There are no translations available.
<უკან დაბრუნება... <<<ტრადიციები და სიმბოლიკა//ეთნოგრაფია>>>
სურ. 1. საბედო (ელისაბედ) მჭედლიშვილი. ბარონ დე ბაის ფოტო [8, გვ. 30]
Fig.1. Sabedo (Elizabeth) Mchedlishvili. By Baron de Baye [8, p.30]
ანა ჭეიშვილი - ბარონ დე ბაის მიერ გადაღებული ერთი ფოტოს შესახებ //"ხორნაბუჯი", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი, I, 2011, გვ. 290-293
XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა ფრანგმა არქეოლოგმა და ეთნოგრაფმა ბარონ ჟოზეფ ბერტელო დე ბაიმ (Baron Joseph Berthelot de Baye, 1853-1931). 1890 წლიდან ბარონი დე ბაი საფრანგეთის სახალხო განათლებისა და ხელოვნების სამინისტროს ოფიციალური მივლინებით ყოველ წელს მიემგზავრებოდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში, ატარებდა არქეოლოგიურ გათხრებს და მოპოვებულ მასალას საფრანგეთის მუზეუმებში აგზავნიდა [4]. 1897 წელს ციმბირში ორთვიანი მივლინებიდან დაბრუნებული ბარონი სტუმრად ჩადის თავის მეგობარ გრაფ სერგეი შერემეტიევთან სოფ. მიხაილოვსკოეში (მოსკოვის მახლობლად). სერგეი შერემეტიევი, რომელსაც მამული კახეთში, სოფელ კარდენახშიც ჰქონდა, საქართველოში ეპატიჟება ფრანგ მეცნიერს. იმავე წლის შემოდგომაზე ბარონი დე ბაი და სერგეი შერემეტიევი ოჯახთან ერთად, საქართველოს სამხედრო გზით მოემგზავრებიან საქართველოში. სწორედ ამ მოგზაურობიდან იწყება ბარონ დე ბაის ასეთი გატაცება საქართველოთი. სამშობლოში დაბრუნებული მოგზაური წერილს აგზავნის საფრანგეთის სახალხო განათლებისა და ხელოვნების სამინისტროში და ოფიციალურ მივლინებას ითხოვს კავკასიის რეგიონის შესასწავლად. 1898-1903 წწ ბარონი დე ბაი უკვე ოფიციალური მივლინებით სტუმრობს საქართველოს და თითქმის ყველა რეგიონს ეცნობა. მოგზაურობისას იგი ფოტოებს იღებდა და საფრანგეთში დაბრუნებისას მათ საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნების ილუსტრირებისათვის იყენებდა. 1903 წელს პარიზის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ბარონი დე ბაი რუსეთის იმპერიაში მოგზაურობის ამსახველი ფოტოკოლექციისათვის მოლტენის პრიზით დააჯილდოვა. კარდენახში ჩამოსული ფრანგი სტუმარი აღტაცებას ვერ მალავდა. მისი ინტერესის სფეროში მოექცა ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტი; განსაკუთრებული აღფრთოვანებით აღწერს რთველს და ღვინოსთან დაკავშირებულ ადგილობრივ ტრადიციებს [1]. კარდენახში მისი ჩამოსვლის მეორე დღეს იგი ადგილობრივ ეკლესიაში ნათლობას დაესწრო [8, გვ.31-32]. ეკლესიიდან გამოსული ბარონი დაწვრილებით აღწერს თუ როგორ გადაუღო ფოტო ერთ კარდენახელ ქალბატონს (სურ.A1): "...ფოტო გადავუღე ასაკოვან ქალს, რომლის არწივისებურმა გამოხედვამ განგვაცვიფრა. ამ როკაპს მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია თავის კუთხეში, როდესაც 1870 წელს სათავეში ჩაუდგა აჯანყებულთა მოძრაობას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; ეს აჯანყება, ბუნებრივია, მარცხით დასრულდა. ამ ქალს, რომლის გარეგნობა სრულად შეესაბამებოდა ასეთ საქმიანობას, საბედო (ელისაბედ) მჭედლიშვილი ჰქვია. მისი სახის გამომეტყველება ერთდროულად გამოხატავდა ფანატიზმსა და ეგზალტირებას". ჩვენი აზრით, ეს საინტერესო ცნობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რომელ აჯანყებაზე საუბრობს ფრანგი მეცნიერი და რა როლი მიუძღვის ამ აჯანყებაში ფოტოზე აღბეჭდილ ქალბატონს? 1870 წელს კახეთში ეროვნულ ნიადაგზე მომხდარი აჯანყების შესახებ არაფერია ცნობილი. ამ თარიღთან ყველაზე ახლოს არის 1865 და 1878 წწ ქიზიყში მომხდარი არეულობა; ორივეს სოციალური საფუძველი უფრო ჰქონდა, ვიდრე ეროვნული. ამგვარ აჯანყებებს ქართველი გლეხები განსაკუთრებით ხშირად 1864 წლიდან – საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ აწყობდნენ. 1865 წლის მოვლენას აჯანყებას ვერ ვუწოდებთ, თუმცა დიდი მღელვარება გამოუწვევია ადგილობრივ მოსახლეობაში. კარდენახელმა გლეხებმა გადაწყვიტეს მემამულეების დაუკითხავად დაემუშავებინათ ალაზნის გაღმა მდებარე სათიბი მიწები [5, გვ.570]. თბილისის გუბერნიის წარმომადგენლებმა მასიური არეულობის თავიდან აცილების მიზნით დათმობაზე წასვლა გადაწყვიტეს და გლეხებს ამ მიწებით სარგებლობის უფლება ოფიციალურად მისცეს. გაცილებით უფრო დიდი რეზონანსი მოყვა 1878 წლის 4-5 ივნისის მოვლენებს [2; 5, გვ. 582-586; 6; 7]. სიღნაღის მაზრის სხვადასხვა სოფლებიდან (ზემო მაჩხაანი, ანაგა, კარდენახი, საქობო, ბოდბისხევი) შეგროვილმა გლეხებმა უკმაყოფილება გამოთქვეს კენჭისყრის იმ წესის გამო, რომელსაც მაზრის ადმინისტრაციამ მიმართა სახალხო რაზმში რუსეთ-თურქეთის ომის გამო გასაწვევი პირების შესაგროვებლად. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გლეხები განსაკუთრებით აღუშფოთებია მამასახლისების მიერ სიების შედგენისას ქრთამის აღების ფაქტს. უკმაყოფილო მოსახლეობამ კენჭისყრის გაუქმების მოთხოვნითა და უკვე შედგენილი სიების ხელში ჩაგდების მიზნით ალყა შემოარტყა თავად რევაზ ვაჩნაძის სახლს სოფელ ბაკურციხეში, სადაც აგრეთვე იმყოფებოდნენ სიღნაღის მაზრის უფროსი გრაფი ტიზენჰაუზენი, ალაზნის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი გენერალ-მაიორი იოსებ ორბელიანი და მისი თანმხლები პირები. აღშფოთებული გლეხები სახლში შეიჭრნენ, მასპინძელი და სტუმრები სცემეს და ყველაფერი დაამტვრიეს. როგორც გაზეთი დროება წერდა, ამ რბევაში განსაკუთრებით ქალები აქტიურობდნენ: "ხმა არის, ვითომც დედაკაცებს მეტი ჩაუდენიათ, ქოშებით იწევდნენ საცემელათაო“ [2, n°111]; ქალები ,,ქაჯებივით გაბრაზებულები იყვნენ, ლეჩაქს იხდიდნენ და ახურავდნენ თავიანთ ქმრებსა და ძმებს, რომელნიც ამ ცემა-ტყეპაში არ ერეოდნენ" [2, n°114]. აჯანყებული გლეხები 5 ივნისის საღამოსვე დაიშალნენ, მაგრამ მომხდარი ფაქტი საკმარისი იყო იმისათვის, რომ არეულობაში მონაწილე განსაკუთრებით აქტიური ოცი გლეხი დაეპატიმრებინათ და სასამართლო პროცესი დაწყებულიყო. 1878 წლის ნოემბერში თერთმეტ ადამიანს, მათ შორის ორ ქალს, სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების ჩამორთმევა და 15 წლით კატორღა მიესაჯათ [5, გვ.586; 6, გვ.169; 7, n°311]; გაზეთ "დროების" ცნობით თერთმეტის მაგივრად ცხრა ადამიანს გამოუტანეს განაჩენი, მათ შორის ერთ ქალს [2, n°246]. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, არეულობის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ სოსო მეკუდიშვილი და საბედა გულხადარიშვილი; ორივე მსჯავრდებულის წინააღმდეგ რამდენიმე მოწმის ჩვენება მეტყველებდა [7, n°322]. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ბარონ დე ბაის მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი საბედო გულხადარიშვილია და ბარონს მისი გვარი, მჭედლიშვილი, შეცდომით აქვს მითითებული [3, გვ.23-24]. ამის დარწმუნებით თქმა დღეს შეუძლებელია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სასამართლომ საბედა გულხადარიშვილს 15 წლით კატორღა მიუსაჯა. ამავე დროს, აჯანყების დროს ბრალდებულთა შორის ასევე ფიგურირებს ვინმე ილია მჭედლიშვილი და არც ის არის გამორიცხული, რომ საბედო მისი ოჯახის წევრი ყოფილიყო. ორივე შემთხვევაში დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამ "არწივისებური გამოხედვის" მქონე ქალმა განსაკუთრებული როლი ითამაშა თავისი სოფლის ცხოვრებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბარონი დე ბაი ამ აჯანყებას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლად აფასებს. ფრანგი მეცნიერის მოგონებებიდან ნათლად ჩანს, რომ თავდაპირველად იგი საქართველოში ჩამოდის, როგორც რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ მხარეში, ხოლო ამ ქვეყნის გაცნობის შემდეგ კი იგი საქართველოსა და მის თვითმყოფად კულტურას განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს. დე ბაი საქართველოს შესახებ დაწერილ თავისი პირველი წიგნის დასაწყისშივე აღნიშნავს: "ქართველები, როგორც ქრონოლოგიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით, შორეულ აღმოსავლეთში სარწმუნეობის გამავრცელებელთა ავანგარდში იყვნენ. ისინი დამსახურებული სიამაყით შეახსენებენ რუსებს, რომ ქართველები მათზე ადრე გახდნენ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი" [8, გვ.6].
Concerning a photo by Baron de Baye
Summary
Between 1897 and 1903 French archaeologist and ethnographer Baron de Baye traveled to Georgia several times. In his book describing his first trip in Kakheti, he published a photo of a lady named Sabedo (Elizabeth) Mchedlishvili. According to Baron de Baye she was the head of a rebellion movement for independence that occured in Kakheti. In trying to back track conditions at the time, it is possible that these events pertain to 1865 or 1878.
ბიბლიოგრაფია :
1. ბარონი დე ბაი და ქართული ღვინო, გაზეთი "ჭეეკენდ მარანი“, 9 ივლისი 2010, ნ°15(32)
2. "დროება“, 1878 წელი, n°111, 114, 117, 122-124, 245, 246, 250
3. მაღრაძე ლ., ფრანგულ-ქართული კულტურული ურთიერთობა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებელი საკვალიფიკაციო ნაშრომი, თბილისი, 1990
4. საფრანგეთის ეროვნული არქივი, F/17/ 2936/B; F/17/17266
5. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბილისი, 1970
6. Антелава И., Государственные крестьяне Грузии в XIX веке, т . II, Тбилиси, 1962
7. "Обзоръ“, 1878, n°309, 311, 313-317, 320-322
8. Le Baron de Baye, En Géorgie, Paris, 1898
|