topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნ.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში (ნაწილი II)

<უკან დაბრუნება (ნაწილი I)...<<<ქართული იარაღი>>>

ნ.ბერულავა

კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში

(ნაწილი 2)

<<...დასაწყისი (ნაწილი I)

ფარები

ფარები როგორც მძიმე, ასევე საშუალო ქვეითების აღჭურვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. მებრძოლთა სამარხებში მათი ნაკლებობა სხვა იარაღთან შედარებით იმით აიხსნება, რომ კავკასიაში, ისევე, როგორც ძველი აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც, ფარები ბუნებრივი მასალებისაგან (ხის წნელები და ფიცრები, ტყავი) კეთდებოდა, რომლებიც კოლხეთის ბუნებრივ პირობებში მიწაში დიდხანს ვერ ძლევს, ხოლო ლითონის უმბონები და სხვა დეტალები აქ შედარებით გვიან ვრცელდება (ჩვენთვის საინტერესო ეპოქის მხოლოდ ერთი ნახევარსფერული უმბონია ცნობილი ვანიდან). ქსენოფონტეს მონაცემებით, სამხრეთ-კოლხური ტომების მეომრებს ჩვეულებრივ ხის წნელებისაგან (ტოტებისაგან) გაწნული, ორმაგი ტყავით დაფარული ფარები ჰქონდათ. ასეთი ფარების კონსტრუქცია, ახლო და შუა აღმოსავლეთის ანალოგიებიდან გამომდინარე, შემდეგი უნდა ყოფილიყო: მის კარკასს წარმოადგენდა ხის სწორკუთხა ჩარჩო, რომელსაც რამდენიმე (უმეტეს შემთხვევაში ექვსი) განივი ლარტყა ჰქონდა. ცენტრში მდებარე ორი ლარტყა ერთმანეთთან გაერთიანებული იყო მკვრივი ტყავის საძგიდით, რომელიც სახელურის როლს ასრულებდა.

ნახ.XIII. ჰოპლიტური ფარის ნარჩენები (ახულ აბაა, აფხაზეთი) (+)

სწორედ მისი მეშვეობით მებრძოლი ფარს იჭერდა მარცხენა ხელით. ამ კარკასს ზემოდან ფარავდა ფარის ზედაპირი, რომელიც ხის დრეკადი წნელებისაგან დაწნული და ტყავით დაფარული იყო (17, გვ.102). ეს კონსტრუქცია ძირითადად ახლო-აღმოსავლურ და სპარსულ ფარებს ახასიათებდა. თუმცა სკვითურ სამყაროში, და ნაწილობრივ – ირანშიც, დაწვნული ფარების სხვა ტიპიც არსებობდა. მის საფუძველს მკვრივი ტყავის სწორკუთხა ფურცელი წარმოადგენდა, რომელშიც კეთდებოდა გამჭოლი ნახვრეტების რამდენიმე ჰორიზონტალური რიგი. სწორედ ამ ნახვრეტებში იყო შერჭობილი ხის წნელები, რომლებითაც ეს ტყავი ერთგვარად გაკერილი იყო. ფარის ზედა და ქვედა ნაპირები ასევე განივი ლარტყებით იყო გამაგრებული (17, გვ.101). ბუნებრივია, ასეთი ფარების ფორმა უმეტეს შემთხვევაში მაღალ ოთხკუთხედს წარმოადგენდა, თუმცა მოსინიკების ფარებს, ქსენოფონტეს თქმით, სამფურცელის, ანუ სეროს ფურცლის მსგავსი ფორმა ჰქონდათ, ხოლო კამეჩის ტყავზე, რომლითაც ისინი დაფარული იყო, თეთრი ბეწვი იყო დატოვებული (21, გვ.325). ასეთი ფარი უფრო ნაკლები ზომის უნდა ყოფილიყო, ვიდრე ზემოთაღწერილი სწორკუთხა, რომელიც, მიწაზე დაყენებული, მეომარს პირამდე ფარავდა (იხ.17, ტაბ.III, 9, 10). ჰეროდოტეც აღნიშნავს, რომ სამხრეთ საქართველოს ტომების მეომრები (მოსინიკების ჩათვლით) მოკლე ფარებით აღჭურვილნი იყვნენ (16, გვ.147). დაწნულ ფარს, როგორც უკვე ითქვა, ერთი სახელური ჰქონდა ცენტრში, რაც საკმაოდ მოსახერხებელი იყო ინდივიდუალური ბრძოლის დროს, რადგან მეომარს ხელის გაჭიმვისა და მტრის შორ მანძილზე შეჩერების საშუალება ჰქონდა. მაგრამ მწყობრად ბრძოლის დროს მძიმე ჰოპლიტური ფარები, რომლებსაც ორი სახელური (მუშტისა და იდაყვისათვის) და, შესაბამისად ორი საყრდენი წერტილი ჰქონდათ, ბერძნებს გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა, რადგან ჰოპლიტთა მძიმე აბჯართან ერთად სიმტკიცეს მატებდა მათ მწყობრს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ სპარსელები ბერძნულ ფალანგასთან ფრონტალურ შეტაკებას ვერ უძლებდნენ ხოლმე, თუმცა მწყობრად დგომა, ჰეროდოტეს თქმით, მათაც საკმაოდ კარგად ეხერხებოდათ (16, გვ.150).

ნახ. XVII. სკვითური კნემიდები, შუბები და დაწვნული ფარის ერთ-ერთი ვარიანტი - (+)

ასეთი ფარი ამობურცული უნდა ყოფილიყო, რადგან ხელი მიედებოდა ფარის შიდა ზედაპირს და ნებისმიერი მეტნაკლებად ძლიერი დარტყმა ფარზე ტრამვით ემუქრებოდა მას. ძვ.წ. V ს-დან კოლხეთში ბერძნული მძიმე, "ჰოპლიტური" ფარები შემოდის, რომელთა ზედაპირი ნაწილობრივ თუ მთლიანად დაფარული იყო სპილენძის, ან დაბალკალიანი, რბილი ბრინჯაოას ფურცლებით (უფრო მტკიცე ბრინჯაო ზედმეტად მტვრევადიც იყო). მისი საფუძველი ჩვეულებრივ ტყავის იყო, თუმცა ზოგჯერ, განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში, კირხსნარით გამაგრებული ხის ფიცრებისაგან კეთდებოდა. კოლხეთში რამდენიმე ჰოპლიტური ფარის ნარჩენები ნაპოვნია. ამის გარდა, სპილენძის ფურცლების რამდენიმე ცუდად შენარჩუნებული ფრაგმენტიც არსებობს, რომელიც ან აბჯრის, ან ფარის მოპირკეთების ნარჩენი შეიძლება იყოს. ასეთი ფარის ნაშთები ნაპოვნია ახულ-აბაას სამაროვანში (აფხაზეთი). აქ შემორჩენილია ბერძნული წარმოშობის ფარის ბრინჯაოს გარსაკრავის ფრაგმენტები, რომლის დიამეტრი 80-90 სმ-ს უდრიდა. გარეთა კიდის ფრაგმენტები დეკორაციული თვალსაზრისით მეტად დახვეწილ ნაკეთობას წარმოადგენს, ხოლო მრგვალი ცენტრალური ნაწილი (გული) დიამეტრში 29 სმ-ის იყო (ნახ.XIII). მისი ნაპირის მთელ პერიმეტრზე განლაგებულია ნახვრეტები ლურსმნებისთვის და ოთხი ბრტყელი კავი, რომელთა მეშვეობით ის ემაგრებოდა ფარის საფუძველსა და გარეთა ბრინჯაოს რგოლს (8, გვ.32). მეორე ჰოპლიტური ფარის ნარჩენები ეშერის ნაქალაქარზეა ნაპოვნი და შესაძლოა, მითრიდატეს გარნიზონის რომელიმე მებრძოლის კუთვნილება იყოს. ის ნახევარწრიული ფორმის ბრინჯაოს ფურცელს წარმოადგენს, რომელსაც გარეთა წრიული კიდე შეკეცილი აქვს, ხოლო მოპირდაპირე სწორ კიდეზე ოთხი გამჭოლი ნახვრეტია ლურსმნებისთვის, ხის საფუძველზე დასამაგრებლად. მკვლევართა აზრით, ეს არის ერთი ნახევარი ოვალური მოყვანილობის ხის ფარის გარსაკრავისა, რომლის საკმაოდ ახლო ანალოგები ჩრდილოეთ კავკასიის ძვ.წ. IV-III სს. მასალებში გვხვდება (5, გვ.145). განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პოლემიკა ე.წ. "წითელი შუქურის არწივის" ირგვლივ. იგულისხმება წითელი შუქურის სამაროვნის (სოხუმის მიდამოებში), N0 7 სამარხში აღმოჩენილი, თხელი ბრინჯაოსგან შესრულებული მტაცებელი ფრინველის გამოსახულება, რომლის სიმაღლე 54, ხოლო სიგანე (ყველაზე ფართო ადგილზე, ფრთებს შორის) - 60 სმ-ს უდრის (ნახ. XIV). სისქე კი 0,5-1 მმ-ს შორის მერყეობს. მკვლევართა ნაწილი ამ არტეფაქტს სელისა  ან ტყავის აბჯრის შემონაფენად მიიჩნევდა, რომელიც მეომრის მკერდსა და გვერდებს იცავდა (28, გვ.88-89; 24, გვ.47). მაგრამ მოგვიანებით გაბატონდა სხვა ვერსია, რომლის თანახმად ეს "არწივი" ბერძნული ჰოპლიტური ფარის მოპირკეთებაა (8, გვ.34). ამის დასტურად გ.კვირკველიამ მოიყვანა ბერძნულ კერამიკაზე დაცული რამდენიმე ნახატი, სადაც ნათლად ჩანს, რომ არწივის გამოსახულება ბერძნულ ფარებზე საკმაოდ გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენდა (8, გვ.32-41). ამას შეიძლება დავუმატოთ პავსანიუსის აღწერა ძვ.წ VII ს-ის მესენური გმირის, არისტომენეს ფარისა, არწივის გამოსახულებით (27, გვ.286). თუმცა ჩვენ თავის დროს მაინც ეჭვის ქვეშ დავაყენეთ ეს მოსაზრება, რადგან ჰოპლიტური ფარებისთვის ლითონის მოპირკეთება მარტო ცენტრში არ იყო დამახასიათებელი. მის გარდა, როგორც მინიმუმი, ფარის ნაპირებზე ლითონის ირგვლივი არშია უნდა ყოფილიყო, რომლისგან, "არწივის" საკმაოდ კარგი შენარჩუნების გათვალისწინებით, რაიმე ფრაგმენტი აუცილებლად დარჩებოდა, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ირგვლივი არშია ხომ მძიმე (ჰოპლიტური) ფარების იმდენად აუცილებელ დეტალს წარმოადგენდა, რომ იმ შემთხვევაში როცა ის არ არსებობდა, ამას წერილობითი წყაროებიც  სპეციალურად აღნიშნავდნენ (იხ.16, გვ.151).

ნახ.XIV. წით. შუქურას „არწივი“ და ჯავშნის კერეწები ეშერიდან - (+)

ამის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არტეფაქტი ძვ.წ. V, ან IV ს-ისაა, მაშინ როცა ფარებზე არწივის გამოსახვის ტრადიცია საბერძნეთში ამაზე ძველია. მტაცებელ ფრინველთა მსგავსი ფიგურებიც მარტო ბერძნულ ხელოვნებაში როდი გვხვდება (თუმცა მაინც და მაინც ფარებზე მათი გამოსახვა სხვა კულტურებში ჯერ-ჯერობით ფიქსირებული არ არის). ამ მოსაზრების გათვალისწინწბით, ჩვენ ნაადრევად მიგვაჩნია აღნიშნული არტეფაქტის კლასიფიკაცია, როგორც ბერძნული მძიმე ფარის ნაწილისა, თუმცა ძველი მოსაზრებაც, რომლის თნახმად ეს აბჯრის დეტალია, ასევე გარკვეულ ეჭვს ბადებს. ალბათ არაა გამორიცხული, რომ ეს მართლაც ფარი იყო, თუმცა ფარის ზედაპირის დანარჩენი ნაწილის ბრინჯაოს მოპირკეთების ნარჩენების არარსებობა მის ბერძნულ წარმოშობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ჩვენი აზრით, გაცილებით რეალური იქნებოდა ვარაუდი, რომ ეს თუნდაც ბერძნული ნიმუშების ადგილობრივი რეპლიკაა. ზემოთხსენებულ გომის სასმისზე კოლხური ფარების კიდევ ერთი, ორიგინალური ფორმაა გამოსახული. ფაქტობრივად იდენტური ფორმის ორი ფარი, როგორც ჩანს, ვერტიკალურად დაყენებული ხის წნელებისგან, ან, უფრო სავარაუდოდ - საკმაოდ მასიური ფიცრებისგანაა შედგენილი და გამაგრებულია მის ზედაპირზე მიჭედებული რკინის ზოლების მეშვეობით. ამრიგად, ეს საკმაოდ მძიმე ფარები უნდა ყოფილიყო. მაგრამ ყველაზე საინტერესოა მათი ფორმა: ისინი სწორკუთხა, ან, შესაძლოა - კლასიკური რომაული ფარის მსგავსი ნახევრადცილინდრული ფორმისაა, თუმცა მთავარ ინტერესს მათ ზედა, მარჯვენა კუთხეში არსებული რკალისებური ამონაჭერი იწვევს. მსგავსი ამონაჭრები ფეოდალური ეპოქის რაინდულ ფარებში შუბებისთვის კეთდებოდა, თუმცა ანტიკურ ხანაში, უზანგის გაჩენამდე ბევრად ადრე, კავალერიულ ბრძოლაში შუბის გამოყენება იმის მსგავსად, როგორც ამას შუა საუკუნეების რაინდები აკეთებდნენ, ნაკლებსავარაუდოა. უფრო რეალურია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში ამონაჭერი ქვეით ბრძოლაში მძიმე შუბით მოქმედებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის მჭიდრო მწყობრის პირობებშიც ("ჰოპლიტური" წესით). ანუ, ჩვენ წინაშეა ჰოპლიტური ფარის კოლხური შესატყვისი.

ნახ.ХХ. გომის სასმისი - (+)

აბჯარი (ჯავშანი)

აბჯარი (ჯავშანი) შეიარააღების ძვირადღირებული და საკმაოდ იშვიათი კომპონენტია. ამის გამო, შეუძლებელია ამა თუ იმ საზოგადოებაში მისი გავრცელების დონეზე მსჯელობა მხოლოდ არქეოლოგიურ, მათ შორის სამარხეულ მასალებზე დაყრდნობით. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც იარაღის დამარხვა მიცვალებულთან ერთად მიღებული იყო, აბჯრის პოვნა სამარხებში იშვიათობაა (20, III, გვ.16). საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ასეთი იმპერიისგანაც კი, როგორიც აქემენიდური სპარსეთი იყო, აბჯრის სულ რამდენიმე ფრაგმენტული ნიმუში დარჩა (17, გვ.90). გარდა ამისა, ანტიკურ ხანაში გავრცელებული იყო რბილი მასალებისგან (ტყავი, სელი, ჩოხა, ქეჩა და ა.შ.) დამზადებული აბჯრები, რომლებზეც ლითონის ფირფიტებისგან გაკეთებული ზედა ფენა სასურველ, მაგრამ არა აუცილებელ დამატებას წარმოდგენდა. ქსენოფონტეს მონაცემებით, კოლხთა შორის ყველაზე მსუბუქად აღჭურვილნი მოსონიკთა მებრძოლები ჩანან: მათ მხოლოდ არცთუ სქელი ტილოს მოკლე ქიტონები ეცვათ (21, გვ.325). მსგავსი, "თმისგან ნაქსოვი" პერანგები მაკრონებსაც ჰქონდათ (21, გვ.314). ყველაზე კარგი აღჭურვილობა კი ხალიბებს გაჩნნდათ, რომელიც შეიცავდა ჩაფხუტებს, საწვივეებსა და "სელისგან ნაქსოვ ჯავშნებს, რომლებსაც, ლითონის ფირფიტების ნაცვლად, მჭიდროდ გადაწნული ბაგირები ჰქონდათ" (21, გვ.313). ძნელი სათქმელია, რას გულისხმობდა ქსენოფონტე. სელის აბჯრები კარგად ცნობილი იყო ეგვიპტეში, საიდანაც სპარსეთსა და საბერძნეთში გავრცელდა. ჩვეულებრივ ის უბრალოდ ერთმანეთს დაწებებული სელის ტილოს რამდენიმე ფენისგან კეთდებოდა (22, გვ.43). ხოლო, თოკებისგან დაწნულ ზედა შრეს რაც შეეხება, აქ მხოლოდ ერთი მეტნაკლებად ახლო ანალოგია შეიძლება გავიხსენოთ: ადრე შუასაუკუნეებში (VIII ს-დან) ჩრდილოეთ ევროპაში ვრცელდება ტყავის ჯავშნის ნაირსახეობა, რომლის ზედა შრე ტყავის ქამრებისგან დაწნულ ხშირ ბადეს წარმოადგენდა (იხ. 2, გვ.165, ფოტო №XXVB). დრილებს კი, ქსენოფონტეს თანახმად, ყველას ჰქონდათ პათლაგონური ჩაფხუტები და საწვივეები (21, გვ.322). ალბათ, ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ იმ ლაშქარში, სადაც ყველა მეომარი საწვივეებისნაირ, მეორეხარისხოვან დამცავ საშუალებას ატარებს, მათ ნაწილს მაინც უფრო აუცილებელი აბჯარიც უნდა ჰქონდეს. ელინისტურ ხანაში აბჯრიან მეომართა ხვედრითი წილი ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში საგრძნობლად იზრდება. ამ ტენდენციას, უთუოდ, კოლხეთშიც ჰქონდა ადგილი, რის ირიბ დასტურსას თუნდაც შუბისპირების ფორმების ზემოთხსენებული ევოლუცია წარმოადგენს: მას სულ სხვა ეპოქასა და რეგიონში - ახ.წ. X-XII სს. ევროპაში შუბისპირების ანალოგიურ ცვლილებებს თუ შევადარებთ, თვალში ფორმების საოცარი თანხვედრა ეცემა. იქაც ფოთლისებური ფორმის, ფართო და ბრტყელი შუბისპირები უფრო კომპაქტური, ვიწრო და სქელი, რომბისებური და ლინზისებური განივკვეთის მქონე პირებით იცვლება (20, III, გვ.6-14). რადგან ევროპაში აღნიშნულ ცვლილებებს ჩვეულებრივ აბჯარასხმულ მეტოქესთნ შეტაკების მზარდი ალბათობით ხსნიან, იგივე დასკვნები ელინისტური ხანის კოლხეთზეც შეიძლება გავაკეთოთ. მოცემულ ეპოქაში გავრცელებული იყო ლითონის აბჯრის რამდენიმე ძირითადი სახეობა, რომელთა უმრავლესობა ტყავის (ან მტკიცე ქსოვილის) სარჩულზე მიკერილ ლითონის თხელი ფირფიტებისგან შედგებოდა (ძველი ქართული ტერმინოლოგიით ამ აგებულების ჯავშანების დასახელება "ბექთარია"). კოლხეთში აშკარა პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. კერეჭსახოვანი, ანუ "ქერცლიანი" ბექთარი, რომელზეც ლითონის ან ძვლის ფირფიტები (კერეჭები), თევზის ქერცლის მსგავსად, ნაწილობრივ ფარავდა ერთმანეთს ზემოდან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - ერთ-ერთი მხრიდანაც. ამით განპირობებულია ამ ფირფიტების ფორმაც: მათი ქვედა ნაპირი უმეტეს შემთხვევაში მეტნაკლებად მომრგვალებულია, ხოლო რბილ სარჩულზე დასამაგრებლად გაკეთებული ნახვრეტები ფირფიტის ზედა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ასევე, შუა ნაწილშიც ლაგდება. ფაქტობრივად ყველა დღესდღეობით ცნობილი ჯავშანს ეგზემპლარი კოლხეთში ამ ტიპს მიეკუთვნება. არსებობდა ჯავშნის სხვა ტიპებიც, მაგალითად - ფირფიტოვანი, რომელშიც ფირფიტები რბილ სარჩულზე ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული და ამისთვის განკუთვნილი ნახვრეტები ოთხივე ნაპირზე გააჩნიათ. ფირფიტების ფორმა უმეტეს შემთხვევაში სწორკუთხაა. ასევე ლამილარული ჯავშანი, სადაც ფირფიტები ერთმანეთს მიბმულია, რბილი სარჩულის გარეშე, ლამინარული (ლითონის ჰორიზონტალური ზოლებისგან შედგენილი) და ა.შ. თუმცა ჩვენთვის საინტერესო რეგიონისთვის ისინი მაშინ დამახასიათებელი არ იყო. ადრე და შუაანტიკური კოლხეთის არქეოლოგიურ მასალებში ფიქსირებულია რამდენიმე ჯავშნის აღმოჩენა და ყველა ისინი ერთ და იგივე ტიპს-კერეჭსახოვან ჯავშანს მიეკუთვნება.

ნახ. XV. ჯავშნის კერეჭები ვანის №2 სამარხიდან (ძვ. წ. IV ს.)

ორი აღმოჩენა გაკეთებულია ვანში. აქედან პირველი - ვანის №2 სამარხთან არსებულ, ძვ.წ. IV ს-ით დათარიღებულ ფენაში (7, გვ.175). კერეჭების რაოდენობა ასამდე შეადგენს, ყველა ბრინჯაოსგანაა დამზადებული, ხოლო ზომები 2,5X1,8-დან 3,7X2 სმ-მდე მერყეობს. სისქე კი სტანდარტულია ბრინჯაოს აბჯრისთვის - 1 მმ-მდეა (ნახ.XIV). ზომებში ასეთი განსხვავების მიუხედავად, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ყველა ისინი ერთ აბჯარს შეადგენდა (5, გვ.142). ამავე ნაქალაქარის სხვა მონაკვეთზე, ძვ.წ. V-IV სს-თ დათარიღებულ ფენაში აღმოჩენილია  მსგავსი ფორმისა და ტიპის 70-მდე კერეჭი, რომელთა პარამეტრები 2 ან 2,4х1,1 სმ-ია (6, გვ.139). ანალოგიური ფორმისა, მაგრამ სხვა მასალისგან (რკინისგან) გაკეთებული კერეჭები ნაპოვნია საირხის ნაქალაქარის ძვ.წ. IV ს-ით დათარიღებნულ №8 სამარხში (10, გვ.52, ტაბ.XXXI). ბრინჯაოს კერეჭები, ასევე, ნაპოვნია ეშერში. ისინი შედარებითი სიმარტივით გამოირჩევა, ყველას რბილ საფუძველზე მისაკერებლად გაკეთებული მხოლოდ ორ-ორი  ნახვრეტი გააჩნია (ნახ.XIV), მაშინ როცა ვანისა და, განსაკუთრებით საირხის კერეჭებში სამ-ოთხ ნახვრეტიანი ეგზემპლარებიც გვხვდება. ზემოთხსენებულ ჯავშნის ფირფიტებს მკვლევართა ნაწილი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ნიმუშებს ადარებს (5, გვ.142-143), თუმცა ჩვენი აზრით, მათი წაგრძელებული, გლუვი ფორმა პირველ რიგში ადრეანტიკური ეპოქის ახლო-აღმოსავლურ ტრადიციებს შეესაბამება, მითუმეტეს რომ ამ ფირფიტების უმრავლესობაც ადრეანტიკური ეპოქის მეორე ნახევარს მიეკუთვნება (ძვ.წ. V-IV სს.). ამ ეპოქის ბერძნული ბრინჯაოს კერეჭებისთვის განსხვავებული ფორმა იყო დამახასიათებელი. მათზე ხშირად გვხვდება "სიმტკიცის ღერძი" - გასწრივი რელიეფური ქედი, რომელიც აღმოსავლეთში ადრერკინის ხანიდან უკვე არხაიზმად ითვლებოდა (17, გვ.98 ). ხოლო სკვიოთურ, და ნაწილობრივ ირანულ კერეჭებს რაც შეეხება, მათ ხშირად ახასიათებდა საკმაოდ დიდი სიგანე და მომრგვალებულიც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ქვედა ბოლო ჰქონდათ, მეორეს კი გვერდით მდებარე კერეჭი ფარავდა (17, გვ.95-96). ზემოთხსენებულ გომის სასმისზე გამოსახული სცენა ამ ასპექტშიც დაკვირვებისთვის საკმაოდ საინტერესო მასალას გვაძლევს. აქ გამოსახული ოთხი ფიგურიდან სამი აშკარად აბჯარასხმულია. თუმცა ამ აბჯრების კლასიფიკაცია, გამოსახულების ხარისხიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია, არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს სწორედ ჯავშანია, და არა უბრალო ტანისამოსი (ნახ.ХХ). სამივე აბჯარი ერთი და იგივე ტიპისაა, მთელ სიგრძეზე დაფარული გასწრივი, ხოლო სახელოებზე - განივი ზოლებით. მარცხნიდან პირველი და მესამე ფიგურები იმდენად გვანან ერთმანეთს, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ ერთი პიროვნების ორი ორთაბრძოლაა გამოსახული (შესაბამისად, მშვილდოსნისა და შუბოსნის წინააღმდეგ). თუმცა მათ შორის გარკვეული განსხვავებაც არსებობს. პირველ ფიგურას გარდა იმისა, რომ მას განსხვავებული, მთლიანად თეთრი შარვალი აცვია), დამატებითი სამკერდეც გააჩნია. სავარაუდოდ, ეს ლითონის მთლიანი კირასა უნდა იყოს, რომელზეც რაღაც გამოსახულება, ან ჩუქურთმაებია ამოკვერილი. ტიპოლოგიურად მსგავსი სპილენძის კირასები ანტიკურ საბერძნეთში იყო გავრცელებული. ამ სასმისზე გამოსახული აბჯრების ყველაზე მოულოდნელ დეტალს გრძელი სახელოები წარმოადგენს, რაც ანტიკური ხანის აბჯრებისთვის არ იყო დამახასიათებელი, სანამ ელინისტური და გვიანანტიკური ხანის მიჯნაზე (ანუ, დაახლოებით ამ სასმისის შექმნის ეპოქაში) კატაფრაქტარიების კავალერია არ გაჩნდა. გომის სასმისზე გამოსახული ფიგურები, მაშასადამე, სამხედრო ელიტას მიეკუთვნებიან. ისინი ან ჰოპლიტების ადგილობრივ ანალოგს წარმოადგენენ, ანდა მძიმე მხედრები - უნივერსალური პროფესიონალები არიან, რომლებსაც ქვეითადაც ბრძოლა ეხერხებათ. პირველი ვერსიის სასარგებლოდ მათი მეტად მძიმე ჯავშნები მეტყველებს, ხოლო მეორის - მოკლე მახვილი და მსუბუქი შუბები. მეოთხე ფიგურასაც, (მშვილდოსანს) ასევე, როგორც ჩანს, ჩაფხუტთან ერთად, რბილი მასალებისგან გაკეთებული აბჯარი გააჩნია, რის გამოც ის, თავისი მწირი შეიარაღების მიუხედავად, არა მსუბუქი, არამედ "საშუალო" ქვეითად უნდა მივიჩნიოთ, რადგან "საშუალო ქვეითებად" მკვლევარები, ანტიკურ ხანასთან მიმართებაში სწორედ რბილი აბჯრით დაცულ მეომრებს მიიჩნევენ (17, გვ.104). ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ გვიანელინისტური ხანის კოლხთა ჯარში მაშინდელ მეომართა სამივე ძირითადი სახეობა არსებობდა: მძიმედშეიარაღებული, საშუალო, და, როგორც ნებისმიერ მაშინდელ ჯარში - მსუბუქი (უაბჯრო) მელაშქრეები. ასევე აღსანიშნავია, რომ გომის სასმისზე გამოსახული დამცავი აღჭურვილობა მეტად სპეციფიკური ჩანს და პირდარირ ანალოგიებს არსად პოულობს.

ხელ-ფეხის დამცავი აღჭურვილობა

ხელ-ფეხის დამცავი აღჭურვილობა საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა ანტიკურ სამყაროში. ეს პირველ რიგში ხელის დამცავ მოწყობილობებს ეხება. თუმცა ძვ.წ. V ს-დან სპარსეთის მძიმე მხედრობაში (რომელიც ფარებს ფაქტობრივად არ ხმარობდა) მარცხენა ხელის დასაცავი სპეციალური აღჭურვილობა ჩნდება. შემდეგ ის ელინისტურ არმიებშიც ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ის ერთმანეთს მიბმული (ნაწილობრივ, შესაძლოა - ერთმანეთში შეტენილი) ლითონის, ან მტკიცე ტყავის სალტეებისაგან შედგენილ დრეკად მილს წარმოადგენდა (17, გვ.95). მსგავსი აგებულება გომის სასმისზე გამოსახული აბჯრების მკლავებსაც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა აშკარად ჩანს, რომ ისინი აბჯრის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს, და არა მის მხარს მიბმულ დამატებით დეტალს. გარეგნულად მსგავსი სახელოები, ასევე, ახ. წ. პირველ საუკუნეებში ზოგჯერ პართიელ კატაფრაქტარიებსა და რომის მძიმედ აღჭურვილ გლადიატორებს - "მირმილონებს" ჰქონდათ. ეს უკანასკნელები ამით სწორედ თავის მარჯვენა ხელს იცავდნენ, რომელშიც მახვილი ეჭირათ (იხ.5, გვ.185, სურ.2).

ნახ. XVIII. ბრინჯაოს საწვივეები და საბარკულები ვანიდან (სამარხი №9) - (+)

აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის ხელის ჯავშანი საკმაოდ მოხერხებული უნდა ყოფილიყო და ფარიკაობას ხელს არ უშლიდა. შესაძლოა, სალტეები, რომლებისგანაც ის შედგებოდა, მთლიანი არ იყო, არამედ ხელის შიდა მხარეზე მათ ამონაჭრები ჰქონდათ. გაცილებით ხშირია ანტიკურ წერილობით და სახვით წყაროებში ფეხის აბჯრების, ანუ ბერძნულად - "კნემიდების" ხსენება. სტანდარტული ბერძნული კნემიდა წვივსაფარს წარმოადგენდა, რომელიც ფეხს ტერფიდან მუხლამდე იცავდა და ანატომიური აგებულება ჰქონდა (ანუ, მეტნაკლებად იმეორებდა ფეხის ამ ნაწილის ფორმას), ხოლო წინა ნაწილში გასწრივი რელიეფური ქედი გააჩნდა, რომელიც მუხლისთვის განკუთვნილ მომრგვალო გამონაშვერში გადადიოდა. ჩვეულებრივ, საწვივის სიგრძე საშუალოდ 35 სმ-ს აღწევდა. კნემიდა, სხვა ბერძნული აბჯრების მსგავსად, ძირითადად სპილენძის, ან ტყავისაგან, ხოლო ზოგჯერ, შესაძლოა - დრეკადი კალისგანაც კეთდებოდა, თუმცა ტყავის, ან სხვა რბილი მასალისგან გაკეთებული სარჩულიც უნდა ჰქონოდა ყველა შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში ის ფეხზე ფიქსირდებოდა უკან მიმაგრებული ქამრების მეშვეობით, ხოლო ზოგჯერ მას ისეთი ფორმა ჰქონდა, რომ ის მთლიანად ახვევდა ფეხს და ასე მაგრდებოდა მასზე. ბერძნების გარდა, ფეხის დამცავი აღჭურვილობა ცნობილია სკვითებში, თუმცა იქ ნაკლებ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა მძიმედ შეიარაღებული მეომრებისთვისაც კი, ვიდრე საბერძნეთში. ის ან ტყავის სარჩულს მიმაგრებული, თუ ერთმანეთს მიბმული ლითონის რამდენიმე ვერტიკალური ლარტყისგან შედგებოდა (ნახ.XVI; იხ.26, გვ.150), ანდა (უფრო ხშირ შემთხვევაში) ფაქტობრივად წარმოადგენდა მეორე შარვალს. უფრო სწორად კი - ფეხების ირგვლივ მოხვეულ და უკან ტყავის თასმებით დაბმულ, ლითონის კერეჭებით დაცულ ორ ოთხკუთხა ტყავის ნაჭერს (ნახ.XVII, იხ.29, გვ.120-121).

ნახ. XVI. სკვითური წვივსაფარი ნიმფეიდან (ძვ. წ. IV ს.) - (+)

ეს ბოლო ვარიანტი, როგორც ჩანს, მხოლოდ მხედრების აღჭურვილობას წარმოადგენდა, რადგან საკმაოდ ძნელად სატარებელი უნდა ყოფილიყო. მსგავსი აღჭურვილობა აქემენიანთა იმპერიაშიც ცნობილია, თუმცა სკვითებიც და სპარსელებიც, კოლხების მსგავსად, ბერძნულ (ან ბერძნული ტიპის) კნემიდებსაც ხმარობდნენ (17, გვ.100-101). კოლხეთში დღესდღეობით მხოლოდ ბერძნული, ზემოთაღწერილი ტიპის კნემიდებია ნაპოვნი (თუმცა საკმაოდ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც ზემოთხსენებული სკვითო-სპარსული ფეხის დამცავი აღჭურვილობა კოლხეთისთვის უცხო იყო). აქ მათი სამი წყვილია ცნობილი. აქედან ორი წყვილი აფხაზეთში, ახულ აბაას ბორცვზე, ძვ.წ. V საუკუნის ფენებშია ნაპოვნი (15, სურ.1-2). მესამე წყვილი აღმოჩნდა ადრე არაერთხელ ხსენებულ ვანის, №9 სამარხში. მის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ საწვივეებთან ერთად იქ საბარკულებიც იყო, რომლებიც ფეხს მუხლს ზემოთ იცავდა (9, გვ.203). საბერძნეთში ეს დეტალი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა (22, გვ.30), თუმცა ხსენებული ეგზემპლარი აშკარად ბერძნულია. მკვლევარები აქ პარალელს ავლენენ ფეოდალური საქართველოს რეალობასთან, სადაც ფეხის ორწევრიანი დაცვა ხშირად გვხვდებოდა (5, გვ.149). ქსენოფონტეც არაერთხელ იხსენებს კნემიდებს, როგორც ზოგიერთი სამხრეთ-კოლხური ტომის საკმაოდ ჩვეულ, ლამის აუცილებელ აღჭურვილობას. იქედან გამომდინარე, რომ მათ რაიმე კონსტრუქციულ თავისებურებას ის არ იხსენებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ბერძნული ნიმუშებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. გომის სასმისზე გამოსახულ მარჯვნიდან მეორე ფიგურის (ფარითა და მოკლე მახვილით, ან სატევრით აღჭურვილი მებრძოლის) ფეხებზე ირიბი ხაზებია გამოსახული, თითქოსდა დახვეულია რაღაც ნაჭერი. ძნელი სათქმელია, თუ რა არის ეს - დამცავი საშუალება, თუ ჩვეულებრივი ტანისამოსის დეტალი. კოლხური შეიარაღების დღეისთვის ცნობილი ნიმუშების შესწავლისას ცხადი ხდება, რომ კოლხეთი არ წარმოადგენდა დაბალგანვითარებულ ქვეყანას, რომლის შეიარაღებული ძალების ქვაკუთხედს წარმოადგენდა მსუბუქად აღჭურვილი სახალხო ლაშქარი. კოლხთა ჯარს უთუოდ ჰქონდა დიდი სამხედრო ტრადიციები და კვალიფიკაცია. ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო, თუმცა ელინისტური პერიოდის კოლხური სახელმწიფოს დაბალი ცენტრალიზაცია და შინაგანი არამდგრადობა სერიოზულად ასუსტებდა მის სამხედრო შესაძლებლობებს. კოლხთა სამხედრო რეპუტაცია ასახულია, კერძოდ, აპიანეს სიტყვებში "გიჟურად მებრძოლი", ან "სამხედრო საქმეზე სიგიჟემდე შეყვარებული" კოლხების შესახებ (11, гл.15). ამავე დროს, სტანდარტიზირებული, საკმაოდ მრავალფეროვანი კოლხური შეიარაღება სამხედრო საქმისა და სამხედრო კულტურის საკმაოდ დიდ დონეზე მეტყველებს. კოლხთა შეიარაღებაზე აისახებოდა მაშინდელ სამხედრო საქმეში არსებული ძირითადი ტენდენციები, მათი შეიარაღების კომპლექსი მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს "სამხედრო პანოპლიის" ყველა ძირითად კომპონენტს შეიცავდა. ამავე დროს კოლხთა სამხედრო საქმე, ელინისტურ სამყაროში, ერთგვარი გლობალიზაციური ტენდენციების არსებობის მიუხედავად, ყოველთვის ინარჩუნებდა დიდ თვითმყოფადობასა და ტრადიციულ იერსახეს. აღნიშნული, ცხადია, არ ნიშნავს გვერდით მყოფი დიდი ცივილიზაციების (ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური სამყარო, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი და ა.შ.) გავლენის არარსებობას კოლხეთის სამხედრო საქმეზე. მაგრამ უცხოური გავლენა ადაპტირებული იყო ადგილობრივ ნიადაგზე. ზოგიერთ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, სხვა კულტურებზეც კოლხური სამხედრო ტრადიციების გავლენაზე საუბარი შეიძლება. ამავე დროს, სხვადასხვა კოლხურ ტომთა შორის ამ სფეროში საკმაოდ დიდი განსხვავებაც არსებობდა, რაც თუნდაც ქსენოფონტეს მონაცემებიდან ჩანს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტეს მხოლოდ კოლხური სამყაროს ჩამორჩენილ, სამხრეთ ნაწილზე ჰქონდა წარმოდგენა.

<<...დასაწყისი (ნაწილი I)


ლიტერატურა

1. ალ.კალანდაძე. სუხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები. სოხუმი, 1953

2. ნ.ბერულავა. დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები შუა საუკუნეებში (V-XI სს.). თბ., 2009

3. ი.გაგოშიძე. იხტვისის სამაროვანი. Вестник гос. Музея Грузии. , XXV, 1968

4. გაგოშიძე ი. პირველი ს-ის იბერიელი მხედარი. ძიებანი, №13-14. თბ., 2004

5. გ.გამყრელიძე, მ.ფირცხალავა, გ.ყიფიანი. ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები. თბ., 2005

6. ვანი I. კრებ.(რედ. ო.ლორთქიფანიძე). თბ., 1972

7.  გ.ლორთქიფანიძე. საბრძოლო და სამეურნეო იარაღი. ვანი II. ტბ. , 1976

8. კვირკველია

9. ო.ლორთქიფანიძე, რ.ფუთურიძე, ვ.თოლორდავა, ა.ჭანია. არქეოლოგიური გათხრები ვანში 1969 წელს. ვანი II., 1972, გვ. 198-239

10. ჯ.ნადირაძე. საირხე, საქართველოს ძველესი ქალაქი. თბ., 1990

11. Аппиан. Римские войны. Изд-во "Алетейя". СПб, 1994.

12. М. И. Артамонов. Антропоморфные божества в религии скифов.- АС, вып. 2, 1961,

13. Ю. Воронов Вооружение древнеабхазских племен в VI-I вв. до н.э. // Скифский мир. Киев, 1975, с. 218-234

14. Ю. Воронов. Диоскуриада-Себастополис-Цхум. М., 1980

15. Ю. Воронов. Новые материалы античной эпохи из окрестностей Диоскуриады. – Советская археология, 1, 1991, с. 225-234

16. Геродот. История. «Историки античности». т. 1, (Древняя Греция). М., 1989

17. М.Горелик. 3ащитное вооружение персов и мидян ахеменидского времени. Вестник Древней Истории, 1982, №3

18. М.Иващенко. Материалы к изучению культуры колхов. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, 1941

19. Ф.Кардини. Истоки средневекового рыцарства. М., 1987

20. А.Кирпичников. Древнерусское оружие, III. Л., 1971

21. Ксенофонт. Анабасис. «Историки Греции». М., 1976

22.  С.Лавренов, А.Каращук. Армии древней Греции VI-IV вв. до н.э. М., 2001

23. В.Латышев. Известия древних авторов, греческих и римских, о Скифии и Кавказе. СПб., 1904

24. Г.Лордкипанидзе. Колхида в VI-II вв. до н.э. Тб. 1973

25. А.И. Мелюкова Вооружение скифов.- САИ, вып. Д1-4. М., 1964- 312

26. Э.Окшотт. Археология оружия. М., 2004

27. Павсаний. Описание Эллады. В 2 т./Пер. С.П. Кондратьева; под ред. Е.В. Никитюк. СПб., 1996

28. М.Трапш. Древний Сухуми.- Труды, т. II. Сухуми, 1969

29. Е.В.Ч е р н е н к о. Скифский доспех. Киев, 1968,

30. Шамба Г. Абхазия в первом тысячелетии до н.э. Сухум: "Алашара". 2000.

31. Шамба Г. Раскопки древних памятников Абхазии. Сухуми: "Алашара", 1984.

32. Шамба Г. Эшерское городище. Тб., 1980

33. Эрлих В. Р. Местные и импортные традиции в воинской паноплии Абхазии в античное время. www.djeguako.ru/content/view/130/40/1/3/