topmenu

 

ლ.სუმბაძე - ჩუქურთმა ხეზე ხალხურ ხუროთმოძღვრებაში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

ტრ

ლონგინოზ სუმბაძე (არქიტექტორი) - ჩუქურთმა ხეზე ხალხურ ხუროთმოძღვრებაში // ძეგლის მეგობარი, 1967 წ., კრ.12, გვ.54-65

ჩუქურთმით ანუ რელიეფური ორნამეხტით შემკობა დიდი ტრადიციების მქონე დარგია ქართველი ხალხის მხატვრულ შემოქმედებაში. ქართული ხელოვნების უძველესმა ნიმუშებმა, განსაკუთრებით ბრინჯაოს ხანიდან, მრავლად შემოგვინახეს ორნამენტული შემკულობის ბრწყინვალე მაგალითები ლითონზე, კერამიკულ ნაწარმზე, ავეჯზე... განსაკუთრებული გამოყენება ჩუქურთმისა ხუროთმოძღვრების დარგში დაიწყო ანტიკური ხანიდან, ზენიტს კი მოწიფულ საუკუნეებში მიაღწია. ქართველი ხუროთმოძღვრის, ქვითხუროსა თუ ხითხუროს ხელში ჩუქურთმა წარმოადგენდა შენობის მხატვრული შინაარსის გამომჟღავნების უძლიერეს საშუალებას. ჩუქურთმის მოხაზულობა და თემა, შესრულების ტექნიკა და ორნამენტის ნახატი, შემკული ელემენტების განაწილება ფასადების სიბრტყეებზე - იცვლებოდა, ვითარდებოდა ხუროთმოძღვრულ ფორმებთან ერთად, ხდებოდა ეპოქის ახალი იდეების მამჟღავნებელი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

ამის გამოა, რომ ჩუქურთმის ხასიათი ხშირ შემთხვევაში გვაძლევს ძეგლის საკმაოდ ზუსტი დათარიღების საშუალებას; მხატვრულ ნამოქმედარს ეპოქის ღრმა ბეჭედი აზის. ხეზე კვეთილობისა და ქვის ჩუქურთმის უძველესი ნიმუშების შედარებას ქართულ ძეგლებში მივყევართ იმ დასკვნამდე, რომ ხეზე კვეთა უნდა უსწრებდეს ქვის ჩუქურთმას, ისე, როგორც ხის შენობები - ქვის შენობებს. ამის დასადასტურებლად საკმარისია გავიხსენოთ უფლისციხის ერთ - ერთი გამოქვაბულის ჭერის მხატვრული დამუშავება ხის კონსტრუქციული სისტემისათვის მიბაძვით, ანდა ტიპიური ხის ჩუქურთმისათვის დამახასიათებელი ხერხებით ამოკვეთილი ორნამენტი, თუნდაც ბოლნისის ტაძარში. ბუნებრივია, რომ ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებში წამყვანი ადგილი ხეში კვეთას უჭირავს, მონუმენტურ ძეგლებში კი - ქვაზე ჩუქურთმას. ჩუქურთმისათვის ვარგისი თლილი ქვა, არ წარმოადგენდა ხელმისაწვდომ და ადვილად დასამუშავებელ მასალას ფართე მოსახლეობისათვის. ეს აზრი უგამონაკლისო დებულება როდია. მონუმენტურ ხუროთმოძღვრებაშიც მოგვეპოეება ხეში კვეთის ბრწყინვალე ნიმუშები, თუნდაც სვანურ ეკლესიათა კარების სახით. მეორეს მხრივ, ხალხურმა ხუროთმოძღვრებამაც საკმაოდ შემოინახა ქვაზე კვეთის ნიმუშები, შესანიშნავად გააზრებული და შემკული ბუხრების სახით სამცხეში, თრიალეთში, იმერეთში და სხვ. ორნამენტული შემოქმედების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენდა ალებასტრში (გაჯში) ამოკვეთილი ჩუქურთმა, რომლის შესანიშნავი ნიმუშებიც დავით გარეჯის გვიანი პერიოდის საცხოვრებელმა ქვაბებმა შემოინახეს. ამ მოკლე წერილში ჩვენ გვინდა თვალი გადავავლოთ ხეზე კვეთის ნიმუშებს ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებში, გავარკვიოთ შეძლებისამებრ ჩუქურთმის ადგილი ქართველი გლეხის საცხოვრებელ სახლში, გამოვავლინოთ ხალხურ დიდოსტატთა ის ბრძნული პროფესიული ხერხები, რომელთა წყალობითაც შეიქმნა ხუროთმოძღვრული ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშები. ანალიზის საფუძვლად ავიღოთ ოთხი ძირითადი ობიექტი; ქართლური დარბაზი, მესხური დარბაზი, დასავლურ - ქართული ოდა და საქართველოს  მთიანეთიდან - სვანური მაჩუბი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

მათი ერთმანეთთან შედარება დაგვარწმუნებს, რომ მიუხედავად მათი საერთო - ქართული ტრადიციებისა, რომელთაც საუკუნეების სიღრმეში აქვთ ღრმად გამჯდარი ფესვები, ყველა მათგანს ახასიათებს განსაკუთრებული თავისებურება, გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური, ისტორიული, ბუნებრივ - კლიმატური პირობებით, გამოყენებული სამშენებლო მასალის სპეციფიკით. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ჩუქურთმით დამუშავება საქართველოში არ ისაზღვრებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლით. ორნამენტული სამკაულით უხვად იფარებოდა აგრეთვე ავეჯი; სავარძლები, სკამ - ლოგინები, სკივრები, კიდობნები, აკვნები, ტაგრუცები, მუსიკალური ინსტრუმენტები (ჩონგურები, სალამურები), ჭურჭელი (მხედველობაში გვაქვს ხისგან დამზადებული), ძაფის დასახვევი ფირფიტები და სხვ. ამგვარად, მყარდებოდა სახლსამყოფის ხუროთმოძღვრულ ელემენტებსა, ავეჯისა და ნივთების ფორმებს შორის მხატვრული სტილისტური ერთიანობა, ანსამბლურობა, მთავარი და დაქვემდებარებული ელემენტების ურთიერთ შეთანხმება. დარბაზის დედაბოძსა და საუფროსო სკამს შორის, სვანურ "გვალსა” (თაღებგამოჭრილ ხის კედელსა, რომელიც საქონლის სადგომს გამოყოფს საცხოვრებელიდან) და კიდობანს შორის მაშტაბურ ურთიერთობას ჩუქურთმა ამყარებს. ხაზგასასმელია კიდევ ერთი თავისებურება; თუ აღმოსავლეთ საქართველოს დარბაზებში და სვანურ მაჩუბში ჩუქურთმა თითქმის უგამონაკლისოდ მხოლოდ შინაგან სივრცეშია გამოყენებული, დასავლეთ საქართველოს ოდებში სამკაულით უმთავრესად აივნის ბოძები და თავხეები იფარებოდა. როგორც ერთი, ისე მეორე სახის ძეგლებში ჩუქურთმა წარმოადგენს შენობის მხატვრული გამომეტყველების ორგანულ ნაწილს, მისი გამოყენება მუდამ საერთო ხუროთმოძღვრულ - მხატვრული გადაწყვეტის შესაფერისად ხდება, ადგილობრივ თავისებურებათა გონივრული გათვალისწინებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

ქართლური დარბაზის ინტერიერის მხატვრულ სახეში წამყვანი როლი დედაბოძს ენიჭება. დარბაზი დიდი ოჯახის სახლსამყოფია, ერთი მთლიანი სივრცით, მიწურ - ბანიანი გადახურვითა და მაღალი გვირგვინით. შინაგანი სივრცის დიდი სიგანის გამო იგი აუცილებლად საჭიროებდა შუალედ საყრდენებს. ბოძი შინაგან სივრცეში აუცილებელი ელემენტი გახდა აღმოსავლურ - ქართული ინტერიერისა. ერთბოძიანი სისტემა (ერთი ბოძის ჩადგმა მალის შუაში), კარგად გამონაკვთული ჩანს ჯერ კიდევ ქვაცხელების სახლსამყოფში, რომლის ხნოვანებაც ხუთი ათასი წლით ისაზღვრება. ამიტომ უწოდა ქართველმა ხალხმა შუაში, კერის წინ მდგარ ბოძს - დედაბოძი. მესხური რწმენით დედაბოძად თავდაპირველად ცოცხალ, ფესვებიან, ტოტებგადაჭრილ ხეს იყენებდნენ. ამიტომ დაუკავშირა ქართველმა ხალხმა პოეტურ თქმულებებში მცხეთის დიდებული კათედრალის აშენება ცოცხალ, ”ცხოველ” სვეტს. ქართლური დარბაზის სამი ძირითადი სისტემიდან: ორბოძიან, სამბოძიან და ოთხბოძიან ფორმიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ორ და სამბოძიანი სისტემები, სადაც დედაბოძი დარბაზის სიგანის შუაში დგას, კერის წინ, გვირგვინიდან განათებული წინა სიბრტყით. სამბოძიან სისტემაში, რომლის მხატვრული სრულყოფაც ქართველ ხითხუროებს ხვდათ წილად, ორბოძიანი ინტერიერია წინა, ზურგით მდგარი ბოძი შეცვლილია ორი, აქეთ - იქით მდგარი საყრდენით იმისათვის, რომ სახლში შემოსულმა პირველად დედაბოძი დაინახოს, მისი ფართე, ჩუქურთმებით შემკული მკერდი. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით გამონაკვთული შინაგანი სივრცის ამ თავისებურებებმა, განსაკუთრებით ზედა განათებამ (გვირგვინის ერდოდან), ერთბოძიანმა კონსტრუქციულმა სისტემამ და ფოთლოვანი მაგარი ჯიშის ხეტყის გამოყენებამ განაპირობეს ინტერიერის გადაწყვეტის ხუროთმოძღვრულ - მხატვრული ხერხების ბევრი თავისებურება. მრავალწახნაგა გვირგვინი ორი განივი თავხით დედაბოძებს ეყრდნობა ფართე ბალიშების საშუალებით. ბანიანი სახურავის დაქანების უზრუნველსაყოფად თავხე დახრილია კედლებისაკენ. ამ პირობებში საყრდენის ზემოთკენ შევიწროვება, როგორც ეს ანტიკურ ხუროთმოძღვრებაში იყო დაკანონებული, არ მოგვცემდა არც კონსტრუქციულ და არც მხატვრულ ეფექტს. ამიტომ დედაბოძი კლასიკურ ფორმათა საწინააღმდეგოდ ზევითკენ განიერდება. ცენტრალური ერდოს წყალობით, მისი მხოლოდ ერთი, ერდოსკენ მოქცეული მხარეა განათებული, ამიტომ ოსტატი მას არა კვადრტულ, არამედ ბრტყელ ფორმას აძლევს კვეთში. დედაბოძის ამ წინა სიბრტყეს ზემოდან დადგმული ბალიშის წინამხარე აგრძელებს, რომელიც თავის მხრივ თავხის წინა სიბრტყეში გადადის. კონსტრუქციის ეს განათებული ნაწილები ერთმანეთთან ისე ოსტატურადაა გადაბმული, რომ ნაწიბურს ვერც კი შეამჩნევს კაცი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

დედაბოძისა და ბუღაურის ეს წინა სიბრტყე (და ზოგჯერ თავხის ზედაპირიც) ჩუქურთმის ძირითად არედ გვევლინება. კომპოზიცია სამკაულთა ელემენტებისა ხაზს უსვამს ბოძის, ბუღაურისა და თავხის ერთიანობას; წრიული ჩუქურთმების ცენტრს ხშირად ბოძისა და ბუღაურის შემაერთებელ ხაზზე ირჩევენ, რომ ორნამენტმა შენიღბოს ხაზი კონსტრუქციულ ელემენტებს შორის. განსაკუთრებით მუშავდება ბუღაური. სიგრძე მისი 1-2 მეტრიდან ზოგჯერ ხუთ ბეტრამდე აღწვვს. მისი ქვედა მხარე პროფილირებულია ("დანიკბულია”) უმეტეს შემთხვევაში წრეებისა და სამკუთხედების თანმიმდევრობით. აღსანიშნავია, რომ ეს რთული პროფილი, ზოგჯერ ბოლომდე ბუღაურის მთელ სიგანეზე არცაა გაჭრილი. ნახევარ სისქეზე ჩაჭრა სრულიად მკვეთრად გამონაკვთავს  ფორმას და ბნელ ფონზე ჩაუჭრელი სისქე სრულიად არ ჩანს. ქართლურ დარბაზებში ვარჩევთ დედაბოძის 2 ძირითად ტიპს... დაბალ და მაღალ ბოძებს. მაღალი ბოძები ძირითადად ქალაქურ დარბაზებში იყო გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ დაბალი ბოძების წინა მხარე უმთავრესად ჩუქურთმით იფარებოდა, მაშინ როდესაც ვიწრო გვერდები დაუმუშავებელი რჩებოდა. მაღალი ბოძების დამუშავება, ამის საწინააღმდეგოდ, უმთავრესად გვერდების დაპროფილებით ხდებოდა. მდიდრად ”დანიკბული” (მაღალი) დედაბოძის ფასადს, როგორც კანონი, გლუვად (უჩუქურთმოდ) სტოვებდნენ. ჩუქურთმით არ იფარებოდა აგრეთვე დედაბოძის მეორე (გაუნათებელი) მხარე; ოსტატს კარგად ესმოდა ამის უაზრობა. საუკუნეებში გამოწრთობილი ეს გონივრული თავდაჭერილობა ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება თანამედროვე ხელოვანთათვისაც კი. გაიხსენეთ დედაბოძი დარბაზისა კინოსურათ "ოთარაანთ ქვრივიდან”, ან ჩვენს მუზეუმებში ექსპონირებულ მოდელებიდან, რომელთა ბნელი (ერდოს საწინააღმდეგო) მხარე დამუშავებულია ჩუქურთმით. ქსნის ხეობის ზოგიერთ დარბაზში შემჩნეულია კიდევ ერთი დიდი მხატვრული მნიშვნელობის ტენდენცია; დედაბოძი დაყენებულია ოდნავ დახრილად იმგვარად, რომ მისი მოჩუქურთმებული პირი ერდო - სარკმლისაგენ იყოს მიქცეული. ქართლური დედაბოძის ჩუქურთმით შემკობის გადაწყვეტაში გამოირჩევა რამოდენიმე ფართედ გავრცელებული ხერხი. განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული ერთი წამყვანი მხატვრული სისტემა; დედაბოძის ფასადის ღერძზე იხაზება ორი წრე; ზემოთ - დიდი ზომისა, ქვემოთ კი - მომცრო. ამ ორ წრეს გარშემო ევლება ზონარი შუაში გადაჯვარედინებით. საერთო კომპოზიციის ეს ჩონჩხი სრულდება და ივსება მაშტაბის (აბსოლუტური სიდიდის) შესაფერისად დიდი წრეების კონცენტრულად დაყოფით, ჩუქურთმის დამატებითი სახეების ჩართვით. ხშირია დედაბოძზე ჯვარის გამოსახულება. დარბაზის აშენების თარიღი უმეტეს შემთხვევაში დედაბოძზე იწერება. დედაბოძი ადამიანის თანაზომიერია, მისი სახე - შინაგანი სივრცის შესაფერისი. ეს ინტერიერულობა ბოძისა საზგასმულია. ამიტომაცაა, რომ დედაბოძის ფორმის საყრდენი არსად არ არის გარეთ გამოყენებული. დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლები თავის დროზე გავრცელებული ყოფილა აგრეთვე გარე კახეთში. მათი შესწავლა (დარბაზები უჯარმაში, ანდრიაწმინდაში და სხვ.) გვიჩვენებს, რომ როგორც ფორმა და შემკობის წესები კახური დედაბოძისა, ისე დარბაზის შინაგანი სივრცის გადაწყვეტა საერთოდ არაფრით განსხვავდება ქართლის ობიექტებში ფიქსირებულ წესებისაგან.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

მესხური დარბაზის ინტერიერში - კერა უკვე აღარ წარმოადგენს შინაგანი სივრცის ფოკუსს. კომპოზიციის წამყვან ელემენტად აქ უკვე ბუხარი ხდება, რომელსაც მესხეთში ოჯახს უწოდებენ. როლი დარბაზის ინტერიერის კომპოზიციის ცენტრალური ღერძისა, რომელიც ქართლის ობიექტებში კერა ერდოზე გადიოდა, აქ საგრძნობლად სუსტდება. თუ ქართლურ დარბაზში კედლები ბნელით იყო მოცული, მესხურ დარბაზში ისინი შესანიშნავადაა განათებული, რადგან აქ გვირგვინი მთელი სათავსოს კვადრატულ გეგმას ესატყვისება, ინტერიერის ელემენტების აღქმის ამ თავისებურ პირობებს შესანიშნავად გრძნობდა მშენებელი. წამყვანი როლი ამ ინტერიერში უკანა კედელს ენიჭება, რომლის შუაშიც ბუხარია დატანებული, აქეთ - იქით თაროებით. მესხურ დარბაზშიც ხეზედ ჩუქურთმა გვევლინება ერთ - ერთ მძლავრ საშუალებად ინტერიერის მხატვრული დამუშავებისა, თუმცა მთავარი ჟურადღება აქ ბუხრის ქვაზე გადადის, რომელიც აგრეთვე ჩუქურთმის რთული კომპოზიციითაა დაფარული. სამცხე - ჯავახეთის ბუხრის - ქვის (”ოჯახის - ქვის”) დამუშავებაში შეიმჩნევა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც; მისი ჩუქურთმის მოტივები უფრო ხეზე კვეთასთან პოულობენ საერთოს, ვიდრე ქვის. ტრადიციულ ქართულ ჩუქურთმასთან. ახალციხური დარბაზის საუკეთესო ნიმუშებში დარბაზის კედლები შემოსილია ხის პანელებით, რომლებიც უმეტესად მდიდარი ჩუქურთმით იფარება კედლების დეკორაციულ შემკობაში გამოყენებულია თავისებური "ინდუსტრიული” ხერხები: რთული ნახატის სახეები აწყობილია პატარა, სამკუთხოგანი, სწორკუოხოვანი ან რომბული ფორმის პროფილირებული ფირფიტებისაგან, ინკრუსტაციის წესით. ეს ელემენტები ფიცრულ ფილაზე სპილენძის ნაჭედი ფიგუროვანი ლურსმნებით მაგრდება. მაღალმხატვრული გემოვნებითაა გააზრებული და შემკული ბალიაშვილის დარბაზი, - რაბათში, რომელიც ჩვენს ღია ცისქვეშ მუზეუმში უნდა იქნეს გადმოტანილი, სააკაძისა, რომელიც სულ ამ ორიოდე წელში იქნა დანგრეული და ლიჩელის დარბაზები. როგორც ქართლური, ისე მესხური დარბაზის ჩუქურთმა უმთავრესად გეომეტრულია; სამკუთხედებად დანაწევრებული სახეები ზედაპირიდან სიღრმეშია დაფერდებით სამკუთხად ჩაჭრილი. მაგრამ სულ სხვადასხვაა მათი მასშტაბი. მესხურ დარბაზებში ჩუქურთმის პირველადი ელემენტები გაცილებით მცირეა ქართლ - კახურთან შედარებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

თავდაპირველი მიზეზი ამისი ხე-ტყის მასალის თავისებურებაში უნდა ვეძიოთ; აღმოსავლური დარბაზები უპირატესად ნათალი მუხისაგანაა ნაშენი, მაშინ, როდესაც სამხრეთ საქართველოს ობიექტებში უმთავრესად დახერხილი ფიჭვი და კატარია გამოყენებული. სამცხე - თრიალეთის ერთ - ერთი შესანიშნავი ფორმის - თაკარებიანი ოდის ინტერიერში ბევრგანაა შერჩენილი აშკარად ლაზური წარმოშობის ჩუქურთმა, აგებული მცენარეულ მოტივებზე, ზოგჯერ გამჭოლად ამოჭრილი და შემდეგ კი გლუვ ფონზე დაკრული. მდიდარი ჩრდილნათელებით გამონაკვთული ნიყურები გვირგვინისა ჩუქურთმით იშვიათად იფარება. ზომიერების გრძნობა ერთი მთავარი თვისებათაგანი ყოფილა დარბაზთა მშენებელ ხითხუროებისა. აღმოსავლურ - ქართული სახლსამყოფის ამ ტრადიციულ ფორმაში შესანიშნავადაა შერწყმული მოხერხებულობა და სილამაზე. მსგავსი ტიპის სახლები ერთ დროს დედამიწის დიდ სივრცეებზე იყო გავრცობილი კორეიიდან ეგეოსის ზღვამდე, მაგრამ ასე ღრმად გააზრებული და მხატვრულად დახვეწილი სახით არსად არ გვხვდება. ქართველმა ხითხურომ ერთბოძიანი საყრდენის თვითმყოფადი, განუმეორებელი ფორმა კლასიკური სრულყოფილების სიმაღლემდე აიყვანა და საკუთარი წვლილი შეიტანა არქიტექტურის ხელოვნების საკაცობრიო საგანძურში. აღმოსავლურ - ქართული სახლის შემდგომი ტიპი - ბანიან - სარკმლებიან - ბუხრიანი სახლი ორმალიანი სიღრმით დიდი ოჯახის დაშლასთანაა დაკავშირებული და სამშენებლო წარმოების განვითარებასაც გონივრულად ითვალისწინებს. დედაბოძი აქ თუმცა ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ იგი ჰკარგავს თავის მასშტაბს, სახეს, მნიშვნელობას. მან პირი გარე სარკმლებისკენ (შესასვლელისკენ) იბრუნა. მისი ფორმის დაკნინებასთან ერთად დაკნინდა ჩუქურთმაც. ბანიან სახლს უკვე ახალი დროის აივნიანი სახლი სცვლის ერთმალიანი სიღრმის რამოდენიმე (უბოძებო) ოთახით, ორფერდა (სხვენიანი) კრამიტის სახურავით. ამ ტიპის სახლის ინტერიერში ჩუქურთმის მნიშვნელობა, როგორც მხატვრული დამუშავების ერთ - ერთი ხერხისა თითქმის ნოლამდე დადის. ამიერიდან ქართული საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრებაში ყურაღღება ინტერიერიდან უმთავრესად მისი გარეგანი სახის გაფორმებაზე გადადის. იმის გასარკვევად თუ რა მაღალმხატვრულ დონეს მიაღწიეს ამ მხრივ ქართველმა ხითხუროებმა სჯობს მივმართოთ ლიხთიქეთის ძეგლებს, რომლებიც შესანიშნავად ესიტყვება იმერეთის რბილ ჰავას, მარადმწვანედ აქოჩრილ გორაკებსა და კოლხიდის ნაყოფიერ ველებს.

დასავლურ - ქართული სახლმშენებლობის ტრადიციებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ოდასახლის კლასიკურად ჩამონაკვთული ტიპის მხატვრული დამუშავება. ოდასახლი არ წარმოადგენს დარბაზის სინქრონულ სახლსამყოფს. მისი საბოლოო კლასიკური სახე მე-19 საუკუნეში (განსაკუთრებით II ნახევრიდან) უნდა იყოს შემუშავებული, როდესაც ხეტყის სახერხი ქარხნები, სამშენებლო მინა, ქალაქური ცხოვრების პირობები საბოლოოღ იკიდებდნენ ფეხს ჩვენს ქვეყანაში. დასავლეთ საქართველოს თბილი ჰავა, ახალი ყოფაცხოვრების განვითარება  განაპირობებდა ფართე აივნის წამყვან როლს საცხოვრებელის არქიტექტურაში. თუ აღმოსავლური დარბაზის ხუროთმოძღვრება უმთავრესად ინტერიერული იყო, გარეგნობის თითქმის სრული უგულებელყოფით, დასავლეთში ახლა შენობის გარეგნობა ხდება ხითხუროს მთავარ საზრუნავად. შენობა აბიბინებული მოლის სიღრმეში იდგმება, ფართე ეზოს უკან, რომლის შუაშიც დიდი, ტოტებგართხმული ცაცხვის, კაკლის ან სხვა რომელიმე ჯიშის ჩრდილოვანი ხეა აზიდული. ეს ეზო წარმოადგენს სახლისა და მისი ფართე აივნის უშუალო გაგრძელებას, მასთან ორგანულად შერწყმულს. ხშირი და დიდი ზომის ფანჯრები ხაზს უსვამენ ოთახებისა და აივნის ერთიანობას; აივნის ბოძები - სახლის მთავარი არქიტექტურული ელემენტები ხდება. ოდა - სახლის ადრეულ ნიმუშებში  შეიქმნა და დაიხვეწა მაღალი ოსტატობითა და იშვიათი გემოვნებით შემკული კვადრატული კვეთის ბოძები, რომელთა მხატვრულ დამუშავებასაც დღესაც გაოცებაში მოჰყავს მნახველი. ოდა - სახლი 3-4 ოთახიანი კვადრატული გეგმის სახლია, მაღალ ცოკოლზე ან ბოძებზე, შემდგარი ფართე ფანჯრებითა და დიდი  აივნით წინა მხარეს.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

სახლის ძველ ტიპებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აივნის მოწყობა გარეშემო ჩაშენებული საჯდომებით, რომელსაც სრულიად ახალი, თავისებური იერი შეაქვს სახლის ხუროთმოძღვრულ -მხატვრულ ფორმებში. წარსული საუკუნის მეორე ნახევარში ოდა - სახლის აივნებში ვრცელდება თბილისური წარმოშობის, თაღოვანი ორდერი (სისტემა) ხის მრგვალი დაჩარხული სვეტებით. ჩვენთვის ბევრად საინტერესოა უფრო ძველი ტიპები სახლებისა კვადრატული კვეთის ბოძებით, რომელთა სრულყოფილ ფორმაშიც გამოვლინდა ხის მხატვრული დამუშავების შესანიშნავი დასავლურ - ქართული ხალხური ტრადიციები. როგორც ფორმათა საერთო კომპოზიციით, ისე შესრულების ტექნიკით, ხეზე ჩუქურთმის შედევრებს წარმოადგენენ ქუთაისური საცხოვრებელი სახლების სვეტები, დაცული ქალაქის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მარჯანიშვილის სახლის სვეტები (ბაგრატის ტაძრის გვერდით), სოფ.ხანის, ამბროლაურის საცხოვრებელი სახლების სვეტები, შენგელიას სახლის ბოძები დობრაზენში და სხვ. რაში მდგომარეობს ამ სვეტების თავისებურება? უპირველეს ყოვლისა ისინი სკულპტურულებია; ჩუქურთმით მუშავდება არა მათი ერთი მხარე, როგორც დარბაზში, არამედ ოთხივე; ოსტატს ესმის, რომ ყველა წახნაგი სვეტისა ერთნაირად კარგადაა განათებული და თვალმისაწვდომი. ბოძის შუა ნაწილი კვეთში რვა-თექვსმეტ წახნაგოვანი ხდება კუთხეების თანდათანობითი ჩათლის საშუალებით, როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან. ამ გადასვლების წყალობით ოსტატი გვაძლევს სვეტის პროფილის რთულ სილუეტურ გადაწყვეტას კუთხეებში ლამაზად დასახსრულ ნაშვერებისა და ზოგჯერ საკიდების დატოვებით. ამ ნაშვერებს სიცოცხლე და ცხოველხატულობა შეაქვთ ბოძის და საერთოდ აივნის კომპოზიციაში. აქაც აღსანიშნავია, რომ სახლის აგების თარიღს უმეტესად აივნის სვეტებს აწერენ. დასავლურ - ქართული ჩუქურთმა ხეზე უფრო ნაზია და წმინდა ვიდრე აღმოსავლურ - ქართული. ჩვეულებრივი სამკუთხოვანი ჩაჭრის ტექნიკის გარდა აქ დიდ გავრცელებას პოულობს მცენარეული მოტივების ამოკვეთა ჰორიზონტულ, გლუვ ფონზე, რაც მეტად იშვიათია აღმოსავლეთში. დასავლეთში მეტად გავრცელებულია სამკუთხოვანი ფორმის ნახატის კიდევ სამკუთხედებად დაყოფა და ჩუქურთმის ჩაჭრა ამ სამ სამკუთხედის გვერდებიდან, რაც ქართლის დარბაზულ ჩუქურთმაში არასოდეს არ პოულობს გამოყენებას. ამგვარად აღმოსავლურ - ქართული დედაბოძის ეპიკურ, მონუმენტურ ფორმას, მის სადა და მედიდურ ჩუქურთმას უპირდაპირდება დასავლურ - ქართული ტანშეწყობილი პროპორციებისა და ცხოველხატული ფორმების აივნის სვეტები, ნაზი და ლირიკული იერი მისი მხატვრული დამუშავებისა. ლაზური ჩუქურთმის ერთ - ერთი შესანიშნავი ნიმუში დღემდე შემორჩენილია ზუგდიდის ქალაქკომის შენობის (დადიანების ყოფ.სასახლის) აივნის პლაფონში. ხის სვეტების მოჩუქურთმების ხალხური წესები გამოყენებული იყო აგრეთვე საკულტო ნაგებობებშიც, უმეტესად შიგნით. ბევრი ამისთანა სვეტი დღევანდლამდეა შემორჩენილი აჭარულ ჯამეებში, კულაშის ცნობილ ხის ეკლესიაში.

სახლის გვირგვინი. ფოტოს წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

საქართველოს მთიანეთის ხალხურ არქიტექტურაში ჩუქურთმა, როგორც ხუროთმოძღვრულ - მხატვრული გამოსახულების საშუალება ყველაზედ მეტად სვანეთში იყო გამოყენებული, თუმცა დედა - ბოძის დაჭრელების ცალკეული მაგალითები აღმოსავლურ მთიანეთშიც, (სახელდობრ ფშავ-ხევსურეთშიც) გვხვდება. აღსანიშნავია რომ აქაც ჩუქურთმა ძირათადად ინტერიერშია გამოყენებული. რაც შეეხება ავეჯის მოჩუქურთმებას - იგი საქაროველოს მთიანეთის ყველა რაიონებში იყო გავრცელებული. ძველებური სვანური სახლის ძირა სართულში - მაჩუბში, სადაც ერთად ცხოვრობდა დიდი ოჯახიცა და მისი საქონელიც (როგორც მსხვილფეხა ისე წვრილფეხა), ხის ელემენტების ჩუქურთმით დამუშავებას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. კვეთილი ორნამენტით აქ იფარებოდა "გვალი” - ხის თაღებგამოჭრილი ტიხარი, რომელიც საცხოვრებელი სივრციდან, სამყოფის ორ მხარეს (კუთხით) გამოყოფს საქონლის სადგომს. პირველი, რაც თვალში ხვდება ადამიანს "გვალის” რთულ მხატვრულ კომპოზიციაში - მაშტაბის საოცარი გრძნობაა. გვალის დიდი ფიცრები ჩაჭრილი ღარების საშუალებით დანაწევრებულია ფართე ელემენტებად; გამოჭრილი თაღები შემოსალტულია მსხვილი მოჩარჩოებით; თავისუფალ არეებში ამოკვეთილია სამკუთხედებად დანაწევრებული ტრადიციული წრეები. ბოლო 50 წელში აგებულ მაჩუბებში, ჩუქურთმის მოტივებს შორის ხშირად გვხვდება საბჭოთა ემბლემატიკაც (ვარსკვლავები, ნამგალი - ჩაქუჩი და სხვ.) მაჩუბის ინტერიერში ჩუქურთმის გვერდით შევხვდებით ხის ქანდაკებასაც (კერის ზემოთ გამართული საკიდელის ლატნებზე), რკინაში გამოჭედილ ცხოველთა ფიგურებსაც (კერისა და სანათურის გამოშვერილ ნაწილებზე). განზოგადოების საოცარი გრძნობა, მაღალი გემოვნება და დიდი ოსტატობა ერთნაირად ახასიათებს, როგორც ხეში გამოკვეთილ, ისე ლითონში გამოჭედილ სამკაულებს. განსაკუთრებული ზემოქმედების ძალა მაჩუბის ინტერიერისა იგრძნობა ღამით, კერის ცვალებად შუქზე, როდესაც "გვალის” მოჩუქურთმებულ თაღებში, როგორც ჩარჩოებში გამოიკვეთება მსხვილფეხა საქონლის თავები. მე-19 საუკუნის II ნახევრიდან, და განსაკუთრებით ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან, ძველქართული საცხოვრებელი სახლების ტრადიციული ფორმები თითქმის ყველგან ახალი ტიპებით იცვლება.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

ის საერთო, რაც საქართველოს სამივე ძირითად ეკონომიურ - გეოგრაფიულ და ისტორიულ - ეთნოგრაფიულ არეში გავრცელებულ ამ ახალ სახლებს; აღმოსავლურს, დასავლურსა და საქართველოს მთიანეთის ობიექტებს ახასიათებს, გახლავთ საცხოვრებელი სივრცის პატარა ოთახებად დანაწევრება (ძველი დიდი დარბაზის მაგიერ), ფართე აივანი ერთ, ორ ან სამ მხარეს, მაღალი ცოკოლი ან ცოკოლის მთელი სართული სამეურნეო სათავსებით, სხვენიანი სახურავი, ბუხრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თუნუქის ღუმლებით იცვლება. ის მკვეთრი განსხვავება, რომელიც შეიმჩნეოდა ძველი ტიპის სახლებში აღმოსავლეთის, დასავლეთისა და მთის რაიონებში, მეოცე საუკუნისათვის საგრძნობლად რბილდება; ხდება საცხოვრებელი სახლების ფორმათა შესამჩნევი უნიფიკაცია, ბინის საყოფაცხოვრებო პირობებისა და სანიტარულ - ტექნიკური აღჭურვილობის მკვეთრი გაუმჯობესების ხარჯზე. სახლის ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტაში წამყეან ადგილს საქართველოს ყველა კუთხეში შენობის გარეგნობა იკავებს. აივანი უკვე ყველგან იქცა სახლის მთავარ ელემენტად, მისი გაფორმება კი - ოსტატის ძირითად საზრუნავ საგნად. სწორედ აივანი აძლევდა და აძლევს ახლაც ქართული საცხოვრებელი სახლის ფასადს თავისებურ იერსა და შნოს. წარსულ საუკუნეში თბილისში ჩამოყალიბდა რამოდენიმე სახე საცხოვრებელი სახლისა, გადმოკიდებულ ფართე ხის აივნით, რომლის ფორმებიც აქედან საქართველოს თითქმის ყველა რაიონულ ქალაქში გავიდა. ხეზე კვეთის ძველმა ტრადიციებმა გარკვეულად იცვალეს სახე ახალი პირობების შესაფერისად... გაჩნდა აივნის გრეხილი სვეტები და ცხოველხატული სვეტისთავები, რთული აჟურული ნახატის თაღები და ჩარჩოები, სათუთი პროფილის რიკულები, ფიცარში ამოჭრილი მოაჯირების მრავალფეროვანი სახეები. ქართველი ხითხუროები აქაც თავის მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და შექმნეს ევროპული კლასიკის საერთო საფუძველზე განუმეორებელი, მეტად თავისებური (შემდეგში თბილისურად წოდებული) ხუროთმოძღვრულ - მხატვრული ფორმები. ხის ჩუქურთმის განვითარების ამ მოკლე მიმოხილვამაც კი დაგვანახა, თუ რა დიდ ადგილს უთმობდნენ ჩვენი ქვეყნის ხითხუროები საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრებაში ხის მხატვრულ დამუშავებას; თუ რა გასაოცარი ოსტატობითა და გემოვნებით გამოყოფდნენ მთავარს, წამყვანს ხუროთმოძღვრულ ფორმებში და თავის მისწრაფებებს რა გონივრულად უფარდებდნენ ცხოვრების ახალ პირობებს, ახალ იდეებს. ორნამენტით შემკობის ძველქართული ტრადიციები მათ, თავისდა სასახელოდ, თითქმის დღევანდლამდე მოიტანეს... ინტერესმოკლებული არაა ის ფაქტიც, რომ ომის შემდგომი წლების გაშლილი მასობრივი მშენებლობისათვის შედგენილ პირველ ტიპობრივ პროექტებში, რომლებიც 1948 წელს გამოქვეყნდა (ერთ სართულიან №151 და ორსართულიან №209 სერიის სახლებში) გამოყენებული იყო ქართული ტრადიციული ჩუქურთმა. 50-იან წლებში ეს სახლები დიდი რაოდენობით აშენდა საქართველოს თითქმის ყოველ კუთხეში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. 209 სერიის სახლები აგებულია აგრეთვე რუმინეთის ქალაქ ვიქტორიაში. მოჩუქურთმებული ქართული აივნები ხის სვეტებითა და აჟურული მოაჯირებით რუმინელ სპეციალისტთა აზრით შესანიშნავად შეეგუა ახალ ბუნებრივ გარემოს. ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების ტრადიციები გასცდა ჩვენი მიწა - წყლის ფარგლებს. როგორც ჯერ კიდევ 1957 წ. "საბჭოთა ხელოვნება” წერდა, ეს ფაქტი ჩვენი არქიტექტურის განვითარებაში ”იმ ახალი ეტაპის დასაწყისის მანიშნებელია, რომელშიც სოციალისტური ერების პროგრესული - ტრადიციები უნდა გასცდნენ ეროვნულ საზღვრებს და თანდათანობით დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

ყოვლისმომცველი საერთო ბაზის - სოციალისტური შინაარსის საფუძველზე. ცხადია, რომ ეს დაახლოვება არ გულისხმობს ცალკე სოციალისტური ერების ხუროთმოძღვრებაში ნაციონალურ თავისებურებათა უნიფიკაციას და სრულ მოსპობას. ეს თავისებურება მუდამ დარჩება ამა თუ იმ ერის კულტურის ნიშანდობლივ თვისებად, რადგან იგი მხოლოდ ადგილობრივი ბუნებრივ - გეოგრაფიული პირობების შედეგი როდია, არამედ ხალხური შემოქმედების ღრმა ტრადიციებსაც ემყარება. უკანასკნელთა ფორმირებაში კი ქვეყნის ეკონომიური განვითარება, მისი ისტორიული ჩამოყალიბების საკუთარი გზები და მეზობელ ხალხებთან კულტურულ - ეკონომიური ურთიერთობა ნაკლებ როლს როდი თამაშობს” (ა.ინწკირველი, ლ.სუმბაძე, ქართული სახლები რუმინეთში, ”საბჭოთა ხელოვნება”, №6, 1957 წ. გვ.25). რა ბედი ეწვევა ამ ტრადიციებს მომავალში, გაშლილი ინდუსტრიული მშენებლობის პირობებში, როდესაც ჩვენი სამშენებლო მრეწველობა ელემენტების ქარხნული წესით დამზადებაზე და მონტაჟზე გადადის? ამ კითხვის პასუხად შეიძლება გამეორდეს ის დასკვნა, რომლითაც მთავრდება ჩემი შრომა ვარიანტული ორნამენტის შესახებ (ვარიანტული ორნამენტი, თბ. 1963); "მშენებლობის ინდუსტრიალიზაცია, ელემენტების ქარხნული წესით დამზადება, კი არ ზღუდავს არქიტექტორის შემოქმედებითს შესაძლებლობას, არამედ პირიქით, ახალ გზებს უსახავს მას ხუროთმოძღვრების ორგანული ფორმების შექმნაში, სადაც ჰარმონიულად უნდა იყოს შეხამებული მოხერხებულობა და სილამაზე, ეკონომიურობა და სიმტკიცე, მრავალფეროვნება და სიმარტივე.