topmenu

 

ზ.კიკნაძე - ჯვარი და საყმო (ნაწილი 8)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ზურაბ კიკნაძე


ქართული მითოლოგია

I

ჯვარი და საყმო

ქუთაისი

1996



<<<გაგრძელება (ნაწილი IX)...

დევი. მხატვარი - ელდარ ქავშბაია

დევების მობრუნება

ზურაბის შემოსევები მთის საყმოებში ორმნიშვნელოვანია: ერთის მხრივ, ისინი საფრთხეს უქმნიდა საყმოთა დამოუკიდებლობას და მათ ფიზიკურ არსებობასაც კი; მეორე მხრივ, და ეს გადამწყვეტია ამგვარი მოვლენების შეფასებისას, ისინი ხელს უწყობდა საყმოს შინაგანი სტრუქტურის განმტკიცებას და ცალკეულ საყმოთა კონსოლიდაციას. ამ «სისხლის წვიმების» ხანას უფრო ნაკლები მნიშვნელობა არ ჰქონია საყმოთა ისტორიაში, ვიდრე ღვთისშვილთა ბრძოლების უპოქას. თუ მაშინ ღვთისშვილებს აწვათ მთელი ტვირთი დევური ძალების მოგერიებისა, ახლა მათი ყმები ისტორიულ ხანაში იგერიებენ დევურ შემოტევებს, სწორედ დევურს, რაკი საყმოს აღქმაში ზურაბის სახით დევები ემუქრებიან ჯვარის საყმოს. პრეისტორიაში ჯვარი ებრძოდა დევს, ისტორიულ ეპოქაში მისი ხორციელი ყმები იმეორებენ ბატონის საქმეს, იცავენ რა ღვთისშვილთა მონაპოვარს - საყმოს. ზურაბთან ბრძოლების პარალელურად მიმდინარეობს საყმოს კონსოლიდაციის პროცესი, ანალოგიური იმ აქტისა, რომელიც დევების დამარცხების შემდეგ საყმოთა დაარსებაში გამოიხატა. ზურაბ ერისთავი არაგვისა იმავე ბატონის ყმაა, ვისაც ხევსურები და ფშავლები არიან შევედრებულნი, ვის საყმოსაც ისინი შეადგენენ. ეს არის ბაგრატიონი მეფე, რომელიც თავის თავს თვლის გუდანის საღვთოსა და ლაშარის ჯვარის მოძმედ ტრადიციულად, რაც საისტორიო წერილობით დოკუმენტებშიც არის ასახული. ასე რომ, ზურაბ ერისთავი და საყმო საერთო ბატონის მიმართ იერარქიის თანაბარ საფეხურზე დგანან. და აი, საყმოთა ანდრეზულ ისტორიაში ზურაბ ერისთავი ჩაწერილია, როგორც თავისი ბატონის წინააღმდეგ აღმდგარი ყმა, გაბუდაყებული ყმა, რომელიც ცდილობს თავი გაუთანაბროს ბატონს. გაბუდაყებული ყმის ჯანყი გამოიხატება იმაში, რომ ის ცდილობს თავის გავლენაში შემოიყვანოს სამეფო დომენი, «სახასონი მეფისანი». «ზურაბ ერისთავი უძლიერესი ფეოდალი იყო თეიმურაზის სამეფოში. ძლიერი საფეოდალო ზურაბმა მემკვიდრეობით მიიღო. ჯერ კიდევ მისი მამა ნუგზარ ერისთავი ძლივს ცნობდა პატრონად ქართლ-კახეთის მეფეებს. ზურაბ ერისთავი კიდევ უფრო გაძლიერდა. 1618 წელს ერისთავის წინააღმდეგ მთიულეთი და ხევი აჯანყდნენ (ძველთაგანვე მეფე ამ ქვეყნებს თავის საკუთრებად სთვლიდა და ერისთავი აქ მეფის დიდმოხელე იყო. თავისუფლების მოყვარე მთიელები აქამდისაც არაერთხელ აჯანყებულიყვნენ, არაერთი ერისთავი გაესტუმრებინათ «საიქიოს» და ბატონობის უღელი თავიანთ ფიცხელი ქედიდან არაერთხელ გადაეგდოთ, მაგრამ არც მეფის ფეოდალური ხელისუფლება ცდილობდა ნაკლების დაჟინებით ამ მნიშვნელოვანი ქვეყნების დამორჩილებას. გვიანფეოდალურ ხანაში მეფის ხელისუფლების დასუსტებასთან დაკავშირებით არაგვის ერისთავებმა მთიულეთისა და ხევის დასაკუთრება განიზრახეს). აჯანყებულ მთის წინააღმდეგ ზურაბ ერისთავმა დიდ თავადს ბარათა ბარათაშვილს სთხოვა დახმარება. ფეოდალის ლაშქარმა გატეხა მთის წინააღმდეგობა. ზურაბმა დაიმორჩილა, მძიმედ დახარკა და საბოლოოდ გაისაკუთრა მთიულეთი და ხევი. 1620 წელს ზურაბ ერისთავმა ფშავ-ხევსურეთის დამორჩილება განიზრახა. მრისხანე ფეოდალი სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. ზურაბ ერისთავი თავისი აზნაურებით შეიჭრა ფშავ-ხევსურეთში, დაბუგა სოფლები, დაანგრია სალოცავები, მაგრამ არ იქნა და ფშავ-ხევსურეთი ვერ დაიმონა. სასტიკი ბრძოლა რამოდენიმე წელს გრძელდებოდა. მრავალი ლომგული ვაჟკაცი შეაწყდა ზურაბის ხროვა-აზნაურებს, მაგრამ თავისუფლების გმირებმა მტერს არანაკლებ «აწითლებინეს ქვიშანი». მედიდური ერისთავი ადვილად არ დაეხსნებოდა შეუპოვარ მთიელებს, რომ თვით არ გადაჰყოლოდა დაუსრულებელ შფოთს» (15, 248). აი, სულ ეს არის, რაც შეიძლება არსებითად ითქვას ზურაბ ერისთავზე, როგორც ისტორიულ პიროვნებაზე. საქართველოს ისტორიის მასშტაბით მისი მოვლენა ეპიზოდურია, მაგრამ მთის, განსაკუთრებით, ფშავ-ხევსურეთის საყმოებისათვის მას საბედისწერო მნიშვნელობა ჰქონდა. ზურაბის ბრძოლები, როგორც ადრევე ითქვა, შეადგენს ამ საყმოების ისტორიის ბირთვს, მის შუაგულ ნაწილს, რომლის შემდეგაც ბევრი რამ განისაზღვრა მათ მომავალ ცხოვრებაში. მეფის საყმოში გაბუდაყებული ერისთავი მეფეს უტოლებს თავს - ის ცდილობს მისი უნჯი ყმების დამორჩილებას და მათ ბატონად თავის გამოცხადებას. უნჯი საყმოების შეგნებაში კი ეს ნიშნავს იმას, რომ ერისთავი უპირისპირდება არა მხოლოდ ხორციელ ბატონს - მეფეს, არამედ უხორცო ბატონსაც, ანგელოზს, ჯვარს. ერთი ოსური ანდაზა ამბობს: «მთაში ბევრი ჯვრებია, ბარად - ბევრი ბატონებიო» (136, 300); მთიელი თაყვანს სცემს და ემორჩილება ჯვარს, და არ სცნობს ბარიდან ამოსულ ბატონს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მას რჯულისათვის ბრძოლად მიაჩნია. ზურაბის «ერისთაობა» ამ ბძოლების კონტექსტში იძენს უფრო ღრმა მნიშვნელობას, ვიდრე მას სოციალურ პლანში აქვს მინიჭებული; საყმოს შეგნებული აქვს, რომ «ერისთაობა» პროფანული ძალაუფლებაა, რომელიც ლამობს საკრალურ საყმოში დამკვიდრებას ანუ ჯვარის კანონიერი მორიგე ღვთის განგებით დადგენილი ძალაუფლების დასაკუთრებას.

ჴევსურეთია, ზურაბო, ვერ იქამ ერისთობასა.

გაგიწვრილდების კისერი, ვერ შესძლებ ქვეითობასა (81, №114),

- მიმართავს ზურაბს საყმო. ზურაბი ვერ შესძლებს «ერისთობას», რადგან საყმოში ერისთაობას ახორციელებს განუზომლად ძლიერი ბატონი, - ის ერთადერთი, ვინც ამ ტიტულს იმსახურებს წარმომავლობით, - ვიდრე ბარიდან ამოსული უზურპატორი. დაპირისპირება შეუწონადია, მაგრამ ერისთავი არ არის წარმოდგენილი უსუსურ მტრად. არა, ზურაბი იმდენად ძლიერია, რომ საყმო მზად არის თითქმის «ჯვარად» დაისახოს ის, თუმცა ჭეშმარიტი ჯვარის ტერიტორიაზე შემოჭრილს მაინც «გაუწვრილდება კისერი». გამოთქმა გულისხმობს, რომ ერისთავი მსხვილკისერაა ანუ ძლიერი ქედის მქონეა, როგორც ჰიმნებში არიან დახასიათებულნი შუამდინარეთის მბრძანებლები («მსხვილი ქედი» ძლიერების მეტაფორაა შუმერულ-აქადურ ენებში); ზურაბს, როგორც ჯვარსა და მეფეს, ჰყავს თავისი საყმო: «როგორც ერეკლეს ჴევსურნ, ეგრ ზურაბს: ოსი და მოჴევე ზურაბის ყმა ყოფილა» (88, 316). ეს სიტყვები საგრძნობი მოწიწებით არის ნათქვამი ზურაბზე: ვისაც საკუთარი ყმა ჰყავს, ვისაც ეყმობიან (ნებით თუ დაძალებით), ის პიროვნება ვერცხლის ღილის თვალში არ არის უბრალო მოკვდავი. ლექსებში სალაშქროდ მიმავალ ზურაბთან ერთად მისი ყმებიც არიან ნახსენები:

ზურაბ ჩამოჯდა როშკის გორს, თანახყონ თავის ყმანია (81, №140-ბ).

დამარცხებულს (ჯვარიც ხომ მარცხდება) თან მიჰყვება თავისი საყმო:

ადგა, წავიდა ზურაბი, მორთული თავის ყმითაო (81, №143).

ზურაბის გამოჩენა საყმოს ტერიტორიაზე მართლაც ჯვარის, ოღონდ მტრული ჯვარის, გამოჩენაა, რაც შეიძლება საყმოს თვალში აღქმული იქნას დევური ძალების შემობრუნებად პრეისტორიიდან - დევთა ჩენად:

როშკის გორ ზურაბ ჩამოჯდა, შუქ ჩამუტივნა მზისანი.

როშკას აწიწდეს ციხენი, ბლოს ბანნი ქვითკირისანი:

«გვეშინოს, დაგვეცემიან ნაზლობნი საძელისანი» (81, №125).

მტრული ჯვარი დევური ნიშნებით, როგორც არემარის დამანგრეველი ძალა, ეცხადება როშკას და მეზობელ საყმოებს, სადაც, ანდრეზის თანახმად, სახლობდნენ ისინი, ვიდრე მათ იახსარი, კოპალა, წმიდა გიორგი თუ მთავარანგელოზი არ აჰყრიდა. ზურაბი ცდილობა ჯვარის ნებით დასახლებული საყმოების აყრას და მათი ადგილების დაკავებას; ის იქცეოდა როგორც ჯვარი, მაგრამ ის ანტიჯვარი იყო: ის ვერ აჩენდა თავის ფეხის დანადგამზე კვრივს, მისგან გაბუხრეულებული ადგილი საკრალურობას ვერ იძენდა, ისევე როგორც მისი ეფემერული ყმები ვერ გარდაიქმნებოდნენ უნჯ ყმებად მის ხელში, იმ ბატონის ხელში, რომელსაც მხოლოდ საბატონოდ ჰყავდა ისინი დაჭერილი, არა საპატრონებლად. აი, სად იყო განსხვავება ჭეშმარიტ ჯვარსა, რომელშიც ბაგრატიონი მეფეც იგულისხმება, და ზურაბს _ ანტიჯვარს შორის. ანტიჯვარმა აჰყარა უკანახოვლები - ბექაურთა და წიკლაურთა წინაპრები, რომლებმაც თავი შეაფარეს გუდამაყრის ხეობას; ასევე აოხრებულ ბუჩუკურთიდან გადარჩენილნი ზურაბის ვერაგულ ხმალს, გაიფანტნენ ხევსა და მთიულეთში; მაგრამ ვერც ერთ ბუხრეულ ადგილზე ზურაბმა ვერ მოიკიდა ფეხი, ვერ ჩაასახლა თავისი დამონებული ყმები, ანუ ვერ მისცა ტერიტორია თავის ანტიჯვარულ საყმოს. ამ წრის საგმირო პოეზიაში ის ხანაა ასახული, როდესაც საყმო «დალევის» ზღვარამდეა მისული; ზურაბის პერიოდული («ზურაბ რატისშვილს სამჯერ დაულაშქრავ ჴევსურეთი მეშვიდე-მეშვიდე წელს...» 88, 298) შემოტევებისაგან შეწუხებულნი იმგვარადვე მიმართავენ მას, როგორც შეიძლება მიემართა საყმოს თავისი მრისხანე ჯვარისთვის, რომლის «მაგარი ხელით» ის დალევამდე იქნებოდა მისული.საყმოს სიტყვები სამართლიანია:

დადეგ, დაგვეხსენ, ზურაბო, ნარჩომნ ორთ შენის ჴმლისანი.

მაგრამ ამ სიტყვებში - «ნარჩომნ ორთ...» - გაისმის ტრაგიზმიც და მუქარის ხმაც, მუქარის გარდა სიამაყეც საყმოს უკეთესი ნაწილისა. ნარჩომნი ჴმლისანი წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, სისხლით გადარჩეულ და შექმნილ ერთ მუჭა უნჯ საყმოს, ნარჩომს ანუ რჩეულს. ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს სამომავლოდ იმედიანი «ნარჩომნი ხმლისანი». ეს ეხმაურება იმ ესქატოლოგიურ ვითარებას, როცა ღვთის რჩეულებში სისხლის წვიმების დროს მრავალთა დაცემის შემდეგ რჩეულთა შორის რჩეულნი რჩებიან. ეზეკიელის წიგნში უფალი მიმართავს თავის ერს: «და დაეცემიან დახოცილნი თქვენს შორის და გაიგებთ, რომ მე უფალი ვარ, მაგრამ დაგიტოვებთ მახვილს გაარჩენილთ...» (6, 7-8). «მახვილს გადარჩენილნი» (ფელიტეჲ ხერებ) არის შეუმუსვრელი ნაწილი საყმოსი, რომელსაც ვერა ძალა ვერ სძლებს ამ წუთისოფელში, რომელიც გასტანს წუთისოფლის დასასრულამდე. აი, მისი უნჯობის ძირითადი შინაარსი. მაგრამ ეს ნარჩომნი ჴმლისანიც მზად არიან დაიხოცონ, ოღონდ დარჩნენ უნჯ საყმოდ თავიანთი ჯვარისა სამარადისოდ. ლ.მ.გუმილიოვს გამოთქმული აქვს აზრი: «ყველა ეთნოსი როდია თანახმა შეინარჩუნოს სიცოცხლე მტრისადმი მორჩილების ფასად» (119, 87). ასეთ ეთნოსად ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ჯვარის საყმო. ასეთი იყო ნარჩომთა სულისკვეთება ზურაბ ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ჯვარი, რომელიც საყმოს გენეზისში ანადგურებდა მოსახლეობას, აღარ ერჩის თავის გამორჩეულ ნარჩომს ღვთიური კანონის ძალით, საიდანაც დასაბამს იღებს ადამიანური კანონიც: როგორც ერთი თოფით ასი ჯიხვის მოკვლის ანუ აზარის შესრულების შემდეგ თოფი იმარხება, რომ ცოდვა არ დაედოს მის პატრონს, ასევე იკრძალება ერთი შეტაკებისას თორმეტზე მეტი მტრის მოკვლა; მეცამეტე მოკლული ცოდვად დააწვება მეომარს, თუნდაც ეს იყოს ქალუნდაური - ბეგენგორის გმირი (17, 160). მაგრამ ზურაბი, როგორც ანტიჯვარი, არ ეხსნება მისგან დალეულ საყმოს; ის მისდევს არა ღვთისშვილურ და კაცურ, არამედ დევურ კანონს, რომლის თანახმად კაცმა კაცს ძმის ხორცი უნდა აჭამოს მის დასაძლევად, ან ნიშნად ძლევისა. ეს არის უკიდურესი ღონისძიება, რასაც მიმართავს ანტიჯვარი. კაცის ხორცის ჭამა კაცისათვის დევური სტუმარ-მასპინძლობის წესჩვეულებაა, რომელიც სრულდება მათ ქორწილში:

დევებსა ჰქონდათ ქორწილი, სიმღერა ამოდიოდა.

შეგვიპატიჟეს, შევედით, ამირანს პური ჰშიოდა,

დედობილების ნაცხობი ქადა კეცებში შხიოდა,

შამაჰჭრეს, შამააყენეს, კაცის თავ-ფეხი დიოდა... (93, 318)

უფრო ძლიერად ეს ჯოჯოხეთური ვითარება გადმოცემული აქვს ვაჟას ერთ ლექსში - «დევების ქორწილი», რომელსაც საფუძვლად მთიულური წარმოდგენები დასდებია, როგორც ლექსის ქვესათაურიდან («მთიულური») ჩანს; დევების სტუმარი მოგვითხრობს თავის ჯოჯოხეთურ განსაცდელს:

...დევებსა აქვის ქორწილი, დიდი დარბაზი ზრიალებს.

მეც დამპატიჟეს, შევედი, - რა მქისე სუნი ტრიალებს?!

სამ პირად ცეცხლი დაენთოთ, ზედ სამი ქვაბი შხიოდა,

სტუმრების წინა ხონჩებზედ კაცის თავ-ფეხი დიოდა,

უკვენას ყურეშიითა კვნესის ხმა გამოდიოდა:

«ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?» - ყმა ვინმე გამოჰკიოდა...

თ.ჩხენკელის განმარტებით, მსგავსი განსაცდელებიდან ის აზრია გამოსატანი, რომ დევები ადამიანს უგვანო და საშინელი საქმის აღსრულებას აიძულებენ, რათა დათრგუნონ მათში კაცური და მით დევურს აზიარონ (94, 116). ზურაბში დევი მოქმედებს, როცა ის ძმის ხორცის ჭმევით ხევსურ ბუჩუკურთა მოტეხას ცდილობს (72, 511); ამასვე ჩაადენინებს ერთ ფშაველ მოყმეს - ლაშარის მუხის მოჭრის საიდუმლოს გაცხადებაზე უარის მთქმელს, რითაც ეს მოყმე თავის კაცურ ღირსებაზე მაღლა ჯვარის საიდუმლოებას აყენებს. ზურაბს მისი ხმლის ნარჩომნი ებრძვიან. ნარჩომნი იმასაც ნიშნავს, რომ საყმო საბოლოო ძალის ხმევით ებმის უკანასკნულ ბრძოლაში. ეს საბედისწერო მომენტი - ნარჩომთა ტრაგიკული სულისკვეთება გამოხატულია საყმოსავე სიტყვებით, რომლითაც ის მიმართავს მომხდურს:

ამაგით გითხარ, ზურაბო, «ჴევსური კაცი უტია»,

აგერ ბეგენ-გორს გახენე, ფუტკარ ღგავ, გამაუტია (81, №126).

საგულისხმოა, რომ საყმო ამ მუქარის სიტყვებში იმავე სახით _ «უტი» _ წარმოუდგენს თავს მოსისხლე მტერს, როგორც მას სურს აჩვენოს თავი თავის ჯვარს, როცა ხუცესის პირით მიმართავს მას ჯვარის კარზე: «... ჩვენ ჴორციელნი ორთ, უტნი, უმეცარნი, ჩვენს უცოდრობას ნუ შააფერებ, მაგივეც რჩევა-დარიგებანი...» (64, 743); საყმო «უტად» და «უმეცრად» წარმოსახავს თავს, რაც იმას გულისხმობს, რომ საყმო თავზე ხელაღებულია, შეიძლება ითქვას, და სავსებით იხსნის პასუხისმგებლობას: ჯვარს ის შესთხოვს აპატიოს მას უტობა-უმეცრებით ჩადენილი ცოდვა; მტერს ემუქრება, რომ შეუტევს, როგორც უტი, როგორც თავზეხელაღებული. საყმოს სიტყვებში «გახენე, ფუტკარს ღგავ», რომლითაც ის ასურათებს თავის შეტევას, «ფუტკარი» სიმრავლეს არ გულისხმობს, - ხევსურთა ლაშქარი მცირერიცხოვანია ზურაბის, შეიძლება ითქვას, ურდოს (როგორც ის ჩანს საყმოს თვალში) წინაშე, - ფუტკარი ნიშნავს მათ თავგანწირულობას, რომ ისინი მზად არიან უგმირონ ნესტარი და შეაკვდენ მტერს ფუტკარი ნიშნავს აგრეთვე საყმოს წევრთა მჭიდრო კავშირს და მიმართებას საერთო შუაგულისადმი, მაგრამ გარკვეულ ზღვარამდე: საკმარისია ფუტკარი გადასცდეს ამ შუაგულის გავლენის ზონას, ის იღუპება. ასევე საყმო - გამოვა თუ არა თავისი ჯვარის მფარველობის ზონიდან, ის ექცევა ზურაბის მომნუსხავი გავლენის ქვეშ და მაშინ ძლევს მას ზურაბის დავლათი. საყმო ძლიერია იქ, სადაც ვრცელდება მისი ჯვარის კვრივების ძალა, ბერძენთა ანტეოსივით, რომელიც მშობელ დედამიწასთან შეხებით იკრებს ძალას. ჯვარი თავის ტერიტორიაზე, თავის დედამიწაზეა ძლიერი და ის უძლურდება, როცა შორდება მას. ჯვარის მფარველობა კლებულობს, ძლიერდება მტრის დავლათი. ასე მოხდა თრუსოში, ჯვარის კვრივებიდან შორს, როცა სანადიმოდ მიპატიჟებულ ხევსურებს, როგორც სტუმრებს, ღალატით იარაღი აახსნევინა და ამოხოცა. ხევსურებმა იარაღი შეიხსნეს, თითქოს ჯვარის კარზე ყოფილიყვნენ საღვთო სუფრაზე, როგორც იქცევიან ჯვარის სტუმრები; მათ ყური არ ათხოვეს მრჩეველს, რომელიც წინათგრძნობდა ზურაბის ღალატს:

გახუა კეთეშაური ჴევსურთ კარგს ეუბნებაო:

«ჴმლებს ნუ დაიჴსნით, ჴევსურნო, ზურაბ არ დაინდობაო».

არ დაიჯერეს, შაიჴსნეს, ეტლი ზურაბის რევდაო (82, №141-ლ).

«ეტლი ზურაბის რევდაო» - იგულისხმება, რომ ზურაბის ეტლი ანუ დავლათი, სძლევდა საყმოს ეტლს ანუ დავლათს, რაც იგივე ჯვარის ეტლი და დავლათია. თრუსომდე ვეღარ სწვდება ხევსურთა ჯვარის გავლენა. აქ სხვა ძალა მოქმედებს, აქ ანტიჯვარია მბრძანებელი. აი, ეს თრუსოს ნარჩომნი უწევენ წინააღმდეგობას ზურაბს, იბრძვიან სანამ დგანან მათი სალოცავები: ხევსურეთში ხმალას მთავარანგელოზი და ფშავისხევში - ლაშარი. ზურაბმა იცის, რომ ის ვერ დაიმორჩილებს საყმოებს, სანამ ამ სალოცავებს არ შებღალავს:

ზურაბს ჯავრი კლავს ორისა: ზენ მთისა, ქვემოთ ბარისა,

ჴევსურეთს ჭორმეშავისა, ფშავში ლაშარის ჯვარისა... (81, №113-ბ).

ან, როგორც ამბობს ის სხვა ლექსში:

აგებ ჯავრს ამოვიყრიდი ფშავში ლაშარის ჯვრისასა (81, №136).

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ჯვარი, მფარველი ღვთისშვილი საყმოსათვის; ახლა წარმოვიდგინოთ, რა არის, კერძოდ, ლაშარის ჯვარი ფშავის თორმეტი საყმოსათვის. თუ ცალკეულ საყმოებში ჯვარის თაყვანისცემით, როცა დგება მის კარზე მისვლის და მის წინაშე სამსახურით წარდგომის ჟამი, როცა სრულქმნილია ჟამ-კარი, მოყმენი ადასტურებენ თავიანთ ერთიანობას და ცოცხლად, თვალნათლივ განიცდიან, რომ შეადგენენ და ეკუთვნიან ერთ საყმოს, ასევე ხმელ გორზე «შახდომილი» ფშავის თორმეტი საყმო, საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი მოსულნი, თავისი უზენაესი პატრონის წინაშე ადასტურებს თავის ერთიანობას, რომ თორმეტივე საყმო ლაშარის წმიდა გიორგის დიდ საყმოში არის გაერთიანებული. სათემო ჯვარის მფარველობა ვრცელდება მხოლოდ მისდამი მორიგე ღვთის მიერ განგებით რწმუნებულ საყმოზე, მაგრამ ლაშარის ჯვარი, როგორც იერარქიულად მასზე მაღლა მდგომი, თავის მფარველობას და ძალაუფლებას ავრცელებს ფშავის ხევის თორმეტივე საყმოზე და იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი დაასახლა მათმა ღვთისშვილმა. ლაშარის ჯვარი, იგივე წმიდა გიორგი, მთელი ფშავის ხევის პატრონია, რის გამოც ეწოდება მას «ხელმწიფე ლაშარის ჯვარი», როგორც ის მოიხსენიება ფშავის ხევისბერთა სიტყვებში. ამრიგად, ის ფშავისხევის საყმოების შუაგულია, როგორც იერუსალიმის ტაძარი, როგორც სიონი, ისრაელის თორმეტი ტომისათვის და მისი მიწისათვის; თუმცა ლაშარის ადგილი არ არის რაღაც განსაკუთრებული, რაიმე ნიშნით გამორჩეული მასზე დაქვემდებარებულ საყმოთა ჯვარების ადგილებისგან, - ის არც მაღალზე მდებარეობს, როგორც ცალკეულ საყმოთა მთაწმინდები და არც ფშავისხევის გეოგრაფიულ ცენტრში; ის ერთი ხრიოკი ადგილია, სრულიად შეუმჩნეველი გარეშე თვალისათვის, რაც თავად მის სახელწოდებაშია ასახული - «ხმელგორი» (ასეთივე ხრიოკია ანუ ხმელი გორი სინაის მთა, სადაც მოსეს ჰქონდა უფლის გამოცხადება და სადაც მიიღო რჯული. ეს სიხმელე მის ერთ-ერთ სახელში ჩანს: ხორებ). როგორც ერთი ავტორი წერს, «ლაშარის ჯვარს თავისი ხრიოკობა საყვედურად მიაჩნია. იგი ხშირად უბრძანებს თავის «ყმას», რომ მან არ დაივიწყოს ლაშარის ჯვარი და ერთს ან ორს წელში მაინც «შეხდეს იმის ხმელ გორზედ» (106). «თუ დაგივიწყე, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა!» - თუნდაც კედლის ნანგრევიღა იყოს დარჩენილი მისგან. ამ ამოძახილის სულისკვეთებით უნდა ყოფილიყო გამსჭვალული თითოეული ყმა თავისი დიასპორის მხარეში. ის ყმა შორიდანაც მოდის, ბრუნდება როგორც ფუტკარი თავის სკაში, რადგან ის არის მისი იერუსალიმი. ლაშარის ხმელგორზე, როგორც იერუსალიმში, იკრიბება თორმეტი საყმო; ეს ხდება ახალკვირას. ამ დროს თავს იყრის თორმეტი საყმოს თორმეტი დროშა, რომელთაც ლაშარის დროშა ეგებება, როგორც მასპინძელი. მაგრამ ვიდრე ხმელგორზე «შახდებოდნენ», ისინი გზადაგზა ხვდებიან ერთმანეთს ერთურთის სალოცავ ადგილებში. ხმელგორზე «ამომხდარნი» კვრივში დაბრძანდებიან, სადაც ადასტურებენ როგორც თავიანთ ერთიანობას, ისე ერთიანობას ლაშარის ჯვართან (65, 359). ლაშარი საერთო შესაკრებელია, დროშით აქ წარმოდგენილია ღვთისშვილი და მისი საყმო. ხოლო თითოეულ საყმოს ამ შესაკრებელში თავისი საჯარე აქვს. «საჯარეები ისე იყო მოყოლებული, მრგვლად, როგორც თემები არის მოყოლებული ფშავის-ჴევის გაღმა-გამოღმა მრგვლად» (65, 369). ხმელგორზე, როგორც აქედან ჩანს, მთელი ფშავისხევის ტოპოგრაფია იყო ასახული. აქ უხილავად, წელიწადის ყველა დროს არის წარმოდგენილი მთელი ფშავისხევი; ხმელგორზე მისი ტვიფარია აღბეჭდილი. ლაშარი არის არა მხოლოდ ის შუაგული, სადაც ერთიანობას განიცდიან ფშავის საყმოები, არამედ, ქვეყნიერების შუაგულიც, სადაც გარღვეულია ცა მორიგე ღმერთსა და საყმოს შორის კავშირის დასამყარებლად. ერთხელ კიდევ გავიხსენოთ ლექსი - ლეგენდურ მკადრეთა ხილვა, სადაც ეს ზებუნებრივი რეალობაა ასახული:

ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა,

ხმელ გორზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა,

ჩემ საყმოთ შემონაზენი ღმერთთან ამქონდა იქითა...

ამ საკულტო ლექსის ყოველი ელემენტი მოწმობს, რომ ხმელგორი იმ ადგილად არის წარმოდგენილი, სადაც გადის სამყაროს ღერძი. აქ გამავალი ღერძი იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილას შეიქმნა სამყარო და სამყაროსთან ერთად ფშავის შუაგულიც. ასე რომ, ქვენიერების შუაგული ფშავის შუაგულიც არის, სადაც ჩამარხულია ლაშარის ჯვარის კულტის საიდუმლო. ლაშარის ბერმუხასთან, როგორც მისი კულტის სიმბოლოსთან, არის დაკავშირებული ეს საიდუმლო, რომელსაც ინახავს საყმო თავისი სიმტკიცითა და დაურღვევლობის საწინდრად. თუ ლაშარის ჯვარი თავისი ბერმუხით ავლენს შუაგულის იდეას, ხმალას მთავარანგელოზს ხევსურეთში უდგას ალვისხე, რომლის წვერი აგრეთვე ცას არის გამობმული ოქროს შიბით ანგელოზების ანუ ღვთისშვილთა სამიმოსვლოდ. შუაგულის იდეა კიდევ უფრო ძლიერდება იმით, რომ, ანდრეზის თანახმად, ამ ალვისხიდან ჩამონადენი მირონი მის ძირში ჩამარხულ ქვევრებში გროვდებოდა, რათა შემდეგ მთელი ხევსურეთის სალოცავებს განაწილებოდა. მირონი კულტის საიდუმლოა და ამიტომაც მის მიწისქვეშა დარანს «საფარველი ზდებივ» (62, 572). ლაშარი, მისი ხმელგორი, ფშავის ხევის ცენტრია, როგორც საზოგადოებრივი, ისე საკრალური; ასეთივე ცენტრია ხევსურეთის თემებისათვის გუდელა, სადაც ეს «მირვნის ხე» იზრდება. მაგრამ ხევსურული ანდრეზებისათვის ეს შორი წარსულია, იმდროინდელი ხანა, როცა გუდანი, სამაგანძუროს ადგილი, ჯერ კიდევ არ იყო გამოჩენილი ხევსურთა ისტორიის ასპარეზზე. გუდელა, ხმალას ალვისხე, - წინარეწარსულია, რომელიც უშუალოდ ებმის ამ ადგილებში ქრისტიანული სარწმუნოების დანერგვას, რაც მირონის სიმბოლური ხით არის გამოხატული. აქ არის მირონის წყარო, როგორც სვეტიცხოველში და, როგორც სვეტიცხოველია ქრისტიანული საქართველოს შუაგული, ასევე გუდელა თავისი მირონმდინარი ალვისხით არის ხევსურეთის შუაგული. «აქით თუ ებმოდ წინავ სალაშქრო დროშაიც, მანამ გუდანის ჯვარი გაძრივლდებოდა--დ’ ის გადაიქცეოდ საერთო ხევსურეთის სალოცავად» (62, 570). ჟამი შეიცვალა და ახლა გუდანში დაიწყეს საერთო სახევსურეთო დროშის აბმა, ახლა გუდანის წმიდა გიორგის ჯვარი (უფრო ცნობილი სახელწოდებით: გუდანის საღვთო) უძღვებოდა ლაშქარს, რადგან ხმალას სალოცავმა შეწყვიტა არსებობა, რასაც ანდრეზი ზურაბის ლაშქრობებთან, უფრო სწორად, ერთ გადამწყვეტ ლაშქრობასთან და შინაურის ღალატთან აკავშირებს. ამ საკრალურ შუაგულებს - ხევსურეთში ხმალას და ფშავისხევში ხმელგორს - უტევს ზურაბ ერისთავი, კაცის სახით გამოცხადებული დევი თუ ქაჯი, თუ ანტიჯვარი, რათა მისი დანგრევით დაანგრიოს საყმო და აიღოს მისი მიწა-წყალი. ვაჟა წერს ამის თაობაზე: «ყველა, ვისაც კი ფშავის დამორჩილება ედვა გულში, როგორც სხვადასხვა ზეპირგადმოცემა გვეუბნება, ბრძოლას უსათაუოდ თავდაპირველად ლაშარის ჯვართან იწყებს. ასე მოიქცა ზურაბ ერისთავი; იმან განიზრახა ხატის შემუსრვა, მაშასადამე, უმთავრეს მოწინააღმდეგე ძალად იმას ლაშარის ჯვარი მიაჩნდა, რისთვისაც მოსჭრა დიდი მუხა, რომელსაც ჰქონდა კენწეროზე «ციდან მოსული ოქროს ჯაჭვი ანგელოზების ასავლელ-ჩასასვლელად...» (28, 236). მტერი ფიქრობს და ხშირად მას უმართლებს ფიქრი, რომ თუ ის დაესხმის საკრალურ შუაგულს საზოგადოებისას, ბრძოლა მოგებული აქვს. ეს მომენტი გაიელვებს თითქოს ნაკლებმნიშვნელოვანი შინაბრძოლების ამსახველ ლექსში, ეპიზოდურად:

მაშ ცაბაურთას ჩავიდეთ, ვამტვრიოთ ბეღლის კარიო... (82, №148).

სად უნდა მიემართა საყმოს განადგურების მსურველ მტერს თავისი მახვილი, - მაშინაც კი, როცა მტერი ცალკეული მოყმის კარ-მიდამოს ესხმის თავს, ის პირველ რიგში სახლის საკრალურ შუაგულს _ ჭერხოს უტევს: ნაკვეთაურის ჭერხოსა შენ შეხსენრკინის კარიო (82, №146), რას უნდა დასცემოდა პირველად, თუ არა ბეღელს, რომელიც, როგორც ვიცით, ჯვარის კვრივის კვრივია, სადაც არათუ უცხო კაცი, შინაური რიგითი ყმაც კი ვერ ბედავს შესვლას. რაკი ბეღლის დახშული კარი სიმბოლურად გამოხატავს კულტის საიდუმლოს, გასაგები უნდა იყოს, რას ნიშნავს ბეღლის კარის მტვრევა. მოსახლეობის დასამორჩილებლად მტერი ისე იქცევა, თითქოს უცხო მიწაზე უცხო რჯულის ხალხს ეომებოდეს:

ჯიმშერ, არაგვის პატრონი, შაუბრალები ყმისაო,

ჴევში ციხეებს მტვრეველი, არაგვზე საყდრებისაო (40, 70).

საყდრის მტვრევა უკიდურესი საშუალებაა საყდრის საყმოს დასამორჩილებლად; მტერი ამ გზით ეძებს გამარჯვებას. ის შეიძლება იმარჯვებდეს კიდეც, მაგრამ იმარჯვებს გადარჯულების ფასად, რადგან ამ დროს მტერი ჰკარგავს ადამიანურ სახეს: ის დევურ გზას ადგას. ჯიმშერ არაგვის ერისთავი ზურაბ ერისთავის გზას მისდევს, მაგრამ ზურაბის ლტოლვაში ლაშარის მუხისაკენ სხვა შური ჩანს.

ზურაბი თავისი «ჯავრით» ფშავისხევის სიწმიდის მიმართ მოგვაგონებს აქადელ ნარამსინს, რომელმაც შუმერის დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოთა («საყმოთა») ხელში ჩასაგდებად შეუტია ქვეყნის შუაგულს ნიპურში, რომლის მთავარ ტაძარში, შუმერელთა რწმენით, მსოფლიო უხილავი ღერძის ნიშნად დიდი სვეტი (დიმ-გალი) იყო აღმართული. ერთი შუმერული პოემის თანახმად აქადის მეფემ სახურავი ახადა შუმერელთა ტაძარს, «გააშიშვლა» ის, რათა აქადელს, გარეშე კაცს, ჩაეხედა მის საიდუმლოში (46, 29). ნიშანდობლივია, რომ შუმერელთა შეგნებაში აქადის დინასტიის დაცემა ამ უღვთო აქტს - სიწმიდის შელახვას დაუკავშირდა. ლაშარისა და ხმალას ხეთა (მუხისა და ალვისხის) სიმტკიცე, როგორც კულტის სიმტკიცე, საზოგადოდ, საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული: ვიდრე საიდუმლო არ გასულა საყმოს ფარგლებიდან, ამ ხეებს მტერი ვერ მოერევა. საიდუმლო საყმოშია დაცული, როგორც საიდუმლო თას-განძისა, მისი სამალავისა, რომელიც მხოლოდ მაგანძურმა იცის. ასე მთელს საყმოს შეიძლება სცოდნოდა ბერმუხის თუ ალვისხის საიდუმლო, როგორც ზღაპრებში იციან რომელიმე პერსონაჟის სულის საიდუმლო ადგილ-სამყოფელი, თუ სად ინახება მისი სული. აი, დგას საყმოს შუაგულში - ფშავში მუხა, ხევსურეთში ალვისხე, რომელთა არსებობა, როგორც საკრალურ ხეთა, მხოლოდ საყმომ იცის: მათი არსებობა საიდუმლოებრივია, გარეშე თვალი ვერ ხედავს მათ, ვერ უნდა დაინახოს, თითქოს მას საფარველი აქვს დადებული. მაგრამ, როგორც ერთი ხალხური ლექსი ამბობს, «ჟამი მოალის, კარ გაიღების თავადა», ასევე დგება დრო ამ საიდუმლოებრივ ხეთა გაცხადებისა. მათ არსებობას თავად მათივე ფოთოლი გასცემს. ფშაური ანდრეზის თანახმად, ლაშარის მუხას ფოთოლიც სხვანაირი ჰქონია; არაგვის მიერ ჩამოტანილი ფოთოლი ზურაბს ჟინვალში უნახავს და მიმხვდარა, რომ ხეზე ოქროს შიბი იყო და მოუნდომებია ხის მოჭრა... (65, 251). ასეთივე თქმულებაა დადასტურებული ხევსურულ ალვისხეზე: «...ამ ალვისხეს სთველთ რომ ფოთოლი ჩამაუყრავ, ერთ ფოთოლი არაგვჩი ჩავარდნილა-დ’ ქალაქჩი წაუღავ წყალს...» (62, 573). მირონმდინარი და ოქროსშიბიანი ხეები, რომელთა საიდუმლო არსებობას მათივე ფოთოლი გასცემს, - კულტის სასიცოცხლო სიმბოლოებია, - მტრისათვის ხელში ჩასაგდები განძია. ის ცდილობს მის მოპოვებას, რადგან, ჩვენ ვიცით, ქვეყნის დაპატრონების მოწადინე მის განძს უნდა ეძიებდეს, რომ მისგან დაცარიელებით დააუძლუროს ქვეყანა. მაგრამ ზურაბი ფიზიკური ძალით ვერ აიღებს განძს, მუხაში თუ ალვისხეში დაუნჯებულს; მან შეიძლება ფიზიკური ძალით «დალევის» ზღვარამდე მიიყვანოს საყმო, მაგრამ ის ვერ მოჭრის საკრალურ ხეს. «დახკრიანავ ხესად ცულიო-დ’ იქავ გაიკურნისავ» (62, 573), ამბობს ხევსურული გადმოცემა ხმალას ალვისხეზე. ამიტომ ზურაბი ცდილობს გამოსტყუოს საყმოს კულტის საიდუმლო, რისთვისაც ის ლაშარის საყმოებს სათითაოდ საბედისწერო განსაცდელში აგდებს. ზურაბის «ხმლის ნარჩომნი» უნდა გამოიცადონ ლაშარისადმი ერთგულებაში - გასცემს თუ არა საყმო მუხის მოჭრის საიდუმლოებას, თუ როგორ უნდა მოიჭრას ათასწლოვანი ხე. მუქუს ღვთისმშობლის ყმები - წოწკორაულნი უმალ გველის ჭამას არჩევენ, ოღონდ არ გასცენ საიდუმლო; ზურაბი გველის ხორცს აჭმევს მათ, რისთვისაც «მუცელგველიანების» სახელი დაიმსახურეს. ცაბაურნი მზად არიან ძაღლის ხორცი ჭამონ, ვიდრე უღალატონ ჯვარს; ჯვარის ერთგულებაში გამოცდილნი არად აგდებენ დამცინავ შაირს:

იქით მიმიდეგ, ცაბაურო,

ძაღლის მჭამელო გოგოჭუროო,

მესამედ რომელიღაც - ანდრეზი არ ასახელებს - საყმოს ყმას, ტრაგიკული დილემის წინაშე მდგარს, არაადამიანურ საქციელს - ძმის ხორცის ჭამას აიძულებს დევური ქორწილის წესით (65, 309). ასეთი არჩევანის ფასად უჯდებათ ყმებს ლაშარის ბერმუხის საიდუმლო. საიდუმლოს გასცემს შინაური კაცი; შინაგამცემი აღმოჩნდება ახადის თემში, პირქუშის საყმოში, ვინმე შალიკაური, რომელიც მუხის მოჭრის ხერხს აფციაურს ასწავლის (65, 251). სწორედ მისი სახელი შემოინახა სიმღერამ: სულ-კრულმა აფციაურმა ამამიბრუნა ძირითა... მაინც რა იყო ეს საიდუმლოება, რომლის გარეშე ზურაბის რაზმელი - გუდამაყრელი აფციაური ვერ ახერხებდა ოქროსშიბიანი მუხის, ხოლო ხევსურეთში სხვა ვინმე მირონმდინარი ალვისხის მოჭრას? რა საიდუმლო გასცა ფშავში ახადელმა შალიკაურმა და ხევსურეთში, როგორც ანდრეზს შემოუნახავს, ვინმე ბერმა არეშაულმა, ჯვარის ხელკაცმა? ხევსურული ანდრეზი მოგვითხრობს: «ერთ ღულელ კაც ყოფილ გვარად არეშაული, ხნიერი-დ’ ჯვარის ჴელკაცი. მასულებს გაუგავ, რო მაგან იცისავ როგორ მეეჭრებისავ ეგ ხეიო-დ’დაუქრთამავ ეს არეშაული. იმას უსწავლებავ: ერთ ციცა მაიყვანეთავ, იმით განათლეთაო-დ’ ხთიშვილ ახჴდებისაო, მემრ მეეჭრებისავ. თორე მანამ ხთიშვილი ხპატრონობსავ, მაგას სულ არ გაშჭრისავ». მაუყვანავა-დ’ დაუკლავ ციცაი ხის ძირში. ახჴდომივ ხთისშვილი-დ’ მაუჭრავ ხეი. ხე რო წაქცეულ, წვერზე გამბულ ჯაჭვ გაწყვეტილა-დ’ წივილით ცაში წასულ...» (62, 573. ეს ამბავი ამგვარად არის გამოთქმული სიმღერაში:

... ერთიც ეტანა ღულელი, არიშაული ბერია.

სახელს სუმელჯას ეტყოდეს, ანდრეზში ეგრე სწერია.

ანგელოზთ ეცხადებოდა, გასთეთრებიყო წვერია...

ალბათ ასწავლა ღულელმა ალვის ხეთ დასაჭრელია:

«თქვენ მაიყვანეთ კატაი ხეთ ძირში დასაკვლელია!»

ხენი დანათლეს სისხლითა, ეგ უფრო საკვირველია.

ალვისხე გადააქციეს, ძირ არ გაწირეს, წვერია.

შიბ გაწყდა, ცისკე წავიდა, წიოდა როგორც გველია... (88, №541).

ანალოგიურ ანდრეზს ყვებიან ფშავში ლაშარის მუხაზე: «...ბოლოს ახადელმა შალიკაურმა ასწავლა (აფციაურს): მუხის ქვეშ ციცა დაკალი და მერე მოიჭრებაო. დაკლა ციცა. ოქროს შიბი მოსწყდა მუხას და ზეცაში წივილი წაიღო. მუხა წაიქცა და წვერი გაღმა მხარეს საკვირაოს დაკრა...» (65, 251). ზურაბ ერისთავი (რადგან ის არის მათი საქციელის წამქეზებელი და მაიძულებელი, მთელს პასუხისმგებლობასაც ის უნდა კისრულობდეს) ისევე იქცევა, როგორც ჯვარ-განძის მპარავი, როცა ის წმიდა განძისა და კვრივი ადგილის «გამონათვლის» მიზნით, - რათა მისი ხელყოფა შეძლოს - უსურმაგ ცხოველს სწირავს მსხვერპლად. ერთ-ერთი უსურმაგი ცხოველი კატაა, რომლის სისხლი, როგორც ანტიმსხვერპლისა, ძალას უკარგავს სიწმიდეს, ის «აფრთხობს» ჯვარს, იმ ანგელოზს, დავანებულს მის კვრივში; უსურმაგის სისხლი განაქარვებს იმ ძალას, რომელიც წმიდად ხდის წმიდას და კვრივს - კვრივად. კატის სისხლნასხურებს მუხას სტოვებენ ანგელოზები, წყდება შიბი - კავშირი ცისა და მიწისა და მორიგე ღმერთს უბრუნდება, რაკი ის, როგორც რელიგია, ზეციური წარმოშობისაა. შიბის გაწყვეტა რელიგიის, კულტის გაუქმების სიმბოლური გამოხატულებაა, რადგან შიბი, როგორც დურანქი, თავად რელიგიის სიმბოლოა, ცისა და მიწის კავშირის განმახორციელებელი. საკულტო ცხოვრების, თავად კულტის ჩაქრობასვე გამოხატავს სიმბოლურად მირონის წყაროს დაწყვეტა ხმალას ალვისხის მოჭრის შემდეგ; ამ აქტმა გააუქმა კულტი გუდელაში, ხევსურეთის თავდარიპირველ შუაგულში. ლაშარის მუხის მოსისხლე ზურაბ ერისთავი მოქმედებს, როგორც თას-განძის მპარავი. მაგრამ ის კიდევ გვაგონებს იმ ქაჯებს, რომლებიც «ციცას» თავ-ფეხით იგერიებენ შემოტეულ ღვთისშვილებს ქაჯავეთის მისადგომებთან, და წარმატებითაც, რადგან ღვთისშვილებს აფრთხობს და აუძლურებს უსურმაგის მიკარება, როგორც მათგან სხურებული სისხლი. უსურმაგი ქაჯთა (და ალბათ დევთაც) იარაღია ანგელოზთა წინააღმდეგ. ამიტომაც, რაკი ზურაბ ერისთავი უსურმაგისმსხვერპლს სწირავს, ეწევა შავ მაგიას, როგორც ქაჯთა სამყაროდან მოვლენილი, ფშავ-ხევსურეთის საყმოთა წარსაწყმდელად, მის წინააღმდეგ ბრძოლა საღვთო ომია, სადაც უნდა გაიმარჯვოს ჯვარის ძალამ. ზურაბ ერისთავი უნდა დამარცხდეს, როგორც მარცხდება ანდრეზული მტერი, მაგალითად იმავე «სისხლის წვიმების» დროინდელი შაჰ-აბასი, რომელიც ზურაბივით თავს ესხმის ფშავის სიწმიდეს, ლაშარის განძს, რათა მისი დაპატრონებით საყმოს ბატონი შეიქნას (51, 23). მართალია, ანდრეზის თანახმად, ზურაბ ერისთავი ეწევა საწადელს - ჭრის ლაშარის მუხას და ხმალას ალვისხეს, მაგრამ ის მაინც ვერ იმორჩილებს ღვთისშვილთა საყმოებს. ის მაინც ვერ ჩაიგდებს ხელში ოქროს შიბს, ვერც ალვისხისას და ვერც მუხისას, რელიგიის წმიდა ნიშანს; ხის წვერს მოწყვეტილი შიბი თუმცა დაუბრუნდა ცას, საიდანაც ის, როგორც კარატისჯვარის ანდრეზი მოგვითხრობს, იყო წარმოშობილი (მსგავსად ოსური ანდრეზების საკიდლებისა, რომელთაც ცაში ამზადებს ღვთაებრივი მჭედელი საფა); თუმცა შიბი გაუჩინარდა, რასაც უნდა მოესწავებინა რელიგიის გაქრობა ამ მიწა-წყალზე, და მასთან ერთად საყმოების დაცემა, მაგრამ მის გარშემო შემოკრებილი ხალხი დარჩა ისევ საყმოდ, რადგან იმ მუხის კუნძში, «ნარჩომი» ზურაბის ხმლისა (მსგავსად ყმათა) იქვე დარჩა, როგორც წმიდა, თუმცა დახავსებული ნაშთი სამყაროს შუაგულისა და კულტის სიმბოლოსი, რომელსაც კვლავ ძველ პატივს მიაგებენ, როგორც თვითმხილველის ჩანაწერიდან ჩანს (125, 231), ლაშარის გორზე ამხდარნი «ნარჩომნი» ზურაბის ხმლისანი ანუ გამარჯვებული (ეს ღვთისშვილთა ცნობილი ეპითეტია), აღმდგარი საყმო. ლაშარის კულტის აღორძინება, ანდრეზის თანახმად, უკავშირდება ბერმუხის ნაფოტებს, რომელთაგან ერთი ივრის კუდებისკენ გადავარდნილა, სადაც მან დასაბამი მისცა ლაშარის ხატის ჯვარჩენას ივრის ფშავლებში; მეორე იქვე დაცემულა, ადგილობრივ, როგორც თესლი, რომელიც უნდა აღორძინებულიყო; მესამე ნაფოტის ბედი უცნობია, გადმოგვცემს ანდრეზი (9, 106), მაგრამ ცხადია, იმ უცნობ ნაფოტს სადღაც უნდა მიეცა დასაბამი ახალი სალოცავისათვის. ბერმუხის ნაფოტების ანდრეზი იმის გამომხატველია, რომ მიუხედავად საკულტო მუხის მოჭრისა, საყმოს არ დაუკარგავს კულტი, რომ საკულტო ცხოვრება არ შეწყვეტილა და, როგორც თვითმხილველის სიტყვებიდან ჩანს ძველი ლაშარის კულტის განუწყვეტლობის სიმბოლური ნიშანი ყოფილა მუხის ნაფოტები, რომლებიც წმიდად იყო შერაცხილი და დიდი სასოებით, როგორც საიდუმლო, ხატში ინახებოდა (125, 232). ზურაბ ერისთავმა ლაშარის მუხის მოჭრით, მართალია, ვერ დაანგრია საყმო, მაგრამ მისი გაფანტვა მაინც მოახერხა. თუ ბირთვი ისევ ლაშარის ტერიტორიაზე დარჩა, როგორც მოჭრილი მუხის კუნძთან დავარდნილი მთავარი ნაფოტი, როგორც საწინდარი საყმოს აღორძინებისა, დანარჩენი ნაწილი ამ საყმოსი მუხისგან ასხლეტილ სხვა ნაფოტებს გაჰყვა ფშავისხევის გარეთ; თუმცა სხვა მიწაზე გადატყორცნილნი მაინც არ კარგავენ კავშირს ძირეულ სალოცავთან და, როგორც ვაჟა წერს, «მუდამ წელს ბარელების მოსვლა სალოცავად ლაშარის ჯვარისა უმიზეზო არ არის. აშკარაა, რომ ისინი გადასახლებაში არიან ფშავიდან და არ ივიწყებენ თავისის მამა-პაპის ძველს სალოცავს. ეს დაუჯერებელია მით უმეტეს, რომ ფშავში არის სოფ.ყვარა. გადასახლებულთ თავისის სოფლის სახელი თან წაუღიათ. ხალხიც ამტკიცებს ამ გადასახლებას და მიზეზად ზურაბს ასახელებს,რომელსაც დაუწიოკებია ხალხი და გაუბნევია, დაუქსაქსია...» (29, 57). სხვა ანდრეზის თანახმად ზურაბის მიერ მუხის მოჭრა არის ის მიჯნა, რომლის შემდეგაც ახალი საკულტო ცხოვრება იწყება ხმელგორზე: თქმულება ამბობს, რომ ლაშარის გორზე ჯვარის მუხის მოჭრამდე მხოლოდ ბერები ცხოვრობდნენ, გარეშე კაცი იქ ვერ ადიოდა და დაბლიდან ილოცავდა ჯვარს (65, 251). ახალ ეპოქაში ლაშარის გორზე, სადაც აღარ დგას ოქროსშიბიანი ძველი მუხა, მაგრამ ღვთისშვილის გზა ჯვარის კარიდან მორიგე ღვთის კარამდე მაინც არსებობს (თუმცა საფარველი აქვს დადებული), გარეშე კაციც ადის თავისი სამსახურის მისატანად და თავის საყმოსთან ერთიანობის დასადასტურებლად. ვერც ხმალას ალვისხის მოჭრით დაიმორჩილა ხევსურეთში ზურაბმა საყმოები, საბოლოოდ ვერ ამოძირკვა კულტი; თუმცა აქაც მოსწყდა ოქროს შიბი და ცაში გაუჩინარდა, საფარველი გადაეფარა მირონის წყაროს, რომლის ხილვა მხოლოდ და მხოლოდ ჯვარის მკადრეთა მისტიურ გამოცდილებაში გახდა შესაძლებელი; მაგრამ საერთო სახევსურეთო (იგულისხმება ბუდე-ხევსურეთი) საკულტო ცხოვრების შუაგულმა გუდანში გადაინაცვლა, სადაც კერიაში ამოსულმა იფნმა აუწყა ღვთისშვილის ჯვარჩენა ახალ ადგილზე. ახლა გუდანში იბმის სალაშქრო დროშა და აქ მუშავდება, რათა გავრცელდეს სხვა საყმოებში სავალდებულო რჯული. მიუხედავად ნგრევისა და განადგურებისა, რასაც სამგზის ყოველი შვიდი წლის გამოშვებით მოჰყვებოდა ხოლმე საყმოთა ნაწილის ან ზოგიერთ საყმოთა მთლიანი გაფანტვა, ზურაბის ლაშქრობებმა საყმოთა შორის დაბადა სოლიდარობის ძლიერი შეგნება, რომელიც ძუნწად, არა მყვირალა სიტყვებით გამოითქმოდა იმ «სისხლის წვიმების» ეპოქის ამსახველ სიმღერებში, თუმცა კერძოდ, არა განზოგადებული სახით, რაც, შესაძლებელია, მეტ ძალას და სარწმუნოებას ანიჭებდა ნათქვამს:

უთურგი მეწყინაისძე ხევსურთ გულისად კვდებაო,

ამღას ესხდიან ცოლშვილნი, მაგას რა წაუხდებაო (81, №124).

არხოტიონი, ვის საყმოსაც არ ემუქრება ზურაბი, თავს სწირავს არაგველ ხევსურთა გადასარჩენად; უყმო ყმა სისხლს ღვრის იმ საყმოს ჯვარისათვის, რომელიც არ მოითხოვს მისგან თავგანწირვას და სისხლს. ასეთი გმირი, როგორიც არის ნაკლებად გამოჩენილი უთურგი, ამღიონი, რომელიც სხვა საყმოსათვის სწირავს თავს, არ არის გამონაკლისი ამ ეპოქაში, ამ ბრძოლებში. იყო ქალუნდაური, გუროელი, რომლის სახლ კარს გუროში, მთის იქით, ალბათ ვერ მისწვდებოდა ზურაბის ხელი; სწორედ ის გახდა ამ ეპოპეის გმირი, გმირი ბეგენგორისა, სადაც მტერზე გამარჯვების ნიშნად არაგვიდან მოტანილი რიყის ქვა «ჩააყუდა» სამანად, - ეს კი როგორც ისტორიულ-ანდრეზული აქტი, სიმღერის სიტყვებითაც აღიბეჭდა სამარადისოდ:

თან მახყვეს ქალუნდაურსა მამუკას შუქნი მზისანი,

ბეგენგორ ჩამოეწივა, ყმან ჩაჭრნა ზურაბისანი.

ამანდით ამაბრუნვილმა სამანნ ჩახყუდნა ქვისანი (81, №125)

<<<ნაწილი VII...

<<<გაგრძელება (ნაწილი IX)...