topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მამულო - პანტიანის ექსპედიციის ანგარიში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<მამულო - პანტიანის ნასახლარები და მეგალითები>>>

პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცხვიტინიძე

გომარეთის მამულოს პანტიანის ტყეში მდებარე მეგალითურ დასახლებაზე ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების შესახებ

ამირანი, XVII-XVIII. 2007 // http://www.caucasology.com/view_amirani_geo.php?id=180

ჯერ კიდევ 1997 წელს, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. ქევინ თუითი (პროგრამის დამფინანსებელი), პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე და ბერუჩა ნიკოლაიშვილი ვიმყოფებოდით ქვემო ქართლსა და ჯავახეთის ზეგანზე მეგალითური ნაგებობების დასათვალიერებლად და გადასაღებად. მოვიხილეთ მეგალითური ნამოსახლარები დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში; კერძოდ, ჩხივთაში, გომარეთთან (ე.წ. მამულოს პანტიანი), ავრანლუ, სანთა და დაშბაში... აღნიშნული ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოდ თავისი მასშტაბურობით გამოიყურებოდა მეგალთური ნამოსახლარი მამულოს პანტიანის ტყეში. ადგილი "მამულოს პანტიანი" მდებარეობს დმანისის რაიონში, მდინარე ქციის ხეობაში მარჯვენა ნაპირზე. გეოგრაფიულად ეს წარმოადგენს გომარეთის ზეგნის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს. ძეგლი პირველად, ნაწილობრივ დაფიქსირდა 1994 წელს დმანისის მუზეუმ - ნაკძალის დაზვერვითი ექსპედიიის მიერ. როდესაც დავათვალიერეთ მეგალითების შესახებ არსებული სამეცნიერო ნაშრომები, აღმოჩნდა, რომ მამულის პანტიანის დასახლება ჩვენდა გასაოცრად, არსად არ იყო ნახსენები. ამან კიდევ მეტად გაგვიცხოველა ინტერესი აღნიშნული ძეგლის მიმართ. სამწუხაროდ ამ ხნის მანძილზე ინტერესი ინტერესადვე რჩებოდა, რადგანაც ვერ მოხერხდა აღნიშნული ძეგლით სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუანიტარული ფაკულტეტზე მომზადდა სამეცნიერო კვლევითი პროექტი "კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან", უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და პირადად რექტორს, პროფ.გიგი თევზაძის უშუალო ხელშეწყობით შესასაძლებელი გახდა დაზვერვითი ექსპედიციის ჩატარება ნამოსახლარზე. უნივერსიტეტიდან სათანადო მიმართვის საფუძველზე კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გასცა შესაბამისი ნებართვა (ნებართვა №12997) ძეგლზე დაზვერვითი და მცირე სამუშაოების არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად უნივერსიტეტის პროფესორის პ.ბუხრაშვილის სახელზე. შედგა სათანადო ხარჯთაღრიცხვა, დადგინდა ექსპედიციის შემადგენლობა (ხელმძღვ. პროფ. პაატა ბუხრაშვილი, პროფ.გურამ ყიფიანი, ზურაბ ცქვიტინიძე -დოქტორანტი, ნინო თორთლაძე - დოქტორანტი, ბერუჩა ნიკოლაიშვილი, ბაგრატ  პაკელიანი, ვახტანგ დათიშვილი) და ა.წ. - ის 20 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტის ექსპედიციამ იმუშავა გომარითის გამგეობაში შემავალ სოფ.მამულოს მიმდებარე ე.წ. მამულოს პანტიანის ტყეში. სამუშაოების დასაწყისში საჭირო გახდა შედარებით უფრო მისადგომი მიწისზედა ნაგებობის, რომელიც ნაგებობა №1-ად იქნა სახელდებული, მცენარეული საფარისაგან განთავისუფლება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მისი აზომვა და ჩახატვა (ეს შრომატევადი სამუშაო შეასრულა პროფ.გურამ ყიფიანმა), გაიწმინდა და აიზომა ხუთი მეგალითური ნაგებობა, გაივლო ორი სადაზვერვო თხრილი, რომელმაც მოგვცა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა კერამიკის ნამტვრევების და ობსიდიანის ანატკეცების სახით (მათი ნაწილი იხ. სურ 2 - 1,2,3- ადრეული, ქარსნარევი კერამიკის ნამტვრევები; 4 - ძვლის იარაღი; 5 - ობსიდიანი ნაკაწრებით). ამასთანავე, სათანადო ხელსაწყოთი მოიხაზა (სურ.1) დასახლების გავრცელების ტერიტორია, რომელიც ფერდზეა განფენილი სავარაუდოდ სამ იარუსად და 5 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს (იხ.გეგმა, სურ.3) წინასწარი დაკვირვებით დანამდვილებით შეიძლება ითქვას ერთი - ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ცნობილი გახდა მეტად საინტერესო, დიდ ფართობზე განფენილი, უნიკალური თავისი მასშტაბით, მეგალითური კომპლექსი, რომლის ჯეროვანი შესწავლაც ბევრს რასმე საგულისხმოს მოგვცემს კავკასიაში სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პრობლემების შესწავლასთან დაკავშირებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

პროფ. გურამ ყიფიანი

გომარეთის მეგალითური დასახლების განაშენიანებისა და სამშენებლო ტექნოლოგიის საკითხები

ამირანი XVII-XVIII, 2007 // http://www.caucasology.com/view_amirani_geo.php?id=181

ეს დასახლება განფენილია მკვეთრად დაქანებული ტყიანი კბოდეს ძირში, მდინარე  ხრამის მარჯვენა ნაპირზე და გრძივად მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. არქეოლოგიური დაზვერვის ზოგადი მონაცემებით (რაც კვლევის ამ საფეხურზე დიდად ჭირს, ასახლებაზე განვითარებული უჭრანი ტყის გამო), მისი ფართობია 4 -5 ჰა-ს უნდა მოიცავდეს. ყველა ნაგებობა, რომელიც კი ამ ადგილზე მოვიხილეთ გრძივია, დასახლების განაშენიანების სისტემა, კი ტერასულია. ტერასებს აკონკრეტებს ქუჩები, მათი სიგანე ყველგან 4 -5 მეტრია და ძნელია მათ ვუწოდოთ ბილიკი ან გზა და ა.შ... ე.ს. ტერასის დონე შეთავსებული ჩანს ქუჩის დონესთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ტყემ შეინარჩუნა ქუჩები. ხეები ამოიზარდა საკეკდლე ლოდებს შორის, ნაგებობათა შიდა სივრცეში, მაგრამ არა ქუცებზე, რადგან იგი მოგებულია ბაზალტის ფილებითა და ბლოკებით და ამდენად აქ ფესვები ვერ განვითარდა... სამშენებლო მასალად მხოლოს ბაზალტია გამოყენებული - ეფუზიური და კაინოტიპური ვულკანური ქანიდან გამოცალკავებული ლოდები, ძირითადა მკვრივი ტექსტურისა; იშვიათად ფოროვანი ნიმუშებიც გვხვდება. კედლები აგებულია ყოველგვარი შემაკავშირებლის გარეშე, ნაკერებში ტალახიც კი არ დასტურდება. ლოდები დამუშავებულია და წყობაში გვერდებით მეტ-ნაკლები წარმატებით უთავსდება ერთმანეთს. ე.ი. ესაა ისეთი წყობა რომლის არსანიშნავად დამკვიდრებულია ტერმინი "ციკლოპური"1. ბაზალტის კარიერი იქვეა, კბოდეს თავში, მასივიდან გამოცალკავებული ლოდები სამშენებლო მოედანზე დაგორებით, ბერკეტთა გამოყენებით მოხვდებოდა (ტაბ.VIII). ჩვენ მოვიხილეთ ეს კარიერი და როგორც სჩანს ე.წ. "ქვასატეხები" აქ უკანასკნელ დრომდე ფუნქციონირებდა. აქ ჩანდა გათლილი, ვერგატანილი, თუ დაუსრულებელი საფლავის ქვები პრიზმული და სარკოფაგისებური ფორმისა, სამშენებლო კვადრები და სხვ2. საქართველოს გეოლოგიური რუკის მიხედვით სამხრეთ საქართველოს ბაზალტის პლატოს აღმოსავლეთი საზღვარი, სადღაც ამ არეალს თანხვდება3. ნაგებობანი უმარტივესი სახისაა, ესაა გრძივი დარბაზები, ერთიერთპარალელური კედლებით (ტაბ.I), მაგრამ გვხვდება გამობაკლისებიც - მაგ. ნაგებობა №2 მისი წინა, ხევისაკენ მიმართული ჩრდილო - აღმოსავლეთის კედელი მრუდხაზოვანია (ტაბ. VI). კედლებსი სისქე 2 მ-დან 2,6 -მდე მერყეობს. კართა ღიობები არქიტრავებით სრულდებოდა, ასეთი სამი შემთხვევა დავადასტურეთ.  №2 ნაგებობის კარის არქიტრავი განივკვეთში ექსვკუთხაა და ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მას ხელოვნურად აქვს ეს სახე მიცემული, მაგრამ ბაზალტის მასივებს ახასიათებთ შიგა და შიგ მრავალკუთხა, განცალკევებადი, სვეტისმაგვარი ბლოკების ერთობლიობანი4. კიდევ ერთი რამაა აღსანიშნავი: ერთადერთი (ჯერ ჯერობით) გამონაკლისის გარდა (კვლავ №2 ნაგებობა), კართა ღიობები, სულერთია იგი ნაგებობის განივ კედელშია გამართული თუ გღძივში, იგი აუცილებლად კუთხეშია შექმნილი და ამას აპირობებს როგორც ჩანს მშენებლობის ტექნოლოგია და არა ვთვათ, რაიმე ჩვენთვის უცნობი რელიგიური წარმოდგენა. ამას გარდა კარის ღიობები, მიუხედავად ნაგებობის მასშტაბისა ყველგან 1,40 მ-ია, ჯერჯერობით ძნელია ვივარაუდოთ რაღაც მოდულის მაგვარ განზომილებაზე, ისე კი ვფიქრობთ, რომ ეს "უცნაურობაც" სამშენებლო ტექნოლოგიას უკავშირდება. აქ დაფიქსირებული ნაგებობანი გრძივი დარბაზებია და ალბათ ჰორიზონტალურ-კოჭოვანი გადახურვით სრულდებოდა. "ციკლოპური" სიმაგრეების მიმართ გამოთქმული აზრი, რომ ქვის სტრუქტურები წარმოადგენდა ცოკოლს ალიზის წყობისათვის5, ფრიად ძნელი სარწმუნოა: ალიზის წყობა ეფინება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად ნიველირებულ ქვის "ბაქანს". გომარეთის ნაგებობაზე არ დასტურდება ქვის დამუშავების მაგალითები. როგორც აღინიშნა, ნაგებობანი ტერასულადაა განთავსებული, სიგრძივად, ერთმანეთის მიყოლებით. ჯერ-ჯერობით არ ჩანს დასახლების ცენტრი, არ ჩანს არც ის დომინანტი, რომელიც გააკონტროლებდა დასახლებას და მის მიმდებარე, დასაცავ ტერიტორიას და რაც მთავარია, არ ვიცით, მას ჰქონდა თუ არა საფორტიფიკაციო სისტემა: რამაც შეიძლება, რომ მიგვანიშნოს თავდაცვით სისტემაზე, ერთადერთი დეტალია: ესაა ქუჩისქვეშა გასასვლელი, "დრომოსი", ე.წ. "პოსტერნა", ანუ საიდუმლო კარი, რომელიც №4 ნაგებობაში დადასტურდა (ტაბ. IV-V). შეიძლება ვიფიქროთ, რომ მტრული მოქმედებების დროს თანდათანობით ხდებოდა მოსახლეობის ერთი ტერასიდან, შემდგომ, ზედა ტერასაზე გადანაცვლება. ამ ნაგებობათა მიმოხილვისას ყურადღებას იქცევს, არა ვთქვათ არქიტექტურული კომპოზიციის საკითხები, არამედ მათი სამშენებლო ტექნოლოგია და ორგანიზაცია. ზოგიერთი საკედლე ლოდი თავის მასით დიდად სცილდება M3. არადა, M3 ბაზალტის წონა 2800-დან 3200 კგ-მდე აღწევს6 და ბუნებრივია, რომ გაჩნდეს კითხვაც - რა საშუალებით შეიძლებოდა, რომ კედელში, თუნდაც 2-3 მ-ის სიმაღლეზე მოხვედრილიყო სამტონიანი ლოდი და თანაც ისე, რომ იგი უკვე დაწყობილ, დაშენებულ ლოდებს შეთავსებოდა დაუმუშავებელი გვერდებით. მექანიკური დანადგარების წარმოდგენა აქ, მაშინ, როცა ქვა ოდნავადაც კი არ არის დამუავებული, ყოვლად წარმოუდგენელია და ისედაც ასეთი "მანქანები" გამოიყენებოდა დამუშავებული, თუნდაც პოლიგონალური, მაგრამ ისეთი საკედლე ქვისთვის, რომლის გვერდები საგანგებოდ იყო გათლილი და შეიცავდა "კონსტრუქციულ" ელემენტებს: ნაშვერებს, ღარებს ღვედებისათვის, ღრმულებს კავისათვის და ა.შ.7... ციკლოპურ ციხეებზე კიდევ შეიძლება წარმოვიდგინოთ ბერკეტების საშუალებით ლოდების მოძრაობა. ამ სიმაგრების კედლის შედგენილობაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კედლის ცალკეული სიაგონალური მასივები თუნდაც ოზნიში (ლობო)8 ან დაშბაშში (თრიალეთის ახალქალაქი)9 ან ავრანლოში10, (ყველა თრიალეთი), აგრეთვე სიმაგრე ზილდეა მაშიღ-ში (შიდა ქართლი, დიდი ლიახვის სათავეებთან)11 და არა მარტო აქ. არამედ ყველგან, სადაც, კი დაუმუშავებელი დიდრონი ლოდებით იგება სიმაგრეები მაგ. სიმაგრე კასტრაკიში (არგოლიდა)12 ან ყალეჰ-ნაჰარი-ში (ირანის აზერბაიჯანში)13 და ა.შ. ტაბ. VII. კედლის შედგენილობის ეს დიაგონალური მასივები ქმნიდა ერთგავრ შიალედურ პანდუსებს ახალი მასივის შესაქმნელად. სწორედ ასეთი დახრილი კალთის საშუალებით მიმართავდნენ ლოდს ბერკეტის გამოყენებით სიმაღლისაკენ. ეს სავსებით გასაგებია, რადგან ციკლოპური სიმაგრე აღიმართებოდა "მწვერვალზე" და ლოდს მიმართავდნენ ქვემოდან ზემოთ. სრულიად სხვა სურათია ჩვენს შემთხვევაში - ლოდი აქ მიმართულია ზემოდან ქვემოთ და ამას გარდა გომარეთის ნამოსახლარის არც ერთ ნაგებობაში ლოდების დიაგონალური მასივები არა ჩანს. ციკლოპური კედლები აქაც და თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში ორი ძირითადი შრისაგან შედგება: გარე და შიდა პირისაგან, შუაში კი მათ შორის შედარებით წვრილი ქვა და ანატკეცებია ჩაყრილი. ჩვენთან შუალედური შრე ძალიან ვიწროა, თითქმის არ არსებობს და ამას გარდა კიდევ რამდენიმე "უცნაურობა უნდა აღინიშნოს: ჯერ ერთი ნაგებობათა კუთხეებს არ გააჩნიათ წყობა, - ანუ ერთი კედლის შემადგენლი ლოდი არ იჭრება მომიჯნავე კედლის შედგენილობაში (ტაბ. II-III), ისინი უბრალოდ მჭიდროდ ებჯინებიან ერთმანეთს. ე.რ. ყოველი კედელი აგებულია ცალკეულად და არა კომბინირებულად. ამას გარდა თალსაჩინო განსხვავებაა კედლის მხარეებს შორის, კედლის ერთი პირი თითქოს საგანგებოდ დიდი ლოდებით (საშუალოდ 1,5 M3), ხოლო მისი პარალელური მეორე პირი შედარებით მცირე ზომის (0,4-0,5 M3) ქვებითაა ნაგები (ტაბ.I,II). ეს სავსებით ცხადად შეინიშნება ყველა ნაგებობაზე. მაგ. N1 ნაგებობას აღმოსავლეთით კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ პირებს შორის განსხვავება სრულიად აშკარაა, ისევე როგორც ამავე ნაგებობის სამხრეთ კედელში, აქ ხომ ჩანს, რომ ძირა სამხრეთის ლოდს სიმაღლეში ჩრდილოეთის მხრის საპირე წყობის სამი ქვა შეესაბამება (ტაბ.I). თუ თავს მოვუყრით გომარეთის ციკლოპური ნაგებობისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს გამოვა, რომ ლოდებით აგებული კი არაა კედლები, არამედ ჩალაგებულია საკედლე ყალიბში და ასეთი შეიძლება იყოს ტერასაზე დაკვალული და შესაბამისად შექმნილი თხრილები, რაშიდაც თანდათანობით დაფიქსირდებოდა საკედლე ლოდები: აქ სავსებით შესაძლებელია, რომ ლოდს ბერკეტებით სასურველი მდგომარეობა მისცემოდა (ტაბ.IX). გაშიშვლებულ კედლის ფართობზე კი ეს შეუძლებელია, ლოდი უბრალოდ ქვემოთ გადავარდებოდა. ამიტომაც ვერ იქნება ნაგებობის კუთხეები "აგებული", ანუ შექმნილი ურთიერთმონაცვლე ლოდებით. შედარებით მცირე ზომის ლოდებიც ჩალაგებულია საკედლე ყალიბში სწორედ იმ მხრიდან, საიდანაც ისინი მიემართება, იმიტომ, რომ ბერკეტებს საყრდენები სჭირდება, და ლოდებისათვის შესაბამისი მდგომარეობის მინიჭებაც ამ მხრიდან იწარმოებდა. სრულებითაც არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ დასახლებაზე ყველა ნაგებობა მაინცდამაინც ამ მეთოდით აიგო, ისედაც ეს მოსაზრება მხოლოდ წინასწარულია, რომელსაც შემდგომი კვლევა-ძიება ან უარყოფს ან დაადასტურებს. მაგრამ ის ფაქტი, რომ კარნი მაინცდამაინც  კუთხეებში იმართებოდა - ამ მოსაზრებას დამატებით უჭერს მხარს. კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი N1 ნაგებობის გეგმას. მისი გრძივი კედლები არსწორხაზოვანია (ტაბ.I). რამ განაპირობა თავდაპირველი კედლის ამგვარი მოხაზულობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი პარალელური, ასევე გრძივი კედელი ზუსტად იმეორებს მის მოხაზულობას. დაგვერწმუნებით ალბათ,რომ არა "ყალიბი", ასეთ რამეს 4 ტონიანი ლოდებით ვერანაირი სამშენებლო ძალა  და ტექნოლოგია ვერ განაპირობებდა. როცა ნაგებობის მასივი თხრილებში შეიკვრებოდა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მისი მიწისაგან განთავისუფლების თანაბარი და გეგმაზომიერი, მშვიდი პროცესი. შესაძლოა, რომ კარის ღიობის სიგანის ნორმა 1.4 მ, მიწის გატანის მოხერხებულ სქემასთან იყოს დაკავშირებული. ჩვენი ყურადღება მიიქცია N5 ნაგებობის სამხრეთი პირის ერთმა დეტალმა, სადაც ვფიქრობთ, რომ  თვალნათლივ ჩანს, რომ ლოდებით კედლის გარსი აგებული კი არ არის, არამედ ჩაგებულია, ჩაფენილია. თუ მშენებლობის ამ პროცესს წარმოვიდგენთ, მაშინ ჩვენს თვალწინ გამოიკვეთება მისი დაგეგმვის საფეხურებიც - სამშენებლო ორგანიზაცია. ჯერ უნდა შექმნილიყო უკიდურესი ქვედა ტერასის ნიველირებული სამშენებლო მოედანი და მასზე დაკვალულიყო საკედლე კონტური და მის შესაბამისად შექმნილიყო “ყალიბი” (თხრილი) საკარე ღიობის გათვალისწინებით. შემდეგ, ერთი-ერთი განივი კედელი  და ა.შ. ტერასის გასრულების შემდეგ შეიქმნებოდა მომდევნო სამშენებლო მოდანი და ასე გაგრძელდებოდა მანამდე, სანამ არ დასრულდებოდა იდეით - "პროექტით" განსაზღვრული ქმედებები. ეს კი სისტემური აზროვნების შედეგია, რელიეფთან და სამშენებლო მასალასთან შეთანხმებულობის გამოხატვა ანუ სამშენებლო კულტურა. კვლევის დასაწყის საფეხურზე, მაშინ, როცა ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება არქეოლოგიური გათხრებით დადგენილი მკაცრი სტრატიგრაფიული მონაცემები, დასახლების თარიღზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი კედლების წყობის სტილია, რაც ზოგადად ქრისტემდე XIV-XII სს-ით თარიღდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ძველი სამშენებლო ტექნოლოგია (სწორედ ციკლოპური წყობანი იგულისხმება), შესაძლოა რომ მოგვიანებითაც განმეორდეს, საუკუნეების შემდგომაც. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს მაშინ, როცა არსებული ნაგებობის ათვისება ხდება, ვთქვათ სამეურნეო საქმიანობისათვის და აქ აუცილებელია დანამატის წარმოქმნა. კედლის წყობის ხასიათი ყველა შემთხვევისათვის ცხადია ვერ გამოდგება დათარიღებისათვის, რადგან ამა თუ იმ ჩამოყალიბებულ სისტემათა, რომელიც თავისთავად მინიშნებაა ეპოქაზე, პარალელურად გხვდება შემთხვევითი, არასისტემური წყობანიც. მას ბევრი ფაქტორი განაპირობებდა: ნაგებობის დანიშნულება (ვთქვათ, დროებითი სადგომი), დამკვეთის შესაძლებლობანი, ოსტატთა არაკვალიფიციურობა და სხვ. მაგრამ, როცა წყობის ესა თუ ის სისტემა, ამოწურავდა თავის შესაძლებლობებს, მისი აღორძინება, ჩვეულებრივ, ვეღარ ხდებოდა, რადგან ასპარეზზე გამოდიოდა ეპოქის შესაბამისად უფრო რაციონალური და ტექნიკური პროგრესის შედეგად უფრო განვითარებული საკედლე წყობათა სტილი. რაც ჩვენს ნამოსახლარს ახასიათებს, - ციკლოპური (ანუ ლესბოსური) წყობა, საფუძველთა პოლოგონალური წყობისათვის, რომელიც თავისთავად წარმოქმნის წყობის ტრაპეციულ სტილს და ა.შ. მანამ, სანამ არ მივიღეთ ფსევდოისოდომური წყობა. შემდგომ, კი ჯერ რომაულმა ბეტონმა და მერე დუღაბის დამკვიდრებამ რადიკალურად შესცვალა საინჟინრო სამყარო. შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ გომარეთის ციკლოპური ნამოსახლარი შუასაუკუნეების რომელიმე მონაკვეთში წარმოქმნილიყო? მასაც, რომ დავანებოთ თავი, რომ აქ კირხსნარის გამოყენების არავითარი კვალი არ ჩანს და თვით ლოდებზე არ შეინიშნება ლითონის იარაღის გამოყენების ნიშნები. ესოდენ დიდ ტერიტორიაზე ამ დასახლების შექმნას უზარმაზარი სამშენებლო ძალის მობილიზება დასჭირდებოდა. ფეოდალურ თემებს კი ეს არ ხელეწიფებოდათ. მონოლითური ნაგებობების თარიღის დადგენა დიდად რთულდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ათასწლეულებს უძლებენ სწორედ თავიანთი მონოლითებისაგან შედგენილი მასების გამო და შემდგომი ეპოქები მას ღებულობდნენ იმ მზამზარეულ სტრუქტურებად, რომლებსაც ახალი ფუნქცია უნდა მინიჭებოდათ. ე.ი. ის მათთვის იყო მოცემულობა. ეპოქათა დეფინაცია მონოლითურ ნაგებობებში ხანგრძლივ და სისტემურ კვლევას მოითხოვს.

ტაბულების აღწერილობა:

I. ნაგებობა №1. აქსონომეტრიული ჩანახატი.

II-III.    ნაგებობა №1. ჭრილები.

IV-V.     ნაგებობა №4 "დრომოსი" გეგმა. გრძივი განაკვეთი, "დრომოსის" კარი.

VI.        ნაგებობა №2 გეგმა. წყობის ფრაგმენტი.

VII.      ციკლოპურ სიმაგრეთა კედლები: 1. ოზნი (ლობო), 2.დაშბაში (თრიალეთის ახალქალაქი), 3.ავრანლო, 4.ზილდე-მაშიღი (დიდი ლიახვის სათავეებთან), 5. სიმაგრე კასტრაკი-ში                 (არგოლიდა).

VIII. ლოდების განცალკევება ბაზალტის მასივისაგან (ჩანახატი - რეკონტსრუქცია)

IX. კედლის აგების სავარაუდო სურათი (რეკონტსრუქცია - ჩახატი).

____________________

1. ამ ტერმინის დამკვიდრებისა და წარმოშობის შესახებ იხ. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, მასალები არქაიკული მონუმენტური ხელოვნების ისტორიისათვის, თბილისი, 1938 წ., გვ.1 და შმდ; სამეცნიერო ლიტერატურაში მსგავსი კედლები ლესბოსური წყობის სახელითაც მოიხსენიება. იხ.R.L.Scranton, Greek Walls, Cambridge, Massachusetts, 1941, გვ.25-44. ციკლოპური სიმაგრეების შესახებ იხ. აგრეთვე J-P.Adam, L'architecture Militaire Grecque, Paris. 1982, გვ.16 და შმდ; განსაკუთრებით საყურადღებოა უკანასკნელი პერიოდის პუბლიკაცია - G.Narimanashvili, N.Sansasvili, Zu de Zyklopishen Siedlungen in Trialeti, Georgia, Heft 24, Jahrgang 2001, Korndanz, გვ.5 და შმდ.

2. ასეთი "ქვასატეხები" საუკუნეების მანძილზე ფუნქციონირებდნენ. ვანის ძველი ქალაქი აგებული სოფ.ყუმურთან (ვანიდან 8 კმ-ის დაშორებით) მოპოვებული ქვიშაქვით. თანამედროვე სახლების ასაგებად კვლავ ამ კარიერს იყენებდნენ და იქ არცთუ იშვიათად ელინისტური ხანის არქიტექტურულ დეტალებს პოულობენ - მაგ. ატიკური ტიპის ბაზისს. იხ.გ.ყიფიანი, არქიტექტურული დეტალები, თბ. 1993, ტაბ XXI, 5.

3. Атлас грузинской советской социалистической республикиб Тб-М. 1964. რუკა 17-18

4. Четырёхязычный энциклопедический словарь терминов по физической географии. Составитель проф. И.С.Шикин. М. 1980. გვ.41

5. ირ.ციციშვილი. კვლავ ციკლოპური ციხეების მნიშვნელობის შესახებ. ძეგლის მეგობარი, №2 (101) თბ. 1998, გვ.6-7; Б.Б.Пиотровцкий, Археология Закавказья, М. 1989. გვ.57 და შმდ.

6. Политехнический словарь, М. 1989. გვ.44

7. S.Clarke, R.Elgelbach, Ancient Egiptian Construction and Arcitecture, №9. 1990, გვ.78 და შმდ; Orlandos, Les Materiaux de Construction et la Technique Architecturale des Ancienc Grecs, Seconde Partie, Paris, 1968, გვ.71 და შმდ

8. გ.აბრამიშვილი, პ.ზაქარაია, ი.ციციშვილი, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000, გვ. 253

9. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური .... ტაბXIX

10. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური .... ტაბ.VI

11. ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური .... ტაბ.IX

12. F.E.Winter, Greek Fortifications, London, 1971, გვ.86

13. W.Kleiss, Forgeschtliche, Urartaische und Mittelalterliche Burgen in Ostazerbaidjan, Archeologische Mittailungen aus Iran B 14, 1987, გვ. 9-11, ტაბ.2

14. Б.А.Куфтин, Археологические раскопки в Триалети, т.1, Тб. 1941, გვ.30

15. ძველი სამყაროს სამშენებლო წყობათა შესახებ იხილე: R.L.Scrandon, Greec Walls... გვ. 23 და შმდ. აგრეთვე W.Wrede, Attische Manern, aThen, 1933 გვ.5 და შმდ.


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე