topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დ.მინდორაშვილი - არქეოლოგიური გათხრები ძველ თბილისში

<უკან დაბრუნება...<<<თბილისი // საქართველოს ციხე-ქალაქები>>>

დავით მინდორაშვილი

არქეოლოგიური გათხრები ძველ თბილისში

სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრი

(ქარვასლა, სინაგოგა)

თბილისი, 2009

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000311/Tbilisi.pdf

შ ე ს ა ვ ა ლ ი

თბილისი, როგორც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, ქართულ წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება IV ს-ის 60-იანი წლებისათვის, როცა სასანიანთა ირანის სახელმწიფო ქართლში პოლიტიკური ბატონობის განმტკიცებისათვის იბრძოდა. «მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა» [39, გვ.944,5]. ცხადია, ძველი თბილისის ტერიტორიაზე პირველი დასახლება IV ს-ზე გაცილებით უფრო ადრე უნდა არსებულიყო. თუ წერილობითი წყაროების მიხედვით მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელია თბილისის გადედაქალაქებისა და მისი შემდგომი ისტორიის შესწავლა, ამას ვერ ვიტყვით არქეოლოგიურ მასალაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თვალი გაგვედევნებინა დედაქალაქის განვითარების ძირითადი ეტაპებისათვის, განსაკუთრებით ადრეულ შუა საუკუნეებში. თბილისის არქეოლოგიური შესწავლა გასული საუკუნიდან დაიწყო და მეტ-ნაკლები ინტენსიურობით დღემდე გრძელდება. გარდა ნარიყალაზე წარმოებული სამუშაოებისა, გასაგები მიზეზების გამო აქ დღემდე არ ჩატარებულა წინასწარ დაგეგმილი ფართო მასშტაბის გათხრები. ძველი თბილისის ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული, რაც ამ ადგილებში არქეოლოგიური კვლევა-ძიების წარმოების საშუალებას არ იძლევა. დედაქალაქში შემთხვევით გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა და მის საფუძველზე ძველ უბნებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ ახალ მშენებლობებთანაა დაკავშირებული. ძველ თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ჯერ კიდევ XIX ს-ში ჩნდებოდა სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის არქეოლოგიური ძეგლები. ეს აღმოჩენები მაშინაც ძირითადად სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდებოდა. თუმცა, არც თუ იშვიათად ამ აღმოჩენებში განძის მაძიებლებსაც ჰქონდათ შეტანილი «წვლილი». ასეთ პირობებში, შემთხვევით მოპოვებული ნივთებიდან მხოლოდ ნაწილი ხვდებოდა მუზეუმში [დაწვრილებით იხ.21, გვ.126-129; 61, გვ.89, 90]. ამჯერად შევეხებით საკუთრივ ძველი თბილისის ტერიტორიაზე შემთხვევით გამოვლენილ ძეგლებსა და არქეოლოგიურ მასალას, რომელთაც ცალკეული უბნების მიხედვით განვიხილავთ. ძველი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღუდის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე - გარეთუბანში, საჯარო ბიბლიოთეკის საძირკვლის ამოღებისას აღმოჩნდა ახ.წ. I ს-ის თიხის ჭურჭლები. ახ.წ. II  ს-ით თარიღდება სახელმწიფო მუზეუმის შენობისათვის გაჭრილ საძირკველში გამოვლენილი თიხის სამტუჩა ხელადები [1, გვ.74-76; 61, გვ.89, 90]. იმავე ტერიტორიაზეა ნაპოვნი განვითარებული შუა საუკუნეების თიხის მილიანი ჭრაქი და მოჭიქული ჯამი [1, გვ.77; 45, გვ.78, 79]. კალოუბანში1 აღმოჩნდა ძვ.წ. მიწურულის ბაქტრიული მონეტა [22, გვ.162]. რუსთაველის გამზირის №7-ში, იმ ადგილას, სადაც ადრე სასტუმრო «ინტურისტის» შენობა იდგა, სასტუმროს მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღებისას, მისი ჩრდილოეთი კიდის დასავლეთ ნაწილში თავი იჩინა თიხის ჭურჭლის ნატეხებმა. ამის შესახებ 2008 წლის სექტემბერში კომპანია  «ჯი ემ თი კერძო საკუთრება»-მ აცნობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრს. ცენტრის თანამშრომლები (დ.მინდორაშვილი, ნ.სულავა, გ.გოგოჭური) 10 დღის განმავლობაში სწავლობდნენ აღნიშნულ ტერიტორიას. რიგი ობიექტური მიზეზების გამო, გათხრების ფართო მასშტაბით გაშლა ვერ მოხერხდა. შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენადმე გაფართოება ქვაბულის ჩრდილოეთი კიდისა, სადაც ჭრილში რიყის ქვითა და კვადრატული, ე.წ. «ქართული აგურით» თიხამიწაზე ნაგები კედლის ნაშთი ჩანდა. ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ გაირკვა, რომ საქმე გვაქვს ძველი თბილისის საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობის ნაშთთან. გათხრებისას გამოვლენლი მასალიდან აღსანიშნავია: თონეები, ქვევრის ნატეხები, ხელადები, ჯამები, სასანთლე, წერნაქით მოხატული თუ შეღებილი ჭურჭლები, მოჭიქული ბადია, ხელადა, ჯამები, ეკატერინე II-ის სპილენძის ხუთკაპიკიანი. იქვეა გამოვლენილი მწვანე ჭიქურის ლაქებით შემკული მცირე ზომის თიხის ქანდაკება, რომელიც ჩაცმულობის მიხედვით რუსის ჯარისკაცის გამოსახულება უნდა იყოს. ნაგებობა არქეოლოგიური მასალის მიხედვით თარიღდება XVIII ს-ის მიწურულითა და XIX ს-ის პირველი ნახევრით. 1926 წ. ისანში შემთხვევით აღმოჩნდა თიხის 17 ჭურჭელი. მათ შორის გვხვდება როგორც მოჭიქული, ისე სადა კერამიკული ნაწარმი. 1929 წ. ისანშივე, სომხური დრამის თეატრის შენობის საძირკვლის ამოღებისას გამოვლინდა ჯამები, ხელადა, ჭრაქი, კოტოში და სხვა ჭურჭელი. ამ კოლექციებს XI-XIII  სს-ს მიაკუთვნებენ [60, გვ. 145, 146, 159-162]. მთლიან ეგზემპლარებად შემორჩენილი ეს ჭურჭლები [60, სურ.1, 2, 7, 8, 13, 15, 17] ჩვენ უფრო მოგვიანო ნიმუშებად მიგვაჩნია. თბილისის არქეოლოგიურ შესწავლას საფუძველი ჩაეყარა 1948 წ. და ეს მოვლენაც ახალმშენებლობას უკავშირდება. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ვახუშტი ბაგრატიონისეულ «ტფილის-სეიდაბადის» მიდამოებში [44, გვ.33415, 3382], სამასი არაგველის სახელობის ბაღის ახალი ფართობის განაშენიანებისას დიდი რაოდენობით ჩნდებოდა თიხის ჭურჭლის ნატეხები. იმავე წელს, ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის ინსტიტუტში შეიქმნა თბილისის ისტორიულ-არქეოლოგიურად შემსწავლელი ჯგუფი (ხელმძღ. ო.ჯაფარიძე, შემდეგ გ.ლომთათიძე), რომელმაც 1948-1949 წწ. გათხრები აწარმოა სამასი არაგველის სახ.ბაღის ტერიტორიაზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღუდესთან. განათხარი ნაგებობა წარმოადგენდა ზღუდის კედელზე მიშენებულ სამეთუნეო სახელოსნოს, სადაც აღმოჩნდა კერამიკის გამოსაწვავი 7 ქურა. სახელოსნოს ტერიტორიაზე მიკვლეულ იქნა წუნდებული პროდუქციის დიდძალი გადანაყარი გროვა [21, გვ.119-170; 24, გვ.75-121; 61, გვ.89-100]. თბილისის კერამიკული სახელოსნოს განადგურებას უკავშირებენ თემურ ლენგის სასტიკ ლაშქრობას XIV ს-ის მიწურულს. როგორც ფიქრობენ, ეს უნდა მომხდარიყო 1386 წ. [55, გვ.51-53; 63, გვ.38-56].  სახელოსნოში გამოვლენილ მოჭიქულ კერამიკას საგანგებო გამოკვლევა უძღვნა მ.მიწიშვილმა [38]. 1954 წ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო.ტყეშელაშვილი) ნარიყალაზე ჩაატარა მცირე დაზვერვითი სამუშაოები [42, გვ.17, 18]. 1966, 1968-1970 წწ. ნარიყალაზე გათხრებს აწარმოებდა ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია [28, გვ.77-83; 29, გვ.38, 39; 30, გვ.99-104; 74, გვ.236-242]. გათხრებისას აღმოჩენილი საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი არტეფაქტები ძირითადად გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ნარიყალას არქეოლოგიური მასალა - წერნაქიანი და მოჭიქული ჭურჭელი, ფაიანსი,  მინის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, სათანადოდაა შესწავლილი სპეციალისტების მიერ [30, გვ.27-32; 3, გვ.174-188; 37, გვ.189-200; 32, გვ.201-220; 48, გვ.221-237; 58, გვ.106-119]. 2008 წ. მარტში, ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. დ.მინდორაშვილი) მშენებლობისათვის ნებართვის გასაცემად, მცირე მასშტაბის სადაზვერვო სამუშაოები აწარმოა ნარიყალას ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, სადაც №3, 7 თხრილებში აგურის კედლების სახით გამოვლინდა გვიანდელი შუა საუკუნეების (XVII-XVIII  სს) ნაგებობათა ნაშთები. იქვე აღმოჩნდა ნაგებობათა თანადროული თიხის ჭურჭლის ნატეხები. 1956-1957 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტსა და თბილისის სახ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთობლივი ექსპედიცია (ხელმძღ. ო.ტყეშელაშვილი, ი.გძელიშვილი) გათხრებს აწარმოებდა ერეკლე II-ეს სახ. მოედანზე, სადაც გამოვლენილ იქნა ძველთბილისური სამოსახლო. იქვე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი სადა და მოუჭიქავი კერამიკა, სამეთუნეო წარმოებისათვის დამახასიათებელი თიხის სოლები, მინის ნაწარმი და სხვ. გამთხრელები არქეოლოგიურ მასალას V-XVIII სს-ით ათარიღებდნენ [13, გვ.30-43]. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მასალის უდიდესი ნაწილი გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ამ მიდამოებში 1975 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ.ართილაყვა) სწავლობდა «გიორგი XII-ის სასახლეს» და მასთან მიმდებარე კარის ეკლესიას [64, გვ.85, 86]. 1988 წ. ერეკლე II-ეს მოედანზე გათხრები განაახლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. ო.ტყეშელაშვილი). იქ გამოვლინდა შუა საუკუნეების სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები და სარკოფაგები [76, გვ.118-120]. 1945 წ. არქეოლოგ ნ.ხოშტარიას ანჩისხატის მახლობლად მიუკვლევია მოჭიქული ჭურჭლების საინტერესო ნიმუშებისათვის. მათ შორის გვხვდება მრავალფრად მოჭიქული ფრინველის გამოსახულებიანი ჯამი [60, გვ.148]. გასული საუკუნის 50-იან წლებში ანჩისხატის ეკლესიასთან, მამაცაშვილისა და ავლევის ქუჩებზე შემთხვევით აღმოჩნდა ნაგებობათა კედლების ნაშთები და შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა: თონეები, ქვევრები, სადღვებლები, ქოთნები, ქილები, დოქები, ხელადები, ჯამები, ჭრაქები; წერნაქით შეღებილი ან წერნაქით დაწინწკლული დოქები, ხელადები; მოჭიქული ჭურჭლები; ფაიანსი და სხვ. [27, გვ.21-23]. 1956 წ. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში, ეკლესიის სამხრეთ კედელთან გაკეთებულ თხრილში აღმოჩნდა აგურისა და ქვის სამარხები. მათ ქვეშ თავი იჩინა ნასახლარის ნაშთებმა [13, გვ.7]. 1981 წ. ანჩისხატის ეზოშივე, მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღების დროს გამოჩნდა კვადრატული აგურით ნაგები მოზრდილი შენობის ნანგრევები. შენობა იდგა ანჩისხატის ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რამდენიმე მეტრზე. შემორჩენილი იყო მიწაში ჩამჯდარი ორი სართული. ნაგებობა უნდა წარმოადგენდეს დომენტი კათალიკოსის (1660-1675 წწ.) სასახლეს [12, გვ.65-68]. 1972წ. თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თაოსნობით თაბორის მთაზე ჩატარდა დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღ.ო.ტყეშელაშვილი). იქ გამოვლინდა თლილი ქვით ნაგები კედლის ნაშთი და შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები [43, №7, გვ.1-10; №8, გვ.1-12]. ანჩისხატის უბანში, შავთელის ქუჩის №22-24-ში, მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღებისას გამოვლინდა კულტურულ ფენათა ნაშთები. იქვე აღმოჩნდა აგურით ნაგები ორმოები, რომელთაც გამთხრელები ადრეულ შუა საუკუნეებს მიაკუთვნებენ [50, გვ.23]. ორმოების ავტორებისეული თარიღები არაა მართებული. ისინი გვიანდელი შუა საუკუნეების თბილისისათვის ძალზე დამახასიათებელი ტიპიური ორმოებია. შესაბამისად, გვიანდელია ორმოებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება გათხრები თბილისში, აბანოთუბანში ორმოც მოწამეთა ეკლესიის ადგილას (ხელმძღ. ო.ტყეშელაშვილი, 2006 წ. გ.ღამბაშიძე). ამ ხნის მანძილზე იქ გამოვლინდა თბილისის არსებობის თითქმის ყველა ეტაპის ამსახველი კულტურული ფენები. განსაკუთრებით კარგადაა წარმოდგენილი გვიანდელი შუა საუკუნეების მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არტეფაქტები (სადა და მოჭიქული კერამიკა, ფაიანსი, მინის ჭურჭელი, ძვლისა და ქვის ნივთები, ნუმიზმატიკური მასალა). იქვეა გათხრილი ეკლესია, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები და სხვ. [67, გვ.85-89] ძველი თბილისის ტერიტორიიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალაც. გასული საუკუნის დასაწყისში მაიდანთან, ქარვასლის მშენებლობის დროს აღმოჩნდა 700-800 ცალი სასანური და ბიზანტიური მონეტებისაგან შემდგარი განძი. სასანური მონეტები უპირატესად შედგებოდა ხოსრო II-ის (590-628 წწ.) დრაქმებისაგან. განძში იყო ჰორმიზდ IV-ის (579-590 წწ.) დრაქმაც. ბიზანტიური მონეტების უმრავლესობა ეკუთვნოდა ჰერაკლე კეისარს (610-641 წწ.), ნაწილი - ირაკლი-კონსტანტინეს. განძი გაიფანტა [68, გვ.19,20]. 1917 წ. ბოტანიკურ ბაღთან, მდებარე მაჰმადიანთა სასაფლაოზე აღმოჩნდა ქართული და ილდეღიზიდური მონეტების განძი, რომელიც შედგებოდა გიორგი III-ის, თამარის (1184-1207 წწ.) გიორგი IV ლაშას (1207-1223 წწ.) და თანადროული ილდეღიზიდური მონეტებისაგან. განძი გაიფანტა. 1935 წ. კრწანისში აღმოჩნდა ქართული და უცხოური სპილენძის მონეტების განძი (1319 ც.). განძის შემადგენლობაში იყო: 1 ც. გიორგი III-ის (1156-1184 წწ.), 1312 ც. რუსუდანის (1223-1245 წწ.), 1 ც. ჯალალ-ედ-დინის, 1 ც. ბიზანტიის იმპერატორ ანასტასიოს I-ის (491-518 წწ.), 1 ც. ალექსი I კომნენოსის (1081-1118 წწ.), 3 ც. ილდეღიზიდი ათაბაგის აბუ ბაქრის (1195-1210 წწ.) სახელით მოჭრილი მონეტა. განძიჩაფლული უნდა იყოს XIII ს-ის 30-იან წლებში. 1936 წ. ავლაბარში აღმოჩნდა ქართული და ილდეღიზიდური სპილენძის მონეტების განძი, რომელიც შედგებოდა: თამარისა და დავით სოსლანის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის რუმის სელჩუკიანი სულთნის ქეიქაუსის (1210-1219 წწ.), ილდეღიზიდ უზბეკის (1210-1225 წწ.) სახელით მოჭრილიმონეტებისაგან. 1937 წ. ყოფილ ე.წ. მადათოვის კუნძულზე აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი. განძი გაიფანტა. მისგან შემორჩა გიორგი III-ის სახელით მოჭრილი მონეტა და 1226 წ. ქართული მონეტებიდან გადაჭედილი ჯალალ-ედ-დინის მონეტა [15,გვ.504]. 1953წ. მეტეხის ხიდთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, შაჰ ისმაილის მეჩეთის ნანგრევების გაწმენდისას აღმოჩნდა განძი, რომლიდანაც 411 მონეტა მოხვდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. აქედან ერმიტაჟსა და ს.პუშკინის სახ.სახვითი ხელოვნების მუზეუმს გადაეცა 2-2, მოსკოვის ისტორიულ მუზეუმს კი 3 მონეტა. ამავე განძს უნდა ეკუთვნოდეს შემდგომში მუზეუმში შესული 6 მონეტა. ამ მონეტებს შემდეგ მიემატა იმავე ადგილას ნაპოვნი 12 მონეტა, რომლებიც ტფილისის ამირა ალი იბნ ჯაფარისაა (XI ს.) [68, გვ.65,66]. ძირითადად ასეთია ძველ თბილისში შემთხვევით გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლებისა და ცალკეული არტეფაქტების შესწავლის ისტორია. ჩამოთვლილ ძეგლებს ამ ბოლო წლებში შეემატა ქარვასლისა და სინაგოგის გათხრებისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა, რომელთაც ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ.

თ ა ვ ი  I

არქეოლოგიური გათხრები ქარვასლაში

ძველ თბილისში, სიონის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით 30-ოდე მ-ის დაშორებით, კ.ლესელიძის ქუჩის №36-ში მდებარე 1902 წ. აგებული ქარვასლის (სურ.I-1, 2; ტაბ.I) რეკონსტრუქციისას2 შენობის გამაგრების მიზნით, საძირკველის გაყოლებით გაკეთებულ თხრილში, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 4-5 მ სიღრმეზე მშენებლები დროდადრო პოულობდნენ თიხის ჭურჭლის ნატეხებს. ნაგებობის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში კი საძირკველის გარეთ, კუთხესთან, მშენებლებმა დააზიანეს აგურითა და კირხსნარით ნაგები ორმო (ხარო), საიდანაც ამოულაგებიათ სხვადასხვა ფორმა-ზომისა და დანიშნულების თიხის ჭურჭლები. ამ აღმოჩენის შესახებ მშენებლებმა აცნობეს ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრს, რომლის თანამშრომლებმა 2006 წ. ოქტომბერ - ნოემბერში გათხრები აწარმოეს ქარვასლის ტერიტორიაზე3. სამუშაოები მიმდინარეობდა შენობის საძირკველის გაყოლებით არსებულ თხრილში და საკუთრივ შენობის შიგნით, ექვს სხვადასხვა ადგილას (ტაბ.I). შევეხებით მხოლოდ იმ უბნებს, სადაც მნიშვნელოვანი მასალა იქნა გამოვლენილი.

I. ქარვასლის აღმოსავლეთი კედლის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან გამოვლინდა ნატეხი აგურით გაჯზე ნაგები და გაჯითვე შელესილი, 1,8 მ სიმაღლეზე შემორჩენილი, 1,15 მ დმ-ის მრგვალი სვეტის ნაშთი. სვეტის ბალიშებად გამოყენებულია გრანიტის ფილები. სვეტის ქვედა ნაწილი 50 სმ სიღრმეზე შეულესავია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სვეტის ეს ნაწილი თავიდანვე მიწაში იყო მოქცეული (ტაბ.I-1, ტაბ.II). არაა გამორიცხული, რომ სვეტი თავის დროზე სადღაც ამ მიდამოებში არსებული «ჩორსუ ბაზრის» ერთ-ერთ ბურჯს წარმოადგენდა. თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. სვეტიდან სამხრეთით, 1,8 მ-ის დაშორებით აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი კვადრატული აგურით კირხსნარზე ნაგები კედელი (ტაბ.I-1, ტაბ.II), რომელიც ქარვასლის საძირკვლისგანაა დაზიანებული. სავარაუდოდ კედელი და სვეტი XVII-XVIII სს-ის ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს. სვეტთან, თხრილის ჭრილში შეინიშნება ძლიერი ხანძრის კვალი, რომელიც თბილისის 1795 წ. სექტემბრის ტრაგედიასთან - აღა-მაჰმად-ხანის შემოსევასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

II. ქარვასლის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში, კუთხესთან, მიწის ზედაპირიდან 4 მ სიღრმეზე მშენებლები წააწყდნენ ორმოს (ხაროს), რომლის ოვალური მოყვანილობის კედლები ნაგებია კვადრატული აგურის ნატეხებით კირხსნარზე. 20 სმ-ით შემაღლებული ორმოს პირი ვიწროა. მას ზემოდან ეხურა ბრტყელი ქვა. ორმოს კედლები ქვედა ნაწილში თანდათან ფართოვდება. იატაკი მოგებულია აგურით (24X24X3 სმ). ორმოს ზომები: სიმაღლე 1,6 მ, შუა ნაწილის დმ 1,4 მ, ძირის დმ 1,5 მ, კედლის სისქე 20 სმ. ორმო შიგნიდან კირხსნარითაა შელესილი (ტაბ.I-2, ტაბ.III). მშენებლებმა ორმოში იპოვეს საგანგებოდ შენახული 25-მდე ჭურჭელი, რომლებიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, პარალელების მიხედვით კარგად თარიღდება XVIII ს-ით. რითი უნდა აიხსნას ორმოში ამდენი მთელი ჭურჭლის საგანგებოდ შენახვა? საფიქრებელია, რომ ნივთები გადამალული იყო მტრის შემოსევის საშიშროების გამო. თუ ნივთების თარიღსა და იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ თხრილის ჭრილში, ორმოს პირის დონეზე დამწვარი შრე შეინიშნება, ამ ნივთების შენახვა 1795 წ. სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას უნდა დავუკავშიროთ. როგორც ცნობილია, იმ დროს მტერმა თბილისი სასტიკად ააოხრა და გადაწვა. გაჟლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი. არაა გამორიცხული, რომ მათ შორის ამ ჭურჭლების პატრონიც იყო.

III. ქარვასლის სამხრეთი კედლის საძირკველს ჩაჭრილი ჰქონდა კვადრატული აგურის ნატეხებით კირხსნარზე ნაშენი ორმო4, რომლის ოვალური მოყვანილობის კედლები ზემოთ ვიწროა, ქვემოთ კი ფართოვდება. კედლების სისქე 35-40 სმ-ია. ორმოს სიმაღლე 1,6-1,7 მ უნდა ყოფილიყო. ორმოს შუა ნაწილის დმ 1,6 მ-ია, ძირის დმ - 1,7 მ. ორმოს კედლები აგურითაა ნაგები (ტაბ. I-3, ტაბ.IV). ორმოში აღმოჩნდა რამდენიმე მთელი ჭურჭელი. აგურის კედლებიანი ორმოები მიკვლეულია თბილისში - ერეკლე II-ეს მოედანზე. მათ გამთხრელები VII-VIII და X-XII  სს-ით ათარიღებდნენ [13, გვ.40]. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისინი ძველი თბილისისათვის მეტად დამახასიათებელი გვიანდელი შუა საუკუნეების ორმოებია და მათში გამოვლენილი მასალაც შესაბამისად გვიანდელია. ასეთივე ორმოები აღმოჩენილია ანჩისხატის ეკლესიის უბანში [50, გვ.23, 24]. მართალია, მათ ერეკლე II-ეს მოედანზე გამოვლენილი ორმოების თანადროულად მიიჩნევენ [50, გვ.23, 24], მაგრამ ამ ორმოებშიც ადრეული არაფერია. შენობის საძირკველის გასწვრივ გაკეთებულ თხრილში მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 4-5 მ. სიღრმეზე თითქმის ყველგან შეინიშნებოდა XVII-XVIII სს-ის კულტურული ფენა, რომელშიც აქა-იქ ჩნდებოდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ქარვასლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მომდინარეობს ერთი კულტურული ფენიდან. მასალის დიდი ნაწილი XVIII ს-ეს განეკუთვნება. რამდენიმე არტეფაქტი შესაძლოა XVI-XVII სს - ით დათარიღდეს. იქ უფრო ადრეული კულტურული ფენების გამოვლენა ვერ მოხერხდა იმ მიზეზის გამო, რომ ისინი, როგორც ჩანს, შეიწირა გვიანდელი შუა საუკუნეების შენობებმა. არქეოლოგიური მასალის უმრავლესობა კერამიკული ნაწარმია. ფუნქციონალური თვალსაზრისით მათში გამოიყოფა სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის ჭურჭელი. გვხვდება სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარმიც. სამეურნეო კერამიკის ჯგუფს მიეკუთვნება ქვევრის ორი ფრაგმენტი. ერთი მათგანი ძირ-გვერდის ნატეხია, გამოყვანილი ქუსლითა და ბრტყელი ძირით. გვერდებზე შემორჩენილია თოკისებური სარტყელი (ტაბ.V-100)5. მეორე ქვევრის გვერდის ნატეხი შემკულია რელიეფური სარტყელით (ტაბ.V-60). ქვევრები გამომწვარია წითლად. თიხა მსხვილმარცვლოვანია. კეცი გადანატეხში მუქი. ნატეხების მიხედვით ჩანს, რომ ორივე ქვევრი პატარა ზომის ყოფილა. ანალოგიური ფორმისა და შემკულობის ქვევრები აღმოჩენილია თბილისში - ერეკლე II-ეს მოედანზე [13, ტაბ.27, სურ.162], უფლისციხეში [34, ტაბ.XIV-2], ლოქის ხეობაში [11, გვ.75], ქუთაისის ციხის ტერიტორიაზე [17, გვ.21] და სხვ. ისინი ძირითადად XVII-XVIII სს-ს განეკუთვნება. ქარვასლის ტერიტორიიდან მომდინარე ქვევრები უფრო XVIII  ს-ით უნდა დავათარიღოთ. ქვევრების აღმოჩენა, ბუნებრივია, ქალაქის საცხოვრებელ ნაგებობებში ჭურ-მარნების არსებობას გვაგულისხმებინებს. თბილისური საცხოვრებელი სახლებისათვის ჭურ-მარნებიც რომ იყო დამახასიათებელი, აქ გამოვლენილი ქვევრების გარდა, მიუთითებს გვიანდელი შუა საუკუნეების წერილობითი წყაროებიც [14, გვ.19, 75, 208]. სამეურნეო კერამიკიდან აღსანიშნავია სადღვებლის ერთი მთლიანად შემორჩენილი ნიმუში, რომელიც XVIII ს-ით დათარიღებულ პირველ ორმოშია გამოვლენილი. სადღვებელი ხასიათდება სამკუთხა განივკვეთიანი პირით, დაბალი წიბოიანი ყელით, მაღალი ტანით. მხარზე ჰორიზონტალურადაა დაძერწილი ოვალურ განივკვეთიანი მასიური ყური. ყურთან აქვს საჰაერო ნახვრეტი. ტანი დაფარულია მორგვისეული ხაზებით. გამომწვარია მოჩალისფროდ (ტაბ.VI-1). აღსანიშნავია, რომ არსებობის დიდი ხნის მანძილზე სადღვებლები ფორმა-მოყვანილობას თითქმის არ იცვლიან. ანალოგიური ჭურჭლები ცნობილია: დმანისიდან [20, ტაბ.XLI-4], უფლისციხიდან [34, ტაბ.XV-8, XXVIII-6, 7], უჯარმიდან [26, გვ.216, 253, 257] და სხვ. პირველ ორმოში გამოვლენილი დერგი ხასიათდება ბრტყელი ბაკოთი, დაბალი ყელით, განზიდული მხრებით, მაღალი ტანითა და ვიწრო ძირით. მხარზე შემოუყვება ორი ამოღარული სარტყელი. გამომწვარია ღია მოწითალოდ (ტაბ.VII-3). ცალკე ტიპად უნდა გამოიყოს შტამპით დატანილი ვარდულით შემკული გვერდის ნატეხი (ტაბ. VII-33). ვარდულებით შემკული დერგები არაერთია ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს განათხარი ძეგლებიდან. მათ ძირითადად განვითარებულ შუა საუკუნეებს მიაკუთვნებენ [2, გვ.126-133]. აღმოჩენის ვითარების მიხედვით, აგრეთვე კეცის სტრუქტურით, რომელიც სრულიად იდენტურია ქარვასლის ტერიტორიიდან მომდინარე გვიანდელი შუა საუკუნეების კერამიკის კეცისა, აღნიშნული დერგი ჩვენ XVI-XVII სს-ის ნაწარმად მიგვაჩნია. ჩანს, შტამპიანი დერგები მოგვიანებითაც უმზადებიათ. სამზარეულო დანიშნულების კერამიკიდან განათხარ მასალაში გვხვდება ორი სხვადასხვა ტიპის კოკა: 1.კოკას აქვს მოყრილი პირი. მხრებისაკენ გაფართოებულ დაბალ ყელზე მიერთებულია ბრტყელ განივკვეთიანი ყური. ჭურჭელზე დაწინწკლულია წერნაქის საღებავი. გამომწვარია წითლად. თიხა მსხვილმარცვლოვანია. კეცი გადანატეხში წითელი და ნაცრისფერია (ტაბ.VII-53). კოკა აღმოჩნდა ქარვასლის აღმოსავლეთი კედლის საძირკველთან; 2.პირველ ორმოში გამოვლენილ კოკას აქვს სამკუთხა განივკვეთიანი პირი. დაბალ ყელზე ოდნავ შესამჩნევი წიბოა. ტანი მაღალია, კვერცხისებური მოყვანილობის. ოვალურ განივკვეთიანი ყური მიერთებულია პირსა და მხარზე. ტანი შემკულია მორგვისეული ხაზებით. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა მსხვილმარცვლოვანია (ტაბ.VII-2). ანალოგიური ფორმის კოკები ცნობილია: თბილისის ანჩისხატის უბნიდან [50, გვ.44, სურ.39; გვ.47, სურ.111], ერეკლე II-ეს მოედნიდან [13, ტაბ.27, სურ.176]. პირველ ორმოში გამოვლენილ ტოლჩებს აქვთ სამკუთხა განივკვეთიანი პირი, ფართო და დაბალი წიბოიანი ყელი, კვერცხისებური მოყვანილობის ტანი. ოვალურ განივკვეთიანი ყურები მიერთებულია ყელსა და მხარზე. მხარი შემკულია ამოღარული კონცენტრული ხაზების სარტყელით. გამომწვარია მოწითალოდ (ტაბ.VI-4, 11). ქილები ყველა პირველ ორმოშია გამოვლენილი. მათში გამოიყოფა სამი ტიპი: 1.ქილის პირი ოთხკუთხა განივკვეთიანია. ყელი დაბალია, რამდენადმე ფართო. მომაღლო ტანი კვერცხისებური მოყვანილობისაა. მხარზე შემოუყვება ორი ამოღარული სარტყელი. გამომწვარია წითლად (ტაბ.VI-9). 2.ქილას აქვს სამკუთხა განივკვეთიანი პირი. მხრებისაკენ გაფართოებული ყელი. ტანი კვერცხისებური მოყვანილობისაა. ყელი და მხარი შემკულია ორი ამოღარული ტალღოვანი სარტყელით. ტანი დაფარულია მორგვისეული ხაზებით. გამომწვარია წითლად (ტაბ.VII-12). 3.ქილა ხასიათდება გაშლილი პირით, დაბალი ფართო ყელით. კვერცხისებური მოყვანილობის ტანი დაფარულია მორგვისეული ხაზებით. მხარზე შემოუყვება ამოღარული ტალღოვანი სარტყელი. გამომწვარია მოწითალოდ (ტაბ.VI-13). ქოთნებში ოთხი ტიპი გამოიყოფა. ისინი ყველა პირველ ორმოშია გამოვლენილი და ბუნებრივია, ერთმანეთის თანადროულია. 1.პირტუჩიან ქოთანს აქვს ფართო ყელი. ოვალურ განივკვეთიანი ყურები მიერთებულია ჭურჭლის პირსა და მხარზე. მხარზე შემოუყვება სამი ამოღარული სარტყელი. გამომწვარია წითლად (ტაბ.VIII-5). ანალოგიური ფორმის ქოთანი ცნობილია დმანისიდან [20, გვ.80, ტაბ.XLI-3]. 2.ქოთნებს აქვთ ფართო პირი, დაბალი ყელი, გამობერილი მუცელი, ოვალური ძირი. ოვალურ განივკვეთიანი ყურები დაძერწილია მხრებზე ან ყელსა და მხარზე. ერთი მათგანი შემკულია მოპირდაპირე მხარეს მუცელზე დაძერწილი ორი კოპით. ყურების პირთან მიერთების ადგილას - ღრმა, წრიული ნაჭდევით. თიხა მსხვილ მარცვლოვანია (ტაბ.VIII-7, 8). მსგავსი ფორმა-მოყვანილობის ქოთნები ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ძეგლებზე. ისინი აღმოჩენილია: უჯარმაში [26, ტაბ.XL-181], უფლისციხის გვიანდელი შუა საუკუნეების ფენებში [34, ტაბ.XXVIII-4] და სხვ. 3.ქოთანი ფართოპირიანია, დაბალი ყელითა და მხრებით. ძირი ოვალურია. ჭურჭელს ყელსა და მხრებზე დაძერწილი აქვს სამი ოვალურ განივკვეთიანი ყური და სითხის გადმოსაღვრელი მოკლე მილი. თიხა მსხვილმინარევიანია (ტაბ.VIII-14). ანალოგიური ქოთანი ცნობილია დმანისიდან [ჯაფარიძე 1956, ტაბ.I, სურ.6]. დმანისის ციტადელის გათხრისას აღმოჩნდა კიდევ ერთი მსგავსი ჭურჭელი [20, გვ.79, ტაბ.XL-1]. ასეთივე ჭურჭელია გამოვლენილი თბილისში - ერეკლე II-ეს მოედანზე [13, ტაბ.36, სურ.301], რომელიც თავისი ფორმით გვიანდელ შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. 4.ქოთანს აქვს ფართოდ გაშლილი პირი, დაბალი ყელი. პირსა და მხარზე შემოუყვება ამოღარული ტალღოვანი ორნამენტი. თიხა მსხვილმარცვლოვანია (ტაბ.VIII-10). აღსანიშნავია, რომ ქოთნის ფართო და გაშლილი პირი ფორმით თითქმის იმეორებს იმავე ორმოში აღმოჩენილი ჯამების პირებს. ჯამებისა და აღნიშნული ქოთნის თიხის სტრუქტურაც სრულიად იდენტურია. ქოთნების ორნამენტი საკმაოდ ღარიბია. ორნამენტული სახეებიდან გვხვდება ამოღარული ტალღოვანი და სწორი ხაზების სარტყლები, კოპები და ყურის ქვედა ნაწილზე დატანილი წრიული ნაჭდევები. პირველ ორმოში გამოვლენილი ქვაბქოთანი შემორჩენილია პირ-გვერდის ნატეხით. აქვს ბრტყელი ბაკო. დაბალ ყელზე შემოუყვება ორი რელიეფური სარტყელი. ოვალურ განივკვეთიანი ყური მხარზე ჰორიზონტალურადაა დაძერწილი. თიხა მსხვილმინარევიანია (ტაბ. VIII-37). აღმოჩენის ვითარების მიხედვით ქვაბქოთანი ზემოთ აღწერილი ქოთნების თანადროულია და XVIII ს-ით უნდა დათარიღდეს. ქვაბქოთნები ფართოდაა გავრცელებული საქართველოსა და კავკასიის შუა საუკუნეების ძეგლებზე. ისინი ცნობილია: თბილისიდან [13, ტაბ.27, სურ.117], უჯარმიდან [26, ტაბ.XL-195], თელავიდან [47, გვ.47, ტაბ.IV-1], კვეტერის ციხიდან [35, გვ.94], რუსთავიდან [25, ტაბ.XXX-7], დმანისიდან [62, გვ.18, ტაბ.I, სურ.12, 13], დვინიდან [73, გვ.199, ტაბ.174], ორენ-ყალადან [65, გვ.190, ტაბ.II] და სხვ. მოხმობილი პარალელური მასალა ყველგან ძირითადად განვითარებული შუა საუკუნეებითაა დათარიღებული. ქარვასლის ტერიტორიიდან მომდინარე ქვაბქოთნები კი აღმოჩენის ვითარების მიხედვით გვიანდელი შუა საუკუნეებით, კერძოდ XVIII ს-ით უნდა დავათარიღოთ. ჩანს, ჭურჭლების ეს ფორმა საკმაოდ გვიანობამდე არსებობდა. უფრო მეტიც, ქვაბქოთნები ეთნოგრაფიულ ყოფაშიც, კერძოდ კახურ მეჭურჭლეობაშიცაა დადასტურებული [10, გვ.70]. ბადიები შემორჩენილი ნატეხების მიხედვით საკმაოდ დიდი ზომის ყოფილა. ერთ მათგანს ფართო და მასიური პირის კიდეზე გარედან შემოუყვება ნაჭდევებით შემკული რელიეფური სარტყელი. გამომწვარია წითლად. კეცი გადანატეხში მუქია (ტაბ.IX-48). მეორე ნატეხის კალთა შემკულია ორი რელიეფური სარტყელით. გამომწვარია მოჩალისფროდ (ტაბ.IX-93). ბადიები მრავლადაა აღმოჩენილი როგორც ადრეული, ისე განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლებზე. ისინი ცნობილია: ურბნისიდან [41, გვ.50; 51, გვ.111], დმანისიდან [20, გვ.ტაბ.XLII-6], თბილისიდან [13, ტაბ.20, სურ.13, ტაბ.21, სურ.61, ტაბ.25, სურ.159, ტაბ.34, სურ.270], უჯარმიდან [26, გვ.187], კვეტერის ციხიდან [35, გვ.95, ტაბ. LIV-478, 2046], უფლისციხიდან [34, ტაბ.XVI-8-11] და სხვ. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ბადიები გვხვდება ადრეული შუა საუკუნეებიდან განვითარებული შუა საუკუნეების ბოლომდე [47, გვ.29]. რაც არაა მართებული. ბადიები შემდგომშიც დიდხანს განაგრძობენ არსებობას. მაგ.XVI-XVIII სს-ით დათარიღებული ბადიის ნატეხი ცნობილია ჯავახეთის ახალქალაქიდან [59, ტაბ.X-2235]. ბადიების ხანგრძლივ გამოყენებაზე მიუთითებს ქარვასლის შენობის საძირკველთან, გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურულ ფენაში აღმოჩენილი ნიმუშები, რომელთაც ჩვენ XVIII ს-ით ვათარიღებთ. სუფრის ჭურჭელს შორის გვხვდება ჯამები და ხელადები. ჯამებიდან სამი აღმოჩენილია პირველ ორმოში. ისინი ხასიათდებიან ჰორიზონტალურად გაშლილი პირით, კონუსისებური მოყვანილობის ტანით, პროფილირებული ქუსლითა და ბრტყელი ძირით (ტაბ.IX-16, 17). ერთი მათგანი თავიდანვე დეფორმირებული, გატეხილი და შეწებებული იყო (ტაბ.IX-18). ჯამები გამომწვარია წითლად. პირის მოყვანილობით, აღნიშნული ჯამები თითქმის იმეორებენ XVII-XVIII სს-ში ფართოდ გავრცელებული თეფშების პირის ფორმებს, მაგრამ თეფშებთან შედარებით ჩვენი ჭურჭლები უფრო ღრმაა, რის გამოც ისინი ჯამების ჯგუფში ერთიანდებიან. განსხვავებულ ტიპს ქმნის ჯამის ერთი ნატეხი, ბრტყელი ბაკოთი, მოყრილი პირითა და ნაკლებად დაქანებული კალთით. ძირი ფართოა, ბრტყელი. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა მსხვილმარცვლოვანია, კეცი გადანატეხში მუქი (ტაბ.IX-45). ჯამი აღმოჩნდა ქარვასლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, საძირკვლის გარეთ, XVIII ს-ის კულტურულ ფენაში. დაახლოებით მსგავსი ფორმის ჯამი ცნობილია: თბილისიდან - ანჩისხატის ეკლესიის უბნიდან [50, გვ.33]. ჯამი XVIII ს-ით შეიძლება დათარიღდეს. სუფრის ჭურჭელს შორის გამოირჩევა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ხელადები. მათ შორის რამდენიმე ტიპი შეიძლება გამოიყოს: 1.სამტუჩა ხელადას ვიწრო ყელზე შემოუყვება წიბო, რომლის ქვემოთ სამ ადგილას დაძერწილი აქვს კოპი. ტანი კვერცხისებური მოყვანილობისაა. ძირი ვიწროა. ოვალურგანივკვეთიანი ყური მიერთებულია ყელის წიბოსა და მხარზე, რომლზეც შემოუყვება სამი ამო-ღარული სარტყელი. ზედაპირი ხაოიანია. გამომწვარია მოჩალისფრო-მოწითალოდ (ტაბ.X-6). ხელადა აღმოჩენილია პირველ ორმოში. გვიანდელი შუა საუკუნეებით დათარიღებული მსგავსი ფორმისა და შემკულობის ხელადები გვხვდება: უფლისციხეში, კვეტერაში [34, ტაბ.XXIX-3; 35, ტაბ.LV-1571]. 2.სამტუჩა ხელადას აქვს ფართო პირი, დაბალი ყელი შემკულია წიბოთი. მხრები დაშვებულია. მორგვისეული ხაზებით შემკული მაღალი ტანი ბოლოვდება ფართო ძირით. პირსა და მხარზე შემორჩენილია ოვალურგანივკვეთიანი ყურის კვალი. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა მკვრივია, კარგად განლექილი (ტაბ.X-42). ჭურჭელი აღმოჩნდა ნაგებობის აღმოსავლეთი კედლის საძირკველთან, XVIII ს-ის კულტურულ ფენაში. დაახლოებით მსგავსი ფორმის ხელადა ცნობილია თბილისიდან - ერეკლე II-ეს მოედნიდან [13, ტაბ.23, სურ.183]. მსგავსი ჭურჭელი აღმოჩენილია ანჩისხატის ეკლესიის უბანშიც [50, გვ.33]. 3.სამტუჩა ხელადებს პირს ქვემოთ შემოუყვება წიბო. ტანი კვერცხისებური მოყვანილობისაა. ოვალურგანივკვეთიანი ყური მიერთებულია პირსა და მხარზე. ზედაპირი ხაოიანია. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა მკვრივია, მსხვილმარცვლოვანი (ტაბ.X-76, 77). ორივე ჭურჭელი აღმოჩნდა შენობის სამხრეთი კედლის საძირკვლის მიერ დაზიანებულ მეორე ორმოში. წითლად გამომწვარი სამტუჩა ხელადის მესამე ნიმუში (ტაბ.X-69) გამოვლენილია შენობის აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში, XVIII ს-ის კულტურულ ფენაში. მსგავსი ფორმის ხელადები კარგადაა ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს გვიანდელი შუა საუკუნეების, განსაკუთრებითკი თბილისის განათხარი ძეგლებიდან. ანალოგიური ჭურჭლები აღმოჩენილია თბილისში - ერეკლე II-ეს მოედანზე. მართალია, გამთხრელები თავის დროზე მათ ადრეულ შუა საუკუნეებს მიაკუთვნებდნენ [13, ტაბ.23, სურ.80; ტაბ.29, სურ.180], მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი გვიანდელი შუა-საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიმუშებია. ანალოგიური ხელადები ცნობილია აგრეთვე ანჩისხატის ეკლესიის უბნიდან [50, გვ.38, სურ.2; გვ.43, სურ.1]. 4.მეორე ორმოშია აღმოჩენილი ფრაგმენტულად შემორჩენილი ხელადა, რომელსაც ჰქონია ფართო ყელი. დაბალ, გამობერილ ტანზე შემორჩენილია ოვალურ განივკვეთიანი ყურის კვალი. ჭურჭლის ზედაპირი ნაპრიალებია. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა მკვრივია, წმინდად განლექილი (ტაბ. X-78). დაახლოებით მსგავსი ფორმის ჭურჭლები ცნობილია თბილისიდან - ერეკლე II-ეს მოედნიდან და ანჩისხატის ეკლესიის უბნიდან [13, ტაბ.24, სურ.112; 50, გვ.43, სურ.18]. 5.პირველ ორმოში მიკვლეულ ხელადას აქვს შესქელებული, ოდნავ გაშლილი მრგვალი პირი, ფართო და მომაღლო ყელზე შემოუყვება წიბო. მხრები დაშვებულია. ოთხკუთხა განივკვეთიანი ყური მიერთებულია ყელსა და მუცელზე. ზედაპირი ხაოიანია. გამომწვარია წითლად (ტაბ. XV-20). 6.იმავე ორმოშია გამოვლენილი მილიანი ხელადა, რომელიც ხასიათდება ოდნავ შესქელებული, გაშლილი პირით. ვიწრო და მაღალ ყელზე შემოუყვება წიბო. ტანი მსხლისებური მოყვანილობისაა. ოვალურ განივკვეთიანი ყური მიერთებულია ყელის წიბოსა და მხარზე. მხარზე შემორჩენილია მილის კვალი. მხარსა და კალთაზე შემოუყვება სამი ამოღარული სარტყელი. ზედაპირი ხაოიანია (ტაბ.XV-21). გამოწვის ფერით, ხარისხით, თიხის სტრუქტურით ის ზუსტად იმეორებს იმავე ორმოში გამოვლენილ ზემოთ აღწერილ ხელადას (ტაბ.XV-20). მილიანი ხელადები სამხრეთ კავკასიის განვითარებული და განსაკუთრებით გვიანდელი შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მილიანი ხელადები, რომელთაც ზოგჯერ «ნისკარტიან,» «მილნისკარტიან» ან «ჩაიდნისებურ» ჭურჭლებადაც მოიხსენიებენ, აღმოჩენილია: ორენ-ყალაში [65, გვ.214, ტაბ.XI-1, 2], დმანისში [62, ტაბ.IX-15, 16], გავაზში [53, გვ.56, ტაბ. LXV-1], თელავში [47, გვ.51], თბილისში - ერეკლე II-ეს მოედანზე [13, ტაბ.23, სურ.83]. XVII-XVIII  სს-ს განეკუთვნება მცხეთაში, რუსთავში, თბილისის დედაციხეზე აღმოჩენილი ანალოგიური ხელადები [3, გვ.179, 180]. დაახლოებით ამავე პერიოდით თარიღდება კვეტერაში გამოვლენილი მილიანი ხელადები [35, გვ.97]. ფიქრობენ, რომ ამ ფორმის ჭურჭლები უფრო მუსულმანური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი და ჩვენში ისინი ირანიდან და თურქეთიდან ვრცელდებოდა. თბილისის დედაციხეზე მათი მრავლად აღმოჩენის ფაქტი, იქ ირანელ თუ თურქ მეციხოვნეთა ხანგრძლივ ჩადგომას უკავშირდება XVI-XVIII ს-ის პირველ ნახევარში [3, გვ.180]. ამგვარი ჭურჭლების ჩვენში გავრცელება თავდაპირველად მართლაც მუსულმანურ სამყაროს უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა, ჭურჭლის ეს ფორმა შემდგომში აქ იმდენად დამკვიდრდა, რომ ადგილობრივ კერამიკულ წარმოებაში თითქმის ბოლო ხანებამდე იყო შემორჩენილი [33, გვ.110]. ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას არ ექვემდებარება ხელადის მასიური, ბრტყელ განივკვეთიანი ყური, შემკული კონუსით დაბოლოებული მაღალი დანაძერწით. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა წმინდადაა განლექილი. კეცი მკვრივია (ტაბ.XI-75). ანალოგიურად შემკული ჭურჭლის ყური ცნობილია თბილისიდან - ერეკლე II-ეს მოედნიდან [13, ტაბ.22, სურ.79]. სადა კერამიკული ნაწარმიდან სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლებს შორის აღსანიშნავია სფეროკონუსები. სამი ნიმუშიდან ერთი კონუსური მოყვანილობის ძირის ფრაგმენტითაა შემორჩენილი. გამომწვარია მოჩალისფროდ. თიხა მკვრივია, წმინდად განლექილი. კეცი საკმაოდ სქელია (1-1,5 სმ) (ტაბ.XI-46). მეორე ეგზემპლარი სრულადაა შემორჩენილი და ზემოთ აღწერილისაგან განსხვავებით, ოვალური ძირი აქვს (ტაბ.XI-24). კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს მესამე სფეროკონუსი, რომელიც როგორც ჩანს, ქურაში გამოწვისას ზედმეტი სიმხურვალის გამო დეფორმირებულია (ტაბ.XI-98). სფეროკონუსი წუნდებული ნიმუშია და უთუოდ იმის მიმანიშნებელი, რომ ამგვარი ჭურჭლები სადღაც აქვე ახლოს უმზადებიათ, რადგან, თავის დროზე უკვე გამომწვარი სფეროკონუსი რაც უნდა დიდ ხანძარში მოხვედრილიყო, ვერ მიიღებდა ისეთ დეფორმაციას, როგორც აღნიშნული ჭურჭელია დეფორმირებული. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სფეროკონუსების აღმოჩენის ადგილიდან არც თუ ისე დიდადაა დაშორებული დღევანდელი ერეკლე II-ეს მოედანი, სადაც გამოვლენილია სამეთუნეო ქურასახელოსნოს ნაშთები [13, გვ.25, ტაბ. 26, სურ.139; ტაბ.37, სურ.323, 326]. ახლა ძნელია იმის მტკიცება, რომ აღნიშნული სფეროკონუსები, განსაკუთრებით წუნდებული ნიმუში მაინცადამაინც იმ სახელოსნოშია დამზადებული, მაგრამ წუნდებული ნიმუშის ახლოს ქურა-სახელოსნოს არსებობა თავისთავად საინტერესო და გასათვალისწინებელი ფაქტია. სფეროკონუსების ფუნქციის შესახებ არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული. ფიქრობენ, რომ ის გამოიყენებოდა ვერცხლისწყლის, წამლების, კეთილსურნელოვანი სითხის, წმინდა წყლის გადასატანად და სხვ. არ გამორიცხავენ მის ყუმბარად გამოყენებასაც. სამარაში აღმოჩენილი წარწერიანი სფეროკონუსის მიხედვით ისინი მაღალხარისხოვანი ღვინის შესანახი ჭურჭლები ყოფილა [52, გვ.151, 152, ლიტ. იხ.იქვე]. დღემდე საბოლოოდ მაინც გაურკვეველია მისი ფუნქცია. სადა თუ ორნამენტით შემკული ანალოგიური ჭურჭლები აღმოჩენილია სამხრეთ კავკა-სიის შუა საუკუნეების ძეგლებზე. ისინი გვხვდება: თბილისში, დმანისში [13, ტაბ. 23, სურ.90; ტაბ.31, სურ.240; 62, ტაბ.IX-17-29; 20, ტაბ.XLII-5], რუსთავში [25, ტაბ.XXXII-1, 2], უჯარმაში [26, გვ. 214, 263], დვინში [70, გვ.88], ანისში [72, ტაბ.XLVIII, XLIX], ორენ-ყალაში [65, გვ.221, 222, ტაბ. XIV]. მრავლადაა ისინი ცნობილი სპარსული მასალებიდანაც [78, ტაბ.5]. ჩამოთვლილ ძეგლებზე სფეროკონუსებს ძირითადად XI-XIII სს-ით ათარიღებენ. თუმცა, გრემის ნაქალაქარის გათხრებისას გამოვლენილი ნიმუშების მიხედვით, უდავო შეიქმნა, რომ სფეროკონუსებს გვიანდელ შუა საუკუნეებშიც საკმაოდ ფართო გამოყენება ჰქონიათ. თავის დროზე ამის შესახებ ლ.ჭილაშვილი წერდა: «სფეროკონუსების წარმოება, რაც ისე დიდი მასშტაბით იყო ცნობილი IX-XIII სს-ში, გრძელდება გვიან შუა საუკუნეებშიც» [54, გვ.123]. გვიანდელ შუასაუკუნეებში სფეროკონუსების ფართოდ წარმოების კიდევ ერთი დადასტურებაა ქარვასლის ტერიტორიიდან მომდინარე ნიმუშები, რომლებიც აღმოჩენის ვითარების მიხედვით XVIII ს-ეს უნდა მივაკუთვნოთ. ამასთან, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სფეროკონუსები კეცის ფერითა თუ თიხის სტრუქტურით სრულიად იდენტურია ქარვასლის ტერიტორიიდან მომდინარე გვიანდელი შუა საუკუნეების მოჩალისფროკეციანი ჭურჭლებისა, რაც სფეროკონუსების გვიანდელობის კიდევ ერთი საბუთია. ცალკე განვიხილავთ XVIII ს-ის კულტურულ ფენაში გამოვლენილ წერნაქიან ჭურჭელს. 1.მცირე ზომის ჭინჭილებს აქვთ ბრტყელი ბაკო, დაბალი და ვიწრო ყელი, დაშვებული მხრები. ოვალურ განივკვეთიანი ყური მიერთებულია ყელის წიბოსა და მხარზე. ჭურჭლის ზედაპირი ხაოიანია (ტაბ.XII-54, 55). ორივე მათგანი აღმოჩენილია ქარვასლის აღმოსავლეთი კედლის საძირკველთან, გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურულ ფენაში და ისინი XVIII ს-ეს უნდა მივაკუთვნოთ. 2.ხელადის მაღალ ყელზე შემორჩენილია შიგნიდან გამობერილი ლილვაკი, რომლის ქვემოთ ანალოგიური, ორი წიბოთი შემკული ლილვაკია. მასზე შემორჩენილია ოვალურ განივკვეთიანი ყურის კვალი. მსხლისებური მოყვანილობის ტანი შემკულია წნევით დატანილი ვერტიკალური ზოლებით. თიხა წვრილმარცვლოვანია. კეცი გადანატეხში წითელი და ნაცრისფერია (ტაბ. XII-51). XI-XIII სს-ით დათარიღებული, პირს ქვემოთ ლილვით შემკული წერნაქიანი ხელადა ცნობილია დმანისიდან [62, ტაბ.III-21]. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დმანისური ხელადის თარიღი არასწორადაა განსაზღვრული. ის გვიანდელი შუა საუკუნეების ნაწარმია. ჩვენი ხელადა ფორმით იმეორებს თბილისის დედაციხეზე აღმოჩენილ ზოგადად XVII-XVIII სს-ით დათარიღებულ ორმაგყურიან ხელადას [3, ტაბ.III-2]. არაა გამორიცხული, რომ ქარვასლის ტერიტორიაზე გამოვლენილი ხელადაც ორმაგყურიანი იყო. ხელადა XVIII ს-ით უნდა დავათარიღოთ. იმავე ტიპს უნდა ეკუთვნოდეს ხელადა, რომელსაც ჰქონია ვიწრო და მაღალი ყელი. ყელის ძირზე შემოუყვება სამი კონცენტრული წიბო. მსხლისებური მოყვანილობის ტანი შემკულია მცენარეული ორნამენტით. მუცელზე შემორჩენილია ოვალურგანივკვეთიანი ყურის კვალი. კეცი მკვრივია, თიხა კარგად განლექილი (ტაბ.XII-23). ანალოგიური ფორმისა და ორნამენტის მქონე ხელადები კარგადაა ცნობილი დმანისიდან [62, ტაბ.III-10, VIII], გუდარეხიდან [40, გვ.124, სურ.53]. მართალია, ამ ძეგლებიდან მომდინარე ჭურჭლებს გამთხრელები XI-XIII სს-ს მიაკუთვნებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თარიღი უმართებულოა! მცხეთაში აღმოჩენილი ამგვარი ხელადები თარიღდება XVII-XVIII სს-ით [3,გვ.177]. XVIII ს-ის შუა ხანებს მიეკუთვნება წერნაქიანი ჭურჭელი ლოქის ხეობის (ქვემო ქართლი) ნასოფლარიდან [11, გვ.78, ტაბ.VIII-1]. მსგავსი ფორმისა და ორნამენტის მქონე ხელადები მრავლადაა აღმოჩენილი თბილისის დედაციხეზე და პარალელური მასალების მიხედვით კარგად თარიღდება XVII-XVIII სს-ით [3, გვ.178, ტაბ.II, III-2]. ქარვასლის ტერიტორიიდან მომდინარე ხელადა XVIII ს-ს უნდა მივაკუთვნოთ. 3.წერნაქით შეღებილ და წნევით დატანილი ვერტიკალური ზოლებით შემკულ ხელადას ჰქონია ფართო, ცილინდრული მოყვანილობის ყელი, რომელზეც შემოუყვება წიბო. მუცელზე შემორჩენილია ბრტყელგანივკვეთიანი ყურის კვალი. თიხა წმინდადაა განლექილი. კეცი გადანატეხში მუქია. მხარზე ამოკაწრული აქვს ორი ასომთავრული ასო-ნიშანი «ქ» და «შ.» ეს უკანასკნელი დაუდევრადაა გამოყვანილი და უფრო «მ»-ს წააგავს ვიდრე «შ»-ს. ამოკაწრული ასო-ნიშანი «ქ» ამკობს ჭურჭლის ძირსაც (ტაბ.XII-19). ხელადა აღმოჩნდა პირველ ორმოში და იქ გამოვლენილი სხვა ჭურჭლების მსგავსად XVIII ს-ით თარიღდება. რადგან ხელადაზე წარწერა მისი გამოწვის შემდეგაა დატანილი, საფიქრებელია, რომ წარწერა მფლობელის მიერაა შესრულებული. შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალებში წარწერიანი კერამიკის (კრამიტები, ხელადები, ჯამები) უკვე იმდენი ნიმუშია ცნობილი, რომ პარალელების მოტანას აღარ შევუდგებით. თავის დროზე სავსებით მართებულად შენიშნავდა გ.ლომთათიძე, რომ ქართული მცირე წარწერების (ზოგჯერ მხოლოდ ცალკეული ასოების) სიმრავლე თიხის ჭურჭლებში, შუასაუკუნეებში მოსახლეობის ფართო ფენების წიგნიერებაზე უნდა მიუთითებდეს [23, გვ.116]. ქარვასლის ტერიტორიაზე, შენობის საძირკველის ირგვლივ გამოვლენილ სამეთუნეო ნაწარმში ცალკე გამოიყოფა მოჭიქული კერამიკა, რომელთა შორის გვხვდება ერთფერად და მრავალფრად მოჭიქული ნიმუშები. მათი უმრავლესობა ჯამებია, თუმცა არის სხვა სახის ჭურჭელიც. მოჭიქულ კერამიკაში გვხვდება ერთფერად და მრავალფრად მოჭიქული ნიმუშები. მათი უმრავლესობა ჯამებია, თუმცა არის სხვა სახის ჭურჭელიც. 1.ერთფერად მოჭიქულ კერამიკაში ჭარბობს მწვანედ მოჭიქული ნიმუშები. ქილის ანგობით დაფარული შიდაპირი მოჭიქულია მწვანედ. გარეპირი მოუჭიქავია (ტაბ.XII-56). ნიჟარისებური მოყვანილობის ჭრაქის შიდაპირი მოჭიქულია მწვანე, უხარისხო ჭიქურით (ტაბ.XII-95). XVII-XVIII სს-ის ანალოგიური ფორმის, ოღონდ მოუჭიქავი ჭრაქები აღმოჩენილია: მცხეთაში, თბილისში, დმანისში, ლოქის ხეობაში, ნოსტეში და სხვ. [4, გვ.113-115]. მწვანედ მოჭიქული ჯამები ხუთი ერთეულია. მათგან ოთხი ძირ-გვერდის ნატეხია, რომლებიც ხასიათდება შეღარულ-ამობურცული ძირით. უანგობო ან ანგობის ძალზე თხელი ფენით დაფარული ჯამების შიდაპირი მოჭიქულია მწვანედ (ტაბ.XII-25, 27, 28, 29). გვიანდელი შუა საუკუნეების მწვანედ მოჭიქული ჯამები ცნობილია თელავიდან, გრემიდან, შემახადან [47, გვ.79], უჯარმიდან [26, გვ.187]. გვიანდელი შუა საუკუნეებისაა ჯავახეთის ახალქალაქში აღმოჩენილი მწვანედ მოჭიქული ჯამები [59, გვ.ტაბ.XII-2350]. XVII-XVIII სს-ით თარიღდება თბილისის დედაციხიდან მომდინარე მწვანედ მოჭიქული ჯამები [37, გვ.190]. მრავლადაა ისინი აღმოჩენილი გონიოს ციხის XVIII-XIX სს-ის ფენებში [57, გვ.135, ტაბ.IV-1]. ქარვასლის ტერიტორიაზე გამოვლენილი მწვანედ მოჭიქული ჭურჭელი პარალელური მასალების მიხედვით XVIII ს-ით უნდა დავათარიღოთ. 2.ჯამის გვერდის ნატეხი მოხატულია ანგობის თეთრი ზოლებით. გადავლებული აქვს ცისფერი ჭიქური (ტაბ.XIII-88). მსგავსი ხერხით შემკული ჭურჭელი სამეცნიერო ლიტერატურაში XI-XII სს-ით თარიღდება [36, გვ.28-30]. შიშველ კეცზე ანგობით მოხატული და ცისფრად მოჭიქული ჯამი აღმოჩნდა გაჯით შელესილი მრგვალი სვეტის ძირთან, გვიანდელი შუა საუკუნეების ფენაში და აღმოჩენის ვითარების მიხედვით მისი თარიღი უფრო XVI-XVII სს-ით უნდა განისაზღვროს. 3.თეფშის თეთრად ანგობირებული პირი შემკულია ამოკაწრული ხაზებითა და წრეებით, რომლებიც შევსებულია მოყავისფრო წერტილებით. გადავლებული აქვს უფერული კრიალა ჭიქური (ტაბ.XIII-89). ჭურჭელი თავისი ფორმით გვიანდელი ნაწარმია. აღმოჩენის ვითარების მიხედვითაც ის უფრო XVII-XVIII სს-ით შეიძლება დავათარიღოთ. 4.ჯამის ანგობირებული შიდაპირი შემკულია ამოკაწრული ხაზებითა და მოჭიქულია ცისფრად (ტაბ.XIII-34). მსგავსი ხერხით შემკული ჯამები მრავლადაა აღმოჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ძეგლებზე და მათ თარიღად XI-XII  სს-ია მიღებული [36, გვ.24, 25]. თუმცა, აღმოჩენის ვითარების მიხედვით ის აშკარად გვიანდელი შუა საუკუნეებისაა. ანალოგიურად შემკული ჯამების გვიანდელი ნიმუშებია აღმოჩენილი თბილისში - ანჩისხატის ეკლესიის უბანში [50, გვ.34]. მართალია, მათ გამთხრელები XI-XIII სს-ით ათარიღებენ, მაგრამ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ იქ მოპოვებული მასალის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ამოკაწვრით მოხატული და ცისფრად მოჭიქული ჯამები გვიანდელი შუა საუკუნეების ნიმუშებია და მათთან ერთად აღმოჩენილი ცისფრად მოჭიქული ჯამები ერთიანი კონტექსტიდან არაა ამოვარდნილი. ქარვასლის ტერიტორიაზე გამოვლენლი ჯამები XVII-XVIII  სს-ს უნდა მივაკუთვნოთ. მრავალფრად მოჭიქულ ჭურჭელში ორი ჯგუფი გამოიყოფა: 1.მრავალფრად მოჭიქული კერამიკის საინტერესო ჯგუფს წარმოადგენს ჯამები, რომელთა ანგობირებულ შიდაპირზე ამოკაწვრით გამოყვანილია ფრინველებისა (მტრედების) (ტაბ.XIII-83, 85) და ჯვრის გამოსახულება (ტაბ. XIII-84). ჯამებზე ვხვდებით მცენარეულ ორნამენტსაც (ტაბ.XXXI-30). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყვითელი, მწვანე და სოსნისფერი საღებავით შევსებულია მხოლოდ კონტურებით შემოსაზღვრული ნაწილი. ჯამების დანარჩენი არე მოუჭიქავია. ძველი გავაზის მასალების განხილვისას ლ.ჭილაშვილმა ამგვარად მოჭიქული კერამიკა ცალკე ჯგუფად გამოყო, XIII ს-ის მეორე ნახევარი - XIV ს-ით დაათარიღა და მათ მოჭიქული ჭურჭლების იმიტაცია უწოდა [53, გვ.28, 29]. ამგვარი ჯამები ჭიქურის დიდი მომჭირნეობითა და მოჭიქვის შედარებით მდარე ხარისხით გამოირჩევა. მკვლევარი მათ დამზადებას უკავშირებდა XIII ს-ის შუა ხანებიდან ჩვენში უარესობისკენ მკვეთრად შეცვლილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას, რამაც რა თქმა უნდა ასახვა კერამიკულ წარმოებაშიც ჰპოვა [53, გვ.29]. ვფიქრობთ, მოჭიქული ჯამების იმიტაციები ჩვენში გვიანაც უმზადებიათ. ამის დასტურია ქარვასლის ტერიტორიაზე, მრგვალი სვეტის ძირთან (ტაბ.XIII-83, 84, 85) და შენობის დასავლეთი კედლის საძირკველთან, გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურულ ფენაში აღმოჩენილი ჯამი (ტაბ.XXXI-30), რომელთაც ჭიქური მხოლოდ ნაწილობრივ ამკობთ. აღნიშნული ჭურჭლები ჩვენ უფრო XVI-XVII სს-ის ნაწარმად მიგვაჩნია. მით უმეტეს, რომ ძირ-ქუსლის ფორმა-მოყვანილობის მიხედვით ისინი საკმაოდ ახლოს დგანან ზემოთ აღწერილ ერთფერად (მწვანედ) მოჭიქულ ჯამებთან. 2.მოხატული ჯამებიდან აღსანიშნავია მოვარდისფრო ანგობზე ფუნჯით მწვანედ მოხატული ჯამის ძირ-გვერდის ნატეხი. ჯამის გარეპირზე შეიმჩნევა ვერტიკალურად დაშვებული მწვანე ზოლები (ტაბ.XIII-73). ცისფერი საღებავითაა მოხატული ჯამების ორი ნატეხი. ერთზე წრეში ჩასმული ვარდულია გამოსახული (ტაბ. XIII-26). ანალოგიურად შემკული გვიანდელი შუა საუკუნეების მწვანედ და ცისფრად მოხატული ჭურჭელი ცნობილია თელავიდან [47, გვ.80, ტაბ.XVI-4]. ამგვარი ჭურჭლები ჩვენში საკმაოდ გვიანობამდე, კერძოდ XIX ს-მდე არსებობდნენ [47,გვ.81]. ქარვასლიდან მომდინარე ჯამები XVIII-XIX სს-ს შეიძლება მივაკუთვნოთ. 3.ჯამის ყვითლად ანგობირებულ შიდაპირზე, კალთაზე ყავისფერი და მწვანე საღებავით გამოყვანილია ვარდული. გადავლებული აქვს უფერული კრიალა ჭიქური (ტაბ. XIII-86-87). ჯამი (2 ნატეხი) აღმოჩნდა შენობის სამხრეთი კედლის საძირკველისაგან დაზიანებულ აგურისკედლიან მეორე ორმოში, XVIII ს-ით დათარიღებულ, მოჩალისფროდ გამომწვარ ხელადებთან ერთად (ტაბ.X-76, 77, 78) და იმავე პერიოდით უნდა დათარიღდეს. მსგავსი ორნამენტით შემკული ჯამები აღმოჩენილია თბილისში - ერეკლე II-ეს მოედანზე [13, ტაბ.XXXX, სურ.200, 202; ტაბ.XXXXI, სურ.285]. ერთ-ერთ, კერძოდ K-2 ორმოს, სადაც ამგვარი ჯამია გამოვლენილი, გამთხრელები VII-VIII სს-ით ათარიღებდნენ [13, გვ.40]. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორმოებისა და მათში აღმოჩენილი ნივთების თარიღები დიდი ხანია საკმაოდ საფუძვლიანადაა უარყოფილი [52, გვ.148]. იქ გამოვლენილი ორმოები, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც გვიანდელი შუა საუკუნეებისაა. ჩვენი ჯამის ანალოგია თბილისშივე, ანჩისხატის ეკლესიის უბანში აღმოჩენილი მოჭიქული ჯამი (საინვ.№5/VI-15) [50, გვ.42, 43, სურ.15], რომელიც ასევე უმართებულოდ IX-X სს-ის ჭურჭლადაა მიჩნეული [50, გვ. 24]. რკინის ნივთები ყველა პირველ ორმოშია აღმოჩენილი. ესენია: სამფეხა ზედადგარი (ტაბ.V-38) ერთი შამფურისა (ტაბ.V-39) და ერთიც მოგრძო ლურსმნის(?) ნატეხები (ტაბ.V-40-41). ანალოგიური ნივთები დღევანდელ ყოფაშიც ფართოდაა შემორჩენილი. იმავე ორმოში გამოვლენილი კერამიკული ნაწარმის მსგავსად რკინის ნივთებიც XVIII ს-ით უნდა დავათარიღოთ. ამრიგად, როგორც ვნახეთ, ლესელიძის ქუჩის №36-ში მდებარე ქარვასლის შენობის ტერიტორიიდან მომდინარე მასალა საკმაოდ საინტერესოა მისი გვიანდელობისა და იმის მიუხედავად, რომ ცნობილი მიზეზების გამო, იქ ვერ მოხერხდა არქეოლოგიური სამუშაოების ფართოდ გაშლა. გამოვლენილი მასალის დიდი ნაწილი მთელი ჭურჭლებია და ამდენად სრული წარმოდგენა გვექმნება მათ ფორმებსა თუ ზომებზე, რასაც აქამდე ხშირ შემთხვევაში მოკლებული ვიყავით. გათხრებისას აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა მასალამ საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა შუა - საუკუნეების კერამიკის აქამდე თითქმის უყოყმანოდ გაზიარებულ ქრონოლოგიაში. გაირკვა, რომ კერამიკული ნაწარმის ზოგიერთი ფორმები (მილიანი ქოთნები, ქვაბქოთნები, ბადიები, სამტუჩა ხელადები, სფეროკონუსები, მოჭიქული ჯამების იმიტაცია, ამოკაწვრით მოხატული და ცისფრად მოჭიქული ჯამები და სხვ.) გვიანდელ შუა საუკუნეებშიც უმზადებიათ. და ბოლოს, ძველი თბილისის არქეოლოგიურ რუკას შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელთა რაოდენობაც ამ ბოლო ხანებში თბილისის ძველი უბნის ტერიტორიაზე წარმოებული მშენებლობების გამო თანდათან იზრდება.

გაგრძელება (ნაწილი II)

____________________

1. გარეთუბანი მოიცავდა რამდენიმე მცირე უბანს: მუხრანბატონის, ორბელიანების, ცხრაპურას, წყლის კარის, ბოშის, ვანქის უბანს, კალოუბანს [8, გვ. 53].

2. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია  «დელქროს ლიმიტედი»,  რომელიც ყოფილი ქარვასლის შენობაში სასტუმროს მოწყობას აპირებს.

3. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: დ.მინდორაშვილი (ხელმძღვანელი), თ.ბერიძე, ნ.სულავა, ქ.რამიშვილი (არქეოლოგები), ნ.ოქრუაშვილი (მხატვარი), ბ.მაცაბერიძე (ფოტოგრაფი).

4. აღნიშნული ორმოდან დასავლეთით, ორიოდე მ-ის დაშორებით გამოვლინდა პატარა ქვევრი, რომელიც იმდენად დაზიანებული იყო საძირკვლისაგან, რომ მისგან მხოლოდ კირხსნარში შერეული ჭურჭლის გვერდის რამდენიმე ფრაგმენტი შეინიშნებოდა

5.ტაბულებზე მითითებული ნომრები შეესაბამება ნივთების საინვენტარო ნომრებს. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ი.გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.