topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზ.მაისურაძე - სამთავროს ორმო-სამარხების შავი და რუხი კრიალა ჭურჭლის ტექნოლოგია

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები - ქართული კერამიკა>>>


ფოტოს წყარო: http://heritagesites.ge/?lang=geo&page=405

ზ.მაისურაძე - სამთავროს ორმო-სამარხების შავი და რუხი კრიალა ჭურჭლის ტექნოლოგია //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII, №4, 1952, გვ.249-256.

სამთავროს სამაროვანის ორმო-სამარხების მდიდარი და მრავალფეროვანი ინვენტარიდან ჩვენი შესწავლის ობიექტს წარმოადგენს კერამიკული ნაწარმი. იგი განათხარი ინვენტარის უდიდეს ნაწილს შეადგენს და საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ საქართველოს კერამიკული შინამრეწველობის დონე XIII - XIV საუკუნეებში (ძველი წელთაღრიცხეით). ამავე დროს კერამიკული ჭურჭლის ნაირსახეობა თავისი დანიშნულების მიხედვით ჩვენი ხალხის  საშინაო ყოფის, მისი კულტურული დონისა და ეკონომიური მდგომარეობის ნათელ სურათს გვიშლის. 1938, 39 და 40 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული კერამიკული ინვენტარი ახლა უკვე აღდგენილი და გაწმენდილია. ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარკვიოთ ძირითადად მათი დანიშნულება, შევისწავლოთ ამ ნაწარმის მიღებისა და მხატვრული შემკობის ტექნიკური ხერხები1. (1. სამთავრო ძველი სამაროვანია მცხეთის ჩრდილოეთით, სამთავროს ტაძარსა და ბებრისციხეს შორის. სამაროვანის სისტემატური და მეცნიერულ მეთოდებზე დამყარებული გათხრები წარმოებდა 1938 წლიდან 1948 წლამდე. გათხრების ისტორია და დიდი მასალა მოპოვებული ინვენტარის შესახებ მოცემულია არქეოლოგ ალ.კალანდაძის სადისერტაციო ნაშრომში „სამარეთა აღნაგობა და დასაფლავების წესები სამთავროს უძველეს სამაროვანებში“; თბილისი, 1947. ჩვენს გამოკვლევაში, როდესაც მოგვყავს თარიღები ან სხვა ცნობები სამაროვანის შესახებ, აღნიშნულ ნაშრომს ვეყრდნობით). ამ მასალის კერამიკული ჭურჭლის პირველივე გაცნობა საშუალებას გვაძლევს იგი დანიშნულების მიხედვით ორ ჯგუფად გავყოთ:

პირველი ჯგუფი: სითხეებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი. აქ შედის სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის დოქები, ხელადები, მათარები და მრავალნაირი მოხდენილი სასმისები.

მეორე ჯგუფი: ჭურჭელი, რომელსაც იყენებდნენ როგორც სითხეების, ისე მყარი ან ნახევრად მყარი პროდუქტებისა თუ სხვა ნივთიერებათა შესანახად. აქ შედის სხვადასხვა ქოთნები, ქვაბ - ქოთნები, ჯამები, დერგები და სხვ. ამ ორ ძირითად ჯგუფს გარდა, შეიძლებოდა კიდევ გამოგვეყო ერთი ჯგუფი კერამიკული ნაწარმისა, მეტწილად სასმისებიდან, რომლებსაც კეცში ჩაყოლებული აქვს ობსიდიანის ნაწილები და ამით ჭურჭელში ერთგვარი "სარკმელია" შექმნილი. ასეთ კერამიკულ ნაწარმს არქეოლოგები რიტუალური დანიშნულების ნაწარმად თვლიან. ჩვენ არ გამოვყავით ასეთი ნაწარმი იმ მოსაზრებით, რომ იგი მაინც სითხეებისათვისაა განკუთვნილი. ზემოთ აღწერილი კერამიკული ჭურჭლის შესწავლა და მასზე დაკვირვება გვაცნობს მისი მიღების ორ ძირითად ტექნიკურ ხერხს. ერთი ხერხია ნაწარმის ჩარხზე დაყალიბება, მეორე კი ჭურჭლის მთლიანი ტანის ხელით გამოძერწვა. მეორე ჯგუფის ნაწარმი, პირველ ჯგუფთან შედარებით, ძალიან მცირეა. იგი გაცილებით მჭლე და უსუფთაო თიხისაა მოყვანილობით ტლანქია და ულაზათო. შემკულობაც ძალიან ღარიბულია, ან სულაც არა აქვს. ასეთებია რამდენიმე ქვაბქოთანი და დიდი ზომის ყურიანი და უყურო ფინჯანი. დიდი უმეტესობა ორმოსამარხების კერამიკული ნაწარმისა პირველი ჯგუფის ნაწარმია, ე.ი. ჩარხზეა დაყალიბებული, გათლილი და დახვეწილი. მხატვრული სახეებიც ბევრ შემთხვევაში ჩარხის საშუალებითაა მიღებული. მცხეთა და მისი მიდამოები ძალიან მდიდარია როგორც საჭურჭლე, ისე სააგურე და საკრამიტე თიხებით. ადგილობრივი მრეწველობა და მოსახლეობა მას ახლაც წარმატებით იყენებს. აქ აშენებულია საკმაოდ მოზრდილი კერამიკული ქარხანა, რომელიც როგორც ჭურჭელს, ისე ხარისხოვან კრამიტს უშვებს. ამ თიხის ფიზიკური თვისებებიდან აღსანიშნავია მისი დისპერსიულობა, წვრილმარცვლოვანობა, გარეშე მინარევებისაგან სისუფთავე, ზომიერი პლასტიკურობა, რის გამოც ჭურჭელი ჩარხზე ტრიალის დროს მშვენივრად ყალიბდება; ფოროვანობა თიხაში მყოფ წყალს აორთქლების კარგ საშუალებას აძლევს და არ იწვევს ნაწარმის ხშირ დახეთქვას: გამოწვისას უძლებს ტემპერატურის აწევის შედარებით საგრძნობ ნახტომებს, რასაც სხვა პლასტიკური თიხები (მაგ. ვერეს თიხა) ვერ იტანს და სკდება. ფერი გამოუწველი თიხისა მოყვითალო - მომწვანო-რუჯია, ხოლო გამომწვარისა მოყვითალო - გახუნებული, რაც ჭურჭელს არასასიამოვნო ფერს აძლევს, დღეს ეს არასასიამოვნო ფერი ჭიქურებით იფარება, ხოლო ძველად, იმ პერიოდში რომელსაც ჩვენი კვლევა ეხება, კერამიკულ ნაწარმს შავად და რუხად ფერავდნენ და მის ზედაპირს ბზინვარებამდე აგლუვებდნენ. აშკარაა, რომ მეორე ათასეული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ეს თიხები დღემდე ემსახურება ამ მიდამოებში მცხოვრებთ. ორმო სამარხებიდან აღებული შავი და რუხი კრიალა ჭურჭლის ფრაგმენტებისა და დღევანდელი მცხეთის თიხის პეტროგრაფიულმა ანალიზმა, რაც იმერსიული მეთოდით ჩატარდა (პეტროგრაფიული ანალიზი ჩაატარა გეოლოგ - პეტროგრაფმა მ.ხუჭუამ), ამ თიხების იგივეობა დაადასტურა. ამის შედეგად უდავოდ მტკიცდება, რომ ძველად თიხის იგივე კარიერები იყო გამოყენებული კერამიკული ნაწარმის მისაღებად, რაც დღესაა. დასაყალიბერელ ჩარხებს ჩვენაძდე არ მოუღწევია, მაგრამ ჭურჭლის გარეგანი ყალიბის დახვეწილობა და სრულყოფა, ხოლო შიგნით კედელზე სპირალური ზოლები, რაც შერჩენილია ჩარხზე დაყალიბების დროს მომუშავის თითისაგან, აშკარად მეტყველებს ჩვენში ჩარხის არსებობაზე. ასევე არაფერი ვიცით კერამიკული ნაწარმის გამოსაწვავი ღუმელებისა და მათი კონსტრუქციის შესახებ. ჭურჭლის გამოწვის ხარისხი, მისი მხატვრული შემკობის ხერხები და მოჭიქული ჭურჭლის არსებობა (ჩვენს ნაშრომში ვეხებით მხოლოდ მოუჭიქავ კერამიკულ ნაწარმს) გვაფიქრებინებს, რომ უნდა არსებულიყო აგურით ნაშენი ღუმელები. უფრო მეტიც, მათ უნდა ჰქონოდა თაღიანი და დახურული კამერებიც. უბრალო აგურისა თუ კრამიტის გამოსაწვავ ორმოსებურ ნიადაგისეულ ღუმელებში ასეთი ღირსებისა და ხარისხის ნაწარმს ვერ მიიღებდნენ იმიტომ, რომ ნაწარმიდან გამოყოფილი სინესტე ორთქლის სახით უნდა შეიკრიბოს თაღში და იქიდან ამწევი მილით გავიდეს გარეთ. თუ ორთქლს დასაგროვებელი და გასასვლელი ადგილი არ ექნა, იგი ნაწარმს დახეთქავს. მილი საჭიროა არა მარტო ორთქლისა და წვის შედეგად მიღებული აირების გასავლელ - ასაწევად, არამედ გამოწვის პროცესის დამთავრების შემდეგ ღუმელის ჰერმეტულად დასახურადაც, რათა შემდეგ მივიღოთ შავი ან გაჭუჭყიანებული და დაუხეთქავი მოჭიქული ნაწარმი. ჩარხზე ღრუ ნაწარმის მიღების არსებული ხერხებიდან სამთავროელები მხოლოდ ერთს იცნობდნენ და იყენებდნენ. ეს არის ღრუ ნაწარმის ხელით ამოყვანის ხერხი. ჩვენ არ გვხვდება არცერთი ჭურჭელი, რომელიც ზუსტად, როგორც მოყვანილობით, ისე ზომით იმეორებდეს მეორეს, რასაც ადგილი ექნებოდა სხვა ხერხით (ე.ი. თაბაშირის ყალიბში) გაკეთების დროს.. მხოლოდ ხელით დაყალიბებისას შეიძლება მივიღოთ ის უამრავი ნაირსახეობა კერამიკული ნაწარმისა, რასაც სამთავროს განათხარ კერამიკაში აქვს ადგილი. დაყალიბებულ და გასუფთავებულ ნაწარმს სამთავროელი ოსტატი ინახავდა და აშრობდა ტყავისებრ სიმაგრემდე, შემდეგ იგი ნაწარმს ხელახლა ათავსებდა ჩარხზე, თლიდა და ხვეწავდა მის გარე მოყვანილობას და აგლუვებდა ზედაპირს. ნაწარმზე აშკარად ემჩნევა საგლუვებელი ხელსაწყოს კვალი მიჯრილი სპირალის სახით. გასუფთავებული და შემკობილი ნაწარმი შემდეგ საბოლოოდ უნდა გამოშრეს. კარგად გამშრალ ნაწარმს ღუმელში ალაგებდნენ გამოსაწვავად. კერამიკული ნაწარმის გამოწვა სამ ეტაპად იყოფა:

I. შეკვამვლის ეტაპი. ეს გრძელდება რამდენიმე საათს, იმის მიხედვით, თუ რანაირია ღუმელის მოცულობა, ნაწარმის ზომა და მასში სინესტის რაოდენობა. ამ დროს ხდება ნაწარმიდან სინესტის გამოყოფა. იგი ნელი ტემპით უნდა მიმდინარეობდეს, რომ არ მოხდეს ნაწარმიდან სინესტის სწრაფი გამოდენა და ორთქლის დაგროვება, რაც ნაწარმის დახეთქვას გამოიწვევს.

II. ნაწარმის შემაგრების ეტაპი. ამ დროისათვის ნაწარმიდან ძირითადი სინესტე გამოდენილია და იწყება მისი ტანის - თიხის - ქიმიური და ფიზიკური გარდაქმნა;

III. ნაწარმის შეცხობა - გამოწვის ეტაპი. ამ დროს ნაწარმში მთავრდება ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნა და იგი პრაქტიკული დანიშნულებისათვის ყველა საჭირო თვისებას იღებს. ამ სამი ეტაპით კერამიკული ნაწარმის გამოწვა დამთავრებულად ითვლება, მაგრამ სამთავროელებს ჰქონდათ კიდევ ერთი, IV ეტაპი. ეს არის ხელახლა შეკვამვლის ეტაპი იმ მიზნით, რომ მივიღოთ შავი ფერის ნაწარმი. საერთოდ ორმო - სამარხებისა და, კერძოდ, სამთავროს შავი კერამიკული ჭურჭლის მიღების შესახებ რიგი მკვლევარების მიერ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ძირითადი საკითხი შავი კერამიკის გარჩევისას ჭურჭლის შავი ფერის წარმოშობა - მიღების საკითხია. ფ.იეგერი ([1], გვ.457) და რ.ვირხოვი ([2], გვ.110) ჭურჭლის შავ ფერს შემთხვევით მოვლენად თვლიან. მათი აზრით, იგი გამოწვეულია ნაწარმის ცუდი გამოწვით. ღუმელები ჯერ არ არსებობდა, ჭურჭელს წვავდნენ კოცონზე, ნაწარმი ვერ განიცდიდა სრულ გამოწვას და იმურებოდაო. დაახლოებით ამგვარსავე მოსაზრებას გამოთქვამს უვაროვაც ([3], გვ.72). გარდა ამისა, მისი აზრით, კერამიკულ კეცში, რაც კარგად აშლამებული თიხისაგანაა გამომწვარი, შეინიშნება მცირეოდენი მინარევი წმინდა ქვიშისა ან წმინდად დაფქვილი ნიჟარებისა. უნდა ითქვას, რომ თიხის ნაწარმის უბრალო კოცონზე გამოწვა, რაგინდ დიდი იყოს კოცონი, არ შეიძლება, რადგან უთანაბრო ცეცხლისა და ჰაერის უშუალო მოქმედების გამო ნაწარმი დასკდება და ვერაფერს მივიღებთ. რაც შეეხება უვაროვას შენიშვნას კეცში ქვიშისა თუ დაფქვილი ნიჟარების არსებობის შესახებ, უნდა ითქვას, რომ ქვიშა იხმარებოდა მსუქანი თიხის მასის გასამჭლევებლად. მჭლე თიხის ნაწარმი ადვილად შრება და ტემპერატურის ცვალებადობას უფრო უძლებს, ვიდრე მსუქანი პლასტიკური თიხები. დაფქვილი ნიჟარების შესახებ კი უვაროვას შენიშვნა ჩვენთვის გაუგებარია, რადგან გამომწვარ კეცში შეუძლებლად მიგვაჩნია დაფქვილი ნიჟარის გამოძებნა. ნიჟარა ძირითადად კალციუმ - კარბონატია, რაც გამოწვის შემდეგ კირად გადაიქცევა და თავისთავად იფშვნება. თიხაში კი თითქმის ყოველთვისაა კირის ნაწილაკებისა თუ კალციუმის სხვა მარილების მინარევი (მაგალითად, თაბაშირი), რაც გამოწვის შემდეგ კირად იქცევა. ამგვარად, ზემოთ ხსენებულ მკვლევართა მოსაზრებას შავი ჭურჭლის შემთხვევით მიღების შესახებ სწორად ვერ მივიჩნევთ. გ.ნიორაძე თავის ნაშრომში ([4], გვ.215-218) უარყოფს ფ.იეგერის, რ.ვირხოვის, უვაროვასა და სხვათა მოსაზრებებს. ჭურჭლის შავი ფერი მას მიაჩნია, ჯერ ერთი, თვით თიხის შავ ფერად, რაც შესაძლოა თიხას მიღებული ჰქონდა ორგანული და არაორგანული მინარევების გამო, თუმცა იგი არ აღნიშნავს, თუ რა არაორგანული ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო ნედლი თიხის შავად შემღებავი. ხოლო ორგანულ ნივთიერებად მას მიაჩნია ჩანაჟონი წყლების შედეგად შეტანილი შემღებავი პიგმენტები, განსაკუთრებით შავი ფერისა, რაც საუკუნეების განმავლობაში ედებოდა ნიადაგში დამარხულ ნაწარმს და აშავებდა. მეორე მხრივ, იგი გამოწვის სხვადასხვა ხარისხსაც იღებს მხედველობაში, მაგრამ შავი ფერი მაინც არ მიაჩნია კვამლის მოქმედების შედეგად მიღებულად და ისევ უბრუნდება შეღებილი ჩანაჟონი წყლების მოქმედებას. ბოლოს, იგი გაკვრით ამბობს, რომ კვამლს შეეძლო გავლენა მოეხდინა ნაწარმის ფერზე. თუ რაში გამოიხატება ეს გავლენა, ამას იგი არ განმარტავს. ჩვენ ბუნებაში გვხვდება სხვადასხვა ფერის თიხები - თეთრი, ვარდისფერი, მოყვითალო, წითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და შავი. ყველა ესენი ორგანული და არაორგანული ნივთიერებებითაა შეღებილი. გამომწვარი თიხის ფეროვანობა ძირითადად მასში არსებული რკინის მარილების სხვადასხვა რაოდენობითა და შენაერთებითაა გამოწვეული. გამოწვის შედეგად რკინის ყველა მარილი და შენაერთი გადაიქცევა რკინის ჟანგად, რაც თიხის  შემღებავად გვევლინერა. ამასთან, გამოწვის შედეგად რკინის ჯანგი გვაძლევს თეთრიდან მოყოლებული სხვადასხვა ინტესივობის მოყვითალო, მოწითალო და მოყავისფრო თიხებს, მაგრამ შავ ნაწარმს მაინც არ იძლევა. შავი ფერის კერამიკის ოთხ ჯგუფად დაყოფის დროს გ.ნიორაძეს არ გაუთვალისწინებია ტექნოლოგიური პროცესები. იგი აღნიშნავს შემდეგი სახის კერამიკას და განმარტავს მათი მიღების პირობებს

I. კერამიკული ნაწარმი, რომელსაც კედლები მთელ სისქეზე შავი ან მოშავო ფერისა აქვს. მიზეზი შემდეგია: შეიძლება თიხა შავია ან კარგად არაა გამომწვარი და შერჩენილია მჭვარტლი. უფრო კი ამის მიზეზია შავად შეღებილი ჩანაჟონი წყალი, რომლითაც ნაწარმის კეცის ფარები მთლიანად გაიჟღინთა

II. კერამიკული ნაწარმი, რომელსაც კედლის შუაგული შავი აქვს, ხოლო შიგნითა და გარეთა მხარე წითელი. ეს ჭურჭლის დაბალ ტემპერატურაში გამოწვის შედეგია, როცა ჭურჭლის სქელი კედლის მთლიანად გამოწვა არ მოხერხდა და შიგნით შავად შემღებავი ორგანული ნივთიერებები შერჩა.

III. კერამიკული ნაწარმი, რომელსაც გარეთა მხარე შავი აქვს, ხოლო შიგნითა წითელი. აქ ნაწარმი შედარებით კარგადაა გამომწვარი, ხოლო გარეთა მხარე ხელოვნურადაა გაშავებული (ე.ი. ჩანაჟონი წყლით ზ.მ.)

VI. კერამიკული ნაწარმი, რომელიც შიგნიდან და გარედან შავია, ხოლო განატეხში გული წითელი აქვს. ეს შავად შეღებილი ჩანაჟონი წყლების მოქმედების შედეგია.

გ.ნიორაძის ამ მოსაზრებათა შესახებ უნდა ვთქვათ, რომ 1)ვერავითარი ჩანაჟონი წყალი, რაგინდ შავიც იყოს იგი, თანაბრად ვერ შეღებავს კერამიკულ ჭურჭელს; 2) ყველა ორგანული ნივთიერება, რომლებიც კი შეიძლება წყალში იყოს გახსნილი, დაიშლება დროთა განმავლობაში და, რაც მთავარია, დაიშლება არაორგანულ მჟავაში (HCl), რომლითაც ხშირად ვრეცხავთ მოპოვებულ კერამიკულ ინვენტარს. მაგრამ, როგორც ვიცით, ჯერჯერობით არც ერთი შავი ჭურჭელი არ გათეთრებულა და არც გახუნებულა არაორგანული მჟავების მოქმედებით; 3) რაც შეეხება გ.ნიორაძის მოსაზრებას მეორე ჯგუფის კერამიკული ნაწარმის შესახებ, რომელსაც კეცის გული შავი აქვს, ხოლო გარეთა და შიგნითა მხარე წითელი, ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ მხოლოდ მასში, რომ იგი დაბალ ტემპერატურაზეა გამომწვარი, მაგრამ ამას შავ კერამიკასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან იგი წითელკეციანი ჩვეულებრივი ნაწარმია. შავი კერამიკის ტექნიკის ძიებამ ჩვენ შემდეგ დასკვნებამდე მიგვიყვანა:

1. ორმო-სამარხების შავი კერამიკა ოსტატების მიერ წინასწარი განზრახვითაა მიღებული, როგორც სახმარი ნაწარმის მხატვრული სახეობა;

2. ორმო-სამარხების წითელკეციანი კერამიკა განზრახ არის გაშავებული ჭვარტლით ნაწარმის ჯერ ისევ გამოსაწვავ ღუმელში ყოფნისას. ნაწარმის გამოსაწვავად იხმარებოდა როგორც ორმო, ისე ნიადაგზედა ღუმელები.

3. მური ორგანული ნივთიერებაა და არა არაორგანული, როგორც ამას გ.ნიორაძე გულისხმობს. მური (ჭვარტლი) წყალში არ იხსნება, არამედ ირევა. იგი არ ლპება და არც მჟავეებში იხსნება:

4. გაშავებული კერამიკა ზემოდან დაფარულია ცვილით, რომელიც არ აძლევს წყალს საშუალებას შეჟონოს ან გამოჟონოს კეცში და თვით ნაწარმს მატებს სიკრიალეს.

მცხეთის თიხისგან პრაქტიკული ღირებულების ნაწარმი რომ მივიღოთ, საჭიროა 800-9000 ტემპერატურა. ამ ტემპერატურაზე რომ შეკვამვლა დავიწყოთ, ვერაფერს ვერ მივიღებთ. ამიტომ ჭურჭლის გამოწვის შემდეგ უნდა დაველოდოთ და, როცა ღუმელში ტემპერატურა 4000 - მდე დაეცემა, მაშინ დავხუროთ ღუმელის საკვამლე ამომწევი მილი და შიგ საცეცხლურიდან კვამლი შევუშვათ. დახურულ ღუმელში დაგროვდება კვამლი, ნაწარმის ფორებს ჭვარტლით აავსებს (შეიძლება ეს ჭვარტლი თავისი სიჭარბისა და ღუმელში მყოფი ტემპერატურის შედეგად გრაფიტადაც გადაიქცეს) და დაეფინება ჭურჭლის როგორც ზედა, ისე შიდა პირს. გაჭვარტლულ ნაწარმს ღუმელის გაცივების შემდეგ გამოიღებენ გაწმენდენ, დაფარავენ ცვილის თხელი ფენით და ახლად გააგლუვებენ - დააკრიალებენ რბილი ნაჭრით ან ბეწვიანი ტყავით. ნაწარმი თითქმის სარკესავით იწყებს ბზინვას. ზემოთ მოყვანილ დებულებათა შესამოწმებლად ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტები სამთავროს შავი ჭურჭლის ფრაგმენტებზე. ისინი გამოვწვით 800-9000 გრადუს ტემპერატურაზე და მივიღეთ სულ მთლად წითელ მოყვითალო ფერის ნაჭრები. ამ ფრაგმენტებზე დაკვირვებამ ცხადყო შემდეგი

I. შავი კრიალა ჭურჭლის გარე კედელი ჯერ კიდევ მის ნედლ მდგომარეობაში ყოფნისას გაუგლუვებიათ და გაუკრიალებიათ, წინააღმდეგ შიგნითა კედლისა, რომელიც არც გაგლუვებულია და არც გაკრიალებული;

II. ჭურჭლის შავად შესაღებად ნახმარი არაა არავითარი არაორგანული ნივთიერება. კეცის ზედაპირზე არ ემჩნევა არავითარი კვალი რაიმე სხვა შემღებავი ნივთიერებისა;

III. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოწვის შემდეგ კეცის სიკრიალე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გამოწვამდე იყო. იგი თითქმის მქრქალია, რაც გვაფირებინებს, რომ ნაწარმი გამოწვა - შეკვამვლის შემდეგ ცვილით იყო დაფარული. ჩვენ ჩავატარეთ შებრუნებული ექსპერიმენტიც, ე.ი. შევათბეთ ჩვენ მიერ გამომწვარი კეცის ნაჭრები დაახლოებით 4000-მდე, და შემდეგ ჰერმენტულად დახურულ ღუმელში შევიტანეთ შემკვამლავი ნივთიერება (ფისი - კანიფოლი). ღუმელის გახსნის შემდეგ შიგ მყოფი ყველა ფრაგმენტი შეჭვარტლული იყო. ფრაგმენტები გავრეცხეთ, მათ მხოლოდ მცირეოდენი ზედაპირული ჭვარტლი მოშორდა, ძირითადად კი კეცი ისევ შავი-მორუხო ფერისა იყო. ჭვარტლი ღრმად ჩასულიყო ფოროვანი კეცის კედელში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭვარტლი მხოლოდ ზედაპირულად იყო გავრცელებული. ფრაგმენტების ის ნაწილები, რომლებიც დაფარული იყო სხვა ფრაგმენტებით ანდა უშუალოდ ფსკერზე იყო, შეჭვარტლული არ აღმოჩნდა. ფრაგმენტების ზედაპირი ცვილით დავფარეთ და ჯაგრისით გავაკრიალეთ. მივიღეთ შავი - კრიალა ფრაგმენტი. ამგვარად, ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დავამტკიცეთ ზემოთ მოყვანილი მოსაზრება შავი, კრიალა ჭურჭლის შეკვამვლით მიღების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ მცხეთის თიხისაგან გავაკეთეთ პატარა ჯამები, რომლებიც გამოვწვით და შევკვამლეთ. ჩვენი ექსპერიმენტებისათვის აგრეთვე დავამზადეთ თეთრი თიხის მასისაგან დაყალიბებული ჯამებიც - ეს თიხა უკრაინულია, ჩასოვიარსკისა, ხოლო დაახლოებით ამის ფერის თეთრი - მოვარდისფრო თიხები არის კოდმანთან, მცხეთაში. აღმოჩნდა, რომ თეთრი და მოთეთრო თიხები უფრო ინტენსიურად იფერება შავად. განათხარ მასალებში მრავლადაა რუხი, ნაცრისფერი ჭურჭელი, ან ჭურჭელი, რომელსაც ერთი გვერდი გახუნებული, რუხი ნაცრისფერი აქვს, ხოლო დანარჩენი მუქი შავია. ჩვენი დაკვირვებებით ეს გარემოება შემდეგნაირად აიხსნება: რუხი ნაცრისფერი ჭურჭელი მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ღუმელში - შეკვამვლის დამთავრების შემდეგ, ჯერ კიდევ შედარებით მაღალი ტემპერატურაა. ამ დროს ჭვარტლი, რომელიც შავად ღებავს (ფარავს) ნაწარმს, ნაწილობრივ დაიწვის და ამის გამო ნაწარმი ვერ მიიღებს მუქ შავ ფერს. ასევე ხდება, როდესაც ღუმელი ჰერმეტულად არაა დახურული და კვამლი გაიპარება. რუხი-ნაცრისფერი ჭურჭელი შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც შემთხვევით, ისე წინასწარ განზრახვით. რაც შეეხება ნაწარმს, რომელსაც ნახევარი გვერდი რუხი - მოწითალო ან ნაცრისფერი აქვს, აქ აშკარად შემთხვევითს მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვიცით, რომ ღუმელში, რომელიც ცივდება, ტემპერატურა ყველგან ერთნაირი არაა. კედელთან და ცეცხლის წყაროსთან ტემპერატურა უფრო მეტია, ვიდრე ღუმელის შუაგულში და ზედა ფენებში: ამიტომ შეკვამვლის მომენტი ყველა ფენისათვის ერთ დროს არ დგება. აშკარაა, რომ ამ პირობებში დაწყებული შეკვამვლა ყველა ნაწარმზე თანაბრად არ იქნება მოკიდებული. ზედა ფენებში და შუაში ერთნაირი ტემპერატურის დროს პროდუქცია თანაბრადაა შეღებილი, ხოლო კედლებთან ახლო მდგომი ნაწარმი შეიძლება თანაბრად არ შეიღებოს: ის მხარეები, რომლებიც მიმართულია შიგნითა ნაწილისკენ, შავი გამოვა, ხოლო ის მხარეები, რომლებიც ღუმელის კედელს ესაზღვრება, რუხი ან მოწითალოც კი გამოვა იმისდა მიხედვით, თუ კედელს რა ტემპერატურა აქვს შერჩენილი და რამდენად დაიწვება ჭვარტლი მასთან ახლო მყოფ ჭურჭლის ნაწილებზე.