topmenu

 

ა.ტუღუში - დემეტრე გურიელის მეფობის თარიღი

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს მეფეები//მემატიანე>>>

ა.ტუღუში - დემეტრე გურიელის მეფობის თარიღი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 111, №1, 1983 წ., გვ. 165-167

ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" წერს, რომ დარეჯან დედოფლისა და მისი ქმრის, მეფე ვახტანგ ჭუჭუნიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1668 წ., იმერელმა დიდებულებმა "მოიყვანეს გურიელი დემეტრე და დასუესო მეფედ" ([1], გვ.839). აი, ამ ცნობას დღემდე შეცდომაში შეჰყავს მკვლევარები დემეტრე გურიელის გამეფების თარიღის საკითხში. გამოკვლევებსა და საცნობარო ნაშრომებში დემეტრეს გამეფების თარიღად მითითებულია 1660, 1663/64 და 1668 წწ. [2-7]. მეტიც, ერთ-ერთ ნაშრომში დემეტრე გურიელის სამეფო ტახტზე ასვლის ორი სხვადასხვა თარიღია მითითებული - 1663 და 1668 წწ. [8]. ვახუშტისეულ თარიღს დემეტრე გურიელის იმერეთში გამეფებისა ეწინააღმდეგება თვითონ მეფე დემეტრეს მიერ ქაიხოსრო და პაატა წერეთლებისათვის ბოძებული წყალობის სიგელი, რომელსაც თარიღად უზის 1663 წ. [9] და მისმიერვე იმერეთს მეფობისას გაცემული მეორე სიგელი, რომელიც სვიმონ ჩხეტიძის კათალიკოსობის ხანით, 1660-1666 წწ. თარიღდება (Sd-2935). ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი (1643-1713 წწ.), რომელიც დემეტრეს მეფობის დროიდან სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ იყო საქართველოში (კერძოდ, სამეგრელოში), დაწვრილებით აღწერს მისი გამეფების ამბებს. შარდენის მიხედვით, მას შემდეგ რაც სიცოცხლეს გამოასალმეს ხოსია ლაშხიშვილი, იმერელი დიდებულები განუდგნენ ჭაბუკ მეფე არჩილს, მათთან პირშეკრული ახალციხის ფაშა კი იმერეთში შემოიჭრა ლაშქრით. მეფე არჩილმა ეს ამბავი მამამისს, ქართლის მეფე ვახტანგ V (შაჰნავაზს) აცნობა. ეს უკანასკნელი ლაშქრით შეწევნას დაჰპირდა თავის ძეს, მაგრამ მას ახალციხის ფაშამ დაასწრო, ის ისე სწრაფად შევიდა იმერეთში, რომ არჩილმა ძლივს მოასწრო გაქცევა. არჩილი მამას ეახლა თბილისში. რამდენიმე დღის შემდეგ ქართლის მეფეს შეატყობინეს, რომ ახალციხის ფაშამ ქუთაისში თავისი ციხიონი ჩააყენაო. ამან და იმანაც, რომ სულთნის მოთხოვნის გამო შაჰმა ვახტანგ V არჩილის იმერეთიდან გამოწვევა უბრძანა, ჩაშალა ქართლის მეფის მორიგი ლაშქრობა იმერეთში. ახალციხის ფაშამ იმერეთის დიდებულები დაიბარა და ახალი მეფის ერთგულებაზე დააფიცა. "ეს იყო გურიის მთავრის ვაჟიშვილი, წმ.ბასილის ორდენის ბერი. მან გაიძრო ბერის ტანსაცმელი და გვირგვინი დაიდგა" - წერს ჟან შარდენი [10]. მართალია ჟან შარდენი არ გვამცნობს სახელს იმერეთს გამეფებული გურიელისა, მაგრამ სამაგიეროდ გვაუწყებს, რომ ეს გურიელი ნაბერალი იყოო. ასეთი ვინმე კი ქართული წყაროების ერთხმად ჩვენებით დემეტრე გურიელი გახლდათ [11,12]. 1663 წ. არჩილს უკვე კახეთის მეფედ ვხედავთ. მაშასადამე, დემეტრე გურიელი 1663 წელსვე, ან ამაზე ადრეღა შეიძლებოდა იმერეთს გამეფებულიყო. დემეტრე გურიელის გამეფებისა და ტახტიდან ჩამოგდების თარიღების დასადგენად ძვირფასი ცნობაა დაცული იმერეთში ამ დროს მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლების ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, გენათელ ეპისკოპოს გედეონ ლორთქიფანიძის მიერ შედგენილ ქრონიკაში. ამ ქრონიკის მიხედვით მეფე ბაგრატ IV ტახტიდან ჩამოგდების (1660 წ. ივლისი) შემდეგ „სამს წელიწადს იმერეთი ოხერ და უმკვიდრო იქმნა. ზოგჯერ დადიანს ეპყრა, ზოგჯერ ყიზილბაშთაგან, ზოგჯერ ურუმთაგან და ერთ წელიწადს გურიელიც მეფობდა და გ (ე.ი. მესამე - ა.ტ.) წელიწადს კათალიკოზმა ჩხეიძემ სვიმეონ და მისმა ძმამ სახლისხუცესმა სეხნიამ და გენათელმა გედეონ დიდის ცდითა მოიყვანეს და გააბატონეს [მეფე ბაგრატ]" [13]. როგორც ვხედავთ, ამ ქრონიკაში გარკვევით წერია, რომ გურიელი გამეფდაო მას შემდეგ, რაც არჩილ მეფე "ყიზილბაშთაგანი" წავიდა იმერეთიდან. ამასთან ნათლად ჩანს, რომ დემეტრე გურიელის მეფობით მთავრდება ის სამწლიანი ხანა, როდესაც "იმერეთი ოხერ და უმკვიდრო" იყო. ეს სამი წელიწადი კი 1660 წ. ივლისიდან აქვს ნაანგარიშევი, გედეონ ლორთქიფანიძეს. მაშასადამე დემეტრე გურიელი 1663 წ. მართლაც მჯდარა იმერეთის სამეფო ტახტზე, მაგრამ, გედეონ ლორთქიფანიძის ქრონიკის მიხედვით შესაძლებელი ხდება კიდევ უფრო დაზუსტება მისი ზეობის ხანისა. ამ წყაროს მიხედვით ბაგრატ IV იმერეთში მეორედ გამეფება  1663 წ. გიორგობისთვეში ანუ ნოემბერში მომხდარა ([13], გვ.73). რადგან  გედეონ ლორთქიფანიძისავე ცნობით დემეტრე გურიელს ერთი წელიწადი უმეფია, მისი დამხობის აქ მოცემული თარიღიდან უკუათვლით, გამეფების ზუსტ თარიღსაც ვადგენთ. ესაა 1662 წ. მიწურული. ამ ორი თარიღის დადგენის შემდეგ შესაძლებელი ხდება კიდევ ორი სხვა თარიღის დაზუსტება. თუკი დღემდე გიორგი გურიელის გურიის სამთავროში ტახტზე ასვლის თარიღად 1664 წელი მიაჩნდათ ([6], გვ.137). ახლა უკვე ეს თარიღი 1662 წლის მიწურულით უნდა განისაზღვრთს, რადგან გიორგი გურიელი დემეტრე გურიელის დამხობის შემდეგ იქნა გამთავრებული. ცხადია, ასევე უნდა გადათარიღდეს იმერეთიდან არჩილ მეფის გაქცევა-გაწვევაც. არჩილის მიერ იმერეთის დატოვების თარიღად 1662 წ. მიწურული უნდა მივიჩნიოთ ნაცვლად 1663 წ.

ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი.