topmenu

 

"ანტიოქიის" ეკლესია - აღწერა, ისტორია, მდებარეობა,

<უკან დაბრუნება

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

არქიტექტურული აღწერა:

ანტიოქიის ეკლესია მცხეთაში - არქიტექტურული ძეგლი. დგას მდუნარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან. შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან. ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდ-ის ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთ კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი - ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. ეკლესია დარბაზულია (7,9X4 მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა ნიშებია. აფსიდის მხრის ძირში, სამხრეთით, და სარკმლის წირთხლში, ჩრდილოეთით, ჩასმული ორნამენტებიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთის მხართან შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია (გვიანდელია). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრ-ით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით - პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრით - კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთის კედლის თაღიც ეყრდნობა. სამხრეთის კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება. ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას (აღმოსავლეთით სუბსტრუქციაა). აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი პროფილირებულია. შემორჩენილია გვიანდელი ლავგარდნის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურულია ცალფერდა სახურავით. ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული (5,2X4,67 მ) ორსართულიანი კარიბჭე. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით. აქ ორმაგი თაღი (აღმოსავლეთისა ამოშენებულია) შუაში ჯვაროვანი გეგმის ბოძს ეყრდნობა, არაწესიერი ფორმის ცილინდრული კამარის სამი საბჯენი თაღი კი კონსოლებს; კედლები შელესილია. დასავლეთის კედლის სარკმელი ამოქოლილია. ფასადები დასრულებულია ორმაგლილვიანი ლავგარდნით. კარიბჭის მეორე სართულისგან (სათავდაცვო კოშკისგან) შემორჩენილია სათოფურეებიდან კედლების მცირე ნაწილი.