topmenu

 

კავთისხევი

<უკან დაბრუნება...<<<კასპის რაიონის ძეგლები>>>

კავთისხევი - სოფელი კასპის რაიონში, მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე... ზღვის დონიდან 720 მეტრი, კასპიდან 10 კმ... კავთისხევის უძველესი ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე - გალავნის საძირკველი. კავთისხევს ხშირად თავს ესხმოდნენ  და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები, ამიტომ მას ხალხში შავსოფელსაც ეძახდნენ. კავთისხევში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის კავთის წმ.გიორგის, ლომისის წმიდა გიორგის, მონასელიძიანთ წმინდა გიორგის საყდრები და დავლაძიანთ კოშკი. სოფელში, მონასელიძიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა აკლდამა (შეისწავლეს 1963 წ., გ.ლომთათიძე). ნაგებობა შედგება საკნისა და დრომოსისაგან, რომელთა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. დრომოსის სიგრძეა 1,5 მ., სიგანე - 0,9-1,1 მ, სიმაღლე - 1მ. შესასვლელთან შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი კიბე. დრომოსი საკანს უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულთაღიანი შესასვლელითა და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკანი ოთხკუთხაა (2,85Х2,27Х3 მ), მრგვალგუმბათოვანი გადახურვა აქვს. კუთხეებში 1,4 მ სიმაღლეზე აგურით გადაყვანილია ისრული ტრომპები, რომელთაგანაც იწყება აგურის სფერულიგადახურვა. გუმბათს ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნისა და დრომოსის კედლები დუღაბზეა ამოყვანილი. კედლებიც და იატაკიც კირითაა შელესილი. საკნის სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილში დაყოლებულია შიგნით დაქანებული თიხის მილები. მათი გარე ნაწილი ყრუდაა დახშული. დანიშნულება გაურკვეველია. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები.

ბ.ჯორბენაძე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.298, თბ., 1980 წელი.


კავთისხევის ძეგლები:

თარხნიშვილთა ციხე - გალავანი

დავლაძიანთ კოშკი

ციხეაგორას ტაძრის კომპლექსი (ძვ.წ. IV-III ს)

კავთის წმ.გიორგის ეკლესია

ლომისის წმიდა გიორგის ეკლესია

კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია

ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია

კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

კავთისხევის აკლდამა - სამაროვნები (მონასელიძიანთ უბანში)

ნამოსახლარები - იორამის გორაზე, ციხაგორაზე, პარატისი,

მარანი

კავთისხევი

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=796

(ქც 4: 409,22; 416,27). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 340,11,12; 341,8; 409,22; 416,27), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 369,25; 378,1; 506,24; 515,17; 534,22), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 79, 106; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 251, 260, 278, 279, 280, 305, 329, 330; 1970: 191, 215, 217, 783; 1972: 59, 255; 1974: 676, 678; 1981: 33, 488, 644, 684; 1985: 217, 401; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 11, 18, 21, 64, 95, 184, 198, 204, 342; საქ. სიძ. 1909: 55; 1915: 184, 259, 261; 1920: 156; მასალები საქ ისტ. გეოგ. 1964: 115, 116; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 510, 524, 532, 597, 599, 600, 678, 684-686, 693), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1925: 247-248), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 229), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 93, 135), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. კავთურას (მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, კასპიდან სამხრეთით 7 კმ-ზე, თანამედროვე სოფ. კავთისხევის ტერიტორიაზე.

სოფ. კავთისხევი დღეს რამდენიმე უბნისა და სოფლის გაერთიანებისაგან შედგება: თხრინვალიანთ უბანი, ციხის უბანი, შუაუბანი; ადრე დამოუკიდებელი სოფლები იყვნენ: ჩოჩეთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 217), იდლეთი (ბაგრატიონი 1986: 30), თვალადი. XV-XVII სს-ში კავთისხევში მამულებს ფლობდნენ მაღალაძეები, ციციშვილები, სააკაძეები. 1569 წ. ქართლის მეფე სვიმონ I (1556-1569; 1578-1600) ირანელებმა შეიპყრეს და ტახტი დავით XI-მ (1569-1578) დაიკავა. კავთისხევში მყოფ დედოფალ ნესტან-დარეჯანს (სვიმონ I-ის მეუღლე) თავს დაესხნენ ამილახორი, ქსნის ერისთავი და წაართვეს მთელი ქონება (ქც 4: 409,22; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 115, 116).

1932 წ. სოფლის სამხრეთ ნაწილში, დამპალოს ქედზე მიწის სამუშაოების დროს დაინგრა სამაროვანი. აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: ე. წ. წინააზიური მახვილი; აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული და სატეხი. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ქორიძე 1954: 166; ფიცხელაური 1973: 66).

1971 წლიდან კავთისხევის მიდამოებში არქეოლოგიურ გათხრებსა და დაზვერვებს აწარმოებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპი-კავთისხევის ექსპედიცია (ხელმძღ. 1971-1994 წწ. გ. ცქიტიშვილი; 1995 წლიდან – ზ. მახარაძე). გათხრები მიმდინარეობს ნამოსახლარზე „ციხიაგორა“, სამაროვნებზე „საყარაულო სერი“, „დაჭრილები“, „ქასრაანთ მიწები“, „იორამის გორასთან“.

1981 წ. სოფლის ჩრდილოეთით, კავთისხევის ცემენტის კარიერისაკენ გადასასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს, ადგილ „ლოდების მიწებზე“ შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქოთანში მოთავსებული ბრინჯაოს ნივთების განძი: აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული (2 ც), თოხი, სახოკი, ბრინჯაოს ზოდები (40 კგ.). თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. ნივთები ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (გვეტაძე 1985ა: 46, 47).

ნამოსახლარი „ციხიაგორა“ მდებარეობს სოფ. კავთისხევიდან ჩრდილოეთით, კავთისხევიდან კასპისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს 500 მ-ზე, მდინარეების კავთურასა და შავწყალას შესართავთან. ნამოსახლარი გორის სიმაღლე 12 მ-ია, თხემის ფართობი 0,5 ჰა. გორაზე დადასტურდა 4 კულტურულ-ქრონოლოგიური ფენა: ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოს, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის და ანტიკური ხანის.

ადრე ბრინჯაოს ხანის ფენა 1 მ-ისაა; გამოიყო 2 დონე, რომელიც შეიცავს 5 სამშენებლო ჰორიზონტს; თარიღდება მტკვარ-არაქსის კულტურის ფინალური ეტაპით – ძვ. წ. XXIII-XXI სს-ის პირველი ნახევრით. ამ ფენაში აღმოჩნდა რამდენიმე ნაგებობის ნაშთი. შენობები ოროთახიანია (დაახლ. 66 კვმ). კედლები ნაგებია სარ-ლასტით და ორივე მხრიდან შელესილია თიხით; იატაკი მოლესილია თიხით. ერთ-ერთი ნაგებობის ცენტრალური ოთახის იატაკში ჩადგმული იყო შვერილებიანი კერა, რომლის მახლობლად იატაკში ჩაეჭრათ მართკუთხა ფორმის დედაბოძის ორმო (30X20 სმ). უკანა კედელთან გამართული იყო თაროსებური შემაღლება, რომელზეც აღმოჩნდა სპეციალურ ფოსოებში ან ნაცარგროვებზე დადგმული თიხის ჭურჭელი (მახარაძე 1994: 3-76).

შუა ბრინჯაოს ხანის ფენა წარმოდგენილია 2 მცირე ზომის ყორღანული სამარხით. №1-ს ჰქონდა წრიული ქვაყრილი (დმ 6 მ, სიმაღლე 0,5 მ), რომელიც დაფარული იყო თიხაყრილით (დმ 10 მ, სისქე 0,2-0,3 მ). მართკუთხა დასაკრძალავი ორმო (1,3X1X1,2 მ) გადახურული იყო ხის ძელებით. მიცვალებული იწვა მარჯვენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთისაკენ, კიდურებმოხრილი. სამარხში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი ქილა და წვრილფეხა საქონლის ძვლები. თარიღდება ძვ. წ. XVII-XVI სს-ით (კახელიშვილი 1990: 1-6).

გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენაში გაითხარა რამდენიმე ნაგებობის ნაშთი. შენობები ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე, ხის ძელებით და თიხითაა შელესილი. ერთ მათგანში აღმოჩნდა თიხით ნაგები სამეურნეო ღუმელი და თიხის ჭურჭელი: დერგები, სადღვებლები, ჯამები, კათხები, ქოთნები.

ანტიკური ხანის ფენა წარმოადგენს სატაძრო კომპლექსს, რომელსაც გორის მთელი თხემი უკავია. თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით. კომპლექსში შედის ტაძარი, ბეღელი, მარანი, ხელსაფქვავებიანი ოთახი, სათონე, სატრაპეზო და საცხოვრებელი შენობები. ნაგებობები შემოზღუდულია რიყის ქვის საძირკველზე ალიზით ნაგები კონტრფორსებიანი და კოშკებიანი გალავნით (სიგანე 2,2 მ).

სატაძრო კომპლექსის ძირითად ნაგებობას შეადგენს №1 სათავსო, ტაძრის შიდა ეზო, №2 და №10 სათავსოები. ყველა ეს სათავსო ერთ მთლიან შენობას წარმოადგენს; ნაგებია მშრალი წყობით, ორპირად. საპირე ქვები სიგრძივაა გადაბმული. მათ შორის წვრილი ფლეთილი ქვაა ჩაყრილი. ქვის წყობის სიმაღლე 2 მ-ია (№10 სათავსოში 3,5 მ). შემდეგ კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით თიხის ხსნარზე.

ტაძარი (№1 სათავსო) თითქმის კვადრატულია (8X7,5 მ), დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმელებია, კარი სამხრეთ კედელშია. ტაძრის იატაკად დაგებული იყო ხის ძელები ჭადრაკულად, დაახლ. 2,5X2,5 მ ფართობის უჯრებად. აქ აღმოჩნდა ოთხკუთხა სვეტის მსგავსი თიხის საკურთხევლის ფრაგმენტი. ტაძარი დგას კვადრატულ ეზოში, ისე რომ ეზოს ზღუდისა და ტაძრის ჩრდილოეთი კედელი საერთოა. ეზოში, ტაძრის სამხრეთით დგას ქვით ნაგები საკურთხეველი (2,5X3 მ, სიმაღლე 2 მ), რომელზეც აღმოჩნდა რკინის დანა და ცხვრის დამწვარი ძვლები. ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია რიყის ქვითა და თიხით ნაგები მოედანი-სამსხვერპლო (3,5X3,5 მ). ტაძრის ეზოში შესასვლელი კარი გალავნის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია.

ტაძრისა და ეზოს ზღუდის დასავლეთ კედლებს შორის ალიზით ნაგები ტიხრით იქმნება პატარა სათავსო (№2). მასში შესასვლელი კარი სამხრეთ კედელში, ტიხარშია მოწყობილი. №2 სათავსოში აღმოჩნდა თიხის სამი დისკო ჯვრის რელიეფური გამოსახულებით.

№1-ს ჩრდილოეთიდან აკრავს №10 სათავსო (18X4,5 მ), რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შენობა ორსართულიანი ყოფილა. ამ სათავსოში აღმოჩნდა თეთრი კირქვისაგან გამოთლილი აქემენიდური სტილის კაპიტელი – ორი, ერთმანეთთან ზურგშექცეული ნახევარხარი.

ტაძრის გალავნის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია ალიზით ნაგები ბეღელი, რომელიც რვა სათავსოსაგან შედგება. აქ აღმოჩნდა დამწვარი მარცვლეული და სამეურნეო თიხის ჭურჭელი.

ტაძარი და ბეღელი გადახურული იყო წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ზოგიერთ მათგანზე დატანილია ბერძნული ასო-ნიშნები, რომლებსაც რიცხვითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ და აღნიშნავენ ოსტატის მიერ დამზადებული კრამიტების რაოდენობას.

ტაძრის გალავნის დასავლეთით გაითხარა ალიზით ნაგები და თიხით შელესილი სამოთახიანი შენობა, რომელსაც შესასვლელი ტაძრის მხრიდან აქვს. პირველ ოთახში, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში სამეურნეო ღუმელია, შუაში – ორი ხელსაფქვავი.

სამოთახიანი ნაგებობის დასავლეთით მდებარეობს მარანი (22X7,5 მ). ნაგებია ალიზით რიყის ქვის საძირკველზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მარანში აღმოჩნდა ხუთ რიგად მიწაში ჩადგმული, წითელი საღებავით მოხატული 48 სხვადასხვა ზომის ქვევრი. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ძელებით ნაგებ საწნახელში (2X2 მ), აღმოჩნდა საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწები. ჩრდილოეთის კედელზე მიდგმულია ორი საკურთხეველი. ერთზე აღმოჩნდა თხის დამწვარი რქები, მეორეში ჩადგმული იყო თიხის სამი ჯამი (საცეცხლური), ნაცრით სავსე. სამხრეთ კედელზე მიდგმულია კერა-საკურთხეველი, რომელზეც თიხით გამოყვანილია ჯვრის რელიეფიანი დისკო.

მარნის დასავლეთით გაითხარა ხელსაფქვავებიანი ოთახი. იგი გალავანზეა მიშენებული და ალიზითაა ნაგები. დასავლეთ კედლის გასწვრივ ალიზით ამოყვანილ მერხზე ხელსაფქვავები ელაგა. ამ რიგის წინა მხარეს იატაკზე საფქვილეა მოწყობილი ალიზის სარტყლით. ხელსაფქვავებიან ოთახს დასავლეთიდან აკრავს ერთი საცხოვრებელი ოთახი, სადაც აღმოჩნდა პურის საცხობი ღუმელი, ორი ხელსაფქვავი თავისი საფქვილეთი და საკურთხეველი. მარნის სამხრეთით გაითხარა კრამიტით გადახურული სათონე და სატრაპეზო. სათონეში დაფიქსირდა ოთხი თონე. მარანს, ხელსაფქვავებიან ოთახსა და საცხოვრებელ ნაგებობებს ბანური გადახურვა ჰქონდა, იატაკი – თიხატკეპნილი.

სამოთახიანი ნაგებობის სამხრეთით და ტაძრის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტაძრის გარე ეზო. მისგან დასავლეთით მდებარეობს ქვის საძირკველზე ნაგები 1 მ-ის სიმაღლის ალიზის კედელი, რომელიც ქმნის ტერასას. გარე ეზო მას უკავშირდებოდა ორსაფეხურიანი კიბით. ტერასაზე იდგა სატრაპეზო. მათ ქვეშ გაითხარა ხუთი სამშენებლო ჰორიზონტი, რაც არის იმ ინტენსიური მშენებლობის კვალი, რომელიც მიმდინარეობდა ციხიაგორის დასავლეთ ნაწილში ტაძრის არსებობის დროს.

აღწერილ სატაძრო კომპლექსის ნაგებობებში მრავლად აღმოჩნდა ღიაფრად გამომწვარი სამეურნეო და სუფრის ჭურჭელი, რომელთაგან დიდი ნაწილი წითლად შეღებილ-მოხატულია. იშვიათად გვხვდება შავპრიალა კერამიკის ფრაგმენტები. სხვადასხვა ნაგებობების გათხრისას მრავლად აღმოჩნდა ალიზის შელესილობის ფრაგმენტები, რომლებზეც მრგვალი, ოთხკუთხა, ოვალური ფორმის ანაბეჭდები დადასტურდა. მათში გამოსახულია ჯვარი, ფასკუნჯი, მზე, მხედარი, ფრთოსანი ირემი ან ცხენი, ძაღლი, სტილიზებული ხარისთავი და სხვ.

ძვ.წ. III ს-ის შუა ხანებში სატაძრო კომპლექსი ხანძარს გაუნადგურებია. მის ნანგრევებზე დადასტურდა ფრაგმენტულად შემორჩენილი ორი ფენა, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. III-I სს-ით (მახარაძე 1999: 57-66; მახარაძე, ნარიმანიშვილი 2001: 47-63; ცქიტიშვილი ... 1974ა: 32-34; ცქიტიშვილი ... 1976: 60, 61; ცქიტიშვილი 1977: 51-55; ცქიტიშვილი 1977ა: 87-93; ცქიტიშვილი ... 1991: 65-67; ცქიტიშვილი 1995: 83-98; ცქიტიშვილი 2001: 41-46; ცქიტიშვილი 2003; ხაზარაძე, ცქიტიშვილი 1980: 146-163).

ციხიაგორას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს ვრცელი ნამოსახლარი (დაახლ. 3 ჰა). იქ გამოვლინდა სამი ფენა, რომელიც თარიღდება ძვ. წ. VI-I სს-ით. ფენები მიწის ზედაპირიდან 20-25 სმ-ზეა განლაგებული, ამიტომ ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ნასახლართა მცირე ნაშთები. უკეთაა შემონახული ერთი ბანურსახურავიანი ოროთახიანი სათავსო, რომელიც ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე ალიზით. დიდ ოთახში დადასტურდა ალიზით ნაგები პურის საცხობი ღუმელი, საკურთხეველი-სამსხვერპლო და კერა, მეორე მომცრო ოთახში აღმოჩნდა სამეურნეო თიხის ჭურჭელი და რკინის ნამგალი. ნაგებობა თარიღდება ძვ. წ. III ს-ით (გვეტაძე 1979: 15-17).

ციხიაგორის ჩრდილოეთით 200 მ-ზე, ადგილ „საყარაულო სერზე“ მდებარეობს სამაროვანი, თარიღდება ძვ. წ. XIII-ახ. წ. IV სს-ით. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ან აღმოსავლეთისაკენ, კიდურებმოხრილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა მოშავო-ლეგაფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი: დერგები, ქოთნები, ქილები, კოჭობები, სასმისები, ტოლჩები, ლანგრები. ისინი შემკულია ამოღარული ტალღისებრი და ირიბი ნაჭდევების სარტყლებით. სამკაული: ბრინჯაოს მრგვალთავიანი საკინძები, სარდიონისა და პასტის სხვადასხვა ფორმის მძივები. საბრძოლო იარაღი: ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები, ძვლის ორფრთიანი ისრისპირი. გარდა ამისა, აღმოჩნდა ბრინჯაოს მახათი და ძვლის სავარცხელი (გვეტაძე 1980: 6-13).

სამაროვანზე გაითხარა ანტიკური ხანის ორმოსამარხები და ქვაყუთები. ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია თავით ჩრდილო-დასავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით, კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ქვაყუთების კედლები შედგენილია რამდენიმე ქვის ფილისაგან, გადახურულია ქვევრის ნატეხებით ან ქვის ფილებით. მათში დაკრძალული იყო ერთი ან რამდენიმე მიცვალებული, თავით სამხრეთ-დასავლეთით ან დასავლეთით, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი; სამარხებში აღმოჩნდა ლეგა-მოშავოდ და ვარდისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი: მსხლისებურტანიანი დოქები, წითელი საღებავით მოხატული ხელადები, პირმოყრილი ქუსლიანი შავპრიალა ჯამები, პირმოყრილი ფიალები; სამკაული: ბრინჯაოს რგოლი, დაფანჯრული ბრინჯაოს ზარაკები, მინის, პასტის, სარდიონისა და ძვლის მძივები.

ორი ქვაყუთი, რომელშიც მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ გაშოტილნი, თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. მათში აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, მინისთვალიანი რკინის ბეჭედი, რკინის საკინძი, პასტისა და ნიჟარის მძივები (ყაზახიშვილი 1980: 60-67).

საყარაულო სერის სამაროვნის განაპირას, დასავლეთით აღმოჩნდა ორი ქვევრსამარხი, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით. მიცვალებულები დაეკრძალათ თავით სამხრეთით, მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილნი. სამარხებში აღმოჩნდა: სამტუჩა დოქი, კანელურებით შემკული დოქი, წითლად შეღებილი ჯამები, შავპრიალა ფიალა და კოჭობები; ბრინჯაოს საბეჭდავი, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ხელებგაშლილი ფიგურა, სკარაბეოიდი მამაკაცის გამოსახულებით, მრგვალფარაკიანი ბრინჯაოს ბეჭედი და სხვა (ნაკაიძე 1980: 38-40).

გარდა ამისა, საყარაულო სერზე გაითხარა 30 ქვევრსამარხი, რომელთაგან ინვენტარი აღმოჩნდა 17-ში. ქვევრსამარხები სამაროვნის ტერიტორიაზე ცალკეულ ჯგუფებადაა განლაგებული სხვა ტიპის სამარხთა შორის. სამარხად იხმარებოდა ვარდისფრად გამომწვარი სამეურნეო დანიშნულების ქვევრები (სიმაღლე 1,30-1,50 მ, დმ 0,5-0,8 მ, პირის დმ 0,30-0,35 მ, ძირის დმ 0,15 მ), რომლებიც ჰორიზონტალურად იყო მიწაში ჩაფლული და პირებზე აფარებული ჰქონდა კრამიტი, ბრტყელი ქვა ან ქვევრის ნატეხი. ქვევრსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ თავით ნებისმიერი მიმართულებით, კიდურებმოხრილნი, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ძირითადად მოწითალოდაა გამომწვარი; მათ შორის გამოიყოფა შემდეგი ტიპები: ყელწიბოიანი და სამტუჩა დოქები, სფერულმუცლიანი და მსხლისებურმუცლიანი კოჭობები, ქოთნები, ქუსლიანი და ბრტყელძირა ჯამები, მინის სანელსაცხებლები. სამკაულიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს ზურგშეზნექილი და კოპებიანი რკინის სამაჯურები; ბრინჯაოსა და რკინის ფარაკიანი ბეჭდები; ბრინჯაოს თავებგახსნილი მავთულის რგოლი-საყურეები; კონუსისებური, ნახევარსფეროსებრი და დაფანჯრული ზარაკები; სარდიონის, გიშრისა და მინისებრი პასტის სხვადასხვა ფერისა და ფორმის მძივები; აქვე აღმოჩნდა ორი მონეტა: პართიის მეფეების – არტაბან II-ის (ძვ. წ. 88-77) სპილენძის დრქმა და გოტარზეს (ახ. წ. 40-51) ვერცხლის დრაქმა. ეს ქვევსამარხები თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ით (ჯინჯიხაშვილი 1980: 42-59).

საყარაულო სერის ჩრდილოეთით 150 მ-ზე, ადგილ „დაჭრილებზე“ მდებარეობს სამაროვანი, სადაც დაკრძალვა ხდებოდა მხოლოდ ქვევრებში. სამარხებად გამოყენებული იყო მოვარდისფროდ გამომწვარი ქვევრები; გვხვდება როგორც სადაზედაპირიანი, ისე წითელი საღებავებით მოხატული (შევრონებით). (საშუალო ზომა: 0,80-1,35 მ). გაითხარა 24 ქვევრსამარხი. უმრავლესობა მიწაში ჰორიზონტალურად ჩაუფლავთ, პირით აღმოსავლეთისაკენ. მათში დაკრძალული იყო ერთი ან ორი მიცვალებული. 3 ქვევრსამარხი ვერტიკალურად იყო ჩადგმული მიწაში; ერთ მათგანში 7 მიცვალებული აღმოჩნდა, ხოლო მე-8 მიცვალებული ქვევრის პირზე იყო დაკრძალული. თანმხლები ინვენტარი – ყურიანი თიხის ჯამი და დოქი – ქვევრსამარხის გარეთ იდგა. სამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ კიდურებმოხრილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთისაკენ. სამარხებში აღმოჩნდა: სადა, წითელი საღებავით მოხატული ან შეღებილი თიხის დოქები, კოჭობები, წითლად შეღებილი, პირმოყრილი, ბრტყელძირა ან ფეხიანი ჯამები. სამკაული: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მავთულისაგან დამზადებული სადა რგოლები, ბრინჯაოს ზურგშეზნექილი და სადა სამაჯურები, რკინის კოპებიანი სამაჯურები, ბრინჯაოსა და რკინის ფარაკიანი ბეჭდები, ცილინდრულ და კონუსურთავიანი ბრინჯაოს საკინძები. ერთი საკინძის თავი შემკულია ფრინველის გამოსახულებით. „დაჭრილების“ ქვევრსამარხები თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ნაკაიძე 1980: 28-41).

ციხიაგორას ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადგურ კავთისხევიდან სოფ. კავთისხევში მიმავალი სამანქანო გზის მე-3 კმ-ზე, ადგილ „ქასრაანთ მიწებზე“ მდებარეობს ადრეანტიკური ხანის სამაროვანი, რომელიც 600 კვ მ ფართობს მოიცავს. გაითხარა 30 ორმოსამარხი, მათგან 12 გადახურული იყო ფილაქვებით. სამარხები ინდივიდუალურია. მხოლოდ №12 სამარხში იყო დაკრძალული ორ-ორი მიცვალებული. №15 და №22 სამარხების გადასახურავ ფილებზე აღმოჩნდა თითო მიცვალებული ინვენტარის გარეშე.

„ქასრაანთ მიწების“ სამაროვანზე მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით ან აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: ქოთნები, დოქები (მათ შორის: ყურმილიანი დოქები, სამტუჩა დოქი), ჯამები, კოჭობები. ლითონის ნივთებიდან აღსანიშნავია: რკინის მოხრილი დანები, მასრაგახსნილი შუბისპირები, კოპებიანი სამაჯურები; ბრინჯაოს რკალგახსნილი სამაჯურები, რომელთა ბოლოები შემკულია სტილიზებული გველისა და ვერძის თავებით, რკალგახსნილი რგოლები-საყურეები, ცილინდრულთავიანი საკინძები, ჯაჭვის ფრაგმენტები და სხვ. „ქასრაანთ მიწების“ სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. VI-IV სს-ით (ბერაძე 1980: 14-27).

სოფ. კავთისხევის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, ნამოსახლარ იორამის გორასთან მდებარე მინდორზე გაითხარა ორი ყორღანი და ოთხი ქვაყრილიანი ორმოსამარხი. №1 ყორღანი თარიღდება ადრეყორღანული პერიოდით. №2 ყორღანი (8X2,5 მ) და ქვაყრილიანი (დმ 5-6 მ) ორმოსამარხები კი – შუაბრინჯაოდან გვიანი ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდით – ძვ. წ. XVI ს-ის ბოლო XV ს-ის დასაწყისით. №2 ყორღანს მართკუთხა ფორმის ქვაყრილი ჰქონდა, ხოლო ორმოსამარხებს – წრიული ფორმის. უდიდესი ორმოსამარხის ზომაა 2,2X1,3X0,7 მ, უმცირესისა – 0,95X0,4X0,4 მ. №2 ქვაყრილიან ორმოსამარხში დაკრძალული იყო მოზარდი თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, ძლიერ მოხრილი კიდურებით, მარცხენა გვერდზე, უინვენტაროდ. №3 ქვაყრილიანი სამარხი კენოტაფს წარმოადგენდა. დანარჩენ სამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ თავით ჩრდილოეთისაკენ ან ჩრდილო-დასავლეთისაკენ, კიდურებმოხრილნი, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა: მოყავისფროდ გამომწვარი ქოთნები და დერგები, რომელთა ზედაპირი ხაოიანია და დაფარულია ჩარხისეული ხაზებით, შემკულია ამოღარული ტალღისებური და ნაჭდევი ორნამენტით; ქილები და ბადიები, რომელთაც აქვთ კარგად ნაპრიალები ზედაპირი, შემკულია ნაჭდევი და ნაპრიალები ორნამენტით; ოვალური, დახეთქილი და ექვსწახნაგა სარდიონის მძივები, ცისფერი პასტისა და ბრინჯაოს მძივები (კვაჭაძე 1999: 23-28).

ნამოსახლარი იორამის გორა მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, ქასრაანთ ხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ანტიკური და ადრე შუა საუკუნეებით.

სოფ. კავთისხევში, მონასელიანთ უბანში, მდ. კავთურის მარჯვენა ნაპირზე 1963 წ. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა აკლდამა. თარიღდება XVI-XVIII სს-ით. აკლდამის დასაკრძალავი კამერა (2,85X2,70X3,0 მ) და დრომოსი (1,5X0,9-1,1X1,0 მ) ნაგებია ფლეთილი ქვითა და ბრტყელი აგურით დუღაბზე. დრომოსი კამერას უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულთაღიანი შესასვლელითა და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკანს აქვს გუმბათოვანი გადახურვა, რომელსაც ზემოდან ეწყო ფილაქვები, შემდეგ ქვაყრილი და მიწაყრილი; საკნის კედლები და იატაკი კირითაა შელესილი; სამხრეთისა და დასავლეთის კედლების ზედა ნაწილში ჩაშენებულია შიდა სივრცისკენ დაქანებული თიხის მილები, რომლებიც გარედან დახშულია. აკლდამაში არეულად ეყარა მიცვალებულის ძვლები, როგორც ჩანს, იგი ადრევე გაუძარცვავთ (ჯორბენაძე 1970: 68-71).

მონასელიანთ უბანში დგას კატაულას წმინდა გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა (10,8X7,65 მ). თარიღდება VII-IX სს-ით. ნაგებია ფლეთილი ქვით; ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიას აქვს ნახევარწრიული აფსიდა და ორივე მხრიდან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდან. ეკლესია მოგვიანებით შეულესავთ. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის წინ იდგა სტელა, რომლის დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილია წმინდანთა ფიგურები, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე – საერო პირთა ფიგურები; ერთ მათგანს ახლავს ასომთავრულით შესრულებული წარწერა: „წმიდაო თევდორე და ილარიონ შეიწყალე გრიგოლ ვპატოსი“. დანარჩენი წარწერები ძლიერ ფრაგმენტულია. სტელა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). (ჩუბინაშვილი 1972ა: 76-78; ქართ. წარწ. კორ. 1980: 118-123).

თხინვალიანთ უბანში დგას ლომისის დარბაზული ეკლესია (8,8X8,7 მ). თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. მოგვიანებით ეკლესიის კედლები შეულესიათ.

 

 

 

 

***********************************************************************************

აკლდამა სოფელ კავთისხევში - ბ.ჯორბენაძე // ძეგლის  მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.68 -71

მდინარე კავთურა მტკვრის ერთი იმ შენაკადთაგანია, რომელიც ხშირად რუკაზე არც აღინიშნება ხოლმე. იგი დიდგორის ქედიდან გამოედინება და მტკვარს ერთვის ს. ქვემო ხანდაკთან. ხეობის სიგრძე სულ ოციოდე კილომეტრი თუ იქნება. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი უპირველესი ღირსებათაგანი - ამ ხეობის მეშვეობით შიდა ქართლი უმოკლესი გზებით უკავშირდება ქვემო ქართლსა და თრიალეთს. ეს გარემოება ანიჭებდა კავთურას ხეობას მნიშვნელობასა და გარკვეულ ადგილს საქართველოს ისტორიაში....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

რ.ხვისტანი - კატაულას წმ.გიორგის ეკლესია - კავთისხევი//"მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის", სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიის ინსტიტუტი, 2009 წ. - #10.

 

კატაულას წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის 2006 წლის ზაფხულში წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება მნიშვნელოვანი შედეგებით დამთავრდა. ძეგლმა ყურადღება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მიიპყრო საკურთხეველში გამოვლენილ ქვასვეტის (სტელა) ფრაგმენტის გამო, რომლის რელიეფური დეკორი შეიცავს რელიგიურ სიმბოლიკურ და წმიდა პერსონაჟების გამოსახულებებს, საერო პორტრეტთა დიდ რაოდენობას და ძველ ქართულ (ასომთავრულ) წარწერებს...<<ტექსტი სრულად აქ...<<