უწვერულვაშო პირისახე, ტალღოვანი თმა და ძლიერ გრძელი, წვეტიანი ყურები აქვს. ხელები ისე უჭირავს, თითქოს სალამურს უკრავსო. ქანდაკება საგანგებოდაა შესასწავლი. საქართველოს არქეოლოგიისათვის იგი შეიძლება უნიკალურ საგნად ჩაითვალოს. აკლდამის ინვენტარის დიდი თავისებურებაა აგრეთვე მონეტების მრავალრიცხოვანება. აღმოჩენილია 54 ვერცხლისა და 9 ოქროს ფული (1). ერთიც ოქროს მონეტის მსგავსი ფირფიტა, რომელიც პირობით მონეტის ნამზადად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს მით უფრო დასაშვებია, რომ ცხრიდან 5 ოქროს მონეტა წარმოადგენს ჩვენში მოჭრილ ფულს, ე.წ. "ოქროს კოლხურს" (13). დანარჩენი 4 რომაული აურეუსებია: ტიბერიუსისა (14-37 წწ.), ნერონისა (54-68 წწ.), ვიტელიუსისა (69 წ.) და ვესპასიანესი (69-79 წწ.). ვერცხლის ფულის უმეტესობას წარმოადგენს პართული დრაქმები. 47 ხალი ეკუტვნის ოროდ I (54-37 წწ.), ხოლო თითო - თითო არტაბანს (88-77), სინეტრუქს (77-70 წწ.), ფრაატ III (70-57 წწ.) და ფრაატ IV (37-2 წწ.), არის ავგუსტეს 3 დენარი და ორიოდე ბოსფორული მონეტაც. როგორც ვხედავთ, ძეგლის ხნოვანების დასაზუსტებლად ყველაზე მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ვესპასიანეს იურეუსს. მისი მიხედვით, სამარხის ინვენტარი ვერ დათარიღდება ახ.წ. I საუკუნის 70-იან წლებზე ადრინდელი დროით. მონეტები, ინვენტარის საერთო ოერი და მისი არქაულობის ზოგი ნიშანი (არმაზისხევის ერისთავთა სამარხებისა და ბაგინეთის სარკოფაგის ინვენტართან შედარებით) და აგრეთვე თვით აკლდამის არქიტექტურა, ერთობლივ, უფლებას გვაძლევს აკლდამის აგება ახ.წ. I საუკუნის ბოლოთი დავათარიღოთ. მცხეთის აკლდამა არის ფრიად შეძლებული ადამიანის ტიპობრივი სამარხი. ინვენტარის შედგენილობა (პირსაფარეშო საგნები, იარაღის იქონლობა და ასხვ.) გვაფიქრებინებს, რომ აქ დაკრძალული უნდა იყოს ქალი - ისევე, როგორც არმაზისხევის №2,6 და 7 სამარხებში (ერისთავთა ცოლები და ასულები (12), ბაგინეთის სარკოფაგში (ა.აფაქიძის აზრით, მეფის ასული) და სამთავროს სამხრეთი უბნის 212-ე სამარხში. მით უფრო ბუნებრივია სრულწლოვანთან ერთად ბავშვის ძვლების აღმოჩენაც (შდრ.არმაზისხევის სამარხები №2,6). თვით აკლდამა, ჩანს, აგებულია საცხოვრებელ და უფრო კი საკულტო ნაგებობათა მიბაძვით. აკლდამის ეზოს კუთხეში ცხენის დამარხვის ფაქტი მოწმობს, რომ, უფრო ადრე დამოწმებული ჩვეულება წარჩინებულ მიჩვალებულთათვის მსხვერპლად ცხენის შეწირვისა (3, გვ.64, 4, გვ.372) მოგვიანებითაც არ მოშლილა. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი ფაქტი საქართველოს არქეოლოგიიდან, რომლებიც უეჭველყოფს ამ ჩვეულების ჩვენში ძველთაგანვე გავრცელებულობას (იხ., მაგ.: [14], გვ.47; (15), (14), გვ.34-41, (8), ტაბ. 30-32). ოღონდ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აქ მითითებული შემთხვევებისაგან განსხავევბით, მცხეთის აკლდამის ეზოში დამარხული ცხენი უბელო ყოფილა, ე.ი. ისეთი, როგორიც ბორისა და არმაზისხევის პინაკებზეა გამოსახული, ეს, მეორე მხრით, მოგვაგონებს საქართველოს მთიანეთში XX საუკუნემდე შემორჩენილ წესს: მიცვალებულის გასაპატიოსნებლად მისი დამარხვის დღეს უბელო ცხენს მანამ აჭენებდნენ, სანამ გული გასუკდებოდა და ამრიგად „გაატანდნენ“ ხოლმე მას მიცვალებულს „საიქიოში“. მიცვალებულის სარეცელზე დასვენება, მდიდრული ინვენტარის შედგენილობა, ხორცის ჩატანების ფაქტი და ზოგიც სხვა მომენტი ღირებულსა და ნაწილობრივ ახალ მასალას გვაძლევს საიმისდო, რომ ვიმსჯელოთ ძველი იბერიელების შეხედულებაზე „საიქიო ცხოვრების“ შესახებ და დაკრძალვის წესჩვეულებაზე, რომელიც, ჩანს, რამდენადმე განსხვავდება მომდევნო (II – III) საუკუნეთა სამარხებში დამოწმებული წეს-ჩვეულებისაგან. რაც შეეხება თვით სამარხ ნაგებობას, არმაზისხევსა და ბაგინეტში გათხრილ წარჩინებულთა სამარხებისაგან იგი აშკარად გამოირჩევა, როგორც გაცილებით უფრო მონუმენტური შენობა. ნაგინეთშივე აღმოჩენილი, ჩვენი აკლდამის მსგავსი და პირობით მეფის მავზოლეუმად მიჩნეული ნაგებობის ნაშთები ([7], გვ.193) ძველი ქართლის მეფეთა ადგილსამყოფელ დედაციხეშია. ახალი აკლდამის აღმოჩენის შემდეგ მტკვრის მარჯვენა ნაპირას გვაქვს უკვე სამი ცალკეული პუნქტი, სადაც ახ.წ. I-III საუკუნეთა კუთვნილი, უაღრესად მდიდრული სამარხებია მოკვლეული. შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ მცხეთის სადგურთან მდებარე აკლდამა ეკუთვნის ქართლის მმართველთა წრის წარმომადგენელს, რომელსაც დაახლოებით 1 საუკუნით უფრო ადრე უცხოვრის, ვიდრე არმაზისხევის სამარხებში და ბაგინეთის სარკოფაგში დაკრძალულთ. მის ვინაობას კონკრეტულად არაფერი მიგვითითებს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ, მაგალითად, ან სხვა, უფრო მაღალი რანგის ერისთავების სასაფლაოა, ან იმ ეზოსმოძღვართა დინასტიისა, რომელთა არსებობა "არმაზის ბილინგვის" აღმოჩენისა და წაკითხვის შემდეგ შეიქმნა ჩვენთვის ცნობილი [16]. ახალაღმოჩენილი აკლდამის მნიშვნელობა იმით როდი ამოიწურება, რომ ის ავსებს დიდ ხარვეზს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. იგი წინაფეოდალური ხანის საქართველოს კულტურისა და ანტიკური კულტურის ძვირფასუ ძეგლია და ახალ მასალას გვაწვდის ძველი საქართველოს თავისთავადი ინტენსიური კულტურული ცხოვრების შესახებ.

18.9.1951 წ.

დამოწმებული ლიტერატურა:

1. ციციშვილი. მცხეთის ანტიკური კრამიტის შესწავლისათვის. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მომაბე, ტ. X, №8, 1948.

2. Б.В.Фармаковский. Раскопки в Ольвии в 1902-1903 годахю

3. М.Ростовцев. Античная декоративная живопись на юге России, 1914, СПБ

4. В.Ф.Гайдукевич. Боспорское царство, М.-Л, 1949.

5. С.А. Кауфман. Памятники этрусской архитектуры. Всеобщая история архитектуры, т.II, кн.2. 1948, Москва.

6. Б.В.Фармаковский.Склеп Еврисивия и Ареты в Ольвии. Изв. Имп. Арх. Ком., вып.3, 1902, СПБ.

7. ციციშვილის, ანტიკური დროის აკლდამა ნაგინეტში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მომაბე, ტ. XI, №3, 1950.

8. ამირანაშვილი. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ.I, 1944, თბილისი

9. В.В.Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе. Вестник древней истории, №4, 1947.

10. Н.А.Бердзенишвили и Г.А.Ломтатидзе. Новые раскопки в Мцхета. Газ. «Заря Востока», №183, 1951.

11. Е.Придик. Новые кавказские клады. Материалы по археологии России, вып.34, СПБ, 1914.

12. გ.ლომთათიძე. არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში. თბილისი, 1945.

13. Д.Г.Капанадзе. О древнейщих  золотых монетах Грузии. Вестник древней истории, №3, 1949.

14. Б.А.Куфтин. Археологические раскопки в Триалети, I, Опыт периодизации памятников. 1941, Тбилиси.

15. Я.И.Смирнов. Ахалгорийский клад. Тбилиси, 1934.

16. გ.წერეთელი. არმაზის ბილინგვა. „ენიმკის“ მოამბე, ტ. XIII, თბილისი, 1943.