topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვ. ბარდაველიძე - ხევსურული თემი - სტრუქტურა და ჯვარისყმობის ინსტიტუტი

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა // ხევსურეთი>>>


ვ.ბარდაველიძე  - ხევსურული თემი - სტრუქტურა და ჯვარისყმობის ინსტიტუტი//საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII,  №6, 1952, გვ.495-502

ერთ-ერთ ჩემს ადრინდელ ნაშრომში «Опыт социологического изучения хевсурских верований», რომელიც 1932 წელს დაიბეჭდა ნ.მარის რედაქციით, ხოლო დაიწერა ამაზე ადრე, როდესაც მე ასპირანტურაში ვსწავლობდი, ხევსურეთის სოციალური წყობილება განხილული იყო ნ.მარის ე.წ. ენის შესახებ ახალი მოძღვრების კერძოდ მისი სოციოლოგიური კონცეფციის პოზიციებიდან... ეთნოგრაფისათვის, რომელიც ძველქართულ საზოგადოებას უკუქცევითი (რეტროსპექტული) გზით იკვლევს, ხევსურეთი მაგალითია ტომობრივი გაერთიანების ხასიათის თემასა, რომელიც წარსულში თავის მსგავს სხვა მეზობელ თემებსა და უფრო მცირე სოციალურ დაჯგუფებებს უპირისპირდებოდა. სრულიად ხევსურეთის თემი თავის შიგნით ნაწილდებოდა მრავალ მსხვილ და წვრილ თემურ უჯრედად. ეთნოგრაფიული გადმონაშთების მიხედვით ხევსურეთში არსებული უამრავი თემური ორგანიზაცია, პირველყოფილ თემური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიურ ორგანიზაციებთან და აგრეთვე ეთნოგრაფიული ლიტერატურიდან ჩვენთვის ცნობილ თემებთან შედარებით, მეტად თავისებური იყო. თუმცაღა ყველა ხევსურული თემი თავისი ბუნებით სოფლის თემს წარმოადგენდა, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა თავისი შემადგენლობით ერთგვარიან მოსახლეობას მოიცავდა. ეს მოსახლეობა ორგანიზებული იყო საგვარო1, სამამო2 და საძმო3 თემების სახით; ამათ გვერდით არსებობდნენ სხვადასხვა გვარებისაგან შემდგარი თემებიც.


მეორე მხრივ, ხევსურული თემები სხვადასხვა სიდიდისა იყო მოსახლეობის რაოდენობისა და ტერიტორიის მოცულობის მიხედვით. ამ თვალსაზრისით სრულიად ხევსურეთის თემს შიგნით მოიპოებოდა თემები: სახევთაშორისო, ე.ი. რამდენიმე ხევის ან შედარებით ფართო ტერიტორიის მომცველი, სახევო, სასოფელთაშორისო, სასოფლო და მეტად მცირე სასოფელთაშიდა თემური უჯრედები, რომელთაგან თითოეული მცირერიცხოვან გვარს, მამას ან საძმოს აერთიანებდა. მესამე მხრივ, ხევსურული თემების მეტად საყურადღებო მხარეს მათი წყობა, ანუ ფორმა შეადგენდა. ცოტად თუ ბევრად მსხვილი თემი მცირე და უმცირესი თემური ორგანიზაციების ჯამს წარმოადგენდა. ამავე დროს ეს უკანასკნელნი, თუმცაღა მსხვილი თემის შემადგენელ ნაწილებად გამოდიოდნენ, მაგრამ ადგილობრივ საქმეებში მისგან დამოუკიდებელნი იყვნენ. მეოთხე მხრივ, ხევსურული თემების მახასიათებელ მხარეს შეადგენდა ის, რომ თითოეული მათგანის ცენტრში მოთავსებული იყო ჯვარი სათემო ღვთაების საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა სახით, რომელიც საერო და სასულიერო ხელისუფლების თავყრილობის ადგილს შეადგენდა. ხევსურული თემები ყველა ამ მხარით, როგორც ამაში შედარებითი მასალების [2] გათვალისწინებით ვრწმუნდებით, ძველი აღმოსავლეთის თემურ ორგანიზაციებს ემსგავსებოდა. ეს გარემოება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ხევსურული თემები ძველი აღმოსავლური თემების ტიპისა იყო. ამის შემდეგ მკვლევრის ყურადღებას იქცევს ე.წ. ჯვარისყმობის ინსტიტუტი, რომელსაც ხევსურების საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ხევსურული თემის ყოველი წევრი თავისი სათემო ჯვარის მიმართ განიხილებოდა როგორც მისი ყმა, ხოლო თვით თემი მთლიანად, როგორც მისი საყმო. ამისდა შესაბამისად ხევსურეთში იმდენი საყმო დაითვლებოდა, რამდენიც თემი იყო. ამასთან, ყოველი თემი და თემის ყოველი წევრი ატარებდა თავისებურ თეოფორულ სახელს, რომელშიც საყმო და ყმა სიტყვებს ვამოწმებთ. ხევსურული თემების და მეთემეთა უამრავი თეიფორული სახელიდან მაგალითისათვის   რამდენიმეს დავასახელებ. (1.კუთხურ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვა თეოფორულ სახელში ხშირად გამოტოვებულია)

ამ თეოფორულ სახელებში სიტყვები საყმო და ყმა გამოხატავს სუბიექტის დამოკიდებულებას ობიექტთან, სადაც სუბიექტად მთელი თემი და ყოველი ცალკეული მეთემე, ხოლო ობიექტად სათემო ჯვარი ივარაუდება. თემის თეოფორულ სახელში საყმო ნაწარმოებია სიტყვისაგან ყმა სა-ო პრეფიქს-სუფიქსის მეშვეობით. ეს ნაწილაკები კუთვნილებითი (მიჩემებითი) მნიშვნლობით თავისებურ კრებითობის, ანუ მრავლობითობის, ამ შემთხვევაში ჯვარის ყმათა კოლექტივის ცნებას ქმნიან [3]. ამიტომ, იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ რა ხასიათის დამოკიდებულება ივარაუდებოდა ჩვენთვის საყურადღებო ხანაში თემსა და სათემო ჯვარს შორის, საჭიროა დადგენილ იქნეს ამ  უკანასკნელი სიტყვის (ყმა) მნიშვნელობა აღნიშნული ხანისათვის, ეს კი მეტად ძნელ ამოცანას წარმოადგენს, რადგან საკითხი უკავშირდება იმხანად გაბატონებული თეოკრატიუღი ხელისუფლებისა და მეთემეთა ფართო ფენის ურთიერთდამოკიდებულების სურათის გახსნას და მეთემეთა მასის სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის პრობლემას. ამასთანავე შეუძლებელია ყურადღების გარეშე დავტოვოთ შემდეგი შედარგბით - ისტორიული ფაქტები.

უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ჯვარისყმობის (ანუ ხატისყმობის) ინსტიტუტთან შორეული მსგავსება უჩანს ფეოდალურ საქართველოში ცნობილს საყდრისშვილობისა და ხატისშვილობის ინსტიტუტებს. როგორც პროფ.ნ.ბერძენიშვილმა დაადგინა, ხატის შვილები წარმოადგენდნენ წოდებრიობისდა მიუხედავად გაერთიანებულ სამონასტრო მსახურთა ჯგუფს1 მაშინ, როდესაც საყდრის შვილებად საეკლესიო უმაღლეს ყმა აზნაურ-მოხელეთა ჯგუფები იწოდებოდნენ. ფეოდალურ საქართველოში, წერს პროფ.ნ.ბერძენიშვილი, "საეკლესიო საქონებელთა მმართველობა ფეოდალურ - კოლეგიურია. კათალიკოსები და ეპისკოპოსები საეკლესიო საქონებელთა მმართველობის საქმეებს წყვეტენ "ყოველთა ეკლესიის შვილთა თანადგომით და ერთნებაობით"[4]. პროფ.ნ.ბერძენიშვილის შეხედულებით, ეს ფეოდალერი ინსტიტუტები გენეტიკურად ჯვარისყმობის, ანუ ხატისყმობის ინსტიტუტს უნდა უკავშირდებოდნენ. ამა თუ იმ ჯვარის ყმის სახელით, ცალკეულ მეთემეთა წოდებაში ჩვენ გვაქვს სრული ანალოგია ძველაღმოსავლურ თეოფორულ სახელებთან. მაგალითად, ურის მეორე დინასტიის, ანდა ურის ჰეგემონიის უკანასკნელი დროის სუმერეთის სამეურნეო დოკუმენტებში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით თეოფორულ სახელებს: ურნინგირსუ, რაც ნიშნავს ღვთაება ნინგირსუს მონა, ურბაუ - ღვთაება ბაუს მონა, ურნინა - "ქალ-ღვთაება ნინას მონა, ლუნინგირსუ ღვთაება ნინგირსუს კაცი, ურენლილ, ანუ სემიტურად ურუბელ - ენლილის ბელას მონა და სხვ.[5]. ამ ანალოგიის საფუძველზე მართებულია დაისვას კითხვა ჩვენთვის საყურადღებო ხანაში ხომ არ შეესატყვისებოდა სუმერულ სიტყვას ურ - მონა ხევსურეთში და საზოგადოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ([6], გვ.93) დამოწმებული ყმა? ამ კითხვის დასმა მით უფრო მართებულია, რომ ლიტერატურული და ისტორიული წერილობითი ძეგლების შესწავლის საფუძველზე უკვე გამოთქმულია ვარაუდი სპორადულად სიტყვა ყმის ხმარებაზე მონის მნიშვნელობით [7]. მეორე მხრივ, ეთნოგრაფიულ გადმონაშთებში აშკარავდება მონურს მიახლოვებული დამოკიდებულება მეთემეებისა თავის ჯვარისადმი, მონური შიში მის წინაშე და ბრმა მორჩილება მისი ბრძანებების აღსრულების საქმეში. და ბოლოს, ლიტერატურულ და ისტორიულ წერილობით ძეგლებში ფართოდ გავრცელებულია ყმის ხმარება ყრმის, ანუ ბავშვის მნიშვნელობით [7], რაც ამ სიტყვის ძირეულ გაგებას უნდა შეადგენდეს; და ამ ძირეული გაგებით, ე.ი. ბავშვის აღმნიშვნელი ყმის ოდესღაც მონის მნიშვნელობით ხმარების შესაძლებლობისათვის ჩვენ პატალელები მოგვეპოება ბერძნულ სიტყვაში - patz (ბავშვი), რომელიც ელინისტურ ეგვიპტეში ფრიად გავრცელებული ტერმინი იყო მონის აღსანიშნავად. მაგრამ, მიუხედავად ამ შედარებითი მონაცემებისა, ნაადრევად მიმაჩნია ყმა ტერმინის მონის მნიშვნელობით გაგება და ამავე დროს ჩვენებური თეოფორული სახელების დულოფორულ სახელებად მიჩნევა, როგორადაც აკად. ა.ტიუმენევი მიიჩნევს სუმერულსა და უფრო გვიან, თითქმის ახალბაბილონურ ეპოქამდე გავრცელებულ კაცისა და ქალის სახელებს [9].

ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტაში სიფრთხილის გამოჩენას გვიკარნახებს, ერთი მხრივ, ზემოთ დასახელებული ფეოდალური ხანის ქართული ინსტიტუტები, რომლებიც საჭიროებენ მათს რეტროსპექტული გზით გამოკვლევას და, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ ტერმინ ყმას ჩვენში მრავალი მნიშვნელობა გააჩნდა, რაც მეტად საყურადღებო ფაქტია მრავალმხრივ, განსაკუთრებით კი მისი გენეზისის საკითხის გარკვევისათვის ([6], გვ.93-94). მიუხედავად იმისა, რომ საყმოსი და ყმის მნიშვნელობა საბოლოოდ გარკვეული არაა, ამჟამად ჩემს ხელთ არსებული კონკრეტული მასალა შესაძლებელს ხდის გამოაშკარავებულ იქნეს სოციალური დიფერენციაცია, რომელიც ჯვარისყმობის ინსტიტუტს ემყარებოდა. ეს დიფერენციაცია ხევსურეთის ფარგლებში ყველაზე ნათლად ვლინდებოდა ისეთ მსხვილ თემურ ორგანიზაციებში, როგორებიც სამაგანძურო და სახევო თემები იყო. სუბიექტის - თემის და ობიექტის - სათემო ჯვარის ურთიერთმიმართებაში იგულისხმებოდა, სიტყვა ყმით ნავარაუდევი ურთიერთობის გარდა, სამგვარი ურთიერთობა. ამასთან შეფარდებით ხევსურეთის მეთემეები თავისი სათემო ჯვარების მიმართ შემდეგი კატეგორიის ყმებად იყოფოდნენ: ყმანი, უნჯნი ყმანი, ტახტის ყმანი და ყმა - გლეხები, რომლებიც ჩვენამდე მოღწეულ გადმონაშთებშიც კი წარმოდგენილი არიან საყმო - საგლეხოს სახელწოდებით, რაც ერთიან კოლექტივს, ანუ მთელ თემს და არა ცალკეულ მეთემეებს ვარაუდობს. სიტყვა უნჯის ხალხური გაგება (ძირეული, საკუთარი) და ე.წ. საწულეობის, ჯვარში გაყვანის, ანუ მისამბარეოს წესი ([6], გვ.93), რომელსაც მეთემენი თავის სათემო ჯვარებიდან ერთ გარკვეულ ჯვარში ასრულებდნენ, ნათელს ხდის იმას, რომ უნჯნი ყმანი იმ გვარის წარმომადგენელნი იყვნენ, რომელნიც სათემო ჯვარის კულტით გაერთიანებულ სხვა გვარებისა თუ მამებისაგან განსხვავებათ ამ კულტის მატარებელნი ყოფილან თავიდანვე, სახელდობრ იმ უშორესი ხანიდან, როცა ეს ჯვარი მათი წინაპრების სახლის, ანუ გვარის, როგორც გენს-ის, მფარველ ღვთაებას წარმოადგენდა. ამიტომ უნჯნი ყმანი სათემო ჯვარისათვის ყველა დანარჩენ მეთემეზე მახლობელ და სასურველ წევრებად ითვლებოდნენ. ეს იყო თითქოს იმის მიზეზი, რომ უნჯნი ყმანი თემის ფარგლებში არისტოკრატიულ ფენას შეადგენდნენ, საიდანაც ჯვარიონნი - თემის მმართველი წრე და სათემო ჯვარის მთავარი მსახურნი, გამოდიოდნენ. უნჯნი ყმანი მსხვილ თემებსაც გააჩნდა და მცირე თემებსაც. ტახტის ყმათა საზოგადოებრივ კატეგორიას განეკუთვნებოდა მსხვილ თემში გაერთიანებულ იმ სოფლის თემის მოსახლეობა, სადაც ამ მსხვილი თემის ჯვარის, თუ შეიძლება ასე ითქვას, რეზიდენცია იყო. ჩემს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული გადმონაშთების თანახმად, ტახტის ყმანი საყმოს (resp.თემის) შიგნით გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მაგალითად, საარხოტოს თემში არხოტის ჯვარის საუკეთესო და შედარებით დიდი ფართობის მომცველი სახნავი მიწებით, რომლებმაც ჩვენამდე საულავოს (და სხვათა) სახელით მოაღწიეს, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯვარის ტახტის ყმანი (სახელდობრ, სოფელ ახიელის მცხოვრებნი) სარგებლობდნენ. ამას გარდა, არხოტის ჯვარის სამი დასტურიდან ორს ტახტის ყმათაგან აყენებდნენ, ხოლო ერთი (მესამე) დასტური მორიგეობითი წესით დგებოდა საარხოტოში შემავალი დანარჩენი ოთხი სოფლის თემიდან. საფიქრებელია, ამ უკანასკნელის შეყვანა სახევო ჯვარის სადასტუროში ერთგვარი კომპრომისია, რომლის დაშვებაც სულ ბოლო დროის ამბავი უნდა იყოს. ჯვარისყმობის ინსტიტუტთან დაკავშირებულ უკანასკნელ საზოგადოებრივ კატეგორიას საყმო-საგლეხო წარმოადგენდა. ტერმინი საგლეხო ნაწარმოებია სიტყვისაგან გლეხი, საყმოს მსგავსად, სა-ო პრეფიქს-სუფიქსის მეშვეობით. აკად. ს.ჯანაშიას [10] სიტყვა გლეხი მიაჩნია ქართულ შესატყვისად ბერძნული სიტყვისა ოხ ლაოI, რომელსაც სტრაბონი იბერიელთა მეოთხე წოდების აღსანიშნავად ხმარობს თავის შრომაში ძველი ქართული სამეფოს იბერიის საზოგადოებრივი წყობილების აღწერისას [11]. გლეხის დაახლოება. ოხ ლაოI -სთან, რომლის მიმართ სტრაბონს ნახმარი აქვს მეორე სიტყვაც დონლოი [11]. (რითაც განმარტავს, - თანახმად აკად. ივ.ჯავახიშვილის სამართლიანი შენიშვნისა [7]. - მის უფლებრივ მდგომარეობას, დადარებულს მონების მდგომარეობასთან), მეტ ფაქტიურ დასაბუთებას პოულობს ხევსურულ ეთნოგრაფიულ გადმონაშთებში საყმო - საგლეხოს შესახებ.

გარდა რიგი საინტერესო დეტალებისა, რომლებიც ამაგრებს და ავსებს ჩვენს ცოდნას ძველი ქართული საზოგადოების ამ სოციალური ფენის შესახებ, ხევსურულ გადმონაშთებში საყმო-საგლეხოს წარმოშობის წყაროს მიკვლევაც ხერხდება. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს ამ საზოგადოებრივი კატეგორიის გენეზისი, საჭიროა ხევსურების სამხედრო ლაშქრობათა ხასიათის გათვალისწინება. ძველად ხევსურების მსხვილ თემებსა და მეზობელ ქართულ და არაქართულ თემებს შორის მუდმივი ომები წარმოებდა. იმხანად და აგრეთვე ჩვენთვის საყურადღებო ხანაშიც, როგორც ირკვევა, გავრცელებული იყო სამი სახის ლაშქრობანი:

1. მტაცებლური ექსპედიციები, რომლის დროსაც ქონების, განსაკუთრებით საქონლისა და აგრეთვე ტყვეების გატაცება ხდებოდა.

2. მსხვილი თემების მმართველი ხელისუფლება მიზნად ისახავდა ტერიტორიის დაპყრობას იმისათვის, რომ დაპყრობილ ტერიტორიაზე თავისი მეთემენი დაესახლებინა და ამ მიწის ექსპლოატაცია ეწარმოებინა. და ბოლოს,

3. დამპყრობლობითი ლაშქრობანი ეწყობოდა მუდმივი საშემოსავლო ბაზის შექმნის მიზნით. ამ ბაზას შეადგენდა ყოველწლიური გადასახადი, რომელსაც დამპყრობელი თემი დამორჩილებულ თემს ადებდა. ასეთ შემთხვევებში დაპყრობილ მიწებს დამპყრობელი თავის ადგილ - მამულს უერთებდა და ამგვარად საკუთარი თემის ტერიტორიას საგრძნობლად აფართოებდა. ამავე დროს დაპყრობილი ხალხი დამპყრობელი თემის მოსახლეობის რიცხვში შეჰყავდათ, რის შემდგომ დამორჩილებული თემი მთლიანად გამარჯვებული ჯვარის საყმო - საგლეხოდ ცხადდებოდა. საყმო-საგლეხო თავის შიგნით თვითმართველობას ინარჩუნებდა და მისი თემური ცხოვრების მთელი წყობა გარეგნულად ხელუხლებელი მოჩანდა. მაგრამ ეკონომიურად იგი ნახევრადკაბალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყოველწლიური გადასახადი, რომელიც მას აწვა, ორგვარი იყო: საკომლო ბეგარა, რომელსაც კვამლის საკლავი ეწოდებოდა, და, ამას გარდა, ის იხდიდა ე.წ. საბალახეს თავის სათემო საძოვრების სარგებლობისათვის, რომლებიც დაპყრობის შემდეგ გადასული იყო დამპყრობელი თემის ჯვარის მფლობელობაში. საბალახესა და კვამლის საკლავს, როგორც ამას ეს უკანასკნელი სახელწოდებაც გვიჩვენებს, ნატურით, მეტწილად საგანგებოდ შერჩეული საუკეთესო გაუპარსავი ცხვრებით იხდიდნენ. ამასთანავე, როცა საყმო-საგლეხო უცხო ტომის მეზობელი თემი იყო, მის წევრებს ედებოდა რიგი ვალდებულებანი, როგორიც იყო მაგალითად, სააღმშენებლო ბეგარა და სახელოსნო სამუშაოების შესრულება. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ამ ვალდებულებებს საყმო-საგლეხო ასრულებდა არა მთლიანად მსხვილი  თემის, არამედ მხოლოდ ამ თემის ჯვარის მეურნეობის ფარგლებში. საყმო-საგლეხოებში, როგორც წესი, დამპყრობელი ჯვარის საკულტო კოშკს აგებდნენ.

ამ კოშკთან წლის გარკვეულ დღეებში, სახელდობრ, ისეთი წლიურ სათემო დღეობებში, რომლებშიც დაწესებული იყო ბეგრის აკრეფა დამპყრობელ-მბრძანებელი ჯვარის სახელზე საღვთისმსახურო წესები სრულდებოდა. ამ წესების ჩატარებისათვის საჭირო ხარჯების გამოღება საყმო-საგლეხის ევალებოდა. საღვთისმსახურო წესებს ასრულებდნენ მბრძანებელი ჯვარის დასტურ-ხელოსნები, რომლებიც იმ დროს იქ იმყოფებოდნენ. ისინი საყმო-საგლეხოში შედიოდნენ საზეიმო პროცესიით, თავის ჯვარის (დროშის) წინხლებითა და საგმირო სიმღერის გალობით, რომელშიაც შექებული იყო მათი ჯვარის სადიადე და სახელი. საყმო-საგლეხო სრული შემადგენლობითა და თავის ჯვარიონთა მეთაურობით ეგებებოდა მათ თავისი სოფლის საზღვართან, უწევდა მომსასურეობას და მათ წინაშე სრულ მორჩილებას ამჟღავნებდა, ყოველი ოჯახიდან მიჰქონდათ მათთან საუკეთესო საჭმელ - სასმელი, რომელსაც საპატიო ეწოდებოდა. ამავე დროს ჯვარის (დროშის) წინაშე, რომელსაც ღამ-ღამობით ადგილობრივი მოსახლვობიდან ორი შეიარაღებული ახალგაზრდა დარაჯად ედგა იმისათვის, რომ დროშა არავის შეურაცხეყო და ან არ გაეტაცა,- ამ ჯვარის წინაშე საყმო-საგლეხოს წევრები სისხლიანსა და უსისხლო მსხვერპლსა და განძეულს, უმთავრესად ვერცხლის სასმისებსა და სამკაულებს წირავდნენ. აღნიშნული საკულტო წესების ჩატარება, დასტურ ხელოსანთა მომსახურება, მათთვის საპატიოს და სხვა საბოძვართა მირთმვვა, მბრძანებელი ჯვარის სახელზე მსხვერპლის შეწირვა და მორჩილებისა და ერთგულების გამომჟღავნება საყმო საგლეხოსათვის ისევე სავალდებულო იყო, როგორც ყოველწლიური გადასახადების გამოღება და სხვა სახის ვალდებულებათა შესრულება. სოციალურად საყმო-საგლეხო დამპყრობელი მსხვილი თემის ფარგლებში მოსახლეობის დაბალ ფენას წარმოადგენდა. ეს მხარე კარგად ვლინდება ეთნოგრაფიულ გადმონაშთებში საქორწინო ვალდებულებათა შესახებ, როცა სარძლო საყმო-საგლეხოდან მოჰყავდათ, ქალის ოჯახს საქმროს ოჯახისათვის უნდა გადაეხადა ე.წ. საგორმეტო და ყალიმი, მაშინ როდესაც საქმროს ოჯახი, თუ ის საყმო-საგლეხოს ეკუთვნოდა, გაბატონებული თემიდან მოყვანილი სარძლოს მშობლებისაგან არაფერს არ იღებდა. ჩვენთვის საყურადღებო ხანაში, როგორც ხევსურული ეთნოგრაფიულ გადმონაშთებიდან ირკვევა, ზემოთ გარჩეულ საზოგადოებრივ კატეგორიას ეთანაბრებოდნენ სუსტი თემები, რომლებიც „ნებაყოფღობით“ საგანგებოდ დადებულ პირობის საფუძველზე ძლიერი თემური ორგანიზაციების პროტექტორატის ქვეშ ექცეოდნენ. ამა თუ იმ თემის სისუსტეს მოსახლეობაშია მეომარ მამროვანთა სიმცირე იწვევდა. მუდმივი ჯარი მაშინ არ არსებობდა, ჯარი თემის მოსახლეობის მამროვანთაგან დგებოდა საჭიროების შემთხვევაში, ხოლო როცა ეს საჭიროება გაივლიდა, ჯარი დაიშლებოდა. გასაგებია, რომ თემთა შორის განუწყვეტელი ომების ხანაში სუსტი თემები თავის გადარჩენის მიზნით ძლიერი თემის მფარველობას ეძიებდნენ, რისთვისაც მას ერთგულ სამსახურსა და მისი ინტერესების დაცვას აღუთქვამდნენ, ხოლო მსხვილი თემი, მეტადრე მაშინ, თუ მას ურჩი საყმო -საგლეხოები ჰყავდა, წინააღმდეგი არ იყო მათი სახით მოკავშირეები გაეჩინა. ეს მისთვის განსაკუთრებით სახარბიელო იყო მაშინ, როცა მოკავშირე თემები მისი საყმო - საგლეხოების მეზობლად იყო, თვითონ კი მათგან დაშორებით იმყოფებოდა. ამავე დროს ზოგიერთი სუსტი თემი სრული განადგურებისაგან თავის გადარჩენის მიზნით "ნებაყოფლობით" უთანხმდებოდა ძლიერ თემს და თავს მის საყმო-საგლეხოდ აცხადებდა, რის შემდგომ ამ საზოგადოებრივი ფენისათვის სავალდებულო ყოველწლიურ გადასახადებს გაიღებდნენ და ყოველ ღონეს ხმარობდნენ მბრძანებელი თემისათვის დაწესებული სამსახური შეესრულებინათ, მისთვის თავისი მორჩილება და ერთგულება დაემტკიცებინათ.

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი.

 

___________________________________________________________________________________

1. (გვარი ამჟამად ფამილიას უდრის, მაგრამ გენეტიკურად ეს სიტყვა სახლის, ე.ი -ის აღმნიშვნელი უნდა ყიფილიყო[1])

2. ხევსურულ გვარებს მამებად დაყოფა ახასიათებდა: გვარის რამდენიმე თაობა ერთ მამას შეადენდა და ამავე დროს თითოეული გვარი რამდენიმე გადმონაშთების მიხედვით 3-დან 7-მდე მამად იყოფოდა. ზემოაღნიშნული სამამო თემები, როგორც წესი, გვარების უძველესი და ძველო მამების სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.

3. აქ საძმო მოძმე მამების ერთ თემად არსებობას გულისხმობს, მაგრამ ხევსურეთში გავრცელებული ჩვეულებრივი (ვიწრო) გაგებით საძმოა ერთ - ერთი ახალ მამათაგანი, ამდენად შედარებით ახლო ნათესავების ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთს მესაძმოეს უწოდებენ.