<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ხაშურის რაიონის ძეგლები>>>
ა.ხანთაძის ფოტო
ხცისი - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ.5, თბ., 1990 წ., გვ.460-463.
190. ნაეკლესიარი (ღვთაების ეკლესია), არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთით 200 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთის და დასავლეთის კედლები მთლიანად დანგრეულია, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის - ნაწილობრივ. ..გვასალია ჯ.
191. ხცისი, აღმოსავლეთ ფასადი. - (+)
191. ნათლისმცემლის ეკლესია, წვიმოეთის ეკლესია არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის სამხრეთ - აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. სამშენებლო წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. დაზიანებულია: კამარა ჩანგრეულია, შემორჩენილია აფსიდის კონქის ფრაგმენტები; განსაკუთრებით დაზიანებული იყო სამხრეთ ფასადი, სამკვეთლო და კარიბჭე, რომლებიც ამჟამად ნაწილობრივ შეკეთებული და რდგენილია.
ეკლესია დარბაზულია (14,3 X 15,5 მ მინაშენებიანად), ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცრისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია - სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით (კარიბჭიდან) და დასავლეთით. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია სამკვეთლოში გასასვლელი კარი. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, აფსიდის სარკმლის გვერდებზე - წყვილი მაღალი ნახევარწრიული ნიშა. დარბაზის გრძივი კედლების მაღალი დეკორატიული თაღები სამსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურს ეყრდნობა. დანარჩენ ორ საფეხურზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. აღმოსავლეთის ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამაღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთის ფასადებზეც. ჩრდილოეთი ფასადი გადაკეთებულია (უცვლელად შემორჩენილია მხოლოდ კრონშტეინზე დაყრდნობილი თაღი აღმოსავლეთ მონაკვეთში), თაღები, ლავგარდნები, სვეტისთავები, სარკმელთა და შესასვლელთა საპირეები ორნამენტითაა შემკული. აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა: "სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდაისა ნათლისმცემლისასა სალოცველად ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო სკბ”.
დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა: „წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა... და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა"; "ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი"; "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე". ეკლესიის სამხრეთ მინაშენი - ცილინდრული კამარით გადახურული კარიბჭე - სამხრეთით გახსნილი ორი თაღით; იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდიანი კვადრატული სათავსია. კარიბჭის კამარა სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ჩრდილოეთ მინაშენი - სამკვეთლო - გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. მინაშენს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სარკმლები აქვს. ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მცირე კვადრატული სათავსია.
ანდღულაძე ნ.
192. ნასოფლარი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთ - აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, ადგილ ხარვებში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით ნასოფლარის მიდამოებში შემორჩენილია რიყის და ნატეხი ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები: იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდ ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვ.
193. ნასოფლარი და დაეკლესიარი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, ადგილ არაკაანთხევში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. (ა) ნასოფლარი, შედგება რამდენიმე ნასახლარი ბუდისგან. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგებ შენობათა ნაშთები და (ბ) წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ნანგრევები. დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კედლები მოპირკეთებულია ქვიშაქვის კვადრებით.
194. ქვაყუთი - არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლიდან 500 მ-ზე, ადგილ ვარცლებში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. აღმოაჩინეს 1946 წელს შემთხვევით მიწის სამუშაოების დროს. ქვაყუთი შედგენილია კარგად გათლილი ფილაქვებისგან. მიცვალებული ესვენა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. სამარხეული ინვენტარი დაკარგულია
ნუცუბიძე ა
195.შლუყურის წმ.გიორგის ეკლესია, სამხრეთ ფასადი, გრძივი განაკვეთი სამხრეთისაკენ, გეგმა
195. შლუყურის წმ.გიორგის ეკლესია არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ნასოფლარ შლუყურის სამხრეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,5 მ), ნაგებია ქვიშაქვით, ნატეხი ქვითა და ხით. შეკეთების დროს ხის კამარა და კონქი ორფერდა სახურავით შეუცვლიათ. ეკლესიის სამხრეთით და დასავლეთით ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ორ-ორი ასეთივე სარკმელი ჩრდილო და სამხრეთ კედლებშია. კარ-სარკმელს შიგნიდან აგურის, ხოლო გარედან ქვის სხივისებურად ნაწყობი თაღები აქვს. აფსიდში ჩრდილოეთით მცირე ზომის თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი და ნახევარწრიული არდაბაგი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის კედელი უშუალოდ ერწყმის დარბაზის გრძივ კედლებს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილი ყოფილა ხის კანკელით. გრძივ კედლებში შემორჩენილია ხის პატრონიკეს ძელების ბუდეები. პატრონიკე თაღოვანი გასასვლელით ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულ სამრეკლოს მეორე სართულს უკავშირდებოდა. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. იატაკზე ქვიშაქვის თლილი კვადრებია მოგებული.
(ა) სამრეკლო (2,5 X 2,5 მ) ორსართულიანია. ორივე სართული სამ მხარეს გახსნილია ნახევარწრიული თაღებით, რომლებიც ეკლესიის დასავლეთ კედლის ორ პილასტრს და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. პირველი სართული ხის ბრტყელი სახურავითაა გადახურული. ანალოგიურია მეორე სართული. სამრეკლოს თუნუქის პირამიდული სახურავი აქვს.
ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი და კრამიტით გადახურული კარიბჭეა. კარიბჭის და სამრეკლოს თაღების ქუსლებთან მაღალი რთულპროფილიანი იმპოსტებია.
ბარამიძე მ.
196. ხცისი, თომა ციციშვილის სასახლე, გეგმა (+)
196. თომა ციციშვილის სასახლე - არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. სამშენებლო წარწერის მიხედვით, აგებულია 1872 წელს. გადაკეთებულაი რამოდენიმეჯერ. 1920 წლიდან სხვადასხვა დროს შენობაში მოთავსებული იყო დაწყებითი სკოლა, სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობსი კანტორა, კლუბი და მედპუნქტი. 1930 წლიდან სასახლის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო. ამჟამად გამოუყენებელია. სასახლე ორი ნაგებობისაგან შედგება: ერთი (12,5 X 23,5 მ) ადრინდელია, მისი ფასადი ჩრდილოეთისკენაა მიმართული, მეორე (6,6 X 16,3 მ) - უფრო გვიანდელი. ნაგებობები კუთხით ერწყმის ერთმანეთს. სამხრეთით ეზოს მხარეს ორივე შენობას გაერთიანებული ღია აივანი აკრავს. სასახლე ნაგებია რიის ქვითა და კვადატული აგურით, გადაკეთების დროს გამოყენებულია თანამედროვე აგური. სასახლის ძირითად ორსართულიან შენობას, რომელსაც ჩრდილოეთით ღია აივანი აქვს, წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. თითოეულ სართულზე ორ რიგად განლაგებული ექვსი ოთახია, რომლებიც ერთმანეთს კარებით უკავშირდება. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ერთმარშიანი კიბე მეორე სართულია ღია აივანზე ადის. პირველი სართულია დასავლეტ ნაწილში ვიწრო კორიდორია, რომელიც ეზოში გადის. ორივე სართულის ოთახების გრძივ კედლებში გაჭრილია ფანჯრები, კედლებში ბუხრები და ღუმლებია. მეორე გვიანდელი ნაგებობა სამსართულიანია. პირველ სართულზე მარანია (ამჟამად თითქმის ამოვსებულია მიწით). მარანში ჩასასვლელი გაჭრილია ჩრდილოეთით, ნაგებობების თანხვედრის კუთხესთან. მარნის გრძივ კედლებზე ოთხი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. კედლებში რამდენიმე ნიში და სარკმელია. სარკმლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. შენობის მეორე და მესამე სართული გადაკეთებულია და ერთიან წაგრძელებულ სათავსებს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელში დატანებულია საკანალიზაციო მილი. მტკვრის ხეობისაკენ მიმართული ჩრდილოეთის ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული ორ იარუსად განლაგებული ფანჯრებით, რომლებსაც რიყის ქვითა და აგურით ნაწყობი თაღები აქვს.
დვალი თ.
196. ხცისი, თომა ციციშვილის სასახლე, მთავარი ფასადი. - (+)
197. წმ.გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში. დასავლეთიდან ეკლესიას თანადროული სამრეკლო ეკვრის. ეკლესია დარბაზულია (17,5 X 5,7 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთითა და დასავლეთითაა. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში - თითო მაღალი თაღოვანი ნიში. ერთი თაღოვანი ნიში ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ნიში და სარკმლები ერთ დონეზეა და ერთნაირია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი თავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან. გრძივი კედლები ორი წყვილი მარტივი პილასტრით დაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად, რომელთაგან აღმოსავლეთისა დანარჩენებზე რამდენადმე დიდია. ამ პილასტრებს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთით პატრონიკეა, რომელიც ჩრდილო - დასავლეთ კუთხეში არსებული ხის კიბით ერთის მხრივ დარბაზს უკავშირდება, ხოლო მეორეს მხრივ დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით -სამრეკლოს მეორე სართულს. ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთის სამწახნაგა ფასადის გვერდით წახნაგებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესიას კბილანა ფრიზი და ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდანი აქვს, რომელიც სამრეკლოს პირველი სართულის ფასადზეც გადადის. გრძივი კედლების ფასადებზე პილასტრებია. მათ შორის შემოხაზულია ფართო სამი სწორკუთხედი. სამხრეთ ფასადზე, შუა სწორ კუთხეში კარია გაჭრილი და ზედ სამი მხრიდან თაღებით გახსნილი კარიბჭეა მიშენებული. გვერდით სწორკუთხედებში თითო ვიწრო თავსართიანი სარკმელია, მ.შ. აღმოსავლეთის ცრუ სარკმელია.
(ა) სამრეკლო ნაგებია აგურით, შეულესავია. მისი პირველი სართული კარიბჭეა. მეორე სართული სამი მხრიდან თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს. სამრეკლოს შემოვლებული აქვს წრეთარგიანი ლავგარდანი, რომლის ქვემოთ სამკუთხედებად დაკბილული ფრიზია. ლავგარდანს ზემოთ სახურავის წახნაგები მორთულია ორი ნახევარწრითა და მათ შორის მოქცეული სამკუთხედით. სამკუთხედის არეში გამოსახულია ჯვარი.
დვალი თ.
|