topmenu

 

გორა ნამოსახლარების ნახევრად ამოხსნილი საიდუმლო - ა.ცქიტიშვილი

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველო // ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

გორა ნამოსახლარების ნახევრად ამოხსნილი საიდუმლო

კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოს სტატუსის გასამყარებლად მეცნიერებს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ

ალეკო ცქიტიშვილი

სტატიის წყარო: http://vinoge.com/istoria/gora-namosaxlarebis-naxevrad-amoxsnili-saidumlo

უკანასკნელ ათწლეულებში მევენახეობა–მეღვინეობის ისტორიის საკითხების კვლევისას მეცნიერები კომპლექსურ მეთოდებს იყენებენ, რაც მათ უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. სწორედ ამ დასკვნების შეჯერებით უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო. თითქოს ასეთი კითხვა აღარც უნდა დაისვას, იმდენად ხშირად გვესმის მტკიცება, რომ ეს ასეა, მაგრამ სინამდვილეში წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენები იმდენად ზუსტად უნდა იყოს არგუმენტირებული, რომ კითხვები აღარავის გაუჩნდეს. მეცნიერებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას აგრძელებენ, ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდებათ. დასასრულებელია არქეოლოგიური გათხრები, შესაძენია და გასამართია ძვირადღირებული ლაბორატორიები, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, ფინანსებია საჭირო. მარტო დონორების მიერ გაცემული პერიოდული გრანტები საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების დასრულებას არ ყოფნის. საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, სამინისტროებში ხშირად მაშინ ახსენდებათ, როცა უცხოელ სტუმრებთან თავის მოწონება უნდათ. სტუმრებს ეროვნულ მუზეუმში სიამაყით უჩვენებენ კულტურული ვაზის უძველეს წიპწებს. ამ დროს არავის ახსოვს, რომ ამ წიპწების დათარიღება უახლესი ლაბორატორიული მეთოდით ჯერ არ მომხდარა. საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ისტორიის საკითხების გასარკვევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვემო ქართლში, შულავერთან არსებულ ვრცელ ვაკეზე მე–20 საუკუნის 60–იან წლებში აღმოჩენილი გორა ნამოსახლარების კომპლექსურ კვლევას.

1965–71 წლებში არქელოგიურმა ექსპედიციამ დააფიქსირა ნეოლოთური ხანის რამდენიმე ძეგლი: შულავერის გორა, დანგრეული გორა, გადაჭრილი გორა და სხვა გორა ნამოსახლარები. მკვლევარების მიერ შულავერ–შომუთეფეს კულტურად წოდებული ეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები მას შემდეგ მუდმივი კვლევის საგანია. თუმცა, აქამდე, ანუ მთელი 50 წლის განმავლობაში, გორა ნამოსახლარების მხოლოდ ნაწილია შესწავლილი. ცხადია, ეს კვლევები მარტო მევენახეობა–მეღვინეობის ისტორიას არ ეხება. თუმცა, სწორედ ამ კვლევების შეჯერებით დადგინდა, რომ კულტურული ვაზი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V ათასწლეულებში ჰქონდა მოშინაურებული. თიხის ჭურჭლების ნატეხებში კი არც მეტი, არც ნაკლები, ღვინის კვალი აღმოჩნდა. ამ უმნიშვნელოვანესი დასკვნების ნაწილი კიდევ საჭიროებს გადამოწმებას, ხოლო ბევრი რამ ჯერ კიდევ შეუსწავლელია, თანაც ისე, რომ შემდგომი არქეოლოგიური გათხრები რაც შეიძლება მალე უნდა დაფინანსდეს და ჩატარდეს. 2006 წელს, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, არქეოლოგ მინდია ჯალაბაძის ხელმძღვანელობით, ერთ–ერთ გორა ნამოსახლარზე – გადაჭრილ გორაზე ახალი მნიშვნელოვანი არქტეფაქტები მოიპოვა, რომელთა შემდგომი კომპლექსური კვლევა, არქეოლოგების გარდა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა განახორციელეს. მათი ერთობლივი ანგარიში ორი წლის წინ გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის გამოცემაში („ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში“, №19). ანგარიშში მეცნიერები წერენ, რომ გადაჭრილი გორის შესწავლა გადაუდებელი ამოცანა იყო – ეს არის მდინარე შულავერის ღელეს მიერ შუაზე გადაჭრილი ნამოსახლარი, მდინარის ზემოქმედების გამო კი ძეგლი ზიანდებოდა და გარკვეული დროის შემდეგ მისი დიდი ნაწილი გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა. ამის გათვალისწინებით, ეროვნული მუზეუმის დირექციამ გათხრების მხარდაჭერა გადაწყვიტა. აღმოჩენილი არქტეფაქტების შემდგომი კვლევა კი ძირითადად უცხოური გრანტით დაფინანსდა.

არტეფაქტების შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნები ამყარებენ ისედაც საფუძვლიან თეორიას, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია. პალინოლოგია მცენარეთა მტვრის მარცვლებს და სპორებს შეისწავლის. პალინოლოგიამ შეიძლება გადამწყვეტი სიტყვა თქვას კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და გავრცელების ისტორიის საკითხების შესწავლისას, რაც ზოგადად ცივილიზაციის ისტორიის კვლევის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გადაჭრილი გორის არტეფაქტების კვლევაში პალინოლოგი ელისო ყვავაძე მონაწილეობდა. მისი განმარტებით, ყველა სახეობის მცენარის ყვავილის მტვერს თავისი უნიკალური მორფოლოგიური ნიშნები აქვს. ამავე დროს, მცენარეთა მტვრის მარცვლები შედგება მეტად მდგრადი ნივთიერებისაგან, რომელიც მილიონობით წლის გასვლის შემდეგაც არ იშლება არა მარტო ნიადაგში, არამედ ტბის, ზღვისა და ოკეანეების დანალექებშიც კი. ასეთ მდგრადობას განაპირობებს მტვრის მარცვლის გარსის ნივთიერება სპოროპოლენინი. ელისო ყვავაძე, პალინოლოგი: "ვაზის ყვავილობისას მისი ყვავილის მტვრის მარცვლები ვაზის ხაოიან ფოთლებში და ზოგადად მიმდებარე გარემოში გროვდება. მტვრის მარცვლები მრავლად რჩება ყურძნის მარცვლებსა და კლერტზეც. ვინაიდან საქართველოში ყურძენს დაწურვისას არავინ რეცხავს, მასზე მიკრული უამრავი მტვრის მარცვალი ხვდება ტკბილში და შემდეგ უკვე – ღვინოში.

ვაზის მტვრის გარდა ღვინოში ასევე არის ვენახის სარეველებისა და გარშემო დარგული სხვა მცენარეების ყვავილის მტვრის მარცვლები. ღვინიდან ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლები ილექება თიხის საღვინე ჭურჭლის ფორებში, სადაც იგი მილიონობით წელი შეიძლება დარჩეს. გადაჭრილ გორაზე ნაპოვნი ნეოლოთური ხანის კერამიკის ჭურჭელში აღმოჩენილი ვაზის მტვრის მარცვლები 8000 წლის წინანდელია და მიგვითითებს, რომ ამ ჭურჭელში ღვინო ესხა“. გადაჭრილ გორაზე არქეოლოგებს ქვევრი მთლიანი სახით არ უპოვიათ, მაგრამ როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, იპოვეს "მასიური, მკვეთრად გამოხატული ქუსლიანი ჭურჭლის სამი ძირი". გარდა ამისა, გადაჭრილ გორაზე ნაპოვნია კულტურული ხორბლის მარცვლები, რომლებიც შეისწავლა პალეობოტანიკოსმა ნანა რუსიშვილმა. მისი კვლევის საგანია გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ყურძნის 9 წიპწა, რომლებიც იქ ოდნავ მოგვიანებით აღმოაჩინეს. ამიტომ მათ შესახებ თავდაპირველად გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი არ არის. შულავერ–შომუთეფეს კულტურის გორა ნამოსახლარების შესწავლისას ყურძნის რამდენიმე ნამარხი წიპწა დანგრეულ გორაზეც აღმოჩნდა. მათი იდენტიფიკაცია თავის დროზე მოახდინა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრას ხელმძღვანელმა, პროფესორმა რეზო რამიშვილმა. ნანა რუსიშვილმა მოგვიანებით ეს წიპწები კიდევ ერთხელ შეისწავლა და დაადასტურა რამიშვილის მოსაზრება, რომ წიპწები ნამდვილად კულტურულ ვაზს ეკუთვნოდა.

ზოგადად, ველური ვაზის ნამარხი წიპწები უფრო მცირე ზომისაა და აქვს მოკლე ფუძე (ნისკარტი), კულტურული ვაზის წიპწა კი უფრო დიდი ზომისაა, ასევე მეტია მისი ფუძეც. აქვე მხედველობაში მისაღებია წიპწების ფორმა, მისი  სიგრძის შეფარდება სიგანესთან და სხვა პარამეტრები. ნანა რუსიშვილის თქმით, უკვე შესწავლილი და დადასტურებულია, რომ გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი წიპწები მოშინაურებულ, კულტურულ ვაზს ეკუთვნის: „ამ წიპწების შესწავლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ დათარიღებას, თუ რა პერიოდს განეკუთვნებიან ისინი. მათი დათარიღება ხერხდება რადიოკარბონული მეთოდით (ე. წ. C14–ით) და დენდროქრონოლოგიით. საუკეთესო ვარიანტია, როცა C14-ით გაკეთებული დათარიღება შეთანხმებულია დენდროქრონოლოგიასთან. ასეთ შემთხვევაში, პასუხი გადამოწმებული და ზუსტია. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა ლაბორატორია, რომელიც ამჟამად საქართველოში არა გვაქვს. ამიტომ ყურძნის ის წიპწები, რომლებიც არქეოლოგებმა აქამდე აღმოაჩინეს გორა ნამოსახლარებზე, ლაბორატორიული მეთოდით დათარიღებული არ არის. ვფიქრობთ, დადგა დრო, ეს ლაბორატორია შევიძინოთ, ავამუშავოთ და საქართველოშივე გავცეთ პასუხი ჩვენთვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვებს“. ყურძნის წიპწების დათარიღება შესაძლებლია საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ორ პრობლემას ვაწყდებით:

1) გორა ნამოსახლარებზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწები თავიდანვე უნდა დალუქულიყო და მალევე მომხდარიყო მათი შესწავლა. არასასურველი შენახვის პირობების გამო, შესაძლოა, ისინი ჰაერთან შეხებისას დაბინძურდნენ და ლაბორატორიული შესწავლისას ზუსტი დათარიღება ვერ მოხერხდეს.

2) ლაბორატორიული შესწავლისას წიპწა ნადგურდება, ამდენად, მისი ხელმეორედ შემოწმება ვეღარ მოხერხდება. წიპწები კი არც ისე ბევრია. ნეოლითური პერიოდის სულ რაღაც 15–მდე წიპწა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ წიპწებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ შესწავლილია და ლაბორატორიულად დათარიღებულია შულავერ–შომუთეფეს კულტურის გორა ნამოსახლარებზე აღმოჩენილი კულტურული ხორბლის მარცვლები. მათი ასაკი 8000 წლით განისაზღვრა (ძვ.წ. VI ათასწლეული). სწორედ ამ კულტურული ხორბლის მარცვლების მეშვეობით არაპირდაპირ თარიღდება კულტურული ყურძნის წიპწებიც. ნანა რუსიშვილის თქმით, გორა ნამოსახლარების ტერიტორიაზე გვერდიგვერდ ნაპოვნი კულტურული ვაზისა და ხორბლის ნაშთები ადასტურებენ, რომ ნეოლოთური ხანის ნასახლარები წარმოადგენს მწარმოებლური მეურნეობის არა საწყის ეტაპს, არამედ განვითარებული მეურნეობის ეტაპს. გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი მცენარეთა ნაშთები და სამუშაო იარაღები ცალსახად გვიჩვენებს, რომ აქ მევენახეობა, მემინდვრეობა და ზოგადად მეურნეობა კარგად იყო განვითარებული. პალინოლოგიური და პალეოეთნობოტანიკური კვლევების გარდა, გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი არტეფაქტები ქიმიური მეთოდითაც გამოიკვლიეს. კვლევებს ახალგაზრდა მეცნიერი ნიკო შაყულაშვილი ხელმძღვანელობდა. მან თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში ღვინის ნაშთის იდენტიფიკაციისათვის გამოიყენა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდი. კერამიკასთან ღვინის კონტაქტის ანუ ჭურჭელში ღვინის არსებობის მარკერს წარმოადგენს ღვინის მჟავა ან წყლის ფაზაში მცირედ ხსნადი ღვინის მჟავის კალციუმის მარილი, რომლებიც ჭურჭელში მხოლოდ ღვინის გამოლექვის შედეგად ხვდება. კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის წყარო მხოლოდ ღვინო ან ყურძნის წვენი (ე.წ. ტკბილი) შეიძლება იყოს. გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტების მსხვილფოროვან კედლებში სითხე ღრმად იყო ჩამჯდარი. ქრომატოგრაფიულად დაფიქსირდა ღვინის მჟავის კვალი, რაც ოდესღაც ღვინოსთან კონტაქტზე მიუთითებს. ანგარიშის ამ ნაწილში ნიკო შაყულაშვილი წერს, რომ კვლევა გრძელდება მისი მეთოდოლოგიური გაუმჯობესების მიზნით. აგრეთვე საჭიროა მეთოდისა და შედეგების სტატისტიკური უტყუარობის წარმოდგება. ამდენად, ყველა მიმართულებით ცალსახად გამოკვეთილია სახელმწიფოს მხრიდან არქეოლოგიური გათხრებისა და უკვე აღმოჩენილი არტეფაქტების კვლევების ხელშეწყობის აუცილებლობა. კარგია, როდესაც ვამაყობთ, რომ საქართველო კულტურული ვაზის სამშობლოა, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, როცა ამ თეორიას ბოლომდე დავასაბუთებთ და ჭეშმარიტება სადავო აღარავისთვის იქნება, განსაკუთრებით – იმ ჩასაფრებული ოპონენტებისათვის, ვისაც საქართველოს ეს სტატუსი მიუღებელია.

© ღვინის კლუბი/Weekend

http://vinoge.com/istoria/gora-namosaxlarebis-naxevrad-amoxsnili-saidumlo