topmenu

 

ჰერეთის ლეგენდები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<მითები და ხალხური თქმულებები>>>

წყარო: http://www.hereti.org/category/legendebi/

ჰერეთში დარჩენილია ასეთი ლეგენდა

თურმე ერთ მშვენიერ მაჰმადიან ვაჟს მოსწონებია ქურმუხის ეკლესიის, მღვდლის ხუციშვილის ქალიშვილი. მისულა მღვდელთან ვაჟი და ქალი უთხოვია. მღვდელს არ სდომებია მაჰმადიანისთვის ქალის მიცემა, მაგრამ შიშით უარიც ვერ გაუბედავს. ამიტომ ასეთი პირობა დაუდვია ვაჟისთვის: თუ მდინარე ქურმუხიდან წმინდა გიორგის ეკლესიამდე არხით რუს გაიყვან ქალს მოგათხოვებ, თუ არა და არაო. მღვდელს ჰგონებია, ვაჟი წყალს ვერ გაიყვანს და ქალი გადარჩება მაჰმადიანის ცოლობასო, მაგრამ ჰერელ ქალზე შეყვარებულ ვაჟს თავი გადაუდვია და დღე და ღამე გაუსწორებია და პირობა შუსრულებია. როცა მღვდელს უნახავს, ცოტაღა აკლია არხის დამთავრებასო, დანაღვლიანებულა -ქრისტიანი ასული მაჰმადიანს როგორ მივათხოვოო. ამ დროს მღვდელთან ვიღაც ბებერი დედაკაცი მისულა და უთქვამს: მე გამოგიყვან განსაცდელიდან, ვიხსნი შენს ქალს მაჰმადიანის ცოლობისგან, მხოლოდ როგორც დაგარიგებ ისე მოიქეციო. ბრძანება გაეცი, მეცხვარეებმა და მეძროხეებმა სამ დღეს ბატკნები და ხბორები თავიანთ დედებს დაუმალონ, თქვენც ქალს გარეთ ნუ გამოუშვებთ ამ ხნის განმავლობაში. დანარჩენი მე ვიციო… მღვდელს აუსრულებია ბებრის ნათქვამი. მესამე დღეს ბებერ ქალს გამოუხვევია ლავაშები და ხორცი და წასულა ვაჟთან, რომელიც მთის ფერდობზე მუშაობდა. ფერდობიდან კარგად მოჩანდა მღვდლის სახლიცა და ეზოც. ვაჟი თან არხს თხრიდა, თან თავისი მიჯნურისკენ იყურებოდა. ქალიც თავისი ეზოდან შესცქეროდა ვაჟს. ორივენი ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთი ქურმუხის იქითა ნაპირზე იყო, მეორე - აქეთ.

- სიცოცხლეს შემოგწირავ, მტლად დაგედები, ოღონდ შენ გიყვარდე, ჩემო მშვენიერო!..

- მეც, მეც შემოგევლები თავს, ჩემო სიხარულო!…

- კიდევ რამდენიმე დღე, რამდენიმე საათი და..!

- წუთი საუკუნეს უდრის…

უსიტყვოდ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ქალ-ვაჟი. მაგრამ აი ვაჟმა დაინახა რომ ქალი სადღაც გაქრა. სამი დღეა თვალი არსად მოუკრავს. ვაჟი მაინც განაგრძობს მუშაობას თავგამოდებით. ამ დროს მასთან მივიდა მოხუცი დედაკაცი და მისცა ლავაშში გახვეული ხორცი. შეთანხმებისამებრ, მღვდელსაც ამ დროს გაუშვია სამი დღის დამწყვდეული ხბოები და ბატკნები, ატეხილა ერთი ბღავილი, ხალხიც შექუჩებულა მოძღვრის ეზოში. შემცბარმა ვაჟმა დედალკაცს კითხა: "რა ამბავია მღვდლის ეზოშიო?", ბებერმა უპასუხა: "შე ბედშავო და თვალდამდგარო, განა არ იცი, რა საცოდაობაც მოხდა? შენი ახალგაზრდა კოკორი, შენი დანიშნული შენდამი სიყვარულმა ავად გახადა და დღეს გარდაიცვალაო. მისი საცოდაობით ცხვრები და ბატკნებიც კი ტირიანო. ხალხიც ამის გამო ირევა მოძღვრის ეზოში: ყველანი სამძიმარზე არიან მოსულიო". ვაჟს თავზარი დაეცა: როგორ თუ ჩემი დანიშნული გარდაიცვალაო… - ატირებულა უნუგეშოდ, მერე აუსროლია წერაქვი, შეუშვერია თავი და იქვე უსულოდ დაცემულა თავგაჩეხილი. იგი მის მიერ გათხრილი არხის პირას დაუმარხავთ, მთის ფერდობზე. ეს რომ გაუგია ქალს, დასნეულებულა და ისიც მომკვდარა, მისი საფლავიც იქვე ვაჟის საფლავის გვერდით გაუჭრიათ, მაგრამ ბებრისთვისაც დაუტოვებიათ ადგილი მათ შორის. მომკვდარა თუ არა ბებერი, ისიც ორ დანიშნულს შორის ჩაუფლავთ მიწაში. ვაჟის საფლავზე თეთრი ვარდი ამოსულა, ქალისაზე - წითელი. ბებრისაზე კი ძეძვი. ბარდები იზრდებიან და როცა ერთმანეთისკენ იწყებენ სწრაფვას, ბებრის ეკალიც მაშინ ამოიზრდება, ჩადგება მათ შორის და არ ანებებსო შეერთებას, - ამბობს ლეგენდა. ძნელია იმის თქმა, მართლა ასე მოხდა თუ არა, ერთი რამ კი აშკარაა - დაუმთავრებელი არხი დღესაც მოჩანს მთის ფერდობზე ქურმუხის ეკლესიის მიმართულებით. ვინ იცის, რას გულისხმობს ჰერელი ხალხი იმ ბებრის ეკალში, რომელიც ორ მიჯნურს - მაჰმადიან ვაჟსა და ქრისტიან ქალს შორის ამოსულა....

წიგნიდან ”ოქროს საბლით მოზომილი”

ათასი ჰერელი ვაჟკაცის შესანდობარი

ეს ლეგენდა როდია! მოულოდნელად დაესხა თავს ჰერეთს სპარსეთის ჯარი. ეს თავდასხმა ყველა წინანდელზე სასტიკი და ვერაგული იყო. მტერმა ააწიოკა, მოაოხრა ქვეყანა: ამოხოცა ხალხი, არავინ დაინდო, არც ბავშვი და არც მოხუცი, გადაწვა სოფლები, გაიტაცა ხალხის სარჩო -საბადებელი, ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდა და რისი წაღებაც შეძლო. მხოლოდ კვნესა - ტირილიღა ისმოდა კიდით-კიდამდე. ხალხმა, ვინც მოასწრო მთებს, დაბურულ ტყეებს შეაფარა თავი. მაგრამ განა ასე ძაბუნნი იყვნენ ჰერელები, რომ გულზე ხელი დაეკრიფათ და წინააღმდეგობის გაწევაზე არ ეფიქრათ? ჰერელი ვაჟკაცები, თითო რომ ას კაცს მაინც გაუმკლავდებოდა, მთაში იყრიდნენ თავს, თავით ფეხებამდე იარაღდებოდნენ და წუთი-წუთ ელოდნენ უფროსის ბრძანებას - რისხვად მოვლენოდნენ მტერს და ისე შეემუსრათ, რომ ამბის მომტანიც არ დარჩენილიყო. და აი,ერთ მთვარიან ღამეს, მუხისა და კაკლის ხეებით დაბურულ ადგილას, "მდელოს", რომ ეძახდნენ ჰერელები თავი მოეყარათ ვაჟკაცებს და ბჭობდნენ, როგორ დასხმოდნენ მტერს და ქვეყანა განსაცდელისგან ეხსნათ. სიწყნარე იყო, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ ფოთლების შრიალი თუ არღვევდა ზოგჯერ სიჩუმეს, ანდა დათვის ძუნძული კლდე-ღრეში. ვაჟკაცები დინჯად ბჭობდნენ. ჩუმად ეტყოდა უხუცესი სიტყვას თავის გვერდზე მდგომს. ისიც ამავე წესით გადასცემდა თავის მეზობელს და ასე მოივლიდა ნათქვამი ათას ვაჟკაცს. ბოლოს გადაწყდა: დილით, განთიადისას თავს დასხმოდნენ მტერს და ერთიანად ამოეჟლიტათ. ასეც მოხდებოდა მაგრამ..... ჯუჯა ქონდრისკაცი ადგილიდან ლანდივით მოსწყდა და გაუჩინარდა. არავინ იცოდა მისი იქ ყოფნა, არც გაპარვა გაუგია ვინმეს. ერთი პირი წყალსაც ჩაეძინებაო, - ნათქვამია. იარაღასხმული, საომრად გამზადებული მეომრები ზეზეულად თვლემდნენ განთიადის მოლოდინში. უეცრად ყიჟინა გაისმა და... მტრის ურიცხვი ლაშქარი სალტესავით შემოერტყათ ირგვლივ. აირია ყველაფერი, ღამის სიბნელეში მტერსა და მოყვარეს ვეღარ არჩევდნენ. მტრის პირველ და მეორე წყებას ქართველი ვაჟკაცები გმირულად გაუმკლავდნენ, მესამე და მეოთხე წყებამ კი სძლია მათ. როცა ინათა და მზე მთის გადაღმიდან ამოცურდა, ათასი ვაჟკაცი უკვე უსულოდ იწვა ბრძოლის ველზე. თუმცა არც მტერს დასჯდომია იაფად ეს თავდასხმა. ბრძოლა დამთავრდა. ტყვეებითა და ნადავლით დატვირთულმა მტერმა პირი იბრუნა და თავის ქვეყანას მიაშურა. მთებში გახიზნული ხალხი, ვინც ნადირს შიმშილს და სიცივეს გადაურჩა, ნელ-ნელა დაუბრუნდა დანგრეულ სახლ-კარს. ცოცხლად დარჩენილებმა უზარმაზარი აკლდამა ააგეს გმირულად დაღუპულთათვის და ერთად მოათავსეს ათასი თავგანწირული ვაჟკაცი. შემდეგ ძმათა სასაფლაოზე ათასკოკიანი ქვევრი აიტანეს და ისიც აკლდამის გვერდით ჩაფლეს. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ შემოდგომაზე ჰერეთის მოსახლეობის თითოეული კომლი ვალდებულად თვლიდა თავს აეტანა და იმ ქვევრში თითო კოკა ღვინო ჩაესხა. ასე ივსებოდა ქვევრი ყოველწლიურად, ხოლო როდესაც ქვეყანა ჭირნახულს დააბინავებდა და ზამთრის მოლოდინში ყველაფერი მიწყნარდებოდა, ღვინობისთვეში ადიოდნენ მთაზე, მოხდიდნენ თავს ქვევრს და სვამდნენ სამშობლოსათვის თავგანწირული ათასი ქართველი ვაჟკაცის შესანდობარს. ეს ქვევრი და ქართველი ვაჟკაცების აკლდამა დღესაც არის ჰერეთში კასრის საყდრის მახლობლად.

წიგნიდან ”ოქროს საბლით მოზომილი”

სტატია მოგვაწოდა ხათუნა ოთარაშვილმა

უჩვეულო ამბავი "ქალ - ქვად" ქცეული ინგილო მოზარდისა

საინგილოში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში, ერთ ულამაზეს მწვანე ალაგას კარგა მოზრდილი, ადამიანის ფორმის ქვა დევს. ახლოდან კარგად რომ დააკვირდეთ, მოზარდი გოგონას ფიგურაა. სუფთა ქვის ქანდაკება ულამაზესი ქალიშვილის ნაკვთებს იმეორებს. ინგილოები ამ ადგილს როგორც რელიგიურ სიწმინდეს, ისე ეპყრობიან. დიახ, ეს ქალ-ქვაა, რომლის ტრაგიკული ბედის შესახებაც საინგილოში დღემდე ლეგენდები დადის. ყველა მათგანს ერთი მთავარი ხაზი გასდევს: დედა-შვილი ცხოვრობდა. ისინი არნახული სილამაზით გამოირჩეოდნენ. მუდმივი თავდასხმებით და ომებით შეწუხებულ ჰერეთში, ოჯახის უფროსი მომხდურთან მორიგ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. დედას შვილის გაზრდა მარტო უწევდა. იმ დროს საინგილოში მტრების მიერ პატარა და მოზარდი ბავშვების გატაცებები ძალზედ გახშირებული იყო. ამიტომ შვილის თუნდაც სოფლის წყაროზე წყლის მოსატანად გაგზავნა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ერთ დღესაც გოგონა სახლში მისვლას აგვიანებს. ამ დროს სოფლის წყაროზე შეყვარებულს ხვდება. მარტოხელა დედამ ეს არ იცის და თავში ურჯულოების მიერ ბავშვის მოტაცების შავბნელი აზრები უტრიალებს. ამასობაში დაღამდება, გოგონა გამოჩნდება მაგრამ უკვე გვიანია. თავადაც შიშისგან "გაქვავებული" დედა ერთს კი შესძახებს ინგილოურად - "რად დააგვიანე, შენავ ქვად იქეციო", რომ მოულოდნელი დახვედრისგან გაოგნებული გოგონა იქვე მართლაც ქვად იქცევა… ინგილო გიორგი ჰერეთელმა ამ ტრაგიკულ ისტორიას მიუძღვნა ლექსი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"ეძღვნება ყველა ბავშვსა და მოზარდს, რომელთა უსაზღვრო სიყვარულისგანაც ყველა დროის და ეპოქის დედები "ჭკუიდან გადადიოდნენ".

- ხალას (აზერბ.დეიდას) ყოროღში (ნაკრძალში) დევს კაი მოზრდილი ქვა,

კითხვა თავს არ მანებებს ქალი რად იქცა ქვად?

- დედა აგზავნის წყალზედ, თავის პირმშოს - ცალს,

თვალი კი რჩება გზაზედ გოგო არ სჩანს შარას!

- ქალი კი ჟეირან-ბულაღზე (ჯეირანის წყაროზე) ლაღობდა-კისკისებდა,

თავის გულისსწორს ხვდებოდა დრო მისთვის არ არსებობდა!

- დედა ელოდა მზეზე, გოგო არ ჩანდა - დაღამდა!

- ბოლოს გამოჩნდა პირმშო ქცეული სიყვარულად,

მშობელს კი გული დაეხშო, იდგა "გაქვავებულად"!

- მაშინ აღმოხდა დედას, რად დააგვიანე - რად!

გო ცრემლად იღვრებოდა, დე, შემიძულე რად?

- დედა კი არ იცვლებოდა ღმერთს დაეწყევლა მთლად,

თქვა - იქეც შენავ ქვად! მარადის ქალა-ქვად!

- იმ დღიდან ხალას ყოროღში დგას დიდი ქალა-ქვა,

ამბობენ დედაც გაგიჟდა მტლად დაედო ქალ-ქვას!

- დღესაც მაწუხებს კითხვა, დედა რამ ქმნა "გულქვად",

გოგოს სიცოცხლე სწყუროდა, რად გადააქცია ქვად!

- მოსული მარად იხსენებს გოგოს თვით მზისა დარს,

მე კი მაწვალებს კითხვა, ქალი რად იქცა ქვად

მარადის ქალა - ქვად?

წყარო: http://tanamemamule.blogspot.com/2011/12/blog-post.html