<უკან დაბრუნება...<<<ამბროლაურის რ - ონის ძეგლები>>>
სხვავის თემი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ-ს დაშორებით, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრს კრიხულის ხეობით უკავშირდება. თემში შედის ორი სოფელი: სხვავა და ფუტიეთი, სადაც ცხოვრობს 122 კომლი 61 გვარის მოსახლეობით. თემში ფუნქციონირებს სასოფლო ბიბლიოთეკა, რომლის საცავში დაცულია 4000-მდე წიგნი და სოფლის ამბულატორია, სადაც მოსახლეობას ემსახურება ექიმი და ექთანი. სხვავის თემი მოიცავს 381,4 ჰა ფართობის სახნავ-სათეს, 122 ჰა ფართობის სათიბს და 29 ჰა ფართობის საძოვარს. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, ძირითადი მიმდინარეობა კი, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა. თემს გარკვეულ საშიშროებას უქმნიან ბუნებრივი კატასტროფები: წვიმის დროს წყალმოვარდნები, დიდთოვლობა და ცენტრალურ გზაზე, ღვადიეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მეწყერი. აღსანიშნავია, რომ გზა პერიოდულად იწმინდება. სოფლის სახელწოდება უკავშირდება ორ დიდ მეფეს: მეფე ვახტანგ გორგასალს და თამარ მეფეს... ლეგენდა გვიამბობს, რომ ვახტანგ გორგასალს ნადირობის დროს ჩამოუვლია სოფელში. სიცხე ყოფილა და მეფეს ერთ ადგილას შეუსვენებია. საღამო ხანს გრილ ნიავს დაუბერავს და ვახტანგ მეფეს აღტაცებით წამოუძახებია" - აქ სულ სხვა ჰავა არისო"... მეორე ლეგენდით კი, თამარ მეფეს რაჭაში მოგზაურობის დროს სოფელში შუსვენებია, სიცხისაგან შეწუხებულს წარმოუთქვამს: "აქ სულ სხვა ჰავა არისო". ასე დაერქვა სოფელს "სხვავა". სოფლის მდინარე კრიხულა, რომელიც მიწის ზედაპიროდან იღებს სათავეს, ძალიან ცივია და სუფთაა, მასში უხვად ბინადრობს კალმახი. სოფელ სხვავაში, ქვათაძეების უბანში არის ბუნებრივი გოგირდოვანი წყალი, რომელსაც დღესაც იყენებს საჭიროების დროს. არის ბუნებრივი გამოქვაბული "საყინულე", რომელიც 9 კმ-ზეა გადაჭიმული, შიგნით ყინულის ლოდებია. გამოქვაბული ზღვის დონიდან 1310 მეტრზეა. აქ წლის ოთხივე დროს 00-ზე ნაკლები ტემპერეტურაა. ქვათაძეების უბანში მდებარეობს XI საუკუნის ციხე-სიმაგრე "კვარაციხე”, რომლის შესახებაც ასეთი თქმულებაა შემორჩენილი - ამ გვარის ხალხი მოუყვანიათ კვარაციხის მშენებლობის დროს ქვის ოსტატებად და ციხის აშენება დაუვალებიათ, მათაც კვარის შუქზე ააშენეს ციხე, ამიტომ ჰქვია "კვარაციხე". შემდეგ მისი ამშენებლები ციხის ძირში დასახლებულან, რადგანაც ქვის ოსტატები იყვნენ ქვათაძეები და დღესაც ციხის ძირში ცხოვრობს ქვათაძეების უბანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია თემის წმინდა ადგილები: ბედელაძეების უბანში ყოვლაწმინდა სამების ეკლესია, რომელიც 1991 წელს მიწისძვრამ დააზიანა. ძელი ჭეშმარიტი (ძელიცხოველი) აშენებულია იმერეთის ეპისკოპოსის ქიქოძის მიერ, ეკლესიის ერთ-ერთ ქვაზე იკითხებოდა წარწერა "აშენებულია ჩ.ყ.ს.ა წელსა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის განკარგულებით.” ტაძარი იყო სამგუმბათოვანი, შენობა 1991 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. დვლების უბანში არის მთავარანგელოზის ეკლესიის ნანგრევი. სხვავის "წმინდა ნინოს" სახელობის ეკლესიის ნანგრევში დიდი მოცულობის ბზები ხარობს. აღსანიშნავია "აკავანას" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი. ასევე, თემის ტერიტორიაზე, ველტყევში ბერების მონასტერია, რომელიც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე მოქმედი იყო. დღეის მდგომარეობით იქ ნანგრევებია შემორჩენილია. სხვავაში წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელიც დანგრეული იქნა 1924 წელს, დღეს მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს სოფელ დიღომში არსებული წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელი მამა დავით (ისაკაძე).. სახალხო დღესასწაულებიდან აღსანიშნავია "კოხინჯრობა", მოსახლეობა ამ დღესასწაულს ყოველი წლის 23 მაისს აღნიშნავს. თემის მეორე სოფელში, ფუტიეთში აღსანიშნავია შემდეგი წმინდა ადგილები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, ყოვლადწმინდა სამების ეკლესია. დედა ღვთისა და ნამეყნოვანის წმ.გიორგის ეკლესიები. აგრეთვე, მაცხოვრის ეკლესია-ნამონასტრალზე კვირაცხოველი შემორჩენილია დღემდე ნანგრევებად.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.389914164200.153791.291794199200&type=3
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10150485914589201&set=a.389914164200.153791.291794199200&type=3&theater
სხვავის ეკლესიები (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.186-190. - სოფ.სხვავაში მდებარე კვარაციხის, "ძელი ჭეშმარიტის" ეკლესიისა და წარწერების აღწერილობა.
2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. სხვავა //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VIII. - ტფ., 1935. - გვ.289-292. - სოფ.სხვავაში მდებარე კვარაციხისა და "ძელი ჭეშმარიტის" კედლებზე შემორჩენილი სამი ხუცური წარწერისა და სიძველეების აღწერილობა, ძეგლის სავარაუდო დათარიღება. ტექსტს დართული აქვს ჩუქურთმიან-წარწერიანი ქვის ნატეხის ფოტო (გვ.XIV).
3. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.131-132. - ქვემო სხვავის ეკლესიის წარწერების ანალიზი.
4. სხვავა //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.). - თბ., 1980. - გვ.171-172. - "ძელი ჭეშმარიტის" ეკლესიის წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, მათი შესრულების სავარაუდო თარიღი.
5. ზემო სხვავას წმ.სამების ეკლესია. სხვავას ჯვართამაღლების ეკლესია. შუა სხვავას წმ.გიორგის ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსობის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.17; გვ.28; გვ.35. - მოცემულია 1811-1917 წწ. ეკლესიების მოღვაწე მღვდლების სია.
6. ბაქრაძე სვიმონ ნიკოლოზის ძე. "თქვენს პატივცემულ გაზეთში..." //გაზ. "დროება".-1885(1 მარტი). - N46. - გვ.3. - სხვავის იოანე ნეთლისმცემლის სახ. მონასტრის შესახებ.
7. მ-შვილი, ნ. ონი //გაზ."დროება". - 1885 (5 თებ.). - N26. - გვ.2. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტრის უყურადღებოდ მიტოვების გამო.
|