topmenu

 

მცხეთის აკლდამა - ქ.დიღმელაშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

მცხეთის აკლდამა

სპეციალურად საუნჯესთვის - ქეთევან დიღმელაშვილი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთით 300 მ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქართლის მთის ჩრდილოეთი კალთის ძირში. ძეგლი აღმოჩნდა შემთხვევით 1951 წ. ამავე წელს ის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ იქნა შესწავლილი.

აკლდამა ჩადგმულია ფერდობზე საგანგებოდ ამოჭრილ, სწორკუთხა ქვაბულში, რომელიც ნატეხი ქვითა და თიხით ნაგები, შიგნიდან თიხითვე შელესილი კედლითაა შემოზღუდული (კედლის სიმაღლე 1.6-2.1 მეტრამდე მერყეობს). ქვაბულში ჩასასვლელად კედლის ჩრდილოეთ ნაწილში დატოვებულია შესასვლელი. ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში დაკრძალული იყო მიცვალებულთათვის საიქიო ცხოვრებისათვის შეწირული ცხენი. თავად აკლდამა კი ქვაბულის დასავლეთ ნაწილში დგას და დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. აკლდამა გეგმით სწორკუთხა ერთსენაკიანი ნაგებობაა, რომლის სიმაღლეა 1.9 მ. ნაგებობა უდუღაბოდაა ნაგები ქვიშაქვის დიდი ქვათლილებით. გარდა აღმოსავლეთის კედლისა, ფასადები უსწორმასწოროდ ნაწყობი ქვებითაა ნაგები. მათგან განსხვავებით გულდასმითაა ნაგები აღმოსავლეთის კედელი, რომელიც, როგორც ჩანს, დიდხანს ყოფილა გამოსაჩენად დატოვებული. იგი ამოყვანილია მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, კარგად დამუშავებული კვადრებით, ეყრდნობა ერთსაფეხურიან, დაბალ ცოკოლს და დასრულებულია მარტივლავგარდიანი ფრონტონით. კედლის შუაში დატანებული შესასვლელი, რომელსაც დაბალი ზღურბლი და მკაფიოპროფილიანი საპირე აქვს. კარად გამოყენებული იყო კირქვიანი ქვიშაქვის სწორკუთხოვანი ლოდი, რომელიც მჭიდროდ იყო ჩადგმული კარის ჭრილში. ყურადღებას იქცევს ფრონტონის ლავგარდანთა დამაგრების ხერხი: ორივე მხარეზე ქვედა კუთხე და ფრონტონის ტიმპანის ქვეშ მდებარე ქვათლილი ერთი და იმავე დიდი ქვისგანაა გამოჭრილი; ასე რომ, ეს კუთხის ქვები გვერდიდან ამაგრებენ ფრონტონის შუა ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ფასადის ქვათლილები გულდასმითაა ერთიმეორეზე მორგებული, აქა-იქ სიმწყობრე მაინც დარღვეულია და ასსეტ ადგილებში შექმნილი დირეები ამოვსებულია კირით.

აკლდამას ქვიშაქვის ქვათლილებითვე გაკეთებული ნახევარწრიული კამარა აქვს. სახურავი ორფერდაა და დახურულია ანტიკური ხანის მცხეთაში ფართოდ გავრცელებული ორი სახის კრამიტით _ ბრტყელი, გვერდებაკეცილი, ე.წ. სოლენით და ღარისებრი, ქიმიანი ე.წ. კალიპტერით. აკლდამის ნახევარწრიულ კამარაზე კრამიტები კირის ხსნარითაა დამაგრებული; კედლებს გარეთ კი ისინი ეყრდნობოდა ხის ლარტყებს. კრამიტების საფასადე ერთეულები, მსგავსად ანტიკური საქართველოს მნიშვნელოვანი ნაგებობებათა სახურებისა, წითლადაა შეღებილი. აკლდამის იატაკი ასევე ფილებითაა მოგებული. შიგნიდან კედლები, კამარა და კარის წირთხლები შელესილია კირხსნარით, რომელსაც შერეული აქვს დანაყილი აგური თუ კრამიტი, ამის გამო შელესილობას ოდნავ მოწითალი ელფერი დაჰკრავს. რაც შეეხება იატაკს, ის მოგებულია სწორკუთხა ფილებით ღორღისა და ქვიშის საფუძველზე. გამთხრელები მიიჩნევენ, რომ აკლდამას აღმოსავლეთის (საფასადე კედლის) ფასადის გარდა მიწაში უნდა მჯდარიყო კრამიტის სახურავის დონემდე. ა.აფაქიძის მოსაზრებით, აკლდამა მფლობელის სიცოცხლეშივე უნდა აეგოთ, რის გამოც, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა თავიდანვე მისი მიწით დაფარვა.

ფოტოს ავტორი: ქ.დიღმელაშვილი

აკლდამა მშვენივრად იყო შემონახული, მაგრამ გათხრის დროსვე გახდა ცნობილი, რომ იგი გაძარცვული იყო. მძარცველებს აკლდამაში მოსახვედრად ჩაუტეხავთ კამარა. ამ ძარცვის გამო სამარხში დაკრძალულთა ძვლები არეული - დარეული იყო. მიუხედავად ამისა, იმის დადგენა მაინც მოხერხდა, რომ მიცვალებულები თავით დასავლეთით ყოფილან დასვენებულნი. აკლდამაში დაკრძალული იყვნენ ქართლის სამეფოს მოხელეთა ოჯახის წევრი ქალბატონი და ბავშვი. ისინი დასვენებული უნდა ყოფილიყვნენ ხის სარეცელზე, რაზეც მიუთითებს სამარხში აღმოჩენილი ფიცრები და მათთან დაკავშირებული რკინის სალტეები, ლურსმნები, ბრინჯაოს საკეტები და სხვ.

მიცვალებულებს ჩატანებული ქონდათ ვერცხლის ჯამები თუ პინაკები, რომელთა ნატეხები შემორჩა; ზღვის ნიჟარები; სხვადასხვა ფერის მინის სანელსაცხებლები; მუქი იისფერი მინის ორი თეფში და ფიალა, წითლად გამომწვარი თიხის ჯამი და ჭრაქი, ნახევრად ძვირფასი წითელი თვლებითა და გავარსით შემკული ოქროს აბზინდა; ოქროსავე კილიტები, რომლებითაც იმკობოდა ან წამოსასხამი, ანდა გადასაფარებლი; ოქროს, პასტის, მინისა და ქვის მძივები და საკიდები. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს დამკვრელ - მომღერალი ჭაბუკის - პანის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც, როგორც ჩანს, წამოცმული და სამსჭვალით დამაგრებული იყო რაღაც საგანზე. ჭაბუკს უწვერულვაშო პირისახე, ტალღოვანი თმა და ძლიერ გრძელი, წვეტიანი ყურები აქვს, ხელები ისე უჭირავს, თითქოს სალამურზე უკრავსო. მიცვალებულებისთვის განსაკუთრებული სიმრავლის მონეტები ჩაუტანებიათ: 69 ვერცხლის მონეტა, რომელშიც იყო პართული დრაქმები, ავგუსტუსის დენარები და სხვ. და 10 ოქროს მონეტა, ამათგან 4 რომაული აურეუსი, 5 ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ადგილობრივი მინაბაძი და 1 ნახევარმზადი (მასალა ინახება ეროვნულ მუზეუმში). აკლდამაში ჩატანებული ინვენტარი, რომელიც იდენტურია არმაზისხევის პიტიახშთა და სამთავროს სამარხებში აღმოჩენილი I-III სს. ინვენტარისა, ასევე აკლდამაში აღმოჩენილი მონეტები, ნაგებობას I ს. ბოლოთი ათარიღებენ.

ფოტოს ავტორი: ქ.დიღმელაშვილი

ბიბლიოგრაფია:

1. აფაქიძე ა. ანტიკური ხანის საქართველოს კულტურა. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. I. თბ., 1970, გვ.698-701.

2. აფაქიძე ა. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. I. თბ., 1963. გვ.107-108.

3. ლეჟავა გ. ანტიკური ხანის საქართველოს არქიტექტურული ძეგლები. თბ., 1979.

4. ლომთათიძე გ., ციციშვილი ი. ახლადაღმოჩენილი აკლდამა მცხეთაში. საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე. 1951. ტ. 12, #10.

5. Ломтатидзе Г.А. Археологические раскопки в древне-грузинской столице Мцхета. Тб., 1983.

6. Цицишвили И.Н. Гробница у станции Мцхета. Краткие сообщения о докладах и полевых исследованиях Ин-та истории материальной культуры. В. 54. 1954.