topmenu

 

მოგვთაკარის სამაროვანი

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>

ოქროს საყურეები ძოწის თვლებით. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.

მოგვთაკარის სამაროვანი

მადლობას ვუხდით დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს და ქ.დიღმელაშვილს მოწოდებული მასალებისათვის

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, მთა ქართლის ჩრდილოეთი კალთის ძირას. წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით მოგვთაკარი მცხეთის დედაქალაქობის ხანაში მისი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი უნდა ყოფილიყო.

ბეჭედი ბრინჯაოსი მწვანე მინისთვლით, რომელზეც გამოსახულია მამაკაცის პორტრეტი. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ამ უბნის გაჩენა ქართველთა მეოთხე მეფეს ფარნაჯომს უკავშირდება. მან "მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვან მოგუთა" (ქართლის ცხოვრება 1955: 29). არქეოლოგიური გათხრები მოგვთაკარში XX ს. 40-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა წლებში არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ აქ გაითხარა I-III სს. სამაროვანი და III-IV სს. ნამოსახლარი. სამაროვანზე გათხრილ სამარხთა აბსოლუტური უმრავლესობა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კრამიტყუთებია, ნაგებია ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტებით, რომელთა ბანური ან ორფერდა სახურავი დამოკიდებული იყო სამარხის სიდიდეზე. სამარხთა იატაკი ასევე ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტებით იყო დაფარული. თუმცა, გაითხარა თიხატკეპნილიატაკიანი სამარხებიც. უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის სხვა სამაროვნებზე სამარხთა ტიპების ასეთი პროცენტული თანაფარდობა არსად დაფიქსირებულა და არც კრამიტყუთების ასეთი თავმოყრაა ცნობილი. სამარხთა დამხრობა მკაცრად კანონიზირებული არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით დაკრძალვის წესზე: თითქმის ყველა მიცვალებული დასვენებული გახლდათ გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცით. სამარხებში დადასტურდა თიხის თხელკეციანი, ვარდისფრად ან ჩალისფრად გამომწვარი, სადა და კოპებით შემკული, ხალყურა, ყელწიბოიანი, სამტუჩა სასმისები და კოჭობები;

ირმის გამოსახულებიანი საკიდი. ბრინჯაო. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.  - (+)

ოქროს საყურეები, სამფრთიანი ისრისწვერები, ბრინჯაოს ზარაკები და მძივსაკიდები, ირმის ფიგურული საკიდები, ბრინჯაოს სარკე, ფერ-უმარილის სასრესი ნიჟარა თავისი ძვლის კოვზითურთ, რკინისა და ბრინჯაოს ბეჭდები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოსაყოფია რკინის ბეჭედი სარდიონის თვალზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერით "Κυρια Καλή" - "დიდებული დედოფალი", "მშვენიერი ქალბატონი", სხვადასხვა მასალის მძივები და მძივსაკიდები, ავგუსტუსისა და გოტარზეს მონეტები. სამარხთა ტიპი და მათში აღმოჩენილი ნივთები ცხადყოფს, რომ მოგვთაკარის სამაროვანი შეძლებული ფენის წარმომადგენელთა საკრძალავებია, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი გახლდათ ერთი, მხრივ ძვირადღირებული კრამიტი და მეორე მხრივ, იმპორტული ნივთები. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ კრამიტსამარხთა წარმოშობით არაადგილობრივობას, უპურატესად უცხოური ან პრაქტიკულად უცხოური ნივთების სიმრავლეს,

ფაიანსის მძივსაკიდები. მოგვთაკარის №6 სამარხიდან. I-III სს. - (+)

და ასევე მიცვალებულთა პირში ან ხელში "ქარონის მონეტის" აღმოჩენის ხშირ შემთხვევებს, დგება საკითხი მოგვთაკარის სამარხებში დაკრძალულთა ეთნიკური ვინაობის შესახებ. მეცნიერთა მოსაზრებით, მათში უცხოელები - ბერძნები ან ელინიზებული იბერიელები უნდა ვიგულისხმოთ. სამაროვნის სამხრეთით გაითხარა ნამოსახლარი. გაიწმინდა ნაგებობათა ნაშთები, რომელთა კედელი-ზღუდე ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით და ტალახით. ნამოსახლარის აღმოსავლეთით გამოვლინდა სახლის ნაშთი, რომელშიც აღმოჩნდა დამსხვრეული, გარუჯული თიხის ხელადები და ქოთნები, დანახშირებული ძვლები. სახლის გარეთ აღმოჩნდა 4 მოზრდილი ქვევრი, ხოლო სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს - კერა.

ბიბლიოგრაფია:

1. მოგვთაკარის სამაროვანი და ნამოსახლარი. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. თბ., 1990. გვ.246.

2. აფაქიძე ა., აბდუშელიშვილი მ., ნიკოლაიშვილი ვ., სიხარულიძე ა., სადრაძე ვ., მანჯგალაძე გ., ჯღარკავა თ., გიუნაშვილი გ., ირემაშვილი შ.,გავაშელიშვილი ე., მელითაური კ. მცხეთა - 1977 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. მცხეთა. V. თბ., 1981, გვ.119-130.

2. სიხარულიძე ა., აბუთიძე ვ. მოგვთაკარის სამაროვანი. კატალოგი. მცხეთა. VII. თბ., 1985, გვ.109-131.

3. სიხარულიძე ა., აბუთიძე ვ. მოგვთაკარის სამაროვანი. საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.99, №2, 1980. გვ.504-508.

4. სურგულაძე თ., სიხარულიძე ა. Κυρια Καλή მცხეთის მოგვთაკარიდან. საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.89, №2, 1978.

5. ლეონტი მროველი. ცხოვრება მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955.

- (+) - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

სანელსაცხებლე ლურჯი მინისა. მოგვთაკარის №7 სამარხი. I-III სს.

მძივი გიშრისა. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

ვირის სკულტპტურული ქანდაკება. თიხა. მოგვთაკარის ნამოსახლარი. III-IV სს.

ხელადა, თიხა. მოგვთაკარის №1 სამარხი. I-III სს.

ხელადა, თიხა. მოგვთაკარის №2 სამარხი. I-III სს.

ხელადა,თიხა. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

ბეჭედი რკინისა სარდიონის თვლით, რომელზეც გამოსახულია ქალღმერთი ფორტუნა. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.

სარდიონის ინტალიო ბერძნული წარწერით „Κυρια Καλή“ - „ლამაზი ქალი“, „მშვენიერი ქალბატონი“. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.