topmenu

 

ქართველური ტომები - დაიანელები, დიაუხელები, ტაოხები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქართველები//ქართველური ტომები>>>


დაიანელები, დიაუხელები, ტაოხები - ტ.ფუტკარაძე - "ქართველები" // გამ. "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", 2005 წ. გვ.91-93  (http://www.putkaradze.ge/qartvelebi/qartvelebi/links/1.2..htm)

დაიანელები, დიაუხელები, ტაოხები - ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში დამოწმებულია დაიაენის ქვეყანა; მკვლევრები ამ სახელწოდებას უკავშირებენ ურარტული ლურსმული ტექსტების დიაუხს, ბერძნული წყაროების ტაოხოის, ძველი სომხური წყაროების ტაიქს და ისტორიული საქართველოს ერთ კუთხეს - ტაოს (ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002); ვარაუდობენ, რომ ეს იყო ძლიერი ქართველური ტომი (შდრ.: გ.მელიქიშვილი, ი.დიაკონოვი და სხვ. დიაოხის მოსახლეობას ხურიტულენოვნად მიიჩნევენ), რომლის მეფე სენზე გამარჯვებითაც საგანგებოდ ტრაბახობდა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I (1115-1077). დაიანელები/ტაოხები/ტაოელები ცხოვრობდნენ თორთუმის, ევფრატისა და მტკვრის სათავეებში; სარწმუნო ჩანს, დიაოხის დედაქალაქი შაშილუ (შაშილო/სასირო) მდებარეობდა ცნობილი თორთუმის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე - ამჟამინდელი ესენდურაკის ადგილას (გ.ქავთარაძე, 2005, გვ.13-18). ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში ტაოხები პირველად გვხვდებიან ქსენოფონტესთან (ძვ.წ. V-IV ს.ს.): ტაოხები, რომლებიც ცხოვრობენ მერმინდელ ოლთისის ოლქში, სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებიან და ხალიბებთან ერთად სპარსელი სატრაპის - ტირიბაძის - მოქირავნეები არიან (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.52). მოგვიანებითაც, მაგ., სტეფანე ბიზანტიელიც (IV-VII ს.ს.) ტაოხებს შიდა პონტოში მოსახლე ტომად თვლის; მისი ცნობით, "ზოგიერთები მათ ტაოელებსაც ეძახიან, როგორც ამბობს სოფაინეტე თავის "ანაბაზისში" (გეორგიკა, 1936, გვ.284). ძველი ბერძნების ცნობით, აია იგივე კოლხეთია; იხ., მაგ., ჰეროდოტე: არგონავტები "მიცურავდნენ ა~აში, კოლხიდაში, საწმისისათვის"; "მოვიდა ეს კიტისოროსი ა~ა-კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი"... (ჰეროდოტე, 1975, გვ.472-473); ამავე აზრს იმეორებს აპოლონიოს როდოსელიც თავის "არგონავტიკაში". შესაბამისად, ლოგიკურია თ.მიქელაძის აზრი, რომ დაიაენი შეიძლება იყოს იგივე აია; შდრ., აია და ხაიასა (შემდგომი სუხმის ქვეყანა) გაიგივებული აქვს გ.ჰიუსინგს (საკითხის ისტორიისათვის იხ.გ.ქავთარაძე, 1985, გვ.161, 163; გ.ქავთარაძე, 2005). დენტალურ და ველარულ თანხმოვანთა მონაცვლეობის, აგრეთვე, მათი დაკარგვის თვალსაზრისით საყურადღებოა სხვა კავკასიურ-აღმოსავლეთანატოლიურ ტოპონიმთა ვარიანტებიც: ხალიბი/ალიბი, ხაბარენი/ობარენი, ხარიმატი/არიმატი, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, ტორეტი/ორეტი, თუნი/უნი (მაგალითები მოიძია გ.ქავთარაძემ; იხ. 1985, გვ.53-58); შდრ., აგრეთვე: აია, დაია-ენ-ი და ხეთური წყაროების ხაია-სა (-სა და ქართვ. -ის-: შინდ-ის-ი)... დ>ხ, ქ>0, ხ>0, ტ>0 პროცესები ძნელად დასაშვებია, შესაბამისად, გარდამავალ ფორმებად სავარაუდოა ს/ჰ ფონემების შემცველი ფუძეები, რამდენადაც, ბუნებრივია ს>ჰ> 0 პროცესი (წინაენისმიერი ყრუ თანხმოვნის ჰ-დ ქცევისათვის შდრ.: საერთოქართვ. წ > სვან. ჭ > ჰ); შდრ., მაგ., შესაძლო ტრანსფორმაციები: *დაია > *ტაია > (*წაია/*ჭაია, ან *საია >) *ჰაია, რომელსაც შეეძლო მოეცა, ერთი მხრივ, აია (< *ჰაია), მეორე მხრივ - *ხაია (< *ჰაია). აია შეიძლება გამოიყოს აიეტ- ფუძეშიც: -ეტ- სუფიქსი ბერძნულში წარმომავლობა-კუთვნილებითობის მაწარმოებელია, შესაბამისად, მეფე აიეტის სახელი მიღებულია აია-სგან: აია-ეტი > აიეტი; შდრ. ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.32: "არგონავტების უძველეს ვერსიებში, ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, იყო აია; უფრო გვიან ამ ქვეყანას კოლხიდად მოიხსენიებენ".

შენიშვნა: დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), რომელიც ქსენოფონტეს ტექსტს მიჰყვება, ტაოხების ნაცვლად ახსენებს ხაებს: კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოტვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124); შდრ., ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472) მოსხებსა და ბექე~რებს შორის ასახელებს ხო~ებს; რიზეს მახლობლად მცხოვრებ ხო~ებს ჩვეულებრივ ტაოხოს შერყვნილ ფორმად მიიჩნევენ, მაგრამ ს. ყაუხჩიშვილის აზრით, მათი საცხოვრისი იმდენადაა დაშორებული ტაოხების საცხოვრისს, რომ ხო~ებისა და ტაოხების იდენტიფიკაცია გაჭირდება (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.44).