topmenu

 

სოლომონისი, სოლომონყალა (სოლომონკალა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სოლომონისი - ისტორიული სახელწოდება სოფლისა ძველ კოლა ოლთისში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ამჟამად სოფელს ეწოდება ევბაკანი (Evbakan). სოფელში და მის მიმდებარედ მდებარეობს რამდენიმე ისტორიული ძეგლი: ციხე და ეკლესია სოფლის სამხრეთის კლდოვან მასივზე ციხე და ეკლესია, სოლომონისის მღვიმის ეკლესია და ჩამხუსის ეკლესია. გუმბათოვანი ეკლესია მდებარეობს ციხის გალავნის შიგნით. კედლის დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ტაძარი წმ.დიმიტრის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული. მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპის ეკლესიებს. ნაგებია პატარა თლილი ქვებისაგან. ცენტრალური გეგმა კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის აფსიდა. გუმბათის ყელი მრგვალია, ცილინდრისებული გუმბათით. გუმბატის ყელში ოთხი მრგვალი სარკმელია, ყელი გარედან შემკობილია რვა კამარით. გუმბათის ზემო ნაეილი ჩამონგრეულია. დასავლეთის კედელზე ასომთავრული წარწერებია: „ღმერთო და წმინდაო დიმიტრი, შეიწყალე ცოდვილი დავით მონაზონი, ამინ“ და „ქრისტე შეიწყალე...“ ეკლესია მოხატული ყოფილა. მოხატულობა დიმიტრი ბაქრაძის ვარაუდით XI საუკუნისაა, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის აზრით ფრესკები ძალიან ჰგავს ზარზმისა და ჭულეს მოხატულობას და ათარიღებს XIV საუკუნით, ხოლო თვით ტაძარს IX-X საუკუნით. სოფლის ჩრდილოეთით არის სოლომონისის მღვიმის ეკლესია, რომელიც რთული მისასვლელია.

სოლომონისი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია და ბმულები:

1. თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.-პარიზი.- 1938.- გვ.29-30. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I.- თბ., 1991. - გვ.327-328. სოფელ ოლთისში მდებარე გუმბათოვანი ეკლესიის (ახლანდელი სახელწოდება - სოლომონ-ყალა)აღწერილობა, წარწერების, მხატვრობის მიმოხილვა. მოხსენიებულია დ.ბაქრაძე.

2. გენგიური ნ. სოლომონ - ყალა //გენგიური ნ. კუპელჰალე.- თბ., 2005.- გვ.43-45; 140-141. კოლა-ოლთისის მხარეში მდებარე, ნანგრევების სახით შემორჩენილი ძეგლის -სოლომონისის, იგივე სოლომონ-ყალას ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ვ.ბერიძე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები

3. სოლომონისის მღვიმის ეკლესია -  http://dzeglebi.ge/dzeglebi/s/solomonisis_mgvime.html

ჩამხუსი - თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. // - პარიზი. - 1938. - გვ.28-29. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991.- გვ.326-327.

ჩამხუსის მახლობლად, სოლომონ კალის კლდოვანი მთის ძირში, პატარა ხევის პირზე, მოჩანს ნანგრევები მეორე ფრიად საყურადღებო ეკლესიისა თავისი გეგმით, მაგრამ სამწუხაროდ, სულ დანგრეულია; ასე რომ ნანგრევებიდან მარტო გეგმის აღდგენა შეიძლება. ეს გეგმა საუცოოა თავისი სილამაზით. შუა ნაწილი როტონდოა ოთხი თავი აფსიდით ჯვარის სახედ, მაგრამ ეს უბრალო ტეტრაკონქიროდია, არამედ ჯვარის კუთხეებში გამართულია ოთახები, რომელნიც როტონდოს უერთდებიან მომრგვალო ნიშნებით, აფსიდიოლებით. როგორც თავი აფსიდები, ისე კუთხის ოთახები გარეთ გამოდიან სამწახნაგოვნად. ასე რომ, მთელი შენობა მრავალწახნაგოვანია. საერთოდ, შენობა მცხეთის ჯვარის და მისგან წარმომდგარის ატენის სიონისა და მარტვილის გადამუშავებულ ტიპს ეკუთვნის და მათზე უფრო გვიანი დროის უნდა იყოს, დაახლოებით მერვე–მეცხრე საუკუნისა.

სოლომონისი, ახლა სოლომონ - კალა - თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. // პარიზი. - 1938. - გვ.29-30. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I.- თბ., 1991.- გვ.327-328.

ჩრდილოეთით სოფელ პენიაკიდან და რვა ვერსის დაშორებით მისგან მაღალ კლდოვან მთაზე გაშენებულია სოფელი, რომლის ძველი სახელი ყოფილა სოლომონისი, ხოლო ახლა უწოდებენ სოლომონ-კალას, ესე იგი სოლომონის ციხეს. სოფელში ახლა 15 მოსახლე გამუსულმანებული მესხი ცხოვრობს, სხვები რუს-თათართა ომის შემდეგ 1877–1878 წლებისა გადასახლებულან ოსმალეთში. სოფლის სამხრეთით კლდოვან სერზე გაშენებულია დიდი მოგრძო ციხე, რომლის მაღალი კედლები, კოშკები, ცისტერნები და სხვა შენობები საკმაოდ კარგად არიან დაცულნი. სხვა მრავალ შენობათა შორის ციხეში დაცულია პატარა თლილის ქვისაგან ნაშენი ლამაზი გუმბათიანი ეკლესია. ცენტრალური გეგმა მისი გუმბათის ქვეშ კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვრის აფსიდა, ხოლო დასავლეთით «პაპერტი» შეერთებული ტაძართან გაშლილის კამარით. გუმბათის ყელი მრგვალია, ცილინდრისებურის გუმბათით. ზემოთ აფრები კონუსის მსგავსია. გუმბათის ყელში ოთხი მრგვალი სარკმელია და ყელი გარედან შემკობილია რვა კამარით, რომელნიც ემყარებიან ორმაგ ნახევარ სვეტებს თავიანთი ბაზებით და სვეტის თავებით. ზემო ნაწილი გუმბათისა ჩამონგრეულია. დასავლეთის კედელზე ორ ქვაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც შემოკლებულად იკითხება ასე:

«ღმერთო და წმიდაო დიმიტრი, შეიწყალე ცოდვილი დავით მონაზონი, ამინ».

მეორე ქვაზე მარტო დასაწყისია დარჩენილი წარწერისა:

«ქრისტე, შეიწყალე»...

შიგნით ეკლესია სულ მოხატულია. მხატვრობა საკმაოდ კარგად არის დაცული. ერთი ფრესკის წარწერა შეუმოკლებლად იკითხება ასე:

«შუბიძე მიქელ შეუნდვენ, ქრისტე ღმერთო დიდო (?), ამინ»

ეტყობა ეკლესია წმიდა დიმიტრის სახელზე ყოფილა აშენებული. საკურთხევლის აფსიდაში დახატულია მაცხოვარი მოციქულებითურთ, მთელის ტანით. გუმბათის ყელის ქვემო ნაწილში წარმოდგენილნი არიან მედალიონებში წელსზევითნი ფიგურები წინასწარმეტყველთა და მოციქულთა; აფრებში – მახარობელნი; გუმბათის ქვეშ სულის წმიდის მოფენაა. ჩრდილოეთის კამარის ზემოთ წმ.ბასილი, სამხრეთის კამარის ზემოთ წმ.კირილე და შემდეგ იოანე დამასკელი. ფრესკები, თუმცა დ. ბაქრაძეს მიაჩნია მეთერთმეტე საუკუნის ნაწარმოებად, ჩვენის აზრით, ისინი მოგვაგონებენ ზარზმის და ჩულეს ფრესკებს და უნდა ეკუთვნოდეს მეთოთხმეტე საუკუნეს. თვით ტაძარი კი, ჩვენის აზრით, ეკუთვნის მეცხრე–მეათე საუკუნეს.

მღვიმის ეკლესია28 სოლომონისისა

ჩრდილოეთის მხრით სოფ.სოლომონისისა დაცულია პატარა მღვიმის ეკლესია გამოჭრილი კლდეში და ძნელად მისადგომი. ჯერ უნდა ახვიდეთ ციცაბო კლდეზე და იქიდან ჩახვალთ პატარა კლდოვან ეზოში, რომელიც შემოზღუდულია პირამიდური კლდოვანი მწვერვალებით და ერთ ასეთ პირამიდურ კლდეში გამოჭრილია ეკლესია, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი არის თვით ეკლესია კვადრატული სახისა აფსიდით აღმოსავლეთის ნაწილში და მეორე სწორკუთხედი ოთახი უაფსიდოდ, შეერთებული ეკლესიასთან ვიწრო გასასვლელით. ეკლესია სულ მოხატულია ფრესკებით. ფერადები ახლად გამოიყურება, მუქი ლურჯი ფერებია, ნაგლესი (შტუკატურა) არსად მოცილებია, მაგრამ ზოგ ადგილას სურათები ცოტა გაფუჭებულია მახვილის წვერით. წარწერები ასომთავრულია, არა ძველი, მაგრამ თავისებური, ჭარბობს ოთხკუთხედი ასოები. სამხრეთის კედელზე წმიდა ნიკოლოზის ფიგურაა მთელის ტანით და ეტყობა, ეკლესია ამ წმიდანის სახელზე ყოფილა ნაკურთხი. მარჯვნივ ამისა წარმოდგენილია ბერმონაზონი მუქი მწვანე საბერო ტანისამოსით და გრძელის წვერით. ორივე მხარეს ჩამოგრძელებულია 20 სტრიქონად ასომთავრული წარწერა; შინაარსით აქ ორი წარწერაა, მაგრამ ერთ დროს და ერთის ხელით შესრულებული. ქვემოთ ორი სტრიქონი გაფუჭებულია, სხვა შეუმოკლებლად იკითხება ასე:

«რატი ყოფილსა რაფიელს შეუნდეს ღმერთმან».

«სახელითა ღმრთისათა (და) მეოხებითა, პატრონმან ყუარყუარე,

სამკუიდროი ესე პირველად წმიდისა ნიკოლოსის (sic) ყოფილი

სიგელი იყო. აწ მეცა გაუთავე და მოვახსენე სოლომონის და

დავემკვიდრე აქა ქორანიკონსა რო(=1482). შევსწირე წმიდასა ნიკოლოს მუხრტაფი».

აქედან ჩანს, ეკლესია მოხატულია მეორე ნახევარში მეხუთმეტე საუკუნისა. აქ მოხსენებული ყვარყვარე უნდა იყოს ათაბაგი ყვარყვარე III (1499). პატრონი რატი ბერობაში რაფიელი უსათუოდ ათაბაგის გვარიდან უნდა იყოს, მაგრამ ისტორიაში ცნობილი არ არის. რატის სურათის პირდაპირ ჩრდილოეთის კედელზე დახატულია ქალი მონაზონის ტანისამოსით. წაბღალულ წარწერაში ჩვენ ამოვიკითხეთ სიტყვები:

«პატრონი მარეხ... ყუარყუარე»...

მარეხი უნდა იყოს ათაბაგ ყვარყვარე მეხუთის მეუღლე, დადიანი ლევან პირველის ასული, რომელიც, როგორც ეტყობა, ბოლო დროს მონაზნად შემდგარა. მისი ფრესკა მერმე უნდა იყოს დახატული, ვინაიდან ყვარყვარე მეხუთე 1582 წელს გარდაიცვალა (H.G.II,640). დასავლეთის შესასვლელის მარჯვნივ კლდეში ამოჭრილია ღრმა უბე, სასაფლაოს მსგავსი. ეს ალბათ რატის სასაფლაო იყო. ამის თაღში ღვთისმშობელია წარწერით:

«ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი, ხატი მიძინებისა».

შემდეგ კედელზე წარმოდგენილია ბერი წარწერით:

«მე ივნე: წ გელთლი»

ესე იგი: მე ივანე... გელათელი. რას ნიშნავს ასო «წ»-ილი, ჩვენთვის გამოურკვეველია; შეიძლება ნიშნავდეს «აწ» ანუ «მწირი». გელათელი აქ ქუთისის მახლობელ გელათელად კი არ უნდა მივიღოთ, რადგან სოფელი გელათი არის დღემდე ამავე სახელით მახლობლად სოლომონისისა. არის კიდევ ერთი კაცის სურათი აქვე, რომლის წარწერა აღარ განირჩევა. სხვა ფრესკებთა შორის აღსანიშნავია თაღზე ეკლესიისა ქრისტე ტახტოსანი ჯვარით და ბურთით და ქერუბიმებით. მის ქვემოთ ღვთისმშობელი. მარცხნივ ზემოთ იერუსალიმში შესვლა და ფერისცვალება. ამას ქვემოთ კონსტანტინე და ელენეს ფიგურებია ჯვარით შუაში, შემდეგ ღვთისმშობელის მიძინება, პილასტრებზე: წმიდა ირინე, ეკატერინე, თეკლე, ბარბარე და ელისაბედი. შესასვლელის მარცხნივ წმიდა ფეოდოსი, საკურთხეველში 9 ეკლესიის მამაა. ამ ეკლესიის შუა ნაწილიდან კარია კლდეში გაჭრილი რამდენიმე საფეხურით, რომელსაც მიყავხართ მეორე ოთახში. ეს ოთახი არ არის შემკობილი ფრესკებით, მაგრამ ტრაპეზი აქვს მიშენებული კედელზე აღმოსავლეთით. ეს სასაფლაოდ ყოფილა განკუთვნილი, ვინაიდან ნათლად ჩანს 3 სასაფლაოს ნაშთი, რომელნიც განძთა მაძიებელთ გაუთხრიათ და გაუნადგურებიათ. აქ, საფიქრებელია, დამარხულნი იქნებოდნენ ყვარყვარე და მარეხ, რომელნიც წარწერებში იხსენიებიან. ირგვლივ ხსენებული ეკლესიისა მოჩანს რამდენიმე სენაკის ნაშთი, ხან მღვიმეში, ხან უბრალო ქვით ნაშენი, მაგრამ ახლა დანგრეული. აღმოსავლეთ მხრით, სასტიკი ხრამის გაღმა, ორი მაღალი კონუსის მსგავსი კლდეა მღვიმეებით მათ ქვეშ, მაგრამ მათ მისავალი ახლა აღარა აქვთ და არ ვიცით, იქ მარტო სენაკებია, თუ ეკლესიაც მოიპოვება. დასასრულ, უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ ამ ღვიმის ეკლესიის აღწერა ეკუთვნის 1902 წელს. 1907 წლის ექსპედიციის წინ ჩემთან იყო თბილისში ოლთისის ოკრუგის უფროსი და თავმომწონედ მითხრა – რომ მობრძანდებით ჩვენს მხარეში, ისეთ რამეს გაჩვენებთ, რომელიც არავის არ ენახოსო და ამიწერა მოკლედ ამ მღვიმის ეკლესიის მდგომარეობა და დასძინა: ადგილი სრულიად მიუვალი იყო. მე მივიღე ზომა და დავაკიბვიე კლდე და ახლა თქვენც ადვილად ახვალთო. როდესაც მე ვუთხარი, ეს ადგილი მე უკვე ნახული მაქვს-მეთქი, არ დაიჯერა. მანამ კიბეები არ გააკეთეს. მე ვერ ავედი იქ და თქვენ როგორ ახვიდოდითო? მაგრამ მე ვაჩვენე გეგმა და ფრესკის სურათი ამ ეკლესიისა; გაოცდა. მე მაინც დავპირდი მეორეჯერ ნახვას და დანარჩენი ფრესკების გადაღებას ფოტოგრაფიულად. მართლაც, 1907 წლის ექსპედიციის დროს ვინახულე მეორეჯერ ეს ეკლესია. გზა, დიახ, გაკეთებული იყო; დაკბილულ კლდეზე ახლა ადვილი იყო ასვლა, მაგრამ ვაი ამ ნახვას! სწორედ ამ გზის გაკეთებას ლამის დაეღუპა ეს კოპწია ეკლესია. საქმე ის არის, რომ გზის გაკეთების შემდეგ დაუწყიათ აქ ხშირად მოსვლა სომხებს და ბერძნებს სალოცავად და დროს გასატარებლად, როგორც დღეობაში. ენთოთ ცეცხლი ეკლესიაში და ფრესკები სულ შემურვილი იყო ჭვარტლით. ასე რომ, არავითარი ფრესკის გადმოღება შესაძლებელი აღარ იყო.

 

 

 

 

-----------------------------------------------------------------

28 სტრიგოვსკი აქცევს ყურადღებას ამ ეკლესიას და მოჰყავს ჩვენი წიგნიდან გეგმა, განაკვეთი და შიგნითი სურათი. Die Baukunst der Armenier und Europa, I. pp. 72–73.