<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს მეფეები>>>
მარიამ დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული, მეუღლესთან – ბიზანტიის იმპერატორ ნიკიფორე III ბოტანიატთან
ფოტოების წყარო: http://burusi.wordpress.com/2009/10/31/bagrat-iv/#
ი.ანთელავა - საქართველოს სამეფო სახლის გენეალოგიიდან XI ს.//საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.III, №2, 1983, გვ.437-440
(წარმოადგინა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა მ.დუმბაძემ 27.12.1982)
სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი, რომ ბაგრატ IV (1027-1072 წწ.) ჰყავდა ქალიშვილი, მართა, რომელიც იყო ბიზანტიის ვასილევსების მიხეილ VII დუკას და ნიკიფორე ბოტანიატესის მეუღლე. ცნობილია ისიც, რომ მართას ბიზანტიური წყაროები იცნობენ "მარიამი" სახელით და ამიტომაც იგი უფრო ხშირად მართა-მარიამის ან უბრალოდ მარიამის სახელით მოიხსენიება სამეცნიერო ლიტერატურაში. სათანადო წყაროების განხილვამ დაგვარწმუნა, რომ ბაგრატ IV ჰყავდა კიდევ ერთი ქალიშვილი - სახელად მარიამი. მართას ბიზანტიაში შერქმეული სახელის დამთხვევა მისი დის მარიამის სახელთან, საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ ბაგრატ IV მეორე ქალიშვილი საერთოდ შეუმჩნეველი დარჩა მკვლევარებისათვის. ქართულენოვან წყაროებში ბიზანტიის დედოფალი მართა - მარიამი ყველგან მართად იწოდება. 1066 წ. ერთ მინაწერში აღნიშნულია: "დაიწერა ჴელითა სიმეონ დვალისაჲთა... მეფობასა დუკისასა, მას ჟამსა ოდეს ბაგრატის ასული მართა სამეფოს იყო" [1]. ბაგრატ IV ეს ქალიშვილი რამდენჯერმეა ნახსენები გიორჯი მთაწმინდელის "ცხორებაში" და როგორც წესი, მხოლოდ მართას სახელით [2]. "მატიანე ქართლისას" ცნობით: "დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თჳსი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა" [3]. ბიზანტიის ქართველი დედოფალი მართად იწოდება 1105 წ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სინოდიკონშიც [4]. მართა მარიამად იწოდება ათონის ერთ აღაპში, სადაც იქვე განმარტებულია, თუ ვისზეა საუბარი: „დედოფლისა ჩუენისა მარიამ მართა ყოფილისაჲ..." [2].
მარიამ დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული, მეუღლესთან – ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VII დუკასთან ერთად
ბიზანტიის დედოფალს მართა ეწოდება სხვა ქართულენოვან მასალაშიც (მაგ. კაპპათის მონასტრის ხელნაწერთა მინაწერებში). გავეცნოთ იმ მასალებს, სადაც ნახსენებია ბაგრატ IV ქალიშვილი მარიამი, რომელსაც უკლებლივ ყველა მკვლევარი მართასთან აიგივებს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის დასთან უნდა გვქონდეს საქმე. გრიგოლ ღვთისმეტყველის "სწავლათა" და ცხოვრების ხელნაწერის "პირველსავე ფურცელზე ხელოვნურად დახატულ არშიებში ოქროს ასოებით აწერია ასომთავრულად: "წმიდაო გრიგოლი ღთის მე~ტყლო, მადლითა და შეწევნითა შენითა მოჰმადლე და ღირს ყავ წმიდათა ამათ სიტყუათა შენთა აღწერად და აღსრულებად სარწმუნოებით მვედრებელსა შენსა და სურვილით მეძიებელსა წმიდათა სწავლათა შენთასა მჴევალსა შენსა მარიამს ბაგრატ აფხაზთა მეფისა და სევასტოსის ასულსა, ამინ",[1]. თ.ჟორდანიას ეს მარიამი მიაჩნია მართად. ციტირებული ცნობის მარიამის მართა დედოფალთან გაიგივება ფრიად საეჭვოა შემდეგ გარემოებათა გამო: თუ ხელნაწერი "აღწერილია" მართას გათხოვების შემდეგ, იქ აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს მისი დედოფლობა ბიზანტიაში, ხოლო თუ გათხოვებამდე (როგორც ფიქრობს თ.ჟორდანია), მაშინ ბაგრატის ასული მოხსენიებული უნდა იყოს მართად და არა მარიამად. მარიამი ხომ მას ბიზანტიაში შეარქვეს გათხოვების შემდეგ. მანამდე მას მართა ეწოდებოდა და ამ სახელით მითხოვდა იგი მიხეილ VII დუკას. ვფიქრობთ, ციტირებული წყაროს მარიამი, "ბაგრატ აფხაზთა მეფისა და სევასტოსის ასული" არის არა მართა დედოფალი, არამედ მისი და - მარიამ ბაგრატის ასული. იმავე პირზე უნდა იყოს საუბარი "მატიანე ქართლისას" ცნობაში, სადაც ბაგრატ IV გარდაცვალებაა აღწერილი. მომაკვდავ ბაგრატთან "მოვიდა დედა მისი მარიამ დედოფალი, და ცოლი მისი ბორენა, და ასული მისი მარიამ" [3]. მკვლევარებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ აქ საუბარია ბიზანტიის დედოფალ მართა-მარიამზე. ზოგი მკვლევრის აზრით, მართა საგანგებოდ ჩამოსულა საქართველოში მომაკვდავ მამასთან გამოსამშვიდობებლად [5]. ცხადია, სავსებით შესაძლებელია ეს ასეც ყოფილიყო, მაგრამ უნდა აიხსნას ზოგი რამ. კერძოდ, რატომ უწოდებს "მატიანე ქართლისა" ბაგრატის ასულს მარიამს, მაშინ როდესაც უფრო ადრე იგი მართას სახელით ჰყავს მოხსენიებული?! ამასთან, ბაგრატ IV ავადმყოფობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას დაეცა "სალმობა მუცლისა" და მალე გარდაიცვალა [3].
მარიამ დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული, მეუღლესთან, ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VII დუკასთან და ვაჟთან კონსტანტინე ბატონიშვილთან ერთად.
საეჭვოა, ბიზანტიის დედოფალს საქართველოში მამასთან გამოსამშვიდობებლად ჩამოსვლა მოესწრო. შეუძლებელია ისიც, რომ ბიზანტიის დედოფლის საგანგებოდ საქართველოში ჩამოსვლა არ აღენიშნა "მატიანე ქართლისას" ავტორს. აშაარაა, ჩვენი აზრით, რომ „მატიანე ქართლისაში" დამოწმებული მართა, რომელიც "ბერძენთა მეფეს" მითხოვდა და მარიამი, რომელიც მომაკვდავ მამას ბაგრატ IV თავს ადგა, სხვადასხვა პირია. ეს რომ ასე უნდა იყოს, უფრო მკაფიოდ ჩანს ერთი უაღრესად საინტერესო ცნობიდან: "ითარგმნა უკუე წიგნი ესე მეტაფრასი ქალაქსა შინა სამეუფოსა კოსტანტინოპოლის, მონასტერსა შინა ყოვლად შუენიერსა ტრიანდაფლივს დედისა ღმრთისასა უღირსისა მიერ თეოფილეს რეცა ხუცეს მონაზონისა და მათვე ჴელითა მიერ დაინუსხა დასაბამითგან წელთა ექუსი ათას ხუთას ოთხმეოც და მეცხრესა, ინდიკტიონსა ოთხსა ბერძნულად; მეფობასა აღმოსავლეთს გიორგი კესაროსისა, ბაგრატის ძისა, რომლისა ბრძანებითა ვიწყეთ თარგმნად წიგნთა ელლინურისაგან ქართულად, ხოლო საბერძნეთს დედოფლობასა მართა, მისივე გიორგის დისასა და მეფობასა ნიკიფორე ბოტიანატისა და ალექსი კომნინისა, მას ჟამსა ოდეს ბაგრატის ასული მარიამ დედოფალი აღმოსავლეთით კონსტანტინეპოლეს შემოვიდა" [1,6]. ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწის თეოფილე ხუცესმონაზონის [7,8] ეს ცნობა მრავალმხრივ საყურადღებოა. ხელნაწერის „დანუსხვა“ თეოფილეს დაუმთავრებია 1081 წ., „აღმოსავლეთს" (საქართველოში) გიორგი კესაროსის მეფობის დროს, როდესაც საბერძნეთში დედოფლობდა "მისივე გიორგის და" - მართა. ბიზანტიის მეფეებად დასახელებული არიან "ნიკიფორე ბოტინატი" და "ალექსი კომნინი" ე.ი. ხელნაწერი გამზადებულია მაშინ, როცა ნიკიფორე ტახტიდან გადააყენეს და ალექსი I კომნინოსი გამეფდა. სწორედ ამ დროს, საქართველოდან კონსტანტინოპოლს "შემოსულა" "ბაგრატის ასული მარიამ დედოფალი". თეოფილე ხუცესმონაზონის ცნობიდან სავსებით გარკვეულად ჩანს, რომ "საბერძნეთის დედოფალი მართა" და "ბაგრატის ასული მარიამ დედოფალი" სხვადასხვა პირია. თუ მათ გავაიგივებთ, აუხსნელი დაგვრჩება ერთსა და იმავე ცნობაში რატომ იწოდება იგი ხან მართად და ხან მარიამად. "აღმოსავლეთით კოსტანტინეპოლეს" შემოსული მარიამ დედოფალი რომ ბიზანტიის დედოფალი მართა-მარიამი არაა, სხვა გარემოებაც ამტკიცებს. ნიკიფორე ბოტანიატესის ტახტიდან ჩამოგდებისა და ალექსი I კომნინოსის გამეფების დროს, როდესაც თეოფილეს ხელნაწერი "დაუნუსხავ", მართა-მარიამი საქართველოში ვერ იქნებოდა და ვერც იქიდან კონსტანტინოპოლში „შემოვიდოდა". სპეციალურ ლიტერატურაში გარკვეულია, რომ მართა-მარიამი აქტიურად მონაწილეობდა კომნინოსების შეთქმულებაში თავისი მეორე ქმრის, ნიკიფორე ბოტანიატესის წინააღმდეგ [9].
მარიამ დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული, მეუღლესთან – ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VII დუკასთან ერთად
მართამ ჯერ კიდევ აჯანყების წინ დაადებინა პირობა ალექსი კომნინოსს, რომ მის ვაჟს, კონსტანტინე პორფიროგენეტს თანამეფედ გახდიდნენ [6], ხოლო როცა ბოტანიატესი ტახტიდან ჩამოაგდეს, "დედოფალი მარიამი (მართა - ი.ა.) და მისი ვაჟი კონსტანტინე... ჯერ კიდევ სასახლეში ცხოვრობდნენ... მას (მართას - ი.ა.) არ უნდოდა და არ გამოდიოდა სასახლიდან, რადგან ეშინოდა, რომ მის ვაჟს ცუდი რამ არ შემთხვეოდა, თუ სასახლიდან გავიდოდა, რადგან მისი უშიშროება უზრუნველყოფილი არ იყო. ხოლო მეფეები რომ იცვლებიან, ისეთი საშიშროება ყოველთვის არის მოსალოდნელი" [6].ალექსი I კომნინოსის გამეფების შემდეგ მართა-მარიამმა მიიღო ქრიზობული კონსტანტინეს თანამეფობაზე და მხოლოდ ამის მერე გადავიდა საცხოვრებლად მანგანაში [6]. აღწერილი მოვლენების დროს, "მას ჟამსა" საქართველოდან კონსტანტინოპოლში "შემოსული" "ბაგრატის ასული მარიამ დედოფალი" უკვე ამ მასალის გათვალისწინებითაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბიზანტიის დედოფალ მართა-მარიამად. თეოფილე ხუცესმონაზონი ცნობას გვაწვდის მართას დის, მარიამ დედოფლის კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე. მართა-მარიამი და მარიამი რომ სხვადასხვა პირია, შეიძლება დადგინდეს ზოგი სხვა მასალის მიხედვითაც. 1105 წ. რუის-ურბნისის კრების სინოდიკონი მართას "მრავალჟამეულს" უსურვებს, ე.ი. მართა ამ დროს ცოცხალია. რაც შეეხება მარიამ დედოფალს, იგი ამ დროისათვის მიცვალებული უნდა იყოს. წყაროსთავის მათეს სახარების მინაწერში, რომლის ავტორია ეგნატი ხუცესმონაზონი, აღნიშნულია: „სადიდებელად და სალოცველად ღვთივგჳრგჳნოსანთა მეფეთა ჩ~ნთა: სულითა განათლებულისა კურთხეულისა დედფლისა მარიამისა, და ძმისა მათისა გიორგი მეფეთ მეფისა და კესაროსისა და ძისა მათისა დავით მეფისა და სევასტოსისა და სანატრელისა დედისა მათისა ელენე დედოფლისა..." [1,10]. ეგნატი ხუცესმონაზონის მინაწერში მოხსენიებულია სამეფო სახლის ორი გარდაცვლილი და ორი ცოცხალი წარმომადგენელი. ფორმულა "სულითა განათლებული კურთხეული“ დედოფალი ცხადად მიგვითითებს, რომ ასეთად წოდებული მარიამი გარდაცვლილია, ისევე როგორც დავით მეფისა და სევასტოსის "სანატრელი დედა" ელენე დედოფალი. ნათელია ისიც, თუ ვინაა დედოფალი მარიამი - იგი გიორგი II დაა ("ძმისა მათისა გიორგი მეფეთმეფისა"). მინაწერი, თ.ჟორდანიას აზრით, 1089-1091 წლებისაა [1]. ვფიქრობთ, მინაწერის ასე ზუსტი დათარიღება ძნელია, მაგრამ საყურადღებოა, რომ იქ დავით აღმაშენებელი სევასტოსის ტიტულით იხსენიება. ცნობილია, რომ უფრო მოგვიანებით იგი პანიუპერსევასტოსიც იყო [1,11]. თ.ჟორდანიას არ მიუქცევია სათანადო ყურადღება ფორმულისათვის "სულითა განათლებული კურთხეული" და მარიამი მიიჩნია მართა-მარიამად. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დავით აღმაშენებლის სევასტოსობის დროს "სულითა განათლებულად და კურთხეულად" (ე.ი. გარდაცვლილად) მოხსენიებული მარიამ დედოფალი, გიორგი II და, ვერ იქნება "მართა ავღჳსტინა" რომელსაც რუის-ურბნისის კრება "მრავალჟამეულს" უთვლის. რუის-ურბნისის კრების სინოდიკონში არის ასეთი მოსახსენებელი: "წმიდისა დედოფლისა და ღმრთივ სულიერისა დედისა ჩუენისა მარიამ მონაზონისა საუკუნომცა არს ჴსენებაჲ" [4]. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს მარიამ მონაზონი უნდა იყოს ბაგრატ IV დედა, სენექერიმ არწრუნის ქალი მარიამი [12]. არაა გამორიცხული, რომ აქ საქმე გვქონდეს არა გიორგი II ბებიასთან, არამედ დასთან, ბაგრატ IV ასულ მარიამ დედოფალთან. ყოველივე ზემოთქმული საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბაგრატ IV ჰყავდა ორი ქალიშვილი - მარიამ დედოფალი და მართა დედოფალი. მარიამისათვის უწოდებიათ ბებიის, მარიამ არწრუხის სახელი, ხოლო მართასათვის მამიდის, ბაგრატ IV მცირე ასაკში გარდაცვლილი დის [3] სახელი. დედოფალ მართას ბიზანტიაში გათხოვების შემდეგ შერქმეული სახელი - მარიამი, საფუძველი გახდა ორი დის გაიგივებისა.
ბაგრატ IV-ის გამოსახულება მონეტაზე
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის
ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის,
არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
(შემოვიდა 31.12.1982)
ლიტერატურა:
1) ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. ტფილისი, 1895
2. ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით. თბილისი, 1901.
3) მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ტ.I. თბილისი, 1995.
4) დიდი სჯულისკანონი. თბილისი, 1975
5) ი.ნოდია. "ბიზანტინოლოგიური ეტიუდები". თბილისი, 1978.
6) გეორგიკა, ტ.VI. თბილისი, 1966.
7) კ.კეკელიძე. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I, თბილისი, 1980
8) ი.ლოლაშვილი. ათონურ ქართულ ხელნაწერთა სიახლენი. თბილისი, 1982.
9) ვ.კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში. თბილისი, 1969.
10) ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A კოლექცია), ტ. I2. თბილისი, 1976
11) ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (S კოლექცია), ტ.I. თბილისი, 1959
12) ე.გაბიძაშვილი. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა. თბილისი, 1978.
|