topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხუროთმოძღვრების ძეგლი ქ.ცხაკაიაში - პ.ზაქარაია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ხუროთმოძღვრების ძეგლი ქ.ცხაკაიაში - პ.ზაქარაია // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII,  №8, 1952, გვ.503-510

ქ.ცხაკაიას აღმოსავლეთ ნაპირას, გზატკეცილის ჩრდილოეთით სამასიოდე მეტრზე, დგას მცირე ზომის ეკლესია1. მას დღეს ადგილობრივი მცხოვრებნი "საკალანდარიშვილოს" უწოდებენ. ეკლესიას ირგვლივ უვლის ორმაგი გალავანი. შიდა გალავანს თითქმის წესიერი ოთხკუთხედის ფორმა აქვს, ხოლო გარე გალავანი მრავალგვერდაა და მას საკმაო დიდი ტერიტორია უჭირავს. როგორც ჩანს, პირველი გალაეანი აგებულია მეორის დანგრევის შემდეგ. ეკლესია მდებარეობს საკმაოდ მაღალ გორაზე. ამ ადგილიდან როგორც ხელისგულზე, ისე მოჩანს კოლხიდის დაბლობი. ამიტომ საფიქრებელია, რომ აქაც ყოფილიყო ერთ-ერთი რგოლი იმ საფორტიფიკაციო ნაგებობათა ჯაჭვისა, რომელიც ამ მხარის მთიან ნაწილს ყოფდა დაბლობისაგან2. ეს აზრი ნაკარნახევია აღნიშნული გარე გალავნის ზოგიერთი ნიშნით. ამ გალავნის ხაზი მიჰყვება მთის რელიეფს, შესასვლელი მხოლოდ ერთია, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში; აქ დღესაც შემორჩენილია კარის წირთხლები და კიბის რამდენიმე საფეხური. კედელი თავდაპირველი სახით მთლიანად არსად არ შერჩენილა. დაზიანებული ნაწალებიდან უკეთ მოღწეულია (3-4 მ სიმაღლის) სამხრეთისა და დასავლეთის კედელი. დაახლოებით ორი მეტრის სისქის ქვიტკირის ეს კედელი შემოსილია მქისედ დამუშავებული ქვებით, სადაც რიგების ჰორიზონტალობა შედარებით კარგადაა დაცული. ასეთივე კედელი მიემართებოდა გალავნის სამხრეთ-დას. წიბოდან სამხრეთით, ამ ხაზზე დღესაცაა შერჩენილი პატარა კოშკი (მის გარე დიამეტრი სამი მეტრია, შიდა კი ერთი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილის ოთხი მეტრის სიმაღლის კედელი თავდაპირველი სახითაა მოღწეული. ამ კოშკისა და გალავნის დანარჩენი კედლების მასალა, ქვის დამუშავების წესი და წყობის ხასიათი ზედმიწევნით ისეთივეა, როგორც შხეფისა და ქ.ცხაკაიას ციხეებისა3, ისინი კი მოწიფულ შუა საუკუნეებზე უნდა მიგვითითებდნენ. დღეს, სხვა მასალების უქონლობის გამო, დანამდვილებით არ შეიძლება მტკიცება, რომ ეს გალავანი თავდაპირველად მხოლოდ საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო და შიგნით ეკლესია არ მდგარა. ერთი რამ კი ცხადია: იგი იმთაევითვე საკმაოდ მტკიცე სიმაგრეს წარმოადგენდა4. მეორე, შიდა, გალავნიდან გაცილებით ნაკლებია შერჩენილი, ისიც ეკლესიის დასავლეთითა და სამხრეთით. დანარჩენი კედლების მხოლოდ კვალიღა ირკვევა. იგი ნაგებია უბრალო ქვაყორით. შესასვლელის კარი კარგად არ ირკვევა. იგი სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში უნდა ყოფილიყო. ეკლესია ცალნავიანი დარბაზული ტიპისაა (სურ.1,2).

ამ ტიპის ძეგლები საკმაოდ დიდხანს არსებობდა, მაგრამ განსახილველი ძეგლი მათგან განირჩევა ორიგინალური გადაწყვეტით. ძეგლის შიდა სივრცე კარგი პროპორციითაა შექმნილი და ამიტომ შიგ მყოფი ხალვათად გრძნობს თავს. ინტერიერის გადაწყვეტა მარტივია, მაგრამ მკვეთრი. გრძივი კედლები დაყოფილია სამ თანატოლ მონაკვეთად ერთსაფეხურიანი პილასტრებითა და მათზე გადასული საბრჯენი თაღებით (სურ.1ც). ინტერიერი საკმარისადაა განათებული. სინათლე შემოდიოდა ხუთი სარკმლიდან, ამათგან ორი სამხრეთ კედლის განაპირა სიბრტყეებშია გაჭრილი, სამი კი - აფსიდში (სურ.1ბ). აფსიდის სარკმლები შემდეგნაირადაა განლაგებულია ორი, უფრო დიდი ზომისა, მოთავსებულია ქვემოთ, ერთი კი, მცირე, მათ შუაში ზემოთ (ეს უკანასკნელი სარკმელი შემდეგ ამოუვსიათ. ნახაზზე იგი აღდგენილი სახითაა წარმოდგენილი). მიუხედავად იმისა, რომ ერთი სარკმელი ამოვსებულია, ძეგლს დღეს მაინც ხუთი სარკმელი აქვს, რადგანაც მეხუთე სარკმელი გაუკეთებიათ დასავლეთის კედელში მდებარე ზედა კარის ადგილას. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით - პილასტრების შუაში და დასავლეთით - კედლის სამხრეთის მონაკვეთში. ორივე კარი არაზუსტი ნახევარწრიული გადახურვით მთავრდება. საკურთხევლის აფსიდი გადატვირთულია სხვადასხვა ელემენტით, მაგრამ ისინი ისე მწყობრად არიან განლაგებული, რომ ამ გადატვირთვას ადგილზე თვალი ვერ გრძნობს. ეს ელემენტები სამ ჰორიზონტზე შემდეგი სახითაა განლაგებული: ზემოთ ერთი სარკმელი, ქვემოთ, გვერდებზე - ორი სარკმელი და ქვედა ჰორიზონტზე, ღერძის დაცვით - სამი საკმაოდ ღრმა ნიშია (ეს კომპოზიცია ნახაზზე უფრო მკვეთრად ჩანს, მაგრამ ადგილზე მისი ამგვარად აღქმა ნაკლები სიმკვეთრით ხდება, რადგან სარკმელებიდან სინათლე შემოდის, ნიშები კი ბნელშია). შუა რიგზე, სარკმელების გვერდებზე, თითო სწორკუთხა ხვრელობია, მათ სიღრმეში მოთავსებულია მცირე ზომის სადგომები (რომლებიც ეკლესიის მოწყობილობის შესანახავად იქნებოდა განკუთვნილი). ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ქვაყორით, ხოლო საპასუხისმგებლო ადგილები (აფსიდის კუთხეები, პილასტრები, თაღები, კარ-სარკმლებისა და ნიშების წირთხლები) ამოყვანილია კარგად თლილი კვადრებით. ეკლესიის შიდა კედლები თავიდანვე დაფარული იქნებოდა ფრესკებით, მაგრამ დღეს ძველი მხატვრობის კვალი არ ჩანს. ახლა არსებული ფრესკა გვიანდელი უნდა იყოს (XVI-XVII სს.). შერჩენილია ფრესკების უმნიშვნელო ფრაგმენტები. ასე, მაგალითად: კონქში მაცხოვარია ტახტზე მჯდომი, ორი ფიგურით გვერდებზე (ცუდად ჩანს), მაცხოვრის ქვემოთ, სწორად ამოვსებული სარკმლის ზედაპირზე, ღვთისმშობელია ყრმით ხელში (მდგომარე). ფრესკის დანარჩენი სიუჟეტების გარჩევა ძნელია. ძეგლის გარე სახე მარტივია: ორფერდა სახურავით გადახურული, ოდნავ გამოწეულ ცოკოლზე მდგარი ოთხი კედელი. ფასადები მოკლებულია ყოველგვარ შვერილებს (სურ.1d, 1e და სურ.2,6).

კედლებს ამთავრებდა მარტივი პროფილის მქონე ლავგარდანი, ახლა მხოლოდ ერთი ფრაგმენტია შერჩენილი აღმოსავლეთის ფასადის მარჯვენა კუთხეში. ლავგარდანის დანარჩენი ნაწილი ან ჩამოცვენილია (სამხრეთ ფასადზე), ან იმდენად გამოფიტულა, რომ თავდაპირველი პროფილის აღდგენა ძნელდება. ეკლესიის პირვანდელი სახურავი არ დარჩენილა, უკანასკნელ დროს კი ყავრით ყოფილა გადახურული. ფასადები ნაგებია ლეგა ფერის ქვაყორით. ამ ქვების უმრავლესობა უფორმოა, მაგრამ ოსტატს მაინც უცდია ზოგან ჰორიზონტალური რიგების დაცვა. წყობაში აქა-იქ ნახმარია მცირედ დამუშავებული დიდი ზომის ქვებიც. ამათგან დიდი ზომისა და უკეთ დამუშავებული ქვებია ნახმარი ფასადების კუთხეებში. შესამოსავი მასალის მხრივ სხვა მდგომარეობაა საპასუხისმგებლო ადგილებში, როგორიცაა კარ-სარკმელების საპირეები და ლავგარდანი. აქ გამოყენებულია კარგად დამუშავებული მაგარი ჯიშის თეთრი ქვა. ძეგლი სადადაა მორთული. აქცენტირებულია მხოლოდ აუცილებელი ადგილები, სახელდობრ კარ-სარკმელები. თავიდანვე მორთული ყოფილა აღმოსავლეთის სამივე სარკმელი და სამხრეთ ფასადის სარკმელები. ამ უკანასკნელი სარკმელის მორთულობა არ დარჩენილა, მაგრამ დღესაც ორივეგან კარგად ემჩნევა მომჩარჩოებელი ქვების ადგილი; უნდა დავუშვათ, რომ ეს სარკმელებიც მორთული იქნებოდა აღმოსავლეთის სარკმლების ანალოგიურად (სურ.1დ). რაც შეეხება ლავგარდანს, იგი, რამდენადაც დღეს ამის გარკვევა შეიძლება, არ უნდა ყოფილიყო მოჩუქურთმებული. ძეგლი უთარიღოა, მას არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ საბუთებში იხსენიება. მის დასათარიღებლად ძირითადად მორთულობას უნდა მივმართოთ. ძეგლის მთელი მორთულობა მოთავსებულია კედლის ზედაპირის სიღრმეში, არავითარი რელიეფი არ არღვევს სიბრტყეს, ეს ფაქტი კი თავისთავად მიგვითითებს ქართული არქიტექტურის განვითარების მოწიფული შუა საუკუნეების განსაზღვრულ ეტაპზე.

ცნობილია, რომ ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთ ფაზას ახასიათებდა მორთულობის მოთავსება არა რელიეფურად ფასადის სიბრტყეზე, არამედ პირიქით, მის სიღრმეში. ამ ხერხის გამოყენება შემჩნეულია ჯერ კიდევ XIII ს. დასაწყისში, თუმცა მას ამ დროს მხოლოდ გამონაკლისის სახით ვხვდებით. იგი "უფლებამოსილი" ხდება XIII საუკუნის ბოლოს, ხოლო მომდევნო XIV ს. პირველი მესამედიდან ეს ხერხი სჭარბობს სხვა ხერხებს (მაგ.დაბის 1333 წ. ძეგლი და სხვა [1]). ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ქ.ცხაკაიას წმ.გიორგის ეკლესიის მორთულობაც სწორედ ასეა გადაწყვეტილი. რადგანაც ამ ძეგლზე მხოლოდ და მხოლოდ დამუშავების ეს მეთოდია გამოყენებული, ამიტომ ჩვენ უფლება გვეძლევა ისიც ზემოაღნიშნულ ეტაპს მივაკუთვნოთ, ე.ი. ეკლესია აგებულია არ უადრეს XIII საუკუნის უკანასკნელი წლებისა და არა უგვიანეს მომდევნო საუკუნის პირველი მესამედისა. ამავე თარიღზე მიგვითითებს ორნამენტაციის როგორც რეპერტუარი, ისე დამუშავების ტექნიკაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძეგლზე ოთხ ადგილასაა შერჩენილი ჩუქურთმა: ერთი სამხრეთ კარზე და დანარჩენი აღმოსავლეთ ფასადის სამ სარკმელზე. სამხრეთის კარის წირთხლებზე ჩუქურთმის ამოსაჭრელად სპეციალურადაა დაყოლებული მაგარი ჯიშის ქვა. კარს გვერდებზე მიჰყვება და ტიმპანს ნახევარწრედ უვლის ერთი მოტივის ჩუქურთმა. ჩუქურთმის ნახევარწრიულ ლენტს ამთავრებს ბრტყელზედაპირიანი თავსართი (ეს ელემენტი დამახასიათებელია ადრეული საუკუნეებისათვის, მაგრამ გამონაკლისის სახით გვიანაც იხმარებოდა, მაგ.საფარა და სხვ.). აღმოსავლეთ ფასადის სამი სარკმელი (ერთი ცენტრში ზემოთ და ორი ქვემო ჰორიზონტზე) ერთი ტიპისაა5. თითოეული სარკმლის ხვრელობს ირგვლივ უვლის ორ წვრილ ლილვში ჩამჯდარი ჩუქურთმიანი არშია (სურ.1დ და 5).

ასეთი ტიპის სარკმლებიც6 ზემომითითებული ეპოქის დამახასიათებელია [2]. ძეგლის ოთხ მოჩუქურთმებულ ადგილზე მხოლოდ ორი მოტივია გამოყენებული. პირველი მოტივი დამოუკიდებლად ორჯერაა გამოყენებული: სამხრ.კარის საპირე არშიად (სურ.3 და 4) და აღმოსავლეთ ფასადის ქვედა მარცხენა სარკმლის საპირედ. მეორე მოტივს ვხედავთ ამავე ფასადის ქვედა მაჯვენა სარკმლის საპირედ (სურ.5), ხოლო მესამე ზედა სარკმლის საპირე ორივე მოტივს შეიცავს: ზემო ნაწილი სარკმლისა პირველ მოტივს უჭირავს, ქვემო ჰორიზონტი კი მეორე მოტივს. აღნიშნული პირველი მოტივი წარმოადგენს ორ ერთმანეთში ჩამჯდარ ორღაროვანი ლენტისაგან შექმნილი წრეების უწყვეტ ჯაჭვს. ეს მოტივი შექმნილია ჯერ კიდე XI ს. დასაწყისში, მაგრამ პირველ ორ საუკუნეში იგი არ ყოფილა მასობრივად გამოყენებული, ხოლო შემდეგ იგი თითქმის XIII–XIV ს. ყველა ძეგლზე მოიპოვება [3]. იგივე არ ითქმის მეორე მოტივზე. მას ჩვენ ვხვდებით გვიანი დროის ზოგიერთ ძეგლზე (მისი ზოგადი სახე ადრეულ ძეგლებზედაც გვხვდება). ეს მოტივი შექმნილია სამი ფართო ოთხღაროვანი ლენტის ერთმანეთში შეწვნით, ლენტები ერთმანეთთან მიჯრითაა დაწნული და ამიტომ არშიაზე არსად თავისუფალი ადგილი არ რჩება. პირველი მოტივი უკეთესი ოსტატობითაა შესრულებული, ვიდრე მეორე: ორი ოსტატის ხელი ჩანს. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ძეგლის მთელ ჩუქურთმას უდავოდ XIII-XIV ს. მიჯნისათვის დამახასიათებელი სიმშრალე ემჩნევა. ეს უფრო ითქმის მეორე ოსტატზე, მის მიერ შექმნილი სურათი სქემატურია და არაზუსტი, რელიეფიც დაბალია7. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე თითო კარ-სარკმელია (სურ.6). კარის შემომსაზღვრელი ქვები რაღაც მიზეზით ჩამოცვენილა და უკანასკნელ ხანებში ისევ ამოუყვანიათ თლილი ქვებით, კარის თავზე კი ჯვრის გამოსახულებიანი ნახევარწრიული ქვა მოუთავსებიათ. შედარებით უფრო ადრე განუცდია გადაკეთება ამ ფასადის მეორე კარს, რომელიც მოთავსებული ყოფილა ქვედა კარის ზემოთ იმავე ღერძზე. ამ კარის დანიშნულების ზედმიწევნით დადგენა შეუძლებელია და მას ანალოგიაც არ მოეპოვება.

მისი ფუნქციის ახსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ ეკლესიის დასავლეთის კედელზე მიდგმულ რაღაც ორსართულიანი შენობის არსებობას (კოშკი?). მართლაც, თუ დავაკვირდებით დასავლეთის კედელში ერთმანეთის ზემოთ მოთავსებული ორი კარის განლაგებას, შეიძლება დავუშვათ, რომ ეკლესიის აგების დროს ამ ადგილას რაღაც ორსართულიანი ნაგებობა მდგარა. შემდეგ ამ ნაგებობაზე მიუშენებიათ ეკლესია და არა პირიქით. ამას ადასტურებს ამ ორივე კარის შიდა შემოსვა: როგორც მასალით, ისევე წყობის ხასიათითაც იგი ზუსტად ისეთივეა, როგორც ეკლესიის სამხრეთის კარი და სარკმელები, ე.ი. ორივე კარი თანადროულია ეკლესიისა. ამ კარებს გარედან მორთულობა არ გააჩნია. დასავლეთის კარები კედლის ვერტიკალური ღერძის სამხრეთითაა, მათ რომ სპეციალური წინასწარ განსაზღვრული დანიშნულება არ ჰქონოდათ, მაშინ მოსალოდნელი იყო მათი მოთავება ფასადის ღერძზე. ფასადზედაც სწორედ ამ კარების ირგვლივ, ე.ი. ფასადის მარჯვენა ნაწილში, ეტყობა წყობის არევა და რაღაც ნაგებობასთან შეერთების კვალი. შემდეგ, როდესაც ის ნაგებობა დანგრეულა თუ დაუნგრევიათ, ზედა კარი დაუვიწროვებიათ და ფანჯრად გადაუკეთებიათ. ეკლესიის სამხრეთ ფასადის მთელ სიგრძეზე რაღაც მინაშენი ყოფილა (სურ.1ა), დარჩენილია მხოლოდ მისი დასავლეთის კედლის კვალი და სამხრეთ კედლის მარჯვენა მხარის უმნიშვნელო ნაწილი. სწორედ აქ კედლის შიდა ნაწილს ეტყობა მომრგვალება, რაც გვაფიქრებინებს ამ მინაშენში აღმოსავლეთით აფსიდის არსებობას. ამ სადგომის ქვემო ნაწილი კი (დანამდვილებით მისი დასავლეთი ნახევარი) საძვალეს სჭერია (ახლა ერთგან იატაკია ჩანგრეული და მისი ნაწილი ჩანს). როგორც ცნობილია, ცხაკაიასა და მისი მომიჯნავე რაიონების ტერიტორიაზე მცირე რაოდენობითაა დარჩენილი როგორც სხვა სახის ძეგლები, ისე საკულტო ნაგებობებიც, ამიტომ ქ.ცხაკაიას ამ მცირე ეკლესიას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ამ კუთხის არქიტექტურის ევოლუციის საკითხის დადგენისათვის, ხოლო ძეგლის ზოგიერთ მხარეს თუ წარმოვიდგენთ, იგი საქართველოს მასშტაბითაც არაა მოკლებული სათანადო მნიშვნელობას.

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი

თბილისი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ამ ძეგლის შესწავლა მოხდა 1944 წელს. აზომვა და ნახაზები ჩემ მიერაა შესრულებული

2. ამ ბუნებრივ გამყოფ ხაზზე განლაგებული სხვადასხვა დროის ციხე-სიმაგრეებია: ნაქალაქევი, შხეფი, ცხაკაია, ხეთა, ბიჭვინთა, რუხი, ოცარცე, სათანჯო და სხვა (ქ.ცხაკაიას ციხის ნამდვილი სახელი ადგილობრივ არ შემორჩენილა, ლიტერატურულ წყაროებში კი ჯერ-ჯერობით ვერ მივაკვლიეთ).

3. შხეფის ციხე აქედან აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული და კარგად ხანს, ხოლო ჩვენს მიერ "ცხაკაიას ციხედ" წოდებული ჩრდილოეთითაა მთაზე, ერთი კოლიმეტრის დაცილებით.

4. ეს ნარკვევი წაკითხულ იქნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე 1948 წლის 6 თებერვალს.

5. აღმოსავლეთ ფასადის სამი სარკმლით მორთვა არ არის დამახასიათებელი ერთნავიანი ეკლესიებისათვის, ისიც ისეთი მცირე ზომის ეკლესიისათვის, როგორიც ქ.ცხაკაიას წმ.გიორგია. ასეთი გადაწყვეტა შვერილაფსიდიან ძეგლებზე გვხვდება. თუმცა იგი გამოყენებულია სწორზედაპირიან უგუმბათო და გუმბათოვალ ძეგლებზედაც.  მაგრამ იქ ეს სამი სარკმელი ასე მკვეთრად არ ჩანს, რადგანაც ფასადის ცენტრალურ ღერძზე ერთი სარკმელია დომინირებული, ორი გვერდითა სარკმელი კი მოთავსებულია ნიშების სიღრმეში. მათი აღქმა სამივეს ერთ კომპოზიციაში შეუძლებელია. რაც შეეხება განსახილველი მცირე ზომის ძეგლის აღმ. ფასადზე სამი სარკმლის მოთავსებას, შესაძლოა იგი დამახასიათებლად ჩაითვალოს დას.საქართველოს იმ მხარის ძეგლებისათვის.

6. ქვედა სარკმლის შიდა ლილვი და ნაწილობრივ ჩუქურთმა ამოუჭრიათ შემდეგ ხის ჩარჩოს ჩასასმელად. ნახაზზე ჩვენ იგი აღდგენილი სახით გვაქვს წარმოდგენილი).

7. აღნიშვნის ღირსია იქვე, სამხრეთით, გალავნის გარეთ მდებარე მოჩუქურთმებული ორი ქვა. როგორც ეტყობა, ისინი კარის ან სარკმლის მოჩარჩოების ფრაგმენტებია, ამ ქვების დამუშავების ყოველი დეტალი ისევ XIII ს. მეორე ნახევარზე და XIV ს. დასაწყისზე მიგვითებს. ეკლესიის სამხრეთის სარკმლების ან დასავლეთის მინაშენს ეკუთვნოდა.)