topmenu

 

ხეზე კვეთის ნიმუშები

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>

XI საუკუნის ხის მოხარატებული კარები //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.147

შუა საუკუნეების ხეზე კვეთის ნიმუშების სიმდიდრით საქართველოს ერთი პირველი ადგილთაგანი უჭირავს მსოფლიოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ძეგლები, რომლებიც მიეკუთვნება X-XI საუკუნეებს, ე.ი. ქართული პლასტიკის უმაღლესი განვითარების ხანას. ჩუკულის, ჯახუნდერის (ორივე სვანეთში), ლაშეს-ვანის, მღვიმევის (იმერეთში) ეკლესიებისა და სხვათა კარები შემკულია ბრწყინვალედ შესრულებული ჩუქურთმითა და, იმავე დროს, სკულპტურული ფიგურებითაც. მათი სტილი სავსებით ემთხვევა XI ს-ის ქვის რელიეფებისა და ჭედური ნივთების (ხატების, ჯვრების და სხვ.) სტილს. ხის კარებისთვის მასალად უმეტესად კაკალს იყენებდნენ. გარდა საკუთრივ კარებისა, დარჩენილია მათი ჩარჩოები და აგრეთვე კანკელთა ხის კოჭები (მაგ.მელესიდან ქართლში), აგრეთვე შემკული ნაკვეთი ჩუქურთმებით. ეს ხელობა ქართული ხალხური ხელოვნების ერთი ყველაზე განვითარებული და თავისებური დარგთაგანია, რასაც თვალნათლივ მოწმობს გლეხური საცხოვრებელი სახლის ინტერიერთა დამუშავება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართლური და მესხური დარბაზი, იმერულ-გურულ-მეგრული ოდები, სვანური სახლის მაჩვიბი და სხვ.), მოწმობს აგრეთვე ხალხური ავეჯიც.