<უკან დაბრუნება...<<<არქეოლოგიური აღმოჩენები//უძველესი საქართველო>>>
გერმანე გობეჯიშვილი (თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი) - ბედენის აკლდამა // ძეგლის მეგობარი, გამ."საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1967, №12, გვ13-22.
ბედენი ანუ, ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ბენდერი - ხრამ-ალგეთის წყალგამყოფი ზეგანია თეთრიწყაროს რაიონში. მისი კალთები ხშირტყიანი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებული ვრცელი თხემი კი მშვენიერი სუბალპური სათიბი და საბალახოა. სწორედ ამ თხემზე გადის გზა, რომლითაც გაზაფხულზე თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ ერეკებიან და შემოდგომით უკან აბრუნებენ ქართლ-კახეთის ცხვრის ფარებს. ბედენზე აქვს სათავე მდინარე ალგეთს და ხრამის არა ერთ სხვა მარცხენა შენაკადს, რომლებიც რწყავს და აცოცხლებს ქვემო ქართლის ველ-მინდვრებს. დიდ ეკონომიურ მნიშვნელობასთან ერთად, ბედენს არც სილამაზე აკლია; თვალწარმტაცია ვიწრო, მეტწილად მშრალი ხევებით მერიდიანულად დასერილი, მწვანით მოსილი და თითქოს გორა-მარგალიტებით შემკული ველი; აქედანვე იშლება დიდებული პანორამა მცირე კავკასიონის, ქვემო - ქართლის დაბლობისა და მანგლისის მხარისაკენ. მიუხედავად ამ სიკეთისა, ბედენს ბინადარი მოსახლეობა თითქმის არა ჰყავს და, როგორცა ჩანს, ბევრი არც ძველად ჰყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი მასშტაბის მიწადმოქმედებისათვის იგი არ ვარგა; მეტად ხშირია ბაზალტური ქანების ზედაპირული გამოსავლები და გარდა ამისა, მაღალ ზეგანზე (ზღვის დონიდან 1700-1950 მ.) ზამთარში ულმობელი ქარბუქი იცის. ბედენზე პირველად 1956 წ. შედგა ფეხი ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის1.ამ დაწესებულებას ახლა ჰქვია ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი.
ფოტოს წყარო: http://www.kambisene.org/sakartvelos-arkeologia
ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კულტურის უძველესი ძეგლების მოსახილველად. რადგან აქაურ უამრავ ბორცვებს შორის თორმეტიოდე ხელოვნური გორაც დამოწმდა, ეჭვი აღიძრა, რომ მომავალ გათხრას აქ შეეძლო გამოეჩინა თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის უკვე ცნობილ კულტურასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ძეგლები. ამ ვარაუდის დადასტურება, ან უარყოფა, სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა, რადგან ექსპედიცია ბედენს დაბლა ნადარბაზევის მიდამოებში უკვე იკვლევდა ენეოლითის დროის ნასოფლარს და, ამას გარდა, ამზადებდა ბრინჯაოს ხანის რამდენიმე დიდი გორასამარხის გათხრას. მხოლოდ 10 წლის შემდეგ შევუდექით ბედენის გათხრას2.გათხრაში ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ მეცნიერებათა კანდიდატები ნ.ლომოური, კ.მელითაური (არქიტექტორი), ო.ღამბაშიძე, გ.ფხაკაძე, ლ.სახაროვა, მ.ბარამიძე, უმც.მეცნ.თან. ნ.თუშიშვილი (ექსპ. ხელ-ლის მოადგილე), ზ.შატბერაშვილი, ლ.წითლანაძე, შ.ჩართოლანი, კ.კვესი (მხატვარი), ლ.სკლიფასოვკი, თ.ნისკოროდევი (ფოტოგრაფები), ასპირანტი გ.მირცხულავა და რესტავრატორი ო.ბედუკაძე.გამოსაკვლევად ამოვირჩიეთ ერთმანეთთან ახლო მდებარე ორი, ერთი დიდი და ერთი პატარა, გორასამარხი, როგორც ყველა იქაურ ხელოვნურ ბორცვს, ორივე მათგანს ემჩნეოდა ზედაპირზე კრატერისებრი ჩავარდნილობა, რომელიც ზოგჯერ ყრილქვეშ მდებარე სამარხის სახურავის ჩაწოლისას, ზოგჯერაც ასეთ სამარხში მძარცველების ჩასვლის შედეგად ჩნდება ხოლმე. რამდენიმე დღეში გამოჩნდა პატარა გორის ორმო-სამარე, რომელშიაც არც ადამიანის ჩონჩხის და არც რაიმე ხელოვნური საგნის ნაშთი არ დაგვხვედრია. ჩვენ დავასკვენით, რომ სამარე გაძარცულია, მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით აღნიშნული ორმო მხოლოდ დროებითი საცავი იყო ცოტა ხნის შემდეგ დიდ გორაში გადასვენებული მიცვალებულის გვამისათვის. ფრიად დიდი მეცნიერული შედეგი მოჰყვა გამოკვლევას პირველი ძელისა, რომელსაც "გადაჭრილ გორას" უწოდებენ. ზომითაც, აღნაგობითაც და ადგილმდებარეობითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ის დანარჩენი 11 "თანამოძმისაგან". შედარებით უფრო დაბლა, ნაკლებ გამოსაჩენ ადგილებში გაფანტული სხვა გორასამარხები დაზვინულია ქვისა და მიწის ნარევით, და მათი სიმაღლე იშვიათად ჭარბობს 1-1,5 მ., დიამეტრი კი - 20-30 მ. რაც შეეხება ექვსზე მეტი მეტრი სიმაღლისა და 80-ოდე მეტრი დიამეტრის "გადაჭრილ გორას", ქვეშ დაკრძალული შევიცანით, ძლიერი და თავისი დროისათვის მაღალკულტუროსანიც ყოფილა. როცა ტომის სიმძლავრეზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვეყრდნობით, პირველ რიგში, თვითონ გორის შესაქმნელად საჭირო მიწის სამუშაოს მოცულობას. რკინის ბარ-წერაქვის არარსებობის პერიოდში ასეთი გორის დაზვინვისათვის აუცილებელი იქნებოდა მრავალი ასეული მუშახელის ხანგრძლივი და დიდი შრომა. ამას გარდა, გორის ქვეშ ამოთხრილია ვეებერთელა ორმო, რომლის სიღრმე 4,5 მეტრს აღწევს, ხოლო პირისა და ძირის ფართი შესაბამისად უტოლდება 120 და თითქმის 40 კვადრატულ მეტრს.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
დახრილ კედლებიან ამ ორმოში ჩვენ ვნახეთ მუხის მრგვალი მორებისაგან გამართული იშვიათი ნაგებობა, განკუთვნილი ზემოხსენებული მეთაურის გვამისათვის. ეს არის, რამდენადაც ვიცით, აკლდამა მთელს ამიერკავკასიაში დღემდე უცნობი ტიპისა, რომლის კედლებს, ჩვეულებრივისაგან განსხვავებით, შეადგენს ერთმანეთთან მიჯრით მიდგმული სვეტები, რომლებსაც შვეულ მდგომარეობაში დიდ ხანს აჩერებდა მარწუხებივით შემოკრული ხის სარტყლები. მუხის ნაგებობის შიდა სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად უდრის 6,5; 4,5 და 4 მ. როგორც ვხედავთ, აკლდამა ვერ ავსებს ორმოს, რომელშიაც ისაა ჩადგმუღი. ამიტომ ორმოსა და აკლდამის კედლებს შორის დარჩენილი სივრცე შეუვსიათ ხის მორებით, ქვებითა და პლასტიკური თიხით. ამ შევსებას უნდა გაეძნელებინა ნიადაგქვეშა წყლის შეჟონვა აკლდამაში. ნაგებობის იატაკიც და სახურავიც მუხისაა. სახურავის და შემდეგ ზედდადგმული მთელი გორის შეკავება ძირითადად დაკისრებული ჰქონდა ორ დედაბოძს, რომლებიც აღმართულია აკლდამის გრძივ ღერძზე, ერთმანეთისაგან 4,5 მ. მანძილზე. პირველი დედაბოძი უშუალოდ აუყვება აკლდამის დასავლეთ განივ კედელს, მეორე კი დადგმულია აღმოსავლეთი კედლის დასავლეთით 2 მ. მოშორებით. ამით გადიდებულია გამძლეობის უნარი თავშექცევით დაწყობილი კეხის წყვილი ხისა, რომლებიც გაჰყვებოდა ორმოს თავის შუა ხაზს დასავლეთიდან აღმოსავლეთ ნაპირამდე. დედაბოძები უშუალოდ არ ეხება კეხის ხეებს: დასავლეთი დედაბოძის მერცხლისბოლოსავით ამოკვეთილ თავში ზის აკლდამის დასავლეთი სვეტნარი კედლის დამჭერი სარტყლის შიდა მორი. აღმოსავლეთი დედაბოძის ასეთნაირსავე თავზე კი გადადის (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) გარდიგარდმო კოჭი. კეხის ხეები სწორედ ამ სარტყელს და კოჭს ეყრდნობოდა, მათი მეშვეობით კი, ცხადია, - დედაბოძებს, რომლებიც ორმოს ძირიდან ამოდის. კეხის ხეებზე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თავგადადებული იყო მოკლე კოჭები, რომელთა სიგრძე ცოტათი ჭარბობს ორმოს თავის სიფართის ნახევარს. კოჭებს შორის დარჩენილი მცირე ხვრელები შევსებული იყო ხის წვრილი ტოტებით. ესეც არ უკმარებიათ და, აკლდამაში მიწის ჩაცვენის შესაძლებლობის მოსასპობად, კეხის მიმართულებით ოდნავ შემაღლებულ, თითქმის ბანურ სახურავზე დაუფენიათ რომელიღაც ხის (ალბად თელის ან ცაცხვის) მერქნისაგან დიდი ოსტატობით დაწნული ჭილობი. ასეთივე საფარი გაუმეტებიათ იატაკისთვისაც. ბედენის აკლდამის ზემორე აღწერილობა ამ ძეგლს წარმოგვიდგენს პირველყოფილ მდგომარეობაში, ე.ი. ისე როგორც იგი დამარხეს ვეებერთელა გორა მიწით. მისი გათხრის დროისათვის ის მნიშვნელოვნად შეცვლილა; სარტყლის მორების ჩამოცვენის გამო სვეტნარი გრძივი კედლები შიგნით გადაქცეულა, კეხის ხეების დამტვრევის შემდეგ სახურავი ჩაწოლილა და აკლდამა მიწით და სამშენებლო მასალებით ავსებულა. მიუხედავად ამისა, მან ჩვენს დრომდე მოაღწია ისე კარგ მდგომარეობაში, რომ ახლანდელ დაკვირვებულ ხუროთმოძღვარს შეუძლია ზედმიწევნითი სიზუსტით აღადგინოს მისი პირვანდელი სახე. რადგან სამშენებლო მასალად ნახმარი მორების სიმსხო ხშირად 30 სმ-მდე აღწევდა, ადვილი წარმოსადგენია რას გამოიწვევდა სახურავის ჩანგრევა თვით აკლდამაში.
მართლაც, დალეწილა და მიმოფანტულა თითქმის ყველაფერი, რაც ამ ნაგებობაში მანამდე იყო. მხოლოდ ზოგი რამ დაუმალავს და დაუცავს სახურავის ჩაწოლამდე წაქცეულ ზოგიერთ სვეტნარ კედელს, რომელთა ძირები იატაკზე დავარდნილ სარტყლის ხეებზე შეჩერებულა. ამ "ზოგი რამიდან" ცოტა რამემ მოაღწია ჩვენს დრომდე, ბევრი რამ კი, ალბათ ჯერ კიდევ 700-800 წლის წინ იქცა განძის მაძიებლების ნადავლად. მათი კვალი გათხრის პირველსავე დღეებში შეინიშნა და ბოლომდე არ დაკარგულა. მძარცველებმა, ალბათ, წაიღეს ისეთი ფასეულობა, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ოქრო - ვერცხლის ჭურჭლეული, საჭურველი და სამკაული; ძარცვის დროს სიჩქარეში დააზიანეს და მიმოფანტეს, მაგრამ იქვე დასტოვეს, მათთვის უქმი, მეცნიერებისათვის კი უძვირფასესი ხის, თიხის, სპილენძისა და სხვა მასალები. დიდ ადგილს წაგვართმევდა ამ წერილში აკლდამაში აღმოჩენილი ყველა არქეოლოგიური საგნის ჩამოთვლა. ამიტომ დავჯერდებით მათი მთავარი ჯგუფების დასახელებას და მნიშვნელობის შესაძლებლად მოკლე განსაზღვრას. პირველად უნდა ითქვას თვით იმ პირის ნაშთებზე, რომლისთვისაც აუგიათ ზემოაღნიშნული აკლდამა. მისი ჩონჩხიდან მხოლოდ რამდენიმე ძვალი ვიპოვნეთ. ზოგი მათგანი უწესრიგოდ ეყარა თვით აკლდამაში, ზოგიც, ალბათ მძარცველთაგან ამოსროლილი, ვნახეთ გაცილებით უფრო მაღალ დონეზე. აკლდამაში აღმოჩნდა ფაქიზად გამოყვანილი გეომეტრიული სახეებით შემკობილი ხის საკაცის სარეცლისა და აგრეთვე ორღერძიანი დიდი საზიდრის (ურმის) ნაშთები. ეს საფუძველს იძლევა ვამტკიცოთ, რომ დაბალნაპირებიან სარეცელზე დასვენებული ბელადის გვამი საკაცით მდგარა საზიდარზე. ამ უკანასკნელის ბორბლების სიმაღლე 1,5 მეტრზე მეტია. თითეული შედგენილია მალული სოგმანებით და სამსჭვლებით ერთმანეთთან დაკავშირებული ხის სამი სქელი ფიცრისავან, რომელთაგან შუათანას აქვს აქეთ-იქეთ თავ-ბოლო გაშვერილი დიდი მორგვი. დაკვირვება მოწმობს, რომ აკლდამაში ჩაშვებამდე თვლებს დიდხანს უტრიალნიათ ღერძზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საზიდარს ადრე სატრანსპორტო სამეუნეო დანიშნულება ჰქონია. თვლების რიცხვითა და აღნაგობით ის ძალიან ჰგავს უფრო უწინ თრიალეთში აღმოჩენილ ორ სხვა, ოდნავ უფრო მომცრო საზიდარს, სამივე ერთად კი - ძველ წ.ა. III ათასეულის ქვემო მესოპოტამიის (ურის) საზიდრებს. კავკასიის ქედის ჩრდილოეთითაც, შედარებით უფრო ახალგაზრდა ძეგლებს შორის, ცნობილი არის მათი ახლობელი ორეულები. სამწუხაროდ, კიდევ არა გვაქვს გამოკვლეული თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბედენური საზინდრის უბე, ან უძრავი იყო, თუ მოძრაობდა წინა ღერძი. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ წყვილ თათიანი ხელნის ნაცვლად საზინდარს ჰქონდა 3 მეტრზე ცოტა მეტი სიგრძის ცალფა რვილი, ნიჩბისებური ძირითა და გახვრეტილი თავით, რომელიც დამაგრებული უნდა ყოფილიყო უღლის შუაში.
ხის ნაწარმს შორის ბევრი ნივთის დანიშნულება ჯერ კიდევ განსაზღვრული არაა და საგანგებო კვლევას მოითხოვს. ასეთებია, მაგალითად ხერხისებრ დაკბილული ფიცრის 2 ნატეხი, რომლებიც, შესაძლოა, ურმის უბის რომელიმე ნაწილის იყოს, მაგრამ უფრო ბზის და ხვავის სახვეტ არნადს გვაგონებს. მისი არსებობა მოწინავე მიწადმოქმედ-მესაქონლე ტომის უფროსის აკლდამაში მოულონელი არაა მით უფრო, რომ იქვე აღმოჩნდა პურეული კულტურების - ხორბლისა და ფეტვის (ან ღომის) - ნაშთები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამასთან ერთად შემონახულა წაბლი, თხილი და ზოგიერთ კურკოვანთა ბევრი ნაშთი, რომლებიც ერთი შეხედვით, შემგროვებლობის გარკვეულ როლს მიუთითებს; მაგრამ მაღალი ზონის საქართველოს მოსახლეობის ახლო წარსულის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყის ხილის შეგროვება არ შეიძლება გამორიცხავდეს ინტენსიურ მეურნეობას. ასეთი ხილით ხშირად მხოლოდ თავს იქცევდნენ საზოგადო საქმის გასაბჭობად შეკრებილი სოფლისა თუ გვარის უფროსები. დღევანდელ მოწინავე მებაღეობის საქართველოშიც დავიწყებული არაა გარეული ნაყოფის საზამთროდ მომარაგება. ხის ნაკეთობათა სხვა ჯგუფში შედის ნაშთები ტალღისებური სახეებით შემკული ერთ ათეულზე მეტი ჯამის, ტაბაკისა და ხონჩისა. თითქმის ყველა მათგანი სამ დაბალ ფეხიანი ყოფილა; ზოგ მათგანს შვეულად გახვრეტილი წყვილი ყური აქვს. იქვე აღმოჩენილი, ნართისაგან შეგრეხილი მსხვილი ბაწრებით, ალბათ, სხვადასხვა სანოვაგით სავსე ჭურჭელი ჩამოკიდებული იყო აკლდამის ჭერზე ან მხოლოდ დედაბოძებზე, რომლებსაც აქვთ ჯოხის ჩასამაგრებელი ნახვრეტები. კიდევ უფრო ბევრი ყოფილა თიხის ჭურჭელი. აკლდამაში შეგროვებული ნატეხებიდან, სულ ცოტა, უნდა აღდგეს 30-35 ჯამი, კოჭობი, ქილა, ქოთანი და ა.შ. ნატეხთაგან ცოტაოდენი მოწითალოა, თანაც მუქი ფერებით მოხატული. უდიდესი უმეტესობა შავპრიალაა. მათ შორის ბევრი შემკულია ამოჭრილი, ზედნადები ან ჩაზნექილი სახეებით, ბევრსაც არავითარი ორნამენტი არ გააჩნია, მაგრამ მეტად მოხდენილია და მიმზიდველი.
აკლდამის იატაკზე გაწმენდილი საგნების ერთი ჯგუფი (ოქროს ქინძისთავი, თხილი, ხის საკაცე, თიხის ჭურჭლეული, სპილენძის სატეხი და "ბრტყელი ცული")
განსაკუთრებით გამოიყოფა ვერცხლისფრად ბრწყინავ ზედაპირიანი კერამიკის მოზრდილი ჯგუფი, რომლის შესადარებელი მასალები ცოტა გვეგულება კავკასიის არქეოლოგიურ მონაპოვარში. ბედენის აკლდამაში ბლომად ყოფილა ლითონის საგნებიც. როგორც აღვნიშნეთ, ოქროსა და ვერცხლის ნაწარმის საუკეთესო ნიმუშები, ალბად, მიიტაცეს განძის მაძიებლებმა. შემთხვევით გადარჩენილა როკებიან ჯოხებზე, დიდის ოსტატობით შემოჭედილი ვერცხლის მილაკები, რომლებიც შეიძლება იყოს დასაკრძალავი დროშის ან ბალდახინის ნაწილები, აგრეთვე ლილვებიანი გარსაკრავის ნატეხები და ჭურჭლის ქუსლი. აქვე იყო ოქროს დიდი, ორ ვოლუტიანთა ტიპის ქინძისთავი. რომელსაც ამკობს უნაზესი ნაწნავის არშიით გარშემოზღუდული მეანდრი და გულფოსოიან წრეთა მწკრივები. ნაპოვნია სპილენძის სამკაულები და პირსაფარეშო საგნები - როგორიცაა, მაგ.,ამოტვიფრული ბურცულებით დამშვენებული ფირფიტები და დისკოსებური ქინძისთავები. განსაკუთრებულ მნიშნელობას ვანიჭებთ აკლდამაში აღმოჩენილ სპილენძის ორ იარაღს - პირ რკალიან სატეხსა და ე.წ. "ბრტყელ ცულს", რომელიც, სინამდვილეში შეიძლებოდა ერთნაირად მარჯვე ყოფილიყო ხეზე მხატვრული სახეების მკეთელისა და მეტყავის ხელში. მსგავსი ხელსაწყოები ნაპოვნია აგრეთვე თეთრიწყაროს რაიონის ნადარბაზევთან ჩვენი ექსპედიციის გათხრილ სხვა გორასამარხში. ამ აღმოჩენის მნიშვნელობის გასათვალისწინებლად საჭიროა გავიხსენოთ, რომ თრიალეთში სხვა მკვლევართა მიერ გათხრილ თითქმის 50 გორასამარხიდან არცერთში არ ყოფილა ლითონის არავითარი სამეურნეო იარაღი. უნდა ვიფიქროთ, რომ ნადარბაზევ-ბედენის სამარხებში დაკრძალული ბელადები თვითონ იყვნენ თვალსაჩინო ხელოსნები და, ამავე დროს ხელოსნობის მფარველები. ალბათ, ამის გამო "იმ ქვეყნადაც" თან წაიღეს სათანადო იარაღი. ობსიდიანის (შავნაბადა, ვულკანური მინა) რამოდენიმე ისრის წვერით ამოიწურება აკლდამაში აღმოჩენილი საომარი ან სანადირო იარაღი. კაჟისებრ მაგარი და ფიცხი მასალის ეს საგნები ნაკეთებია ისეთი ხელოვნებით, მონდომებით და გემოვნებით, რომ დღესაც საყოველთაო აღტაცებას იწვევს. ძნელია დავიჯეროთ, რომ ამ ისრისწვერთა მფლობელ შვილდოსანს მათი გატყორცნა და დაკარგვა შეძლებოდა დანანებისა და გულისტკივილის გარეშე. ბევრი არქეოლოგიური ისრისწვერია მსოფლიოში ცნობილი, მაგრამ ისე ფაქიზი ხელობისა, როგორიც ბედენში ვნახეთ, მხოლოდ ზემოხსენებულ ნადარბაზევის გორასამარხშია აღმოჩენილი. ალბათ მხოლოდ უმაღლესი კლასის ოსტატი აკეთებდა ასეთ იარაღს, მაგრამ ისიც არა ყველასთვის. საუკეთესო ხელობის სხვადასხვა ნივთებთან ერთად, ეს ისრისწვერებიც მიუთითებს აკლდამაში დაკრძალული მთავარი პირის მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
"მთავარი პირის" მეთქი - ვამბობთ იმიტომ, რომ მისი ჩონჩხის მცირე ნაშთების გარდა აკლდამაში კიდევ აღმოჩნდა თითქმის სრულიად უნაკლოდ დაცული კიდევ ორი ადამიანის ჩონჩხი. მათ ეკავათ ფრიად მოკრძალებული ადგილი აკლდამის თითქმის სიმბოლიურ კართან იატაკზე ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ახლო, სადაც წაქცეულ კედლებს ისინი დაუცავს ჩაწოლილი სახურავის მორებისგანაც და მძარცველთა ხელყოფისგანაც. ერთი ჩონჩხი ქალისა უნდა იყოს, მეორე - ახალგაზრდა ვაჟისა. ორივე ხელ-ფეხმოკეცით დაუკრძალავთ (პირველი მარჯვენა გვერდზე, მეორე კი მარცხენაზე) და თავით დასავლეთით მიუქცევიათ. უნდა ვიფიქროთ, რომ მათი სახით ჩვენ საქმე გვაქვს მსახურებთან, შინა მონებთან ან ეგებ ოჯახისა თუ გვარის რომელიღაც დაქვემდებარებულ წევრებთან. ამას მეტყველებს როგორც მათთვის განკუთვნილი ადგილი აკლდამაში, ისე მათ ახლო ნაპოვნ კულტურულ ნაშთთა სიმცირე. ესენია ხის გულაზე გადაკრული ვერცხლის ფურცლის რამდენიმე წვრილი სამკაული, მოჭიქული ფაიანსის იოტები და ქეჩისა და ქსოვილების ბევრი ნაშთი. ქეჩა, ალბათ, ქვეშ ეფინათ მიცვალებულებს, და ქსოვილები შეიძლება მათივე ტანსაცმელის ნაშთები იყოს. ძლიერ პატარა ნაფლეთია შედარებით სქელი, ძალიან შავი შალისა; დიდი ნაჭერი გადარჩენილა მჭიდროდ ნაბეჭი თეთრი ტილოსაგან. კიდევ უფრო ბლომად მოაღწია ჩვენს დრომდე მუქი ზოლით დამშვენებულმა შვინდისფერი ნაზი ქსოვილის ნაშთებმა. როგორც ირკვევა, მხოლოდ მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი მსახურები შეეფერებოდნენ საუკუნო "თანამგზავრებად" ისეთი მომძლავრებული ტომის წანამძღოლს, როგორზედაც მონაპოვარი მიუთითებს. ერთ-ერთ მსახურს, ალბათ, რთვა - ქსოვის საქმის ხელმძღვანელობაც ევალებოდა, რასაც იქვე აღმოჩენილი ხის თითისტარისა და კვირისთავების ნაშთები მოწმობს.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე. ფოტოს წყარო
აღნიშნული მონაპოვარი დაეხმარება სპეციალისტებს საგანგებოდ გამოიკვლიონ ქართველი ხალხის შორეული წინაპრების საფეიქრო ხელოვნება ძვ.წ. II ათასეულის დამდეგს, რომელ დროსაც მიეკუთვნება ბედენში ახლად მიკვლეული აკლდამა. ეჭვი არაა, ბევრს შეგვძენს მონაპოვრის ლაბორატორიული შესწავლა. მშვენივრად შემონახულ აკლდამის სამშენებლო მასალაზე დაკვირვება ახლავე მოწმობს, რომ იმ შორეული ხანის მელითონეებს უკეთებიათ ბრინჯაოს ისეთი ბასრი ცულები, რომელთა ნაკვალევს ვერ დაიწუნებს ვერც ახლო წარსულის ტყის მჭრელი. ტყიდან მორების სათრევადაც ისეთივე ჭირჭლები, ფოსოები და ამონაცხვირები უკეთებიათ ცულით, ან კარგად პირალესილი სატეხით, როგორც დღესაც ხმარობს სოფლის მოსახლეობა. როცა ბოტანიკოსებს შესასწავლად გადაეცემათ აკლდამაში ნაპოვნი ყველა მცენარეული ნაშთი, შესაძლებლობა შეიქმნება საკმაოდ ნათლად წარმოვსახოთ ბედენის მიდამოების ოდინდელი მწვანე საფარის ხასიათი და განვსაზღვროთ ქვემო ქართლის წამყვანი სამიწადმოქმედო კულტურები. ზოოლოგები გაარკვევენ ამ წერილში აღნიშნულ ცხოველთა ძვლების ნაშთებს. ზემოხსენებული ოთხთვლიანი მძიმე ურემი გამოდგება არა მარტო ბრინჯაოს ხანის ქვემო ქართლის საგზაო მშენებლობის მაღალი კულტურის წარმოსაჩენად, არამედ აგრეთვე იმისათვისაც, რომ ვამტკიცოთ იმ დროს მძლავრი გამწევი პირუტყვის არსებობა. კოლხეთისა და სამგორის გათხრების შემდეგ შემუშავებულ ცოდნას უძველესი ქართული ხითხუროობის შესახებ ბედენის აკლდამამ ახალი ელემენტი შეჰმატა. აღარას ვამბობთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი მონაცემი შევიძინეთ მოსახლეობის სოციალური ყოფის გამოსარკვევად. მონაპოვრის ლაბორატორიული შესწავლის შემდეგ, უეჭველია, აღიძრება ბევრი ახალი დიდი საკითხი, როგორიც შეიძლება, მაგალითად, იყოს ბედენური მასალების პროტოტიპთა წარმომავლობა და კულტურული ნაკადების მიმართულება, ეთნიკური კუთვნილება და სხვა კულტურებთან ურთიერთობა. მათი გადაწყვეტა ერთი გორასამარხის მასალაზე, ცხადია, არ მოხერხდება და მოითხოვს საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების გაფართოებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბედენ-თრიალეთის მონაპოვართა ურთიერთობას. პირველი შთაბეჭდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი მსგავსების იქით მათ შორის განსხვავებაც მოჩანს. უკვე მოესწრო ბედენური კერამიკის ნატეხებიდან ორმოციოდე ჭურჭლის მეტ-ნაკლებად შეკოწიწება; გაირკვა ჭურჭლების ძირითადი ჯგუფების სახე. I ჯგუფსა ქმნის ბიკონუსური მოყვანილობის მკვეთრწიბოვანი სასმისები და მცირე ქოთნები, მათი ერთადერთი სამკაულია მრგვალი ფოსო ყურის პირდაპირ. II ჯგუფი ხასიათდება ცილინდრისებრი ყელით და მრგვალი ტანით; ზოგ მათგანს ამკობს მრგვალი ღარები და კოპთა მწკრივები, "მარგალიტის ორნამენტსაც" რომ ეძახიან. III ჯგუფში მოთავსდება ცილინდრულ ტანიანი სასმისები, რომელთაგან ერთს აქვს ჭრილი და ჩაზნექილ-ამოზნექილი ორნამენტები. IV ჯგუფში ვაერთიანებთ სფერულტანიან ორიოდე ჯამს. ოთხივე ჯგუფის ყველა ჭურჭელს აქვს მხოლოდ და მხოლოდ თითო ყური, "ენეოლითური" ტრადიციების მატარებელი.
მცირე ფორმებში აგრეთვე უნდა დავასახელოთ მილიანი "ჩაიდანი", სამფეხა თეფში და ორი ჭურჭლისგან შედგენილი კოხტა "მარანი", გარდა ამისა, არის სამი დიდი დერგი, ზედდებული, ან ჩაზნექილი სახეებით შემკული. როცა დასახელებული კერამიკის ორეულების ძებნას ვიწყებდით, ყურადღება მიიპყრო პროფ. ო.ჯაფარიძის 1966 წ. მონაპოვარმა შულავერის გორასამარხებში; თუმცა იგივეობა არაა, მაგრამ ნათესაობა ამ მასალებში შესამჩნევია. ძალიან ახლო შესატყვისები მიგვითითა დოც. ე.გრიგოლიამ მის მიერ გამოკვლეულ ხოვლეს გორასამარხის ინვენტარში. ე.გოგოძემ გადმოგვცა თრიალეთის გორასამარხთა ინვენტარის კომპლექსების ფოტოპირები, რომლის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ თრიალეთის ცნობილი კულტურა ბედენის მომდევნო დროისაა. ჩრდილო კავკასიაში ბედენის თანამედროვეა მაიკოპის კულტურა და მისი განშტოებანი. ბედენის მონაპოვარმა აჩვენა "მტკვარ-არაქსის კულტურის" ტრადიციების შემონახვა. უფრო სუსტი კავშირი აჭვს მას ადრინდელ ხეთურ და ხურიტულ კულტურებთან, საკმაოდ მჭიდრო - ურუკის კერამიკულ ფორმებთან. კვლევის შედარებითი მეთოდით ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ბედენის მასალებს უკავიათ შუალედი ქრონოლოგიური ადგილი "მტკვარ - არაქსისა" და თრიალეთის კულტურებს შორის, ერთმანეთთან აკავშირებენ მათ და მიუთითებენ ეთნო - კულტურული განვითარების უწყვეტობას ბრინჯაოს ხანის ამიერკავკასიაში. ბედენის აკლდამის თარიღი შეიძლება დაიდოს ძვ.წ. III ათასეულის ბოლო მეოთხედში, ან II ათასეულის პირველსავე საუკუნეში. ეს უნდა შეამოწმოს ხის მასალის გამოკვლევამ რადიო - ნახშირბადის მეთოდით.
|