<უკან დაბრუნება (ნაწილი IV)...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<სტატიები მითოლოგიაზე>>>
ზურაბ კიკნაძე
ქართული მითოლოგია
I
ჯვარი და საყმო
ქუთაისი
1996
<<<გაგრძელება (ნაწილი VI)
საყმო და განძი
«აქ ფშავსა შინა არს ეკლესია ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯვარს, და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერცა ფშავი, ვერცა ჴევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო ანუ ვერცხლი, ვერარაიდ იხმარებენ თავისად, არამედ მიუძღვნის ლაშას-ჯვარსა» (75|,533). ვახუშტი ბატონიშვილის ეს სიტყვები ზუსტად ახასიათებს ფშაველ-ხევსურთა და სხვა კუთხის საყმოების დამოკიდებულებას ნაპოვნი განძისადმი. განძი ჯვარს ეკუთვნის, ისევე როგორც მისი საკუთრებაა ის ტერიტორია, სადაც მკვიდრობს საყმო. ჯვარმა საყმოს ტერიტორია მოუპოვა, დევებს გამოჰგლიჯა მიწა-წყალი და ადამიანებს გადასცა; ამიტომაც ყველაფერი, რაც კი ამ მიწა-წყალზე მოიპოვება, ჯვარის საკუთრებაა. ამ ჭეშმარიტების საუკეთესო გამოხატულებაა კვრივი ადგილების არსებობა საყმოს ტერიტორიაზე. ადრე ითქვა, რომ საყმოს ტერიტორიის ნებისმიერი ადგილი პოტენციურად ატარებს კვრივის გამოვლინების (კვრივჩენის) შესაძლებლობას. და აი, ასეთი შესაძლებლობა თავის განხორციელებას პოულობს განძის გამოჩენის სახით. მ.ელიადე წერს: «განძი არის საკრალურის - აბსოლუტური რეალობის გრძნობადი ხატი» (154,135). როგორც ჯვარს ჰყავს თავისი უნჯი ყმანი, უნჯი საყმო, ასევე მას აქვს განძი, ნივთიერი ფასეულობის სახით (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი სამსახურებელი ჭურჭელი და სხვ.); «უნჯი» და «განძი» სინონიმებია; ზოგიერთ საყმოში ღვთისშვილი იწოდება «უნჯის ყარაულად» ან «უნჯის ანგელოზად». უკანხადუს მთავარი ჯვარი მოიხსენიება როგორც «საჯანგეს უნჯის ანგელოზი, გმირი სანება» (62,56); ასევე ქმოსტისა და ღულის კოპალა იწოდება «უნჯის ანგელოზად» (6,103,107); შატილში ერთ-ერთ ჯვარს ასე მიმართავენ: «ლაღო განძის ანგელოზო» (6,75). ჯვარი პატრონობს, ყარაულობს თავის საყმოსაც და განძსაც, რომელიც თავის მხრივ, როგორც კვრივი მატერიის უმაღლესი გამოვლინება, ღვთისშვილის ერთ-ერთი ნიშანია. ამიტომ არის, რომ «ვერცა ფშავი, ვერცა ჴევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო ანუ ვერცხლი, ვერარაიდ იხმარებენ თავისად, არამედ მიუძღვნის ლაშას-ჯვარსა». ვახუშტისეული დახასიათება ფშავ-ხევსურთა იმითაც არის საგულისხმო, რომ იგი გვიმხელს განძის საკრალურ ასპექტს. ამ საკრალურობის შეგნების ძალით ყმას ეკრძალება განძეულის გამოყენება საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის: ის წმიდაა და მხოლოდ და მხოლოდ ჯვარში უნდა ინახებოდეს და ჯვარის სამსახურს ხმარდებოდეს. ეს შეუვალი კანონია ჯვარის საყმოში. და არა მარტო ჯვარის საყმოში. «...თუ ვინმე მიწაში რაიმე სამკაულს იპოვნიდა, ეკლესიაში მიჰქონდა და იქ ხატთან დებდა», ადასტურებს ამ ჩვეულებას ს.მაკალათია ქსნის ხეობაში (52,8). ამ დაუწერელ კანონს, რომელსაც როგორც თავისთავად ცხადს, ასრულებს ჯვარის ყმა, აკრძალვის სახით ვხვდებით საეკლესიო სამართლის დოკუმენტში «დიდ სჯულის კანონში»: «ჭურჭელთა ოქროჲსა და ვერცხლისათა და ტილოთა ნუღარამცა ვინ მიიხუეჭს საჴმარად თვისსა, რამეთუ უსჯულოება არს...» (21,146). როგორც ყველა საკრალურ რეალობას, განძსაც საფარველი აქვს დადებული; ის მიუწვდომელია რიგითი ყმისათვის; ის საიდუმლოებით არის მოცული და ამ ვითარების გამოხატულებაა ჯვარის განძის სამალავების არსებობა. ის დაფარულია არა მხოლოდ გარეშე თვალისათვის და არა მხოლოდ მპარავის შიშის გამო, არამედ თვით საყმოს თვალისთვისაც, რომელსაც მისი ხილვა მხოლოდ დიდ დღესასწაულებში შეუძლია. ადამიანის მიერ დაწესებული სამალავი წარმოადგენს ჯვარის მიერ თავის საგანძურზე დადებული საფარველის იმიტაციას. რა მიზეზითაც არ უნდა შემოღებულიყო სამალავები ჯვარის განძისათვის, ეს იდუმალება, რასაც განძს ანიჭებს სამალავი, განძის არსებითი, მიუცილებელი თვისება შეიქნა. ჯვარის განძი საყმოს ვერ წარმოუდგენია სამალავის გარეშე, რომლის ადგილსამოფელი საყმოში მხოლოდ ორმა კაცმა შეიძლება იცოდეს. ეს ორი კაცი ჯვარის დანიშნულია ამ სამსახურში. მათ ეწოდებათ მეგანძურები. აქ, სხვათა შორის, უნდა შევნიშნოთ, რომ არსებობს უთუო კავშირი მეგანძურის დანიშნულებასა და გუდანის ჯვარის საყმოს ძირეულ სახელწოდებას შორის: გუდანის ჯვარის საყმოს ეწოდება სამაგანძურო, ალბათ, იმის ნიშნად, რომ ის, როგორც თავისი ჯვარის უნჯი ყმა, ჯვარის განძის მცველია; სახელწოდება თითქოს გვაუწყებს, რომ მთელი საყმო მაგანძურებისგან არის შემდგარი, თუმცა ისტორიულად და რეალურად განძთან სიახლოვის პრივილეგია ჯვარის მიერ არჩეულ რამდენიმე პირს აქვს მინიჭებული. განძი, როგორც საკრალური რამ, გარეშეთაგან ხელუხლებელი და მიუწვდომელი უნდა იყოს. ის არ უნდა ჩანდეს, ის საიმედოდ უნდა იყოს დაცული და დაფარული; არ უნდა ჩანდეს მიწის ზედაპირზე, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობით. როგორც საიდუმლო, ის მიწაში მარხია და არ უნდა ენახვებოდეს მზის ნათელს, როგორც მზეთუნახავი. ამიტომ განძის მითოსური ადგილსამყოფელი მიწისქვეშეთია ან მდინარის ფსკერი (როგორც, მაგ., ნიბელუნგთა ოქროსი), ან გამოქვაბულები, ხელოვნური თუ ბუნებრივი, მიტოვებული ნასახლარები და ნაციხვარები, სადაც ამქვეყნიური ყოფა-ცხოვრება კარგა ხნის შემწყდარია. განძი დაფარულია, მაგრამ არ არსებობს დაფარული, რომ საბოლოოდ არ გამოცხადდეს. ოღონდ დაფარული ყველას არ გამოეცხადება, განძი ყველასათვის არ იჩენს თავს. ძველ ეპოსებში ძიება განძისა, მისი ხილვა და მოპოვება განსაკუთრებული წარმოშობის გმირთა ხვედრია. ხშირ შემთხვევაში ეს ეპიზოდი ძირითადი გამოცდილებაა მათ ცხოვრებაში. შემთხვევითი არ არის, რომ «გილგამეშიანის» პროლოგში საგანგებოდ არის ნახსენები «საუნჯის მიგნება და დაფარულის გახსნა» (აქ «საუნჯე» და «დაფარული», როგორც ვხედავთ, სრულიად იდენტური რეალობებია).
გერმანულ - სკანდინავური მითოსის სიგურდ - ზიგფრიდი თავის სახელოვან თავგადასავალს სწორედ განძის ხელში ჩაგდებით იწყებს, თუმცა განძის ფლობა მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდება. აქედან უნდა დაგვესკვნა, რომ სიგურდი თუ ზიგფრიდი და ნებისმიერი ეპოსისა თუ მითოსის გმირი, რომელსაც ღუპავს ოქრო, არ არის მისი ჭეშმარიტი პატრონი. ფარნავაზმა მიაგნო უხსოვარი დროის განძს და ამ განძმა გაამარჯვებინა მას, რადგან ის იყო შთამომავალი «თავთა მათ ქართლისათა». ჩვენი საყმოების ანდრეზებში განძის ძიება, როგორც წესი, ჯვარის მიერ არის შთაგონებული. ჯვარის რჩეულნი - მკადრენი მიდიან ჯვარის დავალებით სახიფათო ლაშქრობაში განძის წამოსაღებად, რომელიც დევების საკუთრებაშია (ან, შესაძლოა, დევებისგან იყოს მიტაცებული და მისი დაბრუნების დრო დგება). მკადრე თავს სწირავს ჯვარის დავალების შესასრულებლად, ის საფრთხეში იგდებს სიცოცხლეს, ძლევს შიშს, რომელიც მას ეუფლება იმ უცხო, არაადამიანურ სამყაროში მოხვედრისას, როგორიც შეიძლება იყოს დევთა სახლი, სადაც დევების ქორწილია, ან ქაჯთა ციხის ნანგრევები, «ციხეი ქაჯთა ძველებური, ეეხლა ყორენი. იქით ამასატანებ თვალებ ასავ, უთქომ გახუას, ჯვარ მეუბნებისავ, იალგუნდებიავ...».
მკადრეს განსაცდელი
თუ განძის ქონა აუცილებელია ჯვარისათვის, - მკადრისათვის, რათა ის ჯვარის მკადრე იყოს, აუცილებელია განსაცდელი, რომელიც დაკავშირებულია განძის ხილვასთან და მოპოვებასთან. ეს განსაცდელი, რომელშიც მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, სადაც ის სიკვდილ - სიცოცხლის მიჯნამდეა მისული, შეიძლება ითქვას, არის მკადრეობის სკოლა და მან ეს უნდა გაიაროს, თუ სურს, რომ იყოს მკადრე. მან უნდა გადააბიჯოს ზღურბლს იქით და გადავიდეს სხვა სამყაროში, ჯვრის სამყაროში. მას შემთხვევა ეძლევა აღმოჩნდეს საფარველახდილი განძის წინაშე ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უხდება გარეშეთათვის უხილავის ხილვა. ადგილი, სადაც კაცმა უნდა იხილოს განძი, განსაკუთრებული ადგილია; ის, შეიძლება ითქვას, არც კი ეკუთვნის იმ სივრცულ სინამდვილეს, რომელშიც ცხოვრობს საყმო. მისი განსაკუთრებულობა, რაც ახასიათებს კვრივს, დაუყოვნებლივ იჩენს თავს, როგორც კი ადამიანი დალახავს მის ზღურბლს. ყველაზე გავრცელებული ადგილი განძის ჩენის ადგილთა შორის ძველი ნაციხვარებია. მათი მხოლოდ არსებობაც კი წარმოშობს თქმულებებს, რომლებიც შეიძლება სრულიადაც არ ასახავდეს სინამდვილეს, რაიმე კავშირს რეალურ ვითარებასთან. თითქმის ყველგან, სადაც კი ნაციხვარია, მის მეზობლად მცხოვრების შეგნებაში ის რაღაც საიდუმლოს ინახავს, რაც ხშირად განძის სახით არის წარმოდგენილი. ნაციხვარი ყველაფრიანად, რასაც ის ინახავს, უხილავ - ხილულიანად, არა მხოლოდ სხვა სივრცეში მდებარეობს, არამედ ის სხვა დროშია მოქცეული. ეს ადგილები, რომლებიც სოფლის ზემოთ მდებარეობს, ბუხრეულია, როგორც განმდგარი წუთისოფლის სინამდვილისაგან; ამიტომაც აქ იკრძალება ყოფითი საქმიანობა. ეს ისეთი ადგილებია, სადაც, ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვათ - იქ ხომ ხვნით არავინა ჰხნავს, არც ვინ რას სთესავს თესითა... ისინი მიტოვებულნი, «დაწირულნი» არიან ჯვარჩენის მოლოდინში. არხოტიონს, ვინმე ალიათ უშიშას ასეთი ამბავი შეემთხვა ნაციხვარში. საყმო უცვლელად ინახავს მის მონათხრობს: «ალიათ უშიშა იტყოდა: ერთხელ ვხნავდი ციხის კისერაო (ნაციხვარი ნასოფლარის თავზე). საჴნისი რასამ გამედო, და დაჟღარუნდაო. ჩავხენე და ქვაბი იდგა ოქრო - ვერცხლით სავსეო და ზედ წითელი ოქროს ფერი ჴბო იწვა და თვალებს აბობინებდაო. მერე აღარაფერი მახსოვდა, რა დამემართაო და გონთ რო მოვედი, მე და ჩემი ჴარ-გუთანი ჭალაში ჩავსულიყავით არეულ-დარეულიო...» (66, 61). ადგილი, სადაც ოქრო-ვერცხლით სავსე ქოთანი ემარხა, დაკარგულა; უნდა ვიფიქროთ, რომ ამ არემარეში ხვნა-თესვა შეწყდებოდა და წარმოიშობოდა აკრძალული სივრცე. აი, სად ებჯინება ერთმანეთს ანდრეზი და სინამდვილე. კვრივმა ოქროსფერი ხბოს თვალების ბრიალით მოისროლა თავისაგან ცნობამიხდილი ხორციელი, უცაბედად მხილველი საიდუმლოსი, რომლის ხილვა მოკვდავისათვის აუტანელია. ნაციხვარის განძს, რომელიც «ქვესკნელში მავალმა» სახნისმა აღმოაჩინა,
- სახნისმა თქვა: ქვეშკნელს დავალ,
მზისა შუქი მენატრება...
ყარაულობენ არა დევები და ქაჯები, ან ქვეწარმავალნი (სკანდინაველთა პოეტურ ენაზე ოქროს მეტაფორაა «გველის საწოლი»), არამედ გამოუცნობი ხბო, რომელიც თავზარდამცემია სწორედ თვინიერი არსებისაგან მოულოდნელი თვალების ბობინით.**ოქროს განძი რომ თავისი შესატყვისი ფერის ცხოველის (თხის, ხბოს, ხარის, ცხენის, ძროხის და სხვ.) სახეს იღებს, ეს დადასტურებულია სლავურ ფოლკლორში (113-ა, 365-6). განძი, ოქროსფერი ხბო, ცნობის მიხდა - ამ მოტივებზე აგებული კიდევ ორი ანდრეზია ფიქსირებული ალექსი ოჩიაურის ჩანაწერებში. თუ ალიათ უშიშა შემთხვევით, ხვნის დროს წააწყდა განძს, ქვემოთ მოტანილ ანდრეზებში ღვთისშვილს მიჰყავს თავისი მკადრე საშინელი საგანძურის სახილველად. პირველი ეხება კარატისჯვარის მკადრეს ომას. «ომა ჯვარის ჴელ-კაცი იყვა-დ’ რწმუნებული. ომა კოჭლა კაც იყვისაო-დ’ ცოდვით დავიდოდისავ. მაგრამ კარატის ჯვარსავ ხან სად დახყვანდისაო-დ’ ხან სადავ. წინავ კოჭლა არ ყოფილაო-დ’ გველეთში დაკოჭლებულავ. მასვლივ ომას კარატის ჯვარი ჴელზედა გამაუცხადებავ, რო გველეთ უნდა წავიდათავ. იქავ სამალავიაო-დ’ ის უნდა ამაიღავ. გამახყოლიოს ომაი-დ’ წინ ლიქოკის ხატი გამაზღოლივ. არაგვზე ისრ ჩამაუვლავ, რო ვერვის უნახავ; საფარველ ზდებივ ომაისაცაო-დ’ კარატის ჯვარის ხატსაც. გველეთ რო მისულ, სადაც სამალავ იყვ, იმის კარზე გაჩერდავ ხატივ, იწრო ჩასაძრომ ყოფილა-დ’ ჩაზღოლივ ხატი-დ’ ჩასულ ომაი. შიგ რო შასულან, უნახავ, რო დიდძალ თას - განძ ყოფილ დადგმული. თარო იყვაო-დ’ სრუ ეჭირავ თასებსავ. ვერცხლის სურაებ იდგავ ერთს თაროზედავ, სრუ შიბიანები. ერთივ ვერცხლის ყავარჯენ უყუდავ ერთს კუთხეშიავ. მეორეს კუთხეშიავ დიდ ქვაბ იდგავ სალუდეი-დ’ ზედავ ოქროს ფერივ ყვითელ ჴბო იწვავ. რაირა ასავ ამ ქვაბშიავ, აიმ ქვაბსავ ჯოხ შამავხკარივ, დადგავ ჯღარ-ჯღურივ ქვაბშიაცაო- დ’ რაიც თას-განძ იყვავ, სუყველა ძირს დაეცაო-დ’ დადგავ ჯღრიალივ. იმ ჯღარ-ჯღურზე მაიბრუნავ თავი, ზედ რო იწვავ, იმ ჴბომაო-დ’ შამამიბღვირავ. ომა შაშინებულა-დ’ გამავარდნილ გარეთი, გონთ ახჴდივ, გამაგორვილ, გადავარდნილ კლდეთა-დ’ დამრჩალ აიქ. გონთ რო მავედივ, იცოდისავ ომამავ, კლდეთ ძირში ვეგდიო-დ’ ერთს ფეჴსაც ვეღარ ვიყოლებდივ. აღარც ხატი იყვავ იქაო-დ’ აღარც ანგელოზივ. მემრ მწყემსებს მაუჴელავ ომაი-დ’ გაუგებიებავ ხალხისად...» (62, 563)). ანალოგიური განსაცდელი გაიარა ხახმატის ჯვარის მკადრემ შიშიამ: «...ერთხელ უთქომ შიშიაისად ჴაჴმატის ჯვარს, რო წაედიო-დ’ უკანამშავ (უკანაფშავს) მამიცადევო-დ’ მიაც იქ მაოლავ, იქავ ერთ საქმეი გვაქვავ გასაკეთებელიო-დ’ ის გავაკეთათავ. წამასულ შიშიაიო-დ’ მასულ უკანამშავ. უცდავ აქ ორს დღესა-დ’ არცად მასვლივ ჯვარი. მესამეს დღეს ჴელზე მასვლივ ტრედის აღით. უნახავს უკენამშავლებსაცა- დ’ მაუყვანავ კვამლის საკლავი; საკლავებ რო დაუჴოცავ შიშიაისად გაუწევავ წყაროსთავისკე*ადგილი უკანაფშავში, სადაც დაარსებულია უკანაფშავის სათემო ხატი გიორგი წყაროსთაული. ჯვარს.
წყაროსთავ რო მისულან, ერთ ბეღელ ყოფილ, სადაც არვინ არ მიდიოდ. მისულ მფრინავ ხატი-დ’ მიხყოლივ, შასულ ხატ ბეღლის ნანგრევშია-დ’ შახყოლივ შიშიაიც. იქავ ერთ დიდ სიპ იდვაო, ჯვარმა საით დამიყენავ, რო ეგ სიპ ახჴადევ. აუჴდავ სიპი-დ’ ერთ ქვაბ ამაჩენილ ოქრო-ვერცხლით სავსე. ზედავ ერთ ჴბო იწვავ ყვითელიო-დ’ აბობინებდავ წითელთ თვალთავ. შიშიას რო ჴბო უნახავ, დაშინებულა-დ’ გონთ აჴდივ. გონთ რო მავედივ, გამოვეყვანევ მშავლებსო, წყალს მასხემდესავ. მემრ აღარც ვინ მიხჴარებივ ამ ბეღელს...» (62, 567-8). ერთი შეხედვით, ამ მკადრეთა თავგადასავალი თითქოს მარცხიანია: ადამიანი ვერ უძლებს ჯვარის განძისადმი თვალის გასწორებას და მის პირისპირ დგომას. თუმცა მკადრე ხელცარიელი ბრუნდება, მაგრამ მის შეგნებაში სამუდამოდ არის ჩაბეჭდილი ჯვარის განძის ხატი - ეს არის ამ განსაცდელის შედეგი. განსაცდელმა უნდა აღზარდოს, შექმნას მკადრე. ამიტომაც განსაცდელი, რომელსაც ჯვარი შეამთხვევს მათ, არ არის შემთხვევითი. არც ალიათ უშიშა წაწყდომია ხვნის დროს მიწაში ჩაფლულ განძს შემთხვევით. ასეთი განსაცდელი, როგორც ძლიერი გამოცდილება, ჯვარის რჩეულების პრივილეგიაა და მას თავისთავადი ღირებულება აქვს, იმისგან დამოუკიდებლივ, თუ როგორ დამთავრდება თავგადასავალი. რასაც მკადრეები ხედავენ, სხვებისათვის უხილავია ან ეკრძალებათ დასანახად. რას ხედავენ ისინი? ომა ლიქოკელის ხილვა სრულ სურათს იძლევა იმისა, თუ რას წარმოადგენს ჯვარის საგანძური: საკრალური საგნები ისეა განლაგებული, როგორც ასვენია ისინი დღეობიდან დღეობამდე სამალავში, სადაც ომა მოხვდა ვიწრო ჩასაძვრომით, რომლის სივიწროვეს სიმბოლური დანიშნულება აქვს. ერთის მხრივ, სამალავი გვაგონებს დარბაზს და ომა, ლიქოკის ჯვარის მკადრე, ნაცნობ გარემოშია მოხვედრილი, ამიტომაც აქ მისთვის თითქმის მოულოდნელი და საშიში არაფერი უნდა იყოს. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ლიქოკის ჯვარის საარსოდან ვიწრო სამალავამდე მთელს გზაზე ხორციელს საფარველი აქვს დადებული, უნდა ვიფიქროთ, რომ ომა მიღმა სამყაროშია მოხვედრილი. ისევე როგორც გახუა მეგრელაურის კვალს ვკარგავთ მას შემდეგ, რაც ღვთისშვილებმა მას სული ამოარიდეს და უსხეულმყოფელი გაიყოლიეს ქაჯავეთის გზაზე, ასევე ომას ფიზიკურ სხეულზე დადებული საფარველიც მიგვანიშნებს მის გადასვლას სხვა სამყაროში. ომამ, შიშიამაც უნდა გადალახონ, დალახონ ზღურბლი, რომელიც მიჯნავს ერთმანეთისაგან ნალახ და საკრალურ სივრცეებს. გასასვლელი კი, ანუ, როგორც გადმოცემაშია ნათქვამი, «ჩასაძრომი», ვიწროა, როგორც ბეწვის ხიდი და ის ჩვენ გვაგონებს ქვესკნელს, სადაც ჩადიან (ეს მათი აუცილებელი გამოცდილება უნდა იყოს) ძველი მითოლოგიური ეპოსების გმირები. ჩვენი მკადრეებიც მათ რიცხვს ეკუთვნიან, ე.წ. «მაძიებელ გმირთა» რიცხვს, რომელთა ძიების შედეგი, საბოლოოდ, რაღაც ჭეშმარიტების აღმოჩენაა. მათგან განსხვავებით ჩვენი მკადრეები კულტის მსახურნი არიან და თუ ისინი რაიმე ჭეშმარიტების აღმომჩენნი ხდებიან, ეს ჭეშმარიტება ჯვართან არის დაკავშირებული და ისინი მას მიწის გულში დაუნჯებული განძის სახით ჭვრეტენ. განძი, როგორც ჭეშმარიტება, საიდუმლოებრივია და ის არ ძევს მიწის ზედაპირზე, ის მიწის სიღრმეშია საძიებელი. ეს არის ჯვარის ჭეშმარიტება და ის თას - განძშია განივთებული. ხახმატელი მკადრე შიშია თავის ჯვარს სრულიად სხვა საზოგადოების, სხვა საყმოს ტერიტორიაზე მიჰყავს განძის სახილველად. ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს ანდრეზში: ჯვარმა იცის და შიშიამაც უნდა იხილოს და იცოდეს ის, რაც უკანფშაველებმა არ იციან, სახელდობრ, რას იმარხავს მათი მიტოვებული, უკვე ნანგრევებად ქცეული ბეღელი («ერთ ბეღელ ყოფილ, სადაც არავინ არ მიდიოდ»); ბეღელი ხომ წმიდა ნაგებობაა, სადაც ჯვარის მკადრე ფეხშიშველა ჩოქით შედის; მასზე უფრო წმიდაა ნაბეღლარი, სადაც არავინ არ შედის. საგანძურის ხილვას თან ახლავს შიშის განცდა, რადგან მხილველი გრძნობს, რომ მას საკრალურ რეალობასთან აქვს საქმე. აქ ჩვენ ვაწყდებით ისეთ ვითარებას, როდესაც შიში, საღვთო შიში, რელიგიური შემეცნების დასაბამია. ცნობილ გერმანელ მისტიკოსს იაკობ ბოემეს ასეთი განსაცდელი ჰქონდა სიჭაბუკეში: სამწყესურში ყოფნისას ის მოულოდნელად აღმოჩნდა გამოქვაბულის წინ, რომელშიც ოქროთი სავსე უზარმაზარი ჭურჭელი იდგა. ამ სახილველმა ისეთი თავზარი დასცა ყმაწვილს, რომ ის უკანმიუხედავად სირბილით გაეცალა იქაურობას. მას შემდეგ გამოქვაბული ღია აღარასოდეს უნახავს (141, 185). გამოქვაბულს მასში დაუნჯებული განძითურთ, მკადრეთა ენით რომ ვთქვათ, საფარველი დაედო. მაგრამ იაკობ ბოემესათვის ეს განუმეორებელი ხილვა მის მომავალ მისტიურ გამოცილებას, ღვთიურ ჭეშმარიტებათა გამოცხადებას მოასწავებდა. მკადრე ჯვარის საიდუმლოს და ჭეშმარიტებას განძის სახით იხილავს, რადგან ჯვარის ჭეშმარიტება მის განძეულობაშია განივთებული. მაგრამ მკადრის გამოცდილებაში ოქრო - ვერცხლი და სხვა განძეულობა - მატერიალური ფასეულობანი, არ არის ერთადერთი რეალობა, რაშიც დაუნჯებულია ჯვარის საკრალურობა. კიდევ უფრო ღრმად, ვიდრე განძი, ინახება მირონი, შეიძლება ითქვას, კულტის უხრწნელი ესენცია, რომლის უნიკალური ანდრეზი დაკავშირებულია ერთადერთ ჯვართან ხევსურეთისა - ხმალას მთავარანგელოზთან, ოდესღაც ბუდე-ხევსურეთის შუაგულთან, სადაც იკაზმებოდა საერთო-სახევსურეთო სალაშქრო დროშა, ვიდრე გუდანის ჯვარი გამოჩნდებოდა ასპარეზზე და აღზევდებოდა. აი, ეს ანდრეზიც იმ სახით, როგორც ის ჩაწერილი აქვს ალ.ოჩიაურს: «...ამ ჴმალაში მდგარ ერთი ძალიან მაღალ ალვის ხე. იმ ალვის ხეს მირონი გამაზდენივ. ამ ალვის ხეს ძირში დარანი ხქონივა-დ’ მაღლა ალვის ხის გვერდზე დიდი ციხეი მდგარ, ალვის ხის ძირი შიგ ამ დარანში ყოფილასა-დ’ ამ დარანს საფარველი ზდებივ. გახუა რო ყოფილ ჴეთაშაური, ის ანგელოზთან წილნაყარ ყოფილა-დ’ იმათთან უვლავ. ერთხან გუდანის ჯვარ მიუყვანავ გახუა ჴმალაშია-დ’ ჩაუხდენავ დარანში. იმ სიღრმე ჩასავალ იყვავ, იცოდისავ გახუამავ, რო ცხრა ფეჴ სანთელივ ჩასაეს დამჭირდაო-დ’ ცხრა ფეჴ სანთელი ამაესასავ. რო ჩავჴედივ, იქაობაივ სანთლებით იყვავ გარაპრაპებუიო- დ’ ათასის რიგის ხთიშვილნ ად-ჩადიოდესაო-დ’ გახქონდივ მირონივ. ალვის ხეს დაჭკდეული ხქონდაო-დ’ იქით გადმადიოდავ მირონივ. ძირშიავ ქოთან ედგაო-დ’ შიგ ეწვეთებოდავ აის მირონივ. ერთ ანგელოზ ედგა თავზედაო-დ’ რომენიც ხთიშვილ მავიდოდავ, მახქონდავ სამირონე ოქროს ბოთლებიო-დ’ ის ანგელოზივ უსხემდივ მირონსაო-დ’ ისტუმრებდავ ყველასავ. ოქროს საწყავი ხქონდა-დ’ იმათ უწყევდავ. მია-დ’ გუდანის ჯვარსაც მაგვცესავ მირონიო-დ’ წამავედითავ. საკვირველ სანახაობა იყვავ იქაობაივ, რო სრუ რაპრაპ იყვაო-დ’ ჴმა ამაუღებლად შად-გადიოდესავ ხთისნასახნივ...» (62, 572). ხმალას სალოცავი და მირონმდინარი ალვის ხე აჩენს თავს მკადრეს თვალწინ, როგორც რელიგიური ცხოვრების შუაგული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მკადრესი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე განძის ხილვაა. ამ დროს მკადრე ჭვრეტს, როგორც მისტიკოსი, რელიგიის დასაბამს - მირონის წყაროს - და ღვთისშვილთა საიდუმლო საქმიანობას მიწის გულში, საიდანაც მათ ამოაქვთ თავ - თავიანთი საყმოებისათვის მირონი, როგორც კულტის მაცოცხლებელი წმიდა ნივთიერება. ანდრეზი ინახავს იმ ხანის ხსოვნას, როდესაც მირონი იყო არა მხოლოდ ნიშანი თუ სიმბოლო კულტისა, არამედ მისი აუცილებელი ელემენტი, რომელიც მონაწილეობდა მნიშვნელოვან საიდუმლო რიტუალებში. ხმალას მირონის ანდრეზი ქრისტიანული ეკლესიის წიაღიდან იღებს დასაბამს. ძნელი არ არის ხმალას მირონმდინარ ალვის ხეში გამოვიცნოთ მცხეთის მირონმდინარი სვეტი, რომელიც იდგა სვეტიცხოვლის პირველ ტაძარში - ქრისტიანული საქართველოს საკრალურ შუაგულში; აქ დუღდა მირონი და აქედან ნაწილდებოდა ის მთელს საქართველოში, როგორც ხმალას მირონი ხევსურეთის სალოცავებში. მირონს, ისევე როგორც თას-განძს, ვხედავთ კულტის გენეზისში, რასაც გვიდასტურებს ერთი ხალხური ლექსი:
ქალაქში სიონ-საყდარი
ბაგრატიონთ ააგესა,
მაღლა ცაში აიყვანეს,
თავს გუმბათი დაადგესა.
ქვეშ მირონი გუბედ დადგა,
ყმაწვილები დანათლესა (100, 13).
როგორც ითქვა, მირონის გამოყენება საყმოს რეალურ საკულტო ცხოვრებაში პრეისტორიას ეკუთვნის, ამიტომ ისტორიულ ხანაში ის იძენს სიმბოლურ მნიშვნელობას, გარდაიქმნება რა ჯვარის განძის სუბლიმურ სახედ. მაგრამ განძის სუბლიმაცია თავის უმაღლეს ზღვარს აღწევს, როცა ის მკადრეს ჯვარის სახით გამოუჩენს თავს. ეს არის ჯვარის ნიშანი, რომელსაც ხევსურულად ეწოდება ხატი. გუდანის ჯვარის მკადრის, გახუა მეგრელაურის სამკადრეო ბიოგრაფიაში ამგვარი გამოცდილება დასტურდება. მომყავს ალ.ოჩიაურის ჩანაწერი: «...გახუა წაუყვანავ ხვთიშვილს გერგეტის თავა-დ’ შაუყვანავ ბეთლემის სახლში. რო შევედივ, თქვისავ გახუამავ, - სავსე იყვავ ის სახლივ ხატებითაო-დ’ თამაშობდესავ. ზოგ ხატებივ ტრედებივით იყვაო-დ’ ირეოდავ ერთმანეთშიავ. იმთვენ იყვავ ხატებივ, რო ბუზვებივით გად-გამადიოდესავ. ერთივ ოქროს აკავან იდგაო-დ’ შიგავ ყმაწვილ იწვავ. ტრედებ დაღბრუნნევდესავ თავზედაო-დ’ იფქლის მარცვლებს აჭმევდესავ. გახუა იქით რო წამასულა, წამოუყვანავ ერთ მფრინავ ხატი. ეს ხატი ნაწილიანი ყოფილ, რო ღამითავ შუქთ უშობდისავ. რო მავიდოდ გახუაი, ხატ თავისთავად წინ მამიძღვებოდისავ, თუ იცოდ გახუამ. ყორის წყალზე რო მავედითავ, იცოდის გახუამ, ბიბინ რაიმ დადგაო-დ’ ხატიც კლდის თავზე შაჯდავ. მავიდესავ ტრედის აღითავ რეებიმაო-დ’ შუქთ კი უტევდესავ. ოქროქსოილ მაიტანესაო-დ’ რომენიც გახუას მახყვებოდ იმ ხატს ჩააცვეს თუად’ გამახყვ გზას. უკან გახუა მახყვებოდ. იქით წამასულთ დღე და ღამ ვიარეთაო-დ’ გათენებისად გუდან მავედითავ.
გუდანის ჯვარის ბეღელასთან რო მივედითავ, ის ბეღელში შავიდაო-დ’ მე კარში დავრჩივ...» (67, 191). მკადრე, ღვთის სულით აყვანილი, მსგავსად ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა თუ ქადაგთა, ჭვრეტს - ეს მისი მისტიური სამკადრეო გამოცდილებაა - ღვთისშვილთა «სამშობლოს», რომელსაც გერგეტის მთაზე ათავსებს თქმულებები: «...პირველად მორიგემ რომ ღვთისშვილნი ზეციდან გადმოუშვნა, მაშინ ისინი გერგეტს დააბინავა, გერგეტის მთის ძირში...» (60, 118). შესანიშნავია მკადრეს სულით მოგზაურობის დიაპაზონი - მიწის სიღრმიდან («ცხრა ფეჴ სანთელივ ჩასაეს დამჭირდაო-დ’ ცხრა ფეჴ სანთელივ ამაესასავ») და წყაროს თავის ბეღლის იმავე სიღრმიდან, თითქოს მიწის გულიდან გერგეტის მთის მწვერვალამდე, სადაც საყმოს ცნობიერება ათავსებს ბეღელს, რადგან «ბეთლემი» ნიშნავს «სახლს პურისას», იმასვე, რასაც ბეღელი. გერგეტის ბეთლემი ის ადგილია, სადაც ხალხური გადმოცემებით უწმიდესი რელიკვიებია დაცული, შეიძლება ითქვას, საფარველდადებული, რათა გარეშემოთა მზერა არ მისწვდეს მათ. ბეთლემში, ხალხის წარმოდგენით, მარხია ქრისტიანული დასაბამიერი სიწმიდენი და საიდუმლოებანი, რომელთა ხილვა მხოლოდ წმიდა ბერებს და მოწმიდარებს თუ შეუძლიათ. აქ არის ქრისტიანული სარწმუნოების, მთელი ქრისტიანული სამყაროს მთავარი განძი. პირველად წერილობით ამ საკრალურ ანდრეზებს ვხვდებით ვახუშტის «აღწერაში»: «...მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალ არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქვაბიდამ, და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა, მდგომს უსვეტოდ, უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველთა. არამედ მე ვდუმებ» (75, 533). უფლის აკვანი და აბრაამის კარავი მეტყველებენ ბეთლემის მნიშვნელობაზე ხალხის შეგნებაში: ისინი ქრისტიანობის დასაბამის სიმბოლოებია. ახლა ცხადია რა აკვანია ხევსურული ანდრეზის «ოქროს აკვანი» და ვინ არის შიგ მწოლარე ყმაწვილი, რომელსაც მტრედები დაჰბრუნავენ თავზე და იფქლის (ბეთლემი ხომ იფქლის ბეღელია) მარცვლებით კვებავენ. ადრე ითქვა, რომ გერგეტის ბეთლემი ხალხურ წარმოდგენაში ჯვარხატების სამშობლოა; ახლა ვიტყვით, რომ ის ღვთისშვილის, ახალი ყრმის, მესიის სამშობლოა. ბეთლემში ერთდროულად ვხედავთ დასაბამს და ამ დასაბამის ნაყოფს აბრაამის კარვისა და უფლის აკვნის სახით, აკვანში მწოლარე ყრმა აბრაამის კარავიდან არის გამოსული, როგორც გვამცნობს ქრისტეს გენეალოგია მათეს მიხედვით («აბრაჰამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ...»). ვახუშტისეულ გადმოცემაში შესანიშნავია ფრაზა «იტყვიან... სხვათაცა საკვირველთა. არამედ მე ვდუმებ». ეს ის სიტყვებია, რომელთაც ამბობს მკადრე, როცა მას სურს თავისი სამსახურის საკრალურობის გამოხატვა; რომ საიდუმლოს ხილვა მოითხოვს დუმილს მხილველისაგან გარკვეულ ჟამამდე, შემდეგ კი გაცხადდება დაფარული. როცა ჯვარი აუშვებს ხელს თავის მკადრეს, აი, მაშინ ეძლევა მას საიდუმლოს გამოცხადების უფლება. ამ მისტიურ გამოცდილებას მკადრესგან თუ შეიტყობს საყმო, მისი გადმოცემის ბუნებრივი ფორმა პირველ პირში მონათხრობია, როგორც გახუა მეგრელაურის მაგალითზე ვხედავთ. გერგეტის ბეთლემი, როგორც საგანძურის სუბლიმური სახე, როგორც კვრივის კვრივი, გამოუჩენს თავის იდუმალ წიაღს მხოლოდ მას, ვინც მოწმიდარობის მაღალ ხარისხს არის მიღწეული: გერგეტის სიმაღლე მოითხოვს ადამიანისაგან ზნეობრივ სიმაღლეს. მოხევურ ანდრეზებში ბეთლემის წიაღის მხილველებად დასახელებულნი არიან წმიდა ბერები და მოწმიდარი მღვდელები: «იოსებ მოხევე, მღვდელი. ესე იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება მისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარსა შინა, კაცთაგან შეუვალსა; და მუნ იხილა კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა...» (11, 210)*«კალმასობის» ავტორს შეცდომა აქვს დაშვებული: ცნობილია და სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობისაა მხოლოდ კარავი აბრაამისა, აკვანი კი მხოლოდ ქრისტესია. თქმულების სხვა ვერსიის მიხედვით, ბეთლემის საიდუმლოებათა მხილველი ყოფილა ვინმე მამუკა ბერი, რომელსაც ბეთლემის წმიდა გიორგი გამოცხადებია და ღირს უყვია იგი თავისი საბრძანებლის სახილველად. მას უნახავს ოქროს აკვანი, მისი მრწეველი მტრედი და კიდევ ისეთი საკვირველი რამ საკურთხეველში, რომლის გამხელის უფლება მას არ ჰქონია (85). ამ სიწმიდეთა ხილვის დასტურად თუ რამე მოაქვთ ამ წმიდა ბერებს, ეს არის ან კარვის ნაჭერი, ან აკვნის ხის ნაწილი, ძღვნად მეფე ერეკლესათვის, როგორც ნაწილი განძისა, წმიდა რელიკვიები (11, 210-1; 129, 111, 66). ამრიგად, ჯვარის განძი, რომელიც სხვადასხვა სახით აჩენს თავს მკადრის წინაშე - ის ხან ოქრო-ვერცხლია, ხან ძვირფასი თვალი, ხან მირონი, ხან ჯვარ-ხატების გამოსახულებანი, ხან ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოები, - დამარხულია დედამიწის ორ, ერთმანეთის საწინააღმდეგო სფეროში - მიწის სიღრმეში და მთის მწვერვალზე; ის ქვესკნელშიაც არის და ცაშიც, ორივეგან მიუწვდომელია გარეშეთათვის; დადებული აქვს საფარველი, რომლის წიაღ მხოლოდ მკადრის თვალი თუ იხედება მისტიური ჭვრეტით. ამ უნარს მკადრე წმიდა ცხოვრებით იპოვებს; სხვანაირად, მკადრე არსებობის იმავე რიგში უნდა იმყოფებოდეს, რაშიც იმყოფება ჯვარის განძი - ეს არის სიწმიდე ანუ გამოცალკევება ყოფითი სინამდვილიდან. მხოლოდ ამ პირობით შეეყრებიან ურთიერთს მკადრე და ჯვარის განძი. მკადრე მიეახლება განძს მოწიწებით, ან ცნობა ეხდება მისი ძლიერი საკრალური «ძაბვის» წინაშე, ან ის გარბის შეშინებული, როგორც ყმაწვილი ბოემე. თუმცა ჩვეულებრივ მკადრე, რომელიც დანიშნულია ჯვარის მიერ მეგანძურად, უნდა იტანდეს განძის მეტაფიზიკურ ძალას: ამ შეძლებას მას ჯვარი უნდა ანიჭებდეს მისი მოწმიდარული ცხოვრების წილ. ან თუ ის მკადრე არ არის და არ გაუვლია მოწმიდარობის განსაცდელი, მაშინ სამეფო შთამომავლობა მას ნებას აძლევს შეეყაროს განძს, რომელსაც საფარველი ეხდება მის წინაშე. თავისი და ქვეყნის ცხოვრების საბედისწერო ჟამს ფარნავაზი მზე - ირმის წყალობით მიაგნებს უხსოვარი დროიდან საფარველდადებულ საგანძურს და მით იხსნის საკუთარ თავს და, რაც მთავარია, ქვეყანასაც (44). ჰეროდოტეს სკვითურ ანდრეზში მხოლოდ უმცროსი ძე მშობლისა, უმრწემესი სამ ძმაში, შეძლებს მიუახლოვდეს და ხელჰყოს ციდან ჩამოცვენილ ოქროს ნივთები, რომელთაც ცეცხლის ძალით განირიდეს ორი ძმა. უმრწმესის, კოლაქსაისის, წინაშე ცეცხლი ჩაქრა და ოქროს ნივთებმა «თავი დაუთმეს» მას; ძმებმა აღიარეს უმრწემესი და მთელი ძალაუფლება მას გადასცეს. მისგან დაიწყო სკვითების სამეფო დინასტია, რომლის საღვთო რელიკვიად ეს ოქროს საგნები გამოცხადდა (ისტორია, IV, 5, 7). როგორც სკვითური თქმულებიდან ჩანს (ამას ჩვენი ანდრეზებიც ადასტურებან), განძი მხოლოდ მას «ნებდება», ვისაც ის იმთავითვე ეკუთვნის ანუ მის კანონიერ მფლობელს - ან მეფედ შობილს, როგორც კოლაქსაისია ან ფარნავაზი; ან ჯვარს, რომელიც მის მოსაპოვებლად გზავნის თავის ამორჩეულ მკადრეს, მოწმიდარს ჯვარისას. არაღირსთა მიმართ განძი აჩენს თავის შინაგან, ემპირიულად გამოუვლენელ ბუნებას, რაც საფარველით არის დაფარული; ამ დროს, როცა მას მპარავი უახლოვდება, განძი ბრიალებს და ამით იცავს თავს; ის ცეცხლს ისვრის, რადგან ცეცხლოვანი ბუნებისაა. ამიტომაც მისი დამარხვის ადგილებში, ხალხის წარმოდგენით, ღამ-ღამობით ცეცხლის ნათების ხილვა შეიძლება (113-ა, 363). ძველ მითოლოგიებში განძს მიჩენილი ჰყავს გველეშაპი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცეცხლისმფრქვეველია და განძის შინაგანი ცეცხლოვანი ბუნების გასაგნებას წარმოადგენს, იმის გამოვლინებას, რაც განძში საშინელია; უფრო სწორად, განძის საშინელი ცეცხლი იღებს გველეშაპის სახეს მომხვდურის წინაშე და მომხვდური უკან იხევს. ჩვენს ანდრეზებში განძის საშიში ბუნება გასაგნებულია ოქროსფერი (ყვითელი) ხბოს სახით, რომელიც რისხვით აბრიალებს თვალებს, ცნობის მიხდამდე აფრთხობს რა თვით ჯვარის მკადრესაც. ანალოგიური წარმოდგენა ცნობილია სლავი ხალხების ფოლკლორიდან: განძი იღებს ცხოველის - ხარის, თხის, ცხენის სახეს, იმ შეფერილობისას, რა ფერისაც არის განძი (თუ ის ოქროა, ცხოველი ყვითელი ფერისაა); განძის თხრის დროს ყვითელი ძაღლი ამოხტება და აშინებს ადამიანს (113-ა, 365-6). არამითოლოგიურ, ყოფით სინამდვილეში გველეშაპი - განძის მოდარაჯე დრაკონი გველის სახეს იღებს; ხთონიური არსება იცავს განძს, რადგან ის მის სამფლობელოშია დამარხული, ხთონიურია. გველისგან დაცულ საგანძურებს ხალხის ცნობიერება ათავსებს ნაციხვარებში, ნასაყდრალებში, ბუხრეულ ადგილებში, სადაც ყოფითი თუ საკულტო ცხოვრება შემწყდარია დიდი ხნის წინათ და, როგორც ვიცით, მათი წარმოსახვითი ან რეალური არსებობა უქმნის ამ ადგილებს სიწმიდეს, კვრივად ხდის მათ. «ის უნჯი სად ინახვება, მხოლოდ უფროსებმა იციან, თითო-ოროლამ. იქ გველი სდარაჯობსკე» (40, 104); «ოქროს გუთნებია იქ ჩალაგებული. ისა თხარეს, ფუძისკარი, რო ვეძახით. «იქ გველი მოგვეჩვენაო», დაანებეს თავი...» (40, 111), - ამბობენ მთიულეთში. ჩვენ ანდრეზებში განძის ძიება, როგორც წესი, ჯვართან არის დაკავშირებული. ჯვარის რჩეული მკადრეები ჯვარის დავალებით მიდიან სახიფათო ექსპედიციაში განძის მოსაპოვებლად, რომელიც დევების საკუთრებაშია; მკადრე დევს გამოჰგლეჯს განძს, როგორც ჯვარმა, ღვთისშვილმა გამოჰგლიჯა ერთ დროს თავისი საყმოსათვის საცხოვრებელი ტერიტორია. ამ გზით მოპოვებული ოქრო-ვერცხლით და ძვირფასი თვლებით ივსება ან ახლად იქმნება ჯვარის საგანძური, რომელიც, როგორც თავის ადგილზე ითქვა, კულტის გულისგულს შეადგენს; განძი ქმნის თავის გარშემო ჯვარის კვრივს, რომელსაც მკადრე თავისი სიწმიდის ძალით უახლოვდება. განძი თავისთან ახლოს უშვებს მკადრეს, რადგან ის ჯვარის მოწმიდარია. მაგრამ ჯვარის განძის (საუბარია ჯვარის ტერიტორიაზე დაცულ განძზე) პარადოქსი ის არის, რომ მისი შინაგანი ცეცხლოვანი ბუნება უძლურია უწმიდური ძალის წინაშე. ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყარ-მთიულეთში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენის თანახმად, მპარავი მანამ ვერ მიეკარება ჯვარის თას-განძს ამოსაღებად, სანამ კატას არ დაკლავს და მის სისხლს არ ასხურებს მას. ალ.ოჩიაურის მასალებში მოიპოვება ამის დასადასტურებლად თავად მპარავის ნაამბობი, აღიარება: «...მანამდინ ახლოს ვერ მიუდეგით ამოსაღებად იმ თას - განძს*იგულისხმება ბაცალიგოს ჯვარის, პირქუშის ჯვარის თას-განძი, მანამ კატა არ დავკალით და სისხლი არ დავასხითო. ასე რომ მივიქეცით, რაღაცამ წივილი წაიღო და ჩვენ ნება მოგვეცა ახლო მისვლისა და განძის ამოღებისაო. მანამდინ კი, რომ მიუახლოვდებოდით, იმ თას-განძიდან ცეცხლი ამოვარდებოდა და ზედ გადმოგვეფინებოდა ალიო და დაწვას გვიპირებდაო» (62, 160).
აქ მოთხრობილი ამბავი ძლიერ გვაგონებს სკვითურ თქმულებას, მთიელი მპარავი და კოლაქსაისის ორი ძმა მსგავს სიტუაციაში არიან მოხვედრილნი: განძი შინაგანი ცეცხლის ჩენით იშორებს მათ, რადგან განძი ვერ შეიცნობს მათში თავის ჭეშმარიტ პატრონს, არამედ ხვდება, რომ ისინი მპარავნი არიან: ხელყოფენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნის დასაბამიდან, შობითგანვე, ან რისი ხელყოფის დასტური ჯვარისაგან არ მიუღიათ. ჩვენი ანდრეზის მპარავნი განძის ხელში ჩაგდების მიზნით მიმართვენ შავ მაგიას - კლავენ უწმიდურ ცხოველს, რათა მისი სისხლით გააუწმიდურონ განძი და მერე ხელყონ. ანალოგიური საშუალება განძის მიგნებისა თუ მოპოვებისა დადასტურებულია გერმანული და სლავური მოდგმის ხალხებშიც: იმ ადგილას, სადაც განძია ჩამარხული, კლავენ შავ თხას ან შავ ქათამს, რაც შემდეგ ხთონიური სულებისადმი მსხვერპლშეწირვად იქნა გააზრებული (113-ა, 373). ჩვენი ანდრეზების მპარავნი კატას უკლავენ არა ქვესკნელის სულებს ან ეშმაკს, არამედ კლავენ მას, როგორც «ანტიმსხვერპლს», რომლის სისხლმაც უნდა წარხოცოს წმიდა საკლავის სისხლი, რითაც განათლულია, როგორც წესი, ჯვარის თას-განძი. მპარავი აქ იყენებს იმ ძველთაძველ საშუალებას, რომელიც მოიშველიეს ლაშარის მუხის მოჭრისას: ზურაბ ერისთავმა მანამ ვერაფერი დააკლო ლაშარის მუხას, სანამ მის ძირში კატა არ დაკლეს და მისი სისხლი არ ასხურეს მის ტანს. მპარავი, რომელიც უწმიდურ ცხოველს, უსურმაგს*უსურმაგი - ცხოველი, რომლის ხორცი არ იჭმევა (ცხენი, ძაღლი, კატა და სხვ.) (87, 410). უსურმაგი რომ არ იჭმევა, სწორედ ამიტომ არ შეიძლება მისი მსხვერპლად შეწირვა. უსურმაგი, როგორც მსხვერპლი, უწმიდურთა მსხვერპლია.. სწირავს მსხვერპლად, ეთიშება თავის საყმოს და ჯვარს. უფრო მეტი: ის მტრობს, უარყოფს ჯვარს, ეზიარება რა ეშმაკეულ ძალას. მან უარი თქვა ადამიანობაზე და დევურ სამსახურში ჩადგა. ჯვარისა და თავის თავში ადამიანურის უარყოფის გარეშე ის ვერ ჩაიგდებს ხელში ჯვარის განძს, ის უსათუოდ დანაშაულებრივი საქციელის ჩამდენი უნდა იყოს. ზოგიერთი ხალხის წარმოდგენით, განძის მოპოვება მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელსაც გარკვეული რაოდენობის კაცისკვლა აქვს ჩადენილი (113-ა, 364), ან სული აქვს ეშმაკისათვის მიყიდული (113-ა, 374). ასეთი ადამიანის ბედი კი ყოველთვის ტრაგიკულია, როგორც მურმანისა, რომელმაც შავი მაგიის გამოყენებით ჩაიგდო ხელში ეთერი, რომელიც აბესალომს ეკუთვნოდა, როგორც ნადირობისას მოპოვებული განძი. თას-განძის მპარავის უკუღმართობა კარგად არის გამოხატული სიტყვებით, რომლითაც ის სახუცო ტექსტებში იხსენიება: «ოქრო-ვერცხლის ჴელუკუღმ გამტანი».
"ოქროს ღილი"
როგორც ჯვარი არის მორიგე ღვთის შვილი და ამიტომაც მას ეწოდება "ღვთისშვილი" (ღვთისნასახი, ღვთისნაბადები), ასევე ყმა არის შვილი თავისი ჯვარისა. გარკვეული აზრით, ყმა ხომ თავისი პატრონის შვილია; ავთანდილი როსტევანის ყმაც არის და შვილიც. შესაძლებელია "ყმა" გულისხმობდეს "შვილსაც", როგორც "ყრმას". შესაძლებელია, საყმოს ენობრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ არ წაშლილა ამ ორი ტერმინის სემანტიური იდენტურობა. აკად. ნ.ბერძენიშივილი ვარაუდობდა, რომ "შვილი", როგორც სოციალური ტერმინი, შესატყვისი უნდა ყოფილიყო "ყმისა", რომელიც, მისი აზრით, გვიან დამკვიდრდა ენაში (15, 124). ამ აზრის დასტური შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ მთის ლექსიკაში ორივე ეს ტერმინი შემონახულია ერთი და იმავე იერარქიული დამოკიდებულებების გამოსახატავად: დამოკიდებული წევრები იერარქიისა გამოხატულია ტერმინებით "შვილი" და "ყმა" ("ღვთის შვილი" და "ჯვარის ყმა"). "მამაშვილურ" ურთიერთობას ჯვარსა და მის ყმას შორის ადასტურებს თავად რიტუალი ჯვარში მიღებისა: საყმოში დაბადებულ დედიშობილა ვაჟს დროშის ქვეშ შეაგორებენ, საიდანაც ის მეორედ იბადება (57, 261). დროშა კი, როგორც ვიცით, ჯვარს განასახიერებს. ვ.ბარდაველიძე ამ რიტუალში სამართლიანად ხედავს ჯვარის მიერ თავის საყმოში დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის მისტერიას (115, 61). როგორც ჩანს, ფიზიკური დაბადება საყმოში საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ყრმა საყმოს სრულუფლებიანი წევრი ანუ ჯვარის ყმა შეიქნას. უფრო მეტი: ფიზიკური შობა შვილის სტატუსსაც არ ანიჭებს შობილს. შატილში ამბობდნენ და ეს ნათქვამი ნებისმიერ საყმოზე ვრცელდება: "კისტან შვილს მიუბარებსავ შვილ ნუ გიქვიანავ, იცოდიან შატილ" (38, №26085). ხატში გაყვანით ყრმა შეიქნება თემის საკუთარი წევრი და თემის სალოცავის ყმა, ოქროს ღილი (106). ამ სიტყვების ავტორი ფშავის სინამდვილეს აგვიწერს. ოქროს ღილი ფშაური ტერმინია, რომლის ხევსურული შესატყვისია ვერცხლის ღილი. ჯვარის დროშის საკადრისებიდან შობილი ოქროს ღილად იწოდება. დროშიდან ის იბადება სრულუფლებიან ყმად, "დროშის ყმად", და მას ამ დროს ჯვარი, მისი "მშობელი" "ღილს" უწოდებს; ის ჯვარისთვის არის "ღილი", რადგან ყმა თითქოს ღილივით უნდა იყოს მიკერებული კალთას შევრდომების ნიშნად. ხოლო ღილი ოქროსია ან ვერცხლის იმ აზრით, რომ ახლადშობილი ყმა ამიერიდან არის ჯვარის განძი, ღვთისშვილის უნჯი ყმა, ისეთივე ძვირფასი საკუთრება, როგორიც მას აქვს ჯვარის საგანძურის (თას-განძის და სხვა "თეთრეულის") სახით. ანალოგია, შესაძლებელია, შორეული მოგვეჩვენოს, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ ინდოეთში უფრო მაღალი ხარისხის მოსაპოვებლად ადამიანი საგანგებო რიტუალის გავლით უბრუნდება საშოს, რათა იქ "ოქროს ემბრიონად" ჩაისახოს. "ოქროს ემბრიონად" გარდაქმნით ადამიანი ოქროს თვისებებს ეზიარება (152, 56). ჯვარის დროშის საშოში ჩასახული ოქროს ღილიც ასევე ნაწილიანი ხდება ჯვარისა, რომლის ნიშანი არის ოქრო. "ფშაველებს თავიანთი თავი ამ ხატების ყმებად მიაჩნიათ, ხატები კი ფშაველებს "ოქროს ღილებად" თვლიან" (51, 184). აქედან ჩანს, რომ საყმოში ორჯერ შობილი ორი მხრიდან არის განსაზღვრული და სახელწოდებული: ყმა გულისხმობს იერარქიულ დამოკიდებულებას პატრონისადმი, რაც უპირატესად გამოხატავს ადამიანის თვალსაზრისს თავის მდგომარეობაზე ამ ურთიერთობაში; ოქროს ღილი კი ის მეტაფორული სახეა, რომლითაც ღვთისშვილს სურს გამოხატოს ეს ურთიერთობა. ამ მეტაფორით განელებულია ის სიმკაცრე, რაც შეიძლება ახლდეს პატრონყმულ დამოკიდებულებას. როცა ღვთისშვილი ამბობს თავის ყმაზე (ქადაგის პირით): "ვერცხლის ღილი მე მყავს აყვანილი, ჩემ კალთას ვაფარებო" (57, 262), ყმა ისმენს პატრონის მზრუნველ ხმას, არა მკაცრს, რადგან ღილი და კალთა მშობლიურ განცდას ბადებენ მასში. ჩვენი მიზანი არ არის ამ მეტაფორის წარმოშობის გარკვევა, მაგრამ უნდა შეინიშნოს, რომ ჩვენ საყმოებს გარეთ, სხვა ტრადიციაში, ერთმანეთის გვერდით გვხვდება ყმა და ოქროს ღილი, რომელიც ამჯერად ყმის სამკაულია. ხალხური ლექსი თამარს ათქმევინებს:
ათასი კაბა ყმა მყავდა, ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა, ვასმევდი ბროლის ჭიქითა.
ვინც კი შემება, შევები ალალითა და ჯიქითა...
აწი თქვენ იცით, მეფენო, ვინც დარჩით ამას იქითა (81, №76).
ცხადი უნდა იყოს, რომ ოქროსღილკაბიან ყმებში თამარის უნჯი საყმო იგულისხმება, რომელსაც ბაგრატიონი დედოფალი ისევე პატრონობს და იცავს მტრებისაგან, როგორც მთის საყმოებს მათი ღვთისშვილი. ხოლო ბაგრატიონი, ჩვენ ვიცით, მოძმეობის კავშირით არის შეკრული მთის ღვთისშვილებთან. "ღილი" მიგვანიშნებს ყმათა თანასწორობას საყმოში, რადგან ის გულისხმობს საერთო კალთას, რომელსაც აკერია ღილები. "ღილი" ემბლემაა თანასწორობისა, რომელსაც გამოხატავს სიტყვა მო-ყმე თავისი მორფოლოგიური აგებულებით: თავსართი "მო-" ატარებს ყმათა შორის თანასწორობის იდეას. ოქროს ღილთა შორის ჯვარი არავის ანიჭებს უპირატესობას (ყველა ღილი ოქროსია), არავის ანებივრებს, არავის ამყოფებს ფუფუნებაში; თუ ვინმეს გამოარჩევს, ეს გამორჩეულობა უფრო ტვირთია და საკმაოდ მძიმეც, ვიდრე პრივილეგია. ჯვარი არ არჩევს ყმებს ქონებრივი ცენზის მიხედვით; რეალური განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის გაქარწყლებულია ჯვარის თვალში. ეს შეგნება ასულდგმულებს საყმოს, რადგან მან იცის, რომ მატერიალური დოვლათი და სულიერი დოვლათი ჯვარის ბოძებულია ყმისათვის იმის პასუხად, რასაც "სამსახურის წაყენებით" ანუ მსხვერპლის შეწირვისას მოითხოვს: "...რასაც წყალობას გეთხოებოდანთ, გამჩენს მორიგეს, დამრიგეს ღმერთს შაახვეწნიდით, წინპირა კაცის მეხვეწურნი კაცსა კას დროს მაუმატიდით, ღონე-ქონეს მაუმატიდით. ველთ ვინ გავიდოდას თქვენის მეხვეწურის ყუდროჩი, ბედსა-დ დავლათს თქვენს ახსენებდას, თქვენ ბედი დავლათი დაახმარიდით, შორს მყოფნ ახლოს დაუხვდიდით, თქვენს კაბის კალთა ჩაუფარიდით, მიწრიელ - ქვეცრიელ დაულაგმიდით, მტერზე, ნადირზე გაუმარჯვიდით..." (56, 19). ნივთიერი დოვლათი, რომელსაც ფლობს ყმა საყმოში, იმ თხოვნის განაღდებაა, ჯვარის შუამდგომლობით მორიგე ღვთისადმი რომ არის მიმართული. ამიტომაც მდიდარ ყმას არა აქვს საფუძველი და უფლება იამაყოს შეძენილი სიმდიდრით. ამგვარი სიამაყის ყოველი გამოვლინება და მისგან გამოწვეული სურვილი გამოცალკევების და გამორჩეულობისა საყმოს სამართლიან გულისწყრომას და უნდობლობას იმსახურებს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საყმოს ერთიანობას. დოვლათიდან, რაც უპირატესად წარმოადგენს პირუტყვს, მადლიერი ყმის მიერ გაიღება მსხვერპლი, როგორც საზღაური მონიჭებულისა, როგორც ნათქვამია ერთ საკულტო სიმღერაში -
ცხვარსაღ უმატე, თევდორე, თუ გინდა რქა-ჯანგიანიო (77, №73).
სადაც რქა-ჯანგიანი ნიშნავს საკუთრივ იმ პირუტყვს, რომელიც საკლავად არის მიყვანილი ჯვარის კარზე. მსხვერპლი მსხვერპლია - ყმისგან შეწირული ერთი ცხვარი თუ ჰეკატომბა თანაბარი ღირებულებისა არის ჯვარისათვის, რადგან ის მოელის თითოეულისაგან თავისი დოვლათის მიხედვით. ჰეკატომბა, რაც «ანდრეზად არ მოდის», ჯვარის წინაშე ამპარტავნობად ჩაითვლება; ჯვარი რისხავს გაბუდაყებულს, ვინც გადადის ჩვეულებრივ ნორმას, გადალახავს დასაზღვრულ (თუ დამსაზღვრელ) ზღურბლს. ჯვარი არ «იხდენს» ისეთ ყმას, რომელიც ცდილობს ქონებრივი უპირატესობა სოციალურ და საკულტო უპირატესობაში გადაზარდოს, ანუ ქონებრივი დოვლათით გამოწვეული პრესტიჟი აქციოს პატივად და საყმოსაგან ზედმეტი პატივი მოითხოვოს. საქციელს, რომელიც მდგომარეობს სიმდიდრის ნიშნით საყმოსაგან გამოცალკევების ტენდენციაში, გაბუდაყება ეწოდება. ეს მთიულური კილოკავის სიტყვაა და ის ამგვარად განიმარტება ეთნოგრაფების მიერ: «...თემი იკვეთდა ისეთ წევრებს საზოგადოებისას, რომელიც ქონების დაგროვებისაკენ მიისწრაფოდა და თემისაგან გამოცალკევებას ცდილობდა. თემი ამას გ ა ბ უ დ ა ყ ე ბ ა ს ეძახდა და გაბუდაყებულს იმით სჯიდა, რომ სრულ იზოლაციაში აქცევდა...» (102, 64). აღნიშნულია, რომ გაბუდაყებულის მოკვეთა საყმოდან არის «თემის შიგნით შექმნილი პრეროგატივების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება» (იქვე), «ასეთ სასჯელს თემი მაშინ მიმართავდა, როდესაც თემის შიგნით ვინმე ეკონომიური თუ სხვა რაიმე უპირატესობის მოპოვებას შეეცდებოდა» (102, 67). როგორც ვხედავთ, გაბუდაყებული თავისივე ნებით ემიჯნება საყმოს, - ოქროს ღილი თავს იგლეჯს ჯვარის კაბიდან, - რასაც საყმო მისი მოკვეთით ადასტურებს. ჯვარის კალთას თავისი ნებით აგლეჯილი ღილი უკვე მოკვეთილია, საყმო მხოლოდ რიტუალურად ადასტურებს ამას. გავეცნოთ ორიოდე სიუჟეტს, რომელიც შექმნილია გაბუდაყების მოტივზე. ფშავში (ჩარგალში), ივრის ფშაველებში (არტანში, არხალში), გუდამაყარში გავრცელებულია თქმულება გამდიდრებულ კაცზე, რომელიც ცხვარ-ძროხას მაღლა მთაში წველის და რძე მილებით დაბლა სოფელში მისდის. საყმოს ცნობიერებაში ასეთი ვითარება ანომალურია; ეს არის უკიდურესი სიმდიდრის ნიშანი და გაიაზრება ჯვრისადმი მტრობად, რისთვისაც გაბუდაყებული პირები ისჯებიან სრული გადაშენებით, საყმოს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მათთვის და ეს ჯვარის დასტურით ხდება. ხმა ღვთისა - ხმა ერისა - ეს ძველი დევიზი აქ სრულ მოქმედებაშია. ეს კარგად ჩანს სულასა და კურდღელას - ჩარგლელ ძმათა ანდრეზში. «...იმ სულა კურდღელათ ხალხი არ უშობავ არაგვის ჭალაზე, არც ფშაველები, არც ჴევსურები... იმ სულა კურდღელათ ისე შაუწუხებავ ხალხი, რო ამდგარა ლუხუმის შვილი, ცაბაურთაში წასულა და წელწად დილას სასოვეთ თავის მაღალზე საპარავის ყელისას ნაბდის ჴლუჩიათ გადაულალავ ხალხი და ღალატით დაუჴოცნებავ ისეები... ხალხი ჩაუსაფრებავ, თავად მეკვლედ მისულა. მიიღეს როგორც დედიძმის შვილი. როცა დაითვრნენ, ადგა და შაატყობინა იმ ხალხსა, დეეცა ეს ორი სოფელი იმ ორ კაცსა. სულაი ახუნის შასამართს მაუკლავ, კურდღელა გამაჰქცევია და ჩარგლის კართ მაუკლავ...» (67, 116). ნიშანდობლივია, რომ გაბუდაყებულ ძმებს ერთობილი სოფელი კლავს, მთელი სოფელი კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ იძულებულია დაარღვიოს ზნეობრივი კანონი - ახალწლის დილას ღალატით დახოცონ ძმები. თუმცა სოფელი უნდა გრძნობდეს ჯვარის დასტურს ამ სისხლიან საქმეში. ჯვარის ნება მათ დაღუპვაში იქიდან ჩანს, რომ სულასა და კურდღელას ნასახლარს ჩარგალში ჯვარი დაეპატრონება. მათი, როგორც ჯვარისაგან შერისხულთა და განწირულთა, ნასახლარი ბუხრეული ხდება. «ჩარგალში ლაშარის ჯვარის ნიშია. სულა-კურდღელათ ეძახიან, იმათ ნაციხვარშია...», «...ისენ დაუჴოციან ლაშარის ჯვარის ყმათა და რაკი იმის ძალით მომჴდარა, მაუკიდებავ იქ კოჭი და ბეღელი დაუარსებავ იქა... ლაშარის ჯვარს მაადიდებს (ჴევისბერი), ლაშარის ჯვარსა და თამარის ჯვარს იქ ბეღლები აქვ...» (67, 122). გადმოცემის თანახმად, გაბუდაყებულებს, რომელთაც მთაში ნაწველი რძე დაბლა სოფელში ჩაუდით, ერთდროულად უსწორდებიან თავ-თავიანთ საყმოში: «როგორც სულა და კურდღელა ჩარგალში, ისე არხალში არხალი ყოფილა, არტანში თაღლაურა... იმ ახალწელს სუყველანი სამგანვე ამოუწყვეტიათ ფშაველებსა...» (67, 116). თუ ჩარგლელი სულა და კურდღელა, არტნელი თაგვა თაღლაურა და არხლელი არხალი საყმოს უპირისპირდებიან თავიანთი გამორჩეული სიმდიდრით, უძილაურთელი ვინმე და გოგოლაურთელი ყარტაულა ჯვართაც აღარ ეპუებიან და «მეტობენ» მათზე. უძილაურთელს დაუტრაბახნია: კოპალას ყმებს წყალი არა აქვთ სასმელად, ჩემი მუშები კი ლუდში ბანაობენო. ჯვარი ასე უსწორდება მას: ქვაბში საკიდლიდან გველი ჩადის, კერძი იწამლება და მის მჭამელს იმსხვერპლებს ყველას; გადარჩება მხოლოდ დედა-შვილი (38, №25606). ასევე იღუპება გოგოლაურთელი ყარტაულა, რომელსაც უთქვამს, ჩემს მამულში უფრო მეტი კაცი მუშაობს, ვიდრე მთავარმოწამეშიო (65, 34-35)*სხვა ვარიანტით, ყარტაულა ცაბაურთელია, რომელიც «მეტობს» მეზობელ საყმოზე, გოგოლაურთის მთავარმოწამეზე (18, №122). როცა დოვლათით გაბუდაყებული საყმოსაგან დამოუკიდებლად გრძნობს თავს, ის ჯვარსაც უარყოფს, როგორც ღვთიურ პატრონს, და დევნის მას. ეს არის გაბუდაყების მწვერვალი, რაც უკიდურეს ინდივიდუალიზმში გამოიხატება. ამ დროს «ღილი» მოწყვეტილია მიწას და ცას და ის არ შეიძლება არ განადგურდეს. გუდამაყარში ასეთი ანდრეზია შემორჩენილი: «...ამ წვერის ანგელოზის სამკვიდრო აქა ყოფილა. სოფლის (იგულისხმება სოფ.გამსი, ზ.კ.) თავზე. ერთი კაცი - მირიანეული გამდიდრებულა ძალიან. ეს ხატი არ იჴდენს თურმე ღორების ყოლას. მივიდნენ ეს ღორები (ხატში), სთხრიან, გადმოთხარეს იქაურობა. ის ძალიან მდიდარი კაცი ყოფილა. ერთ დღეს ორი ქორწილი უნდა ჰქონდეს. ამაიტანა კახეთიდან ღვინოები, მააქვს და გზაში დეეცა დიდი ქარიშხალი, გააფუჭა ყველაფერი. - მაცალე, მე მირიანეული ვარო, კიდევ ვიყიდიო. წავიდა და კიდევ მაიტანა. გზაში აღარა ხიფათი არ მოსვლია. გაამზადა ეს მაყრები. წავიდნენ. ორი ქალი უნდა მაიყვანონ ოჯახში და ქორწილი გადაიხადონ. როცა მოდიან მაყრები და მოჰყავთ ქალები, ისეთი წარღვნა მოვიდა, წამოვიდა მიწა, მოიმზღვლა, მოხვდა და მთელი წაიღო მაყრიონი ნიაღვარმა, ხალხიც, პატარძლებიცა. ის ხატი იმაზე გაჯავრდა, ღორებმა რომ ამოთხარეს. აფრინდა ეს ხატი, ზევით ვლოცულობთ, საგულებელს ეძახიან, იქ დაარსდა. ამ მირიანეულმა გაიგო და იქაც არეკა ღორები. იქიდან აფრინდა (ხატი) და სუ წვერზე ავიდა, ჭალისთავის წვერს. ყამირია, იქეთაც და აქეთაც არავინ გასთიბს. არ აჴსონთ მამა-პაპას, ვერავინ ვერ გასთიბს. იქ ქვებია გათლილი, ნასაყდრალია. იქ ღორები ვეღარ ავიდოდა. იმაზე გაჯავრდა და ამიტომ დაღუპა. როცა ესენი დაუღუპავ, მემრე გამეეცხადა თუ როგორ იქნებოდა და უთხრა მირიანეულს: «გაგერიდე, ზევით წავედი და შამამყევ, მირიანეულო. მიგაყენებ და მოგაყენებ, ქალის ქალზე დაგაყენებო. სუ გაწყვეტილა ის ხალხი; მართლაც ქალის ქალი დამრჩალა, სხვა ნათესავები სუ გაწყვეტილან» (67, 195). ადრე გავეცანით ისეთ ანდრეზებს, სადაც ჯვარი კერაში იფნის ამოსვლით ან სხვა რამ სასწაულით დევნის მოსახლეობას მის ადგილ-სამყოფელიდან, ახლა კი ვხედავთ, რომ თავად ჯვარის ყმა გამოდის ჯვარის მდევნელის როლში; თუ სხვაგან, ჯვარჩენისა და ჯვართ დაარსების ანდრეზებში საკრალური იპყრობს პროფანულ ტერიტორიას, აჩენს რა ადგილ - ადგილ კვრივებს, გუდამაყრულ ანდრეზში მირიანეული კვრივების დალახვით იფართოებს საარსო ტერიტორიას იმ საზღვრამდე, სადამდეც კი ფიზიკურად შესაძლებელია. ინგრევა ჯვარის შენებული, შენდება ადამიანი, მაგრამ თუ ადამიანის აშენებას ზღვარი აქვს დადებული, ჯვარი უსასრულოა და მის წინაშე საბოლოოდ ნადგურდება ადამიანი. მირიანეულის მოდგმა საყმოდან ამოირიცხა (ქალის შთამომავალი, მით უმეტეს, «ქალის ქალი» ვერ აგრძელებს გვარს), გვარმა კი «კოჭის მოკიდებით» გააჩინა ახალი კვრივი, რომელსაც ფიზიკურად ვეღარ მისწვდება ადამიანის ხელი. «ჭალისთავის წვერი», სადაც დევნილმა ხატმა სამკვიდრებელი ადგილი ამოირჩია, ფშავის მთაწმინდათა ანალოგიური მთა არის, აქაც მთელი არემარე მიუკარებელია კაცთაგან («ყამირია, იქეთაც და აქითაც არავინ გასთიბს») და მოსახლეობა აქაც ადასტურებს ნასაყდრალებს, საკულტო ყოფის ნიშნებს. გაბუდაყებულთა აღსასრული ტრაგიზმის მწვერვალს აღწევს, როცა იღუპება ცხრა ძმისაგან შემგარი დიდი ოჯახი. ცხრა კურთხეულობის ნიშანია, მასში ჩადებულია გამრავლების უსაზღვრო პოტენცია. მართლაც, ცხრა ძმა, ცხრა პატარძალი, ცხრა ვაჟი - ეს არის უკვე სოფელი სოფელში. მაგრამ სწორედ აქ მარხია გაბუდაყების თესლი. ცხრას ავბედითი მხარეც აქვს. თუმცა ქორწილში უსურვებენ «ცხრა ვაჟი და ერთი ქალიო» (40, 75), მაგრამ ამ საკრალური და კურთხეული რიცხვით გამოხატული სიმრავლე საბედისწერო ხდება, როცა ცხრა ძმა ემსგავსება იმ ცხრა გამხვივნებულ ანუ გამრავლებულ - გაძლიერებულ ცხრა ძმა დევს, რომელთა უზომო სიმდიდრისა და დაუსაზღვრელი ექსპანსიურობის ნიშანი «ცხრათავიანობაა». ცხრა თავა დევი ჰყოლიყო, ცხრა შვილთ გამზდელი ქალია (67, 151). ცხრაში მარხია გაბუდაყებულთა ბედისწერა: კურთხევა წყევლად იცვლება, როცა ცხრა ძმა უპირისპირდება სოფელს. ისინი უტევენ სოფელს, მის ხარჯზე იფართოვებენ თავიანთ ტერიტორიას; ამით ეთიშებიან სოფელსაც და ჯვარსაც, ურომლისოდაც ისინი ცდილობენ შეადგინონ საკუთარი, ჯვარისაგან დამოუკიდებელი «საყმო». გაბუდაყების, მძლავრობის და სხვათაგან გამორჩეულობის ნიშნად ამ ცხრა ძმას ჰყავს თეთრი ხარები (თუ არ ეყოლათ, თეთრ მიტკალს აცმევენ), რომლითაც ხნავენ თავიანთ ყანას ან ანადგურებენ სოფლის ყანებს. ეს თეთრი ფერი, რომელიც (მსგავსად ცხრისა) შეიძლება კურთხეულობის ნიშანიც კი ყოფილიყო, მათი ავბედითი ნიშანია, და აი, გაბუდაყების მწვერვალზე მყოფთ, მათ ეცხადებათ საბედისწერო სასწაულები - თითქოს ჯვარჩენის ნიშნები, რომლებშიც ისინი ამოიკითხავენ თავიანთ აღსასრულს, სათიბში წყალი ეყინებათ, სახლში რძე, აკვანში ბავშვის შარდი. «რძე გამყარდა, ჩვენი ტაზარი (წესი) ასრულდაო». და ალბათ ჯვარის შეგონებით, რომ ცოდვილიანთა სარჩო-საბადებლით სოფელი არ გაუწმიდურებულიყო, სათითაოდ შედიან გამზადებულ აკლდამაში და ცოცხლად ისამარებენ თავს, სტოვებენ რა ბუხრეული ადგილის ხსოვნას დარჩენილთა თაობებში (40, 100-1; 109-ა, 150, 159; 67, 195-6). სხვა ცხრა ძმა, კვლავ მთიულური ანდრეზის თანახმად, სოფელ გვიდაქეში ციხე - კოშკს აშენებს ბაბილონის გოდლის მშენებელთა კვალზე. «ეხლა ხო გაგისწორდით, საღვთოო!» - შესძახებენ თავიანთ ჯვარს, რის გამოც ჯვარი პირწმინდად გასწყვეტს ცხრა ძმას, რომელიც მთელს სოფელს შეადგენდა. ასე გადაშენებულა გვიდაქეს ერთი მოდგმა (40, 101). ასევე გადაშენებულან ჯაუნარნი ლაკათხევში (მთიულეთი); საღვთოს მეხი დაუკრავს ციხის მშენებელი ცრა ძმისათვის, ჯვართან გასწორებას რომ ესწრაფოდნენ, როცა უთქვამთ - «ერთი შემოვლაღა გვაკლიაო» (109-ა, 192). ასევე ცხრა ძმის «დალევის» ამბავს მოგვითხრობს მიდელაურთა ანდრეზი. ხადაში ერთი სოფელი ეჭირათ გამდიდრებულ-გაბუდაყებულ ცხრა ძმა მიდელაურთ. ერთ-ერთ ძმას დროშითა და ანთებული სანთლით შემოუვლია მთელი ხადისათვის ტერიტორიის დაუფლების მიზნით. ეს საკრალური მოქმედებაა. ასე იქცევა ქადაგი კულტის გენეზისში. როცა ის ხატის წმიდა ტერიტორიას შემოსაზღვრავს. გაბუდაყების გამოვლენაა მიდელაურის მხრივ საკრალურ სფეროში შეჭრა - საკრალური რიტუალის უზურპაცია. (შდრ.ალუდას მიერ კურატის თვითნებურად შეწირვა ჯვარის კარზე)*ეს ისეთივე ცოდვაა, როგორც თვითნებურად, ჯვარის დასტურისა და მოწოდების გარეშე დეკანოზობა. «თავის მოწადინებით დეკანოზად წასვლა ცუდია, დაიღუპება. ხატს თავდიდი კაცი არ უნდა, ჩვენ დაბალი ვართ» (გაგონილია გუდამაყარში, 1982წ.).. მათ დასასჯელად ეს საქციელიც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ანდრეზს კიდევ სხვა დანაშაული აქვს შემონახული. ანდრეზი აგებულია ჩვენთვის ნაცნობ მტრედისა და მონადირის მოტივზე. «...ყოფილა სოფელი და ცხრა ძმანი ყოფილან და ერთი მონადირე ყოფილა. და წავიდა ეს მონადირე და საღამოს მოიდა და იარაღი აიყარა და დაჰკიდა ბოძზე... ჰოდა, ჩამაცვივნილა ის იარაღი, კიდევ დაუკიდნია, ჩამაცვივნილა და მამას უთქვია, რო სად იყავ, შვილო, დღეს სად იარეო? სადა, რა ნახეო და - არაფერი არ მოუტანია - და ბეგოთ ხატის ტყეში ვიყავიო და მტრედს ვესროლეო, დავჭერ ფრთაშიო და წავიდა ისიო. გაგიწყრა ღმერთიო, ბეგოთ საღვთო დაგიჭრიაო...» (გაგონილია ხადაში, იხ.აგრეთვე 40, 51). ჯვართ დაარსების ანდრეზში მონადირეს მოჰყავს მტრედი - თუმცა არც კი იცის, რომ ის ჯვარის ნიშანია - თავის საყმოში და თავისდა უნებურად სალოცავის დაარსების მონაწილე ხდება. აქ მონადირე არ მოქმედებს, როგორც მონადირე - ის არ ნადირობს, თუმცა წმიდა «ნანადირევით» ბრუნდება უკან. მიდელაურის ტრაგიკულ ანდრეზში კი მონადირე ცდილობს იმ ფრინვლის მონადირებას, რომელზედაც არ ნადირობენ. ის შეეყრება მტრედს (ეს მისი ბედისწერაა!), მაგრამ ვერ შეიცნობს მასში ხატის წმიდა ფრინველს (ესეც მისი და მისი ძმების ბედისწერაა!) და დასჭრის მას. ეს საბედისწერო გასროლა მიდელაურთა დაქცევის ნიშანია. ჯვარი მათივე საკუთარი ხელით უსწორდება გაბუდაყებულ ყმებს. მეტისმეტი სიმდიდრე არ არის გაბუდაყების ერთადერთი მიზეზი. ხშირად ხდება, ოქროს ღილს ავიწყდება, რომ მატერიალური დოვლათი, რომელსაც ის ფლობს, ჯვარის მინიჭებულია, როგორც ნადირთ პატრონის ნაწყალობები მისი კერძი ნანადირევი. მაგრამ საყმოში შევხვდებით ისეთ ყმასაც, რომელსაც არ ახსოვს, რომ ჯვარის კალთაზეა დაკერებული და მისი დავლათით (ხარიზმით) აღწევს ყველაფერს, რასაც აღწევს. ცაბაურთის საყმოში შემორჩენილია ამბავი მთავარანგელოზის ხევისბრის, გამახარე ხოხორდაულის სასწაულებრივი გადარჩენისა (ეს ხევისბერი ერთ - ერთი ცხრა გაბუდაყებულ ძმათაგანია). ჩვენ ეს ანდრეზი ვახსენეთ, როცა საუბარი იყო ჯვარის ძირითად სიწმიდეებზე. ახალწლის დილას ხევისბერი, რომელსაც ხელში დროშა და თასი (სხვა ვარიანტით: დროშა და წილობები, რომლებიც ჯვარში, ბეღლის კარზე უნდა მიეტანა ხევისბერს, როგორც ახალი წლის მეკვლეს) ეჭირა, გამოიტაცა ზვავმა და უვნებლად ჩამოსვა სოფლის ახლოს, მზილას, სადაც ახლა კვრივია. ცხადია, დროშაც და თასიც და თავად ხევისბერიც ჯვარის საკუთრებაა, მისი უნჯი, როგორც ოქროს ღილი. მაგრამ ხევისბერი უფრო მეტია ჯვარისათვის, ვიდრე რიგითი ოქროს ღილი. თუ რიგითი ყმა ჯვარის უნჯია, ხევისბერი, როგორც მისი დაჭერილი, მისი უნჯის უნჯია. ამიტომაც ჯვარი დაიცავდა განსაცდელში თავის უნჯის უნჯს და წმიდა საგნებს, რომლებიც ხელთ ეპყრა მას. ეს იცოდა ხევისბერმა ხოხორდაულმა, როცა ჯვარი ახსენა და ერთადერთმა ჯვარიონიდან გაბედულად დადგა ფეხი საზვავე ადგილზე. ის გადარჩა ჯვარის დავლათის ძალით, მაგრამ სამშვიდობოს ჩასულმა ეს სასწაულებრივი ხსნა საკუთარ თავს მიაწერა და დაამადლა მთავარანგელოზს: «მთავარანგელოზო, ჩემმა დავლათმა გიშველა, თორო დროშაც დაგეკარგებოდა, თასნიც და ჴევისბერიც მოგიკვდებოდაო» (65, 228). ასეთი სულისკვეთება უნდა ამოიძირკვოს საყმოდან მის მატარებელ პიროვნებასთან ერთად, მით უმეტეს, თუ ის ხევისბერია და არა რიგითი ოქროს ღილი, კულტის მსახური, რომელიც წარმართავს საყმოს რელიგიურ შეგნებას და ცხოვრებას. ანდრეზის ერთი ვარიანტით, ხევისბერს მის ძმებთან ერთად, რომელთა დაღუპვა («დალევა») დაუპირებია მათ ჯვარს, ცაბაურთის მთავარანგელოზს ლაშარის ჯვარი, როგორც ფშავის ღვთისშვილთა თავი, გამოსარჩლებია და ერთი კოჭლი მჭედელი მიუცია მათ გამოსასყიდად. ასე მოაშორა ისინი იმ ჯვარს და საყმოს, სადაც გაბუდაყდნენ. სხვა ტრადიციით, და ეს უფრო დამახასიათებელია, ცაბაურთის ჯვარი ღუპავს თავის გადიდგულებულ მსახურს.
დავლათი
ხოხორდაულის ამბავი ადასტურებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებს: «...ფშაველს ზოგი კაცი ზოგ ხატზე იღბლიანი ჰგონია» (33, 12). ეს აზრი, რომელიც ალბათ რაღაც რეალურ გამოცდილებას ემყარება, აქა-იქ ბჟუტავს საყმოს ცნობიერებაში. ზოგ პიროვნებას თავის სახელოვან მომავალს საკუთარი დავლათის ცოცხალი განცდა აწინასწარმეტყველებს. ანდრეზად შემორჩენილია ლაშარის ჯვარის ხევისბერის, გარა თურმანაულის ჩვენება, რომელიც მას სიყმაწვილეში არაერთხელ უნახავს: ნისლა ხარი ერკინება წითელ ხარს და ამ შერკინებაში ყოველთვის წითელი ხარი გამოდის გამარჯვებული. ნისლაში ლაშარის ჯვარის დავლათია განსახიერებული, ხოლო წითელი გარას განცდაში მისი დავლათის განსახიერებაა (19, №121). როგორ ხდება, რომ ლაშარის ჯვარის დავლათს მის ყმის დავლათი სძალავს? ლაშარის ჯვარი ხომ «ზოგი» ჯვარი არ არის? თუმცა არც გარა თურმანაულია უბრალო ყმა, მაგრამ ის მაინც ყმაა. და მაინც მისი მომავალი ამ ჩვენებამ თუ განცდამ გადაწყვიტა. აქედან იწყება მისი გაბუდაყება, რომლითაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების ყოველი გადამწყვეტი წუთი. ამ წუთებში გაბედვის გარეშე, როცა ის ენდობოდა თავის დავლათს, გარა ვერ მიაღწევდა მისაღწევს, რომ არ განეცადა თავის თავში წითელი ხარის ძალა, რომელიც მის ყმაწვილურ ოცნებაში თავის დავლათად ესახებოდა. მაგრამ მიუხედავად ამ გაბუდაყებისა და თავის თავზე უზომო წარმოდგენისა, რასაც ამართლებდა კიდეც, გარას აღსასრული არ ყოფილა ტრაგიკული; მან ღრმა და ბრძნულ სიბერემდე მიაღწია - ლაშარის ჯვარი თავის ნებას აცხადებდა მისი პირით. ლაშარის ჯვარს არ დაუსჯია თავისი ყმა ჯვართან გატოლებაზე ოცნებისათვის. ეს გამონაკლისი შემთხვევაა გაბუდაყებულთა ისტორიაში. ამის მიზეზს მივხვდებით, თუ გავითვალისწინებთ გარას წარმომავლობას და იმ იმედებს, რასაც საბედისწერო განსაცდელში მის შობაზე ამყარებდა საყმო. გარა თურმანაულთა გვარს ეკუთვნოდა, ხოლო თურმანაულნი შეადგენენ გოგოლაურთა საყმოს ერთ - ერთ გვარს. თურმანაულთა საგვარეულოს სახელოვანი, შეიძლება ითქვას, დავლათიანი წარსული აქვს. მისმა ეპონიმმა - თურმანმა, რომელიც, ანდრეზის თანახმად, ბატონის უსამართლობას გამოქცევია ბარიდან, დააარსა როშკა - ქმოსტის საყმო ხევისბერეთში და ჯვარიც «აღმოუჩინა» მას. ის, როგორც მონადირე, ჯვარჩ ენის მხილველი შეიქნა ჭიუხებში და ჯვარი, მტრედის აღით გამოცხადებული, მოჰგვარა საყმოს (38, №25434). ეს იყო მისი დავლათი, რომელიც გადადის მის შთამომავლებში, როგორც საკუთრება, და ეს ხდება ამ გვარის გაბუდაყების საფუძველი. როგორც გარა არის გაბუდაყებული თურმანაულთ საგვარეულოდან, ასევე თურმანაულთა საგვარეულოა გაბუდაყებული გოგოლაურთა საყმოში, რომელიც თავის მხრივ, გაბუდაყებულია მთელს ფშავის ხევში, ლაშარის ჯვარის თორმეტ საყმოში. ჩვენ კი ვიცით, რომ ჯვარი და საყმო არ «ხდენილობენ» გაბუდაყებას, ამიტომაც ჯვარმა სამგზის მიიყვანა ცალკე თურმანაულნი, ცალკე გოგოლაურნი «დალევამდე» (მიზეზად ანდრეზი წმიდობის დაუცველობას ასახელებს). საყმო «ილეოდა», მაგრამ რაღაც სასწაულით კვლავ აღორძინდებოდა. ანდრეზი მოგვითხრობს, რომ თურმანაულნი ჯვარმა ერთ კაცზე დაიყვანა, ოთხმოცი წლის ბერიკაცზე, რომელსაც სხვა გვარის წარმომადგენლებმა მათდამი გაწეული სიკეთის საზღაურად თავიანთი ქალი შერთეს. თურმანაულები მესამედ აღორძინდნენ, კვლავ გამრავლდნენ და იმ ბერიკაცისგან მესამე თაობაში იშვა გარა (65, 300), აშკარად გამოხატული გაბუდაყების ნიშნებით. სხვა გადმოცემის თანახმად, რაღაც დანაშაულისათვის ფშავის თერთმეტმა თემმა გოგოლაურებს ჩაქოლვა გადაუწყვიტა; მოაქუჩეს კიდეც საქოლავი ქვა, რომ დღეობა დღეს ყველანი ერთად ჩაექოლათ. ამ საქმეში მთელი პასუხისმგებლობა გარას ეკისრებოდა, როგორც განსაკუთრებული მეტობის გამომჩენს საგოგოლაუროში. («მეტობას აკეთებს, თავს წავიდა» - ასე ხასიათდება მთხრობლის სიტყვებით მისი ქცევა). პირველი დარტყმა მას უნდა მიეღო, მაგრამ გარამ თავის გვარისა და გოგოლაურთის სხვა ყმებთან ერთად გასტეხა მაისტი, ქისტების გაუტეხელი ციხე, რაც ქაჯავეთის გატეხას ედრებოდა, და გამორეკა იქიდან უთვალავი ცხვარ - ძროხა ლაშარის ჯვარისაკენ, რომ წესისამებრ ჯვარისათვის შეეწირათ ნათავარი და მერე გაენაწილებინათ ნადავლი. გარას და თურმანაულებს და, საერთოდ, გოგოლაურებს, ეს ქმედება დავლათში ჩაეთვალათ და ხევისბერებმა აპატიეს გარას და მერე გოგოლაურებს დანაშაული: «რაკი მაისტი გატეხაო, - უთქვამს მათურის ხევისბერს, - გოგოლაურს მე კი ვირიგებო, დანარჩენ თემებმა თავად იციანო» და გატყდა. ვერცაღა სხვა თემებმა ქნეს» (38, №25451). შესანიშნავია, რომ მაისტის გატეხა პროვოცირებული იყო ლაშარის თავხევისბერის მიერ მისდა უნებურად, რომელსაც გარასთვის, ჯერ კიდევ პირტიტველა ყრმისთვის უთქვამს - «აქაო, რა დიდი გულითა ხარო, რა მაისტის ცხვარ-ძროხა მამიტანეო» (იქვე). ამ სიტყვებმა აანთო გარას სული, გაახელა «წითელი ხარი» და, როგორც თქმულება გადმოგვცემს, თხუთმეტი წლის ჭაბუკმა ხელი დაავლო ლაშარის ჯვარის დროშას, არაგვისაკენ დაეშვა, სამგზის იბანა არაგვში და დროშაც გაბანა. მერე ჯვარში ავიდა და ხალხს გამოუცხადა: ქისტეთს მივდივარ, მაისტი უნდა გავტეხოო (38, №25457). ეს სრულიად დაუშვებელი საქციელი იყო - ხევისბერის ფუნქციის უზურპაცია, დროშის ხელყოფა (კვლავ გავიხსენოთ ალუდა ქეთელაურის ანალოგიური ქმედება). მაგრამ გარა არ ისჯება; მან თავისი დავლათით გაამართლა, რაც გაბედა: დროშით ხელში, როგორც ხევისბერმა და მეომარმა, გატეხა მაისტი. თუმცა გარა გამონაკლისია, მისი გაბედვა არ არის ანდრეზად დადებული; მის საქციელს ვერავინ გაიმეორებს დაუსჯელად.
გარას საქციელის ანდრეზად ამღებს იგივე ჩვენება უნდა ჰქონოდა, რაც გარას; ეხილა ჯვართან მორკინალი საკუთარი დავლათი, ან რაღაც სხვა ნიშანი გამოცხადებოდა, რაც გააბედვინებდა. ტრადიციულ საზოგადოებაში წინაპრის საქციელი მაგალითია, რომლის მიხედვით უნდა იქცეოდეს შთამომავლობა. რას ვიტყვით გარა თურმანაულზე? გარა, ცხადია, ანდრეზის გმირია, მაგრამ ის სრულებით არ არის ანდრეზული, მასში არის რაღაც განსაკუთრებული, განუმეორებელი, რაც გამოარჩევს მას იმ წინაპრისაგან, რომელთა ქცევანი საფუძვლად უდევს შთამომავალთა ქცევებს. გარას შათამომავალი ხევისბერი ვერ დაიწყებს თავის საკულტო მოღვაწეობას იმგვარადვე, როგორც დაიწყო გარამ - თვითნებურად ვერ დაავლებს ხელს ჯვარის უწმიდეს საგანს, და ვერ გამოაცხადებს თავს საკუთარი ნებით ხევისბრად. ასეთი საქციელის გამბედავს უნდა ესმოდეს დავლათის ხმა, როგორც ხმა ჯვარისა, და ალბათ მაშინ შეიძლება ხევისბრად დადგომის ტრადიციული წესისგან გადახვევა. ასე ხდება მაშინ, როცა დგება ამის გარდაუვალი აუცილებლობა, როცა სხვა გზა არ ჩანს; როცა არ ჩანს კაცი, რომელიც გაბედავს გაუტეხავი ციხის გატეხას, რომ საყმოს ოცნება აღასრულოს. ამის საკუთარი ნებით, საყმოს დასტურის გარეშე აღმსრულებელი ხარიზმატული (დავლათიანი) პიროვნება უნდა იყოს; მასზე უნდა გადმოვიდეს ხარიზმა - მადლი, რაც სრულიად ნორჩ ასაკში აუცილებელი, ტრადიციულად მიმდინარე რიტუალთა გვერდის ავლით შეაძლებნებს ხევისბრობას და საყმოს წინამძღოლობას. დავლათიანი გარა უპირისპირდება ტრადიციას, მაგრამ ის, შესაძლოა, ახალ ტრადიციას უყრიდეს საფუძველს. გარას უპირატესობა ის არის, რომ გარა საყმოს გენეზისში იბადება, დალევამდე მიყვანილი საყმოს ხელახალ გენეზისში. იქ არის მისი ფესვი. ის ბებრის შვილია, როგორც ზამთრის დალეული მზის შვილი, რომელიც თავის დროზე დაუვალ მზედ იქცევა. აღმავალი ძალა ჩანს მის პიროვნებაში, მის რწმენაში და იმედში დავლათისადმი. მაგრამ გარაში არ არის პიროვნული ინდივიდუალიზმი, რასაც ებრძვის ჯვარი და საყმო. გარა იქცევა ისე, როგორც სჭირდება საყმოს თავის არსებობის გადამწყვეტ ჟამს, სიკვდილ - სიცოცხლის ზღურბლზე. გარას ინდივიდუალიზმში განახლებული და აღორძინებული საყმოს ინდივიდუალიზმია, რითაც ის უცხო საზოგადოებებს უპირისპირდება. ასეთ დროს საყმოს სულიერი ძალები, რწმენა, იმედი, დავლათიან პიროვნებაშია დაუნჯებული. უნდა ითქვას, რომ გარა აფუძნებს თავის პიროვნულ ანდრეზს, რომელსაც შეიძლება ერთეულები მიჰყვნენ საყმოს ისტორიის გადამწყვეტ განსაცდელებში. მაგრამ მისი საქციელი ვერ დამკვიდრდება საყოველთაო წესად. ნიშანდობლივია, რომ გარას დავლათი მისი სიკვდილის შემდეგაც ეტოქება ლაშარის ჯვარის დავლათს. ასეთი თქმულებაა დარჩ ენილი: გარა რომ მომკვდარა, მისიანებს ვეღარ გაუმარჯვნიათ ერთხანს. მერე ლაშარის ჯვარს მეენის პირით გამოუცხადებია: გარა ამოეთხარათ, მარჯვენა ბეჭი აეთალათ და ლაშარის დროშისათვის შეებათ. ასეც მოქცეულან - შეუბამთ დროშაზე და კიდეც გაუმარჯვნიათ (38, №25458). პიროვნებანი, რომლებიც მკვეთრად გამოხატული დავლათით არიან აღძრულნი, მწვერვალებივით ჩანან საყმოში. ისინი დავლათის მეოხებით არიან ატყორცნილნი ოქროს ღილის ჩვეულებრივი, ყოფითი დონიდან. მწვერვალზე ყოფნა განსაცდელია და დავლათის პარადოქსი ის არის, რომ დავლათი კაცისა ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს განსაცდელში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, როცა კაცის არსებობა ბეწვზე ჰკიდია. აი, ამ დროს იჩენს თავს დავლათი, როგორც სასწაული. როგორც ჯვარი ეცხადება მკადრეს გადამწყვეტ ვითარებაში, ასევე გამოუქროლებს დავლათი კაცს ცდაში, განსაცდელში და მაშინ მიხვდება კაცი, რომ ის დავლათიანი ყოფილა. ჩვეულებრივ, წყნარ «ამინდში» დავლათი არ ჩანს, მას თითქოს საფარველი აქვს დადებული. ფშავ - ხევსურული დავლათი იმავე ტიპის მოვლენაა, როგორც არის ისლანდიური ჰამინგჯა, რომელიც ხშირად იხსენიება ისლანდიურ საგებში, როცა კონუნგის გაბედულ ნაბიჯზეა საუბარი. აი, როგორ განმარტავს ამ ცნებას ა.გურევიჩი: «მეფეთა საგებში იღბალი (удача), ბედი - არის თვისება, რომელიც, პირველ ყოვლისა კონუნგს, ბელადს მიეწერება. საზოგადოდ, რაც უფრო წარჩინებული და კეთილშობილია კაცი, მით უფრო მეტი იღბლის მქონეა ის, მით უფრო ადვილად იხვეჭს გამარჯვებას და სიმდიდრეს... ყოველი კონუნგი ფლობს თავის საკუთარ «იღბალს», «ნაწილს» (доля), ამავე დროს ის ყველა თავისი წინაპრის იღბლის მემკვიდრეა...» (120, 55). «იღბალი ვლინდება ადამიანის მოქმედებებში, ამიტომ აქტიური, უყოყმანო მოქმედება მისი საქციელის იმპერატივია. ყოყმანი და ზედმეტი განსჯა შეფასებულია, როგორც იღბლის უქონლობის ნიშანი. ამას გარდა, და ეს არსებითია, იღბლის კატეგორიის გაგებისათვის სკანდინაველებთან, იღბალი არ წარმოადგენს ინდივიდის ისეთ განუშორებელ და მარად თანმხლებ თვისებას, რომ ის არ საჭიროებდეს განმტკიცებას და სისტემატურ გამოცდას მოქმედებაში. იღბლის ხარისხზე, მის ხასიათზეა დამოკიდებული ადამიანის ქცევის სასიკეთო ბოლო, მაგრამ მხოლოდ მორალური და ფიზიკური ძალების მუდმივი დაძაბვით შეუძლია მას მიაღწიოს თავისი იღბლის ცხადყოფას...» (120, 52-3). აქ თქმული სავსებით გამოხატავს დავლათის ცნებას; ამავე დროს, დავლათის ცნება არის ის სასინჯი ქვა, რომელიც ამხელს ძირეულ განსხვავებას ძველ სკანდინავიურ საზოგადებასა და ჩვენს საყმოებს შორის. სკანდინავური დავლათი მხოლოდ კონუნგთა და წარჩინებულთა თვისებაა, უბრალო მოკვდავს, რიგით მებრძოლს ის არ შეიძლება ჰქონდეს. თავის გენეზისში კონუნგობა სწორედ დავლათზეა დამოკიდებული. მას მოაქვს ადამიანისთვის წარჩინება და მეფობა, ხალხის წინამძღოლობა. ჩვენ საყმოში, რამდენადაც ჯვარმა მოყმენი ოქროს ღილად შობით გაათანასწორა ერთმანეთთან, ყოველი მათგანი პოტენციურად ატარებს დავლათიანობის შესაძლებლობას. ყველა შეიძლება იყოს დავლათიანი - რიგითი ყმაც და მეფე ერეკლეც, ღვთისშვილის მოძმე, თუნდაც ერთხელ თავის სიცოცხლეში გამოავლენს რიგითი მოყმე დავლათს და ეს ყოფნის მას სახელისთვის: «ჭაბუკათ ჩაჩაურასა დავლათ დააჯდა მჴარზედა...» მეფის დავლათი მართლაც გრანდიოზულია თავისი მასშტაბითა და ძალით, მაგრამ მაინც დავლათია - ზეადამიანურის შემოჭრა მოკვდავის დასაზღვრულ სიცოცხლეში და შესაძლებლობებში, როცა ღვთიური გაარღვევს ადამიანური შეზღუდულობის ფარგლებს. «ერეკლე ბატონიშვილი ღვთისგან ას დავლათიანი», ამბობს სიმღერა. ჭაბუკათ ჩაჩაურას ან ვინმე უთურგათ გიორგის დავლათი («არდოტს უთურგის გიორგი, გიქრის დავლათის ქარიო», 88,№100), თუმცა ვიწროდ შემოსაზღვრულ ასპარეზზე, სადღაც მიყრუებულ ხევში ვლინდება, მაგრამ თავისი არსით ის სრულიადაც არ განსხვავდება მეფური დავლათისაგან. დავლათმა შეიძლება ყველას გამოუქროლოს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მოყმე მოქმედებს, ხოლო მისი მოქმედება ბრძოლაა ანუ ცდა. ეს არის მისი მნიშვნელოვანი საქმიანობა, სადაც თავს იჩენს მისი ეგზისტენცია. მოყმის დავლათი თავს ვერ იჩენს მშვიდობიანი შრომის დროს, განსხვავებით ბიბლიური იოსებისა, რომელსაც თავის ეგვიპტელი ბატონის სახლში «ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული» (დაბ.39, 2). შესანიშნავია, რომ საყმოს ენაზე ბრძოლას ეწოდება ცდა, სადაც მოყმე ცდის თავს, სადაც უნდა განიცადოს დავლათის ქროლვა, რომლის მოლოდინი არასოდეს სტოვებს მას. ამ მოლოდინით ელის ის ჟამს, როდის ჩაებმება ცდაში და სწუხს მთელი არსებით, როცა არ ეძლევა ცდის საშუალება: ბრალია მინდიაისად, ხან რო არ ექნა ცდისაო (88, №103). ის სიზმრად ხედავს ცდას და მოუთმენლად ელის გათენებას, რომ არ გაუშვას ხელიდან ცდა, რომელიც მისი დავლათის საუნჯეა: კლდის ძირში დაძინებულსა სიზმარ უნახავს ცდისაო, მეელის გათენებასა, მასვლა უხარის მზისაო (88, №193). მაგრამ მოყმემ ისიც იცის, რომ ცდაში მხოლოდ თავგანწირვისას მოდის დავლათი, რომელსაც სიკვდილის სუნთქვა მოაქვს თან; ის თავს იჩენს ისეთ განსაცდელში, სადაც მოყმე სიკვდილ - სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ გადარჩენაზე არ უნდა ფიქრობდეს, რადგან «ჭკვიანს» გაურბის დავლათი; მისი ფესვი ირაციონალურშია. ის ზენა სამყაროდან არის მოფრენილი და, როგორც ჯვარის მტრედი, მხარზე აჯდება მოყმეს, რომ თავისი უხილავი ფრთის შეხებით ერთი წამით მაინც ასწიოს წუთისოფლიდან და მარადიულობას აზიაროს. ვაჟა-ფშაველას ლექსში «მარტოობა», რომლის დასაწყისი სიტყვებია «აღარ მესტუმრა არწივი», გვეცნაურება ხალხური წარმოდგენა დავლათის ბუნებაზე, თუმცა ხალხურ პოეზიაში ვერსად დავადასტურებთ, რომ დავლათი ფრთოსანი არწივი იყოს. ალბათ ეს ვაჟას პირადი წარმოსახვის ნაყოფია. ამასთანავე ისიც შესანიშნავია, რომ დავლათი ბრძოლის ველიდან მის ლექსში შთაგონებისა და შემოქმედების (ამ სიტყვის ფართო აზრით) ასპარეზზეა გადანაცვლებული. პოეტი ეძახის არწივს, როგორც მკადრეს შეეძლო მიემართა ჯვარის მაცნისათვის:
მოდი, არწივო, სადა ხარ? შორითვე გიცნობ ხმაზედა.
შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ, გამოვიცვლები წამზედა;
მყის ვტოვებ დედამიწასა, გადავსახლდები ცაზედა.
ხან ფანდურს შავაჟღარუნებ, ხან დავამღერებ თარზედა.
ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ, ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა.
როცა არწივი თან მახლავს, მიზის მარჯვენა მხარზედა, -
მეფისა მადგა გვირგვინი, ვზივარ სამეფო ტახტზედა!
შეურაცხყოფას ვინ მკადრებს? სალამს მიძღვნიან ცდაზედა.
როცა არწივი წამივა, ჩვარი ვარ მცირე ჩვარზედა.
დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ, არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.
პოეტი საკუთარ ცდაში განიცდის დავლათის მიმოქცევას; ამ მიმოქცევაში, რომელიც ედარება ზღვის რიტმს, გადის მისი ცხოვრება. ზოგჯერ ეს შინაგანი ცდა სივრცულ - დროჟამულ გამოხატულებას პოულობს მთა - ბარისა და გაზაფხულ - ზამთრის მონაცვლეობაში (42). მთა და გაზაფხული განცდილია, როგორც სულიერი აღზევების და შთაგონების დრო და ადგილი; ამ დროს და აქ დავლათის ფრინველი არწივი აღწევს თავის მწვერვალს. ხოლო ბარი და ზამთარი დაცემაა, მიწიერ ტყვეობაში ყოფნა, როცა არწივი უჩინარდება; შესაძლებელია, სამუდამოდ გაუჩინარდეს. დავლათი ტრაგიკული ფენომენია. დავლათის გაუჩინარების, მისგან განწირულობის მუდმივ საფრთხეში გადის დავლათიანის ცხოვრება, რომელიც მთავრდება ტრაგიკულად, რადგან დავლათმა არ შეიძლება არ გასწიროს, ან არ დააყენოს გაბუდაყების გზაზე და დაღუპოს. ან ის ვერ აიტანს დავლათის განცდას და გაბედითებამდე მიდის, რადგან ადამიანის ბუნება შეზღუდულია და ვერ უძლებს დავლათის უსასრულობას, თუმცა მისი მოქმედების დრო წამისყოფაშია მოქცეული. აი, თორღვა, რომლის დავლათიანობის ამომწურავ დახასიათებას იძლევა მასზე შექმნილი ხალხური ლექსები და პროზაული გადმოცემები.
ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო, ამაეს ამაიყოლა ნავთი და ნაკვერცხალიო.
იორში ამაიჩქვიფა, შორით ვინ უგა თვალიო. დიდებულობა დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო.
მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნალიო...
ობლობაში იმალება მისი განსაკუთრებულობა, მისი დავლათი. ეს ძველი ხალხური წარმოდგენაა - ობლებად დაიზარდნენ ამირანი და ძმანი მისნი, ობოლი იყო ფარნავაზი, რომელიც შემდეგ დიდებას ეწია თავისი დავლათით, ობოლია ზღაპრის ბევრი გმირი, რომელიც საბოლოოდ ხელმწიფებას აღწევს. მაგრამ თორღვას ობლობა ფარავს მის წარმოშობას ბაგრატიონისაგან (გადმოცემით, ის ალექსანდრეს თუ რომელიღაც ბატონიშვილის ნაბიჭვარი ყოფილა); ამათგან გამოჰყოლია მას, როგორც ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში ჩანს, საგვარეულო დიდებულების ნიშნები, რომელთა შესახებ ქრისტოფორე კასტელი ლაპარაკობს თავისი ნახატების მინაწერებში (41, №3, №9). ეს არის საიდუმლო დაღი, რომელიც მშობელი დედის გარდა არავის არ უნდა ეხილა; მაგრამ ვიღაცამ თვალი მოჰკრა («ვინ უგა თვალიო»), როცა ნაბანავები თორღვა ივრის წყლიდან დედაშობილა ამოდიოდა. თუ ადრე «ხთისაგან დავლათიან» თორღვას ტყვია არ ეკარებოდა, ამ საიდუმლო ნიშნების გამოაშკარავების შემდეგ შვიდ წელიწადს ნაავადარი კაცის მიერ ნასროლი ისრის მსხვერპლი ხდება. მეორე ვერსიით, თორღვას იფარავდა არა საიდუმლო ნიშნები, არამედ გველეშაპისგან ნაჩუქარი ჯაჭვის პერანგი, რომელიც ალბათ მისმა დავლათმა ჩააგდებინა ხელში:
სანადიროში თორღვამა თეთრ ჯიჴვს მახკიდა თავლიო,
ფეჴი გაუსხლტა თორღვასა, მყინვარმ გაუღო კარიო,
ვეშაპ მყინვარში ნამყოფი გაუხდა მეგობარიო,
თორღვასა ჩასაცმელადა აჩუქა სამანქანიო (88, №44-დ).
თეთრ ჯიხვს*ამავე ეპიზოდის ამსახველ სხვა ლექსში თეთრ ჯიხვს ენაცვლება თეთრი ყორანი, რომელიც თან ჩაყვება მიწის ნაპრალში გაუჩინარებულ ჯაჭვის პერანგს (88, №44-ვ), როგორც ირემს ფარნავაზი, მიჰყავს თორღვა იმ ადგილამდე, სადაც დასაბამითვე ელოდა მას ჯაჭვის პერანგის სახით გინივთებული მისი დავლათი. მისი ეს გამოცდილება ამგვარად არის გადმოცემული პროზაულ თქმულებაში: «თორღვა სანადიროდ ყოფილა, ერთ ალაგას ყინულში ჩავარდნილა, იქ ვეშაპი წოლილა და იმას დასცემია. თურმე სიცივითა და სიმშილით კვდებოდა თორღვა. შეეცოდა ვეშაპს, ამოიღებს თვალს, ალოკებს, გააძღობს და გაათბობს. გაუძმობილდება. იმ ვეშაპს მიუცია ჯაჭვი, - ბეგთარი, - ტანზე ჩასაცმელად. თურმე ისეთი თვისება ჰქონდა იმ ჯაჭვს, სადაც ხმალს დაარტყამდნენ, ან ტყვია და ისარი მოხვდებოდა, სულ იქ მიიხვეტებოდა თურმე და ვეღარაფერს აკლებდა იარაღი...» (88, 351). დიდებულობა, დავლათიანობა, სასწაულებრივი ჯაჭვის პერანგი - ეს ყველაფერი პირად სიჩაუქესთან ერთად ავალებდა თორღვას, რომ დაეცვა ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის საყმოები, როგორც იცავდნენ მათ მათი კანონიერი პატრონები - ბაგრატიონები, რაკი ის იმათ ნაშიერად აღიარებდა თავს. პოეტური ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ თორღვა ცდილობს თავისი დიდებული წარმოშობის განაღდებას ხევსურეთის სინამდვილეში - ის თითქოს იკრებს თავის გარშემო საყმოს, ის ბატონობს; ის ცდილობს ტერიტორიის დაპატრონებას:
ვაჟკაცნი ეეგეთანი თორღვასა ხყვანდეს ყმანიო (88, 44-დ).
გამიგონიან ჴევსურნი, თორღვას რო ხყვანდეს ყმანია,
თორღვა იკვლევდა ადგილსა, ბატონის ნაბიჭვარია (88, №44-ვ).
თორღვა ცდილობს დაიჭიროს ბაგრატიონი ბატონის ადგილი მთის საყმოებში და, რაკი ბაგრატიონი ღვთისშვილთა მოძმედ არის შერაცხილი, თორღვაც თითქოს «ჯვარობს» თავის თანამემამულეთა შორის, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ხალხური პოეზია განსაკუთრებით არ ავითარებს ამ თემას, მაგრამ ზოგიერთი დეტალი თორღვას გარშემო შექმნილ ლექსებში აშკარად მეტყველებს ამ სულისკვეთებაზე: შამოძუგძუგებს თორღვაი, რო ძუძაური ჯვარიო, რომელსაც, როგორც მართლაც ჯვარს*«კოშკი დგას იელოვანში, თორღვაის ნაბურთვალიო» (88, №44-ბ) - როგორც ვხედავთ, თორღვასაც გაუჩნდა «კოშკი», როგორც ჯვარის კვრივი, სადაც «ბურთაობს» ჯვარი; გავიხსენოთ ჯვართა გავრცელების ეპითეტი «მობურთვალი»., საუფლო საკლავს უკლავენ: მეოთხედ მოსულს დაგიკალ თეთრი ქორაი ჴარიო... მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დავლათიან-ნაწილიანი და შეუვალ-ჯაჭვის-პერანგოსანი თორღვა ყოფილიყო თავისი საყმოს პატრონი და მცავი-მფარავი, როგორც ბაგრატიონთ ნაშიერი და ღვთისშვილთა მოძმე, ის ხდება მათი მტარვალი და მოძალადე; ის ვარდება გაბუდაყებაში, რისგანაც მისი სახელის სადიდებელ ლექსშიც კი აფრთხილებენ:
შაგაქი, ნუ გაზდიდდები, მამა მეცა მყავ ჴმლიანი,
სამთ შახკრავს შენისთანათა ჯაჭვიანთ პერანგიანი (88, №43-გ).
«მათქვამი» ქალი ამ უკანასკნელი სიტყვებით გაახსენებს თორღვას, რომ დავლათი არ არის მისი პიროვნული თვისება, რომ მის გარეშე ის უბრალო მოკვდავად იქცევა და მისი მომრევიც მოიძებნება საყმოში. როცა თორღვას გაბუდაყება მწვერვალს აღწევს, ის ითხოვს დამატებით ბეგარს, თითქოს უმნიშვნელოს ერთი შეხედვით:
მშავლებ, უმატეთ ბეგარსა თითო ტარიგი ცხვარიო,
თითო ნაცრიან ტომარა, მთაზე დავყარა მშრალიო.
საკარ-ყმოდ შამიკრიფოდით ლაღის არწივის მჴარიო (88, №44).
თითქოს რა არის ერთი ტარიგი, ტომარა ნაცარი და არწივის ფრთა, მაგრამ ეს გახდა უკანასკნელი წვეთი მოთმინების თასში, - სწორედ ამ დროს იწყება მისი დაცემა და ის, დავლათწართმეული, ხდება მსხვერპლი ისეთი კაცისა, რომლის ხელით სრულებით არ მოელოდა დაღუპვას. შესაძლებელია, იმ კაცის მხარზე გადაინაცვლა დავლათმა, რომ გაბედა და თორღვასთანა კაცს დაუმიზნა ისარი. მკვლელი ასე მიმართავს მოკლულს:
თორღვავ, ნუ დამემდურები, ძალისა მოგე ძალიო.
შვიდ წელს ვარ ნაავადარი, სამსა კი - ნაცივარიო.
მუჴლით მოვზიდენ ბოძალსა, - ჴელში არა მაქვ ჯანიო... (88, №44-თ).
ნაავადარი და აქამდე უსახელო ჴონთა, ასე ერქვა თორღვას მკვლელს, მართლაც ვერ შეძლებდა ამ საქმეს, რომ მისი მსხვერპლი მათ შეხვედრამდე არ ყოფილიყო განწირული დავლათისაგან. დავლათმა გაწირა გაბუდაყებული*გაბუდაყებას ერთვის ღალატიც: «ძმობილის მოღალატესა ღმერთმ გიყვას სამართალიო» (88, №44-თ). ოღონდ გაურკვეველია, ვინ არის ეს ძმობილი. ჯაჭვის პერანგის მჩუქებელი ვეშაპიც მის ძმობილად იხსენება (ღალატის ეპიზოდი უცნობია). ისევე, როგორც აღთქმის გამტეხელი გველისმჭამელი მინდია, რომელსაც წაერთვა ზებუნებრივი სიბრძნე, რაც საბოლოოდ მისი ტრაგიკული დაღუპვის მიზეზი შეიქნა. უცხო თვალი, რომელიც ყოველთვის მტრულია, შენიშნავს თორღვას ბეჭებზე აღბეჭდილი ჯვრის, მზისა და მთვარის გამოსახულებებს - მისი ნაწილიანობის პიკტოგრაფიულ ნიშნებს, რომელთა არსებობა მის ტანზე საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო სიკვდილამდე. ეს ნიშნები, როგორც თილისმა, იცავდა მას განსაცდელში, ვიდრე დღის სინათლე არ იხილეს მათ. თორღვა ჰკარგავს ვეშაპის ნაჩუქარ «სამანქანურ» ჯაჭვის პერანგსაც, რომელშიც მსგავსად ვახტანგ გორგასლის ვიგრის ტყავისა, არც ისარი და არც ტყვია არ ატანდა. შესანიშნავია, რომ ეს ორივე საბედისწერო დანაკარგი ბანაობის დროს შეემთხვა თორღვას: ერთხელ იორში «ამოჩქვებისას», როცა «თვალი უგეს» მის შიშველ ტანს; მეორედ, როცა არჭილოს წყალში საბანაოდ ჩასულმა უყურადღებოდ მიატოვა ჯაჭვი. აი, როგორ გამოითქვა ლექსად ეს ეპიზოდი: ჩამოდიდნენ ანდაკსა მონადირენი რვანია. თორღვაიც ამანდ ჩამახყვა, რო ყვირილობის ჴარია. ბეჩავად რასამ მაღბიჯავს, ემჩნევის ნატირალია. -
«ჯაჭვი რა უყავ, თორღვაო, ძმობილის ნაჩუქარია?»
«სანადიროჩი გადაველ, ნადირთ მოვავლე თვალია;
ჩავედი არჭილოშია, მოვჴელე თბილი წყალია.
მე ჩავედ საბანაოდა, ჯაჭვს გავანებე თავია.
მაშინ დავკარგე ტიალი, ვეღარ მოვხკიდე თვალია.
ეგრე გაცურდა ე ჯაჭვი, როგორც მდინარე წყალია.
გამაუყენე მდევარი, ვერ მაუჴელეს კვალია.
წამოვედ, რაღას ვიქმოდი? იმად ვარ ნატირალია» (88, №44-ზ).
ბანაობა ძველი მითოლოგიური მოტივია; მობანავე თორღვა, რომელიც კარგავს შობითგან ბოძებულს თუ განსაცდელში მოპოვებულს, ძველი მითოსების პერსონაჟებს ენათესავება, მაგ., გილგამეშს, რომელიც ბანაობის დროს კარგავს უყურადღებოდ მიგდებულ სიჭაბუკის ბალახს, დიდი წვალებით რომ ამოიტანა ოკეანის ფსკერიდან. ასევე ევფრატიდან შიშვლად ამოსულ გმირებს - გილგამეშსა და ენქიდუს - დაადგა თვალი ქალღმერთმა იშთარმა, რაც ერთ-ერთი მათგანისთვის საბედისწერო შეიქნა (იხ.კარი VI). ქაოსის ფრინველმა, ანზუდმა, ბანაობის დროს მოჰპარა სამყაროს უფალს, ენლილს, ბედისწერის დაფები (46, 90).
<<<ნაწილი IV
<<<გაგრძელება (ნაწილი VI)
|