topmenu

 

მაჩხანის ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მაჩხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სოფელ წოდორეთის მახლობლად. წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში. ნაგებია ფოროვანი ტუფით. ცალკეული ნაწილები - ლავგარდანი, სამხრეთ შესასვლელის წარწერიანი არქიტრავი, აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ფილა და კედლის ზედა ნაწილების მოპირკეთება უფრო მკვრივი მოყვითალო ფერის ქვისაა. შიგნიდან კამარები და აფსიდი კონქი ამოყვანილია რიყის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად ნასოფლარია.

შ.საღარაძე

მაჩხანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.510

 

მაჩხანის ეკლესია ( მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბარნაველი თ. მაჩხანის ეკლესიის წარწერები // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.29. - N5. - 1962. - გვ.649-655. - ეკლესიის აგების თარიღი მხატვრულ-სტილისტური ანალიზის მიხედვით.

2. მაჩხანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.510. - მოკლე ცნობა მაჩხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის შესახებ.

3. მაჩხანის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.224-226. რეზ.რუს ენაზე. - ცალნავიანი, დარბაზული ეკლესიის აგების თანადროული ორი ასომთავრული წარწერის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ი.სონღულაშვილი, თ.ბარნაველი, გ.ჩუბინაშვლი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.87. 1-3).

4. ჩუბინაშვილი გ. VIII - IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ერთი რიგის დათარიღებისათვის (მაჩხანის ეკლესია დიღმის ხეობა) // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.13. - 1952. - N7. - გვ.441-447. - მაჩხანის ეკლესიის აგების თარიღი წარწერებში მოხსენიებულ პირთა მიხედვით.

5. მაჩხანის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.277. -

მაჩხანის ეკლესია, არქიტექტურული არქეოლოგიური ძეგლი, დგას სოფელ დიღმის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. აგებულია IX საუკუნის შუა ხანებში. ეკლესია დარბაზულია (7,4X4,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. გარედან შემოსილია შირიმის ქვით. დაზიანებულია - ჩანგრეულია კამარის დასავლეთ მონასკვეთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და ღრმა ნიშია. ერთი სარკმელი სამხრეთის კედელშია. ცილინდრული კამარა კაპიტელებიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სამხრეთის ფასადზე ჯვრებია გამოსახული, ხოლო კარის არქიტრავის ქვაზე სამშენებლო წარწერაა. ქართულ ასომთავრულ წარწერაში ჩართულია არაბული ტექსტი, ორივე ტექსტის მიხედვით ეკლესია აუგია ჰომად კიტრისძეს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარჯვნივ, არის კიდევ ერთი წარწერა ["ქ სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა შეწევნითა წმიდისა თევდორესითა აეშენა საყდარი ესე დიდგორის ხევისუფლობასა გელსაბისაი (გულსაბისაი?) ქალაქისა უფლობასა ამირაისა ღიავარისა (?) იოვანეს უფალო შეუნდვენ ამინ"]. ეკლესიას შემოვლებული აქვს უწყვეტთაღედიანი ქვის ლავგარდანი. ეკლესიის ირგვლივ ფეოდალური ხანის ნასოფლარია, რომელიც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვის შენობებისა და კლდეში გამოკვეთილი სამალავი ქვაბის ნაშთები.

 

 

ბმულები:

დიღომი: http://dzeglebi.com/view.php?id=295