topmenu

 

ქვეშის ციხე-კომპლექსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ციხე-ქალაქები>>>

ქვეშის ციხე მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე სოფლის მახლობლად. აგებულია გაშლილ ველზე ბუნებრივად ამოზიდულ თითქმის მიუვალ მაღალ კლდეზე. იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეტ-ჯავახეთის მიმართულების გზასაყარზე იდგა. ქვეშში ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი VII ს-ის "სომხურ გეოგრაფიაში" მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი უნდა ყოფილიყო, რომელმაც IX ს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. XII ს. ბოლოს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქრობა განახორციელა თამარ მეფის პირველმა მეუღლე გიორგი რუსმა, რომელთან ერთად იმყოფებოდა სამეფოს მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარმა ქვეშის ციხე და ქვემო ქართლის კიდევ ორი სიმაგრე - ორბეთი და კაენი, საგამგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს, ვარდან დადიანს და მის შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ვარდან დადიანი დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი მამულების მფლობელი იყო და თავად ქვემო ქართლშიც მას ძლიერი ორბეთის ციხეც ჰქონდა, თამარ მეფის ისტორიკოსის გადმოცემით, მისი რეზიდენცია მაინც ქვეში გამხდარა, როგორც ძლიერი და მიუვალი ციხე. მაგრამ 1191 წ. ვარდან დადიანი ფაქტიურად სათავეში ჩაუდგა თამარ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას გიორგი რუსის სასიკეთოდ და ამით განიპირობა კიდეც აღნიშნული ციხეების ისევ დაკარგვა. ნაწილი ამ ციხეებისა თამარ მეფემ მხარგრძელებს გადასცა, ქვეშის ციხე კი თავის მომხრე და ერთგულ თორელთა საგვარეულოს საგამგებლოდ გამოაცხადა. ქვეშელებად იწოდებიან ამიერიდან თორელთა ის განშტოება, რომელიც ამ ციხეს ფლობდა, ასეთები იყვნენ სწორედ ჯავახიშვილები, რომელთაც 1468 წ. მეფე ბაგრატ VI-გან გამოუსყიდვიათ ქვეშის ციხე. ამ გამოსყიდვის სიგელით ვიგებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეში ინარჩუნებდა თავის პოლიტიკურ მნიშვენლობას. ალბათ ამას ხელს უწყობდა აქ გამავალი სავაჭრო გზებიც, რომლის გამოისობით ქვეში ერთგვარი საბაჟო პუნქტიც ყოფილა. მაგრამ ჯავახიშვილების ხელში ციხე დიდხანს არ დარჩენილა. კონსტანტინე II-ის გამეფების შემდეგ, ქართლში დაწინაურებას იწყებს ბარათაშვილთა საგვარეულო, რომლებიც მეფესაც უმოყვრდებიან და როგორც ჩანს, ქვეშიც სწორედ ამ დროიდან ხდება მათი საგამგებლო. ყოველ შემთხვევაში, 1486 წ. საქართველოში იაყუბ ყაენის ლაშქრობის დროს სწორედ ბარათაშვილები გამოდიან დმანისისა და ქვეშის ხევების დაცვაზე პასუხისმგებლები. ქვეში მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრედ რჩებოდა XVI ს. ბოლოსთვისაც, რაზეც მიანიშნებს მისი არჩევა ქართლის მეფის ძირითად რეზიდენციად. 1569 წ. მას შემდეგ რაც ქართლის მეფე სვიმონ I ირანელებმა დაატყვევეს და დიდიხნით ალამუტის ციხეში გამოკეტეს, ქართლის მეფე მისი გამაჰმადიანებული ნახევარ-ძმა დაუდ-ხანი გახდა (1569-1578 წწ.), რომელსაც ზურგს უმაგრებდა ირანის სამეფო. მაგრამ დაუდ-ხანმა ვერ შეძლო სრულიად ქართლის თავად-აზნაურთა მიმხრობა და თავის ერთგულებაზე დაფიცება, და შედეგად ვერც ქართლის დედაქალაქ თბილისში მოიკიდა ფეხი, ამიტომ მან თავის რეზიდენციად ქვემო ქართლის ის ციხე აირჩია, რომელიც მემატიანეთა გადმოცემით ძლიერი და მიუვალი იყო. ამ პერიოდში დმანისის ხევი და ქვეშის ციხეც ბარათაშვილების საგამგებლოა, რომლის პატრონი საჩინო ბარათაშვილი მემატიანეთა აღნიშვნით სვიმონ მეფის ერთგული დარჩენილა და მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილისთვის იმით გადაუხდია სამაგიერო (მან ირანელებს სვიმონ მეფეზე ანიშნა, რისი წყალობითაც მეფე დატყვევებულ იქნა) რომ, გელიყარის გზაზე იგი კლდის ქარაფიდან გადაჩეხა. XVII ს. დამდეგს მაშავერას ხეობის ციხეებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინეს. თუ აქამდე ქვემო ქართლი გახლდათ სამხრეთიდან შემოსული მტრის მკერდი, რომელიც თავის თავზე იღებდა მომხდურთა პირველ დარტყმებს (ამიტომაც იყო ამ მხარის გამგებელი მეწინავე მედროშე), ამ დროიდან, მას შემდეგ რაც შაჰ-აბას I-მა (1587-1629 წწ.) ქართლს მდინარე დებედას ხეობა ჩამოართვა და იქ ბორჩალოს თურქმანული ტომი ჩაასახლა, მაშავერას ხეობის ციხეებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინეს. XVI-XVIII სს. ქვეშის ციხე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე გახლდათ. მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ქართველებით ყოფილა დასახლებული. XVIII ს. 40-იან წწ. ციხეში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა მსაჯულთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა. XVIII ს. ბოლოსთვის ქვემო ქართლი აოხრდა და გაპარტახდა. შესაბამისად, ქვეშის ციხეც დაცარიელდა. XIX ს. დასაწყისში იგი უკვე რუსების ხელშია. მაგალითად, 1812 წ. ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყების დროს ქვეშის ციხეში კავკასიის მთავარმართებლის ტორმასოვის ჯარის ნაწილი იდგა. ქართველი მეცნიერი ლ. მუსხელიშვილი ამ ციხის მონახულების შემდეგ წერდა: "საზოგადოდ ეტყობა, რომ ციხეს არაერთგზისი შეკეთება განუცდია და არა მგონია, რომ აქ უძველესი ხანიდან იყოს რაიმე გადარჩენილი, გარდა შესანიშნავი, 1,50 მ-ის სიგანის კიბისა". ციხე ნაგებია ტეხილი ქვისგან და დუღაბად გამოყენებულია კირხსნარი. მას ერთადერთი შესასვლელი აქვს, რომელიც ბუნებრივ კლდეშია გაჭრილი. შესასვლელი კარის თავზე არქიტრავს ჰქონია ქართული წარწერა, რომელიც ამჟამად წაშლილია. ციხე კლდის ქიმზეა აგებული რელიეფის შესაბამისად. შემორჩენილია ციტადელში ჩატანებული კოშკი, და სხვადასხვა ნაგებობის კვალი. ციტადელის გარეთ კლდეშივე გაჭრილია წყლის პატარა რეზერვუარები. ციხის ეზოში შემაღლებაზე დგას პატარა დარბაზული ტიპის კარის ეკლესია, რომელიც ზომასთან შედარებით საკმაოდ მაღალია. ნაგებია კარგად დამუშავებული კვადრებით, რომელიც, როგორ ჩანს, უფრო ადრეული ეკლესიის უნდა ყოფილიყო, შირიმის ქვებით, რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით, დუღაბად კი გამოყენებულია კირხსნარი. ეკლესიის ერთადერთი სამხრეთის მხრიდან დატანებული კარის თავზე ინტერიერში ჩადგმულია VI-VII სს. სტელების სვეტები, რომელზეც მოცემულია კვარცხლბეკზე აღმართული ბოლნური ჯვრებისა და მცენარეების რელიეფები. როგორც ჩანს, აღნიშნული ეკლესია რამდენიმეჯერ აღუდგენიათ. იმ სახით კი როგორი სახითაც დღემდე მოვიდა XVIII ს. უნდა აეგოთ.

მასალა მოამზადა ქ.დიღმელაშვილმა

ლიტერატურა:

1. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. IV. თბილისი, 1973.

2. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბ., 1955.

3. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბ., 1959.

4. ბერძენიშვილი დ. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ქვემო ქართლი. ნაკვ. I. თბილისი, 1979.

5. ბერძენიშვილი დ. ქვეშის ციხე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. X. თბილისი, 1986.

6. მუსხელიშვილი ლ. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში. თბილისი, 1941.

7. კოპალიანი ჯ. ქვეშის ციხე. თბ., 1999.

 

 

 

ქვეშის ციხე (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. დმანისიდან ქვეშამდე // მუსხელიშვილი ლ. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში. - თბ., 1941. - გვ.34-35. - ქვეშის ციხისა და პატარა ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ეკლესიის ფოტოები (N13-14).

2. ქეთევან დიღმელაშვილი - ჯვრის გამოსახულებიანი სტელა-რელიეფები ქვეშის ციხის ეკლესიიდან // ისტორიანი, სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის 70 წლისთავისადმი. თბილისი: გამომცემლობა არტანუჯი, 2009. გვ.636-643

3. კოპალიანი ჯ. ქვეშის ციხე. თბ., 1999.

4. ბერძენიშვილი დ. ქვეშის ციხე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. X. თბილისი, 1986.

 

 

 

*************************************************************************

ქ.დიღმელაშვილი - ჯვრის გამოსახულებიანი უცნობი სტელა-რელიეფები ქვეშის ციხის ეკლესიიდან // ისტორიანი, სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის 70 წლისთავისადმი. თბილისი: გამომცემლობა არტანუჯი, 2009. გვ.636-643

ქვეშის ციხე მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე სოფლის მახლობლად გაშლილ ველზე ბუნებრივად ამოზიდულ თითქმის მიუვალ მაღალ კლდეზე (სურ.1). იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეტ-ჯავახეთის მიმართულების გზასაყარზე იდგა. ქვეშში ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან უნდა მოიაზრებოდეს...<<ტექსტი სრულად აქ...<<