topmenu

 

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - აღწერა, ისტორია, მდებარეობა,
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - დგას მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ-ზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. ეკლესიის კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე - რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი, კედლები. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე გაშლილია: განიერი საკურთხეველი და მის წინ ბემა კიდევ უფრო ზრდის სივრცეს. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ორი. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები. კარიბჭეს (3,6X5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა. მინაშენი (10,8X3,2 მ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა; სამხრის მხარეს კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადთან ამოყვანილ ვიწრო (0,27 მ) კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში - ორი. საძვალე (3,7X3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართვ. სახელმწ.მუზეუმში). წარწერა ეკლესიის თანადროულია. პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ოსტატი პირების მოხედვით იგი 1150-78 წწ-ით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული XII ს-ის II ნახ-ში. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს-ში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულის(მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია. მეორე სართული - რვაწახნაგა ფანჩატური რვა ღია თაღით გადახურულია კამარით. მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ.