topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გ.გობეჯიშვილი, თ.მუჯირი, გ.ინანიშვილი, ბ.მაისურაძე - მთიანი რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

<უკან დაბრუნება...<<<არქეოლოგიური აღმოჩენები>>>

გ.გობეჯიშვილი, თ.მუჯირი, გ.ინანიშვილი, ბ.მაისურაძე - მთიანი რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.III, №2, თბილისი, 1983 ს., გვ.441-443.

(წარმოადგინა აკადემიკოსმა ა.აფაქიძემ 26.6.1983)

საქართველოს უძველესი სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარება დაკავშირებულია იმ მეტალოგენურ რაიონებთან, რომლებიც ცენტრალური და მცირე კავკასიონის გამადნებათა სისტემაშია მოქცული. ბრინჯაოს ხანის ლითონის ნაწარმის და საწარმოო კერების კომპლექსური ისტორიულ-ტექნოლოგიური ხასიათის კვლევა დიდ მეცნიერულ ინტერესს წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთების სპალენძ-პიროტინის გამადნების ზოლში განლაგებული მთიანი რაჭის სამთო-მეტალურგიული კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია თავისი სიმძლავრით და უშუალოდ უკავშირდება რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებს. აქ საველე საკვლევ-საძიებო სამუშაოებს ატარებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ერთობლივი ექსპედიცია, რომელიც სწავლობს გამადნების გეოქიმიას, მადნების მოპოვებისა და გადამუშავების ძველ ტექნოლოგიას, სამთო-მეტალურგიული ძეგლების ტექნიკურ ტიპოლოგიას. აღნიშნული სამთამადნო და მეტალურგიული ძეგლები მდებარეობენ მდ.რიონის და მისი შენაკადების - ჩვეშოს და ზოფხითურის ზემო წელზე, ხეობათა მაღალმთაან ზოლში, ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე. გამადნებათა სისტემაში შესწავლილია როგორც ცნობილი, ისე ახლად გამოვლენილი მაღარო-გამონამუშევრები. მაღაროთა საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი ცხადყოფს ძველად მათ მიზანსწრაფულ, ცოდნის სისტემაზე დამყარებულ ტექნოლოგიური ექსპლოატაციის ფაქტს. მადნის მოპოვება ხდებოდა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა დამუშავებით: მაღაროთა გაყვანის წესის, დანიშნულების, კონსტრუქციების და ექსპლოატაციის მოცულობის გათვალისწინებით გამოიყო გამონამუშევართა ტიპები, მარტივი ღია ორმოღრმულებიდან დაწყებული, დამთავრებული რთული მრავალსართულიანი გვირაბების სისტემებით (სურ.1,2). წარმოდგენილი მაღაროების გეგმა-ჭრილებიდან კარგად ჩანს, რომ გამოყენებული ყოფილა როგორც ჰორიზონტალური, ისე დახრილი და ვერტიკალური ტიპის გაყვანილობები. ძირითადი კვეთების რაციონალური ფორმები და ზუსტი გაბარიტული პროპორციები კარგად შეესაბამება თანამედროვე სამთო გაყვანილობათა სქემებსა და საექსპლოატაციო მონაცემებს. მიწისქვეშა გაყვანილობის მთელი სისტემა ითვალისწინებს ხელოვნურ და ბუნებრივ გამაგრებათა პრინციპებს და უზრუნველყოფს განიავებას. ძველი ქვის სამუშაო იარაღების - უროების, სანაყების პეტროგრაფიულმა შესწავლამ და მათი მექანიკური თვისებების გამოკვლევამ გვიჩვენა მათი მასალის სწორი შერჩევისა და კარგი საექსპლოატაციო მაჩვენებლების კომპლექსი. სპილენძის მადნის ნამუშებისა და წარმოების ნარჩენების ქიმიურ-ტექნოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა საწარმოო ხაზების უწყვეტობა მადნის მოპოვებიდან პირველადი დნობის პროცესის ჩათვლით. დიდი რაოდენობით წიდის გადანაღვენთების აღმოჩენა მაჩვენებელია ამ რეგიონის ბრინჯაოს წარმოების ფართო მასშტაბებისა. საბადოთა გეოქიმიური შესწავლისა და წარმოების ნარჩენების ქიმიური ანალიზის მონაცემები კარგად უბამს მხარს რაჭის არქეოლოგიური ბრინჯაოს ცნობილ ქიმიურ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგებს, რაც უტყუარი საბუთია მათი ადგილობრივი წარმომავლობისა (ცხრილი 1). ამასთან ერთად იქმნება საფუძველი მთიანი რაჭის ანტიმონის ნედლეულისა და მზა ნაწარმის ექსპორტის რეალურად წარმოდგენისათვის.

ექსპედიციის მიერ ცალკეული მაღაროებიდან მოპოვებული ხის მასალის და ნახშიროვანი ფენების С14-ის დამუშავებისას მიღებულია რამდენიმე მაღაროს თარიღი. იგი განისაზღვრება ძვ.წ. XIII-X სს. ამ თარიღების დენდრო-ქრონოლოგიური შესწორებით მაღაროთა სისტემა ექცევა ძვ.წ. XV-XI სს. ფარგლებში. მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მთიანი რაჭის ბრინჯაოს ხანის მეტალურგია და ლითონდამუშავება მთლიანად დაკავშირებულია ადგილობრივი მადნების მოპოვებასა და მათ საექსპლოატაციო გამოყენებასთან. გვიანი ბრინჯაოს მთლიანი პერიოდისათვის დამახასიათებელია სამთო-მეტალურგიული ციკლის აღმავალი და უწყვეტი განვითარება. სამთო საქმისა და მეტალურგიის ტექნოლოგიურ-საექსპლოატაციო მონაცემებით, მთიანი რაჭის კომპლექსი სცილდება ადგილობრივი მოთხოვნილების არეალს, აშკარაა მისი გავლენა ამავე პერიოდის მეზობელი მეტალურგიული ცენტრების განვითარებაზე.