topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქ.დიღმელაშვილი - მცხეთის "პომპეუსის" ხიდი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს უძველესი ხიდები>>>


მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ და მისი მცირე ნაწილი მხოლოდ წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927 წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც "პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და რომაელ სარდალს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ხიდს უნდა ემუშავა ელინისტური ხანიდან მაინც (ძვ.წ. IV-III სს.), როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული არამედ უცხოური (სტრაბონი, პლინიუსი, აპიანე, დიონ კასიუსი და ა.შ.) წყაროებიც გადმოგვცემენ. ასეთი იყო მაგალითად, აბრეშუმის დიდი გზა, რომელიც ძვ.წ. II საუკუნიდან მოქმედებდა. ის ჩინეთიდან იწყებოდა და საქართველოს გავლით (მათ შორის მცხეთის გავლითაც) შავი და ზმელთაშუა ზღვების ნაპირებისაკენ მიემართებოდა. ამას ადასტურებს რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის შედგენილი "მსოფლიოს საგზაო რუკაც". ძვ.წ. 65 წ. მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის. რომის იმპერია აღმოსავლეთში და მათ შორის კავკასიაში გავლენის გასავრცელებლად იბრძოდა. ამ გზაზე იგი შეეჯახა პონტო-არმენია-ქართლი-ალბანეთის სახელმწიფოთა კოალიციას, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად რომიდან წარმოიგზავნა პომპეუსი. პონტოს მეფე მითრიდატე VI დამარცხდა და თავი შეაფარა კოლხეთს – დიოსკურიას. ამის შემდეგ რომის ჯარი ქართლში შემოდის. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მიხედვით ქართლის მეფე არტაგმა (წყაროში მოიხსენიება არტოკედ) დროის მოგებისათვის პომპეუსს ელჩები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა. პომპეუსი დათანხმდა ზავზე, მაგრამ ეტყობა შემდეგ გამჟღავნდა არტაგის საბრძოლო მზადების შესახებ და ძვ.წ. 65 წ. გაზაფხულს პომპეუსი არტაგს მოულოდნელად დაესხა თავს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხე და მტკვრის მარჯვენა სანაპირო აიღეს. არტაგმა ისევ ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელთათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა.

დიონ კასიუსის გადმოცემით ქართველები გასაოცარი თავდადებით იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება. ზავის თანახმად ქართლის სამეფო გამოცხადდა "რომის მოკავშირედ და მეგობრად" და დაევალა კავკასიის გადმოსასვლელების დაცვა და რომაულ ჯარში მებრძოლთა გამოყვანა. რაც შეეხება ხიდის მეორე სახელწოდებას, "ქართლის ხიდს", იგი შეიძლება დავუკავშიროთ ქართლის მეფე ადერკის მოღვაწეობას (ძვ.წ. II ს.). როდესაც მან, საისტორიო ტრადიციის მიხედვით, მთელი ქართლი თავის ორ ვაჟს, ბარტომს და ქართამს, გაუნაწილა, საზღვარი სწორედ მცხეთაზე და მტკვარზე გაიდო. კავშირი ამ ორ ნაწილს შორის, სწორედ "ქართლის ხიდით" ხორციელდებოდა. თუ გათვალისწინებული იქნება ის გარემოებაც, რომ მცხეთას თავდაპირველად ქართლი ეწოდებოდა, მაშინ ალბათ, ხიდიც ქართლის სახელს ატარებდა. ცოტა უფრო ადრე, ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს, ქართლის ხიდის ყურში მოგვები დაუსახლებია ქართლის მეოთხე მეფე ფარნაჯომს. XI ს. ისტორიკოსი ლეონტი მროველის გადმოცემით, ფარნაჯომმა "შეიყუარა სჯული სპარსთა ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლმსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას" - იმ ადგილს სადაც შემდგომში მოგვთა ეწოდა. სწორედ აქ შეესწრო წმინდა ნინო IV ს. 20-იან წლებში მოგვთა ცეცხლთაყვანისმცემლობასა და მსახურებას. 20 მეტრის ერთ მალიან ხიდს ორივე მხარეს ჰქონია დახშული მისასვლელები, რომელთაც, ალბათ, დაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდათ. მტრის მიახლოებისას იგი შეეძლოთ ჩაეშალათ და დაებრკოლებინათ მათი მოძრაობა. XI ს. ისტორიკოსის ჯუანშერის გადმოცემით, V ს. II ნახევარში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ ქართლის ხიდი შეუკეთებია და 60 მხარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს. შესაბამისად, ამ დროიდან ხიდი 100-120 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო. როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს XVIII ს. 20-იანი წლებისთვის აღნიშნულ ხიდს "მცხეთის ხიდი" ეწოდებოდა. ასევეა იგი მოხსენიებული XVIII ს. ისტორიკოს ვახუშტი ბატონიშვილთანაც. XVIII ს. 70-იან წლებში საქართველოში იმოგზაურა ცნობილმა მეცნიერმა იოჰან გიულდენშტედტმა. მან გადაიარა მცხეთის ხიდზე და აღწერა მისი დამცავი კოშკები და საბაჟო, რომელიც აზნაურ გედევანიშვილს ებარა და ხიდის ყურში მდებარეობდა. ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად მცხეთის ხიდიც დაძველდა. იგი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წწ. ფრანგი ინჟინრის ტერმინის მიხედვით ახალი ხიდი ააგეს. მაღალი, ოთხმალიანი და თაღოვანი ხიდის ნაწილი დღემდე შემორჩა. მაგრამ 1927 წ. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აგების შემდეგ იგი წყლით დაიფარა.

მოამზადა ქ. დიღმელაშვილმა

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

1.ნიკოლაიშვილი ვ., სიხარულიძე ა. მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი. თბ., 2000.