topmenu

 

დ. ბერძენიშვილი - ხარის კულტი წარმართული ხანის საქართველოში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

დ.ბერძენიშვილი - ხარის კულტი წარმართული ხანის საქართველოში

მადლობას ვუხდით ბატონ დავითს მოწოდებული მასალებისათვის


ხარის კულტს კავკასიელი, კერძოდ, ქართველი ხალხის რწმენა-წარმოდგენებში უდიდესი ადგილი აქვს დათმობილი. მისი კულტი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ქრისტიანულ რელიგიაშიც კი შეაღწია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეპოქასა და გეოგრაფიულ გარემოში მასში ისეთი შინაარსი იყო ჩადებული, რამაც ხელოვნებაში ამ სიმბოლოს ასეთი ხანგრძლივი არსებობა განაპირობა. ხარის გამოსახულებანი უკვე ადრესამიწათმოქმედო კულტურების ძეგლებში გვხვდება. იგი სხვა ჩლიქოსნებთან ერთად (ირემი, შველი, თხა) გამოისახებოდა. განსაკუთრებით იგრძნობა ხარის კულტი ჩათალ-ჰუიუკის (ძვ.წ. VII-VI ათასწლეულები) ნამოსახლარზე, რომლის საკურთხევლებში დიდი რაოდენობით გვხვდება ხარის თავის ანდა, უბრალოდ, ხარის რქებისა და თავის ქალის გამოსახულება - ხან მოხატულობაში, ხან კი თიხაში ნაძერწი [აფანასიევა, ...1986:34]. ამ ძეგლზე ხარები აშკარად საკულტო ცხოველებია, რომლებიც ქალ-ღვთაებებისადმი იწირებოდნენ. მსხვერპლშეწირვის რიტუალთან იყო, აგრეთვე დაკავშირებული რქიანი თავის ქალებისა და ამ ქალებიდანვე ამოზრდილი რტოების შენახვა. მცენარეული და ცხოველური სიმბოლიკის ამგვარ სინთეზში გაერთიანებული იყო წარმოდგენები სიკვდილისა და აღორძინების შესახებ. ეს ძეგლები ანუ პირველყოფილი "ტაძრები" ძვ.წ. VII-VI ათასწლეულებს ეკუთვნის და იმ ხანიდან მოყოლებული ხარს, როგორც ღვთაებას საპატიო ადგილი ეკავა მიწათმოქმედი ხალხის რელიგიურ პანთეონში [Археология зарубежной Азии,1986. 33-37].

წინა აზიის ინდოევროპელებსა და ხეთებში ხარი მამაკაცური ღვთების თანმხლებია. იგი მათი უმაღლესი ღვთაების - ჭექა-ქუხილის და ამინდის ღმერთის სიმბოლური ცხოველია, ხოლო III-II ათასწლეულში წინა აზიაში მთვარის ღვთაების (სინის) სიმბოლურ ცხოველად გვევლინება [Жуковский 1933: 6]. მოგვიანებით, როდესაც შუამდინარეთში და ეგვიპტეში დიდი ცივილიზაციები წარმოიქმნა, ტიგროსის, ევფრატის და ნილოსის სანაპიროებზე აგებული გრანდიოზული ტაძრების კარიბჭეში ხარმა ტრიუმფით შეაბიჯა. ეგვიპტეში წმინდა ხარი "აპისი" ღვთაება ოსირისის მიწიერი განსახიერება იყო, ისევე რიგირც ოსირისი, ხარიც ნილოსს განასახიერებდა [აფანასიევა,... 1986 : 203, 207]. შუამდინარეთსა და წინა აზიაში ხარი მთვარის ღვთაების, სინის სიმბოლო იყო [Жуковский 1933: 123]. აღსანიშნავია, რომ ძველ ბაბილონურ ღმერთთა ტრიადაში მთვარე ღმერთი მამრი ღვთაებაა, ხოლო მამრი ღვთაების უპირველესი ემბლემა - ხარია. ხარი მთვარის ღვთაების ზოომორფული სახეა, მისი მამრული ძლიერების გამოხატულებაა. მთვარის ღვთაება ზეციური ხარია [Овсяннико – Куликовский, 1885: 14]. განსაკუთრებული ადგილი ხარის კულტს შუამინოსურ კულტურაში უჭირავს. აქ კედლის მხატვრობაშიც, მონუმენტურ არქიტექტურაშიც ხარს ან მისი რქების გამოსახულებებს, მკვლევართა აზრით, მამაკაცურ ღვთაებასთან უნდა ჰქონდეს კავშირი, მაგრამ მისი ანტროპომორფული გამოსახულებების არ არსებობის გამო მასში იმავდროულად ქალღმერთიც იგულისხმება. [Пендлбери, 1950 : 149].

ფინიკიელმა ქურუმებმა, რომლებმაც კაცობრიობას უბოძეს ძველი ცივილიზაციის დამაგვირგვინებელი ანბანური დამწერლობა, მას პირველ ასო ნიშნად მთვარის ღვთაების მიწიერი სიმბოლო - ხარის ნიშანი წაუმძღვარეს. [ნადირაძე, 1990 : 114] ხარის კულტი აირეკლა ქართველთა გრაფიკულ სიმბოლიკაშიც და ეს სიმბოლოები, როგორც ფიქრობენ, სათავეს უდებენ ასომთავრულ ანბანში "ხ" ბგერის აღმნიშვნელ გრაფემას, რომელსაც "ხარი" ეწოდებოდა. [პატარიძე, 1980 : 177]. ასურეთის მეფის სარგონ II-ის სასახლის შესასვლელში ორივე მხარეს ფრთოსანი ხარების გიგანტური ქანდაკებები იდგა, რომლებიც ხშირად თაღების საყრდენადაც იყო გამოყენებული. ამგვარ ქანდაკებებს, ჩვეულებრივ, ასურეთის სასახლეების თაღების ორივე მხარეს ათავსებდნენ [აფანასიევა ... 1986 : 114]. ასურულ, ასევე ეგვიპტურ ხელოვნებაში ხარი ან ლომი ჩვეულებრივ მმართველის სახეს განასახიერებდა და ამავე დროს მამაკაცურ ღვთაებას [აფანასიევა,... 19896: 118]. თუ საქართველოში მიკვლეულ მასალას ამ ისტორიულ ფონზე განვიხილავთ, ვნახავთ რომ ქართულ სამყაროში ხარის კულტი ადრიდანვე არსებობდა. უკვე ენეოლითურ ნამოსახლარებზე (არუხლო, წოფი) ვხვდებით ხარის პატარა ქანდაკებებს, [ხიდაშელი, 1982: 10] გუდაბრტყაზე - აშკარად სარიტუალო დანიშნულების მქონე ხარის ნიღბებს [რუხაძე, 1990: 38], მტკვარ-არაქსის კულტურაში ფართოდ გავრცელებულია კუროს რქიანი ზესადგრები, რომლის ერთი ბოლო მომრგვალებულია, მეორე კი მთავრდება რქისებური შვერილებით [კიკვიძე, 1972: 21 ტაბ; 7]. რქიანი სადგარი, მკვლევართა უმეტესობის აზრით, ხარის კულტთან დაკავშირებული ნივთია და რქისებური შვერილებით თვით გამოხატავს ხარს. ხარის კულტს დაუკავშირდა რქიანი სადგარი ო.ჯაფარიძემ: "ხარი, რომელიც ერთი მხრივ, დიდი რაოდენობით ხორცეულს იძლევა, ხოლო მეორე მხრივ, ჩანს, იწყება მისი გამოყენება გამწევ ძალად, ენეოლითის ხანიდან მოყოლებული კულტის ობიექტი ხდება. ამ  პერიოდში მისი კულტი მძლავრად იკიდებს ფეხს; ამის საბუთად შეიძლება ისიც გამოდგეს რომ ენეოლითის ხანაში ხარის კულტთან დაკავშირებული გამოსახულებები მრავალ ვარიანტებს იძლევა" [ჯაფარიძე, 1958 : 28]. ხარის გამოსახულება მტკვარ -არაქსის კულტურაში, მართლაც, მრავალი ვარიაციით გვხვდება და უმეტეს შემთხვევაში აქცენტირებული არის მისი რქები. სავსებით სწორად რქიან ნივთებში მკვლევარნი ხარის სტილიზებულ გამოსახულებას ხედავენ. ეს კარგად ჩანს კვიპროსზე აღმოჩენილი მიკენური ვაზის გამოსახულებიდან. ვაზაზე გამოსახულია წყვილი ხარის თავი, რომლებსაც რქებს შორის მოთავსებული აქვთ ორმაგი ცული. თვით ხარებს შორის დგას რქებიანი სადგარი, რომლის რქისებურ შვერილებს შორის, აგრეთვე აღმართულია ორმაგი ცული [კიკვიძე, 1976: 167]. როგორც ვხედავთ, მიკენური ვაზის გამოსახულებაზე ხარი და რქიანი სადგარი ერთი მნიშვნელობით არის გამოსახული, რითაც მათ იგივეობას ესმება ხაზი.

რქიანი სადგარი რომ კერასთან დაკავშირებული ნივთია და იგი რიტუალში გამოიყენებოდა, ამას კარგად ადასტურებს ხიზანაანთ გორის ნამოსახლარზე აღმოჩენილი კერა, რომლის ძირზე მიძერწილი იყო რქიანი სადგარი [კიკვიძე, 1972: 52, ტაბ., 16]. რქიანი სადგრები დადასტურებული არის გვიანი ხანის ძეგლებზეც. კერძოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამლოცველოს გათხრების დროს, ნაცარგორაზე, ერთ-ერთ სამლოცველო სენაკში აღმოჩნდა რქიანი საკურთხეველი ნალისებური კერითა და რქიანი ზედასდგრებით. აქვე დადასტურებული იყო ხარის ტერაკოტული ფიგურები. ძეგლის გამთხრელი გ.გობეჯიშვილი თვლის, რომ რქიანი ზესადგარი ნალისებური კერის ნაწილია, რომელშიაც წმინდა ცეცხლი ინთებოდა. აქ მთავარი ის არის, რომ კერასაც და ზესადგარსაც სარიტუალო მნიშვნელობა აქვთ და დაკავშირებული არიან ხარის კულტთან [საქართველოს არქეოლოგია, 1959: 141]. ხარის კულტი დასტურდება გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის ძეგლებში; უფლისციხე - ყათალანისხევის სალოცავი, ხოვლეს ნამოსახლარი [ხახუტაიშვილი, 1964: 25-41 ტაბ.,IV-V], ამასვე უნდა მიუთითებდეს ხარის თავებით დამშვენებული ქინძისთავები თლიდან, ხარის ქანდაკებები ყობანიდან და ჩრდილო ოსეთის სხვა სამაროვნებიდან [გობეჯიშვილი, 1952: 260-262]. კავთისხევის ციხია-გორას დიდი ხუროთმოძღვრული კომპლექსის გათხრისას ერთ-ერთ სათავსოში აღმოჩნდა ორი პატარა ხარის (ან მოზვრის) ორმაგი პროტომის ქანდაკების მკვრივი კირქვისაგან გამოკვეთილი კაპიტელი [ყიფიანი 1987: 6, ტაბ.,II-IV]. კოლხეთიდან ხარის საკულტო სკულპტურები გვაქვს ურეკისა და გერგეტას სამაროვნებზე, "სიმაგრის ნამოსახლარზე" [მიქელაძე, 1985: 60, ტაბ.,13 (669)], მაღლაკიდან [ლანჩავა, 2007: 39, სურ.23] და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხარის შესანიშნავი ქანდაკება, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში შემოსულია 1926 წელს დღნორისას გაუქმებული ეკლესიიდან (#5467/A-59) [ლანჩავა, 2007 : 39, სურ. 24] და ამჟამად ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.

ღვინის ჭურჭელი ხარის გამოსახულებით თრელის სამაროვნის სამეფო სამარხიდან ძვ.წ 8-7სს. ფოტოს წყარო

ხარის სკულპტურა (L-5 სმ., H-8 სმ.) მრგვალი ქანდაკების ჯგუფს განეკუთვნება. შესრულებულია მტკიცე ოსტატური ხელით. ფეხები ოდნავ მოხრილია, გამოსახულია მოძრავ პოზაში, მაღალი ყელით და მოხრილი დიდი რქებით. კუდი მსხვილია და ბოლოსკენ წაწვეტებული. ფეხებთან შედარებით ტორსი დაგრძელებული და წელში დავიწროებულია. მოგრძო პირსახის ნაკვთები, ზოგადად არის გადმოცემული, მაგრამ გამოსახულებას ენერგიულ და ცოცხალ გამომეტყველებას ანიჭება, ხარის ოდნავ გადგმული ფეხები ფიგურას აწონასწორებს სივრცეში და მისი პოზა დინამიურადაა გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება მცირეოდენ სტილიზებულია, შესრულების მაღალი ტექნიკის შთამბეჭდავი გამომსახველობის გამო დღემდე ანალოგი არ აქვს საქართველოში აღმოჩენილ მცირე ბრინჯაოსა და თიხის ხარის ქანდაკებებს შორის, სრულიად აშკარაა, რომ ავტორს მიზნად ჰქონდა დასახული ეჩვენებინა ამ ხარის ღვთაებრიობა, არაჩვეულებრიობა, რომ საქმე გვაქვს ხარის ღვთაების ქანდაკებასთან, გუთნური მიწათმოქმედების მამოძრავებელ, გაღმერთებულ გამწევ ძალასთან. ქუთაისის მუზეუმის ექსპოზიციაში დაცული ხარის ქანდაკების შესრულების მაღალი ტექნიკა გვაფიქრებინებს, რომ იგი დამზადებული უნდა იყოს წინარეანტიკურ ხანაში ძვ.წ. VIII ან VII საუკუნის პირველ ნახევარში. ძველ კოლხეთში ხარის კულტის არსებობაზე არაპირდაპირი მითითება გვხვდება თქმულებაში არგონავტების შესახებ. რკინის გუთანში შებმული "სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარებით” ხნულის გავლება კოლხ მიწათმოქმედთა შორის მხოლოდ მეფე აიეტს შეეძლო. ამ ხარების დამორჩილება იაზონმა მოახერხა მხოლოდ ქალღმერთ ჰეკატეს დახმარებით [აპოლონიოს როდოსელი, 1975: 128]. ქართულ თქმულებაში "საიქიოს ზღაპარი" გმირს წაყენებული აქვს იგივე პირობა, რაც იაზონს ჰქონდა. ერთ დღეში უნდა დახნას ვეება მინდორი ხარებით, რომლებიც კუდის ერთი დარტყმით მზეს აჩერებან ამ პირობას ისიც მზეთუნახავის ანუ ქალღმერთის დახმარებით ასრულებს [რაზიკაშვილი, 1990: 135].

სკულპტურული გამოსახულებები ცაიშის სამაროვნიდან, ძვ.წ. VIII-VII სს.

ხარის ბერძნული მითისა და ქართული ზღაპრის ასეთი სიუჟეტური დამთხვევით სრულიად აშკარად ხდება, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ხალხის გუთნური მიწათმოქმედების ამსახველი შემეცნებაა არეკლილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხარის და ქალღმერთის გამოსახულებას ვხვდებით კოლხურ მონეტების ერთ ჯგუფზე. კოლხური თეთრების რევერსზე ხარის გამოსახულება, თუ ერთი მხრივ, მიუთითებს მიწათმოქმედი ხალხის, კოლხების შემეცნებაში საქალაქო ცხოვრების გაჩენის შემდეგაც ხარის კულტის ცხოველმყოფელობაზე, მეორეს მხრივ, აშკარად განსაზღვრავს, თუ რა დატვირთვა აქვს ავერსზე ამოტვიფრული ქალღმერთის გამოსახულებას. ეს არის მიწათმოქმედთა და პირუტყვთა მფარველი ღვთაება, კოლხეთის მთავარი დედაღმერთი [Куфтин, 1949: 254]. შემთხვევითი არ არის კოლხურ თეთრზე დედაღმერთისა და ხარღვთაების გამოსახულებათა შეხამების თვალსაზრისით ურეკის ორმოსამარხში ხარღვთაების სკულპტურასთან ერთად დედაღმერთის ქანდაკების აღმოჩენა [მიქელაძე, 1985: 62]. კოლხურ თეთრზე ხარის და ქალღმერთს ერთობლივი გამოსახულება გვაფიქრებინებს ადრეანტიკური ხანიდან გუთნისდედას დამკვიდრების ტრადიციას საქართველოში. ხარის გაღმერთების ამსახველია, აგრეთვე, შუბლზე თეთრი, ღვთაებრივი ნიშნის მქონე ხარების - ნიშასა და ნიკორას ქართველთა შემეცნებაში დალექილი სახელები, რომელთაგან ნიკორა ზოგადად ნიშა სახელის შესატყვის ტერმინადაა მიჩნეული და "ცას", "ციურ" თუ "ღვთის ნიშანს" ნიშნავს [Куфтин, 1949: 88]. ხარის კულტის ფართო გავრცელება საქართველოში ასახული უნდა იყოს არა მარტო მრავალრიცხოვან სკულპტურულ თუ გრავირებულ გამოსახულებაში, არამედ კოლხური კერამიკის სიმბოლურ შემკობაშიც.

ექსპონატი საირხეს განძიდან

მხედველობაში მაქვს ადრერკინის ხანის კოლხური კერამიკის რქისებრი შვერილები, რომლებიც ამ ყურების წინხედს ხარის პირსახის იერს ანიჭებენ [მიქელაძე, 1974: 55]. ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი ო.ლანჩავა, რაზმის ხელმძღვანელი გ.კვირკველია) ქუთაისში გაბაშვილის გორაზე წინარე და ადრეანტიკური ხანის ფენებში მრავალრიცხოვან მატერიალურ მასალასთან ერთად მოიპოვა აგრეთვე ჭურჭლის ზოომორფული ყურები, რომელთაც ზედა ნაწილში კონუსისებური შვერილები აქვთ და ყურის კორპუსთან ერთად ხარის პირსახის იმიტაციას ქმნიან [ლანჩავა, 2007: 39,40, სურ.29,30]. ხარის კულტი, და არა გადმონაშთები, კოლხეთში ძლიერი იყო ელინისტურ ხანაშიც. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს აჟურული კოლხური ბალთები ფანტასტიკური ხარების გამოსახულებით, რომლებიც გვევლინებიან, როგორც კომპოზიციის ცენტრალური ფიგურები, ან როგორც კომპოზიციის შემადგენელი ნაწილები [Куфтин, 1949: 88]. ქართველ ტომებში ხარის კულტის ხასიათის გასაგებად გარკვეულ მონაცემებს იძლევა დღესასწაული ბოსლობა და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი, რომელიც შემონახულია ენგურის, ცხენისწყლის და რიონის ხეობებში, ბოსელი იყო შინაური ცხოველის განაყოფიერების მფარველი ღვთაება. ფიქრობენ, რომ ბოსლობაში ასახულ ღვთაებას თავდაპირველად ასახიერებდა ხარი, რომელიც შემდგომ ითიფალურ მამაკაც-ღვთაებად გვევლინება, ხოლო ქრისტიანულ პანთეონში წმინდა ბასილად პერსონიფიცირდება [ბარდაველიძე, 1953: 107]. როგორც ვ.ბარდაველიძემ გამოიკვლია რელიგიურ პანთეონში და ცერემონიალებში ხარის როგორც საკულტო ცხოველისათვის მიჩენილი ადგილის მიხედვით ქართული წარმართული რელიგია დიდ სიახლოვეს იჩენდა წინა აზიის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების რელიგიურ სამყაროსთან. კერძოდ, სვანური დღესასწაული უფლიშიერ შესრულებისა და ძირითადი შინაარსის მიხედვით თითქმის სრულ იგივეობას ამჟღავნებს ზევსის პატივსაცემად გამართულ დღესასწაულთან, რომელიც მაგნესიაში მდინარე მეანდრეზეა დადასტურებული. თანაც, როგორც, მკვლევარი ფიქრობდა, სვანური დღესასწაული უფრო არქაულ იერს ატარებს. ამავე დროს, სვანეთში საღვთო ხარების ბრძოლა და სხვა ქართულ თემებში დადასტურებული ბუღების ბრძოლა უახლოეს ანალოგს ნახულობს კრეტა-მიკენის კულტურაში, სადაც ხარის კულტმა განსაკუთრებული განვითარება მიიღო. სვანურ გრაფიკულ საწესო ხელოვნებაში დადასტურებული ჯვარი, წრეში ჩახატული ჯვარი და ხარის თავის სქემატური გამოსახულება, როგორც ვ.ბარდაველიძე ფიქრობდა, დაკავშირებულია ციური ბატონის კულტთან და ამ ღვთაების სიმბოლოს წარმოადგენდა.

ციური ბატონის კულტში კი, თავის მხრივ, სხვადასხვა კულტი, განსაკუთრებით კი, მზის და ხარის კულტი ჩანს გაერთიანებული [Бардавелидзе, 1957:256-260]. არქანჯელო ლამბერტთან ფიქსირებულია XVII საუკუნის პირველი ნახევრის სამეგრელოში ილორის წმ.გიორგის დღესასწაულის აღწერილობა: "ოც ნოემბერს მთავარი ყველა თავისი კარისკაცებით, თავადაზნაურობით და ოდიშის ხალხით მოდის ილორის ეკლესიაში დღესასწაულზე დასასწრებად და იმის სანახავად, თუ როგორ მოიყვანს წმ.გიორგის ხარს. მარტო ოდიშელები კი არა, აფხაზებიც და სვანებიც მრავლად მოდიან ამ დღესასწაულზე... ამბობენ კიდევ, რომ წმინდა გიორგი სამჯერ მიიყვანს ამ ხარს ზღვიდან მთამდეო და სამჯერ – მთიდან ზღვამდე და ამ გზით ნაკურთხ ხარს ეკლესიის გალავანში დასტოვებსო ხალხის სასარგებლოდ... ხარს გაიყვანენ გალავნის გარეთ და დააკლევინებენ იქაურ მცხოვრებს, რომლის ოჯახს ძველიდანვე ეკუთვნის ეს ხელობა.  ამ ოჯახში ძველიდანვე ინახება ნაჯახი, რომლითაც უნდა დაიკლას ის ხარი და რომელსაც ინახავენ, როგორც საღმრთო ნივთს და სხვა არაფერზე არ ხმარობდნენ. ის კაცი,  ხარს რომ დაკლავს, გაანაწილებს კიდეც: უმეტესი ნაწილი რქებთან ერთად ეკუთვნის მთავარს. რქებს მთავარი შეამკობს ოქროთი და ძვირფასი ქვებით და დიდ დღესასწაულებში იმ რქებით ღვინოს დალევს... ხარის კარგა დიდი ნაწილი იმერეთის მეფესაც ეკუთვნის. თუმცა მეფესთან მთავარი მტრად იყო და ომობდა კიდეც, მაგრამ ამან მისი ნაწილი მაინც გაუგზავნა მეფეს... ეგრევე მოიქცა მთავარი გურიელის მიმართ სხვადასხვა ძველებურ გვარს ოდისში თავისი წილი აქვს მიჩენილი. რაც დარჩება, დაჭრიან წვრილ-წვრილად და დაურიგებენ ხალხს. ამ ხორცს გაახმობენ ბოლზე და დიდი სასოებით ინახავენ ავადმყოფობის დროს მოსახმარად. დარწმუნებული არიან რომ ეს ხორცი საუკეთესო წამალია ყოველგვარი ავადმყოფობის წინააღმდეგ" [ლამბერტი, 1938: 143]. არქანჯელო ლამბერტის აღნიშნული ციტატა იმაზე მეტყველებს, რომ წარმართობასთან დაკავშირებული ხარის კულტი და მისი დამახასიათებელი კულტმსახურების წესები შეეზარდა და შეეწყო წმინდა გიორგის კულტს.

სამეგრელოშივე გავრცელებული იყო ხალხური სპორტული სანახაობა "კურული". იგი "კვირა დღეს იმართებოდა სოფლის მახლობლად - მოედანზე. სპეციალურად მომზადებულ და გაწვრთნილ ბუღას აბამდნენ მოედნის ცენტრში დასმულ პალოზე და ორი კაცი იწყებდა მის გამოჯავრებას. ამასთანავე, სასტიკად იცავდნენ ბუღასთან მოქცევის წესებს, მას მხოლოდ სხეულის გარკვეულ ნაწილებში წვდებოდნენ. გაღიზიანებულ ბუღას აუშვებდნენ და ერთ-ერთ მებრძოლთაგანი შეებმებოდა მას. გააფთრებულ ბუღას შემოტევათა მოგერიებასთან ერთად. მას უნდა შეებოჭა და წაექცია იგი მიწაზე". [ჩიტაია, 1959: 159]. გ.ჩიტაიას ვარაუდით "კურული” უნდა ასახავდეს ხარის მოთვინიერებას, მის გახედნას, იმ თავდადებული ბრძოლის მსგავსად, რომელსაც შუმერების გმირები გილგამეშის და ენქიდუ გარეულ ხართან აწარმოებდნენ. [ჩიტაია, 1959:160]. ივ.ჯავახიშვილის გამოკვლევათა მიხედვით თეთრი, ანუ წმინდა გიორგი ქართველთა უძველეს რწმენაში, გარდა იმისა რომ მიწათმოქმედ მხვნელ-მთესველთა დამცველი და მათი მფარველი ღვთაებაა, აგრეთვე გაუმჯობესებული სახვნელის - გუთნის გამომგონებელია: "სახვნელის გაუმჯობესებული, დამთავრებული სახეობის გუთნის გამოგონებას ჩვენი ერი თვით ქართველთა წარმართობის ხანის უზენაესი ღვთაების მონაცვლეს, თეთრ გიორგის მიაწერს". [ჯავახიშვილი, 1930: 262]. ამგვარად, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ მონაცემებსა და წერილობით წყაროებს ხარის კულტთან დაკავშირებული არაერთი ცნობა აქვს შემონახული. ხარი წარმართული ხანის საქართველოში სხვადასხვა ეტაპზე მზის, მთვარის ნაყოფიერების და მიწათმოქმედების ღვთაებას წარმოადგენდა, ხოლო ქრისტიანობაში მისი სიმბოლო შეერწყა წმინდა ბასილისა და წმინდა გიორგის სახისმეტყველებას.

დამოწმებული ლიტერატურა:

1. აპოლონიოს როდოსელი, 1975: არგონავტიკა, თარგმანი და შესავალი წერილი აკაკი გელოვანისა. თბილისი

2. აფანასიევა ვ., ლუკონინი ე., პონომარცევა ნ., 1986: ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება. თბილისი

3. ბარდაველიძე ვ. 1953: ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები. თბილისი

4. გობეჯიშვილი გ., 1952: სტალინარის ნაცარგორა. - მიმომხილველი, ტ.II, 258-262. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ნ.ბერძენიშვილი (რედ.), თბილისი

5. კიკვაძე ი., 1972: ხიზანაანთგორის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. თბილისი

6. კიკვიძე ი., 1976: მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში. თბილისი

7. ლამბერტი არქანჯელო, 1938: სამეგრელოს აღწერა. თბილისი

8. ლანჩავა ო., 2007: ქუთაისის არქეოლოგია. ქუთაისი

9. მიქელაძე თ., 1974: ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბილისი

10. მიქელაძე თ., 1985: კოლხეთის ადრერკინის ხანის სამაროვანი. თბილისი

11. ნადირაძე ჯ., 1990: საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი. თბილისი

12. პატარიძე რ., 1980: ქართული ასომთავრული. თბილისი

13. რაზკაშვილი თ., 1909: ხალხური ზღაპრები

14. რუხაძე ჯ., 1990: ქართული ხალხური დღესასწაული - კრებული ძეგლის მეგობარი 2, 35-40 - ირ. ციციშვილი (რედ.), თბილისი

15. საქართველოს არქეოლოგია, 1959, ან. აფაქიძე (რედ.). თბილისი

16. ყიფიანი გ., 1987: კაპიტელები. თბილისი

17. ჩიტაია გ., 1959: თოხის კულტურა დასავლეთ საქართველოში (კოლხეთში). ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, IV, ნაკვ II. 147-162 - ნ. ბერძენიშვილის (რედ.) თბილისი

18. ხახუტაიშვილი დ., 1964: უფლისციხე I (1957-1963 წ.წ. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები) - შ.ამირანაშვილი (რედ.), თბილისი

19. ხიდაშელი მ., 1982: ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეული რკინის ხანაში. თბილისი

20. ჯავახიშვილი ივ., 1930. საქართველოს ეკონომიკური ისტორია. თბილისი

21. ჯაფარიძე ოთ., 1958: ქართველ ტომთა ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე. თბილისი

22. Археология зарубежной Азии, 1986 - Н. Я. Мерперт (ред.), Москва

23. Бардавелидзе В.В., 1957: древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен. Тбилиси

24. Куфтин Б.А., 1949: Материалы к археологии Колхиды,  I. Тбилиси

25. Овсяннико – Куликоовский Д. п., 1885: К вопросу о "Быке в религиозних представлениях древнего востока. Одесса

26. Пендлбери Дж., 1950: Археология Крита. Москва

27. Жуковский П.М., 1933: Земледелыская Турция. Москва - Ленинград