topmenu

 

ნ.ფუტკარაძე - ბასკური საგაზაფხულო ფიესტა და ქართული ბერიკაობა-ყეენობა

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

ნათია ფუტკარაძე – ბასკური საგაზაფხულო ფიესტა და ქართული ბერიკაობა - ყეენობა//კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბე - ამირანი. მონრეალი-თბილისი, 2010.

http://www.caucasology.com/amirani_geo.htm

http://www.caucasology.com/view_amirani_geo.php?id=35

ბასკური და ქართველური კულტურის შესწავლა ფოლკლორულ ლინგვისტური მასალის გათვალისწინებით მეტად საინტერესო სურათს იძლევა. ჩვენ შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ბუნების აღორძინებისა და აგრარული კულტმსახურებისთვის განკუთვნილი მრავალდღიანი ქართული ხალხური დღესასწაული ბერიკაობა-ყეენობა და პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხთა დღესასწაული "ფიესტა"/ "ფისტა". არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ერთი და იგივე დღესასწაული, ადამიანთა წარმოდგენები თუ ტრადიციები ემთხვევა გეოგრაფიულად განსხვავებულ არეალებში. პირინეის, ანუ იბერიის ნახევარკუნძული ევროპის დასავლეთ ნაწილშია, საქართველო კი – გეოგრაფიულად – ევროპისა და აზიის გასაყარზეა განთავსებული. ჩვენი ხელმძღვანელის - დოც.გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძის მიერ ესპანეთში - საველე მუშაობის ჩატარების პერიოდში მოძიებული მასალა ბასკური "ფიესტა"-ს შესახებ შევუდარეთ სხვადასხვა ეპიზოდებისგან შემდგარ ქართულ-ხალხურ დღესასწაულს – ბერიკაობა-ყეენობას. ბასკური "ფიესტა" საგაზაფხულო დღესასწაულია. ბერიკაობა-ყეენობაც იწყება თებერვლის ბოლოს, ან მარტში – მოძრავი დღესასწაულის - ყველიერის დროს და გრძელდება ერთ კვირას. წარმართულ ქართულ დღესასწაულში რელიგიური სინკრეტიზმის სახით წარმოდგენილია ქართველთა უძველესი მსოფლმხედველობა; რიტუალში ერთიანდება განაყოფიერების, მოსავლისა და საქონლის გამრავლების დასაბევებელი ხერხები და რწმენა-წარმოდგენები (ჯ.რუხაძე, 2000, გვ.149). ბერიკაობაყეენობის დამახასიათებელი ელემენტებია ცხოველებისა და ადამიანის გამომსახველი ნაირფეროვანი ნიღბები და ტანსაცმელი, მეომარი და მოთარეშე ბერიკები, დაუსრულებელი შერკინებები, საწესჩვეულებო ცეკვები, ეროტიკული სცენები, მთავარ გმირთა სასიყვარულო ურთიერთობები, ქორწინება და აღდგენილ ღვთაებათა ძირითადი ნიშნები – დროებითი სიკვდილი და შემდეგ – გაცოცხლება – განახლება, რაც აგრარული ზეიმისა და ძველი აღმოსავლური მისტერიების ანალოგიურია. ბერიკაობა – ყეენობა თავისი ფორმითა და შინაარსით, ნაწილობრივ წააგავს ესპანეთში გავრცელებულ "ფიესტა"–ს, რაც შეეხება ბასკეთში, კერძოდ გიპუსკოას პროვინციაში გავრცელებულ დღესასწაულს, მას ეწოდება სან მიგელის "ფიესტა", რომელიც ბასკი ქალის – გარასისა და მისი სატრფოს - მიგელის სასიყვარულო ამბებზეა აგებული. "ფიესტა"-ს წინა დღეებში მწყემსები ჩამოდიან თავიანთი სადგომებიდან, მოჰყავთ თხა ან ცხვარი, მათი ტყავისგან იკერავენ ტყაპუჭს, თხის/ცხვრის თავისგან ნიღაბს, ფეხზე ტყავის ქალამნებს იცვამენ და დოლისა და სალამურის ხმაზე მღერიან სხვადასხვა ხასიათის (ხშირად, უწმაწურ) სიმღერებს. ხალხი მათ არ დევნის, ასაჩუქრებს საკვებითა და სხვა ნივთით. ამ ტრუბადურებსა თუ ვულგარულ მომღერლებს ბერცოლარები ეწოდებათ. "ფიესტა" ყველაზე მრავალფეროვანი სახით ბასკეთის გიპუსკოას პროვინციაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება ბერიკაობა-ყეენობას, იგი მცირე სახესხვაობით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება; ზემო სვანეთში მსგავსს დღესასწაულს აღბალაღრლ ჰქვია. ქვემო სვანეთში – ლიმურყვამალი. იმართება აღდგომის შემდეგ ორშაბათს. ზემო სვანეთში აუცილებლად აღმართავენ ხოლმე დროშას და ქმნიან ქალღმერთ ლამარიას გამოსახულებას, რომელიც დაშნით, ხის ლეკურის გამოსახულებითა და საცრითაა წარმოდგენილი. ქვემო სვანეთში კოშკზე ხისა თუ ძელის აღმართვით, წაქცევით და ხალხური ცეკვებით შემოიფარგლება ეს დღესასწაული. აქ უკვე აღარ ფიგურირებს ქალი-ღვთაება, განსხვავებით ზემოსვანური ტრადიციისგან, სადაც ყეენი, იგივე ბერიკა ბავშვების მიერ ჩამოგდებულ ქალღმერთ ლამარიასთან მიდის, შემდეგ კი მათ შორის სქესობრივი აქტის სიმულაცია ხდება (ვ.ბარდაველიძე, "სვანურ დღეობათა აღწერილობა", 1935 წ., M¹). საინტერესოა აგრეთვე კ.ფიცხელაურის ცნობა, რომ საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში ქალის ცხვრის თავით გამოსახვის შემთხვევებიც არის ცნობილი (კ.ფიცხელაური, თბ., 1973). საყურადღებოა, რომ ბერიკაობა-ყეენობის მოქმედ პირთა შემადგენლობა, საქართველოს რეგიონების მიხედვით, სხვადასხვაგვარია: ზემო და ქვემო სვანეთში, ქართლ-კახეთში, ფშავში, ხევსურეთში, თუშეთში, მესხეთ-ჯავახეთში… მთავარი გმირი ყველგან ბერიკაა, ზოგ კუთხეში შემოდის ქალის // დედოფლის 80 ნათია ფუტკარაძე // ქალღმერთის სახე და რიტუალი სექსუალური მოტივით იტვირთება (შდრ. ბასკური სან-მიგელის "ფიესტა" ბასკი ქალის - გარასისა და მისი სატრფოს – მიგელის სასიყვარულო ურთიერთობას ეძღვნება), ზოგ კუთხეში მხოლოდ ბერიკა და არამთავარი – გამურული პირები – მეკალათეები ფიგურირებენ. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ბერიკაობა – ყეენობა სურსათის შეგროვებით, საქორწილო ურთიერთობებით და კვდომა – აღდგომის რიტუალით სრულდება. ეროტიკული მოტივი მხოლოდ სვანურსა და თუშურ ვარიანტშია შემორჩენილი, თუმცა ჯ.რუხაძე საქართველოს დანარჩენ კუთხეებში გავრცელებულ ამ დღესასწაულზე შესრულებულ მიწის მოხვნის რიტუალს ასე გაიაზრებს: მიწა – მშობელი – მდედრი, მხვნელი კი – ქმარი. როგორც ვხედავთ, მეტ-ნაკლებად, მამრობით სქესთან ერთად ყველგან ფიგურირებს მდედრი, იქნება ეს ქალღმერთ ლამარიას სახე, თუ მიწის სახე-სიმბოლო. აქ აშკარა მსგავსებაა ბასკურ სან-მიგელის ფიესტასთან, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბასკ ქალ გარასისა და მის სატრფო მიგელის სასიყვარულო ურთიერთობას ეძღვნება. ბერცოლარების მიერ შესრულებულ სიმღერებში ყველაზე ხშირად შემდეგი ტექსტი ფიგურირებს:

"სან- მიგელის დღეს, დიდ დღესასწაულზე

შეერთდნენ სიყვარულით გარასი და მიგელი,

ბედმა ისინი შეაერთა ბედნიერ წყვილად,

პირველად იქ შეხვდა ერთმანეთს მათი მზერა”.

როგორც ვხედავთ, წინა პლანზეა წამოწეული ქალ-ვაჟური სიყვარული, როგორც გაერთიანების, განაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლო. მსგავსია ბასკი ბერცოლარებისა და ქართველი ბერიკების სამოსიც: ისინი ცხვრის ან თხის ტყავში არიან გახვეულნი, ნიღაბი მათი ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტია. ბერცოლარებს ბასკეთში მგელკაცებსაც უწოდებენ. ჩვენს სამეცნიერო ხელმძღვანელს, დოც.გრეტა ჩანტლაძე- ბაქრაძეს მგელკაცების შესახებ ესაუბრა 85 წლის ბასკი ინფორმატორი ხუან ოჩოა. ხუან ოჩოა საკუთარი გვარის წარმოშობას სან-მიგელის დღესასწაულს უკავშირებს, რადგან ოჩოა – ბასკურად მგელს ნიშნავს (ბოლოსართი ა[ა] კი არტიკლია, რომელიც არსებითი სახელის ბოლოკიდურ პოზიციაში გვხვდება ბასკურში). აქ ჩვენს გვსურს მოვიხმოთ პერსონაჟი ქართული ფოლკლორიდან – ოჩოკოჩი: საგულისხმოა, რომ მეგრულში დადასტურებული სიტყვა ოჩო – აღნიშნავს თხას, (კოჩი კი – კაცს). სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მეგრულში დაცული სიტყვა ოჩო (თხა) უნდა მიუთითებდეს საქართველოში თხის ღმერთის – ბოჩის კულტის არსებობას. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით: "სრულიად ივერიელთა ჰყავთ უძველესთა შინა დროთა უპირატეს ღმერთად ბოჩი” (თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის, გიორგის ძის თეიმურაზისაგან, თბ. 1948). ივანე ჯავახიშვილის აზრით, საქმე გვაქვს მეორეულ ფონეტიკურ მოვლენასთან როცა, "ბ-ანი" პირველადი "ვ-ინის" შენაცვლებას უნდა წარმოადგენდეს, ე.ი. თავდაპირველად უნდა გვქონოდა: ბოჩი / ვაცი/ ვაჩი /ოჩი. საბოლოოდ, მეგრული ოჩოკოჩის ზუსტ შესატყვისად უნდა მივიჩნიოთ ვაცკაცა, ანუ ის ზღაპრული არსება და ღვთაება, რომლის სხეულის ერთი ნაწილი მამალი თხის – ვაცისაა (ივანე ჯავახიშვილი, 1928, გვ.80). მართლაც, მეგრული ფოლკლორული მასალის გათვალისწინებით, ოჩოკოჩი ტყეში ცხოვრობს, თავზე ხუჭუჭი გრუზა ფერის თმა აქვს - ქუდის ფორმისა, ორი რქა და ხელში ნაჯახი (იხ. ქართული ხალხური სიტყვიერება, II, მეგრული ტექსტები, თბ., 1991). ოჩოკოჩი ძირითადად მამრობითი სქესისაა, თუმცა შეიძლება ქალიც იყოს. აქ უნდა ითქვას, რომ ბასკურად, თხის ტყავით შემოსილ ტრუბადურს – ბერცოლარს – უწოდებენ ოჩოგისასაც, რაც ნიშნავს მგელკაცას, ვამპირს, მაქციას… საინტერესოა ისიც, რომ ქართული ტრადიციით მაქციას/ოჩოკოჩს შესაწირს მიართმევდნენ ხოლმე - პურ – მარილსა და ციკანს (იხ.მეგრული ტექსტები, ქართული ხალხური სიტყვიერება, II, გვ. 382, თბ.1991). ვფიქრობთ დასაშვებია ერთ დონეზე განვიხილოთ ტერმინები – ბერიკა და ბერცოლარი, რომელთაც ხალხი ასაჩუქრებს და აპურებს აღნიშნულ დღესასწაულებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობობს ცნობა, რომ თავად ტერმინი "ბერი"/"ბერიკა" დატვირთულია საკულტო – რელიგიური მნიშვნელობით. ჯულიეტა რუხაძის მოსაზრებით, "ბერ"/"ბერიკა" ეპითეტია ადამიანთა და საქონლის გამრავლების, მოსავლიანობისთვის განკუთვნილი ვეგეტაციური ღვთაებისა. მართალია, ეტიმოლოგიის დადგენა ხშირად არასანდოა, მაგრამ ვფიქრობთ, დასაშვებია პარალელის გავლება ქართული ბერიკას პირველ "ბერ" ნაწილსა და ბასკური ბერცოლარის "ბერ"-ს შორის. აღნიშნული ქართული და პირენეული საწესჩვეულებო რიტუალები დღესაც პოპულარულია, რასაც ალბათ მათი სიმბოლური მნიშვნელობა განაპირობებს. თანამედროვე სახალხო დღესასწაულზე, განაპირა თუ ცენტრალურ რეგიონებში, ბერიკას სამოსში ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ამოიცნობთ, რაც უკვე ინოვაციაა ამ უძველეს დღესასწაულში. მსგავსი ეთნო – ლინგვისტურ – ფოლკლორული ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ ურთიერთობის რომელ სახესთან გვაქვს საქმე ქართველი და ბასკი ხალხის შემთხვევაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ვ.ბარდაველიძე, სვანურ დღეობათა აღწერილობა, თბ. 1935.

2. თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის, გიორგის ძის თეიმურაზისაგან, თბ. 1948

3. ჟ. რუხაძე, ქართული ხალხური დღესასწაული ბერიკაობა და ყეენობა, ქართველური მემკვიდრეობა, III, ქუთაისი, 1998

4. ჯ.რუხაძე, ნიღბოსანთა დღესასწაულის მთავარი მონაწილის ბერიკას ენობრივ-კულტურული სიტუაციის ისტორიული დინამიკა, ქართველური მემკვიდრეობა, IV, ქუთაისი, 2000

5. ჯ.რუხაძე, ბუნების ძალთა აღირძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში, თბილისი, 1967.

6. კ.ფიცხელაური, აღმოსავლეთ საქართველოს ტომების ისტორიის ძირითადი პრობლემები ძვ. წ. აღ. XV-XVII სს., თბილისი, 1973.

7. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, II. თბილისი, 1991.

8. გ.ჩანტლაძე-ბაქრაძე, ბასკურ-ქართველური ეთნო-ლინგვისტური პარალელები, ქართველური მემკვიდრეობა, ტ. IV. ქუთაისი, 2000.