There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ვანის არქეოლოგიური აღმოჩენები
ვანი - ქალაქი საქართველოში, ვანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ.წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
- ძვ. წ. VI-IV სს. და
- ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.
პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას. ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ.წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ.წ. I საუკუნის შუა წლებში. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ.წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
სამკაული, ოქრო, ძვ. წ. 350-300 წ.
http://www.fitzmuseum.cam.ac.uk/gallery/goldenfleece/ifs/index.html?sf_function=print
|