topmenu

 

გ.ქავთარაძე - სად მდებარეობდა თავდაპირველად მცხეთა და რას უნდა ნიშნავდეს მისი სახელწოდება?

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთა>>>

რუკის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახ. მუზეუმ-ნაკრძალს

გიორგი ქავთარაძე

სად მდებარეობდა თავდაპირველად მცხეთა და რას უნდანიშნავდეს მისი სახელწოდება?

უძველესი ქართული ცნობა ქალაქ მცხეთის შესახებ შემონახულია ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ტექსტში, რომლისშატბერდისეული ვერსია გვამცნობს, რომ, როდესაც, ვითომდა ქართლში მოსულმა ალექსანდრე მაკედონელმა ბუნ - თურქნი და ჰონნი გაანადგურა, მასთან თანხლებულ არიან - ქართლის მეფის ძეს აზოს, ”მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად” ხოლო ”ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან - ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა - მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა - ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინააზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ”. მოყვანილ ტექსტში, ერთი შეხედვით, თითქოს შეუსაბამობა შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დიდმა აზოს მცხეთა ”მიუბოძა საჯდომად”, იგი ”დაჯდა ძუელ მცხეთას”; რატომ ჩაანაცვლა თუ იქნებ დააკონკრეტა ავტორმა აზოსთვის ”საჯდომად ბოძებული” ადგილი - მცხეთა, ტერმინით ”ძუელი მცხეთა”? სად უნდა იყოს ეს ”ძუელი მცხეთა” და რით უნდა განსხვავდებოდეს (თუ კი განსხვავდებოდა) ”ძუელი მცხეთა” საკუთრივ მცხეთისგან, რომელიც ალექსანდრემ დაუდგინა მას სატახტოდ? თვით ზემომოყვანილი ტექსტის ფრაგმენტი,რომ აზო ”დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა - ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა”, სავარაუდოა მიგვანიშნებდეს, რომ ვინაიდან ”ძუელმცხეთაში” დამჯდარ აზოს თან ჰყავდა ”კერპნი ღმრთად - გაცი და გა”, ამ უკანასკნელთა აღმართვის ადგილის დადგენა უნდა იძლეოდეს ”ძუელი მცხეთის” მდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობასაც. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია “ქართლის ცხოვრების” მეორე ნაწილის, “წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის” ცნობა, რომ “...კუალად [არმაზისა - გ.ქ.] იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, დასახელი მისი გაიმ, რომელნი - იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა”. ხოლო არმაზის ადგილმდებარეობას თვით ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ტექსტიც გვამცნობს: ”შემდგომად მისა [აზოსა -გ.ქ.] დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, დაჰრქჳან არმაზ”. ამრიგად, ცხადი ხდება, რომ სწორედ ეს ადგილი, არმაზი/არმაზციხე იგივე ბაგინეთი, სადაც არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ იყვნენ აღმართულნი გაცი და გაიმი (=გა) არის ”ძუელი მცხეთა”. ზოგიერთი არაბული წყაროც იძლევა თითქოს იმის საშუალებას, რომ, ქართული მატიანეების მსგავსად, არმაზციხე - ბაგინეთს, აქ ადრე არსებულ წარმართულ ტაძართან ერთად, დავუკავშიროთ ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდარული სახელი. მხედველობაში მაქვს, ატ - ტაბარის ცნობა იმის თაობაზე, რომ ჰიჯრის 110 წელს (ანუ დაახლ. 728 წ.) დარიალისაკენ ხაზართა ხაკანთან საბრძოლველად გალაშქრებული მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქი (ომაიანი ხალიფის აბდ ალ-მალიქ იბნმარვანის ძე) უკან ბრუნდება ”ალექსანდრეს ტაძრის” გავლით; ამის გამო ი.მარკვარტი ”ალექსანდრეს ტაძარს” არაგვის ხეობაში მდებარედ მიიჩნევს. ი.მარკვარტი შენიშნავს, რომ ვაჰბ იბნ მუნაბიჰის ”ალექსანდრეს რომანში” ”ალექსანდრეს ტაძარი” არსად არ გვხვდება, თუმცა კი მასში მოხსენიებულია ”არმაზის ქვეყანა”, ისევე, როგორც, ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართველთათვის გაცემულ დაცვის სიგელში. აქედან გამომდინარე, ი.მარკვარტი დაასკვნის, რომ ამ სახელწოდებით თბილისის აღმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე ქვეყნის ძველი დედაქალაქი მცხეთა უნდა აღინიშნებოდეს. უფრო რომ დავაზუსტოთ ი.მარკვარტის მოსაზრება, ალბათ, უფრო გამართლებული იქნებოდა ”ალექსანდრეს ტაძარში”, პირველ რიგში, არმაზციხე - ბაგინეთი გვეგულისხმა, სადაც ძველი ქართული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, მართლაც მდებარეობდა ალექსანდრე დიდის ქართლში ლეგენდარული ლაშქრობის მოვლენებთან დაკავშირებული წარმართული ღვთაებების პანთეონი; ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” მიხედვით, აზო, ვისაც ”თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა” ხომ ალექსანდრეს მიერ არის მოყვანილი და მეფედ დადგენილი.

კვარცხლბეკი. არმაზციხე. II-III სს. ფოტოს წყარო: დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის მიერ სწორედ არმაზციხე - ბაგინეთის დალაშქვრას, შესაძლოა ის გარემოებაც მოწმობდეს, რომ ქართული წარმართობის ამ წმინდა ალაგისა და ქართლის უძველესი სახელმწიფოებრივი ცენტრის საბოლოო განადგურებას სულ რამდენიმე წლით უფრო გვიანი ხანით (736 წ.) ათარიღებენ ხოლმე, როდესაც აქ თითქოს მერვან იბნ მუჰამედს (იგივე მურვან ყრუს) ულაშქრია. ეს უკანასკნელი ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისაგან იღებს სათავეს. დარიალისაკენ მიმავალ მერვანსაც მცხეთაზე რომ უნდა გადაევლო ეჭვს არ იწვევს, ისეთი დიდი საფორტიფიკაციო და სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტს, როგორიც არმაზციხე - ბაგინეთია, ხომ ვერცერთი მოლაშქრე გვერდს ვერ აუვლიდა; მაგრამ იმის გამო, რომ არაბული წყარო აქ მდებარე მნიშვნელოვანი ადგილის - ”ალექსანდრეს ტაძრის” სახელწოდებას საგანგებოდ მხოლოდ მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის ლაშქრობისას მოიხსენიებს, სავარაუდო ხდება, რომ სწორედ მისი ლაშქრობა უნდა გამხდარიყო საბედისწერო ქართლის უძველესი დედაქალაქისათვის, ვინაიდან იმ რვაწლოვან დროის მონაკვეთში, რომელიც ამ ლაშქრობას მერვანის ლაშქრობისაგან აშორებს, ბუნებრივია, ძნელად თუ მოხერხდებოდა ამ ადგილის თავდაცვითი ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა. ასეთი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას გვაძლევს სპეციალისტთა მიერ შენიშნული ის ფაქტი, რომ მერვანის ლაშქრობამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა თაობათა მეხსიერებაში, რომ შემდგომში იგი მიჩნეულ იქნა, საზოგადოდ, არაბების პირველ შემოსევად საქართველოში. მით უმეტეს, ადვილი იქნებოდა, როგორც ზემოთ ითქვა, ერთი და იმავე რეგიონში, ორი ომაიანი სარდლის, მხოლოდ რამდენიმე წლით ერთმანეთისაგან დაშორებული, ლაშქრობების ერთმანეთში აღრევა. მიუხედავად იმისა, რომ ”ძუელი მცხეთის” არმაზ/არმაზციხეზე თუ ბაგინეთის, იგივე ქართლის მთაზე ლოკალიზება თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, იგი არ არის თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებული. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გავრცელდა მოსაზრება, რომ სამადლო - ნასტაგისის ნაქალაქარი უნდა ყოფილიყო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „ძუელი მცხეთა“, სადაც ასევე უნდა არსებულიყო ძვ.წ. IV-III საუკუნეთა იბერიის (ქართლის) მეფეთა რეზიდენცია. მაგრამ, თუ ჩვენ გავიზიარებთ, სამადლო - ნასტაგისის ნაქალაქარზე ძველი მცხეთისა და მასთან ერთად მეფეთა რეზიდენციის ლოკალიზების შესაძლებლობის ვარაუდს, მაშინ ბუნებრივია მოგვიხდება შესაბამისი ხანის იბერიის სამეფოს ღვთაებათა პანთეონის იქვე ლოკალიზებაც; იმის წარმოდგენა, რომ მეფეთა რეზიდენცია დაშორებული იყო ღვთაებათა სამეფო პანთეონს, ძალზე რთულია. როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, გაცისა და გას აღმართვის ადგილის დადგენა თავისთავად უნდა იძლეოდეს ”ძუელი მცხეთის” მდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდან ”ძუელ მცხეთაში” დამჯდარ აზოს ”თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა”. არმაზციხისა თუ არმაზის კერპის ადგილმდებარეობის თაობაზე, გარდა ზემო მოყვანილი ქართული მატიანეების ცნობების, ადგილობრივი ქართული ტრადიციის და ბერძენი და რომაელი მეტ-ნაკლებად თანამედროვე ისტორიკოსების მონაცემებისა, იუწყება VIII საუკუნის სომეხი მემატიანეც, მოვსეს ხორენაცი, როდესაც წმ.ნინოს ანუ ნუნეს შესახებგვამცნობს, რომ მან: “...მოსპო ჭექა-ქუხილის [მომვლინებელი] არამაზდის ქანდაკება, რომელიც ქალაქისაგან [მცხეთის - გ.ქ.] განცალკევებით, დიდი მდინარის მეორე მხარეს იდგა. როგორც წესი, დილ დილობით ყველა სცემდა მას თაყვანს სახლთა სახურავებიდან, საიდანაც სახით ჩანდა იგი...”. როგორც ვხედავთ, ავტორი კარგად არის გათვითცნობიერებული არმაზის კერპის მდებარეობის შესახებ მცხეთასთან, დიდი მდინარის ანუ მტკვრის გაღმა; “წმ.ნინოს მიერ ქართლის მოქცევის” ზემომოყვანილ ცნობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავძინოთ, რომ არმაზთან ერთად, იქვე იქნებოდნენ მისი განუყრელი ღვთაებებიც - გაცი და გა, რომლებიც თანა - ჰყვანდა წამოყვანილი არიან - ქართლიდან წამოსულ და ”ძუელ მცხეთაში” მეფედ დამჯდარ ”მოქცევაჲ ქართლისაჲსეულ” აზოს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ”ძუელი მცხეთის” არმაზციხესთან გაიგივება უძნელდებათ, ალბათ, ამ უკანასკნელისათვის მცხეთისაგან განსხვავებული სახელწოდების არსებობა უნდა წარმოადგენდეს. არადა ამ ორი უძველესი ადგილის ურთიერთკავშირი ყოველთვის იყო ყველასათვის ცხადი. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის 1434 წლის გუჯარი, გაცემული კათოლიკოს - პატრიარქის თეოდორე III-ის სახელზე, სადაც ვკითხულობთ, რომ ”დასაბამითგან არმაზი ციხე მცხეთისა [იყო]”. რაც შეეხება განსხვავებულ სახელწოდებას, ამის თაობაზე ”ცხოვრება მეფეთა” გვამცნობს, რომ არმაზს / არმაზისციხეს ძველად ”ქართლის მთა” ერქვა: ”…ვიდრე აღმართებამდე მუნ - ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი...” ”ცხოვრება მეფეთას” ავტორი სახელწოდება ”ქართლის” თავისებურ ეტიმოლოგიასაც გვთავაზობს, როდესაც მას ქართველთა ეპონიმ - ეთნარქოსის, ლეგენდარული ქართლოსის სახელიდან მომდინარედ მიიჩნევს: ”...და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი.. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა. ”ლეგენდა ლეგენდად დარჩება, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში ტოპო/ქორონიმი ”ქართლი”? სიტყვა ”ქართლი”, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვა “კარტა”-საგან, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა “შემოღობილ ადგილს”, ხოლო შემდეგ - გალავანს, ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს. თუმცა არსებობს უფრო “ეკონომიური” ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც: რამდენადაც “ქალაქის” აღმნიშვნელ არამეულ სიტყვას “კარდა” წარმოადგენს, ხოლო ეს ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო აქემენიანთა ზეგავლენის ქვეშ მყოფ არმაზციხის ადრეულ ბინადართათვის, ვფიქრობ, სავსებით დასაშვებია, სწორედ სიტყვა “კარდა” დასდებოდა საფუძვლად ტერმინ ”ქართ-ლ-ს”. “მთაქართლის” აღმნიშვნელად არამეული სიტყვა “კარდა”-ს გამოყენება, აქემენიანთა და მომდევნო ხანებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონიუნქტურით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ლინგვისტთა ვარაუდით, მოცემულ შემთხვევაში -ლ-დეტერმინანტ სუფიქსს უნდა წარმოადგენდეს. ამავე დროს, უფრო ისე უნდა ჩანდეს, რომ თითქოს ქართულენოვან სამყაროში ადრეული ხანებიდანვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული ციხე - სიმაგრის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინს “არდ”-ს, რომელმაც რეგიონში აქემენიანთა დომინირების ხანაში ანალოგიური მნიშვნელობისა და ჟღერადობის მქონე არამეული სიტყვის “კარდა”-ს ზეგავლენის შედეგად შეიძინა ანლაუტში ველარული ფონემა. ასეთი ვარაუდის შესაძლებლობაზე ალბათ უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ სინამდვილეში დადასტურებული არაერთი ციხე - სიმაგრის აღმნიშვნელიდა “ართ/არტ/არდ”-ძირიანი ტოპონიმი: “ართვინი/ართვანი”, “არტაანი”, “არტანუჯი”; შდრ.,აგრეთვე, ”არდისუბანი”, ”კ-არდანახი”და სხვ. განსაკუთრებით საინტერესოა, ამ მხრივ, ”ვარდციხის” სახელწოდება, რომელშიც ხურიტულ ”არდ/უარდ/ვარდ-”ს ახლავს ქართული განმარტება ”ციხის” სახით. არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის, არაგვისპირთან მდებარე “ბელტისციხის” სახელიც (ამჟამად ცნობილი ბებრის/ბერის ციხედ), რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და კეტავდა ჩრდილოეთის შესასვლელს, წარმომდგარი იყოს ასევე ”ციხე - სიმაგრის” აღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან - “ბირტა”.

ქ.დიღმელაშვილის ფოტო

მთა ქართლის სახელწოდების ციხე - სიმაგრის სახელწოდებიდან წარმომავლობას მხარს უჭერს კასიუს დიოს ცნობა, რომ ქართლის მთავარ ქალაქს ”აკროპოლისი” ანუ ციტადელი, დედა-ციხე ეწოდებოდა, ამდენად კასიუს დიო ფაქტობრივად ამ ადგილის ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად ამ ადგილის სახელწოდების ბერძნულ თარგმანსაც იძლევა. მისი სიტყვებით, დედა - ციხე აგებული იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა უვიწროესი ადგილი, სადაც ერთ მხარეს მტკვარი მოედინება, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონია აღმართული. ამ ქალაქში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართლი/არმაზციხე შეიძლება იგულისხმებოდეს. როგორც ვხედავთ, სავარაუდოა, რომ მთა ქართლი (იქვემდებარეობდა სოფელი ქართლიც) სახელდებული იყო ციხე - სიმაგრისა თუ გალავნის აღმნიშვნელი სიტყვებით, თუმცა კი არაქართულით (ხურიტულით, არამეულით, ბერძნულით). მართალია სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებში ასახულია ქართული სიტყვის ”ციხის” კვალიც, ოღონდ, როგორც ტოპონიმ არმაზციხის მეორე, განმარტებითი კომპონენტის სახით; კერძოდ, იგი მოხსენიებულია, როგორც”ჰარმოზიკე” სტრაბონის მიერ და როგორც ”არმაკტიკა” პტოლემაიოსის მიერ. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში არმაზციხე მოხსენიებულია დედაციხის, შიდაციხის თუ ციხის ციხის (მთავარი ციხის მნიშვნელობით) სახელწოდებითაც. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაზციხეს ძველთაგანვე, ანუ ჯერ კიდევ აქ არმაზის კულტის გაჩენამდე, გააჩნდა ციხის აღმნიშვნელი ქართული ტერმინი და ხომ არ არის დაკავშირებული ეს სახელწოდება მცხეთის სახელთან. ასეთ შემთხვევაში ”ძუელი მცხეთა” აღმოჩნდებოდა არმაზციხე/ბაგინეთისანუ მთა ქართლის აღმნიშვნელი სახელი, ხოლო ამის საპირისპიროდ საკუთრივ მცხეთა - ”ახალი მცხეთის” ანუ „მუხნარით კერძი ქალაქისა“, რომელიც მტკვრის მარცხენა ნაპირზე იყო განლაგებული და ძირითადად აკროპოლისიდან ანუ მთა ქართლი/არმაზციხე/ბაგინეთიდან კონტროლდებოდა. ამჟამად, თითქმის უკვე საყოველთაოდ არის გაზიარებული მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება მესხთა (მოსხები – მუშქები) ტომის სახელიდან და რომ ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. აღსანიშნავია, რომ ტერმინები “სამცხე” და “მცხეთა” ერთმანეთთან დაკავშირებული ჰქონდა ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს, თუმცა იგი სახელწოდება ”სამცხეს” ”მცხეთისაგან” წარმოქმნილად მიიჩნევდა. XIX საუკუნეში ტოპონიმ “მცხეთას” ძირითადად მესხების სატომოსახელთან აახლოებდნენ ხოლმე. გ.მელიქიშვილის შეხედულებითაც, სახელწოდება “მცხეთა” უდავოდ წარმოქმნილია მესხთა სატომო სახელისაგან, ეს ფაქტი კი უნდა მიუნიშნებდეს მცხეთის მესხური დასახლების არამესხური მოსახლეობის წიაღში წარმოქმნის შესაძლებლობაზე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შესაძლებლად მიმაჩნია მტკვრის ზემო წელიდან ანუ მესხეთიდან თუ ე.წ. დიდი მესხეთიდან, რომელიც მტკვრის სათავეების მხარესაც და მის იქით, კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე მხარეებსაც მოიცავს, მოსახლეობის ერთმანეთის მომდევნო ტალღების გადმონაცვლება, რაც საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა მდინარეთა დინების მიმდებარე ხეობებისათვის, არა მგონია მცხეთისა და მისი სანახების უფრო ადრეული მოსახლეობა იმდენად განსხვავებული ყოფილიყო ახალმოსულთათვის, თუნდაც იმის გამო, რომ მათი (ძველის და ახლისაც) წარმომავლობის მხარე ერთმანეთს ემთხვეოდა, საჭირო გამხდარიყო მათი წინამოსახლეობისაგან განმასხვავებელი სახელით სახელდება. აქ ადგილი ექნებოდა ერთიან ეთნო - კულტურულ არეალში დიდი მდინარის დინების, ზემო, მთიანი მხარეებიდან ნამატი მოსახლეობის ქვემო დინების, დაბლობი მხარეებისაკენ გადმონაცვლებას, ანუ მთისა და ბარის მოსახლეთა ურთიერთობის ”კლასიკურ” მოდელს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა განსხვავებული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფების ამ მეტად მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილისაკენ სწრაფვასა და ინფილტრაციას, რის შესახებაც არა ერთი მინიშნება გვაქვს ძველქართულ წერილობით წყაროებში. თავისთავადაც საკითხავია, თუ რამდენად არის უცილობელი მცხეთის სახელის ეტიმოლოგიის ახსნა მესხთა სატომო სახელით, თუ კი გავითვალისწინებდით იმ გარემოებას, რომ ”ძუელი მცხეთა” ლოკალიზდებოდა არმაზციხის ტერიტორიაზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფუნქცია გააჩნდა, კონტროლის ქვეშ მოექცია სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი საკმაოდ ვრცელი არეალი და რომლის სახელწოდებაც, როგორც ვნახეთ, სხადასხვა ენებზე ძირითადად ციხე - გალავნის, ციტადელის აღმნიშვნელია. ნუთუ ამ სახელწოდებებს არ გააჩნდათ ქართულენოვანი შესატყვისი? ამ მხრივ, საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ი.რაინეგსი, მცხეთის სახელწოდებას "ციხის" ქართული სახელწოდების გადასხვაფერების შედეგად წარმოქნილად თვლიდა; ამის დამადასტურებელ საბუთად იგი მცხეთის ადგილმდებარეობის გარდა, აქ ციხე - სიმაგრეთა ნანგრევთა სიუხვეს მიიჩნევდა. ტერმინ ”მცხეთის” წარმომავლობის ასახსნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთრივ ენათმეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმული გ.კლიმოვის თვალსაზრისი, ადგილის სახელწოდების - “მცხეთის” წარმომავლობის თაობაზე ქართულ - ზანური ერთობის ხანის “ციხის” აღმნიშვნელი სიტყვიდან - *ӡ1ixe (*ძ1იხე). ცნობილია, რომ ფუძის კუმშვადობა საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა ქართული ენისათვის; როგორც ჩანს, თავსართ - ბოლოსართის დართვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდებათვით ფუძისეული ი-ხმოვნის შეკუმშვაც კი. ამ მხრივ, ყურადღებას იპყრობს საჩხერის სახელწოდების კავშირი ამ ქალაქის უშუალო სიახლოვეს დადასტურებულ ტოპო/ჰიდრონიმებთან: მთა ”ჩიხი”, მდინარე ”ჩიხურა” და ა.შ. რაც შეეხება ტერმინს ”მცხეთა”, მასში გარდა თა-სუფიქსისა, შესაძლებლად მიგვაჩნია მ-პრეფიქსის გამოყოფაც: შდრ. ტოპონიმები ”წყნ-ეთი” (ქ.თბილისთან) და ”მ-წყნ-ეთი” (ბოლნისის რაიონში), ორთავე ნაწარმოებია სიტყვა ”მუხის” შესატყვისი და მეგრული ”ჭყონის” პარალელური ძველქართული ფორმიდან - ”წყანი”. ამრიგად, თუ კი ტერმინი ”ძუელი მცხეთა” არმაზციხე / ბაგინეთში ლოკალიზდება, ხოლო ტერმინი ”მცხეთა” თავისი პირვანდელი სემანტიური მნიშვნელობით ციხის ციხის ანუ დედაციხის აღმნიშვნელია, მაშინ ბევრ, მცხეთისა და მთლიანად იბერია/ქართლის უძველეს ისტორიასთან დაკავშირებულ, ჯერ კიდევ არცთუ მთლად ნათელმოვლენას ახალი შუქი მოეფინებოდა.