topmenu

 

ქ.დიღმელაშვილი - ჯვრის გამოსახულებიანი სტელა-რელიეფები ქვეშის ციხის ეკლესიიდან

<უკან დაბრუნება (ქვეშის ციხე-კომპლექსი)...<<<ციხე-ქალაქები>>>

სურათი 1 - ქვეშის ციხე, ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე) - (+)

ქეთევან დიღმელაშვილი  - ჯვრის გამოსახულებიანი უცნობი სტელა-რელიეფები ქვეშის ციხის ეკლესიიდან // ისტორიანი, სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის 70 წლისთავისადმი. თბილისი: გამომცემლობა არტანუჯი, 2009. გვ.636-643

მადლობას ვუხდით ქ-ნ ქეთევანს მოწოდებული მასალებისათვის

ქვეშის ციხე მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე სოფლის მახლობლად გაშლილ ველზე ბუნებრივად ამოზიდულ თითქმის მიუვალ მაღალ კლდეზე (სურ.1). იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეტ-ჯავახეთის მიმართულების გზასაყარზე იდგა. ქვეშში ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან უნდა მოიაზრებოდეს. იგი VIIს-ის "სომხურ გეოგრაფიაში" მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი უნდა ყოფილიყო, რომელმაც IXს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და შესაბამისად ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა [ბერძენიშვილი 1979: 45-46]. XIIს. ბოლოს ქვეში მსახურთუხუცესს ვარდან დადიანს ეკუთვნოდა [ქართლის ცხოვრება II, 1959: 49], რომელსაც 1191 წ. თამარ მეფის საწინააღმდეგო აჯანყებაში მონაწილეობისთვის ჩამოერთვა და თორელთა საგვარეულოს გადაეცა. მოგვიანებით ქვეშის ციხე ჯავახიშვილთა მამული ხდება. დაუდ-ხანის მეფობის პერიოდში ქვეში საბარათიანოს [ვახუშტი 1973: 409], XVI-VIII სს. კი უკვე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე გახლდათ, სადაც XVIII ს. 40-იან წწ. მსაჯულთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა [ბერძენიშვილი 1986: 519-520].

სურათი 2 - ქვეშის ციხი ეკლესია, ჩრდილო-დასავლეთი ფასადი. (+)

ლ.მუსხელიშვილი ამ ციხის მონახულების შემდეგ წერდა: "საზოგადოდ ეტყობა, რომ ციხეს არაერთგზისი შეკეთება განუცდია და არა მგონია, რომ აქ უძველესი ხანიდან იყოს რაიმე გადარჩენილი, გარდა შესანიშნავი, 1,50 მ-ის სიგანის კიბისა" [მუსხელიშვილი 1941: 35]. ამ "შეკეთებული" ციხის ეზოში დგას დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ნაგებია ზედ კლდეზე ლოდებისა და ყვითელი ტუფის კვადრების უსწორმასწორო წყობით. გამოყენებულია დუღაბიც. კვადრებს შორის ალაგ-ალაგ გამოყენებულია რიყის ქვებისა და კირხსნარის, ასევე ბრტყელი აგურისა და კირხსნარის შევსებები (სურ.2). პირველი შეხედვითვე ცხადი ხდება, რომ ახლანდელი ეკლესია ადრინდელი ეკლესიის ნანგრევებზეა აშენებული და ძველი ეკლესიის განახლებას არ წარმოადგენს. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს გაკეთებული, რომლის კარნიზის თავზე ჩაშენებულია ტუფის რელიეფიანი კვადრი (სურ.3). კვადრის ქვედა შუა ნაწილში გაკეთებულია გამჭოლი კვადრატული ჭრილი, მის ზემოთ მთელ სიბრტყეზე ამოჭრილია ორი პარალელური ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ჩანს სხვა გვერდებზეც გადადიოდა. ღარებს ზემოდან დატოვებული სივრცე გამოყენებულია ბოლნური მედალიონისა და ვარდულებისათვის. გამოსახულების შუაში მოცემულია ტოლგვერდა ჯვრის გამოსახულება, რომელსაც პატარა ბუნი აქვს და ჩასმულია სადა, ერთი რგოლით წარმოდგენილ მედალიონში. მის მარჯვნივ და მარცხნივ ამოკვეთილია თითო ოთხფურცელა ვარდული, რომელთაც ზემოთ და ქვემოთ ფურცლებს შორის ჩართული აქვთ კოპები. რელიეფი მთლიანად ავსებს მისთვის გამოყოფილ სივრცეს, უფრო მეტიც, ჩანს, ოსტატს გამოკვეთა დაუწყია მარცხენა მხრიდან და ვერ აუღია ზუსტი წერტილი, იმისთვის, რომ სივრცე თანაბრად გაენაწილებინა. ამიტომ მარცხენა ვარდული შედარებით გაშლილია ვიდრე მარჯვენა, რომელსაც სივრცის უკმარისობის გამო მარჯვენა ფურცლების კიდეები ჩამოჭრილი აქვს. კვადრის ზედა მარჯვენა ნაწილი ჩამოტეხილია.

სურათი 3 - ეკლესიის სამხრეთ კედელში ჩადგმული კვადრი.  (+)

გამოსახულების მსგავს ბოლნური მედალიონის ჯვრებს ვხვდებით ბოლნისის რაიონის სოფ.ხაჩინიდან მომდინარე VI-VII სს. სტელის სვეტზე [ჯავახიშვილი 1998: 15, ტაბ.XX3], დმანისის რაიონის სოფ.კაკლიანის სტელის კაპიტელზე, რომელიც VIს. თარიღდება [ჯავახიშვილი 1998: 22, ტაბ.XL1], დმანისის რაიონის სოფ.დამბლუტისწყლის მცირე ეკლესიის VI-VII სს. სტელის სვეტზე [ჯავახიშვილი 1998: 28, ტაბ.LVII4]. ხოლო რაც შეეხება ვარდულებს, ასეთი ვარდულებით შედგენილი "ხუთანებით" შემკულია ბოლნისის სიონის სანათლავის სამხრეთ-დასავლეთის კაპიტელი [Чубинашвили 1940: 177-179], ივრის სიონის (IV ს.) სვეტისთავი და საკურთხევლის იატაკის კარნიზი [რამიშვილი 1970: 39-40], ანალოგიურ ოთხფურცელა ვარდულებს ვხვდებით სვეტიცხოვლის ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძრის სვეტებზე, VI-VII სს. წრომის სტელის სვეტზე [ჯავახიშვილი 1998: 36, ტაბ.LXXXIV3], ბოლნისის რაიონის ძეგლებზე: აკვანების (VI ს.) აფსიდის იმპოსტზე [რჩეულიშვილი 1948: 35, ტაბ.222], ბუჩურაშენის ეკლესიიდან მომდინარე V-VI სს. I ნახევრით დათარიღებულ სტელის კაპიტელზე [ჯაფარიძე 1982: 92, ტაბ.LXVIII; ჯავახიშვილი 1998: 9, ტაბ.IV3], ბალიჭის VI-VII სს. სტელის სვეტის ფრაგმენტზე [ჯავახიშვილი 1998: 18, ტაბ.XXVII1], ბოლნისის რაიონის ორსაყდრების ქვემო ეკლესიის ბაზაზე (V-VI სს.) [ჯაფარიძე 1982: 82, ტაბ.XL]. რ.რამიშვილმა ამ "ხუთანებში" ჯვრის პროტოტიპები დაინახა და მიიჩნია, რომ "ეს მეტად ორიგინალური მოტივი წარმოშობილი უნდა იყოს წრეში ჩასმული ე.წ. "ბოლნური" ჯვრების ურთიერთმიჯრით, რომელშიც "თავისუფლად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ბოლნური ჯვრები და, პირიქით, ყოველ ბოლნურ ჯვარში შეიძლება ურთიერთგადამკვეთ სეგმენტთა დანახვა" [რამიშვილი 1970: 40]. ქვეშის ეკლესიის შესასვლელის კარნიზად შიდა მხრიდან გამოუყენებიათ მოსერო ფერის ქვის სტელის სვეტი, რომლის შუა ნაწილი გაშავებულია ცეცხლის ძლიერი ზემოქმედების გამოისობით (სურ.4). ტაძრის ინტერიერი შელესილია კირით და შესაბამისად კარნიზიც შემოლესილია. იმის მიხედვით რაც ამჟამად ჩანს, სვეტის შუა ნაწილი კიდეებზე განიერია, განსაკუთრებით ეს გაგანიერება თვალშისაცემია მარცხენა (კარის) მხარეს. სვეტის ზედაპირი მთლიანად რელიეფითაა დაფარული. სიუჟეტურად სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ნაწილში, სვეტის ძირში, მოცემულია სამკუთხედებით წარმოდგენილი ოთხსაფეხურიანი კვარცხლბეკი, რომელზეც მაღალი ფეხით აღმართულია ჯვარი. კვარცხლბეკსა და ჯვრის ფეხს შორის გამოსახულია ორი ხე, რომელთა ფოთლები ზემოთკენაა მიმართული. ჯვარი წარმოადგენს გულჩაჭრილი სამკუთხედებით შედგენილ ჯვარს, რომელიც ჩასმულია ცერადკვეთილი სამკუთხედებით შექმნილ ჩარჩოში.

სურათი 4 - ეკლესიის სამხრეთ კედელში ჩაშენებული სტელები.  (+)

სტელის მეორე ნაწილი იმეორებს პირველს: გამოსახულია ანალოგიური ბოლნური მედალიონი, რომლის ფეხი პირველ მედალიონზეა ამოზრდილი. მედალიონის მარჯვნივ და მარცხნივ სივრცე შევსილია ასევე მსგავსი ხეებით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი უკუღმა - ქვემოთკენ არიან მიმართულნი. სვეტის მესამე ნაწილში წარმოდგენილი რელიეფი პირველის მსგავსია: შუაში მოცემული მედალიონის თავზე გამოსახულია ოთხსაფეხურიანი სამკუთხედებით წარმოდგენილი კვარცხლბეკი, რომელზეც დანარჩენი ორის მსგავსი ჯვარია აღმართული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მესამე ჯვარს მკლავებზე დამატებული აქვს კოპები. ჯვრის ფეხი ამ შემთხვევაში სადაა, რაც შეეხება ხეებს, ჯვრის ფეხის მარჯვენა მხარეს ზემოთკენ მიმართული დანარჩენების მსგავსი მცენარეა გამოსახული, ხოლო მარცხენა მხარეს ყურძნის საკმაოდ მოზრდილი მტევანი. მესამე მედალიონს ებჯინება დახრილი ხაზებით მოცემული რელიეფი, რომელიც რაღაცის საწყისის შთაბეჭდილებას ტოვებს (სურ.5). სტელის სვეტის ის მხარე, რომელიც კარისკენაა მიმართული სადაა. სტელის სვეტის რელიეფის ბოლნური მედალიონები მსგავსებას ამჟღავნებენ ბოლნისის რაიონში აღმოჩენილ სტელებთან: ბუჩურაშენის ეკლესიიდან მომდინარე V-VI სს. სტელის კაპიტელებთან [ჯავახიშვილი 1998: 9, ტაბ.IV1,V1], სოფ.ბალიჭის სტელის სვეტის თავთან [ჯავახიშვილი 1998: 10, ტაბ.VII1], სათხის სტელის კაპიტელთან, რომელიც V-VII სს. თარიღდება [ჯავახიშვილი 1998: 10, ტაბ.VIII1], მედალიონები თავისი კვარცხლბეკებით მსგავსია ბოლნისის რაიონში დაფიქსირებული სტელის რელიეფისა (დაარიღებულია VIII-IX სს.) [ჯავახიშვილი 1998: 13, ტაბ.XVI2], სოფ.ხაჩინის VI-VII სს. სტელის სვეტისა [ჯავახიშვილი 1998: 15, ტაბ.XX3], დმანისის რაიონის დამბლუტისწყლის ხეობის VI-VIIსს. დათარიღებული სტელის რელიეფისა [ჯაფარიძე 1982: 100-101, ტაბ.XXV2; ჯავახიშვილი 1998: 28, ტაბ. LVII]. რაც შეეხება ხეებს, ისინი მსგავსებას ამჟღავნებენ დმანისის რაიონის VI ს. დათარიღებული [ჯავახიშვილი 1998: 24, ტაბ.XLVI1] და სოფ.ბაშქიჩეთის VII ს. სტელების [ჯავახიშვილი 1998: 26, ტაბ. LIII3], სოფ.უკანგორის V-VI სს. ბაზისის [ჯავახიშვილი 1998: 30, ტაბ. LXI2] რელიეფებთან.

სურათი 5 - ეკლესიის კარის არქიტრავად ჩაშენებული სტელა. (+)

სტელის დათარიღებისთვის გასათვალისწინებელია კვარცხლბეკის დეტალიც. VI ს. II ნახევარში სპარსეთთან ომში ჩართულმა ბიზანტიის იმპერატორმა ტიბერიუს II (578-582) მოჭრა ფული კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის გამოსახულებით, როგორც მომავალი გამარჯვების სიმბოლო. ეს ჯვარი კონსტანტინე I დიდის მონოგრამის ერთგვარ მემკვიდრედ მოიაზრებოდა და დიდი იმპერატორის მიერ კონსტანტინოპოლში აღმართული ჯვრის გამოხატულებას წარმოადგენდა. მოყოლებული ტიბერიუს II დროიდან ბიზანტიური მონეტის რევერსზე მკვიდრდება რამდენიმე საფეხურიან (ზოგჯერ სამ, ზოგჯერ ოთხ ან ექვს საფეხურიან) კვარცხლბეკზე, როგორც გოლგოთაზე აღმართული ჯვრის გამოსახულებები [Grabar 1984: 34-35;48-50]. როგორც მეცნიერთა ნაწილი აღნიშნავს, კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრების გამოსახვა რელიეფებში დაკავშირებული უნდა იყოს სწორედ ამ მოვლენასთან [მაჩაბელი 1991: 101-102]. თუმცაღა, საერთო სიუჟეტური გადაწყვეტით, იმ მასალებზე დაყრდნობით რაზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდებოდა, ქვეშის ამ სტელას ანალოგი არ მოეძებნება. სვეტის რელიეფის სემანტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაგონდება `მოქცევაი ქართლისაის~ და ლეონტი მროველის მონათხრობი სამეფო წალკოტში მდგარი ნაძვის ხის შესახებ, რომელზეც აზრდილი იყო ბაბილო – მაღლნარი და რომლისგანაც "დაიბადა" "სვეტი ცხოველი" ["მოქცევაი ქართლისაი" 1963: 134,138; ქართლის ცხოვრება 1955: 93-94]. სამხრეთი კედლისავე კუთვნილია კარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სარკმლის გასწვრივ ასევე გარდიგარდმო დატანებული კიდევ ერთი მოსერო ქვის სტელის სვეტის ფრაგმენტი (სურ.6). მისი ზედაპირი ჩარჩოშია ჩაჭრილი, ამ სივრცეში კი მოცემულია ორსაფეხურიანი სამკუთხედებით შედგენილი კვარცხლბეკი, მასზე მაღალი ფეხით აღმართულია აყვავებული ბოლნური მედალიონი. ჯვარი წარმოდგენილია გულჩაჭრილი სამკუთხედებით, რომელთაც შემოუყვება წნული ორნამენტით გადმოცემული მედალიონი. ფოთლები წარმოდგენილია ორი მოკლე, ქვემოთ მიმართული და ორი გრძელი ჯვრისკენ აწეული რელიეფური გამოსახულებით. აღნიშნული სტელის ფრაგმენტი მეტ-ნაკლებ მსგავსებას ამჟღავნებს ბოლნისის სიონის VI-VIIსს. [ჯავახიშვილი 1998: 13, ტაბ.VI2], ბოლნისის რაიონის სოფ.ბალიჭის VI-VII სს. [ჯაფარიძე 1982: 37, ტაბ. LI2;  ჯავახიშვილი 1998: 18, ტაბ.XXVII2], სათხის ეკლესიის VI ს. [ჯავახიშვილი 1998: 20, ტაბ.XXXIV3], დმანისი რაიონის თეკენების ქვემო ეკლესიის V-VI სს. [მუსხელიშვილი 1941: 38, ტაბ.VIII,სურ.15,16], სოფ.დემირბულაღის VI-VII სს. [Чубинашвили 1972: 100, таб.74,1: ჯავახიშვილი 1998: 21, ტაბ.XXXVI1] და ყიზილ-ქილისას VI-VII სს. [ჯაფარიძე 1982: 81, ტაბ.XXXIV1; ჯავახიშვილი 1998: 30, ტაბ. LII3] სტელების რელიეფებთან. ბოლნური ჯვრის გამოსახულება ადრექრისტიანული საქართველოს ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ სიმბოლოს წარმოადგენს. მისი სახელი თავდაპირველი აღმოჩენის ადგილს - ბოლნისს დაუკავშირდა [ამირანაშვილი 1968: 29]. ამ ტიპის ჯვრის, როგორც ქრისტიანული სიმბოლოს ისტორია კონსტანტინე დიდის იმპერატორობას, კერძოდ 312 წელს უკავშირდება: როცა მეფე საბრძოლველად ემზადებოდა მაქსცენსიუსის წინააღმდეგ, სიზმარში იხილა ჯვარი წარწერით `ამ ნიშნით გაიმარჯვებ~. იმპერატორმა სიზმრად ნანახი რჩევა მიიღო და შედეგად ბრძოლა მოიგო. ამის შემდეგ ეს ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა [Голубцов 1917: 218-219], რომელსაც სამონეტო წარწერები ხაზგასმით მოიხსენიებდნენ როგორც ტრიუმფის, ძლევის სიმბოლოს [მაჩაბელი 1991: 82]. ბოლნური ტიპის ჯვრების გავრცელების ტერიტორია ბიზანტიური სამყაროს ყველა რეგიონში აღინიშნება. განსაკუთრებით ხშირია ისინი კაპადოკიაში [Lucas 2003: 34]. საქართველოში "ბოლნური ჯვრების" ფართო გავრცელების არეალს  სამცხე, შიდა და განსაკუთრებით ქვემო ქართლი წარმოადგენს [ჯაფარიძე 1982; ჯავახიშვილი 1998; მაჩაბელი 1998; რამიშვილი 2008; მუსხელიშვილი 1941; Чубинашвили 1972], თუმცა ცალკეული შემთხვევები საქართველოს სხვა ადგილებშიც ფიქსირდება. მაგალითად, მისი გამოსახულება აღმოჩნდა 1966 წელს ქობულეთში, ბობოყვათის სამნავიანი ბაზილიკის გათხრის დროს [ინაიშვილი 1974: 147, ტაბ.V2], ბოლნური ჯვარი აღმოჩენილია ნოქალაქევის ჭიშკრის წინ გალავანთან [ზაქარაია 1981: 114, ტაბ.XXXX,2]. მისი რამდენიმე რელიეფური გამოსახულება ცნობილია აფხაზეთის ძეგლებიდანაც: მრამბიდან, წებელდიდან, სოხუმის გორიდან [Хрушкова 1980: таб.XIX, 1, 3, XX,2, XXIII,1] და გაგრის V-VI სს. სამნავიანი ბაზილიკიდან [დიდებულიძე 1977: 16-26]. ბოლნური მედალიონები წარმოდგენილია როგორც სტელა-ჯვრებზე, ისე ტაძრების ფასადებისა და ინტერიერის შემკულობის სახით. იმ მონაცემთა გაანალიზებით, რასაც გვაძლევს ტაძრებისა და ქვაჯვართა რელიეფები, მეცნიერები ე.წ. "ბოლნური ჯვრები"-ს რამდენიმე ტიპს გამოყოფენ: ჯვრის ფორმა მეტნაკლებად უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ მედალიონი, ერთ შემთხვევაში იგი შექმნილია ცერადკვეთილი სამკუთხედებით შედგენილი წრით, რომელიც ზოგჯერ ორმაგია, მეორე შემთხვევაში წრეში ირიბი ჩაჭრებით გრეხილი რელიეფური ლილვია ჩასმული, მესამე შემთხვევაში მედალიონი კონცენტრული წრეებით შედგენილ სადა ჩარჩოს წარმოადგენს, ხოლო სხვა შემთხვევაში წრეხაზებში ფოთლოვანი ორნამენტია მოთავსებული [მაჩაბელი 1991: 87].

სურათი 6 - ეკლესიის სამხრეთ კედელში ჩადგმული სტელის ფრაგმენტი.  (+)

იკვლევს რა აღნიშნულ საკითხებს, კ. მაჩაბელი აღნიშნავს, რომ მედალიონში ჩასმული ჯვრის უმცირესი დეტალიც კი საგანგებო აზრის შემცველია. მაგალითად, სამკუთხედებით შედგენილ ჩარჩოს ის ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებულ სინქრონულ (კაპადოკიურ) ძეგლებთან აკავშირებს და თვლის, რომ იგი დაკავშირებული უნდა იყოს ტოლგვერდა სამკუთხედის სიმბოლურ გაგებასთან - ქრისტიანულ სამყაროში ის სამების გამოხატულებას წარმოადგენს. თუმცა, იქვე შენიშნავს, რომ "სამკუთხედების მწკრივით შექმნილი წრიული მოჩარჩოება ჯვრისათვის შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ორ წრეხაზს შორის ჩაწერილი ტეხილი ხაზი, რომელიც თავისი თანაბარზომიერი ნახატით გვირგვინის თავისებურ პროექციას წარმოადგენს სიბრტყეზე". ამ ვარაუდის გამოთქმის დასტურად ასახელებს მედალიონის მეორე სახეს, როცა ჩარჩო გრეხილი რგოლითაა წარმოდგენილი, ან მასში დაფნის გვირგვინის სქემატური სახე შეიმჩნევა [მაჩაბელი 1991: 90]. მკვლევარი ამ მედალიონების "უშუალო წინაპრად" მიიჩნევს არაგვისპირის სამაროვანზე გათხრილ №13, დიდებულის განსასვენებლად მიჩნეულ სამარხში (III-IVსს.) აღმოჩენილ ძოწითა და მინანქრით შემკულ ოქროს მედალიონს, რომლის კომპოზიციის შუაში მოთავსებულია ოთხფურცელა ვარდული, ხოლო მის გარშემო კონცენტრულად განლაგებულია დეკორაციული წრეები, მათგან ერთი კი თავშექცევით აკინძულ სამკუთხედთა მწკრივია [მაჩაბელი 1991: 92-94; Рамишвили... 1976: 73]. იმის გათვალისწინებით, რომ ცერადკვეთილ სამკუთხედებიან ჩარჩოში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრები "განსაკუთრებით გავრცელებულია ქვემო ქართლის VI-VII სს. სტელებზე", კ.მაჩაბელი მის გამოყენებას ადგილობრივ სახელოსნოთა დამახასიათებელ ნიშნად თვლის [მაჩაბელი 1991: 94-95]. თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც ჩანს აღნიშნული ტიპის ბოლნური ჯვრების გამოყენება სტელებსა თუ ტაძრის შემკულობაში სულ მცირე ერთი საუკუნით ადრე უნდა იწყებოდეს, რადგან ასეთი ტიპის ჯვრის გამოსახულებებს ბოლნისის სიონზე გ. ჩუბინაშვილი ტაძრის თანადროულად თვლიდა [Чубинашвили 1940: 182-184]. ასევე შეიძლება დასახელდეს ბოლნისის სიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ე.წ. "ლამაზი გორის" სამონასტრო ანსამბლი, რომლის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლისას [ამირანაშვილი 1968, 26-27] აღმოჩნდა მომწვანო ფერის ტუფის სტელა ერთ წახნაგზე დიდებულის პორტრეტის, ხოლო მეორეზე ბოლნური მედალიონის გამოსახულებებით. გარდა მედალიონის ბოლნისის სიონის მედალიონებთან სიახლოვისა, სტელის დამათარიღებელ ნიუანსებს შეიცავს პორტრეტული გამოსახულებაც, რომელთა გათვალისწინებით ჯ. ამირანაშვილი ფიქრობს, რომ ეს პიროვნება ვარსქენ პიტიახში უნდა იყოს და ვინაიდან, ზოგადად ასეთი სტელა-ჯვრები სალოცავად და პიროვნების სულის საოხად იდგმებოდა, იგი მაზდეანობის მიღებამდე უნდა გამოესახათ (Vს. I ნახევარი) [ამირანაშვილი, 1968, 32-34]. თუ ამ მოსაზრებას გავყვებით, მივიღებთ, რომ "ლამაზი გორის" ეს სტელა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ბოლნური ჯვრის გამოსახულებას შეიცავს. როგორც აღინიშნა, მეცნიერთა თვალსაზრისით სტელები საკულტო- მემორიალურ ძეგლებს წარმოადგენდა, რომელთაც ეკლესიისგან დამოუკიდებლად დგამდნენ, ზოგჯერ მის სიახლოვეს და პირველ ხანებში მათთან წარმოებდა ღვთისმსახურება [მაჩაბელი 1998: 318; ჯავახიშვილი 1998: 5; ჩუბინაშვილი 1972: 34-35]. მეორე მხრივ, კ. მაჩაბელის მოსაზრებით, ეს ძეგლები აზნაურთა სოციალური და კულტურული აქტივობის ილუსტრაციაც უნდა ყოფილიყო [მაჩაბელი 1998: 325-326]. სტელების გავრცელება V საუკუნიდან იწყება და დამახასიათებელია შიდა და ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთისათვის, თუმცაღა ცალკეული სახით გვხვდება კახეთშიც (მაგალითად სოფ. ჭერემის წვეროდაბალის ეკლესიიდან (VI ს.) [Чубинашвили 1972; ჯავახიშვილი 1998: 25, ტაბ.I,1-4] და დავით-გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრიდან (VI-VII სს.) [Чубинашвили 1972; 90, таб.64-67]). ისინი შედგებოდა ქვის ბაზისა და სვეტისაგან, რომელიც ჯვრის გამოსახულებით ბოლოვდებოდა. კ.მაჩაბელის შენიშვნით: "აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ლოკალიზებული ეს მცირე არქიტექტურულ-სკულპტურული ფორმები წარმოადგენს რელიგიური ხელოვნების ძეგლთა დამახასიათებელ ჯგუფს, რომელშიც ნათლად აისახა ქრისტიანობის ადრეული ხანის რწმენის თავისებურებანი". ქვასვეტების ოთხივე წახნაგი გაიაზრებოდა ერთიან კომპოზიციურ მთლიანობად, რომლის ყოველი ელემენტი მნიშვნელოვანი იყო რელიეფურ სახეთა ანსამბლში. ამ გააზრებული კომპოზიციის არც ერთი დეტალი არ იყო შემთხვევითი და თითოეული ემსახურებოდა რელიგიური მცნებების ასახვას [მაჩაბელი 1991: 86-87]. ქვეშის აღნიშნული სტელები სწორედ ასეთი საკულტო ძეგლების ნიმუშებია, რომლებიც საუკუნეთა შემდეგ მეორადი გამოყენებით კარის ეკლესიაში ჩაუშენებიათ. ვფიქრობთ, მსგავსებებისა და ცალკეულ დეტალთა გათვალისწინებით ჩვენს მიერ განხილული ორი სტელის სვეტი VI-VII სს. სტელათა შორის უნდა თავსდებოდეს, ხოლო რაც შეეხება ტაძრის ფასადში ჩაშენებულ კვადრს ვარდულებისა და ბოლნური ჯვრის გამოსახულებით იგი, შესაძლოა, V-VI სს. რელიეფთა ჯგუფს განეკუთვნებოდეს.

ლიტერატურა

1. ამირანაშვილი ჯ. 1968: ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები (ბოლნისის არქეოლოგიური მასალის მიხედვით), თბილისი.

2. ბერძენიშვილი დ. 1979: ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ქვემო ქართლი, ნაკვ. I, თბილისი.

3. ბერძენიშვილი დ. 1986: ქვეშის ციხე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, X, თბილისი, გვ.519-520.

4. დიდებულიძე მ. 1977: ძველი გაგრის ეკლესია, ძმ, №45, თბილისი, გვ.16-26.

5. ვახუშტი, 1973: აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი.

6. ზაქარაია პ. 1981: ნოქალაქევში 1973-1977 წლებში ჩატარებული სამუშაოების საერთო ანგარიში, ნოქალაქევი-არქეოპოლისი I, თბილისი, გვ.77-117.

7. ინაიშვილი ა. 1974: პეტრა-ციხისძირის 1962-1965 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგები, სდსძ, IV, თბილისი, გვ.102-153.

8. მაჩაბელი კ. 1991: ძველი ქრისტიანული სიმბოლიკა ადრეული შუა საუკუნეების  ქართულ რელიეფებზე (ჯვარი მედალიონში), ლიტერატურა და ხელოვნება,  №6, გვ.80-107.

9. მაჩაბელი კ. 1998: ქართული ქვაჯვარები, თბილისი.

10. "მოქცევაი ქართლისაი" 1963: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, დასაბეჭდად მოამზადა ავტორთა კოლექტივმა ი.აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი.

11. მუსხელიშვილი ლ. 1941: არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბილისი.

12. რამიშვილი რ. 1970: ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, I სიონი, თბილისი.

13. რამიშვილი რ. 2008: არქეოლოგიური კვლევა-ძიება დავათში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, V, თბილისი.

14. რჩეულიშვილი გ. 1948: ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, ქართული ხელოვნება, თბ., 2, გვ.27-46.

15. ქართლის ცხოვრება I, 1955: ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ..

16. ქართლის ცხოვრება II, 1959: ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ..

17. ჩუბინაშვილი ნ. 1972: ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები, ძეგლის მეგობარი,  №30, თბილისი, გვ.34-49.

18. ჯავახიშვილი გ. 1998: ადრეფეოდალური ხანის ქართული სტელები, თბილისი.

19. ჯაფარიძე ვ. 1982: ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან, თბილისი.

20. Голубцов А. П. 1917: Из чтений по церковной археологии и литургике, СПб.,   www.greeklatin.narod.ru

21. Рамишвили Р., Джорбенадзе Б., Каландадзе З., Николаишвили В., Маргвелашвили М., Рчеулишвили Г., Чихладзе В., Циклаури И., Асланишвили В., Глонти М., Церетели К., Бакрадзе И. 1976: Археологические изыскания в Арагвском ущелье, Полевые археологические исследования в 1974 году, Тбилиси, сс.70-79.

22. Чубинашвили  Г. 1940: Болниский Сион, ენიმკის მოამბე, IX, თბილისი.

23. Чубинашвили Н. 1972: Хандиси, Тбилиси.

24. Хрушкова Л. 1980: Скульптура раннесредневековой Абхазии V-X вв., Тбилиси.

25. Grabar A. 1984: Iconoclasme Byzantin, Le dossier archéologique, Paris.

26. Lucas P. 2003: Les établissements monastiques de la basse vallée de Göreme et de ses abords, Dossiers d’Archéologie, №286, pp.32-41.